აშშ-ს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალური ასპექტის შესახებ: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ქართული მოლოდინი (მესამე ნაწილი)

ავტორი:

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი
 

 

ვის ვესაუბროთ? ვისთან „დავიჭიროთ საქმე?“
 

რა თქმა უნდა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ქმნა მრავალგანზომილებიანი პროცესია, რომელშიც სხვადასხვა ინსტიტუტი და გავლენის ცენტრი მონაწილეობს. ამდენად, შეკითხვაზე, თუ ვის უნდა ესაუბროს საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წიაღში, პასუხი ბანალურად მარტივია: ყველას.
 

ამასთანავე, შეუძლებელია ყურადღება არ გამახვილდეს ამერიკული საგარეო პოლიტიკის საჯარო თუ არასაჯარო მხარეზე, სადაც ფართო თანამონაწილეობის მიუხედავად, სხვადასხვა აქტორებს განსხვავებული წონა აქვთ. ამ მხრივ, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს აშშ-ს პრეზიდენტის როლი. ამ როლის ხაზგასმა ლოგიკურია არა მარტო როგორც სტატიაში ზემოთ თქმულის ბუნებრივი გაგრძელება, არამედ აგრეთვე იმ უდავოდ გამორჩეული გავლენის პირობების გათვალისწინებით, რომლებიც საპრეზიდენტო ინსტიტუტს უდავოდ აქვს ქვეყნის საგარეო კურსის შემუშავებისა და გატარების საქმეში.
 

ეს გამორჩეულობა არაერთი დეკადის შედეგია და მას ევოლუციონირების არაერთი ეტაპი და ნიშანსვეტი გამოარჩევს. ამ ისტორიის აღნუსხვა, ცხადია, მოცემული სტატიის ფარგლებში შეუძლებელია და არც ჩვენი მიზანი არ არის. თუმცა საგანგებოდ შევჩერდებით ორ უახლეს სასამართლო საქმეზე, რომლებიც საგარეო პოლიტიკაში აშშ-ს პრეზიდენტის როლის მეტ ავტონომიაზეა მიმართული. ორივე საქმე პრეზიდენტ ტრამპს უკავშირდება, ერთი ფლორიდის შტატის დონეზე კლასიფიცირებული ფაილების შესაძლო უნებართვო გამოყენებას ეხება, ხოლო მეორე - აშშ-ს უზენაესი სასამართლოს დონეზე „ტრამპი აშშ-ს წინააღმდეგ“ დავაზე სისხლის სამართლებრივი დევნის პირობებში საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ექსპრეზიდენტის იმუნიტეტის ფარგლებს.
 

დეტალებზე საუბარს შევეშვათ და ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების  მხოლოდ იმ რამდენიმე დასკვნაზე შევჩერდეთ, რომლებიც ამ სტატიაში წარმოდგენილ მსჯელობის საკითხს ეხმიანება.
 

კერძოდ, საპრეზიდენტო უფლებამოსილებები სასამართლომ ასე დაახარისხა: 
 

(ა) უფლებამოსილებები „ძირითადი საქმიანობისას“, რომლის დროსაც პრეზიდენტი „აბსოლუტური“ იმუნიტეტით სარგებლობს; 
 

(ბ) უფლებამოსილებები „გარე პერიმეტრის საქმიანობისას“, სადაც პრეზიდენტის იმუნიტეტი „სავარაუდოა“ და 
 

(გ) უფლებამოსილებები „არაოფიციალური საქმიანობისას“, სადაც იმუნიტეტი არ არსებობს, მაგრამ სადაც ერთი უხერხული „მაგრამ“ არის და იგი „ოფიციალური“ და „არაოფიციალური“ საქმიანობის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნის სირთულეს უკავშირდება.
 

მართლმსაჯულების ასეთმა მიდგომამ, პრეზიდენტისათვის „ხელ-ფეხის გახსნამ“, აშშ-ს ანალიტიკურ წრეებში „იმპერიული პრეზიდენტის“ ცნება განაპირობა, ხოლო აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სოტომაიერმა თავის განსხვავებულ მოსაზრებაში „კანონზე მაღლა მდგომი პრეზიდენტი“ ახსენა.
 

იურიდიული ნიუანსების განხილვა სამართლის სპეციალისტებს დავუტოვოთ. ჩვენ კი მხოლოდ იმის აღნიშვნა გვრჩება, რომ საპრეზიდენტო როლის შესახებ ბოლოდროინდელი შეკითხვა მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გავლენის შემდგომ მატებაზე მეტყველებს. ეს კი ოფიციალური თბილისისათვის მორიგი სიგნალი და გასააზრებლად საჭირო მასალაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულ წრეებში ვისმენთ საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებებს აშშ-ს შიდაპოლიტიკური თუ საარჩევნო პროცესის შესახებ. აქ უნდა გვახსოვდეს, რომ დასავლური და, კერძოდ, აშშ-ს პოლიტიკური სისტემა არც ისეთი საქმოსან-„დელეცურია“, როგორც ეს ჩვენში ზოგიერთებს წარმოუდგენიათ და ისურვებდნენ. 
 

ჩვენ, ისინი და ჩვენ ერთად... 
 

სტატიის ამ ნაწილს გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ალექსანდრე ჩიკვაიძის სიტყვებით დავიწყებთ: „პატარა ქვეყანას არა აქვს ფუფუნება დიდი შეცდომის დაშვებისა“. მართლაც, ამ მეტად სადა ფრაზაში ქართული პოლიტიკის ქმნის თვალსაზრისით ერთდროულად ღრმა შინაარსი და აქტუალური მოწოდებაა.
 

ხოლო ის დამოკიდებულება, რომელსაც დღეს საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წრეები საგარეო (ისე როგორც საშინაო) საკითხებისადმი ამჟღავნებენ, არა მარტო თანამედროვეობის, არამედ ჩვენი ისტორიული წარსულის ამოტრიალებას და მისი „გაუგებარი ხელწერით“ გადაწერას ემსახურება.
 

არადა, არსებული ვითარება თანაბრად მოითხოვს, ერთი მხრივ, მტრის სათანადოდ შეფასებას, რამეთუ მასთან ურთიერთობა საკუთარ სისუსტეებს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს, ასევე, მეორე მხრივ, პარტნიორების დაფასებას, რამეთუ მათი უკომპრომისო შეფასებები ნამდვილი თანადგომის საუკეთესო საზომია. გასაგებია, რომ ამისი პრაქტიკულად რეალიზება არცთუ მარტივია, მაგრამ ამასთანავე ძალზე აუცილებელია „ქართული რეალისტური შესაძლებლობების პოლიტიკის“ საკეთებლად. 
 

ქართული პოლიტიკის გადმოსახედიდან, ჩვენს პარტნიორებთან მიმართებით არაერთი გამოწვევა იჩენს თავს, რომელთა შესახებაც წარსულში არაერთგზის გვიმსჯელია. მეტიც, ამ გამოწვევების გენეზისი მხოლოდ ქართულ მხარეს როდი მიეწერება და ამის თაობაზეც აქ და სხვაგან ასევე გვისაუბრია. ამჯერად კი, წინამდებარე სტატიის ძირითადი ხაზი რომ შენარჩუნდეს, მოკლედ ასე ვიტყვით: საქართველოს საგარეო-საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა არათუ არ ამოიშალოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების პრიორიტეტებიდან, არამედ გზადაგზა უფრო მეტად დამკვიდრდეს მათ შორის. იმავე აშშ-ში Pew Research-ს ბოლო გამოკითხვით, ამ მხრივ არცთუ სახარბიელო სურათია. საქმე ისაა, რომ „გავლენათა სფეროებზე“ საუბრისას, აშშ-ს საგარეო პრიორიტეტად რუსული გავლენის შემცირება გამოკითხულთა მხოლოდ 50 პროცენტმა მიიჩნია, რაც ზღვარზე მყოფ საზოგადოებრივ განწყობაზე მიუთითებს. არადა, „პირველადი“ და „პერიფერიული“ ინტერესების მქონე გეოგრაფიებზე საუბრისას, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვახსენებდეთ: საქართველოს მნიშვნელობის მქონე ქვეყნის „პერიფერიით“ (თუნდაც უნებლიე) მარგინალიზაცია საბოლოოდ, ისევ და ისევ, გლობალურად გეოპოლიტიკური კონკურენციის ფორმატში ერთიან და ინტეგრალურ უსაფრთხოების სისტემას აზიანებს. 
 

აქვე დავძენთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ჩვენ არ მოგვეთხოვება ქართული პოლიტიკა მკაცრ მორალისტურ კრიტერიუმებს დავუქვემდებაროთ. გაცილებით აჯობებს, რომ მისი ასეთი პოლიტიკის ეფექტიანობა კონკრეტულ კონტექსტში ასევე კონკრეტული ქმედების შესატყვისობით განისაზღვროს (ამ თვალსაზრისით, მაგალითად, „საუკეთესო პრაქტიკას“ გასული საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების ისრაელი გვთავაზობს). და, კიდევ ერთი საკამათო მოსაზრება: ერთი მხრივ, საკუთარი სისტემის მოდერნიზაციასა და, მეორე მხრივ, დემოკრატიას შორის სწორი და თანმიმდევრული ბალანსის პოვნა ყოველთვის როდია შესაძლებელი. აქაც პრიორიტეტების რაციონალური განაწილებაა მთავარი, ხოლო ბალანსის დარღვევისას - მისი შეძლებისდაგვარად დროული აღდგენა. ასეთ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული „რეალისტური შესაძლებლობების პოლიტიკა“, რომელშიც იძულებითი კომპრომისების ხელოვნება ეფექტიანი პოლიტიკის ორგანული ნაწილია.     
 

ამდენად...
 

...გეოპოლიტიკის ულმობელი კანონია, რომ მეტი ბოროტების თავიდან არიდება ნაკლების ჩადენას განაპირობებს ხოლმე; „კარგსა“ და „ცუდს“ შორის გასამიჯნი სივრცე კი საგრძნობლად დავიწროვდა. დღეს ასეთ პოლიტიკას, „საერთაშორისო ჟარგონზე“, პრაგმატიზმი ჰქვია. დიდსა თუ საშუალო აქტორებს შორის მან ღიად დაიმკვიდრა ადგილი და, დროა, ამ მიდგომას საქართველომაც აუწყოს ფეხი, მით უფრო, ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთა ჩვენი ინტერესების მიხედვით მართვა „მიზნისა“ და „იდეალის“ თანხვედრას ყოველთვის ვერ ხდის შესაძლებელს, ხოლო ესა თუ ის გადაწყვეტილება თუ ნაბიჯი იმ მომენტში გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებით აიხსნება.
 

სტრატეგიულ ამოცანებზე უარის გარეშე ტაქტიკურ მიზანშეწონილობაზე არაერთი ისტორიული პრეცედენტი მეტყველებს. ასე მაგალითად, პრაგმატული კომპრომისების კატეგორიაშია დასავლეთის მიერ სსრკ-სთან მოკავშირეობა, 1970 წელს აშშ-ს ინიციატივით ჩინეთთან ურთიერთობის „გაჭრა“ სსრკ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ალიანსის ჩასაშლელად, ანდა, ცივი ომის მიზნებისათვის არაერთი დასავლური ქვეყნის მიერ არაერთი მესამე ქვეყნის არადემოკრატიული რეჟიმის გამოყენება.  
 

ალბათ ისტორიის ამ და სამომავლოდ განჭვრეტად ეტაპებზე დასავლური პოლიტიკა კვლავაც „ტაქტიკური“ მოსაზრებებით გააგრძელებს ხელმძღვანელობას. გასაგებია, რომ ხელწერა - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - იდეალიზმის სულისკვეთებას ვერ უპასუხებს, თუმცა მიზანი, თანაც მეტად რთული ევრაზიული სივრცის ავტორიტარული თუ ჰიბრიდული რეჟიმების წინააღმდეგ, სხვაგვარად ვერ მიიღწევა. მით უფრო, თუკი ეს მხოლოდ სტანდარტული, „თეთრი ხელთათმანებით“, საჯაროდ დეკლარირებული ნორმების თანახმად იქნება ნაცადი. 
 

ამ და წინარე სტატიაში ნახსენები ფაქტორების ნაერთი მეტად საყურადღებოა ქმედითი ქართული პოლიტიკის აგებისა და შესაბამისი გარემოს თვალსაზრისით. ასეთია იმ ახალი სტანდარტების სამყარო, რომელშიც ჩვენმა პარტნიორებმა შეაბიჯეს. ახლა ჯერი ჩვენზეა: დროულად ვისწავლოთ და ჯეროვნად დავნერგოთ ეს ახალი სტანდარტები ქართული და ჩვენი ერთობლივი ინტერესების სარეალიზაციოდ.            
 

გააზიარე: