აშშ-ს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალური ასპექტის შესახებ: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ქართული მოლოდინი (მეორე ნაწილი)

ავტორი:

წაიკითხეთ სტატიის პირველი ნაწილი 

 

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის „აუდიტი“? 
 

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო-პოლიტიკური აქცენტების ხელახალ გადაწყობაზე და თანამედროვე რეალიებთან მისადაგებაზე საუბარი მხოლოდ ქვეყანაში წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი როდია. ამ პროცესის გააქტიურება, ჩვენი შეფასებით, ობამას პრეზიდენტობას ემთხვევა და, განსაკუთრებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომით აღინიშნება.
 

მას მერე არაერთხელ იყო მცდელობა, რომ აშშ-ს საგარეო ხაზი იდეოლოგიურად შეემოსათ მისი „საშუალო სტატისტიკურ ამერიკელზე ორიენტაციის“, „დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ“ თუ რომელიმე სხვა მოწოდების სახით. დღეის მდგომარეობით, ალბათ ყველაზე კრიტიკული იმ საკითხზე დისკუსიაა, რამდენად აქტიური უნდა იყოს საგარეო პოლიტიკა, გლობალური იყოს ეს აქტიურობა, თუ შერჩევითი?
 

ამ მსჯელობას ახალი კონცეფცია დაედო საფუძვლად, რომელსაც „პრიმატულობასა“ და „პრიორიტეტიზაციას“ შორის სწორი ბალანსის პოვნა განსაზღვრავს. მოკლედ მისი არსი ასე გადმოიცემა:
 

  1. სამხედრო თუ ეკონომიკური გაგებით, რა არის სასიცოცხლო ინტერესი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის?
     
  2. ამ ინტერესის მიხედვით, მსოფლიოს რომელი გეოგრაფიები მიიჩნევა არსებითი (პირველადი) ინტერესის და რომელი არაარსებითი (პერიფერიული) ინტერესის საგნად?
     
  3. გამომდინარე ასეთი დაყოფიდან, რესურსულად რამდენად თვითკმარია ქვეყანა, რომ თანაბრად აქტიურად იყოს წარმოდგენილი პირველად და პერიფერიულ გეოგრაფიებში?
     

აქ ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ რამდენად აქტუალურია ხსენებული თემატიკა არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ქართული გადმოსახედიდანაც, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიის სპეციფიკისა და ჩვენს რეგიონზე სხვადასხვა გეოპოლიტიკური პრეტენზიების გამო.


ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ წამოჭრილი განტოლება ჩვენი პარტნიორის მხრიდან რაციონალურ გადაწყვეტას მოითხოვს, ხოლო მასთან დაკავშირებული პროცესი ბევრად რთულია და არაერთი საკვანძო საკითხის ხელახლა გააზრებას საჭიროებს.
 

დავიწყოთ იმის კონსტატირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოში ამ ქვეყნის როლისა და გავლენის შესაბამისად, ბუნებრივად არის ჰეგემონი. ამასთანავე, მართებულად მიგვაჩნია მოწოდება, სწორედ რომ ჯანსაღი ჰეგემონიის შენარჩუნების მიზნით - რაც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სტაბილურობის ინტერესშია - მიზანშეწონილია აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დისტანცირება ჭარბი ეგოცენტრიზმისაგან.
 

სანაცვლოდ, შესაძლო მეტი ეფექტიანობის მქონედ სახელდება იმგვარი მიდგომა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების არა მხოლოდ დასავლური მაქსიმალიზმის კუთხით, არამედ სხვათა თვალით დანახვასა და გააზრებასაც გულისხმობს. ყველა შესაძლო კუთხიდან პრობლემის შეფასება მით უფრო ადეკვატურია, თუკი გავიხსენებთ, რომ ცივი ომისა და ცივი ომის შემდგომი წესრიგის კლიშეები აღარ მუშაობს და მათზე ჩაჭიდება მხოლოდ კონტრპროდუქტიულია. სხვათა შორის, დონალდ ტრამპის 2017-2021 წლების პრეზიდენტობა, თუ რაიმეთი გამოსარჩევია, უწინარესად იმით, რომ მან არაერთი ტაბუდადებული თემა გააცოცხლა და საჯარო - ხშირად უსიამოვნო - განხილვის საგნად აქცია.
 

თანამედროვე აშშ-ს საგარეო პოლიტიკა მეტ არასტანდარტულობას მოითხოვს. როგორც ითქვა, ეს არა მარტო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესში, არამედ გლობალური სტაბილურობისა და, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესშია. ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყანა აშშ-სათვის პერიფერიულ გეოგრაფიაში არ მოექცეს და, მინიმუმ, ისეთივე აქტუალური იყოს, როგორც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. 
 

ამიტომაც არის აქტუალური ჩვენი მოლოდინი, რომ ამერიკული პოლიტიკა წარსულზე ნოსტალგიიდან საბოლოოდ გამოთავისუფლდეს და სრულად გადაეწყოს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებზე. შესაბამისად, ეკონომიკური ზემოქმედების გამოყენების კვალდაკვალ, სასურველია, რომ ამერიკული ინტერესი ჩვენთან და ჩვენს რეგიონში არამხოლოდ პროაქტიული დიპლომატიით იყოს წარმოდგენილი. დიპლომატიასთან ერთად, აუცილებელია მუდმივად ხაზგასმა და შეხსენება, რომ „ვითომ პერიფერიული“, მაგრამ პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების აშშ-ს დახმარებით გაძლიერება, ამავდროულად მისივე უსაფრთხოების გაძლიერებაა.
 

დასავლურ და ანტიდასავლურ ღერძებს შორის გაღვივებული კონკურენციისას - რასაც დამატებით სირთულეს სძენს ე.წ. გლობალური სამხრეთის ქცევის თავისებურება - ჩვენს პარტნიორებს აუცილებელია ახსოვდეთ, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური „ვაკუუმი“ პრაქტიკულად არ დარჩა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც კი ერთი რომელიმე პოლიტიკურ-სამხედრო ჯგუფი ადუნებს ყურადღებას ამა თუ იმ ქვეყნისა თუ რეგიონის მიმართ, გამოთავისუფლებულ სივრცეს მყისიერად იკავებს მისი კონკურენტი. დღეს ასეთი ჩანაცვლება განსაკუთრებით გაიოლდა საინფორმაციო ომისა და ე.წ. ნაცრისფერი ოპერაციების პირობებში, ისე როგორც მზარდი ეთნონაციონალიზმისა და ავტორიტარული პოპულიზმის ხელშეწყობით.
 

ამიტომ (და არა მხოლოდ) აშშ-ს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში მიმდინარე დისკუსია რაციონალური საგარეო ხაზის თაობაზე ე.წ. „ინტერნაციონალიზმსა“ და „კონსერვატიზმს“ შორის ისეთ წონასწორობას მოითხოვს, რომ აშშ-სა და მისი პარტნიორების ინტერესები არ დაზარალდეს. ჩვენ მიერ ნახსენები „აუდიტი“ სწორედ ამ მეტად კომპლექსური ამოცანის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გადაწყვეტაზეა მიმართული. კონცეპტუალური თეზისებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით „პრიმატულობასა“ და „პრიორიტეტიზაციის“ კვეთაზე სავარაუდოდ რევიზირებულ ამერიკულ საგარეო ხელწერას ასე დავახასიათებთ:
 

  1. გლობალურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის შენარჩუნება და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
     
  2. ისეთი შემაკავებელი სამხედრო პოტენციალი, რომელიც ნებისმიერს არამარტო ქვეყნის, არამედ მისი პარტნიორების მიმართ ღია აგრესიას გადააფიქრებინებს  მოსალოდნელი მძიმე შედეგების გამო - ე.წ. „შეკავება უარყოფის გზით“ (deterrence by denial);
     
  3. საერთაშორისო წესრიგის გადაწყობა, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტების ქმედუნარიანობის ამაღლების გზით. ამავე კონტექსტშია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს როლის რეანიმირება და „ვეტოს ხაფანგის“ განეიტრალება;
     
  4. პროაქტიული დიპლომატია ე.წ. „დაუსრულებელი ომების“ სანაცვლოდ; ამასთანავე -
     
  5. „დაუსრულებელ ომებზე“ უარის თქმა არ ნიშნავს სამხედრო ძალის როლის გაბათილებას, არამედ მის გამოყენებას გონივრული თვითშეზღუდვის პირობით, მაშინ და იმგვარად, როცა მისი გამოყენება გარდაუვალია და ემსახურება გასაგები, მისაღები და რეალისტური ამოცანების მიღწევას;
     
  6. ეკონომიკური იძულების ღონისძიებების გატარებაში მეტ მოქნილობას, მათ შორის, ე.წ. „ჭკვიანი სანქციების“ (smart sanctions) რეალიზებით.
     

რომელ ხაზს განავითარებენ ამერიკელები, ამას თუ სხვას, ცხადია, არცთუ შორ მომავალში დავინახავთ. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ მიმდინარე მოვლენების ზუსტი პროგნოზირება რთულია. თუმცა გარკვეული კონტურები უკვე იკვეთება, რაც ქართული საგარეო უწყებისა და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტებისათვის მათზე დაკვირვების, ანალიზისა და საჭირო რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. ის, თუ რამდენად ჯეროვნად სრულდება ჩვენში ეს ამოცანა, ცალკე დიდი თავსატეხია. მის შესასრულებლად აუცილებელ პირობებსა და წანამძღვრებზე არაერთგზის გვისაუბრია და მათი გამეორებით ამ სტატიას არ გადავტვირთავთ.
 

ახლა ზემოთ განხილული თემატიკის ორიოდე რელევანტურ ქვესაკითხზე მოკლედ შევჩერდებით.  
 

ტრამპი „გამეორებით“და მოსალოდნელი ცვლილებები?
 

დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებას ყველა რაღაც აუხსნელი მღელვარებით ელოდება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან 2017-2021 წლების ტრამპის ვერსია რეალურად ქარიზმატული იყო. ამავდროულად, საკმაოდ რთულია იმის დაზუსტებით თქმა, რომ „მეორე ვერსიის“ პრეზიდენტი ტრამპი, მისი პირველი პრეზიდენტობის ასლი იქნება. დიდი ალბათობით - არა. და ამის მიზეზი არა მხოლოდ დღევანდელი აშშ, არამედ გლობალურად ძირეული პროცესებია. სხვათა შორის, იგივე ტრამპის პირველ პრეზიდენტობასთან დაკავშირებული პოლიტიკის ერთგვაროვანი შეფასება არ არსებობს და იმჟამინდელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებებსაც რამდენიმე სხვადასხვა ვერსიის ახსნა აქვს. 
 

პრაქტიკულად, ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არ ეხება მხოლოდ თეთრი სახლის ბინადრის ვინაობას. აქ გაცილებით მეტის მოლოდინია, რომელიც ამ გლობალური მასშტაბის აქტორის „ეროვნული ინტერესის“ დაზუსტებას ანდა ახლებურად განსაზღვრას ეხება. ეს კი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც აშშ-ს „ეროვნულ ინტერესს“ ჰქონდა და კვლავაც ექნება დიდი გავლენა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაზე.
 

აქ საუბრისას შეგნებულად არ ვეხებით ორ ასპექტს: 
 

  1. არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შანსს საპრეზიდენტო რბოლაში კამალა ჰარისის ჩართვის გამო, ასევე -  
     
  2. ტრამპის შესაძლო გავლენას საქართველოს საშინაო და საგარეო დღის წესრიგზე: ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ საკითხის საძალაუფლებო და ვიწრო პარტიული მიზნებისათვის „მოხმარების“ გამო.
     

ამდენად, რამდენიმე შენიშვნით დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შედეგად ამ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ხელწერაში მოსალოდნელ ისეთ ცვლილებებს ვახსენებთ, რომლებიც თბილისისთვისაც საყურადღებოა.
 

პირველი - საკითხავია თვით ასეთი ცვლილებების სიღრმე და შინაარსი. საქმე ისაა, რომ დღესაც, რესპუბლიკური პარტიის ბირთვს (ისე როგორც ახლანდელი სენატის რესპუბლიკელთა ფრაქციაში) ნეოკონსერვატორები და ჩვენ მიერ ნახსენები „პრიმატულობის“ მომხრეები ქმნიან. გასაგებია, რომ პარტიის შიგნით ძალთა ბალანსი შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ამ მოვლენის სტატუსი სწორედ ისეთია, როგორადაც აქ მოვიხსენიეთ.
 

მეორე - უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკას და კავშირებს დიდწილად ბიზნესმენის თვალით უყურებს. შესაბამისად, მისთვის ამა თუ იმ ქვეყანასთან „პარტნიორული“ ურთიერთობა გეოეკონომიკური და არა გეოსტრატეგიული ფაქტორით განიზომება. სხვა სიტყვებით, მისი ადმინისტრაციისათვის განმსაზღვრელი გახდება კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური სარგებელი და პრაქტიკული ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიანობაზე მსჯელობისას ჩვენც არაერთგზის გვისაუბრია საქართველოსათვის ასეთი ფუნქციისა და მიზნობრიობის როლზე, მის აქტუალობასა და მუდმივი განახლების აუცილებლობაზე.
 

მესამე - ტრამპის (ისე როგორც მისი ორი წინამორბედის) „გატაცება“ საგარეო ურთიერთობებში ეკონომიკური იძულების ღონისძიებებით, იქნება ეს სანქციები, ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლი, აშშ დოლარი როგორც მსოფლიო ვალუტა, ტარიფები და ა.შ., გარკვეულწილად, ჩვენთვის გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით, მკვეთრად გაუარესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ფონზე.
 

მეოთხე - სავარაუდოა, რომ აშშ-სათვის გეოპოლიტიკურად ტრადიციულ გეოგრაფიებში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, კორეის ნახევარკუნძული) ტრამპი ეცდება (რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება) უსაფრთხოებისა და ძალთა ბალანსის ტვირთი ადგილობრივ აქტორებს დააკისროს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულება ერთადერთია, სადაც კომპრომისი ნაკლებად მოსალოდნელია. ბოლოდროინდელი ქართულ-ჩინური ურთიერთობის ინტენსიფიკაციის ფონზე, ბუნებრივია,  ეს ასპექტი ჩვენთვის აქტუალურია.

 
რა თქმა უნდა, სტატიის ამ ნაწილში მონიშნულ ფაქტორებს არაერთი განშტოება და მოდიფიკაცია აქვს. მეტიც, არც ეს ჩამონათვალია ამომწურავი აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ქართულ-ამერიკულ ფორმატზე ტრამპის გავლენის სრული აღწერისათვის. თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს ჩანიშვნებიც საკმარის მასალას აძლევს ოფიციალურ თბილისს სიღრმისეული განსჯისა და ადეკვატური რეაგირებისათვის. 
 

Post Scriptum: დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტების მოლოდინებზე ვრცელი საუბარი როდია შემთხვევითი: ტრამპი უჩვეულოა, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი. ეს კი თეთრ სახლში  მისი მიბრუნების შემთხვევაში მსოფლიოს მოულოდნელობისათვის განაწყობს. ამ და სხვა ასპექტებზე, შედარებით ვრცლად, უკვე ვისაუბრეთ. მივიჩნევთ, რომ არანაკლებ აღმოჩენას, შესაძლოა, კამალა ჰარისის პრეზიდენტობაც გვპირდებოდეს. ასეთი მოსაზრება ჰარისის, როგორც გამოკვეთილ პოლიტიკურ ფიგურაზე დღემდე არსებულ წარმოდგენაში დეფიციტს, ისევე როგორც საგარეო ასპარეზზე მის მოკრძალებულ აქტივობას უკავშირდება. 
 

მართლაც რომ ჰარისის პრეზიდენტობისას საგარეო-პოლიტიკური კურსის კონტურები ამ მომენტისათვის რთულად გამოსაცნობია. თუმცა, ამ სტატიის შინაარსის გათვალისწინებით - სხვადასხვა წყაროსა და შეფასებაზე დაყრდნობით -საჭიროდ ჩავთვალეთ დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის სხვადასხვა საკვანძო თემებთან მიმართებით მოკლე „სივი ბარათი“ შეგვექმნა. კერძოდ კი:
 

(ა) ჩინეთი: სავარაუდოდ, ჰარისის პოლიტიკა ბაიდენისგან დიდად განსხავებული არ იქნება. იგი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ალიანსების განმტკიცებას განაგრძობს, ხოლო აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში თანამშრომლობისა და კონკურენციის ხაზის მომხრე იქნება. აქ გამორჩეულად საყურადღებოა, თუ როგორ გაგრძელებას ჰპოვებს აშშ-ის ახალი ინდუსტრიული (პრაქტიკულად კი, პროტექციონისტული) პოლიტიკა და ე.წ. „სატარიფო ომი“. 
 

სავარაუდოა ისიც, რომ რეგიონში ჩინეთის გავლენის საპირწონედ კვლავ ინდოეთთან ურთიერთობათა გაღრმავება იქნება, რასაც - გეოპოლიტიკური მოსაზრებების პარალელურად - ჰარისის წარმომავლობაც ხელს შეუწყობს;
 

(ბ) ვაჭრობა: როგორც აღვნიშნეთ, ბაიდენის პრეზიდენტობისას ჩამოყალიბებული პროტექციონისტური ხაზი, დიდ წილად, შენარჩუნდება. ასევე, აქცენტირება, სავარაუდოდ, მონოპოლიათა გავლენების შეკვეცაზე და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე მოხდება. 
 

აქვე დავძენთ, რომ მეტად ბუნდოვანია შესაძლოდ „დემოკრატიული“ თეთრი სახლის დამოკიდებულება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებთან, რაც საქართველოსათვის განსაკუთრებული ინტერესისაა;
 

ახლო აღმოსავლეთი: ისრაელის უსაფრთხოება აქტუალურობას არ დაკარგავს. ამავდროულად, მეტი ყურადღება მიექცევა პროცესის ჰუმანიტარულ მხარეს, განსაკუთრებით, პალესტინელთა მდგომარეობის ნაწილში. 
 

თუმცა, ამ მეტად თავისებური „განტოლების“ ფარგლებში ნაკლებად სავარაუდოა ებრაელთა სახელმწიფოს უსაფრთხოებამ აშშ-ის პოლიტიკისათვის ტრადიციული პრიორიტეტულობა დაკარგოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰარისის მეუღლე ებრაელია, რასაც, მართალია ირიბი, მაგრამ მაინც გარკვეული დატვირთვა ექნება;
 

(დ) რუსეთი-უკრაინის ომი: ჰარისის მიდგომაში საქართველოსთვის, ალბათ, ყველაზე საყურადღებო საკითხი. მით უფრო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი თანაბრად იქცა როგორც გარე ქართული, ისე შიდა ქართული პოლიტიკის განუყოფელ კომპონენტად. 
 

დღემდე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, რუსულ აგრესიულ პოლიტიკასთან ჰარისის „შემწყნარებლობის“ ალბათობა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ამასთანავე, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთობა და შემდგომი განმტკიცება დემოკრატთა გაცხადებული პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.

     
ცხადია, რომ ეს მოკლე ჩანართი არასაკმარისია სამომავლო პროცესებზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად, თუმცა, გარკვეულ მინიშნებებს - ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისათვის - მაინც იძლევა. 
 

გაგრძელება მესამე ნაწილში...

გააზიარე: