„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - სტრასბურგიდან თბილისამდე

ავტორი:

პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს ანა არაბულთან, რომელიც ცხოვრობდა სტრასბურგში. ის  დაბრუნდა საქართველოში და ჩვენი ქვეყნიდან აგრძელებს თავის წარმატებულ ისტორიას

 

- ანა, მოგესალმებით სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა და მადლობას გიხდით ჩვენს პროექტში მონაწილეობისათვის. 


ანა, თქვენ სწავლობდით გერმანიაში, შპაიერის უნივერსიტეტში, შემდეგ კი სტაჟირება გაიარეთ ევროპის საბჭოში, სტრასბურგში, საფრანგეთში, რის შემდეგაც დაბრუნდით საქართველოში. 


- დღეს რას საქმიანობთ?


- ამჟამად ვარ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ არსებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მენეჯერი.  
 

- გერმანიაში რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?


- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთო სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობას", ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს განათლებასა თუ კარიერულ განვითარებაში. ამ პროგრამის ფარგლებში, ორი წლის განმალობაში შპაიერის უნივერსიტეტიდან მოწვეული ლექტორები გვიტარებდნენ ლექციებს საჯარო მმართველობის თანამედროვე ევროპული მიდგომების, ევროპული ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების, ძირითადი ინსტიტუტებსა და მათი ფუნქციების შესახებ. 


პროგრამა მიმდინარეობდა როგორ თბილისში, ასევე შპაიერში, სადაც ინტენსიური სწავლების  პარალელურად აქტიურად ხორციელდებოდა სასწავლო ვიზიტები გერმანულ და ევროპულ ინსტიტუციებში (ევროპარლამენტი, ევროპის საბჭო, ადმინისტრაციულ საქმეთა უზენაესი სასამართლო მანჰაიმში, ურბანული განვითარების სამსახური ჰაიდელბერგში და ა.შ).


- ამის შემდეგ, თქვენ სტაჟირება გაიარეთ ევროპის საბჭოში, რაც, დამეთანხმებით, საჯარო ადმინისტრირებით დაინტერესებული ყველა ახალგაზრდისათვის ოცნებაა. რა მიმართულებით მუშაობდით სტრასბურგში?


- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა მქონდა მემუშავა საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოში საპარლამენტო პროექტების მხარდამჭერ განყოფილებაში (PPSD). 


სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობისას აქტიურად ვიყავი ჩართული PPSD-ის აქტივობების განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით „მაროკოში დემოკრატიის კონსოლიდაციაში პარლამენტის როლის განვითარების მხარდაჭერა“. ევროპის საბჭოს მაროკოში ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ვგეგმავდით capacity building სემინარებსა და ტრენინგ მოდულებს მაროკოს პარლამენტის წევრებისა და სტაფისთვის. 


ასევე, ზემოთ ხსენებულ განყოფილებაში სტაჟირების პარალელურად, ვთანამშრომლობდი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საქმეთა, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტთან. კომიტეტის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ვახორციელებდი საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობასა და კომუნიკაციის წარმოებას (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია( WHO), Amnesty International, OECD);
 

- და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რაც სტრასბურგში შეიძინეთ?


- საერთაშორისო გარემოში მუშაობის უნარი. ამასთანავე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მუშაობის უნარები უნდა შემეთავსებინა  ყოველდღიური ადმინისტარაციულ მოვალეობებთან, რომელიც ჩემი ოფიციალური სტაჟირების ძირითადი ნაწილი იყო. ჩემი სტაჟირების პროცესში მკვეთრად განვავითარე პოლიტიკის დოკუმენტების (policy paper analysis) ანალიზის უნარები, რადგან ხშირად მიწევდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო სისტემების გაცნობა და ანალიზი, რათა ჩვენი პროექტების მომდევნო აქტივობები დაგვეფუძნებინა საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე, შემდეგი თემატური მიმართულებებით: პარლამენტის მიერ საჯარო პოლიტიკის შეფასება, პეტიციის სისტემების დანერგვა და მონიტორინგი, პარლამენტის ღიაობის ხელშეწყობის მექანიზმების იმპლემენტაცია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ა.შ.
 

- სტრასბურგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით. რამ მოახდინა ყველაზე მეტად თქვენზე შთაბეჭდილება იქ ცხოვრებისას?


- ჩემი სტაჟირების ფარგლებში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღეებმა (საშემოდგომო და ზამთრის). ზამთრის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, აქტიურად ვიყავი ჩართული სოციალურ საქმეთა, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის მიერ “The Network of Contact Parliamentarians for a Healthy Environment” შექმნის პროცესში. 


აღნიშნული ქსელის ჩამოყალიბების იდეა ევროპის საბჭოს  2021 წლის 29 სექტემბერს 2399 (2021) რეზოლუციის  "კლიმატის კრიზისი და კანონის უზენაესობა“  მიღების შემდეგ გაჟღერდა. ის მიზნად ისახავს „უსაფრთხო, სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე“ უფლების დამკვიდრებას ეროვნულ კანონმდებლობაში, პოლიტიკაში, პრაქტიკაში და საზოგადოების ცნობიერებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. 


აღნიშნული სასტარტო საორგანიზაციო პროცესების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა გარემოს დაცვის უფლებებსა და მდგრადი განვითარების თემატიკასთან დაკავშირებით შევხვედროდი ევროპის საბჭოს წევრ ნაციონალური პარლამენტის წევრებს, რომლებთან ერთადაც ვიმუშავეთ ზემოთ აღნიშნული Network-ის სამომავლო აჯენდის შექმნაზე.
 

 - როგორი არის სტრასბურგული ცხოვრება?


- სტრასბურგული ცხოვრება კულტურული მრავალფეროვნებითაა სავსე. რამდენადაც თავად სტრასბურგი არა ერთი ეროვნების პროფესიონალისთვის მეორე სახლად არის ქცეული, ჩემი სტაჟირების პროცესში ბევრ მათგანთან მომიწია შეხვედრა, კოლაბორაცია და დამეგობრება. ერთის მხრივ, ოფიციალური შეხვედრებით დატვირთული დღის შემდეგ სტაჟიორები სხვადასხვა ქვეყნიდან ხშირად ვიკრიბებოდით არაფორმალურ გარემოში, რამაც ხელი შეუწყო მომავალი საჯარო ადმინისტრირების ლიდერების ნეთვორქინგის ჩამოყალიბებას.


- ევროპაში - გერმანიასა და საფრანგეთში დიდი წარმატებებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თქვენ დაბრუნდით საქართველოში და აქტიურად აგრძელებთ განვითარებას.  რა პროექტებზე მუშაობდით საქართველოში დაბრუნების შემდეგ? 


- საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე, შევუერთდი აღსრულების ეროვნულ ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.  


ყოველდღიურად ჩართული ვარ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაში. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია,  აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირი(UIHJ), რომელსაც ოფიციალურად 2012 წლიდან შევუერთდით.


აღსრულების ეროვნული ბიურო წლებია აქტიურად მუშაობს სერვისების დიგიტალიზაციასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებას სააღსრულებო პროცესებში. ბიუროს აღნიშნული სტრატეგიული მიმართულების განვითარების ხელშეწყობის მიზნით  მონაწილეობა მივიღე რუმინეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია/შეხვედრებზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრატეგიის წარდგენასთან ერთად, გავეცანით ევროპული პარტნიორი ქვეყნების მოდელებსა და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
 

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთ, მიიღო განათლება და სამუშაო გამოცდილება, ბრუნდება  უკან და ამ ცოდნას ახმარს საკუთარ ქვეყანას?  თქვენ რამ გიბიძგათ საქართველოში დაბრუნებულიყავით?
-ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, რომელსაც მკვეთრად აქვს გამოხატული ევროპასთან ინტეგრაციის სურვილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მიღებული განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდების რესურსის სწორად და ეფექტურად გამოყენება. აუცილებელია, გვახსოვდეს, ჩვენი ქვეყნის სწორი გზით ტრანსფორმაციის პროცესში ჩვენი, ახალგაზრდა პროფესიონალების  როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ ის სტანდარტები და მიდგომები, რომლებსაც გავეცანით საზღვარგარეთ სწავლისა და მუშაობის პროცესში. ჩვენი აქტიური ჩართულობის გარეშე, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინსტიტუციებთან ინტეგრაცია, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარება მკვეთრად შეფერხდება. სწორად, ამ ყველაფრის გააზრებამ მიბიძგა იმისკენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიღების შემდეგ დავბრუნებულიყავი საქართველოში.  

 

- ანა, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერულ გზაზე - ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები საზღვარგარეთ წარმატების შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და უზიარებენ სხვას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. 

გააზიარე: