აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ - 2024 წლის ზაფხულის დაიჯესტი

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

2024 წლის 25 ივლისს, რამდენიმე დღიანი მწვავე პროტესტის შედეგად, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაიხმო ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული კანონი, რომელსაც „აპარტამენტების შესახებ“ კანონს უწოდებდნენ, ხოლო ოფიციალურად შემდეგნაირად ჟღერდა: „ზოგიერთი ღონისძიების შესახებ, რომელიც მიმართულია ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლებისაკენ“. „აპარტამენტების შესახებ” კანონი, რომელიც თავდაპირველად მთელს აფხაზეთზე უნდა გავრცელებულიყო, წარსულში ერთხელ უკვე ჩავარდა, ხოლო 2024 წელს იყო მისი შეკვეცილი ფორმით რეანიმირების მცდელობა და მისი გავრცელება, საწყის, საპილოტე ეტაპზე, მხოლოდ ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებზე იგეგმებოდა. შედეგად, შესაძლებელი უნდა გამხდარიყო რუსული ინვესტიციებით რამდენიმე ათეული მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც ბინებს, დიდწილად, რუსეთის მოქალაქეები შეიძენდნენ. კანონს უნდა უზრუნველეყო როგორც რუსი ინვესტორების, ისე ბინათმფლობელთა ინტერესების დაცვა.
 

კანონპროექტის ინიციატორები ხანგრძლივი განხილვების განმავლობაში ცდილობდნენ ოპონენტები დაერწმუნებინათ, რომ საკითხი ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო; რომ ბინები კი არ გაიყიდებოდა, არამედ მხოლოდ გაქირავდებოდა, ანუ, ერთგვარი აპარტ-ოტელების სისტემა იმოქმედებდა; რომ კანონი მხოლოდ იმ რეგიონებზე გავრცელდებოდა, რომელიც მოსახლეობისგან (განსაკუთრებით, აფხაზებისგან) მნიშვნელოვანწილად დაცლილია და რომ იქ მაცხოვრებლებს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა არ ექნებოდათ.
 

ოპონენტები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი თითოეული პუნქტის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდათ, რომ: რუსული ინვესტიცია ნაკლებ სარგებელს მოუტანდა უშუალოდ აფხაზეთის მოსახლეობას და მხოლოდ პირთა ვიწრო წრის ეკონომიკური ინტერესი იქნებოდა ჩადებული; რომ ბინები კი არ გაქირავდებოდა, არამედ გაიყიდებოდა, მასში ჩასახლდებოდა რუსეთიდან ჩამოსული მოსახლეობა და დრამატულად შეცვლიდნენ რეგიონის დემოგრაფიულ ბალანსს; რომ საპილოტე პროგრამა აუცილებლად გადაიზრდებოდა აფხაზეთის სანაპირო ზოლის სრულ-მასშტაბიან ათვისებაში და რომ აფხაზეთში ჩასახლებული პირები იპოვნიდნენ გზას, თუ როგორ მიეღოთ აფხაზეთის მოქალაქეობა.
 

უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის საზოგადოებამ, განსხვავების ბიჭვინთის აგარაკების გასხვისების საკითხისა, წარმატებით მოახერხა რუსული ინტერესებით ნაკარნახევი საკანონმდებლო აქტის დაძლევა, თუმცა ამას მოჰყვა თავისი შედეგებიც. მეტიც, ის, რომ აღნიშნულს შედეგები მოჰყვებოდა ადვილად განჭვრეტადი იყო, რადგან ხსენებული კანონის მიღება აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის ჯერ კიდევ 2022 წელს გაფორმებული შეთანხმების ნაწილი იყო, ხოლო რუსული მხარე აფხაზეთზე აქტიურ ზეწოლას ახდენდა, აფხაზების წილი ვალდებულებების განუხრელად შესრულების მიზნით. რაც შეეხება შედეგებს: გასაჯაროვებულია 2024 წლის 19 აგვისტოს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის შეხვედრის ოქმი, რომელშიც რამდენიმე ძირითად პუნქტს ვკითხულობთ. სიზუსტის დაცვის მიზნით, ოქმის არსებითი ნაწილის თარგმანი შემდეგნაირად გამოიყურება:
 

1. რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ და რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის მხარდაჭერის შესახებ შეთანხმების მე-3 მუხლის 5.1 პუნქტის უპირობო ამოქმედება, კერძოდ:


2024 წლის 1 სექტემბრიდან შეჩერდეს აფხაზეთის რესპუბლიკისთვის რუსული დაფინანსების გადარიცხვა მანამ, სანამ არ შესრულდება შემდეგი ვალდებულებები:
 

- სანამ არ მოხდება იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებზე მიღებული სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებას გულისხმობს;


- სანამ არ იქნება საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფილი რუსული ინვესტიციების დაცვა აფხაზეთში;


- სანამ არ მოიხსნება შეზღუდვა რუსი ინვესტორების მიერ კომერციული უძრავი ქონების განვითარებაზე აფხაზეთში (საუბარია, აპარტამენტებზე).
 

2. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალათ, უზრუნველყონ 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აფხაზეთისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ ფასად.
 

3. აფხაზეთის წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, დაევალათ, რომ 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდონ რუსულ მხარეს ინფორმაცია აფხაზეთის პარლამენტის წევრებისა და ოპოზიციის იმ ლიდერების შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და აფერხებენ რუსულ-აფხაზური ურთიერთობის განვითარებას. იქვე მითითებულია, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია განიხილავს ხსენებული პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას.
 

აშკარაა, რომ რუსეთის ხანგრძლივი მოთმინების ეტაპიდან პირდაპირი, აქტიური მოთხოვნის ეტაპზე არის გადასული, ხოლო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით არ ერიდება პირდაპირ იძულებას. მოცემულ მომენტში, საუბარია ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენებაზე. მეტიც, პუნქტი, სადაც საუბარია, რომ რუსეთის ფედერაციას მონაცემები სწორედ ბჟანიამ უნდა მიაწოდოს, განსაკუთრებით ამძიმებს დე- ფაქტო პრეზიდენტის მდგომარეობას, რომლის მოქმედებათა განსახილველად აფხაზები სახალხო შეკრების ჩატარებას ითხოვენ. ცხადია, რუსეთმა თავადაც უწყის ყველა იმ პირისა ვინაობა და მოქალაქეობა, რომლებზეც ითხოვს ინფორმაციას, თუმცა ამ ინფორმაციას სწორედ ბჟანიასგან ითხოვს. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის გადაწყვეტილებას „სანქცია“ უწოდა, თუმცა, აღნიშნულში, გარკვეულწილად, აფხაზეთის საზოგადოება დაადანაშაულა.
 

აფხაზეთის მოსახლეობა გადადის იმის პირდაპირ გაცნობიერების ეტაპზე, რომ ის, რასაც წლების განმავლობაში, მათი მოსაზრებით დახმარებად და საჩუქრად იღებდნენ მხოლოდ იმისთვის, რათა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ფაქტორი ბერკეტად ჰქონოდა, რეალობაში, მცდარია. რუსეთის მიზანი იყო და რჩება აფხაზეთის ანექსია და მისი იმ კონდიციამდე დაყვანა, როგორც რუსეთის ფედერაციის აფხაზეთის მომიჯნავედ მდებარე სუბიექტი - კრასნოდარის მხარეა. წინათ ჩერქეზ-ადიღეელებით დასახლებული მხარე, სადაც ამჟამად მოსახლეობის 90%-ზე მეტს ეთნიკური რუსები და სომხები შეადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აფხაზებს დაკარგული აქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტები, მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, გაიაზრონ და შეაფასონ, თუ რამდენად არის შესაძლებელი მათი ავტონომიურობისა და იდენტობის ელემენტების შენარჩუნება რუსეთის ფედერაციასთან მეტი დათმობის ან ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის პირობებში. აქ გასათვალისწინებელია აფხაზეთის გეოგრაფიის მიმზიდველობის სპეციფიკაც, რადგან თუ მავანმა შეიძლება იკითხოს: თუკი იდენტობას ინარჩუნებენ ჩეჩნეთში ჩეჩნები ან კი დაღესტანში დაღესტნის ადგილობრივი მოსახლეობა, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს აფხაზეთში, ამაზე პასუხი ისევ გეოგრაფიაა: მაგალითისთვის, ჩეჩნეთი და დაღესტანი არასდროს იყო და იქნება მიმზიდველი ეთნიკურად რუსებისთვის გადასახლების მიზნით, განსხვავებით აფხაზეთისგან. ამის მაგალითი, სწორადაც რომ კრასნოდარის მხარეა, სადაც ძირძველი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი ნახევარი პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
 

არსებულ მოცემულობაში, ოფიციალური თბილისის მხრიდან პოზიციის არარსებობის მიუხედავად, საქართველო ბუნებრივ ალტერნატივას წარმოადგენს. სიტუაციის გათვალისწინებით, თბილისს რბილი ძალის ელემენტების გამოყენების მეტი საშუალება მიეცემა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ისე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის ნაწილში. უახლოესი თვეების განმავლობაში, თბილისმა აფხაზეთის მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ იგი ქმედითი და რეალური ალტერნატივის შეთავაზების უნარის მქონეა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ თვის ჭრილში შეჩერებული დახმარების მოცულობა, დაახლოებით, 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც წლის ჭრილში არასრული 20 მილიონი დოლარია. შედარებისთვის, ეს მხოლოდ თბილისის ბიუჯეტის 4% არის. ასეთი მცირე ოდენობის დახმარების შეჩერებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი აფხაზეთის სოციალურ მოცემულობაზე (ექიმების, მასწავლებლების, ძალოვნების ანაზღაურებაზე).
 

რომ შევაჯამოთ, უკრაინაში (და აწ უკვე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე) წარმოებული წარუმატებელი სამხედრო კამპანიისა და ეკონომიკური მიზეზებით ხარჯების შემცირების საჭიროების ფონზე, რუსეთი აქტიურ მოქმედებებს ახორციელებს მათ წინააღმდეგ, ვისზე ზემოქმედების ბერკეტიც გააჩნია. რუსეთის ფედერაციის მიზნები, რომლებიც ისედაც ცხადი იყო, თუმცა ილუზიებისთვის ადგილს ტოვებდა, დღეს ბევრად უფრო ცხადია. აფხაზები რთული გადაწყვეტილების წინაშე არიან, თუმცა მათ გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. ენგურს აქეთ გადასახედიდან, საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოსთან რეინტეგრაციული პროცესების დაწყების უპირატესობას. აღნიშნულ პროცესში კარგი სტარტი შეიძლება სწორედ ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული ხასიათის პროექტები იყოს.

 

დაიჯესტის რუსულენოვანი ვერსია
 

გააზიარე: