„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ - როტერდამიდან ბათუმამდე

ავტორი:

“ჯეოქეისის“ პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ ფარგლებში, გთავაზობთ ინტერვიუს დავით ვარშანიძესთან.


პროექტის მიზანია საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდების წარმატების ისტორიების საზოგადოებისათვის გაზიარება და ჩვენება იმისა, რომ მასშტაბური წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნიდანაცაა შესაძლებელი.
 

- დავით, მოგესალმებით სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა და მადლობას გიხდით ჩვენს პროექტში მონაწილეობისათვის.
დავით, თქვენ სწავლობდით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო როტერდამის უნივერსიტეტში და ცხოვრობდით ჰოლანდიაში, რის შემდეგაც დაბრუნდით საქართველოში.


დღეს რას საქმიანობთ?


- მოგესალმებით. ჩემთვისაც სასიამოვნოა პროექტში მონაწილეობის მიღება და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. სამაგისტრო პროგრამის დასრულებამდე, რამდენიმე თვით ადრე, როგორც ყველა ახალგაზრდა პროფესიონალი ასევე მეც შევუდექი სამსახურის ძიებას როგორც ნიდერლანდებში, ასევე საქართველოში. რამდენიმე კვირიანი პროცედურის შემდეგ მივიღე შემოთავაზებები, რომელთაგანაც ავარჩიე სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სადაც დღეს ვმუშაობ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცრის პოზიციაზე. ჩემი ვალდებულებაა ორგანიზაციის ძირითად საქმიანობაში ჩართვა, უფრო კონკრეტულად კი ორგანიზაციის კომიტეტებზე, ქვეკომიტეტებზე და სხვა შეხვედრებზე დასწრება და შედეგების საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაზე წარდგენა, შესაბამისი რეაგირების გაწევის მიზნით. დამატებით, ვინაიდან დასაქმებული ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში, ასევე მონაწილეობას ვიღებ საზღვაო სფეროში აქტიურად მიმდინარე პროექტებში.
 

- ჰოლანდიაში რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?
 

- საზღვაო და სატრანსპორტო სამართლის მიმართულებით.
 

- რამ გიბიძგათ გესწავლათ ეს საკითხი - რა იყო ის მოტივაცია, რამაც გადაგაწყვეტინათ თქვენი მთავარი ფოკუსი საზღვაო-სატრანსპორტო სამართლის მიმართულებით მიგემართათ?
 

- ადრეული ასაკიდან მქონდა ინტერესი საზღვაო სფეროს მიმართ, რაც ვფიქრობ საზღვაო/საპორტო ქალაქში ცხოვრებამ გამიღვივა. ასევე აუცილებელია აღინიშნოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიის არსებობის მნიშვნელობა, რომელიც ოდითგანვე ბათუმში მდებარეობს და პოპულარიზაციას უწევს მეზღვაურის პროფესიას.


სკოლის დამთავრების პერიოდში მქონდა სურვილი საზღვაო აკადემიაში მესწავლა და მეზღვაური გამოვსულიყავი, მაგრამ ბოლო წელს გადავიფიქრე. საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის პროგრამის დამამთავრებელ წელს გავიარე საზღვაო სამართლის კურსი, რამაც მომცა საშუალება ჩემი ინტერესი დამეკავშირებინა ჩემს განათლებასთან. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ გადავწყვიტე გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა საზღვაო სამართლის მიმართულებით და ჩავაბარე საზღვაო და სატრანსპორტო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში.


აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ენთუზიაზმიდან გამომდინარე არ მიმიღია. ბოლო წლებში ქართული საზღვაო სფეროს განვითარება თვალნათელია, შესაბამისად მქონდა და მაქვს სურვილი საკუთარი წვლილი შევიტანო საზღვაო სფეროს სწორი კურსის ჩამოყალიბებაში.
 

- და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც როტერდამში სწავლისას შეიძინეთ, გარდა აკადემიური ცოდნისა?

 

- როტერდამის უნივერსიტეტში, განსაკუთრებით საზღვაო და სატრანსპორტო სამართლის კურსზე, ინტერნაციონალიზაციის მაღალი მაჩვენებელია. 1 წელი გავატარე აკადემიურ სივრცეში, სადაც ურთიერთობა მქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, რომლებიც უკვე პროფესიონალები არიან იმ სფეროში, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და უკვე დასაქმებულები არიან საკუთარ ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ეს გამოცდილება და ის ურთიერთობები, რომელიც ამ პროცესში შევიძინე განსაკუთრებული აქტივის სახით დარჩება ჩემს პირად და სამსახურებრივ ცხოვრებაში.
 

- როტერდამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საპორტო ქალაქია.  რამ მოახდინა ყველაზე მეტად თქვენზე შთაბეჭდილება იქ ცხოვრებისას?
 

- როტერდამის პორტი ევროპის ყველაზე დიდი პორტია, სადაც ევროპის მასშტაბით ტვირთბრუნვის უმაღლესი მაჩვენებელია. როტერდამში სწავლისას გვქონდა ვიზიტები საზღვაო სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებასთან. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ჰოლანდიელი ხალხის შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და პატრიოტიზმი. ჩამოთვლილის თავმოყრის შედეგები აისახება ქვეყნის როგორც სოციალურ ასევე ეკონომიკურ განვითარებაზე. დამატებით, აუცილებელია, ვთქვა, რომ როტერდამის მაცხოვრებლები ძალიან კონკურენტუნარიანი ხალხია, რაც აისახება მათ განვითარებაზე და დამოწმებულია სტატისტიკური მაჩვენებლებითაც.


- როგორი არის როტერდამული ცხოვრება?

 

- დატვირთული სამსახურებრივად, თავისუფალი კულტურულად და განვითარებული სოციალურად.


-  ჰოლანდიაში დიდი წარმატებებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თქვენ დაბრუნდით საქართველოში, ბათუმში და აქტიურად აგრძელებთ განვითარებას.  რა პროექტებზე მუშაობდით საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
 

- ქართული საზღვაო სფერო აქტიურად ვითარდება. დაგეგმილია მრავალი ქვეყნის საზღვაო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი 2 მათგანი რომელზეც შემიძლია ვისაუბრო არის პორტების გაციფრულების პროექტი და ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტი. ორივე მათგანი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ეს კავშირი გამოიხატება იქიდან გამომდინარე, რომ აბრეშუმის გზის პროექტი გაზრდის ტვირთბრუნვას კავკასიის რეგიონში, ხოლო გაციფრულების პროექტი ხელს შეუწყობს გაზრდილი ტვირთბრუნვის ეფექტურად მართვას.

 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის, როდესაც ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთ, მიიღო განათლება და სამუშაო გამოცდილება, ბრუნდება  უკან და ამ ცოდნას ახმარს საკუთარ ქვეყანას?  თქვენ რამ გიბიძგათ საქართველოში დაბრუნებულიყავით?
 

- ქვეყანაში აღინიშნება პროფესიონალების სიმცირე მრავალი მიმართულებით. შესაბამისად უკიდურესად მნიშვნელოვანია განათლებაზე/გამოცდილებაზე ორიენტირება რათა შეივსოს კადრების ნაკლებობა და სხვადასხვა მიმართულებით გვყავდეს გამოცდილი პროფესიონალები. ამ მიმართულებით ქვეყნის მხარდაჭერა ახალგაზრდების მიმართ შეინიშნება, რადგან მრავლად გვხვდება საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ განათლება და ასევე აიმაღლონ კვალიფიკაცია. ერთ-ერთი ასეთია განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც აქტიურად ეხმარება ახალგაზრდებს საერთაშორისო დონეზე მოიპოვონ განათლება და ჩამოყალიბდნენ განათლებულ კვალიფიციურ კადრებად.


მიმაჩნია, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისთვის მიმართულ საქმიანობაში, შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ განათლება მიღებული ადამიანები ბრუნდებიან უკან ქვეყანაში და ცოდნას ახმარდნენ ჩვენს განვითარებას. მეორე მხრივ, აუცილებლად მიმაჩნია ასეთი ადამიანების დაფასება და მათი ხელშეწყობა. ფინანსური-მატერიალური მიზეზების გამო საქართველოს მოქალაქეს არ უნდა უხდებოდეს ქვეყნის დატოვება, აუცილებელია ქვეყნის შიგნით შეიქმნას ისეთი პირობები რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება თითოეული მოქალაქისათვის და შესაბამისად შეივსება ქართული გენოფონდი განვითარებული, განათლებული ქართველებით.

 

- დავით, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერულ გზაზე - ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები საზღვარგარეთ წარმატების შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და უზიარებენ სხვას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.
 

გააზიარე: