1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (პირველი ნაწილი - გე­რონ­ტი ქიქოძე)

ავტორი:

1921 წლის 11/12 თებერვლის ღამეს, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რეს­პუბ­ლიკის მხრიდან სა­ქა­რთველოს დე­მო­კრატიული რეს­პუ­ბ­ლი­კის სახელმწიფო საზღვრებში ომის გამოუცხადებლად შემოიჭრნენ რუ­სე­­თის საბ­ჭო­თა ფედერაციული სო­ცია­ლი­სტური რეს­პუ­ბ­ლიკის XI არმიის ნაწილები. მალე მათ სხვა მხრიდან შემოჭრილი მტე­რი დაე­მა­ტა. კერძოდ, რუსთა ჯარი 16 თებერვალს შემოვიდა წითელი და ფოილოს ხი­დე­ბიდან, 19 თებერვალს – აფხაზეთში, ხოლო შემდეგ მამისონის უღელტეხილიდანაც.

 

აქვე უნ­და გა­ვიხსენოთ, რომ წი­ნა წლის 7 მაისს, მოსკოვში ხელმოწერილი ხე­ლ­შე­­­კ­­რუ­ლე­ბით, რსფსრ-ის ხელისუფლებამ საქართ­ვე­ლოს პირველი რესპუბლიკა იურიდი­უ­ლად აღი­არა. თუმცა ეს აღიარება კრემლში მოკალათებული იმპერიალისტებისათვის მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკას წარმოადგენდა.

 

საქართველოში რამდენიმე მხრიდან შემოჭრილ მტერს, რომელიც ჩვენს შეია­რა­ღე­ბულ ძალებს რიცხობრივად მნიშვნელოვნად აღემატებოდა, ქართულმა არ­მი­ამ გმი­რუ­ლი წინააღმდეგობა გაუწია. მიუხედავად ამისა, მომხდურთა რიცხობრივმა სიჭარბემ მა­ინც თავისი გაიტანა. ამას დაემატა ისიც, რომ საქართველო ფაქტობრივად უმოკავ­ში­როდ იყო დარჩენილი. ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე გასაბ­ჭოე­ბუ­ლი იყო, ხოლო ოსმალეთის ქალაქ ანკარაში მყოფი მთავრობა მუსტაფა ქემალ-ფაშას (მომავალში – ათა­თურქის) მე­თაურობით - საბჭოთა რუსეთის მოკავშირე გახლდათ.

 

24 თებერვლის შუაღამისას, სა­ქა­რთველოს დე­მო­კრატიული რეს­პუ­ბ­ლი­კის ხელისუფ­ლე­­ბამ დატოვა დედაქალაქი და ქვეყნის დასავ­ლე­თ ნაწილში გადავიდა. 25 თე­ბერ­ვლის შუადღეს, წი­თე­ლმა არმიამ თბილისი უომრად დაიკავა.

 

საქართველოს ხე­ლი­­სუფლების წარ­მო­მადგენელთა მნიშვნე­ლო­ვანმა ნა­წილმა, მთა­­­ვ­რობის თავ­მ­ჯ­დომარის - ნოე ჟორდანიას (1868-1953) მეთაურობით, 17 მარტს დატო­ვა ბა­თუმი - უკა­ნა­ს­კნელი ქა­ლა­ქი ჩვენი სამშობლოს ტე­რი­ტორიაზე, სადაც კანონიე­რი ხე­ლისუფლების იუ­რი­სდიქცია ვრცელ­დე­­ბო­და და შავი ზღვის მეშვეობით ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემგზავრა.


რუსეთის წითელმა არმიამ მოა­ხდინა დამოუკიდებელი ქა­­რთული სახელმწიფოს ოკუ­პაცია და იძულებითი გასაბჭოება, რაც გაგრძელდა ერთ თვე­ზე ოდნავ მეტხანს: 11 თე­ბერვლიდან - 17 მარტამდე. ასე რომ, საქართველოს პირველი რესპუბლიკა საბჭოთა რუ­სე­თის ექსპანსიონის­ტური პოლიტიკის მსხვერ­პ­ლი გახდა.

 

წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით მოკლედ მი­­­მოვიხილოთ, თუ როგორ აისახა ზემოხსენებული ტრა­გიკული მოვლენის ყველაზე მტკივნეული ეპიზოდები - საბჭოთა რუ­­­სეთის წი­თე­ლი საოკუპაციო არმიის შე­მოჭრა სა­ქართველოს დემოკრატიულ რეს­პუბ­ლი­­­კასა და მის დედაქალაქში, იქვე მყოფი ჩვენი ქვეყნის რამ­დე­ნიმე მოქალაქის თვა­ლ­ით. მათ შორის იყვნენ: გერონტი ქიქოძე (1885-1960), ვლა­დი­­მერ (ლადო) ჯა­ფა­რიძე (1887-1981), გი­ო­რ­გი ნადირაძე (1902-1960), ლიზიკო ქავთარაძე (1905-1988), მიხეილ ქა­ვ­თარაძე (1906-2008), მიხეილ კეკელიძე (1911-1996), გივი ჟორდანია (1911-2001) და სოფიო ჩი­ჯა­­ვა­ძე-კე­დი­ასი (1885-1993), რომლის მე­უღ­ლეც - სპი­რიდონ კედია (1884-1948) - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პა­რ­ტიის ლიდერი გახლდათ.

 

ამდენად, ამ მოგონებათა ავტორთა შორის იყვნენ როგორც გამოჩენილი მეც­ნი­ე­რე­ბი, პუბლიცისტები, მწე­რ­ლე­ბი, მთარგმ­ნე­ლე­ბი და მხატვრები, ასევე პოლიტიკური და სა­ზო­გადო მოღ­­ვა­წენი, რომელთაგან ორი (სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი და მიხეილ ქავ­თა­რაძე) შემდგომ პერიოდში ქართული ემიგ­რა­ციის ცნობილი წა­რ­მო­მა­დ­გე­ნელი გახდა. ეს გამოკვლევა რვა ნაწი­ლისაგან შე­დ­გება.

 

  1. გე­რონ­ტი ქიქოძე

 

გამოჩენილი მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკური და სა­ზოგადო მო­ღვაწე, ეროვ­ნულ-დემოკრატი გე­რონ­ტი ქიქოძე (1885-1960) თავის მემუარებში მოგვითხრობს, თუ რა მო­­ვლენები უძღვოდა წინ თბილისში რუსეთის სფსრ-ის საოკუპაციო არმიის შე­მო­ს­ვ­ლას, რაც 25 თებერვლის შუადღისას მოხდა.

 

მოგონებებში ვკითხულობთ: “1921 წლის 15 თებერვალს შულავერში “საქართ­ვე­ლოს რევოლუციური კომიტეტი” შედ­გა. თავის მანიფესტში მან ქართველ ხალხს აუწყა, რომ წითელი არმია მის გასათავი­სუ­ფ­­ლებლად მოდიოდა. დამფუძნებელმა კრებამ კა­ნონს გარეშე გამოაცხადა რევოლუ­ცი­ური კომიტეტის წევრები.

 

ქართული ჯარის მთავარსარდალმა, გენერალმა კვინიტაძემ, ისევე როგორც ასო­ც­დახუთი წლის წინათ ერეკლე მეფემ, გადაწყვიტა - მთავარი ბრძოლა მოწინააღმ­დე­გი­სა­თვის თბილისის კარიბჭესთან მიეცა. 19 თებერვალს ახლად გაღვიძებულ მოქა­ლა­ქე­ებს უკვე შემოსმათ XI არმიის ქვემეხების გრიალი. ქართულმა არტილერიამ, რომელსაც სახელგათქმული ქართველი ოფიცრები მეთაურობდნენ, მტერს ენერგიული პასუხი გა­ს­ცა. დამფუძნებელი კრების რამდენიმე დეპუტატთან ერთად სოღანლუღის ფრონტზე მი­ვე­დი და სანგრები დავათვალიერე. ჯარისკაცებიც და მეთაურებიც მხნედ იყვნენ, მხო­ლოდ ჩიოდნენ, სურსათისა და ტყვია-წამლის მოწოდება ცუდად არის მოწყობილიო. თბილისის საწყობები კი სავსე იყო ამუნიციით... მეორე თუ მესამე დღეს, ქართული ჯარი და გვარდია შეტევაზე გადავიდა და 1500-ზე მეტი კაცი დაატყვევა. თბილისის მოსახლეობას არც რაიმე ექსცესები ჩაუდენია, არც პანიკა გამოუმჟღავნებია. ყველაზე მეტი დაბნეულობა თვით მთავრობის წევრებს ემ­ჩ­ნეოდათ: მინისტრები თავიანთ ადგილებზე არ ისხდნენ, ზოგიერთ მათგანს სამხედრო ფარაჯა ჩაეცვა, მხარზე თოფი გადაეკიდა და სასახლის წინ დადიოდა...

 

კავალერიის უქონლობის გამო ქართულმა ჯარმა ვერ შეძლო პირველი გამა­რჯ­ვე­ბის გამოყენება და წითელ არმიას დრო მიეცა დაშოშმინებულიყო და თავისი რაზ­მე­ბი გადაეჯგუფებინა. ის მოქმედებდა არა მარტო სოღანლუღის და კოჯრის მიმარ­თუ­ლე­ბით, არამედ მტკვრის მარცხენა ნაპირზეც, ვაზიანის მიმართულებით. საქართველოს მთა­­ვრობამ ცნობა მიიღო წითელი ჯარის ნაწილებმა კავკასიონის მთავარი ქედი გად­მო­ლა­ხეს მამისონის უღტელტეხილითო. მაგრამ ეს ნაწილები იმდენად მცირერიცხოვანნი იყვნენ, რომ მათ არ შეეძლოთ გადამწყვეტი გავლენა მოეხდინათ მთა­ვა­რი ფრონტის ოპერაციებზე. ამიტომ თბილისის მოსახლეობისათვის მოულოდნელი იყო ცნობა, რომ მთავრობამ და მთავარმა შტაბმა გადაწყვიტეს დედაქალაქის მიტოვება. როგორც შემდეგ გამოირკვა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და საბედისწერო იყო ფრონტისათვის, სადაც მან დემორალიზაცია შეიტანა.

 

24 თებერვალს ერთ ჩემს მეგობართან ერთად, უძილო ღამე გავატარე. ქალაქის ქუ­ჩებში საოცარი სიჩუმე იდგა. თოვლის ფანტელები უხმოდ ეცემოდნენ ქვაფენილებს. უკან ჩამორჩენილი ჯარისკაცები ჩრდილებივით მოძრაობდნენ, ზოგი მათგანი კედელზე აყუდებდა ან მიწაზე აგდებდა თავის თოფსა და სავაზნეს. ქალაქი ჩაბნელებული იყო. გათენებისას ერთ ნაცნობთან შევედი გასათბობად. მასაც უძილო ღამე გაეტარებინა. ძვი­რფასი ნოხები დაეზვინებინა და სინანულს გამოთქვამდა, რომ ვერ მოესწრო მათი სა­ზღვარგარეთ გატანა.

 

როდესაც 25 თებერვალს, დილით, წითელი ჯარის მზვერავები ფრთხილად ქა­რ­თუ­ლი ჯარის სანგრებს მიახლოვებოდნენ, სახტად დარჩენილიყვნენ, რადგან იქ აღა­რა­ვინ დახვედროდათ. თავის პოსტზე მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი დარჩენილიყო, უმ­თა­ვ­რესად იუნკრებისაგან შემდგარი. მათ, ალბათ, ქართული ჯარის უკანდახევა უნდა და­ეფარა. იუნკრებმა უკანასკნელ წუთამდე თავგანწირულად იბრძოლეს და თავიანთი ცხე­დრებით ამოავსეს კოჯრის მაღლობებისა და ქოროღლის სანგრები”.

 

გერონტი ქიქოძე აღმოჩნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამ­ფუ­ძ­ნე­ბელი კრების იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომლებიც 25 თებერვალს თბილისში დარჩნენ და საოკუპაციო ჯარის შემოსვლა თავისი თვალით იხილეს. მათ შორის იყვ­ნენ: სოციალისტ-რევოლუციონერი გრიგოლ (გიგო) ნათაძე (1878-1951), სოციალისტ-ფე­დე­რა­ლისტური პარ­ტი­ის წე­ვრები - პროფესორი შალვა ნუცუბიძე (1888-1969), თევდორე (თე­­დო) ღლონტი (1888-1937), და სხვები.

 

აქვე დავსძენთ, რომ თედო ღლონტმა უღალატა თავის თავდაპირველ მრწამსს და 1924 წელს კომუნისტურ პარტიაში შევიდა. 1926 წლის სექტემბერში, მთავრობის გადაწყ­ვე­ტილების შესაბამისად, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თა­ნამდე­ბო­ბაზე შეცვალა პროფესორი ივანე ჯავახიშვილი (1876-1940), რომელიც ამ უნივე­რ­­სიტეტის დაფუძნების სა­ი­ნი­ციატივო ჯგუფის ხელმძღ­ვა­ნელი გახლდათ. ამ პოსტზე ორ­­­წ­ლიანი მუშაობის შემდეგ, ღლონტი მსახურობდა არაერთ საპასუხისმგებლო თა­ნამ­დებობაზე და საბჭოთა ხელისუფ­ლე­ბი­­სადმი ერთგულების დემონსტრირებას ახდენდა. ამის მიუხედავად, იგი რო­გორც “ხალხის მტერი და სა­მ­შობლოს მოღალატე” - 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს.

 

მტრის ჯარის შემოსვლა თბილისში ასევე საკუთარი თვალით იხილა ცნობილმა პო­ლი­ტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ მიხეილ წე­რე­თელმა (1878-1965), რომელიც იმავდ­რო­ულად მეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნეც გახლდათ.

 

საქართველოს უახლესი ისტორიის ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრა­­­­გიკული ფურცელი ასეა აღწერილი გერონტი ქიქოძის მოგონებებში: “შუადღისას ქა­ლა­­­ქის მთავარ მოედან­ზე გავედი. იქ რამდენიმე მოქალაქეს მოეყარა თავი. შუაბაზ­რი­დან გა­მოჩნდა ცხენოსანი წითელარმიელების პატარა რაზმი, რომელსაც ახალგაზრდა წო­­წო­ლაქუდიანი ოფიცერი მეთაურობდა. მას ცხენის ფეხთქვეშ ვიღაც ხნიერი დე­და­კა­ცი ჩაუვარდა და შესჩივლა: 


- ქართველები რუსებს გვჩაგრავენ!


პროვოკატორი! - უყვირა ოფიცერმა და მათრახის ტარი მოუღერა. შემდეგ მან თავისი ცხენი თვითმმართველობის შენობასთან შეაჩერა და შესძახა:


- გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!


- გაუმარჯოს წითელ არმიას - უპასუხა ერთმა მსხვი­ლმა ხელოსანმა, სომეხმა მექუდემ.


ცოტათი უფრო გვიან იმავე ცენტრალურ მოედანზე წითელი არმიის საბარგო ავ­ტო­მანქანა შემოსულიყო და ქალაქის თვითმმართველობის წინ გაჩერებულიყო. მან­ქა­ნი­დან სიტყვა წარმოეთქვა რუს ოფიცერს. იმავე დღეს, ერთ ნაცნობ ახალგაზრდა რუსის ქალს შევხვდი. მეტისმეტად აღელ­ვე­ბული იყო. მან მითხრა: “მამაჩემი ბაქოში მსახუ­რო­­ბდა, წითელი არმიის რიგებში შესულა და დღეს თუ არა ხვალ, ალბათ, საქართ­ვე­ლო­ში შემოვა. მე კი მთელი ჩემი სულითა და გულით პა­ტა­რა საქართველოს მხარეზე ვარ”.

 

შე­უძლებელი იყო რაიმე ეჭვის შეტანა მის გულწრფელობაში...

 

ყველაზე გამოჩენილი ქართველი ინტელიგენტი, რომელიც ნოე ჟორდანიას მთავ­რო­­ბის ევაკუაციის შემდეგ თბილისში დარჩენილიყო, მიხეილ წერეთელი იყო... არც პოლიტიკურ მოღვაწეობას და არც ანთებული პატრიოტის ტემპერამენტს მი­სთვის ხელი არ შეუშლია გამოჩენილი ლინგვისტი გამხდარიყო... საოცრად გუ­ლი­ს­ხ­მიერი მეგობარი იყო. მისი გულწრფელობა, გონებამახვილობა და ზნეობრივი სიფაქი­ზე სასიამოვნოს ხდი­და მის საზოგადოებას. სკეპტიციზმის მიუხედავად, მომქმედი ადა­მი­ანი გახლდათ. გუ­ლ­გა­ტე­ხილი იყო თანამედროვე ქართველ ერზე და ხანდახან სასო­წა­რ­კვეთით ლა­პა­რაკობდა მის მომავალზე, მაგრამ უეჭველია, ქართველი ერი მას მტკივ­ნე­ულად უყვარდა.

 

თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა პარადი გამართეს ქა­ლა­ქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს, თბილისის მოსახლეობამ დიდი სამგლოვიარო პრო­ცე­სია მოაწყო რუ­ს­თაველის პროსპექტზე. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომელშიაც სანგრებიდან ჩა­მო­ტანილი ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენენ, ხოლო უკან, ნელი ნა­ბი­ჯით, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგი­კუ­ლი იყო, რომ გა­ოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუ­ნი­ს­ტებისა და წი­თე­ლ­ა­რმიელების რიგებში. და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვ­ლია ამ პროცე­სი­სა­თვის ხელი შეეშალა. დახოცილი ქართველი მეომრები დასაფლა­ვე­ბუ­ლი იქნენ დიდი საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც ამჟამად მთავრობის ახალი სა­სა­ხ­ლის (აქ იგუ­ლის­ხ­მება ახლანდელი პარლამენტის. - ნ. ჯ.) შენობაა აღ­მა­რ­თული.

 

ამ დროს, მეზობლად, ძველი სასახლის სახურავზე, უკვე წითელი დროშა ფრია­ლე­ბდა, როცა სერგო ორჯონიკიძემ დეპეშით აუწყა ლენინს. რაკი თბილისი უკვე აღე­ბუ­ლი იყო, ხოლო ქართველთა ჯარი საგრძნობ ძალას აღარ წამოადგენდა, ლენინის წინადადებას ჟორდანიასთან მოლაპარაკების შესახებ არავითარი რეალური მნიშვ­ნე­ლო­ბა აღარ ჰქონდა. ამისდა მიუხედავად, ახალმა მთავრობამ მაინც საჭიროდ სცნო დასავ­ლეთ საქართველოში ქართველი ინტელიგენტების დელეგაცია გაეგზავნა ნოე ჟორდანი­ას­თან მოსალაპარაკებლად. ამით მას, ალბათ, უნდოდა ლენინის წინაშე ფორმალური გასამართლებელი საბუთი ჰქონოდა”.

 

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბ­ლიკის” თვი­თ­მარქვია მთავრობის, ე. წ. “რევოლუციური ­კო­მ­იტეტის” წევრების - ფილიპე მახარაძის, მამია ორახელაშვილისა და შალვა ელიავას თხო­ვ­ნით, გ. ქიქოძე, მ. წერეთელი და თ. ღლო­ნ­ტი გა­ე­მ­გზავრნენ ბათუმში გადაბარ­გე­ბულ ნოე ჟორდანიას­თან მოსა­ლა­პა­რა­კებ­ლად. ამ დელეგაციამ ჟორდანიას გა­და­ს­ცა ახალი ხელისუფლების შე­თავაზება - და­რ­ჩენილიყო სამშობლო­ში, ოღონდ არაპო­ლი­ტიკურ სფე­რო­ში სამოღ­ვა­წეოდ, ხოლო არ­მი­ისა და გვარდიისა­თ­ვის _ იარაღის დაყრა და წინააღმდეგობის შეწყვეტა ებრძანებინა.

 

გერონტი ქიქოძე იგონებდა: “წითელ არმიას წინ თითქმის არავითარი წინა­აღმ­დე­გო­ბა არ ეღობებოდა და ის ჩქარი ტემპით მიიწევდა ბათუმისაკენ, სადაც იმ­ჟა­მად მთავ­რობა და დამფუძნებელი კრება იმყოფებოდნენ. დატყვევებულ ქართველ ჯარისკაცებს და გვარდიელებს წითელარმიელები იარაღს ჰყრიდნენ და დაუყოვნებლივ ათავი­სუფ­ლე­ბ­დნენ. ეს აძლიერებდა ქართული სამხედრო ძალის დეზორგანიზაციას...

 

ჟორდანიამ სალონ-ვაგონში მიგვიღო ბათუმის სადგურზე. სავარძელში იჯდა, მუ­ხ­ლებზე რბილი პლედი ჰქონდა გადაფარებული. მის კეთილშობილ სახეს უფრო დაღ­ლი­­ლობის ბეჭედი ესვა, ვიდრე ტანჯვისა. აშკარად ეტყობოდა, რომ სულიერად უკვე და­­სავლეთ ევროპაში იყო... მთავრობა და დამფუძნებელი კრების დეპუტატთა ერთი ნა­წი­­ლი, უმთავრესად სოციალ-დემოკრატები.., საზღვარგარეთ გაემგზავრნენ...

 

ლენინს ძალიან ეწყინა, რომ ქართველმა ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ნოე ჟორ­და­ნი­ას შეთანხმებოდნენ და სერგო ორჯონიკიძეს და ბუდუ მდივანს გულისწყ­რო­მით უთ­ხრა: თქვენ სოციალიზმის საქმე დააზიანეთ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიო”.

 

ზემოთ მოყვანილი ცნობა, რომ რსფსრ-ის სა­ხალ­ხო კომი­სა­რთა საბჭოს ანუ მთა­ვ­­რო­ბის თავმჯდომარე ვლადიმირ ლენინი (1870-1924) - ნოე ჟორ­დანიას საქართველოში დარჩენის შემთხვევაში უსაფრთხოებას ჰპირდებოდა, დოკუ­მენ­ტუ­რადაც დასტურდება.

 

1921 წლის 2 მარტს, სერგო ორჯონიკიძისადმი გაგზავნილ წერილ­ში, ლენინი აღ­ნიშ­ნა­ვდა: “Гигантски важно искать приемлемого компромисса для блока с Жордания или по­доб­ны­ми ему грузинскими меньшевиками, кои еще до восстания не были абсолютно враждебны к мысли о советском строе в Грузии”.

 

აქვე გთავაზობთ ამ ამონარიდის ჩვენეულ თარგმანს: “უაღრესად მნიშვნელოვანია მოი­ნა­ხოს მისაღები კომპრომისი შესათანხმებლად ჟორდანიასთან და მის მსგავს ქარ­თ­ველ მე­ნ­შევიკებთან, რო­მ­ლებიც ჯერ კიდევ აჯანყებამდე არ იყვნენ აბსოლუტურად მტრუ­­ლად განწყობილნი სა­ქა­რთველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისადმი”.

 

ამრიგად, ლენინის დავალებით ჟორდანიასთან გამართული მოლა­პა­რა­კე­ბა უშედე­გოდ დასრულდა. საქართველოს დემოკრატიუ­ლი რესპუბლიკის ხელი­სუფ­ლების წევრთა დიდი ნაწილი, თვით ნოე ჟორდანიას მე­თა­­ურობით, ემიგრაციაში გა­ემ­გ­ზავრა.

გააზიარე: