„ნაცრისფერი ოპერაციები“, როგორც თანამედროვე ქართული უსაფრთხოების გამოწვევა: კონკრეტული მოსაზრებები და შენიშვნები (პირველი ნაწილი)

ავტორი:

თემიდან საჭირო „გადახვევა“
 

საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, ახალი მიდგომებისა თუ გადაწყვეტების ძებნა უწყვეტი პროცესია. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან მოყოლებული ჩვენი რეგიონი და მსოფლიო მუდმივ ტრანსფორმაციაშია, დროდადრო ხდება რეგიონალურ და გლობალურ ძალთა ცენტრების გადაწყობა, ახალი ცენტრების ჩამოყალიბება, სამხედრო თუ პოლიტიკური ალიანსების გაფართოვება, შეკვეცა თუ მოდიფიცირება. სიღრმისეული გეოპოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური პროცესების შედეგია, ასევე, დამატებითი რისკებისა და გამოწვევების აღმოცენება. ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მუდმივ სრულყოფას და ცვალებად რისკებთან ადექვატურ მისადაგებას მოითხოვს.


რამდენადაც მოკრძალებულია საქართველოს როლი თანამედროვე გლობალურ პროცესებში, იმდენად დიდია ამ პროცესების გავლენა ჩვენი ქვეყნის დღევანდელობასა და მის განვითარებაზე. ვფიქრობთ, ასეთი ურთიერთკავშირის ახსნა რთული არ იქნება, თუკი გავიხსენებთ საერთაშორისო ურთიერთობის გადაწყობას თითქოსდა უკვე კარგად ნაცნობი საფუძვლებიდან ახალ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, მეტად რთულ, სარისკო, ზოგან - მღვრიე და დაუტესტავ საწყისებზე. ამ თვალსაზრისით განსახილველი საკითხების ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა, ამჯერად, საგანგებოდ, მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდებით - არა ზოგადი ექსტრაპოლაციის, არამედ ჩვენს ქვეყანასთან მათი ბუნებრივი ბმის გამოსაკვეთად. 


ვფიქრობთ, აქ ჩვენთვის უპირობოდ გასათვალისწინებელია საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ სისტემაში დიდი სახელმწიფოების როლი და წონა - ისევე, როგორც მათი ურთიერთმიმართება გლობალურ და ამა თუ იმ რეგიონალურ კონტექსტში. „პირველი რიგის ქვეყნების თანავარსკვლავედისადმი“ ასეთ საგანგებო ყურადღებას მარტივი დასაბუთება აქვს: საერთაშორისო ურთიერთობებზე სხვადასხვა სწავლების, სკოლის, მოძღვრებისა თუ პრაქტიკული დოქტრინის მიუხედავად, ამ ურთიერთობების ბუნება და შინაარსი დაფუძნებული იყო ერთ მარტივ და ულმობელ ფაქტორზე და ეს განჭვრეტად მომავალშიც ასე დარჩება. ეს ფაქტორია მსოფლიო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სცენაზე „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ - გლობალური და ზერეგიონალური სახელმწიფოების ძალა და პროცესებსა და შედეგებზე მათი ზემოქმედება. მართალია, მეოცე საუკუნისა და ამ საუკუნის სხვადასხვა ეტაპს თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები მომხიბლავი დოქტრინიორული სახელწოდებებით „აფერადებდნენ“ ხოლმე, მაგრამ მაშინაც კი მათ უკან ჰობსის სამყაროს აჩრდილით ნასაზრდოები რეალიზმის კანონები იდგა. თემაზე საუბარს არც იმით გავაუბრალოებთ, თითქოსდა ძალა აღმართს ყოველთვის ხნავს. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არაა, მაგრამ უმეტესად მაინც ასეა. ამისათვის კი მზად უნდა ვიყოთ, - როგორც ქართული რეალიზმის შესატყვისი იდეოლოგიისთვის, ისე ამ იდეოლოგიასთან ეროვნული რესურსის სწორი და ადეკვატური მისადაგებისთვის.


ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შეფასებისას ორიოდე ნებაყოფლობით შეზღუდვას - „ჩამკეტს“ - დავეყრდნობით. მსჯელობისას მათი დახმარებით აუცილებელ ზომიერებას შევინარჩუნებთ, ისე როგორც რეალიზმს მისადაგებილი დასკვნების გამოტანისას: ის რასაც დღესდღეობით ასე საჭიროებს ქართული პოლიტიკური აზროვნება, მეტყველების კულტურა, საქმის კეთების ხელწერა. ამგვარი შეზღუდვით თავიდან ავირიდებთ ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებისათვის დიდწილად დამახასიათებელი ტონალობის სკანდალურ-სენსაციურ ნაზავს, რომელიც ასე ხშირად გადმოედინება ქართული სატელევიზიო სივრციდან ყოველი ჩვენგანის საქმიან თუ პირად სივრცეში.
 

ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვაა შეგნებული უარი დამოკიდებულებაზე – „ჩვენ ყველაფერი ვიცით“. ამგვარად თავს დავაღწევთ იმ მავნე შედეგს, რომლის ეფექტიც დამანგრეველია, გვაშორებს კეთილისმსურველს, გვერდში მდგომს, მოკავშირეს და მათ რჩევითა და მოქმედებით დახმარების სურვილს აკარგვინებს; საკუთარი თავის ამგვარი „განდიდებით“ გამოწვეული თვითიზოლაციის შედეგად, ფაქტობრივად, თანდათანობით ე.წ. „გარიყულ ქვეყნად“ (pariah state) გადაქცევის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.
 

პრაქტიკულად იმავე - იზოლაციაში მოქცევის - ეფექტი აქვს მდგომარეობას, როდესაც არ გვჯერა საკუთარი თავის - ვკარგავთ ჩვენივე შესაძლებლობების რწმენას, ვთრგუნავთ საუკუნეებში გამოტარებულ ეროვნულ პოტენციალს, ნებაყოფლობით განზე ვდგებით საქვეყნო საქმეთა კეთებისაგან და ასე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ბედის ქმნაზეც ვიღებთ ხელს. ამგვარად თვითშებოჭილი და დათრგუნვილი, თანდათანობით ქმედუუნარო ვხდებით; ხელჩამოშვებულობითა და ინდიფერენტულობით ქვეყნის კეთილისმსურველებს, გვერდში მდგომებსა და მოკავშირეებს ჩვენთან თანამშრომლობის მოტივაციას ვუსპობთ, ურთიერთობის სურვილს ვუკარგავთ. შედეგად ამისა, მსოფლიოსათვის ქვეყანა უინტერესო და უსარგებლო „სუბიექტად“ წარმოდგინდება.
 

ერთი სიტყვით, ორივე უკიდურესობა ერთ მომავალს გვიქადის: ქვეყანა უფუნქციო ხდება - ერთ შემთხვევაში მოჭარბებული (და საფუძველგამოცლილი) ეგოს, ხოლო მეორე სცენარში - ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოსათვის აუცილებელი ელემენტარული ამბიციის უქონლობის გამო. ალბათ, ქართული საზოგადოებისათვის დიდი ვერაფერი შეღავათია, თუ რომელ შემთხვევაში განულდება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პერსპექტივა, მისი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის გზამკვლევი, ცივილიზაციური არჩევანის ხორცშესხმის შესაძლებლობა.
 

რამდენიმე აქტუალური შეხსენება
 

თანამედროვე ტიპის კონფლიქტებზე საუბრისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ:


• აბსოლუტური უსაფრთხოება პრაქტიკულად მიუღწეველია, ხოლო მისი უზრუნველყოფის დაპირება კი ფუჭი;
 

• ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმის დამაჯერებლობა მკვეთრად დაქვეითდა;
 

• საერთაშორისო სამართლისა და მასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტი საგრძნობლად დაკნინდა;
 

• პრევენციული პოლიტიკურ-სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა აშკარად გახდა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ კეთილ ნებასა და მონდომებაზე დამოკიდებული;
 

• საერთაშორისო ურთიერთობათა ბალანსში ბირთვულმა კომპონენტმა დაკარგა პირვანდელი შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ეფექტი;
 

• გეოპოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად გავრცელებულ მიდგომად დამკვიდრდა ე.წ. „სალიამის აგრესია“ (ან: თანდათანობითი აგრესია) - ნაბიჯ-ნაბიჯ მოპოვებულ სამხედრო უპირატესობაზე პოლიტიკური შედეგის დაშენება და გაფორმება;
 

• სამხედრო კონფლიქტის სტრუქტურა და ბუნება შეიცვალა, ხოლო გამოყენებული მეთოდები იმდენად კომპლექსურია, რომ მისი პასიური და აქტიური ფაზების გამიჯვნა უსარგებლო გახდა.
 

ჩამოთვლილთაგან ბოლო ასპექტი გვსურს გავარჩიოთ, ვინაიდან იგი პირდაპირ უკავშირდება წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს ყოველთვის როდი ჰქონდა ღია აგრესიის ფორმა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ხელყოფა ე.წ. „ნაცრისფერი ოპერაციების“ (grey zone operations), ანუ ისეთი ღონისძიებების ხარჯზე ხდება, რომლებიც მას ე.წ. „დაბალი სიხშირის კონფლიქტად“ (low intensity conflict) აკვალიფიცირებს.
 

სხვა სიტყვებით, აგრესორის ქმედებები, მართალია, ფორმალურად არ ატარებს ომის გამოცხადების ნიშნებს, მაგრამ მათი ძალისმიერი არსიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს სამიზნე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაქვეითებას, მისი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივი საფუძვლების მოშლას, ეროვნული ამოცანების გასატარებლად საოპერაციო სივრცისა და რესურსის შეზღუდვას. ამდენად, ამ შემთხვევაში საუბარი არის არა კლასიკურ casus belli-ზე, არამედ აგრესორის მიერ მსხვერპლის საკუთარი გავლენის ქვეშ ისეთი ფორმით მოქცევაზე (რაც, მათ შორის, სათანადო საერთაშორისო მხარდაჭერის განეიტრალებას ან ასეთი მხარდაჭერისათვის საგრძნობი შეზღუდვების დაწესებასაც მოიცავს), რომელიც არ მოითხოვს შეიარაღებული ძალების ღია აგრესიის დანიშნულებით ამოქმედებას. სხვაგვარად თუ დავახასიათებთ, „დაბალი ინტენსივობის“ ფორმატში „ნაცრისფერი ოპერაციების“ დანიშნულება სამიზნე ქვეყნის სახელმწიფოებრივი მედეგობის მოშლა, მისი რესურსების განიავებაა. სტრატეგიული და საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრი ამ მოვლენას გაცილებით უფრო რთულად განმარტავს და აღნიშნავს, რომ ამგვარი ოპერაციები „რუტინულ მართვასა და ღია ომს შორის“ მიმდინარეობს და რომ „ნაცრისფერი ოპერაციების“ ინიციატორი ცდილობს, ისე ისარგებლოს გარკვეული უპირატესობებით, რომ „არ გადაკვეთოს ღია ომში გადასვლის ზღვარი“. 

საკითხს კიდევ უფრო თუ გავამარტივებთ, ამ გზით აგრესორი მიმართავს ისეთ სტრატეგიას, რომლის მიზანია მისთვის სასურველი ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური და პოლიტიკური შედეგის მიღება მეორე მხრიდან პირდაპირი და ძვირადღირებული პასუხის თავიდან არიდების პირობით. შესატყვისი ზემოქმედება და წნეხი, მათ შორის, შესაძლოა, სამიზნე ქვეყნის მიერ აგრესორის პერსპექტიულ ბაზარზე წვდომის შეზღუდვასაც (გავიხსენოთ თავის დროზე ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზრის ჩაკეტვა) მოიაზრებდეს. ასევე, აგრესორმა ქვეყანამ შესაძლებელია იზრუნოს მესამე ქვეყნების მხრიდან სამიზნე ქვეყნის მაქსიმალურ დიპლომატიურ იზოლაციაზე (ჩინეთის დამოკიდებულება ტაივანის მიმართ). 
 

მოკლედ რომ ითქვას, მიუხედავად „ნაცრისფერი“ და „დაბალი ინტენსივობის“ ოპერაციების განმარტებათა მრავალფეროვნებისა, მათი წარმოება, საბოლოოდ, მიმართულია მიზანში ამოღებული ქვეყნის თანდათანობით „გაგუდვაზე“, რათა ეს უკანასკნელი იძულებული გახდეს დათანხმდეს აგრესორისათვის სასურველ პირობებს ან მისთვის მისაღები კურსის გატარებას.
 

ნიშანდობლივია, რომ აგრესორ ქვეყანას „ნაცრისფერი“ ან „დაბალი ინტენსივობის“ ოპერაციების ჩასატარებლად შეუძლია სულაც უარი თქვას შეიარაღებული ძალების დანაყოფების გამოყენებაზე და მთლიანად ან ნაწილობრივ დაეყრდნოს სამართალდამცავ ან სხვა გასამხედროებულ სტრუქტურებს. მეტიც - საამისოდ გარკვეული სამოქალაქო რესურსის გამოყენებაც შესაძლებელია. ეს ყოველივე „ზღვარზე გავლის“ საშუალებას იძლევა იძულებითი კამპანიის წარმოებისას, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაციისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული კონტრზომების გატარების არეალს. 
 

რა დავუპირისპიროთ? რაზე ვიზრუნოთ?
 

ქართული მახრის საპასუხო ზომებზე საუბრისას, ძირითადად, სამი კატეგორიის ე.წ. თავდაცვითი ზღუდე წარმოგვიდგენია: ერთი - ეროვნულ დონეზე, მეორე - ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით და მესამე - ქვეყნის გეოეკონომიკური ფუნქციისა და სარგებლიანობის ამაღლებისკენ მიმართული ზომების გატარებაა.


ახლა კი თითოეულ კატეგორიას ორიოდე სიტყვით აღვწერთ.


    (1) ეროვნულ დონეზე საჭირო ზომები:


„დაბალი ინტენსივობის“ ოპერაციები, როგორც წესი, მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო, საზღვაო და ეკონომიკური სივრცის ხელყოფას და მომავალშიც დაისახავს.


ჰაერთან და წყალთან მიმართებით, კვლავ პრიორიტეტული საკითხია თანამედროვე სამეთვალყურეო სისტემების დანერგვა. აქ, ძირითადად, იაფ დრონებსა და შესაბამის სენსორებს ვგულისხმობთ, რომლებიც ქართულ საჰაერო და საზღვაო სივრცეში შემოჭრის დროული იდენტიფიცირებისა და აუცილებელი პასუხის შესამუშავებლად არის საჭირო. აქვე, საგანგებო მნიშვნელობა აქვს ქართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სრულყოფას და ეფექტიანი მეთვალყურეობისათვის, მინიმუმ, საბაზისო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ასევე, კვლავ საჭირბოროტოა ქართული სანაპირო დაცვის პოტენციალის ზრდა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება.


ეკონომიკური ეკოსისტემის, როგორც ნებისმიერი ქმედითი უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ქვაკუთხედთან დაკავშირებით კი კვლავ იმ რამდენიმე შეთავაზებასა და რეკომენდაციას გავიმეორებთ, რომლებსაც აუცილებლად მივიჩნევთ, კერძოდ:


მსოფლიოში მზარდი ეკონომიკური ნაციონალიზმის პირობებში  ინვესტიციების არა მხოლოდ რაოდენობაა მნიშვნელოვანი, არამედ თვისობრიობაც. ამდენად, თანამედროვე საფრთხეების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნისათვის სასურველად ნებისმიერი ინვესტიცია ჩაითვალოს. დროა, ვისწავლოთ მათი გარჩევა და გადარჩევა. ამ მიზნით, მიზანშეწონილად ვთვლით ინვესტიციების შემოწმების, მათი ე.წ. „სკრინინგის“ მექანიზმის კანონმდებლობით შემოღებას. დავძენთ იმასაც, რომ დღესდღეობით ამ საშუალებას არაერთი მოწინავე ეკონომიკური სისტემა მიმართავს.


ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში ვრცელი და გამოკვეთილი ადგილი უნდა დაეთმოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხს. ასეთი საგანგებო ყურადღება, ისევ და ისევ, ამ სტატიაში ხსენებული „უსაფრთხოების“ თანამედროვე და მრავალმხრივი გაგებით არის ნაკარნახევი. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეროვნული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ეკონომიკური ზომების ერთიანი კომპლექსის გარეშე, ვინაიდან სუსტს, ღარიბს და ხელგაწვდილს ამ სამყაროში ღირსეულ პარტნიორად არავინ ჩათვლის და დაელაპარაკება.


საგანგებოდ ვიტყვით, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულება უნდა გაძლიერდეს. ერთ-ერთ შესაძლო განვითარებად არც ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს ცალკე შექმნას ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სისტემაში მის ინსტიტუციონალიზაციას გამოვრიცხავდით.


მეტიც, სტრუქტურულ მიდგომაზე საუბრისას, აგრეთვე შესაძლო განხილვის საგნად მივიჩნევთ საქართველოს მთავრობაში ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის პოსტის შემოღებას, შესაბამისი სამეურვეო არეალითა და ფუნქციებით.


ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოსა თუ ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის ეგიდით, ერთ-ერთ ძირეულ ამოცანად უნდა იქცეს ქართული ეკონომიკური უსაფრთხოების რისკებისა და საფრთხეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, ეს პროცესი კი ობიექტური ფორმით ეკონომიკურ საფრთხეთა პერიოდულ დოკუმენტში აისახოს (მსგავსად ევროკავშირში არსებული პრაქტიკისა), რომელშიც, სხვა საჭირო საკითხებთან ერთად, შეფასდება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რისკები, ისე როგორც მათი მინიმიზაციისა და მართვის სარეკომენდაციო ღონისძიებები.


დოქტრინულ მიდგომასთან ერთად, თანაბრად უნდა ვიმსჯელოთ ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი კანონმდებლობის (ვთქვათ, საქართველოს „ეკონომიკური უსაფრთხოების აქტი“) მიზანშეწონილობაზე. ასეთ კანონმდებლობაზე მუშაობისას, მათ შორის, საგანგებოდ ყურადღება უნდა გამახვილდეს: 


(ა)  კრიზისების დროს სამთავრობო უწყებების კოორდინაციაზე; 


(ბ) გლობალური თუ რეგიონალური მასშტაბის მიწოდება-მომარაგების ერთი სისტემიდან მეორეზე სწრაფ გადაწყობაზე, ისე როგორც ერთ რომელიმე სისტემაზე დამოკიდებულების სიჭარბის შემცირებაზე; 


(გ) კრიტიკულ სექტორებში თანამედროვე ინოვაციების ხელშეწყობაზე. ვაცნობიერებთ, რომ ამ მხრივ სასაუბრო ბევრია და კიდევ არაერთი საკვანძო ასპექტის აღნიშვნაა შესაძლებელი. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ყველა მათგანის რეალიზება ქვეყნის შიგნით ურთიერთობათა ნორმალიზების პირობებში თუ მოხდება. 


დღეს, დეზინფორმაციით ჭიდილის ხანაში, ქართული მხარე მუდმივად უნდა ზრუნავდეს საინფორმაციო ველის „ჰიგიენაზე“, საზოგადოების ცნობიერებისა და ფსიქიკის მავნე ზეგავლენისა და მანიპულაციისაგან დაცვაზე. ამ თვალსაზრისით, კრიტიკულია საკომუნიკაციო სისტემების შეუვალობის უზრუნველყოფა, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, აგრეთვე, ინტერნეტისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ჯეროვანი დაცვა. 


საინფორმაციო უსაფრთხოების განსამტკიცებლად კრიტიკულია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტი კოორდინაცია და სტაბილური თანამშრომლობა, მათ შორის, მათ ხელთ არსებული ინფრასტრუქტურისა და ცოდნის გამოყენებით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში სასურველია ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე ერთიანად რეაგირების დაგეგმარება.   


ახლა კი რამდენიმე მოსაზრება საერთაშორისო და გეოეკონომიკური შინაარსის ზომებსა თუ ნაბიჯებზე..


მეორე ნაწილი
 

გააზიარე: