2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა საარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ანალიზი (ნაწილი I)

ავტორი:

1. შესავალი


2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში, გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მრავალმხრივ იქცევს ყურადღებას, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. 


განვითარებულ საზოგადოებაში ამომრჩევლისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას არა პოლიტიკური რეკლამები ან/და მსგავსი აგიტაციური ნაბიჯები, არამედ პოლიტიკური პარტიების მიერ შემუშავებული საარჩევნო პროგრამები, კერძოდ კი, სტრატეგიული ხედვები, მიზნები და მათი მიღწევის გზები წარმოადგენს.


მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, აქცენტირება ხდება მულტილატერალური ურთიერთობების აუცილებლობაზე, ეკონომიკა მაინც განსაკუთრებულად სენსიტიურ და აქტუალურ მიმართულებას წარმოადგენს, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური თვალსაზრისით.


ჯანსაღი ეკონომიკა მუდამ იყო და იქნება ერთგვარი ფუნდამენტი ადამიანების კეთილდღეობისა და განვითარებისთვის, ხოლო ეკონომიკურ განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ შემოსავლის ზრდის, არამედ ადამიანთა შესაძლებლობებისა და თავისუფლების გაფართოების კუთხით. 


ამრიგად, ეკონომიკა და ეკონიმიკური ინსტიტუტები, წარმოადგენენ საზოგადოების წარმატებისა თუ წარუმატებლობის არსებით და განმსაზღვრელ ფაქტორებს, ამასთან ეკონომიკის სიძლიერე პროპორციულად აისახება ინფრასტრუქტურული განვითარების დონეზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა და საბოლოო ჯამში, სოციალურ კაპიტალზე, რაც თავის მხრივ ქმნის სახელმწიფოში სტაბილურობასა და კეთილდღეობას.


საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამომრჩეველთა მხრიდან, პოლიტიკური პარტიების ეკონომიკურ პროგრამებზე ფოკუსირება და ინტერესი მზარდია.


როგორც წესი, საარჩევნო პროგრამები ემსახურება ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური განვითარების გეგმას და ასახავს სტრატეგიულ ხედვას, რომელიც პოლიტიკურ პარტიას გააჩნია, მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად და მდგრადი მომავლის ჩამოსაყალიბებლად.


აღნიშნულ სტატიაში, შევაფასებთ საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიათა საარჩევნო პროგრამების ეკონომიკურ ნაწილს. კერძოდ კი, შეფასდება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ საარჩევნო პროგრამების ეკონომიკური მიმართულება. სტატიათა ციკლი გამოიცემა სამ ნაწილად, შესაბამისად მე-2 ნაწილში მოხდება დარჩენილი 3 ოპოზიციური პარტიის საარჩევნო პროგრამების ანალიზი, ხოლო მე-3 ნაწილში განხორციელდება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ანალიზი.
 

2. ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პროგრამების, ეკონომიკური ნაწილის ანალიზი


2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძირითად ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენენ:


•    „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

•    „გახარია საქართველოსთვის“

•    „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“

•    „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“

•    „გირჩი“

ანალიზის საწყის ეტაპსა და ინდიკატორს წარმოადგენდა ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ სივრცეში. 


ტექნოლოგიური მიღწევებისა და ციფრული სივრცის აქტუალურობიდან და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, პირველი რაც პოლიტიკურმა პარტიამ (საარჩევნო პროგრამის არსებობის შემთხვევაში) უნდა უზრუნველყოს, არის პროგრამის განთავსება ციფრულ სივრცეში, რათა დაინტერესებულმა ამომრჩევლებმა შეძლონ და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია.


მეორე მხრივ, ალტერნატივას წარმოადგენს ბეჭდური მედია, თუმცა რთულად სავარაუდოა, რომ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს განთავსებული ციფრულ სივრცეში საარჩევნო პროგრამა და მხოლოდ ბეჭდური მედიით იყოს შემოფარგლული, რადგან საკმაოდ დიდი სხვაობაა ფინანსური კუთხით, ამასთან ნაკლებად ეფექტურია შედეგის და მეტად რთულია პროცესს მართვის თვალსაზრისით. 

•    კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პარტიის ლიდერები, საკმაოდ აქტიურად პოზიციონირებენ, როგორც სატელევიზიო, ასევე ინტერნეტ სივრცეში, მათი წინასაარჩევნო პროგრამა არსად არ იძებნება.

 
კოალიციას არ გააჩნია საკუთარი ვებ-საიტი, Facebook გვერდზე მხოლოდ მათ რიგებში შემავალი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ვებ-საიტის მისამართია მითითებული  (https://droa.live/ka/home), სადაც ასევე არ არის იძებნება საარჩევნო პროგრამა.


კოალიცია, გარდა სატელევიზიო სივრცისა, აქტიურად იყენებს საკუთარ Facebook გვერდს, თუმცა განთავსებულ სიახლეებში, ვერსად ვერ მოხდა საარჩევნო პროგრამის მიგნება, მეტიც, საარჩევნო პროგრამასა და ეკონომიკურ გეგმებზე თითქმის არ ხდება აქცენტირება, რაც რა თქმა უნდა დადებით კონტექსტში ვერ შეფასდება. 


აღნიშნული კოალიციის პოზიციონირება მჭიდრო კავშირშია ქვეყნის პროდასავლურ კურსსა და ღირებულებებთან, მეორე მხრივ კი, საარჩევნო პროგრამის არ ქონა, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს, რაზეც საინტერესოა კოალიციის ლიდერების მოსაზრებები. 


ცალსახაა, რომ საარჩევნო პროგრამის საერთოდ არ არსებობას, სჯობს ცუდი საარჩევნო პროგრამის ფლობა, რადგან ცუდ საარჩევნო პროგრამაშიც კი შესაძლებელია გარკვეული მიმართულებების გამოკვეთა, რომლელზე დაყრდნობითაც ამომრჩეველს შეუძლია განახორციელოს შეფასება და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება.
 

•    ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა


ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა (შემდგომში: ნაციონალური მოძრაობა), წარმოადგენს მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებას, რომელიც 2003 წლიდან 2012 წლამდე წარმოადგენდა მმართველ პარტიას საქართველოში. 


ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა საკუთარი საარჩევნო პროგრამა, სადაც გამოყოფილია 5 ძირითადი პრიორიტეტი, შესაბამისი ჩაშლებით:

 


აღნიშნული 5 პრიორიტეტიდან, განვიხილავთ მიმართულებებს, რომლებიც ეკონომიკასთან არის კავშირში.


სანამ დეტალურად გავაანალიზებთ პრიორიტეტებსა და ქვეპუნქტებს, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ წარდგენილ გეგმას, ნაკლებად თუ ვუწოდებთ საარჩევნო პროგრამას. 


ნაციონალური მოძრაობის მიერ განსაზღვრული 5 პრიორიტეტი ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოადგენს პარტიის ზოგად ხედვას, მაგრამ არა კონკრეტულ პროგრამას, სადაც სტანდარტების დაცვით, უნდა ინდეტიფიცირდეს მიზნის მიღწევის შესაბამისი გეგმები და ნაბიჯები, ამასთან, უნდა იყოს დროში გაწერილი და რაც მთავარია მიღწევადი.


ნაციონალური მოძრაობის 5 პრიორიტეტიდან, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირშია მე-2, მე-3 და მე-4 პრიორიტეტი, შესაბამისად თანმიმდევრულად განვიხილავთ მათ.


პრიორიტეტი #2. შემოსავლების ზრდა


-    მაღალშემოსავლიანი, სტაბილური სამუშაო ადგილები - საშუალო ხელფასი 3500 ლარი, მინიმალური ხელფასი 1500 ლარი;

 

-  300 ლარიანი საბაზისო დანამატი სოფლად მცხოვრებთა და დევნილებისთვის;


- გარანტირებული საპენსიო დანაზოგი ემიგრანტებისთვის, მიხეილ სააკაშვილის ფონდი - 1 მილიარდი ევრო ემიგრანტების დასაბრუნებლად.


პრიორიტეტი #2 -ის 1-ელ ქვეპუნქტში პარტია ამომრჩევლებს სთავაზობს:


-    საშუალო ხელფასი 3500 ლარი, ხოლო მინიმალურ ხელფასი 1500 ლარი


2024 წლის 1-ელი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 943.3 ლარს შეადგენდა, რაც თავის მხრივ 13.2 %-იან ზრდას წარმოადგენდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით.


არსებული ტემპის შენარჩუნებით, მიზნის მიღწევა:


ფორმულა: Future Value=Present Value × (1+r)t 


მიმდინარე ზრდის ტემპის მინიმალური შენარჩუნებით, გეგმის მიღწევა შესაძლებელია საშუალოდ 4.9 წელიწადში, რაც თავის მხრივ სცდება იმ 4 წლიან მმართველობის პერიოდს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტიას ექნება მინიჭებული.

 

 


საქართველოში 2010 წლიდან 2023 წლამდე საშუალო ხელფასის პროცენტული ზრდა იყო 8%, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2016 წელს 4%, ხოლო ყველაზე მაღალი 2023 წელს 17%. 


საშუალო დინამიკის (8%) გათვალისწინებით 7.8 წელიწადი დასჭირდება ნაციონალურ მოძრაობას მიზნის მისაღწევად, ხოლო საუკეთესო მაჩვენებლით (17%) 3.9 წელიწადი დასჭირდება 3,500 ლარიანი საშუალო ხელფასის მისაღწევად. 


აღსანიშნავია, რომ 1,500 ლარი მინიმალური ხელფასი 3,500 ლარიან საშუალო ხელფასთან მიმართებაში, წარმოადგენს OECD-ის სტანდარტს, სადაც მინიმალური ხელფასი, საშუალო ხელფასთან მიმართებაში უნდა მერყეობდეს 40% დან 60%-მდე ნიშნულში.


თუმცა, როდესაც კონკრეტული პარტია საუბრობს საშუალო ხელფასის ზრდაზე, აუცილებელია, რომ თან ახლდეს მიზნის მიღწევის სტრატეგიები, რომელიც როგორც აღვნიშნე, უნდა იყოს დროში გაწერილი, ამასთან ერთად უნდა ექვემდებარებოდეს ეკონომიკური განვითარების გონივრულ პრინციპებს.


შესაბამისად, დროში გაწერილი სტრატეგიის და ეკონომიკური მაჩვენებლების გარეშე, მსგავსი სახის პრიორიტეტების დასახვა, წარმოადგენს საკმაოდ ზოგად დოკუმენტს.
 

პრიორიტეტი #2 -ის მე-2 პუნქტში პარტია ამომრჩევლებს სთავაზობს: 


-    300 ლარიანი საბაზისო დანამატი სოფლად მცხოვრებთა და დევნილებისთვის


2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 1,440,400 ადამიანია სოფლად მცხოვრები, ხოლო დევნილად დარეგისტრირებულია დაახლოებით 244,000 ადამიანი.


ჯამში აღნიშნული ორი მონაცემის გაერთიანებით ვიღებთ დაახლოებით 1,684,400 ადამიანს (საშუალო გადახრა შესაძლებელია იყოს დაახლოებით 4-5%). 300 ლარიანი საბაზისო დანამატის ხარჯი განისაზღვრება 505,200,000 ლარით. 


აღნიშნული პუნქტი, ასევე ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს, მიღწევადობის, ეკონომიკური პროგნოზებისა და დროითი მაჩვენებლების შესახებ, რადგან საკმაოდ ბუნდოვანია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელი ხარჯების გამოთავისუფლებით არის შესაძლებელი საბაზისო დანამატის გაცემა, ამასთან თუ ხარჯების გამოთავისუფლების გარეშე გეგმავს პარტია მიზნის მიღწევას, მაშინ აუცილებელია, რომ ეკონომიკური და ფინანსური პროგნოზით მოხდეს მიზნის მიღწევადობის გამყარება.

პრიორიტეტი #2 -ის მე-3 პუნქტში პარტია ამომრჩევლებს სთავაზობს: 


-    გარანტირებული საპენსიო დანაზოგი ემიგრანტებისთვის, მიხეილ სააკაშვილის ფონდი - 1 მილიარდი ევრო ემიგრანტების დასაბრუნებლად


პირველი, ბუნდოვანებას იწვევს თავად ფონდის მნიშვნელობა, რა სახის ფონდზეა საუბარი, საიდან ხდება აღნიშნულ ფონდში 1 მილიარდი ევროს მობილიზება. 


მეორე, დავუშვათ, მოხერხდა 1 მილიარდი ევროს მობილიზება და ფონდმა დაისახა მიზნად ემიგრანტების დაბრუნება. როგორ და რა სახით ბრუნდებიან ემიგრანტები ქვეყანაში? ამასთან, ხსენებული საპენსიო დანაზოგის კუთხით, როგორ ნაწილდება აღნიშნული 1 მილიარდი ევრო? 


2023 წლის მონაცემებით 245,064 ადამიანმა დატოვა ქვეყანა. გეგმის მიზანს კიდევ ერთხელ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ფონდმა უნდა დააბრუნოს ემიგრანტები საქართველოში. 


პირდაპირი გადანაწილებით, ერთ ემიგრანტზე ფონდიდან (იგულისხმებიან მხოლოდ 2023 წელს წასული ემიგრანტები, თუმცა ჯამური რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე 245,064 ადამიანი) 4,080 ევრო არის გათვალისწინებული (რომელიც პირობითად უნდა გაიცეს საენსიო დანაზოგის სახით), შესაბამისად საინტერესოა, 4,080 ევრო როგორ უნდა იქცეს იმის მასტიმულირებელ ფაქტორად, რომ ემიგრანტი საქართველოში დაბრუნდეს. 


ამასთან ერთად, საინტერესოა თავად საპენსიო დანაზოგის პროექტის შინაარსი, გამომდინარე იქიდან, რომ არც ემიგრაციაში წასვლა, შესაბამისად არც დაბრუნება არ წარმოადგენს მარტივ გადაწყვეტილებას, მკაფიო პროექტის არსებობის გარეშე, სადაც ნათელი იქნება, თუ როგორ ახერხებს პარტია, საკუთარი ფონდით ემიგრანტების დაბრუნებას, წარმოადგენს მხოლოდ დაპირებას, რომლის პრაქტიკაში რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა. 


1 მილიარდი ევრო, ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია, თუმცა ემიგრანტების დასაბრუნებლად, ნაკლებად მიღწევად მაჩვენებელს წარმოადგენს.
 

პრიორიტეტი #3. პენსიონერების დაცვა


-    საპენსიო სესხების ჩამოწერა 2024 წლის 1-ელ დეკემბერს;

-    1000 ლარიანი პენსია პენსიონერებისთვის, შშმ პირებისა და ომის ვეტერანებისთვის;

-    მედიკამენტების სუბსიდირება პენსიონერებისთვის.
 

პრიორიტეტი #3 ის 1-ელ პუნქტში ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლებს სთავაზობს: 


-    საპენსიო სესხების ჩამოწერა 2024 წლის 1-ელ დეკემბერს


მიმდინარე წელს, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ლიბერთი ბანკის გენერალურ დირექტორს შორის შეხვედრისას, შემდგომი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 150,000 პენსიონერს, რომლებიც სარგებლობენ საპენსიო სესხით (2023 წლამდე აღებული სესხების მფლობელები), შეუმცირდეთ საპროცენტო განაკვეთი. 


მეორე მხრივ პენსიონერების ჯამურმა რაოდენობამ, რომლებიც სარგებლობენ საპენსიო სესხით, 2023 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით შეადგინა 360,284 ადამიანი, რომელთა სესხების მთლიანმა ოდენობამ, საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, შეადგინა 402,862,777 ლარი.


რა თქმა უნდა პენსიონერები, თითოეული სახელმწიფოსთვის, ასევე საქართველოსთვის წარმოადგენენ საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, შესაბამისად საპენსიო სესხების ჩამოწერა დადებით ნაბიჯად შეგვიძლია რომ მივიჩნიოთ. 


თუმცა, ეს არის ერთჯერადი აქტი, რომელიც წინასაარჩევნოდ პენსიონერების სეგმენტზე მანიპულირების საგანს უფრო წააგავს, ვიდრე მზრუნველობით ნაბიჯს, რადგან პენსიონერებისთვის ერთჯერადად სესხის ჩამოწერა, ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემას, რომელიც სესხის გაცემასთან და საპროცენტო განაკვეთთან არის დაკავშირებული.


ასევე, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის ჩამოწერა, აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების სხვა მოწყვლადი ჯგუფების საფუძვლიან პროტესტს.


თანხა, რომელიც თეორიულად, საპენსიო სესხების ჩამოწერისთვის უნდა გამოიყოს (დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი), უმჯობესია მისი ინვესტირება მეტად უფრო გრძელვადიან პროექტებში, კონცენტრირებულად საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მდგრადი მომავლის შექმნას. 
 

პრიორიტეტი #3 ის მე-2 პუნქტში ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლებს სთავაზობს: 


-    1000 ლარიან პენსია პენსიონერებისთვის, შშმ პირებისა და ომის ვეტერანებისთვის


მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებით ადგენს წესს, რითაც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. ამავე კანონით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა 70 წლამდე და 70+ მოსახლეობის პენსიები.


პირველ რიგში, აღნიშნული ქვეპუნქტის ნეგატიურ მხარეს წარმოადგენს, საპენსიო ასაკის მქონე პირების, ერთიან სიბრტყეზე მოქცევა, რაც ეწინააღმდეგება პენსიების ინდექსაციის კანონს. 


ამასთან, უცნობია, თუ რა სახის ეკონომიკურ ზრდაზე დაყრდნობით გეგმავს ნაციონალური მოძრაობა მსგავსი სახის შედეგის მიღწევას. 


დღევანდელი მდგომარეობით 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, პენსიის რაოდენობა შეადგენს 315 ლარს, ხოლო 70+ პენსიონერებისთვის, პენსიის რაოდენობა შეადგენს 415 ლარს.


ამასთან, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება, ჯგუფის მიხედვით 100-300 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ომის ვეტერანების დახმარება შეადგენს 560 ლარს. 


2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 838 ათასი პენსიონერი იყო რეგისტირებული, რომლებიც იღებედნენ ასაკობრივ პენსიას, ამავე პერიოდის მონაცემებით შშმ პირთა რაოდენობა შეადგენდა 128 ათას ადამიანს, ხოლო ომის ვეტერანების რაოდენობა შეადგენდა 24 ათას ადამიანს. 


იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიაღწიოს 1000 ლარიან საპენსიო ნიშნულს, თითოეულ საპენსიო ჯგუფზე, ამისათვის დაახლოებით 66%-ით უნდა გაზარდოს მიმდინარე საპენსიო ბიუჯეტი, რაც საკმაოდ არარეალისტურ გეგმას წარმოადგენს, შესაბამისად საინტერესოა რა პერიოდზეა გათვლილი აღნიშნული შედეგის მიღწევა მათი ხედვებიდან გამომდინარე.
 

პრიორიტეტი #3 ის მე-3 პუნქტში ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლებს სთავაზობს: 


-    მედიკამენტების სუბსიდირება პენსიონერებისთვის


მედიკამენტების სუბსიდირება პენსიონერებისთვის ასევე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც დადებითი ინიციატივა, თუმცა როგორ და რა გზებით ახერხებს ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული მიზნის მიღწევას, ასევე ბუნდოვანი და გაურკვეველია. 


არსებობს სხვადასხვა რისკები, რომელიც საწყისი ეტაპიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული ინიციატორი პარტიის მხრიდან, კერძოდ:


როდესაც ქვეყენაში 838 ათასი პენსიონერია, რომელიც ასაკობრივ პენსიას იღებს. მსგავსი რაოდენობის სუბსიდირებამ შეიძლება გადატვირთოს სახელმწიფო ბიუჯეტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტების სუბსიდირების ხარჯები აღემატება პროგნოზებს, ან მეორე შემთხვევაში თუ მოულოდნელად იზრდება მოთხოვნა სუბსიდირებულ მედიკამენტებზე. 


აღსანიშნავია, რომ გარკვეული მედიკამენტების სუბსიდირებამ შეიძლება დაარღვიოს ბაზრის დინამიკა, რაც გამოიწვევს გადაჭარბებულ წარმოებას ან არასწორ ლოგისტიკურ გადანაწილებას. 


ასევე, არებობს დაშვება, რომ სუბსიდირების პორგრამამ ხელი შეუშალოს ადგილობრივი მედიკამენტების განვითარებას, რადგან შესაძლოა მწარმოებელმა კომპანიებმა ფოკუსირება მოახდინონ სუბსიდირებულ მედიკამენტებზე, ვიდრე ინვესტიციები განახორციელონ კვლევასა და განვითარებაზე. 


მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ხარისხის კონტროლის გამოწვევები, ამასთან მოხდეს სუბსიდირების პროგრამის ხანგრძლივ დამოკიდებულებასთან მიმართებაში შესაბამისი რისკების გათვალისწინება, რაც გულისხმობს განხორციელების ფაზაში კომპლექსურობას, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს ჭარბ ადამიანურ რესურსს, განსაკუთრებით მართვის, ინტენსიური მონიტორინგისა და შეფასების სისტემების მხრივ, რათა თავიდან იქნას აცილებული ბოროტად გამოყენების ფაქტები.
 

პრიორიტეტი #4. ძლიერი ოჯახი


-    ყოველთვიური დახმარება ახალშობილისთვის, ყველა ბავშვის უზრუნველყოფა ხარისხიანი საბავშვო ბაღითა და სკოლაში უფასო კვებით;


-    მასწავლებლების მინიმალური ხელფასი - 2000 ლარი, ბინები დამსახურებულ მასწავლებლებს, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი და ბინის ქირის სუბსიდირება;


-    ნარკომაფიისგან გათავისუფლება, მომხმარებლების რესოციალიზაცია და ზრუნვა.
 

პრიორიტეტი #4 ის მე-2 პუნქტში ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლებს სთავაზობს: 


-    მასწავლებლების მინიმალური ხელფასი - 2000 ლარი, ბინები დამსახურებულ მასწავლებლებს, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი და ბინის ქირის სუბსიდირება;


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, 62,296 მასწავლებელია რეგისტრირებული საქართველოს მასშტაბით, რომელთა საშუალო ხელფასს 1230 ლარი შეადგენს. ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული ციფრის გაზრდას გეგმავს 2000 ლარამდე, შესაბამისად მასწავლებლების სახელფასო ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს 63%-ით.


როგორც აღვნიშნეთ, საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკა საქართველოში მერყეობს საშუალოდ 8%-იან მაჩვენებელში, შესაბამისად ავიღოთ საშუალოზე მაღალი ხელფასის ზრდის დინამიკა (10%-იანი წლიური ზრდა) და გადავანაწილოთ წლებზე. დავინახავთ, რომ 6 წელიწადი დასჭირდება ნაციონალურ მოძრაობას იმისათვის, რომ მიაღწიონ აღნიშნულ ნიშნულს, რაც აშკარად სცდება საპარლამენტო პერიოდით განსაზღვრულ ვადას, იმისათვის, რომ მე-4 წელიწადს მიაღწიოს ნაციონალურმა მოძრაობამ დასახულ მიზანს, საჭირო იქნება ყოველწლიურად 23%-იანი ზრდის მიღწევა, რაც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არარეალისტურ მიზანს წარმოადგენს. 


ამასთან ერთად, აღნიშნულ ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა სტუდენტებს სთავაზობს საერთო საცხოვრებელს და ბინის ქირის სუბსიდირებას.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2023-2024 წელს, ჯამურ რაოდენობას 177,791 სტუდენტი შეადგენდა.


ამავე წელს, სტუდენტთა მიღებამ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეადგინა 54,327 ადამიანი, საიდანაც 21,936 ჩაირიცხა კერძო, ხოლო 32,391 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (60% სახელმწიფო, 40% კერძო).


პროცენტული გადანაწილების დაცვით (სადაც შესაძლოა გადახრა არსებობდეს 4-5%), 177,791 სტუდენტიდან 60% 106,674 სტუდენტი ირიცხება სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


რამდენად რეალისტურ გარემოებას წარმოადგენს პარტიის მხრიდან, 106,674 სტუდენტისთვის საერთო საცხოვრებელისა და ბინის სუბსიდირების დაპირების გაცემა? აღნიშნულ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაპირება წარმოადგენს საარჩევნო კამპანიის ემოციურ ნაწილს და არ შეესაბამება რეალურ ვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მომხდარიყო სტუდენტების დაჯგუფება, სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, რომელთა მიხედვითაც კონკრეტულად განისაზღვრებოდა გადასადგმელი ნაბიჯების აუცილებლობა და შესაბამისობა.


3. დასკვნა


სტატიათა ციკლის 1-ელ ნაწილში განვიხილეთ ორი ოპოზიციური პარტია.


პირველ შემთხვევაში (კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა) საარჩევნო პროგრამა, როგორც აღვნიშნეთ საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სივრცეში, ხოლო მეორე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა) შემთხვევაში საარჩევნო პროგრამას ნაკლებად თუ ვუწოდებთ, უფრო, წარმოადგენს პარტიის ზოგად ხედვას.


ნაციონალური მოძრაობის 5 პუნქტიანი გეგმა, ზედმეტად ამბიციური, მეტიც არარეალისტურია, სადაც ჭარბობს ემოციური ნაწილი, რომელიც ნაკლებად არის თანხვედრაში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

 

როგორც შესავალშია აღნიშნული, სტატიათა ციკლი გამოიცემა 3 ნაწილად. 


პირველ ნაწილს წარმოადგენს აღნიშნული სტატია, შემდგომ ნაწილში გაანალიზებული იქნება დარჩენილი ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პროგრამები, ხოლო დასკვნით ნაწილში შეფასდება მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა.

გააზიარე: