ჯონ კორნბლუმი

ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე, ჯონ კორნბლუმი. შეიძლება ითქვას, რომ ეს მსოფლიო დიპლომატიის უდიდესი დანაკარგია. 


ბატონ კორნბლუმს განსაკუთრებული როლი მიუძღვის ბერლინის კედლის დანგრევისა და, შემდგომ, გერმანიის გაერთიანების საქმეში. 1985-87 წლებში იგი დასავლეთ ბერლინის კომენდანტის მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა. ევროპაში 40 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე, მან თავი გამოიჩინა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა და ეფექტიანმა ამერიკელმა პრაქტიკოსმა დიპლომატმა  ევროპული  და ატლანტიკური ურთიერთობების საკითხებში. 


ზოგჯერ შემთხვევით, ხშირად კი მიზანმიმართულად,  იგი ევროპაში განვითარებული  დრამატული მოვლენების ცენტრში იმყოფებოდა. მან დიდი როლი შეასრულა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ, 1987 წლის ივნისში, ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან წარმოთქმული სიტყვის მომზადებაში. კერძოდ, ერთი წლის განმავლობაში, იგი იყო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ ღონისძიებისა და სწორედ მისი დამსახურებით შეიტანეს რეიგანის ამ ისტორიულ გამოსვლაში ცნობილი ფრაზა: "დაანგრიე ეს კედელი. " 


1987-91 წლებში ბატონი კორნბლუმი მსახურობდა ნატოში და დიდი როლი შეასრულა ალიანსის ახალი სტრატეგიის მომზადებაში, რომელიც წარმატებით განხორციელდა   საბჭოთა კავშირთან კონვენციური სამხედრო  ძალების ურთიერთობების განმსაზღვრელი  მოლაპარაკებების სფეროში. 


1992- 1994 წლებში კორნბლუმმა გახსნა და ხელმძღვანელობდა პირველ ამერიკულ მისიას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე (CSCE).


1995-97 წლებში კორნბლუმი იყო შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ბალკანეთში. 


1997-2001 წლებში კორნბლუმი მუშაობდა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე გერმანიაში. მან დიდი როლი შეასრულა გერმანიის დედაქალაქის ბონიდან ბერლინში გადატანის საქმეში. 1999 წელს, მისი უშუალო ინიციატივით, პირველად,  1941 წლის 8 დეკემბრის შემდეგ,   შეერთებული შტატების საელჩო ხელახლა  გაიხსნა ბერლინში. 


დიპლომატიური საქმიანობის დატოვების შემდეგ კორნბლუმი აქტიურად განაგრძობდა აკადემიურ და პოლიტოლოგიურ საქმიანობას ატლანტიკური სამყაროს მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით, სადაც იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გერმანიის როლს ევროპის მომავალთან დაკავშირებით. 


2012 და 2013 წლებში ელჩი კორნბლუმი ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყო. არჩევნების მოგების შემდეგ ივანიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც კორნბლუმმა ამ ისტორიულ საქმეში შეასრულა, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში, ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემაში აისახა. 


ჯეოქეისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონ ჯონ კორნბლუმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
 

გააზიარე: