საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი
kburkadze@geocase.geხათუნა ბურკაძე "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში მრჩეველია. იგი ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკის კომპლექსურ საკითხებზე, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციების გამოწვევებზე.
პროფესორ ხათუნა ბურკაძეს აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ხათუნა ბურკაძე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.
ასევე, პროფესორმა ბურკაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
ხათუნა ბურკაძემ ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა. ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იგი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი. პროფესორმა ბურკაძემ წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ხათუნა ბურკაძის სამეცნიერო ნაშრომები “ფლეტჩერ ფორუმშიცაა“ გამოქვეყნებული და ციტირებულია “ჰარვარდის ეროვნული უსაფრთხოების” ჟურნალში. მისი განმარტებები დიპლომატიის ორი ახალი სახის: ციფრული და კიბერ დიპლომატიის შესახებ „ფლეტჩერ ფორუმმა“ 21-ე საუკუნის დიპლომატიის რუბრიკაში შეიტანა.
ხათუნა ბურკაძე 2017-2018 წლებში იყო სამართლისა და საერთაშორისო განვითარების საზოგადოების წევრი ჰარვარდის სამართლის სკოლაში. ასევე, იგი გახლდათ 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.
ხათუნა ბურკაძეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯილდო გადასცა. ასევე, ის 2024 წლის მეცნიერი გახდა ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის დარგში.
პროფესორი ბურკაძე კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: საერთაშორისო საჯარო სამართალი; ამერიკის საგარეო პოლიტიკა; უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები; ძალის გამოყენების სამართლებრივი ასპექტები საერთაშორისო სამართალში; კიბერსამართალი; ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფო მართვაში.