საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლისა და ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის კურსდამთავრებულს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაერთმა დასავლელმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკელმა სენატორებმა გამოთქვეს კრიტიკული შენიშვნები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ ხელმეორედ დაარეგისტრირა პარლამენტში ეს კანონპროექტი, ხოლო შემდეგ ორი მოსმენით მიიღო.
ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „რუსული კანონი“ არაა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ „საქართველოს კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა“.
ხელისუფლება კვლავაც იმეორებს, რომ მათ, ვინც ამბობს, რომ „კანონპროექტი რუსულია“, კანონპროექტი წაკითხულიც არ აქვს. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ არა მარტო წაკითხული გაქვთ კანონპროექტი, შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს კვალიფიციურად აუხსნათ „ჩვენი“ კანონპროექტი რატომაა ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამო.
თქვენი აზრით, რატომაა კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამო?
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების სფერო და მიზანი ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა. კანონპროექტი ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციათა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს და მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად მიჩნევისათვის შემდეგი კრიტერიუმით შემოიფარგლება: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციების კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროს უცხოური ძალა უნდა წარმოადგენდეს.
ამ კანონის მიღება პრაქტიკაში ნიშნავს განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების მქონე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და მიუხედავად მათი საქმიანობისა, აგენტებად გამოცხადებას. ეს გამოიწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არსებითად დააზიანებს.
დაყოფის, დაქსაქსულობის, ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის შემთხვევებში ქვეყანა ვერ შეძლებს ევროპულ დემოკრატიულ სისტემად, საბოლოოდ, ფორმირებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გამოყენებას.
მეტიც, კანონპროექტის ერთ-ერთი სახიფათო მუხლია მე-8 მუხლი, რომელიც, 6 თვეში ერთხელ, სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას მკაფიოდ განსაზღვრული ფარგლების გარეშე ჩაერიოს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ყოველდღიურ საქმიანობაში.
სახელდობრ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი. მისი დაწყების საფუძველია: 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება, 2) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
კანონპროექტი არ აზუსტებს ე.წ. მონიტორინგის კონკრეტულ საფუძვლებს და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტოს, რა შემთხვევებში განახორციელებს შემოწმებას. ასევე, აღნიშნული პროცესი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე.
შემოწმებისას კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ორგანიზაციის თანამშრომელთა პერსონალური მონაცემებიც მოიძიოს, რაც არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ევროპულ სტანდარტებს, რადგან მათი დამუშავება კანონით ზუსტად განსაზღვრულ ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
ე.წ. მონიტორინგის აღნიშნული სისტემა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს შეუზღუდავს თავისუფლებას და არ მისცემს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, რაც პლურალისტურ გარემოს ხელყოფს.
ევროინტეგრაციის პროცესი მოითხოვს არა ისეთი ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც დააზიანებენ სამოქალაქო გარემოს, არამედ ხელს შეუწყობენ ახალი შესაძლებლობების შექმნას.
სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესი ურთიერთშეკავებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმების განვითარებას გულისხმობს, რომლის მიღწევა თავისუფალი საზოგადოების, მედიის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაცაა, რომ ეს კანონპროექტი არ არის თანხვედრაში დასავლურ ანუ ევროპულ ღირებულებებთან, სადაც თავისუფლება საყრდენია დემოკრატიის, განვითარებისა და მრავალი შესაძლებლობის.
ისტორია გვასწავლის, რომ ე.წ. აგენტის სტიგმის შემოღება გახდა ოფიციალური საფუძველი ჩვენი წინაპრების, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული მოაზროვნეების თავისუფალი აზრის ხელყოფისა და ფიზიკური განადგურებისა.
თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების შემაფერხებელ მიდგომებს შეუძლებელია რამე საერთო ჰქონდეთ ევროკავშირთან, რომელიც ღირებულებებზე, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაფუძნებული გაერთიანებაა.
ამიტომაც, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ძალიან მკაფიოდ გვითხრა, ასეთი აქტები არ არის მიღებული და არ იქნება მიღებული მომავალში ევროკავშირში.
- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში არანაირი ცვლილებები არ მოხდება. მეტიც, აცხადებს, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
იმ შემთხვევაში თუ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველომ მიიღო, რა შედეგები მოჰყვება მას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილების თვალსაზრისით?
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება, რადგან მისი შეუთავსებლობა ევროპულ ღირებულებებთან შეაჩერებს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მიღწევის პროცესს და შეუძლებელს გახდის ინტეგრაციის ახალ ეტაპებზე გადასვლას.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა კი ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ხელყოფას. აღნიშნული მუხლის თანახმად, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“
ამასთან, ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, ნატოდან, ევროსაბჭოდან მოგვიწოდეს არ მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და შესაბამისად, საქართველოს დასავლურ ტრაექტორიას რისკის ქვეშ დააყენებს.
მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსული ოკუპაციის, ანექსიის პირობებში საქართველო მთელი რიგი საფრთხეების, გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად საჭიროა პარტნიორებთან არა მხოლოდ თანამშრომლობის შენარჩუნება, არამედ გაღრმავება, განმტკიცება.
დღეს მთელი ჩვენი ძალისხმევა ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებაზე და იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებენ ჩვენს ცივილიზაციურ და ისტორიულ არჩევანთან, ვგულისხმობ გეოპოლიტიკური შესაძლებლობის სათანადო გამოყენებას და გაწევრიანების თაობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში დიდი საფრთხის ქვეშ დავაყენებთ წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისათვის გაღებულ ძალისხმევას, რომელშიც ჩართულები იყვნენ ახალგაზრდები, მოხელეები, დიპლომატები, სამოქალაქო და აკადემიური წრეები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბიზნეს სექტორი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
ამასთან, განსაკუთრებულ პატივისცემასა და მხარდაჭერას იმსახურებენ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებმაც არაერთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით, სიმამაცით, გმირობით აჩვენეს საქართველოს როლი, მნიშვნელობა ერთიანი ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
- უკვე ვიცით, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყანას პოლიტიკურის გარდა, ბევრი ეკონომიკური პრობლემები შეექმნება.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების შემთხვევაში, მის მიღებას რა გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე?
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დასავლური ინვესტიციების შემცირებას ან, უარეს შემთხვევაში, შეჩერებას.
ასევე, ეს პროცესი უარყოფითად აისახება იმ პროგრამების დაფინანსებაზე, რომელთა მიზანია ახალგაზრდებისათვის, მკვლევრებისათვის, ფერმერებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, დევნილებისათვის, ჯანდაცვის, კულტურის სფეროს წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა მიმართულებით დახმარების აღმოჩენა.
საყურადღებოა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, როლანდ პრაისის განცხადება, რომლის თანახმად მსოფლიო ბანკს მოუწევს შეაფასოს, რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ კანონს იმ სამუშაოზე, რომელსაც საქართველოში ახორციელებს.
ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ბანკი, ძირითადად, ორიენტირებულია ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის დაძლევისა და კეთილდღეობის შექმნის პროგრამებზე.
რეგიონული დაკავშირებადებისა და მასშტაბური პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებელია, რაც ქმნის სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისათვის, მდგრადობისათვის შესაბამის შესაძლებლობებს.
- აშშ-ს ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიიწვია შეერთებულ შტატებში მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად.
თუმცა, უკვე ვიცით, რომ ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა. იმ მიზეზით, როგორც ჩვენმა საგარეო უწყებამ განმარტა, მოწვევა გაკეთებული იყო „იმ დათქმით,“ რომ საქართველოს პარლამენტს უნდა შეეჩერებინა პრობლემური კანონის მიღება.
არადა, ოფიციალურმა თბილისმა ვაშინგტონში ვიზიტზე უარი იმ ვითარებაში თქვა, როცა იგი მნიშვნელოვანი შესაძლოა ყოფილიყო, რადგან მალე ვაშინგტონში ნატო-ს სამიტი უნდა გაიმართოს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონის ნატო-ს სამიტის წინ საქართველოს უარს აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე?
- ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. მეტიც, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ ვართ არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ მოკავშირეები. შესაბამისად, აუცილებელი იყო მაღალ დონეზე მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ხელს შეუწყობდნენ.
მით უფრო, რომ სწორედ ვაშინგტონში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფუძნებიდან 75 წლის პერიოდს ეძღვნება. აღნიშნული მოწვევის მიღება შექმნიდა პოზიტიურ საფუძველს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილებებისათვის.
- კანონპროექტის მიღების პროცესის დაწყების კვალდაკვალ საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი არასასიამოვნო განცხადება მოვისმინეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან.
მაგრამ, არასასიამოვნო განცდის თვალსაზრისით ყველაზე დამაფიქრებელი იყო აშშ-ს 14 სენატორის წერილი პრემიერ ირაკლი კობახიძისადმი. წერილი რომ დიპლომატიურობით არ გამოირჩეოდა, ბევრი თანხმდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ წერილს? მასზე ხელისუფლების რეაქცია სავარაუდოდ, როგორი იყო?
- ამერიკელი სენატორების ორპარტიული წერილი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას დააზიანებენ. მით უფრო, რომ არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობა ამ ურთიერთობების მეტად განმტკიცებას გვკარნახობს. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველა საკვანძო მიმართულებით რეფორმების განხორციელების გასაგრძელებლად.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერის პროცესში.
- ვხედავთ, რომ კანონის მიღება-არმიღების თემამ საშინაო პოლიტიკაში სერიოზული დისონანსი შეიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა აღმოჩნდა ის საკითხი, რომელიც ხელისუფლებისთვის პრობლემად იქცა.
ვხედავთ, რომ ამ თემის გამო დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაუნდობელი პროპაგანდისტული ომი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება სულ უფრო მძიმდება, ხელისუფლების განცხადებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კრიზისად ჩამოყალიბებული რეალობის განმუხტვას მმართველი გუნდი ან გეგმავს, ან აპირებს.
როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს კრიზისის დაძლევის გზა?
- ვითარების განმუხტვისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების დევნა დასრულდეს და ყველა ძალადობაზე მოხდეს სათანადო რეაგირება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების პროცესი შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ისეთ რეალობაში აღმოვჩნდეთ, რომელიც კომპრომისის შესაძლებლობას გამორიცხავს.
ჯერ კიდევ შეიძლება პროცესები კანონპროექტის ხელახლა ინიციირებამდე მდგომარეობას დაუბრუნდეს. კერძოდ, მესამე მოსმენით კენჭისყრისას კანონპროექტმა საჭირო ხმათა რაოდენობა არ უნდა მიიღოს, ამ შემთხვევაში ის ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მიუღებლობის შესახებ.
თუ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს, პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა. მას უფლება აქვს კანონი მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნოს. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, სამწუხაროდ, საკმარისია პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა ანუ 76 ხმა.
მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, ამ შემთხვევაში ხმათა უფრო მეტი რაოდენობა რომ იყოს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული, ეს ძალთა ბალანსის უზრუნველყოფისათვის სამართლებრივი გზა და გამოსავალი იქნებოდა.
ვეტოს დაძლევისა და აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენა შესაძლებელია, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამოა.
ცხადია, ეს პროცესი, პოლიტიკური თვალსაზრისით, მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს და დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე.
ამდენად, ყველა უნდა დაფიქრდეს თავის წილ პასუხისმგებლობაზე სახელმწიფოს, მისი სამშობლოს წინაშე. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ, არ გვაქვს უფლება მივიღოთ ის, რაც გვყოფს, გვხლეჩს და გვაპირისპირებს. ეს შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისათვის და თავისუფლებისათვის, რაც დიდი რისკის ქვეშ დააყენებს არათუ საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ მის სახელმწიფოებრიობას.
გლობალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი შვილების მომავალი დავიცვათ სწორედ კომპრომისული, გონივრული გადაწყვეტილებებით.
დაბოლოს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, რომლის თანახმად: “მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება”.