„საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით” - სლოვაკეთიდან საქართველომდე

ავტორი:

- თემო, მოგესალმებით სასიამოვნოა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა და მადლობას გიხდით ჩვენს პროექტში მონაწილეობისათვის. 
თემო, თქვენ სწავლობდით ბრატისლავაში, სლოვაკეთში საუკეთესო კომენიუსის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დაბრუნდით საქართველოში. 


დღეს რას საქმიანობთ?


- მოგესალმებით, გმადლობთ ამ ინტერვიუში მოწვევისთვის, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ჩემი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და ვიმედოვნებ ის გამოსადეგი და საინტერესო იქნება.


დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. ამასთან, სლოვაკეთიდან დაბრუნებისთანავე მსურდა, რომ პროფესიული განვითარება უშუალოდ პრაქტიკული საქმიანობით გამეგრძელებინა და დამეწყო იურიდიული სტაჟირება, რათა მიმეღო უფრო პრაქტიკული და უშუალო გამოცდილება ჩემს სფეროში. 


საბედნიეროდ, ჩემს საწადელს მივაღწიე და ამჟამად ვარ სტაჟიორი ბიზნეს სამართლის მიმართულებით ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში. ამ გადაწყვეტილებით ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვიღებ ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას უკვე შემდგარი იურისტებისგან, რასაც საუნივერსიტეტო განათლება და სისტემა ნამდვილად ვერ მომცემდა.
 

- რა მიმართულებით მიიღეთ განათლება?


- სლოვაკეთში განათლება ძირითადად ევროკავშირის სამართლის ირგვლივ მივიღე. ჩემი იქ ყოფნა დაემთხვა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ამბავს, როდესაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ამან ერთიორად გაზარდა ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ. 


გამოვარჩევდი რამდენიმე კურსს, რომელიც იქ ყოფნისას წარმატებით დავხურე.


პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ევროკავშირის კონკურენციის სამართალი. ეს იყო საკმაოდ ინტენსიური და რთული კურსი, რომელიც არა მარტო სამართლებრივ, არამედ ეკონომიკურ საკითხებსაც მრავლად შეიცავდა და სწორედ ამან გამოიწვია ჩემში ინტერესი, რადგან რამდენიმე განსხვავებულ სფეროზე მივიღე ინფორმაცია და მსგავსი მრავალფეროვნება ჩემს მუდმივ ყურადღებასა და ჩართულობას მოითხოვდა. 


ასევე გამოვარჩევდი კურსს სახელად „მოლაპარაკება (Negotiations)”. ეს კურსი აღსანიშნავია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ლექტორები მუდმივად გვაძლევდნენ პრაქტიკულ დავალებებსა და სამუშაოებს, როგორიც იყო სხვადასხვა სიტუაციებში მოლაპარაკებების სიმულაცია. ლექტორი სტუდენტებს გვყოფდა ჯგუფებად და გვანიჭებდა გარკვეულ როლებს, გვაძლევდა ზოგად ინფორმაციას და ასევე თითოეულ მხარეს კონკრეტულ და კონფიდენციალურ ინფორმაციასა და მიზნებს, რომელიც მოლაპარაკებისას უნდა გამოგვეყენებინა და გაგვეთვალისწინებინა. დანარჩენი უკვე იმპროვიზაციისა და მოლაპარაკების ნაყოფი იყო და შემდეგ განვიხილავდით იმ შედეგებს, რომლებამდეც თითოეული ჯგუფი მივიდა მოლაპარაკებების დროს. 


მსგავსი პრაქტიკული კურსები სწავლების პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს და ცოცხალს ხდის და გვაძლევს ისეთ გამოცდილებას, რომელსაც მხოლოდ თეორიული კურსები ვერ გვაწვდიან. სწორედ ამიტომ მინდოდა ამ კურსის აქ ხსენება, რომ ეს ქართულმა უნივერსიტეტებმაც გაითვალისწინონ და თავიანთ სასწავლო პროგრამებში მეტი მსგავსი კურსი დაამატონ, რათა სტუდენტებისთვის სასწავლო მიმდინარეობა ძალიან ერთფეროვანი არ გახდეს.
 

- და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რაც ბრატისლავაში შეიძინეთ?


-  ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები ბრატისლავაში საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას შევიძინე. 


ეს იყო ჩემთვის დამოუკიდებლად ცხოვრების პირველი გამოცდილება, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. როდესაც ყველაფერზე ზრუნვა ჩემით მიწევდა, ამან გამზარდა და შემძინა ის ელემენტარული უნარები, რაც საჭიროა დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის.


კიდევ აღსანიშნავია, რომ ოთახში ვცხოვრობდი კიდევ ერთ ქართველ სტუდენტთან ერთად და ესეც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. როდესაც ბინის, და მეტიც, ოთახის გაზიარება გიწევს სხვა ადამიანთან, ბევრი რამეა გასათვალისწინებელი და ამანაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა. მსგავს სიტუაციებში აუცილებელია ადამიანური ურთიერთობის უნარების კარგად დახვეწა და გამოყენება, რათა სხვა ადამიანთან თანაცხოვრება იყოს არა გაუსაძლისი, არამედ სასიამოვნო და გამოსადეგი პროცესი.
 

- ბრატისლავა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. რამ მოახდინა ყველაზე მეტად თქვენზე შთაბეჭდილება იქ ცხოვრებისას?


- ბრატისლავა კლასიკური ევროპული ქალაქია, რომლის მთლიანად მონახულებაც ერთ დღეში შეგიძლიათ. ყველაზე მეტად შთაბეჭდილება აქ ცხოვრებისას ჩემზე მოახდინა იმან, რომ ევროპული ქვეყნის დედაქალაქი არ იყო გადატვირთული და იყო შედარებით წყნარი. ცხადია, თბილისის გადმოსახედიდან გადატვირთულობაზე შეფასების გაკეთება ცოტა არაადეკვატური იქნებოდა, თუმცა ობიექტურადაც, ევროპული დედაქალაქის კვალობაზე საკმაოდ წყნარი და მყუდრო ქალაქია. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, დადებითია, თუმცა უარყოფითიც არის რაღაც მხრივ, რადგან ღამით იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხალხთან ერთად ქალაქსაც ეძინა და ეს ჩემთვის ზოგჯერ არაკომფორტული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამით მაღაზიაში ან კვებით ობიექტში გასვლა დამჭირვებია. თუმცა, ცხადია, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და ესეც დიდ პრობლემას საბოლოოდ არ წარმოადგენდა.


- როგორი არის იქაური ცხოვრება?


-  როგორც უკვე აღვნიშნე, იქაური ცხოვრება საკმაოდ მშვიდი იყო. რაც ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის იყო ძალიან კომფორტული და აღსანიშნავი, არის სუპერმარკეტებში პროდუქტებზე ფასები. 1 კვირის სამყოფ პროდუქტებს 10-15 ევროდ თავისუფლად ვყიდულობდი, ეს კი ქართულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან შედარებით ბევრად უკეთესია.


იქაურ ხალხთან ხშირი შეხება ნამდვილად არ მქონია, რადგან ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში, სადაც სხვა საერთაშორისო სტუდენტები იმყოფებოდნენ და შევიძინე მეგობრები მსოფლიოს ყველა წერტილიდან, რაც ამ გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ჩემთვის.


ასევე, ძალიან მომეწონა იქაური სატრანსპორტო სისტემა, მხოლოდ ავტობუსი და ტრამვაი იყო, თუმცა ეს სრულიად საკმარისია ქალაქში მარტივად გადასაადგილებლად. რაც მთავარია, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისთვის ლოდინის მაქსიმალური დრო დაახლოებით 10 წუთია, ესეც ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თორემ ჩვეულებრივ, სასურველი ნომერი აუცილებლად საშუალოდ 5 წუთში ერთხელ დადიოდა, რაც ძალიან კომფორტული იყო.


ძალიან მოსახერხებელი იყო კონკრეტულად ბრატისლავაში ცხოვრება მოგზაურობის თვალსაზრისითაც, რადგან ეს ქალაქი ფაქტობრივად ევროპის ცენტრშია და აქედან ევროპის ნებისმიერ წერტილში მოგზაურობა უმარტივესად იყო შესაძლებელი. ვენა ბრატისლავიდან 30-40 წუთის სავალზეა, ხოლო ბუდაპეშტი 1.5-2 საათის, ხოლო ამ ორი ქალაქის მთავარი აეროპორტებიდან ევროპის ნებისმიერ წერტილში იყო შესაძლებელი საკმაოდ მისაღებ ფასად მოგზაურობა და შედეგად ძალიან ბევრი ქვეყანა და ქალაქი მოვინახულე, რაც ვფიქრობ, რომ მსგავსი გაცვლითი პროგრამების მთავარი ხიბლი და ნაწილია. მოგზაურობა კი არის უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, რაც, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა სცადოს, რათა ნახოს როგორია სხვა კულტურისა და სხვა ეროვნების ხალხის ცხოვრება და შეხედულებები, რათა ამით უფრო განვითარდეს და უფრო ღიად დაიწყოს აზროვნება. სხვადასხვა პერსპექტივის შეცნობა ყოველთვის ეხმარება ადამიანს განვითარებაში.
 

- ევროპაში დიდი წარმატებებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თქვენ დაბრუნდით საქართველოში და აქტიურად აგრძელებთ განვითარებას.  რა პროექტებზე მუშაობდით საქართველოში დაბრუნების შემდეგ? 


- საქართველოში დაბრუნებისთანავე დავიწყე იურიდიული სამუშაოს ძებნა და ეს მალევე მოვახერხე, ამიტომაც სხვა პროექტზე მუშაობის საშუალება აღარ მქონია. ჯერჯერობით ამ გამოცდილებაზე ვარ ორიენტირებული და მთელ ჩემს დროსა და ყურადღებას მას ვუთმობ, რათა ამ სტაჟირებიდან მაქსიმალურად მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღო და შემდეგ უკვე დავსაქმდე იურიდიული განხრით და ჩემი კარიერული წინსვლის გზა უკეთესად წარვმართო.
 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთ, მიიღო განათლება და სამუშაო გამოცდილება, ბრუნდება  უკან და ამ ცოდნას ახმარს საკუთარ ქვეყანას?  თქვენ რამ გიბიძგათ საქართველოში დაბრუნებულიყავით?


- ჩემი აზრით, საზღვარგარეთ განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების საბოლოო მიზანი ყოველთვის ამის საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება უნდა იყოს. ვფიქრობ, სამშობლოს სიყვარული უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და ადამიანები მუდმივად უნდა ცდილობდნენ საკუთარი წვლილის შეტანას სამშობლოს განვითარებაში. სუბიექტურად თუ შევხედავთ, ეს განსაკუთრებით ისეთი მცირერიცხოვანი ერის შვილებს ეხებათ, როგორიც საქართველოა. ყველაზე მეტად ჩვენნაირ ქვეყნებს სჭირდებათ მისთვის თავდადებული და წარმატებული ადამიანები, რათა ისედაც ძალიან მცირე მოსახლეობით შევინარჩუნოთ იდენტობა და სიცოცხლისუნარიანობა. 


როგორც აღვნიშნე, ჩემი კურსები ძირითადად ევროკავშირის სამართლის გარშემო იყო ორიენტირებული და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სფეროში ვიყო ინფორმირებული, რათა შეძლებისდაგვარად იმ საბოლოო მიზნის მიღწევაში დავეხმარო საქართველოს, რომელიც არის დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება. ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ზუსტად ჰქონდეს გაცნობიერებული, რა ნაბიჯს დგამს საქართველო და რა მიზნისთვის იბრძვის.


საქართველოში დაბრუნებისკენაც სწორედ იმან მიბიძგა, რომ დაგროვებული ცოდნა კიდევ უფრო გავაღრმაო, მივიღო პრაქტიკული გამოცდილებაც და შემდეგ ეს ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ გამოვიყენო. 


ცხადია, ამით ჩემთვის უცხოური განათლების მიღება არ დასრულებულა და კიდევ უფრო დიდი მიზნები მაქვს მომავალში, თუმცა, მაქვს გათვითცნობიერებული, რომ იმ განათლებას, რომელსაც უცხოეთში მივიღებ და, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერა, აუცილებლად გამოვიყენებ საქართველოს სასიკეთოდ.
 

- თემო, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს კარიერულ გზაზე - ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები საზღვარგარეთ წარმატების შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და უზიარებენ სხვას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. 
 

გააზიარე: