1921 წლის თებერვალი - თბილისში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა თვალით (მეშვიდე ნაწილი - გივი ჟორდანია)

ავტორი:

ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თედო ჟორდანიას (1854-1916) შვი­ლიშვილი - გივი გიორგის ძე ჟორდანია (1911-2001) - ისტორიის მეცნიერებათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სიტეტის შუა სა­უკუნეების კათედრის გამგე გახ­ლ­დათ. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წელს იგი ჯერ კიდევ სკო­ლაში სწავლობდა, მან იმხანად მომხდარი მოვლენების შესა­ხებ ფრიად საყუ­რა­დღებო მოგონება შემოგვინახა.

 

პროფესორი გივი ჟორდანია იგონებდა: “მეორე კლასში ვიყავი, როცა საქარ­თვე­ლოს გასაბჭოება მოხდა... თბილისში გამოდიოდა ჟურნალი “ეშმაკის მათრახი”. “ეშმაკი” - ცნობი­ლი სოციალ-დემოკრატის ნესტორ კალანდაძის ფსევდონიმი იყო და ჟურნალის სა­შუალებით ლენინს ამასხარავებდა. ჟურნალი სამასწავლებლოში იდო ხოლმე. გასაბ­ჭოების მერე სამასწავლებლოში პირველად რომ შევედი, ჟურნალი ისევ მაგიდაზე გა­დაშლილი დამხვდა...

 

იმ პერიოდში ხალხს საბრძოლო სულისკვეთება ჰქონდა. არ უნდოდათ თავი­სუფ­ლე­ბის დათმობა, მაგრამ ჟორდანიას მთავრობა გამოდგა უხეირო. შემზარავი შეცდომები იყო დაშ­ვე­ბული... ჩვენ შეგვეძლო ომის მოგება, თუ ეროვნული მთავრობა გვეყოლებოდა. გვყავდა: შესანიშნავი  ჯარისკაცები, რომლებმაც I მსოფლიო ომი გამოიარეს და საბ­რ­ძო­ლო გამოცდილება მიიღეს, 15 ათასამდე ოფიცრობა და კარგი გენერლები.., რომ­ლე­ბიც არ გამოიყენეს. მთავრობა ხალხს არ ენდობოდა, თავადაზნაურობისა კი ეშინოდა. ეს თავა­დ­აზ­ნაურები კი პატრიოტული სულისკვეთებით იყვნენ მომართულნი...

 

მახსოვს, თებერვლის დღეებში მამა თოფს როგორ აიკიდებდა და ღამის პატ­რუ­ლ­ში მიდიოდა, რომ ბოლშევიკებს პროკლამაციები არ გაევრცელებინათ.

 

21 თებერვალს, გასაბჭოებამდე ოთხი დღით ადრე, გავრცელდა ხმა, რომ თბი­ლი­ს­ში XI არმიის ტყვეები უნდა ჩაეტარებინათ. 500-მდე იუნკერმა თბილისის მისად­გო­მე­ბ­თან 6500 ჯარისკაცი აიგდო ტყვედ. ხალხს იმედი მიეცა, რომ გამარჯვება შესაძ­ლე­ბე­ლი იყო. მაშინდელ მთავრობას ის 15000 ოფიცერი რომ გამოეყვანა, XI არმიას მთლია­ნად გაანადგურებდნენ. მაგრამ მათ კავალერიაც კი არ შექმნეს... - “თავადაზნაურობას ცხენებით კუნკული მოუნდა და ამის უფლებას არ მივცემთო”...

 

ძალიან არეული დრო იყო. სახლიდან გარეთ არ მიშვებდნენ, მაგრამ ისე მაინ­ტე­რესებდა ტყვეების ნახვა, რომ გავიპარე. კარგად მახსოვს: დღევანდელ რუსთაველის პროსპექტზე ნოე ჟორდანიამ ეტლით ჩაიარა. ადგილ-ადგილ ჩერდებოდა, ხალხს სიტყ­ვით მიმართავდა, თუმცა ორატორული ნიჭით არ გამოირჩეოდა. ხალხი კარგად ხვდე­ბო­და. პატიოსანი კაცი იყო: ძველი პალტოთი და კალოშებით გაატარა თავმჯდომარეობის პერიოდი, მაგრამ ცუდი იდეები ჰქონდა. კლასთა ბრძოლას ქადაგებდა, ამბობდა: “მუ­შა­თა კლასს სამშობლო არა აქვსო”.

 

პროფესორ გივი ჟორდანიას მოგონებიდან განსაკუთრებით საყურადღებოდ გვეჩ­ვე­ნება რუსეთის საბჭოთა საოკუპაციო არმიის იმ სამხედრო მო­სა­მ­­­­სახურეების გარეგ­ნუ­ლი მდგომარეობის აღწერა, რომლებიც ქართულმა ჯარმა ტყვედ აიყვანა და თბილისის მთავარ პრო­ს­პექტზე ჩაატარა.

 

ზემოხსენებულ მოგონებაში ვკითხულობთ: “პროსპექტზე ტყვეები გა­მო­ა­ტა­­­რეს. ჭუ­ჭყიანები, წვერგაუპარსავები იყვნენ. ზოგს მწერები ეხვია. დახეულ ფეხ­საც­მე­ლ­ში თი­თები უჩანდათ. ჰაერში სიბინძურის სუნი ტრიალებდა. აი, ასეთი იყო XI წითე­ლი არმია.

 

ჯარში მაშინაც იგივე ლოზუნგი მოქმედებდა, რაც სტალინმა სამამულო ომის დროს აამუშავა: “Ни шагу назад!” თუ გაიქცეოდი, უკნიდან გესროდნენ. ამიტომაც იძუ­ლე­ბუ­ლნი იყვნენ, ემსახურათ.

 

დატყვევებული ჯარისკაცები დავრდომილნი, საცოდავები იყვნენ. ამიტომ ხალ­ხ­ში არც სიძულ­ვი­ლისა და არც ზიზღის გრძნობა არ გამოუწვევიათ. მხოლოდ _ სიბრა­ლუ­ლი. ცხვრებივით მიერეკებოდნენ სიონის ეკლესიისაკენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საცხოვრებელთან ახლოს, მოედანზე განათავსეს. როდესაც მაშინდელი კა­თო­ლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძე სახლიდან გამოვიდა და სიონისაკენ გაე­მა­რ­თა, რათა წირვა-ლოცვა აღევლინა ქვეყნისა და ჯარისათვის, ეგრეთწოდებულმა ბო­ლ­შე­ვიკმა ტყვეებმა მუხლებზე დაიჩოქეს: “Владыка, благослави...” ლეონიდმაც პირჯვარი გა­დასწერა.

 

აი, ასეთი “ბოლშევიკური” სულისკვეთებით იყო გამსჭვალული XI არმია, რომე­ლიც პიატიგორსკში დაიბადა და ათარბეგოვი მეთაურობდა. ათარბეგოვმა თავის დროზე თბილისში სიონის ზარი ჩამოაგდო და ხაზინაში წაიღო. ზარი დამზადებული იყო ოქ­როს, პლატინისა და ვერცხლისაგან. რომ ჩამოკრავდნენ, მთელ თბილისს ესმოდა”.

 

აქვე განვმარტავთ, რომ იმხანად გიორგი ათარბეგოვად (1892-1925) სახელდებული საბ­ჭო­ური საგან­გე­ბო კომისიის ანუ იმავე იმავე “ჩეკას” (ЧК) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ადრე - გეურქ ათარბეგიანად იწოდებოდა. 1925 წლის 22 მარტს, თბილისთან მომხდარი ავიაკატასტროფისას ჩამოვარდნილ თვითმფრინავში ათარბეგოვთან ერთად დაიღუპნენ მი­­­სი თანამოაზრენი, ბოლშევიკი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწენი - ალექსანდრე მია­სნიკო­ვი/მი­ა­ს­­ნიკიანი (1886-1925) და სოლომონ მოგილევსკი (1885-1925), რომლებსაც მრა­­ვალი დანაშაული მიუძღვოდათ.

 

აღსანიშნავია, რომ 1966 წელს, როდესაც პროფესორმა გივი ჟორდანიამ მონაწი­ლე­ობა მიიღო პა­რიზში გამართულ საფრანგეთ-რუსეთის ურთიერთობის სამეცნიერო კო­­ლოქვიუმში, მას შესაძლებლობა მიეცა, რომ იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც მო­ენახუ­ლე­ბინა. სხვა ემიგრანტებთან ერთად, იგი შეხვდა გენერალ გიორგი კვი­ნიტა­ძე­საც (1874-1970), რომელიც იმხანად უკვე ღრმად მოხუცებული გახლდათ.

 

მოგონებაში ვკითხულობთ: “ქართული სათვისტომოს უფროსი იყო მწერლის ივა­ნე ზურაბიშვილის შვილი - ლევანი, რომელმაც ერთ-ერთი საუბრის დროს მოუ­ლოდ­ნე­ლად მკითხა, გენერლის ნახვას ხომ არ ინებებდითო? ეროვნული არმიის უკანასკნელი მთა­­ვარსარდალი, გენერალი კვინიტაძე იგულისხმა. სიამოვნებით დავთანხმდი.

 

კვინტაძე ქალაქგარეთ, შატუში ცხოვრობდა... ორ­სარ­თუ­ლიანი საკუთარი სახლი ჰქონდა... 92 წლის მოხუცი იყო, მაგრამ მის წარმო­სა­დე­გო­ბას არაფერი დაჰკლებოდა. განუწყვეტლივ თუთუნს  ეწეოდა. საკუთარი ხელით გა­მო­თ­ლი­ლი ხის მუნდშტუკი ჰქო­ნდა. როდესაც ჩემი გვარი გაიგო, სახე აემრიზა... როდესაც შე­იტყო, რომ ნოე ჟორ­დანიასთან ნათესაური კავშირი არ მქონდა და თედო ჟორდანიას შვილიშვილი ვიყავი, საოცარი სითბოთი განეწყო ჩემს მიმართ... შეკითხვა დამისვა:

 

- ყმაწვილო, ომი როდის წავაგეთ?

 

ვუპასუხე: - 1921 წლის თებერვალ-მარტში-მეთქი.

 

არ დამეთანხმა. - 1920 წლის აპრილში (აზერბაიჯანში წითელი არმია იმ დროს შევიდა) წავაგეთო.

 

საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთდახმარების ხელშეკრულება ჰქონდა და­დებული. ამიტომ, როცა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანის ოკუპირება მოახდინეს, საქართვე­ლო მოვალე იყო დახმარება გაეწია მეზობელი ქვეყნისათვის, მაგრამ ასე არ მოიქცა. ბა­­ტონ გიორგისთან საუბარში გაირკვა, რომ ის ამ ხელშეკრულების პირობის შესას­რუ­ლებლად 40 ათასი ჯარისკაცითა და ოფიცრებით აზერბაიჯანისაკენ წასულა, მაგრამ გზაში დეპეშა დაეწია. ნოე ჟორდანია ჯარის უკან დაბრუნებას მოითხოვდა. 1920 წლის 2 დეკემბერს ბოლშევიკებმა სომხეთიც დაიპყრეს. სომხეთს საქართველოც მიჰყვა...

 

საუბარმა ორ საათს გასტანა. გენერალი ვეღარ გვთმობდა... კვინიტაძემ ალაყაფის კა­რებამდე გამოგვაცილა. საფეთქელთან თითი დაატრიალა და გვკითხა:

 

- სოციალისტებს ხომ არ აკლიათ?”

 

 

მეშვიდე ნაწილი - სოფიო ჩიჯავაძე-კედიასი

გააზიარე: