პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს სალომე წიკლაურთან, რომელიც ცხოვრობდა და სწავლობდა ავსტრიის დედაქალაქში ვენაში, საიდანაც დაბრუნდა საქართველოში და ჩვენი ქვეყნიდან აგრძელებს თავის წარმატებულ ისტორიას.
- სალომე, გამარჯობა, სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა. ვიცით, რომ ამჯერად რიგის სამართლის სკოლის მოწვევით იმყოფებით ლატვიაში და დიდ მადლობას გიხდით პროექტში „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ მონაწილეობის მიღებისათვის.
სალომე, თქვენ სწავლობდით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში და ცხოვრობდით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რის შემდეგაც დაბრუნდით საქართველოში.
დღეს რას საქმიანობთ, სალომე?
- მოგესალმებით, გიორგი. პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით ჩემით დაინტერესებისთვის და საინტერესო ინიციატივისთვის. გისურვებთ წარმატებებს.
ამჟამად, ვმუშაობ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ვარ საერთაშორისო სამართალწარმოების იურისტი. ჩემი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით როგორც კონსულტაციების გაწევას, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სასამართლოებთან ურთიერთობას. ჩემი საქმიანობის ფარგლებში, მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ წარმოვადგენ 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
- ვენაში რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?
- ვენაში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ვსწავლობდი ადამიანის უფლებათა სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
- რამ გიბიძგათ გესწავლათ ეს საკითხი - რა იყო ის მოტივაცია, რამაც გადაგაწყვეტინათ თქვენი მთავარი ფოკუსი ადამიანის უფლებებზე მიგემართათ?
- ჩემი ინტერესი ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გამოწვეულია იმ რეალობით რა რეალობაშიც საქართველო ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად, ჩემთვის, როგორც თავისუფალ საქართველოში დაბადებული ქართველისთვის, ძალიან მტკივნეულია ოკუპაციის საკითხი. ჩემი ძირითადი ინტერესის სფეროც სწორედ ეს არის, კონფლიქტის დროს და მის შემდეგ ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები. ჩემი სამაგისტრო თეზისი ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში ეხება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ვფიქრობ, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ინტერესმა, ამარჩევინა სამართლის ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად იცავს კონფლიქტისგან დაზარალებულ პირებს.
- და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ვენაში სწავლისას შეიძინეთ, გარდა აკადემიური ცოდნისა?
- ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში სწავლა ძალიან კონკურენტულია, შეფასების სისტემაც კი დამოკიდებულია კონკურენციაზე, აქ არ იგულისხმება ზოგადად სწავლისთვის თანმდევი კონკურენცია, არამედ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა პროგრამას, და თუ არ ვცდები, ზოგადად სამართლის პროგრამას, აქვს განსხვავებული შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ლექტორებს სტუდენტების რაოდენობიდან გამომდინარე წინასწარ აქვთ განსაზღვრული, თუ რამდენ საუკეთესო შეფასებას დაწერენ. მაგალითად, შეიძლება სამი ძალიან კარგი სტუდენტიდან, A შეფასება მხოლოდ ერთმა ან ორმა სტუდენტმა მიიღოს.
ასევე, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა პროგრამა ცნობილია იმითაც, რომ შემოთავაზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ანდრაშ შაიოს ინტენსიური კურსი, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 10 სტუდენტი კონკურსის წესით ირჩევა. სტუდენტები ხვდებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს, აგრეთვე, ეწყობა იმიტირებული სასამართლო პროცესი და სასწავლო ვიზიტი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
შესაბამისად, ასეთ კონკურენტულ გარემოში საკუთარი თავის დამკვიდრება და წარჩინებით დასრულება დიდი გამოწვევა, მაგრამ, ძალიან საჭირო გამოცდილებაა. მე სიამაყით აღვნიშნავ, რომ გარდა უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულებისა, პროფესორ ანდრაშ შაიოს კურსზე ათიდან ერთ-ერთი სტუდენტი მე ვიყავი და მქონდა შესაძლებლობა მასთან პირადად მესაუბრა საქართველოზე.
- ვენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო და ლამაზად ქალაქად ითვლება. რამ მოახდინა ყველაზე მეტად თქვენზე შთაბეჭდილება ვენაში ცხოვრებისას?
- ვეთანხმები მას, ვინც ვენას ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო და ლამაზ ქალაქად თვლის, ვენა ნამდვილად არის ქალაქი-მუზეუმი. შთაბეჭდილების კუთხით ხაზს გავუსვამდი მის ავთენტურობას და იმ ისტორიული იერსახის შენარჩუნებას, რაც აქვს. მიუხედავად ცივი ზამთრისა, ვენაში სეირნობაზე უარს არასდროს ვამბობდი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვენაში ცხოვრება საკმაოდ კომფორტულია.
- როგორი არის ვენური ცხოვრება?
- ვენური ცხოვრება არის ორგანიზებული, უსაფრთხო, მშვიდი. ჩემთვის ვენაში გატარებული პერიოდი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად დარჩება და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ამ საოცარი თავგადასავლის მონაწილეები იყვნენ.
- სწავლის პარალელურად, თქვენ მუშაობდით უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტში. შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენ გამოცდილებაზე ამ მიმართულებით?
- სწავლის პერიოდში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა გამოაცხადა სტაჟირების კონკურსი რამდენიმე ორგანიზაციაში, როგორც მახსოვს, 5-მდე ვაკანტური ადგილი იყო. მე გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობის მიღება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად საერთაშორისო გარემოში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი არჩევანი იყო უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტი, რადგან სტაჟირება მოიცავდა პრაქტიკულ საქმიანობას. ჩემდა სასიხარულოდ, უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტმაც არჩევანი ჩემზე გააკეთა.
უნგრეთის ჰელსინკის კომიტეტში ვიყავი ადვოკატის თანაშემწე, მას ვეხმარებოდი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიებაში, ვამზადებდი დოკუმენტებსა და პრეზენტაციებს. ვმუშაობდი რეალურ საქმეებზე და, ვფიქრობ, ვეხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ჩვენი დახმარება - ესენი იყვნენ პატიმრობაში მყოფი პირები, რომლებიც სავარაუდოდ იყვნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი. ერთხელ მახსოვს, ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ პატიმარმა უდიდესი მადლიერება გამოხატა ჩემ მიერ შექმნილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რაც, ნამდვილად სასიამოვნო იყო ჩემთვის.
- ავსტრიაში დიდი წარმატებებისა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თქვენ დაბრუნდით საქართველოში და აქტიურად აგრძელებთ განვითარებას. რა პროექტებზე მუშაობდით საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
- საქართველოში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში დისტანციურად ვაგრძელებდი საქმიანობას ნიდერლანდებში. ეს იყო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონკურსის შედეგად ამარჩიეს და სამი თვის განმავლობაში გარდა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზისა, ვმონაწილეობდი პროექტების წერასა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტებთან კომუნიკაციაში.
ამჟამად, როგორც მოგახსენეთ, ვარ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების იურისტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიაში მომეცა შესაძლებლობა, წარმომედგინა 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა ინტერესები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. კერძოდ, აქტიურად ვაწარმოებდი შეხვედრებს დაზარალებულებთან, ვამზადებდით სამართლებრივ დოკუმენტებს და, რა თქმა უნდა, ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც მივმართეთ სასამართლოს. ჩემთვის პირადად ეს არის ყველაზე პატრიოტული რამ, რაც ოდესმე გამიკეთებია.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის, როდესაც ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთ, მიიღო განათლება და სამუშაო გამოცდილება, ბრუნდება უკან და ამ ცოდნას ახმარს საკუთარ ქვეყანას? თქვენ რამ გიბიძგათ საქართველოში დაბრუნებულიყავით?
- მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, უცხოეთში მოღვაწე ქართველებს დადებითი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და უნარები საკუთარ ქვეყანაში გამოიყენო. მე მქონდა შესაძლებლობა სწავლა და მუშაობა გამეგრძელებინა ევროპაში, თუმცა, როცა ჩემი გამოცდილების შესახებ გიყვებოდით, აღვნიშნე, რომ ვმუშაობდი ჰელსინკის კომიტეტში, სადაც რეალურად ჩემი საქმიანობა უკავშირდებოდა უნგრეთის სამართლებრივ სისტემის გაუმჯობესებას. მე მქონდა და მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ის ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, რაც მივიღე, საქართველოს სამართლებრივ სისტემას მოხმარდეს, განსაკუთრებით ეხება ეს 2008 წლის ომის შედეგებს, და მიხარია, რომ რეალური შანსი მომეცა კიდეც, თეზისში დაწერილი ჩემი მოსაზრებები პრაქტიკაში წარმედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.
- სალომე, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერულ გზაზე - ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები საზღვარგარეთ წარმატების შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და უზიარებენ სხვას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.