თანამედროვე ეკონომიკური უსაფრთხოების ზოგიერთ თავისებურებაზე

ავტორი:

უჩვეულო შესავალი...


ცნობილი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის კალამს ეკუთვნის 1886 წლის მოკლე მოთხრობა „რამდენი მიწა სჭირდება ადამიანს?“, რომლის მთავარი გმირი, ღარიბი გლეხი, მიწის მესაკუთრეობაზე ოცნებობს. ამ ოცნების საპასუხოდ ბედი მას გამოცდას მოუწყობს. იგი მიწის ნაკვეთს ნასესხები თანხით იყიდის და მოგვიანებით სარფიანად გაყიდის. მოგებული ფულით მიწის სხვა ნაკვეთებს შეიძენს, მაგრამ არც ეს აღმოჩნდება მისთვის საკმარისი და მზერას სამეზობლო თემის მიწას მიაპყრობს. იქ კი ასეთ პირობას წაუყენებენ: მცირე თანხის სანაცვლოდ საკუთრებაში იმდენ მიწას გადასცემენ, რამდენსაც დღის განმავლობაში ფეხით ისე მოივლის, რომ მზის ჩასვლამდე უკან დაბრუნებაც მოასწროს... ისიც დათანხმდება და გზას გაუდგება. თუმცა, რაც უფრო შორს მიდის და, შესაბამისად, მეტ მიწას იბევებს თავისად, მაინც არ ყოფნის. ამასობაში, მზე დასავლეთისკენ გადაიხრება და ფერმერსაც დაღლა მოეძალება. უკან მისაბრუნებლად ფეხს აუჩქარებს, მაგრამ დაღლა თავისას შვრება. მოთხრობის გმირი ოფლში იწურება, გულისცემაც უფრო და უფრო მატულობს. მართალია, მზის ჩასვლამდე მეზობელ თემს მაინც ჩააღწევს და მის დანახვაზე თემის უფროსიც შესძახებს, რამოდენა მიწა მოიპოვაო, მაგრამ ამ სიტყვებს აზრი ეკარგება, რადგან მოთხრობის გმირი დაეცემა და სულს დალევს. მეზობელ თემს ისღა დარჩენია, რომ გლეხს მცირე ზომის საფლავი გაუთხაროს. სულ ესა ის მიწა, - ასკვნის მოთხრობის ავტორი, - რამდენიც ადამიანს სჭირდება.


მოთხრობის ზოგადი მორალი ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, ნაკლებად აქტუალურია. გაცილებით უფრო საინტერესოა, რომ ეს მცირე ზომის ნაწარმოები ეკონომიკურ ჭრილში გავაანალიზოთ, კერძოდ კი, „ქცევის ეკონომიკის“ (behavioral economics) პრიზმაში დავინახოთ. შესაბამისად, მოთხრობის გმირის, ერთი შეხედვით, სრულიად გასაგები ეკონომიკური მოტივი ეკონომიკური შინაარსის გადაწყვეტილებების მიღებისას მორალისტურ, მათ შორის, საკმარისობის, გონივრული გადანაწილებისა და საჭირო ბალანსის მოსაზრებებს დავუკავშიროთ. ეკონომიკურ აზროვნებაში ამ და სხვა შეზღუდვების არსებობა-არარსებობამ, ისე როგორც მათმა ხარისხმა, სხვადასხვა სკოლების ინსტიტუციონალიზაციას დაუდო საფუძველი. ამ სკოლებს შორის გაუთავებელმა ჭიდილმა კი ეკონომიკურ საზოგადოებას არაერთი გამორჩეული ეკონომისტის ნააზრევი დაუტოვა, იქნება ეს მეინარდ ქეინზი, მილტონ ფრიდმანი თუ სხვა.


მთავარი სათქმელის შესავლად სწორედ რომ ამ მოთხრობის დამოწმება ვარჩიეთ.   


გლობალური ეკონომიკის ცალკეული ტენდენციების შესახებ


ამ თავის დასაწყისშივე ასეთ დახასიათებას შევთავაზებდით მკითხველს: ის, რაც დღეს გლობალური ეკონომიკის სისტემაში ხდება, არის არა წინდახედულ განსჯასა და თანამშრომლობაზე ორიენტირების, არამედ უხეში ძალითა და მატერიალური შეზღუდვებით ნაკარნახევი ეკონომიკური ზემოქმედების „პოლიტიკის“ შედეგი. სხვადასხვა წყაროებში ამ პოლიტიკას „მე-4 ვერსის გლობალიზაცია“, „ახალი ბრეტონ-ვუდსის სისტემა“ და სხვა ეგზოტიკური სახელები ეწოდება. თუმცა, ჩვენი აზრით, დღევანდელ ურთიერთობებს სისტემურობასთან და, მით უფრო, გლობალიზაციასთან, საერთო ნაკლებად აქვს. მეტიც: როგორც ახლო წარსულში გვითქვამს, დღეს ერთგვარი პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის პირობებშიც კი ვიმყოფებით. 


ობიექტურობის მოთხოვნა აუცილებელს ხდის მიმდინარე წლისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზომიერი ოპტიმიზმი აღვნიშნოთ. ეს სტატია ცალკეული ციფრობრივი პარამეტრებით რომ არ ავაჭრელოთ, დასკვნის სახით ვიტყვით: ფონდი მიუთითებს, რომ გლობალური ეკონომიკა „გამორჩეულად მედეგია“ და რომ კრიზისების მთელი წყების (პანდემია, სარეკორდო ინფლაცია, უჩვეულოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ხანგრძლივი კონფლიქტები და სხვ.) მიუხედავად, მისი „რბილი დაშვების“ რეჟიმში გადაყვანა მაინც მოხერხდა. იქვე საუბარია რიგი სისტემაშემქმნელი ეროვნული ეკონომიკური სისტემების (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ა.შ.) იმედისმომცემ ფუნქციონირებაზე. თუმცა მოკლევადიანი ეკონომიკური „აისის“ მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში ეკონომიკური პროცესების ახლო ჰორიზონტზე მათი „დაისის“ ნიშნებიც იკვეთება, რაც მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებსა და წამყვან ქვეყნებს შორის გამძაფრებულ (ზოგან კი, „წესების გარეშე“) ინდუსტრიულ პოლიტიკაში კონკურენციასა და სავაჭრო ურთიერთობებში ხელის გადაგრეხას უკავშირდება. 


და მაინც, თუ ზოგად სურათზე ვსაუბრობთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ გლობალური მასშტაბით საქმიან ურთიერთობათა ლიბერალიზაციამ სასურველი შედეგი - ვაჭრობასა და ბიზნესში ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე ურთიერთობათა იმგვარი წესწყობილების დამყარება, რომელიც სისტემური კონფლიქტებისა თუ ომების პრევენციას მოახდენდა - ვერ განაპირობა. მთელ მსოფლიოში ზემოხსენებული ეკონომიკური ომის თანმდევ სიმპტომებად უნდა მივიჩნიოთ ასევე: 


(ა) მხოლოდ კორპორაციული კაპიტალის ინტერესებზე, ე.წ. კაპიტალისტურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ეკონომიკის კრიზისი; 

(ბ) გლობალური ეკონომიკური ინსტიტუტების უუნარობა, ჯეროვნად მართონ მიმდინარე პროცესები, და 

(გ) ხელახლა აღზევებული ეკონომიკური ნაციონალიზმი. 

დასახელებულთაგან სამივე ფაქტორმა ერთად უკიდურესად გაართულა მსოფლიო ეკონომიკებს შორის სინქრონიზება და მათ მიერ არსებული წინააღმდეგობების ეფექტიანად დასაძლევად საჭირო დროისა და რესურსის მიძღვნა.


ყველა სხვა შესაძლო უარყოფით მოვლენასთან ერთად, გონივრულობისა და თანამშრომლობისაგან დაცლილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, გლობალურად მისმა უმართაობამ, ისე როგორც საკუთარ თავში გამოკეტვამ, მორიგი მეტად სახიფათო სინდრომი გააღვივა - ე.წ. „მტერი შიგნიდან“. ობიექტური მიზეზების ძიებისა და მოკვლევის ნაცვლად, ეკონომიკური მმართველობის მანკიერებებით განპირობებული უთანაბრობისა და სოციალური დისბალანსის წყაროდ დასახელდა როგორც შიდა, ისე გარე წარმომავლობის „ობსტრუქცია და დივერსია“. ასეთი მიდგომა პოლიტიკურადაც უფრო „უსაფრთხოდ“ და „მისაღებად“ იქნა მიჩნეული, ვიდრე საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასება და საკუთარ პოლიტიკურ ხელწერაშივე რეალური მიზეზების პოვნა.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გლობალურად განახლებული ეკონომიკური წესწყობილებისაკენ მოწოდება, განსაკუთრებით 2008 წელს გამოწვეული დისფუნქციის შემდეგ, წუთითაც არ შემწყდარა. თუმცა ამ მოწოდებათა რეალიზებას, როგორც წესი, ორი რამ აკლდა: ქმედითი იდეები და გაბედული ლიდერები. ამ ორის არარსებობის გათვალისწინებით, რიგი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესში პოპულიზმისა და რადიკალიზმის დამკვიდრებამ, გეოპოლიტიკისა და ეკონომიკის მჭიდრო კონვერგენციამ, უკრაინაში რუსული აგრესიის განახლების შედეგად სიღრმისეული პრობლემების გამომზეურებამ, ცენტრალურ საკითხებად შემდეგი შეკითხვები აქცია: რამდენად მზად არის მხოლოდ კაპიტალსა და კორპორატივიზმზე დაფუძნებული ეკონომიკა ახალი გამოწვევებისათვის? აქვს თუ არა მას დროულად გადაწყობისათვის საკმარისი ნება და სურვილი? ხოლო პირველ ორ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხების შემთხვევაში: როგორ და რა გზით უნდა განვაგრძოთ ჩვენ ყველამ განვითარება და თანაარსებობა შექმნილი ეკონომიკურ-სოციალური უწესრიგობის პირობებში?   

         
ეკონომიკური აზროვნების „დავოსიზაცია“?


თანამედროვე პირობებში ზოგადად პოლიტიკის - მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკის - ერთ-ერთ ხარვეზიან ნიშან-თვისებად მისი რეალობისგან მოწყვეტა, „გამრუდებულ სარკეში“ ცქერით კეთება იქცა. შესატყვისი შედეგიც აქვეა, ჩვენს თვალწინ, ჩვენსავე ყოველდღიურობაში. 

როგორც აღვნიშნეთ, ამგვარ გამრუდებულ მიდგომას ვერც გლობალური ეკონომიკა გადაურჩა. ამ პრობლემას, პირობითად, „დავოსის სენი“ შეიძლება ეწოდოს - ანუ ისეთი ვითარება, როდესაც გარკვეულ წარმომადგენლობით ფორუმზე (ვთქვათ, დავოსში) გლობალური გამოწვევების დაძლევაზე სასაუბროდ ისეთი ხალხი იკრიბება, რომელმაც, მეტწილად, ამავე გამოწვევების შექმნაში პირადი წვლილი შეიტანა. სწორედ ამავე ხარვეზიანი მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა კორპორაციულ სამყაროსა და ინკლუზიური განვითარების დღის წესრიგს შორის საგრძნობი დაშორიშორება. ამგვარი ნაპრალი კი, თავის მხრივ, სოციალური რყევების ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რაც, საბოლოოდ, უსაფრთხოების საწყისებს, მათ შორის, სოციალურ ერთობასა და შეკრულობას აზარალებს. 

ცხადია, რომ თანამედროვე ვერსიის „დავოსიზაციას“ თავისი ახსნაც მოეძებნება, რაც წლების განმავლობაში გლობალურ ეკონომიკაში ე.წ. ვაშინგტონის კონსენსუსის შთამბეჭდავ ეკონომიკურ ეფექტს უკავშირდება. თუმცა გარკვეულ დროს აქაც დაიკარგა პროცესის მართვის სადავეები, გაიფანტა სწორი ფოკუსი და კრიტიკული შეფასების უნარი დაქვეითდა. შედეგად, მივიღეთ ყველა კატეგორიის ეკონომიკისათვის - განვითარებული გნებავთ თუ განვითარებადი - ერთიანი და უნივერსალური სტანდარტი, რომელიც არსიც საზოგადოებრივ-სოციალური ერთობისა და მედეგობის ხარჯზე მოგებაზე ჭარბად ორიენტირება იყო. მოგვიანებით ეს სტანდარტი გლობალური თუ ეროვნული უსაფრთხოებისათვის ისეთ უკიდურესად სახიფათო ფორმებში გარდაისახა, როგორებიც არის პოპულიზმი, რადიკალიზმი და ექსტრემიზმი.  

ამდენად, სემუელ ჰანტინგტონის მიერ „დავოსის კაცებად“ წოდებული მორიგი, 2004 წლის შეკრების შემდეგ, ეკონომიკური და ამასთანავე ეროვნულ უსაფრთხოებასთან გათანაბრებული საჭირბოროტო საკითხი კვლავ სახელმწიფოს როლსა და საბაზრო დერეგულაციას შორის სწორი ბალანსის პოვნაა. ამ შეკითხვაზე გამართული პასუხი ალბათ იმ იაფფასიანი პოპულიზმისა და უპასუხისმგებლო ნაციონალიზმის მოთოკვის  ერთ-ერთი საწინდარ იქნება, რომელიც გლობალური სისტემის წონასწორობას ომებზე მეტ საფრთხეს უქმნის, ხოლო ე.წ. „ოთხ თავისუფლებაზე“ (საქონლის გადაადგილების, პირთა გადაადგილების, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება) დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების მდგრადობის ნაცვლად, უფრო ღრმა ფრაგმენტაციას და რღვევას განაპირობებს.
 

ამავდროულად...


...პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომი გეოგრაფიული ცენტრების დაპირისპირებათა ახალ ფაზაში შედის. ამ დაპირისპირების შედეგი დიდწილად დამოკიდებული იქნება: 


(ა) ფინანსური ნაკადების კონტროლზე; 


(ბ) თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომაზე;  


(გ) გადამცემი კაბელების მეშვეობით საინფორმაციო  მონაცემთა (მათ შორის, პირადი ინფორმაციის ჩათვლით) ტრაფიკის გაკონტროლებაზე; ისე როგორც - 


(დ) ინტელექტუალური საკუთრების სფეროში დაწინაურებაზე.


სამხედრო კონფლიქტის სახეცვლილება ვახსენეთ და, თანაბარი ხარისხით, დღეს უკვე შეგვიძლია ეკონომიკური მეტოქეობის ახლებურ ბუნებაზეც ვისაუბროთ. ეს ისეთი მოცემულობაა, როდესაც, ვთქვათ, ვალუტა აღარ არის მხოლოდ ანგარიშსწორების საშუალება, ენერგეტიკა მხოლოდ ინდუსტრიულ განვითარებას არ ემსახურება, ხოლო სურსათის მიწოდება მხოლოდ სასაქონლო-სავაჭრო ოპერაციების ნიშან-თვისებებით არ ხასიათდება - ერთიც, მეორეც და მესამეც (ეკონომიკური ზემოქმედების დანარჩენ ინსტრუმენტებთან ერთად) გლობალურ ურთიერთობებში დომინაციის, სივრცობრივი გავლენების, საკუთარი გეოპოლიტიკური ნების თავსმოხვევის ამოცანებს შეეწყობა.


პრაქტიკულ სიბრტყეზე თუ განვიხილავთ, დღესდღეობით გლობალური მეტოქეობის გამყოფი ხაზი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გადის. შეფარდებითი უპირატესობა ამ ეტაპზე აშშ-ს მხარესაა, რაც, მოკლედ თუ ვიტყვით, რამდენიმე გარემოებით აიხსნება. მათ შორის ერთია აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის სტატუსი. ამასთან ერთად, დოლარში ანგარიშსწორება ამავე ვალუტაში საბანკო დეპოზიტების გამოყენებით ხდება, რაც, რეალურად, იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ბანკს აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე წვდომა უნდა ჰქონდეს. შედეგად, ამავე სისტემასთან უპრობლემო ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან ნორმალური საქმიანი ურთიერთობის წინაპირობაა. ამავე თემას უკავშირდება ისიც, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტიდან მოყოლებული, ცნობილი SWIFT-ის სისტემა მონაცემებს აშშ-ს ხელისუფლებას უზიარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაკვირი როდია ის ვნებათაღელვა, რომელსაც აშშ-ს დოლარის ალტერნატივად სხვა ვალუტის დაწინაურება იწვევს.


ასევე მეტად საინტერესო ვითარებაა მონაცემთა გადამცემი კაბელების ირგვლივ. კერძოდ, მაშინ როდესაც ესა თუ ის კაბელი აშშ-ს ტერიტორიას კვეთს, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით ხდება ინფორმაციის გადამცემი ნაკადის „გაორება“: ერთი ნაკადი ინფორმაციის საბოლოო მიმღებამდე აგრძელებს მოძრაობას, ხოლო მეორე აშშ-ს შესაბამის უწყებებს აღწევს. ეს და მომიჯნავე თემები (მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით პერსონალურ მონაცემთა გადაცემაზე შიდა კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვები) თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში აღმოცენებული ახალი ტიპის პრობლემატიკას - ციფრულ სუვერენიტეტს - უკავშირდება. აქვე უნდა აღინიშნოს მსოფლიო პროცესებში საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი ძლიერი კატეგორიის - „კვაზი-სუვერენიტეტით“ მოსარგებლე ტექნოლოგიური კომპანიების როლი.


ჯერჯერობით აშშ-ს უპირატესობა ინტელექტუალური საკუთრების ასპარეზზეც აქვს, რაც, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებზე - ნახევარგამტარებზეც - ვრცელდება. 


ამ და სხვა მოსაზრებებით განიმარტება დოლარის ალტერნატივად სხვა საანგარიშსწორებო ვალუტის წამოწევის ძალისხმევა, სკანდალი ჩინური „ჰუავეის“ ირგვლივ, სამრეწველო ჯაშუშობის „ნორმად“ გადაქცევა და სხვ.


ამიტომაც, დღეს, ისე როგორც არასდროს, „ეკონომიკური უსაფრთხოება“ და „ეკონომიკურად უსაფრთხო ქვეყანა“ თანაბარი მნიშვნელობისა და აქტუალობის მქონე კატეგორიებია, განურჩევლად ქვეყნისა და მისი ეკონომიკური სისტემის მასშტაბისა და მახასიათებლებისა.  


„დემოკრატიული ეკონომიკა“ - უსაფრთხოების ახალი კატეგორია


ერთი შეხედვით, „დემოკრატიული ეკონომიკა“ ალბათ უცნაურადაც ჟღერს. თუმცა ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთდამაკავშირებელი ფაქტორის გარდა, ჯანსაღი, სამართლიანი და თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების გარეშე პოლიტიკური სტაბილურობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა პრაქტიკულად აღუსრულებელი ამოცანაა. ასეთია გლობალური პროცესების გაკვეთილი; ამავე გაკვეთილმა ჩვენ, ქართველებს, საჭირო სამსახური უნდა გაგვიწიოს სწორ ეკონომიკურ ფორმაციაზე საკუთარი უსაფრთხოების დასაშენებლად.


შესაბამისად, ზოგადად ეკონომიკისა და კონკრეტულად საბაზრო ეკონომიკის მიმართ „დემოკრატიულობის“ მოთხოვნის დათქმა შემთხვევითი არ არის. არაერთგზის აღინიშნა - აქ და სხვა პუბლიკაციებშიც - რომ მოქალაქეთა შემოსავლების კლება, სიღარიბე და თანამედროვე ზოგადკულტურული ცვლილებები მყარ საფუძველს ქმნის საზოგადოებაში უთანაბრობისა და საფრთხეების აღზევებისათვის. ამ მოვლენას კი გაასმაგებული რისკი ახლავს ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებშიც, პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური განვითარების დეფიციტის და, მით უმეტეს, არამეგობრული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ეროვნული უსაფრთხოება განსაკუთრებულად მოწყვლადია. 


მოწყვლადობასთან დაკავშირებით აქვე დავძენთ, რომ ასეთ დროს ქვეყნის გამორჩეულად „სუსტ წერტილი“ მისი სახელმწიფო ინსტიტუტების ეროზიაა. ამავე პროცესის ერთ-ერთ არასასიკეთო სიმპტომად მოქალაქეთა გაუცხოება, უიმედობა, ზოგან აგრესია, მთლიანობაში კი ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვა გვევლინება. სწორედ ნდობის დაკარგვის შედეგობრივი გაგრძელებაა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების კრიზისის ყველაზე ღრმა ფაზაში შესვლა. ასეთი კრიზისი შიდა თუ გარე დესტრუქციული ძალისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა წარმოქმნილი ნაპრალების „რბილი“ თუ „ხისტი ძალით“ გასაღრმავებლად და - ქაღალდზე თუ არა, ფაქტობრივად მაინც, სახელმწიფოებრიობის დასასრულებლად.


„ეკონომიკური მოდერნიზმის“ უცნაურობები...


...რომელთა შორისაა ისეთი პროცესი, როგორიცაა დისკუსია „ზრდის საწინააღმდეგო ეკონომიკაზე“ (degrowth economy), რაც „დავოსიზაციაზე“ არანაკლებ კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით - განვითარებადი ეკონომიკებისათვის. 


აღნიშნული პროცესი, მოკლედ რომ შევაჯამოთ, მეტად კეთილშობილური მიზნის, გარემოს დაცვაზე ზრუნვის სახელით მიმდინარეობს. კერძოდ, მისი მესვეურები ამტკიცებენ, რომ საერთო შიდა პროდუქტის ზრდა პირდაპირ კავშირშია ნახშირბადის ემისიის ზრდასთან და, შესაბამისად, ინდივიდის სოციალურ ყოფასთან და მისი ცხოვრების ხარისხთან. ამდენად, „ეკონომიკური ზრდის მოწინააღმდეგენი“, საუბრობენ რა კლიმატის გაუარესებაზე, როგორც სოციალურ პრობლემაზე, იქვე მოითხოვენ მსოფლიოში ეკონომიკური და სოციალური წესრიგის გადაწყობას. იმავდროულად, საგანგებოდ აღინიშნება „მდიდარი ჩრდილოეთის“ მიმართება „ღარიბ სამხრეთთან“ და გლობალური უსაფრთხოების მხრივ ამ „უთანასწორობით“ გამოწვეული რისკები.


ეს ტენდენცია თუ მიდგომა სათავეს რომის კლუბის 1972 წლის ანგარიშში იღებს, რომელშიც ეკონომიკური ზრდისა და საამისო რესურსების საკმარისობის კორელაციასთან ერთად საუბარი იყო „საფრთხეზე“, რომ ერთი ან რამდენიმე თაობის განმავლობაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა მომავალი თაობების სოციალურ მდგომარეობაზე არასახარბიელოდ იმოქმედებდა. ამ ანგარიშის დედააზრი კი ის იყო, რომ უსასრულო ზრდა ლიმიტირებული რესურსების ფარგლებში შეუძლებელია და საშიშიც. უკონტროლო „ზრდის საწინააღმდეგო ეკონომიკის“ თუ მისი ანალოგების იდეოლოგიური სარჩული ძნელად იკვეთება და მისი დიაპაზონი „მწვანეებიდან“ დაწყებული „სოციალისტებამდეა“ გადაჭიმული. 


თუმცა მეინსტრიმული ეკონომიკური აზრის მთავარი მამოძრავებელი მაინც შემდეგია: 


(ა) სახელმწიფო რეგულირებასა და საბაზრო თვითრეგულირებას შორის სწორი ბალანსი; 


(ბ) „სამომხმარებლო კულტურის“ პირობებში თავისუფალი სივრცეების პოვნა, და 


(გ) სახელმწიფოსა და საზოგადოებას, ისე როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ახალი სოციალური კონტრაქტი. 


სხვაგვარად, ღიაობისა და სოციალური ანგარიშვალდებულებაზე, თანამშრომლობასა და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკის გარეშე, სახელმწიფოებრივი წინსვლაც მუდმივი რყევებისა და კატაკლიზმების წნეხში მოექცევა, ხოლო რეალური განვითარების დღის წესრიგის აღსრულება შეუძლებელი გახდება. 


მეტიც, ეს და სხვა კონცეფციები პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებენ სოციალური თანაბრობის დარღვევის შედეგად მოჭარბებულ საფრთხეებზე, რაც არამარტო კონკრეტული ქვეყნების შიგნით, არამედ გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებასაც ემუქრება.


ქართული ქეისის პრიორიტეტულობის შესახებ 


ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესში კრიზისის წყარო ორგვაროვანი შეიძლება იყოს: ის შეიძლება თანდათანობით მომდინარეობდეს საკუთრივ სისტემის წიაღიდან ან ამ სისტემის მოშლის შედეგს წარმოადგენდეს. საქართველოს პირობებში ერთიც და მეორეც თანაბრად მძიმე შედეგის მომტანია, თუმცა გარკვეული განსხვავება აქაც არის: სისტემის შიგნით განვითარებული კრიზისის შეკავება, პრინციპში, შესაძლებელია, ხოლო თვით სისტემის მოშლა, მისი ეროზია, შეიძლება იმდენად სწრაფად განვითარდეს, რომ კოლაფსი პრაქტიკულად გარდაუვალი შეიქნას.


მოწყვლადი და გაუმართავი სისტემისათვის დამახასიათებელი ეს საფრთხე - საკუთრივ სისტემის მოშლა - აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორც  ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების, ისე მისი ძირითადი მდგენელის - ეკონომიკური უსაფრთხოების შეფასებისას.


ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქმედითი ქართული ეკონომიკური უსაფრთხოების სტრუქტურირების კონტექსტში რამდენიმე წინარე მოსაზრებას მოვუყრით თავს. ცხადია, რომ თითოეული მათგანი პროფესიული წრეების მიერ შემდგომ დამუშავებას საჭიროებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ამ და სხვა ზომებზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და თვითკმარობის, მისი კონკურენტუნარიანობის განმტკიცების მიზნით. კერძოდ, საგანგებო რესურსი უნდა იქნეს მიმართული:


მოწინავე ეკონომიკებთან შეძლებისდაგვარად მაღალი ხარისხით  ინტეგრირებისაკენ. ეს მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო და საფინანსო ურთიერთობათა შინაარსობრივი ხარისხის, ისე ქვეყანაში მოწინავე ტექნოლოგიებისა და ცოდნის დანერგვისათვის. 


საექსპორტო  ბაზრის გაფართოებასა და დივერსიფიცირებაზე. ფაქტია, რომ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდება ეროვნული უსაფრთხოებისათვის მეტად სარისკოა. შესაბამისად, სრულფასოვან ეროვნულ-სახელმწიფოებრივ განვითარებას მეტი სივრცე და არჩევანი სჭირდება. სხვა პრაქტიკულ მექანიზმებთან ერთად, ეს მიზანი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებითა და სავაჭრო გაერთიანებებში გაწევრებით მიიღწევა.


თანამედროვე მსოფლიოში მზარდი ეკონომიკური ნაციონალიზმისა და მიკერძოებულობის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა ვიზრუნოთ:


ინვესტიციების არა მხოლოდ რაოდენობრივ, არამედ თვისობრივ მაჩვენებელზე. გლობალური და რეგიონალური საფრთხეების გათვალისწინებით, მიუღებელია ჩვენი ქვეყნისათვის ინვესტიცია სასურველად მხოლოდ იმიტომ შეფასდეს, რომ ფულზეა საუბარი. საინვესტიციო რესურსში, მის წარმომავლობასა და დანიშნულებაში პედანტურად გარკვევა დღეს აუცილებლად მოგვეთხოვება. შესაბამისად, მეტად დროული იქნება საინვესტიციო პროექტებისა თუ შეთავაზებების შესასწავლად ე.წ. „სკრინინგის“ მექანიზმის საკანონმდებლო ინიციატივა. დავძენთ იმასაც, რომ დღეს ამ მექანიზმით არაერთი მოწინავე ეკონომიკური სისტემა სარგებლობს.


სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ინტელექტუალური უსაფრთხოების  ინვესტირებაზე. სათანადო „ინტელექტუალური თვითკმარობის“ გარეშე (რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად, საქართველოდან ძვირფასი კადრების გადინების ფონზე წარმოუდგენელია), ჩვენს კონკურენტუნარიანობის პოტენციალზე საუბარი თვალთმაქცობაა.


ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებთან ერთად, ვფიქრობთ, დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იდგეს ისეთი საკითხები, როგორებიც არის:

 
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში სათანადო ადგილის დათმობა ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის. უდავოა, რომ ეროვნული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ეკონომიკური თვითკმარობისაგან დამოუკიდებლად.

 
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ეკონომიკური უსაფრთხოების  მიმართულების ინსტიტუციურად გაძლიერება. შესაძლო ვარიანტებს შორისაა ცალკე ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს შექმნა ან თვით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში მისი ინსტიტუციონალიზაცია. დამატებით, დასაშვებია საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის პოსტის - შესაბამისი კომპეტენციითა და მოვალეობებით - შემოღების მიზანშეწონილობის განხილვა.  

 
ქართული ეკონომიკური უსაფრთხოების გადმოსახედიდან რისკებისა და საფრთხეების მუდმივი მონიტორინგისა და მათი მიუკერძოებელი ანალიზის მთავარ საზრუნავად დასახვა - მიუხედავად ინსტიტუციური გადაწყვეტისა. ამ პროცესის შედეგების პერიოდულ ასახვას ეკონომიკური საფრთხეების დოკუმენტში მოვახდენდით. სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ამავე დოკუმენტში შეფასდებოდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რისკები, ისე როგორც მათი მინიმიზაციისა და სწორი მართვის პრაქტიკული რეკომენდაციები. 


ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კანონმდებლობის, ვთქვათ, საქართველოს „ეკონომიკური უსაფრთხოების აქტის“ ამოქმედება, როგორც დამატებითი ღონისძიებისა. ასეთ სპეციალურ აქტში ყურადღება დაეთმობოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: (1) კრიზისების დროს სამთავრობო უწყებების კოორდინაცია; (2) გლობალური თუ რეგიონალური მასშტაბის მიწოდება-მომარაგების ერთი სისტემიდან მეორეზე გადაწყობა; (3) ერთ რომელიმე უცხო ეკონომიკურ სისტემაზე ჭარბი დამოკიდებულების შემცირება; (3) კრიტიკულ სექტორებში თანამედროვე ინოვაციების ხელშეწყობა.  


გასული საუკუნე, პრაქტიკულად, გაუთავებელი ჭიდილია დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. დღეს ამ დაპირისპირებამ ახალი ძალა შეიძინა და ახლებურ ფორმებსა და მეთოდებში გარდაისახა. ამ და სხვა გარემოებათა გამო, ქართული სახელმწიფოს განახლებაც მისი „საპროექტო სახელმწიფოდ“ გარდაქმნაში უნდა გამოიხატოს - იზრუნოს საზოგადოების ტრანსფორმაციაზე,  წინ წაუძღვეს საკუთარ მოქალაქეებს განვითარების დღის წესრიგის აღსრულებისათვის და არა უბრალოდ მართოს თავისი საზოგადოება და მოქალაქეები.        
 

გააზიარე: