„ნაცრისფერი ოპერაციები“, როგორც თანამედროვე ქართული უსაფრთხოების გამოწვევა: კონკრეტული მოსაზრებები და შენიშვნები (მეორე ნაწილი)

ავტორი:

პირველი ნაწილი

 

პირველი ნაწილის გაგრძელებად და ეროვნულ დონეზე განსახორციელებელი ქმედებების მიმოხივლის შემდეგ, ამჯერად იმ საერთაშორისო და გეოკონომიკური მდგენელის ზომებზე, რომელთა აღნიშვნაც ასევე საჭიროდ მიგვაჩნია:  


     (2) საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები


ამ თვალსაზრისით, ქართული მხარის ძალისხმევა კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული შავი ზღვის ფაქტორზე, რომელიც, უსაფრთხოების მხრივ, როგორც დიდი გამოწვევა, ისე დიდი შესაძლებლობაა.


სწორედ რომ შავი ზღვის აუზის ფარგლებში გვესახება მიზანშეწონილად თანამშრომლობის ორი - უსაფრთხოებისა და პოლიტიკური - მიმართულებით განვითარება. მეტიც, გეოგრაფიული სიახლოვის გამო ინტერესების თანხვედრით მინიალიანსების თუ ბლოკების შექმნა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი თვალშისაცემი ტენდენციაა. მათი პრაქტიკული სარგებელი, სხვა გარემოებათა შორის, საერთო რისკების უკეთ აღქმასა და შეფასებაში მდგომარეობს, ისე როგორც მათი აღმოფხვრისაკენ ერთობლივი რეაგირების მობილურობასა და რესურსების გამოყენების მეტ ეფექტიანობაში. 


შავი ზღვის მინიალიანსის ფორმირება მით უფრო აქტუალურია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გასულ წლებში შავ ზღვაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობა პოტენციალისა და რესურსის საგრძნობი დეფიციტით ხასიათდებოდა. მეტიც, ალიანსის პერიმეტრის აღმოსავლეთის ფლანგზე - ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის ჩათვლით - ამ უკმარისობის განცდას აშკარა ასიმეტრია თუ უთანასწორობა ამძაფრებდა. შედეგი შესატყვისი იყო და ჯერაც არის. სახელდობრ, შავ ზღვაზე ალიანსის ე.წ. „მოწინავე მორგებული განლაგებისა“ (tailored forward presence) და ბალტიისპირეთის ე.წ „მოწინავე გაძლიერებული განლაგების“ (enhanced forward presence) კომპონენტების უთანაბრობის ფონზე, აუხსნელია ნატოს მიდგომა, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს მინიმუმ იმავე სტანდარტის დამოკიდებულებას საჭიროებს, როგორიც ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის ჩრდილოეთის ნაწილის მიმართ არის.


ამდენად, პოლიტიკურ კომპონენტზე თუკი შევჩერდებით, კვლავ გვინდა წამოვწიოთ შავი ზღვის დეკლარაციის ჩარჩო დოკუმენტის ინიციატივა, რომელიც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის ახალი საკომუნიკაციო არხების დროსა და საჭიროებაზე მორგებულ თანამედროვე საკონსულტაციო ფორმატს მოემსახურებოდა.


ასეთი დეკლარაცია გამოკვეთს მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ეს დოკუმენტი რიგი აქტუალური თემების გასწვრივ: 
 

(1) ხაზგასმით მიუთითებს რეგიონალური უსაფრთხოებისათვის მხარეთა პარტნიორობას; 
 

(2) განიხილავს რეგიონს, როგორც მავნე გავლენებისა და „განსაკუთრებული ინტერესის ზონებისაგან“ თავისუფალ არეალს; 
 

(3) მიუთითებს რეგიონალური ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის მიზნით საინვესტიციო სახსრების მობილიზაციის აუცილებლობას, ისე როგორც რეგიონში სოციალური და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელების საჭიროებას; 
 

(4) აღნიშნავს გაყინულ ე.წ. ეთნიკურ, მაგრამ რეალურად გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, ასევე გამოხატავს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; 
 

(5) შექმნის პლატფორმას რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხების, მაგალითად, ტერორიზმსა და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების განსახილველად; 
 

(6) დასახავს მიმართულებებს რეგიონალური მასშტაბის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ბლოკებისაკენ.
 

ამავდროულად, საჭირო კოორდინაციის უზრუნველსაყოფად გასააზრებელია მაღალი რანგის რეგულარული სამიტების გამართვა დეკლარაციის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და სხვა სტრატეგიულ პარტნიორთა მაღალი რანგის წარმომადგენელთა დონეზე. რეგულარული სამიტების მთავარი დანიშნულება რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა; სამიტის მონაწილეების განხილვის საგნად ასევე უნდა იქცეს რეგიონში რეალურად გეოპოლიტიკური (და არა ე.წ. „ეთნიკური“) კონფლიქტების, ზოგადად რეგიონალური უსაფრთხოების, საერთაშორისო ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების, უკანონო მიგრაციისა და სხვა აქტუალური საკითხები და გამოწვევები.
 

რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონული ფაქტორის გამოყენებით უსაფრთხოების განზომილებას, შესაბამისი თანამშრომლობა (დაახლოებით NORDEFCO-ს მსგავსი ან სხვა მოდელის გამოყენებით) ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების (რუმინეთი, თურქეთი, ბულგარეთი) და არაწევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა) გაერთიანებული ძალისხმევით წარმოგვიდგენია.  
 

სათანამშრომლო საკითხთა არეალი კი, სავარაუდოდ, ასე გვესახება: 
 

(1) უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით პოლიტიკაზე მსჯელობა და საერთო რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება; 
 

(2) შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედებასა და ურთიერთთავსებადობაზე ზრუნვა, მათ შორის, კონკრეტული პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვით; 
 

(3) თავდაცვით ინდუსტრიასა და შესაბამისი ტექნოლოგიების განხრით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება; 
 

(4) შავი ზღვის არეალში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთობლივი მოქმედება.  
 

ცხადია, რომ ამგვარი თანამშრომლობის ცალკეული ასპექტები დეტალურ განხილვას საექსპერტო დონეზე საჭიროებს, ოღონდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ასეთი მსჯელობა წახალისებული და ხელშეწყობილი იქნება გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ. 


     (3) გეოეკონომიკური ფუნქციის განმტკიცება 


ეს კომპონენტი სტატიის კონტექსტში მიზანმიმართულად გამოვაცალკევეთ. ვფიქრობთ, რომ, ერთი მხრივ, რეგიონალური სავაჭრო, სატრანსპორტო თუ სხვა სახის ეკონომიკური კავშირების ქსელში ქვეყნის სარგებლის ამაღლება და, მეორე მხრივ, ამ სარგებლის რეალიზებაში სიტყვის მქონე მოთამაშეების თანადაინტერესება და თანამესაკუთრეობა, ხელს შეუწყობს მომდინარე რისკების უკეთ მართვასა და შემცირებას. 


რეალიზმის ენით თუკი ვისაუბრებთ, თანამედროვე ოპორტუნისტულ მსოფლიოში ურთიერთსარგებელზე დამყარებულ კავშირებს სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მოვიაზრებთ. სხვა დანარჩენი - დეკლარაციები, განცხადებები და მხარდამჭერი რეზოლუციები - მხოლოდ უსიცოცხლო ხმაური იქნება, თუკი მათ უკან ეკონომიკური თანამოსარგებლისა და თანამესაკუთრის კონკრეტული შინაარსი არ იდგება.


სწორედ ხსენებულ მიდგომას დაეფუძნა წინა საუკუნის 90-იანებში საქართველოს მიერ წამოწყებული ის ტრანსსასაზღვრო პროექტები (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ხოლო მოგვიანებით კი ბაქო-თბილისი-ყარსი), რომლებმაც ჩვენს ქვეყანას გარე სამყაროს თვალში „საკუთარი მე“ შესძინა. თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ „საკუთარი მე“-ს განმტკიცება და ახალი შინაარსით შევსება მუდმივი, განუწყვეტელი პროცესია, რომელშიც დაღლა და მობეზრება გამორიცხულია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რიგი იმ მსხვილი პროექტებისა - მათ შორის, შუა დერეფანი და შავი ზღვის ელექტროკაბელი - რამაც დიდ რეგიონალურ გეოეკონომიკურ სტრუქტურაში ქართულ მხარეს საკუთარი უნიკალური როლი უნდა მიაკუთვნოს, სულ მცირე, რამდენიმე ათწლეულზე წინ გავთვლით.


აქვე დავძენთ იმას, რაც არაერთგზის გვითქვამს. კერძოდ, ქვეყნის საზრუნავია საკუთარ სივრცეში კონკურენტული ეკოსისტემის არსებობა. ახლა, თუკი ერთი წამით წარმოვიდგენთ გლობალური მასშტაბის ეკონომიკური ავტარკიისა და ნაციონალიზმის მზარდ ტრენდს, ზედმეტი გახდება იმაზე საუბარი, რომ ამგვარი ქართული ეკოსისტემა, მინიმუმ, არ უნდა ჩამორჩებოდეს ანალოგიური კალიბრის კონკურენტებს. სწორედ ამ მიზნით, სხვა ღონისძიებათა შორის, აუცილებელია: 


(ა) მოწინავე ეკონომიკებში საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირების გაათკეცება; 


(ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური თვითკმარობის ამაღლება; 


(გ) პრაქტიკული ეკონომიკის საჭიროებებზე მორგებული მეცნიერებისა და განათლების ხელშეწყობა; (დ) რეგიონული და სუბრეგიონული ინდუსტრიული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაქსელვის ფარგლებში საქართველოს მიერ „ფრენდშორიზაციის“ (friendshoring) პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.


ფაქტია, რომ იმ პირობით, თუკი ამ ქვეყანას რამენაირად ვაქცევთ ძლიერ სუბიექტთა მიერ ეკონომიკური მიზიდულობის გეოგრაფიად, ღია სამხედრო თუ სხვა (მათ შორის, „ნაცრისფერ ოპერაციებთან“ დაკავშირებული) საფრთხეების ალბათობა თანაპროპორციულად მცირდება.
 

რამდენიმე თეზა დასკვნისათვის


საქართველოს ირგვლივ შექმნილი რეგიონული პროცესებით თუ ვიმსჯელებთ, დიახ, პირდაპირი აგრესია ჯერ კიდევ შესაძლო განვითარების ვარიანტია. თუმცა აქვე დავძენ, რომ ასეთი აგრესიის ალბათობა, დღეს არსებულ გარემოებებზე დაყრდნობით, არცთუ მაღალია.  


სამაგიეროდ, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული „ნაცრისფერი ოპერაციების“ ხარჯზე „დაბალი ინტენსივობის“ კონფლიქტის წარმოება პერმანენტული მოვლენაა და ასეთი იქნება კიდეც განჭვრეტად მომავალში.


მეტიც, იმ შემთხვევაში, თუკი იმავე რუსეთის ფედერაციისათვის სათუო გახდა საქართველოსადმი  დასავლური მხარდაჭერის დამაჯერებლობა და თუ გარე ძალებმა მოახერხეს და შექმნეს ბზარი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ნებელობასა და სიმტკიცეში სათანადო პასუხი გაეცეს ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, გარედან ღია აგრესიის აქტუალურობა კიდევ უფრო შემცირდება.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ე.წ. „სალიამის ტაქტიკა“ საქართველოს ზომისა და მასშტაბის ქვეყნის მიმართ არანაკლებ რეზულტატიური შესაძლოა იყოს, ვიდრე კონვენციური სამხედრო კამპანია. სწორედ ასეთი „თანდათანობითი“, „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ზეწოლის შედეგად - იქნება ეს ეკონომიკისა თუ საინფორმაციო ველში - რუსეთმა, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ განლაგებასა და მის საგარეო კურსზე მოახდინოს სასურველი ზემოქმედება.


ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან კავშირის განმტკიცებას კრიტიკული დატვირთვა ენიჭება. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთ რეალურ გამოხატულებად წარმოგვიდგენია ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ სპეციალური ერთობლივი ცენტრის შექმნა (center of excellence) თბილისში, ვთქვათ, ჰელსინკიში მოქმედი ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო ცენტრის ერთგვარი ანალოგის სახით. ჩვენი ქვეყნის შიგნით წარმოებული ჰიბრიდულ-სადეზინფორმაციო გამოვლინებების (ე.წ. „გლობალური ომის პარტია“, „მეორე ფრონტი“, „ორ ფეხზე მტკიცედ დგომა“ და სხვ.) ნეიტრალიზების პარალელურად, ასეთმა ცენტრმა რეგიონული დიაპაზონის საჭიროებებსაც შეიძლება უპასუხოს. 


ფაქტია, რომ არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადობის ხანაში შესული მსოფლიოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის პირობებში, საგარეო ასპარეზზე იზრდება ე.წ. „ოპორტუნიზმის“ მიდგომაზე მოთხოვნა. ხოლო თუ ვინმეს ყურს ჭრის აღნიშნულ კონტექსტში სიტყვა „ოპორტუნიზმის“ გამოყენება, ჩვენთვის ამ ესოდენ საჭირო მიდგომას ბევრად კორექტულად - „ქართული რეალისტური შესაძლებლობების პოლიტიკა“ შეიძლება ვუწოდოთ.
 

გააზიარე: