2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა საარჩევნო პროგრამების ეკონომიკური ანალიზი (მეორე ნაწილი)

ავტორი:

სტატიის მე-2 ნაწილში განვიხილავთ შემდგომი პარტიის საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს: 
 

•    ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის


1. ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის


აღნიშნული პარტიის, ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის (შემდგომში, „ლელო“)  საარჩევნო პროგრამის დასახელებაა: ილიას გზა.


პროგრამა საკმაოდ მოცულობითია, შესაბამისად კონცენტრირებულად გავაანალიზებთ საკითხებს, რომლებიც ეკონომიკასთან არიან დაკავშირებულნი.


პარტია ძირითადად აქცენტირებას ახდენს ისეთი ეკონომიკური მიმართულებების ირგვლივ, რომლებიც სიახლეებს წარმოადგენენ ქართულ ეკონომიკაში, თუმცა რამდენად მიღწევადი, გაზომვადი და რეალისტურია, შევეცდებით დეტალურად გავაანალიზოთ.
 

•    200,000 სამუშაო ადგილის შექმნა


დაპირებათა ინდიკატორების განსაზღვრა, ეფუძვნება იმ 4 წლიან მმართველობით პერიოდს, რა დროც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად უნდა დაეთმოს კონკრეტულ პარტიას, შესაბამისად როდესაც ვსაუბრობთ მიღწევადობაზე, გაზომვად მაჩვენებლებსა თუ რეალისტურობაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თითოეული ინდიკატორი, თუ თავად პროგრამაშივე არ არის ხაზგასმული სხვა დროითი მაჩვენებელი (მეტი ვიდრე 4 წელიწადი) ემყარება სტანდარტულ 4 წლიან პერიოდს. 


რის ხარჯზე აღწევს „ლელო“ 200,000 სამუშაო ადგილის შექმნის მიზანს? პროგრამაში ვკითხულობთ რამოდენიმე ძირითად პარამეტრს, რომელიც იდენტიფიცირებულია პარტიის მხრიდან, რომლებსაც მოიხსენიებს, როგორც მეგაპროექტებს, ესენია: 


1.    ანაკლიის პორტი;
2.    ქუთაისი - ლოგისტიკური და ფინანსური ჰაბი; 
3.    თელავი - ღვინის მსოფლიო დედაქალაქი; 
4.    ქართლი - აგრო და ბიოწარმოების ცენტრი; 
5.    სამცხე-ჯავახეთი - ისტორიული, ეთნოგრაფიული ტურიზმის ცენტრი; 
6.    რაჭა-ლეჩხუმი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ცენტრი.


ანაკლიის პორტი


მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის ხელმძღვანელები, კერძოდ, კი მამუკა ხაზარაძე, წარმოადგენდა ანაკლიის პორტთან აფილირებულ პიროვნებას, შესაბამისად პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს მოპოვებული აქვს მშენებლობის უფლება, რთულად წარმოსადგენია, თუ რა იგულისხმება ანაკლიის პორტის მშენებლობაში, პარტიის ხედვიდან გამომდინარე. კერძოდ, თუ პარტია გულისხმობს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებას, წინააღმდეგობრივია თავად დაპირების შინაარსთან, რადგან პროცესი დასრულდა საპარლამენტო არჩევნებამდე, გადაწყვეტილება კი მიიღო საქართველოს მთავრობამ, შესაბამისად, თუ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი დაასრულებს ანაკლიის პორტს, მაშინ დაპირების შინაარსობრივი მხარე იკარგება. თუმცა, პარტიის პროგრამაში იკვეთება რამოდენიმე საკვანძო სიტყვა, კერძოდ, პრიორიტეტი #2 პუნქტში ვკითხულობთ: „ჩვენ დავასრულებთ ანაკლიას და სხვა მეგაპროექტებს. ჩვენი დასაქმების გეგმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სწრაფად მშენებლობა. ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია შექმნის ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიზანმიმართულად გააჭიანურა და შეაჩერა ეს პროექტი პუტინის მოთხოვნების და ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ძლიერი საქართველო განაახლებს ანაკლიის პროექტს და ოთხი წლის განმავლობაში დაასრულებს მას“. აღნიშნული ციტირება გულისხმობს, რომ ძლიერი საქართველო აპირებს ცვლილებების შეტანას, პროექტის განახლებასა და დასრულებას, შესაბამისად როგორ აღწევს პარტია აღნიშნულ მიზანს, მაშინ, როდესაც ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს უკვე მოპოვებული აქვს მშენებლობის უფლება, ბუნდოვანია. 


პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში არსებული კითხვების მიუხედავად, პარტიის პროგრამაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნება 16,000 სამუშაო ადგილი (შეგახსენებთ, რომ პროექტის მშენებლობის ვადა, საუკეთესო ვარიანტში 3 წლიდან 4 წლამდე მერყეობს), რაც 200,000-ის 8%-ს შეადგენს. 


ხაზგასასმელია ფაქტორი, რომ ანაკლიის პორტი სიდიდითა და მოცულობით აღემატება ბათუმისა და ფოთის პორტის ერთიან მოცულობას, შესაბამისად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნამდვილად მეგაპროექტის სახელით კლასიფიცირდება.


დანარჩენი 5 პუნქტი, რომელსაც „ლელო“ მეგაპროექტებად მოიხსენიებს, უფრო მეტად წარმოადგენს იდეებს, რომლებმაც შორეულ პერეპქეტივაში უნდა განავითაროს კონკრეტული რეგიონის დატვირთვა და მისი ეკონომიკის მკვეთრი ზრდა, რამაც საბოლოო ჯამში უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. 


აშკარაა, რომ მეგაპროექტების კატეგორიაში ვერ გავიყვანთ ისეთ მიმართულებებს, რაც ხელშესახებ გარემოებას არ წარმოადგენს. მაგალითად, ქუთაისის, ლოგისტიკურ და ფინანსურ ჰაბად ტრანსფორმაცია, საინტერესო მიმართულებაა, ისევე, როგორც თელავის ღვინის მსოფლიო დედაქალაქად, ქართლის აგრო და ბიოწარმოების ცენტად, სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ ტურიზმის ცენტრად და რაჭა-ლეჩხუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ცენტრად გადაქცევა, თუმცა განსხვავებით ანაკლიის პორტისგან, ბუნდოვნებას იწვევს თითოეული პუნქტის განხორციელების რეალური მაჩვენებლები. 


როდესაც ქვეყანაში არსებობს კონკრეტული რესურსი, სადაც შესაძლებელია პორტის მშენებლობა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს ქვეყნისათვის და ამასთან, კორელაციაშია ინვესტორთა ინტერესებთან, თამამად შესაძლებელია პროექტის განხორციელებაზე საუბარი, რომელიც გაზომვადი და მიღწევადია, თუმცა, კონკრეტული რეგიონების ჰაბად ან/და ცენტრად ქცევა წარმოადგენს საკმაოდ თეორიულ დაპირებას, რომლის განხორციელებაც საკმაოდ ბუნდივანია, ამასთან შეუძლებელია მისი გაზომვა, რადგან არ არსებობს კონკრეტული ინდიკატორები.


როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, რა თქმა უნდა მივესალმები, რომ თითოეულმა რეგიონმა შეიძინოს მსგავსი სახის დატვირთვა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სურვილია, შესაბამისად, საკუთარი სურვილებით მსჯელობა, არ განეკუთვნება ანალიზის განხორციელების საფუძველს, ამასთან, თავად პარტიამაც უფრო მკაფიოდ უნდა გამიჯნოს თუ რას ეწოდება მეგაპროექტი, რას ეწოდება იდეა და შესაბამისად მიაწოდოს ინფორმაცია ამომრჩეველს. 


აღნიშნული დაპირების მიღწევის ერთ-ერთ გზას, შესაძლოა „ლელო“ რუსული გავლენის შემცირებაში ხედავდეს, რადგან პროგრამის თანახმად, პარტია გეგმავს, სავიზო რეგულაციების შემოღებას რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს რუსი მოქალაქეების მიერ, ქართველების ჩანაცვლება სამუშაო ადგილებზე. საინტერესოა, თუ რა მაჩვენებელზე დაყრდნობით არის აღნიშნული მსჯელობა განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ დასაქამება წარმოადგენს ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს, საქართველოში უმუშევრობის დონე 2010 წელთან შედარებით, შემცირებულია 10.8%-ით (2010 წელს უმუშევრობის დონე შეადგენდა 27.2 %-ს ხოლო 2023 წელს უმუშევრობის დონემ შეადგინა 16.4 %).

 



 
უმუშევრობის დონის სტატისტიკური მონაცემის ილუსტრაციის მიზანს, წარმოადგენს ზოგადი სურათის დანახვა ქვეყანაში, რადგან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული ანალიზი, მუდამ ეყდნობა საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად, მაშინ, როდესაც ერთი მხრივ ქვეყანაში არსებობს უმუშევრობის დონის კლების ტენდენცია (რომელიც დათვლადი მაჩვენებელია), მეორე მხრივ კი, „ლელო“ საკუთარ პროგრამაში აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები ანაცვლებენ საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ადგილებზე, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი არ არის გამყარებული კონკრეტული სტატისტიკური მონაცემით, რთულია მისი მიღება, როგორც არგუმენტირებული პოზიციის. 


ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ან მეორე მხრივ მისი სტიმულირების ერთ-ერთ მიმართულებად, ასეევ შეგვიძლია მივიჩნიოთ, „ლელოს“ მიერ გაცხადებული შემდგომი მიმართულება: ანაზღაურებადი სტაჟირება - პირველი სამსახური ყველა კურსდამთავრებულს. 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია პროგრამა, რომელიც 3000-მდე კურსდამთავრებულს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, თუმცა აღნიშნული პროგრამისგან განსხვავებით „ლელო“ ყველა კურსდამთავრებულს სთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას. 


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2023-2024 წელს, ჯამურ რაოდენობას 177,791 სტუდენტი შეადგენდა. 


„ლელო“, საკუთარ პროგრამაში ხშირად ეხება „შრომის სამართლიან ანაზღაურებას“, თუმცა არც საშუალო და არც მინიმალური ანაზღაურების რაოდენობრივი მაჩვენებელი პროგრამაში განსაზღვრული არ არის (ვგულისხმობ კონკრეტულ ციფრს, თუ რა რაოდენობის ანაზღაურება მიაჩნია პარტიას სამართლიანად), პარტიის პროგრამაში აღნიშნულია შემდგომი გარემოება, რომ ახალი მოდელით მოხდება საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრა, თუმცა რა მოდელზეა საუბარი უცნობია.


მინიმალური და საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საინტერესოა იმიტომ, რომ დადგინდეს დაპირების დაახლოებითი ბიუჯეტი, შესაბამისად კი გაანალიზდეს მისი განხორციელებადობა.


რომ შევაჯამოთ დაპირება, 200,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ცალსახად დადებით მოვლენად შეგვიძლია რომ შევაფასოთ, ქვეყანაში სადაც 2023 წლის მონაცემებით 261,700 ადამიანი (16.4%) არის უმუშევარი, აღნიშნული დაპირების შესრულება ეკონომიკური განვითარებისთვის შექმნის საკმაოდ მდგრად საფუძველს, თუმცა მიღწევადობის თვალსაზრისით საინტერესოა დროითი მაჩვენებლის კუთხით რამდენად ან/და რა ვადაში არის აღნიშნული დაპირების განხორციელება შესაძლებელი.  
 

•    „ლელოს“ საინვესტიციო ხედვა


ციტატა მარშალის გეგმის პირველი პუნქტიდან:


„ქართული ოცნების“ მმართველობისას ქვეყანაში დაკარგულია 200 000 სამუშაო ადგილი. საქართველოს ზომის ეკონომიკის ქვეყანაში, თითო სამუშაო ადგილის შესაქმენლად საჭიროა 30 ათასი დოლარი. 6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ძლიერი საქართველო ამ დეფიციტს შეავსებს. „ძლიერი საქართველო“ უზრუნველყოფს სამართლიან ანაზღაურებას თითოეული მოქალაქისთვის!


პარტია საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, ეხება რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, რაც პარტიის ხედვით უნდა მიიღწეს მაკროეკონომიკური სტაბილურობით, კერძო სექტორის პროდუქტიულობის გარზდით, დერეგულირების პროცესით, გამარტივებითა და მაქსიმალური გამჭირვალობის შექმნით და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. 


საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და მაკროენომიკურ სტაბილურობას შორის კორელაცია პირდაპირია, ასევე, კერძო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდაც წარმოადგენს ლეგიტიმურ მიმართულებას, თუმცა, საჭიროებს დამატებით განმარტებას.


მაღალპროდუქტიულ სექტორს განეკუთვნება: ინფორმაციული ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური წარმოების, საფინანსო, ფარმაცევტული საქმიანობის  სექტორები, რომლებიც ორიენტირდებიან კველასა და განვითარებაში ინვესტიციებზე, რასაც თავის მხრივ ახასიათებს ადამიანური რესურსების მაღალკვალიფიციურობა, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხებში.


დაბალპროდუქიულ სექტორს განეკუთვნება: უძრავი ქონებით ვაჭრობის, სოფლის მეურნეობა (განსაკუთრებით მცირე ზომისა ან/და ტრადიციული ფერმერული საქმიანობა), დაბალტექნოლოგიური წარმოება, პერსონალური სერვისები ან მასპინძლობის სექტორი, რომლებიც ნაკლებად ადაპტირდებიან თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ასევე, ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ავტომატიზირებულ პროცესებზე.


აღნიშნულ სექტორებს შორის სხვაობის შემცირება და მაღალპროდუქტიული სექტორის განვითარება, მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე, შემოსავლის დონისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.


საინტერესო გარემოებას წარმოადგენს დერეგულირების საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო, მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის კეთების სიმარტივითა და სხვა ინდიკატორებით, საკმაოდ მოწინავე პოზიციებს იკავებს, სად ხედავს „ლელო“ დერეგულირების აუცილებლობას? 


იმ დროს როდესაც, ქვეყანას არ გააჩნია საინვესტიციო პოლიტიკა, ეჭვს ბადებს დერეგულაციაზე საუბარი და მეტიც, განეკუთვნება ბუნდოვანი დაპირების კატეგორიას. 


ხაზგასასმელია ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხიც, რომელიც „ლელოს“, იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი მიმართულება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზაზე, რაც თავის მხრივ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, ყოველწლიურად ფასდება, კერძოდ: 


•    World Bank's "Ease of Doing Business" Report (Access to Credit Indicator)
•    World Economic Forum's Global Competitiveness Report
•    International Monetary Fund (IMF) Financial Access Survey
•    Global Findex Database (World Bank)
•    Heritage Foundation’s Index of Economic Freedom (Financial Freedom Indicator)
•    OECD Better Life Index (Access to Financial Services)


შესაბამისად, როდესაც ეკონომიკურ პროგრამის ირგვლივ გვიწევს საუბარი, განსაკუთრებით კი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, მეორე მხრივ კი არსებობს მრავალი ინდექსაცია, რომელიც აფასებს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, აუცილებელია, რომ არსებული ვითარების შეფასების შემდგომ იდენტიფიცირდეს კონკრეტული გეგმა. დაპირება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უნდა გაუმჯობესდეს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი, აუცილებლად უნდა იყოს გამაგრებული შესაბამისი მაჩვენებლებით. 


საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, „ლელო“, ასევე აღნიშნავს ემიგრაციისა და მიგრაციის გავლენას, აქვე ხაზგასმულია, რომ ემიგრანტების უმრავლესობა შრომისუნარიანი და მაღალკვალიფიციური უნარების მქონე ადამიანები არიან. თუმცა, აღნიშნული პუნქტიც ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს, როგორ აგვარებს „ლელო“, ემიგრაციისა და მიგრაციის პრობლემას, რამდენად მდგრადია მათი ხედვა და რამდენად კონკრეტული და მიღწევადია მათი გეგმები. 


„კაპიტალის ბაზრის რეფორმით, საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს“.


აღნიშნული მიმართულება მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საგადასახადო და სხვა სახის სტიმულირების გზით.


ფინანსური ცენტრი, ძლიერი საფონდო ბირჟით, რა თქმა უნდა, როგორც მიზანი დადებით და პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენს, მეორე მხრივ თუ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შევაფასებთ მიზანს, დავინახავთ, რომ საკმაოდ ბევრი წინაღობაა მიზნის მიღწევის გზაზე. 


სანამ უშუალოდ წინაღობებზე ვისაუბრებთ, გადავხედოთ ქვეყნებს, რომლებიც ფლობენ ფინანსური ცენტრის სტატუსებს, ესენია: 


•  ამერიკის შეერთებული შტატები - ნიუ იორკი წარმოადგენს კაპიტალის ბაზრების, საინვესტიციო საბანკო სისტემისა და აქტივების მართვის გლობალურ ცენტრს, სადაც განთავსებულია საფონდო ბირჟა (NYSE) და NASDAQ. ქალაქი, რომელიც იზიდავს მულტინაციონალურ კორპორაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და მსხვილ ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან. ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის ზომა: 28.78 ტრილიონი ამერიკული დოლარი.


• დიდი ბრიტანეთი (ლონდონი) - ლონდონი წარმოადგენს ქალაქს, რომელსაც გააჩნია საკმაოდ დიდი რეპუტაცია, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის, სადაც თავის მხრივ განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE), წამყვანი გლობალური ბაზარი, საერთაშორისო კაპიტალისთვის, რომელიც სთავაზობს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ჩარჩოს, მოწინავე ინფრასტრუქტურას და მდგრად ფინანსურ ინდუსტრიას. დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზომა: 2.49 ტრილიონი ამერიკული დოლარი. 


ასევე, ფინანსურ ცენტრებს წარმოადგენს: სინგაპური, ჩინეთი (ჰონგ-კონგი), შვეიცარია (ციურიხი, ჟენევა), ლუქსემბურგი, გაერთიანებული საემიროები (დუბაი). 


განსხვავებით თითოეული ქვეყნისგან, საქართველო, როგორც აღვნიშნეთ დგას წინაღობების წინაშე, რომელიც ხელის შემშლელ ფაქტორებს წარმოადგენს, კერძოდ: 


•    მცირე ბაზარი და ეკონომიკის მოცულობა;
•    გეოპოლიტიკური რისკები;
•    ლიმიტირებული ფინანსური ინფრასტრუქტურა;
•    რეპუტაციის ნაკლებობა;
•    პოლიტიკური არასტაბილურობა;
•    მოწყვლადობა თანაბარი კონკურენციის პირობებში;
•    რეგიონალური გავლენის ნაკლებობა.


თითოეული პუნქტი შესაძლოა მეტად უფრო დეტალურად იქნას განხილული, თუმცა აღნიშნული რისკების არსებობა, წარმოშობს მიზნის მიღწევადობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს, რომელზეც თავის მხრივ საინტერესოა თავად პარტიის მოსაზრება, რამდენად მიაჩნიათ აღნიშნული პუნქტები წინაღობად, ხოლო თუ მიაჩნიათ, მაშინ როგორ წარმოუდგენიათ მათი გადაჭრა და საქართველოს ფინანსურ ცენტრად ქცევა.


•  „შეიქმნება 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის; 


•    შეიქმნება ინოვაციების სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც მოზიდული იქნება სახსრები 1 მილიარდის ოდენობით და ინვესტირებას მოახდენს ახალ ტექნოლოგიებში“.


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მრავალი წელია ფუნქციონირებს პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ორიენტირდება, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ასევე მსხვილი ბიზნესის მხარდამჭერი მექანიზმების შექმნაზე. ამასთან, „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ ყოველწლიურად გასცემს 150,000 ლარიან გრანტებს, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროექტებისთვის. 


შესაბამისად, რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს აღნიშნული 2 პუნქტის მიმართ:


1) საიდან და როგორ აპირებს 3 მილიარდიანი ბიუჯეტის მოზიდვას. როდესაც მსგავსი სახის დაპირების გაცემა ხდება, აუცილებელია, მეტი კონკრეტიკის შემოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია იმის ვარაუდი, თუ როგორ ახდენს „ლელო“ 3 მილიარდი ლარის მოზიდვას. 


2) განსხვავებულ რა მექანიზმებს ქმნის პარტია, იმისაგან, რა სახითაც დღეს საქართველოში გაიცემა კონკრეტული გრანტები. გამჭირვალობის, რესურსების არასწორი გადანაწილებისა და არაეფექტურობის მხრივ, კონკრეტულად რა მექანიზმებს ნერგავს, ასევე ვინ ახდენს ზედამხედველობას აღნიშნულ ფონდებზე. 


3) მსგავსი სახის პროექტები, როგორც წესი წარმოადგენენ გრძელვადიან ინვესტიციებს, შესაბამისად მდგრადობის მხრივ რა მექანიზმებს ნერგავს „ლელო“, იმისათვის, რომ პოლიტიკური ცვლილებების, ეკონომიკური არასტაბილურობის ან რეგიონალური საფრთხეების განვითარების შემთხვევაში, ინვესტორებს ჰქონდეთ მდგრადობის განცდა, განხორციელებული ინვესტიციდან შესაბამისი სარგებელის უკუგების კუთხით. 


„ლელოს“ საინვესტიციო ხედვა, დავიწყე ციტირებით, რომელიც ამავე პუნქტის შეჯამებისთვის შემოვინახე - „ქართული ოცნების“ მმართველობისას ქვეყანაში დაკარგულია 200 000 სამუშაო ადგილი. საქართველოს ზომის ეკონომიკის ქვეყანაში, თითო სამუშაო ადგილის შესაქმენლად საჭიროა 30 ათასი დოლარი. 6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ძლიერი საქართველო ამ დეფიციტს შეავსებს.

 


 

2003 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაქსიმალურ ნიშნულს წარმოადგენდა 2,253,367.7 (2,253 მილიარდი) ამერიკული დოლარი.


6 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, ნიშნავს, საუკეთესო (2022 წლის) მაჩვენებლის 170%-ით გაზრდილ მაჩვენებელს, იმ დროს, როდესაც UNCTAD -ის მონაცემებით, 2023 წელს გლობალურად 2%-ით, ხოლო აზიის რეგიონში 8%-ით იკლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, განვითარებად ქვეყნებში. 


რა თქმა უნდა, ზედმეტად ამბიციურ და არარეალისტურ მიზანს წარმოადგენს 6 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა. თუ 6 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა გადანაწილებულია წლებზე, მაშინ, პარტიის მხრიდან, აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული დროითი მაჩვენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლა ხდება წლიური მაჩვენებლით. 


•    1000 ლარი პენსია 


აღნიშნულ პუნქტსა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის დაპირებას შორის, არის პირდაპირი კავშირი, ორივე პარტია პენსიონრებს ჰპირდება პენსიის ზრდას 1000 ლარიან ნიშნულამდე. 


როგორც სტატიათა ციკლის 1-ელ ნაწილში აღვნიშნე, სავალუტო ფონდის რეკომენდაციით საქართველოში მოქმედებს პენსიების ინდექსაციის კანონი, შესაბამისად 70 წლამდე პენსიის რაოდენობა შეადგენს 315 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 415 ლარს (პენსიის საშუალო მაჩვენებელი: 365 ლარი). 


განსხვავებით ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისგან, „ლელო“, პენსიის ზრდის მაჩვენებლის ირგვლივ, კონცენტრირდება მხოლოდ პენსიონრებზე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა ასევე აღნიშნული დაპირების ქვეშ ართიანებს, შშმ პირებსა და ომის ვეტერანებს), შესაბამისად საშუალო პენსის რაოდენობიდან გამომდინარე, „ლელო“-მ უნდა გაზარდოს პენსია დაახლოებით 170%-ით.
ის, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებისგან, 170%-ით პენსიის გაზრდა წარმოადგენს არარეალისტურ ფაქტორს, „ლელო“ აბალანსებს შემდგომი მიმართულებებით, რომ პარტია აღმოფხვრის კორუფციას, შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, შეუკვეცავს ბიუჯეტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაბეგრავს აზარტული თამაშების ინდუსტრიას უფრო მეტად. 


რაც შეეხება კორუფციის აღმოფხვრას, მოგეხსენებათ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო მოწინავეა რეგიონში, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, მნიშვნელოვნად დადებითი დინამიკა არ გააჩნია ქვეყანას, შესაბამისად კორუფციის კუთხით გარკვეული გამოწვევები არსებობს. 


საქართველო 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს რეიტინგში, ხოლო რეგიონში უსწრებს ყველა ქვეყანას. 

 

  

 

მიუხედავად რეგიონში მოწინავე პოზიციებისა და მეორე მხრიც გამოწვევებისა, კორუფციის აღმოფხვრა მაინც განეკუთვნება რთულად გაზმოვად მაჩვენებელს, რომელიც ასევე საკმაოდ რთულია დაკონვერტირდეს ციფრებში, შესაბამისად კორუფციის აღმოფხვრის კონვერტირება პენსიის ზდრის გზაზე, საკმაოდ ბუნდოვან კატეგორიას განეკუთვნება.


რაც შეეხება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, აღნიშნულ საკითხზე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს, თუმცა მაინც ბუნდოვანია ოპტიმიზაციის საკითხი, კერძოდ, როგორ აპირებს „ლელო“ პროცესის წარმოებას და რა რაოდენობის ხარჯების გამოთავისუფლებასთან არის დაკავშირებული ბიუროკრატიის შემცირება. 


ქვეყანას, რომელიც მრავალი წელია ასრულებს დამაკავშირებლის ფუნქციას, მეორე მხრივ, შეუკვეცო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, საკმაოდ უცნაურ გარემოებას წარმოადგენს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ანალოგიურ პროგრამაში ვკითხულობთ შემდგომ რამოდენიმე მიზანს:


„სამუშაო ძალის მობილობისთვის, ემიგრაციის შემცირებისთვის და ეკონომიკური ზრდის ტემპის გასაზრდელად სარკინიგზო-სახმელეთო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია ყველა ძირითად ქალაქსა და სოფლებში, რომლის დროსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მინიმალურ დროში მოახერხებს ქალაქში ჩასვლას და დაბრუნებას. ამ დროითი დანახარჯის მინიმალიზაცია მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეების ცხოვრებას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას“.


„ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისთვის თავისუფალი ეკონომიკური და სავაჭრო ზონების შექმნა. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სავაჭრო-სამეწარმეო ურთიერთობების წახალისება“


„რეგიონის სკოლების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სასკოლო ინვენტარითა და დანადგარებით აღჭურვა“


„სამელიორაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა“


„უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა“


როგორ აპირებს პარტია აღნიშნული პროექტებისა და მიზნების განხორციელებას, როდესაც მისსავე მიზანს წარმოადგენს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შეკვეცა. ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ კონტრავერსიულ და ურთიერთგამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს. 


იმისათვის, რომ 838,000 პენსიონერმა მიიღოს 1000 ლარი პენსია, ყოველთვიური საპენსიო ბიუჯეტი უნდა განისაზღვროს 838 მილიონი ლარით. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 2024-2025 წლებში განსაზღვრულია 101 მილიონი ლარი. რაც თავის მხრივ 838 მილიონი ლარის 12%-ს წარმოადგენს, შესაბამისად საინტერესოა თუ რა რაოდენობით აპირებს პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შეკვეცას? საუკეთესო ვარიანტში, 50%-ით რომ შეიკვეცოს ბიუჯეტი (რაც წესით არარეალისტურ გარემოებას წარმოადგენს), გამოდის, რომ შეკვეცილი თანხა იქნება საპენსიო ბიუჯეტის 6%, თუმცა, ზუსტი გაანგარიშებისთვის, აღნიშნული 6%, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯამურ ბიუჯეტს წარმოადგენს, უნდა გადანაწილდეს 12 თვიან პერიოდზე, შესაბამისად გამოდის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შეკვეცით, 0.5%-ის გენერირებაა შესაძლებელი საპენსიო ფონდის თვიურ ბიუჯეტში.  


2024 წელს ცვლილება შევიდა აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთებში, კერძოდ ნაცვლად 10 პროცენტისა, აღნიშნული რაოდენობა განისაზღვრა 15%-მდე.


2023 წელს აზარტული თამაშების ინდუსტრიის წმინდა მოგებამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარი შეადგინა. გაზრდილი მოგების გადასახადის გათვალისწინებით, დაახლოებით 280 მილიონი ლარი იქნებოდა მოგების გადასახადის განაკვეთი. 280 მილიონი პირდაპირი პროპორციით რა თქმა უნდა ვერ გადანაწილდება მხოლოდ საპენსიო ფონდზე. დამატებითი დაბეგვრის შემთხვევაში, დავუშვათ ლოგიკა, რომ 5% დაემატა მოგების გადასახადს, რომელიც სრულად მიემართება საპენსიო ფონდში. მივიღებთ, რომ დაახლოებით 70 მილიონი ლარის მოზიდვა იქნება შესაძლებელი აზარტული თამაშების ინდუსტრიიდან, საპენსიო ფონდში, შესაბამისად 70 მილიონი, რომ 12 თვეზე გადანაწილდეს, მივიღებთ დაახლოებით 5,8 მილიონ ლარს თვეში, რაც თავის მხრივ 1%-ზე ნაკლებ მაჩვენებელს წარმოადგენს. 


„ლელოს“ 1000 ლარიანი საპენსიო დაპირება, წარმოადგენს საკმაოდ სადავო საკითხს, მეტიც, რომ შეფასდეს 1000 ლარიანი საპენსიო დაპირების მიღწევის გზები, დავინახავთ ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ მიმართულებას, რომელიც თავის მხრივ ბადებს კითხვებს, რაზეც საინტერესოა თავად პარტიის ეკონომიკური გუნდის არგუმენტირებული მოსაზრებები. 
 

•    მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა

 


 
„ლელო“, მიზნად ისახავს ყოველწლიურად 10%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომლის მიღწევის საფუძვლად პარტია მარშალის გეგმას ასახელებს. 


რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე, დავინახავთ, რომ ყველაზე დიდი ზრდა საქართველოში 2021 და 2022 წლებში დაფიქსირდა, შესაბამისი 10.5% და 10.4%-ით. 


მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს რესურსი იმისა, რომ 2025 წელს 7.5%-ით გაზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, თუმცა ასევე, ასახელებს მიზეზს, კონკრეტულად არჩევნების შემდგომ შესაძლო არასტაბილურობას, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ეკონომიკურ ზრდას. 


შესაბამისად, 10%-იანი ზრის მიღწევა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკონომიკურ ზრდა აღემატოს მსოფლიო ბანკის ანგარიშში დადგენილ მაჩვენებელს. 
 

•    შეჯამება:


„ლელო“, საკუთარ პროგრამაში ასევე ეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის სოფლის მეურნეობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარებას, იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულების შემცირებას, ქალი მეწარმეებისთვის ხელშემწყობ პროგრამებსა და სხვა მიმართულებებს, რომლებიც ცალსახად დადებით ეკონომიკურ პროცესებს შექმნის ქვეყანაში. თუმცა ერთია ხედვა, ხოლო მეორეა კონკრეტული დაპირება.


„ლელოს“ საარჩევნო პროგრამის შეჯამების ნაწილში აღვნიშნავ, რომ პარტიას, როემელიც დაკომპლექტებულია ეკონომიკასა და ფინანსებში გამოცდილი ადამიანებით, მოეთხოვება დაპირებებში მეტად უფრო კონკრეტული ხედვებისა და მიღწევის გზების წარმოდგენა, ვიდრე ყოველივე ასახულია საარჩევნო პროგრამაში. 


განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური პარამეტრებისა და ინდიკატორების ნაკლებობა, რომელიც 4 წლიან პერსპექტივაში, ან თუნდაც დროითი მაჩვენებლის გარეშე, უნდა ქმნიდეს მდგრად საფუძველს, კერძოდ კი მიზნების მიღწევადობის კუთხით. 
 

გააზიარე: