ხათუნა ბურკაძე - 26 ოქტომბერი ჩვენი ევროპული მომავლის განმსაზღვრელია, რაც ძალაუფლების გაზიარებასა და კოალიციურ მმართველობას მოითხოვს

ავტორი:

შესავალი
 

ჩვენი ქვეყანა არაერთგზის აღმოჩნდა საფრთხეებისა თუ გამოწვევების წინაშე პირისპირ. საქართველოს ისტორია ხომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მრავალ ეპიზოდს მოიცავს. ჩვენ, ქართველები მუდამ ვიბრძოდით ჩვენი ტერიტორიების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და რასაკვირველია, თავისუფლების დასაცავად. სხვადასხვა ძალისხმევის შედეგად ვცდილობდით საერთაშორისო არენაზე ღირსეული, კუთვნილი ადგილის დამკვიდრებას. ასევე, ისტორიულად მივისწრაფოდით ევროპისკენ. თუმცა ისტორიის უკუღმართობამ და მტერმა ევროპას ჩამოგვაშორა და ტოტალიტარული სისტემის ნაწილი გაგვხადა, სადაც ადამიანს არანაირი ღირებულება არ ჰქონდა.
 

დღეს ჩვენი ვალია წინაპრების გზას გავყვეთ და დასავლურ სამყაროსთან სრული ინტეგრაციისათვის მეტ ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ. ეს ჩვენი ეროვნული, კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ისტორიული სამართლიანობა უკვე ჩვენგან მოითხოვს დიდი წინაპრების გზის პატივისცემას და ამ ცივილიზაციური არჩევანის უზრუნველყოფას სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, რასაც ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამ სისტემის ქვაკუთხედია ადამიანი და მისი განვითარებისათვის, მისი უფლებების, თავისუფლებების დაცვისათვის სათანადო გარემოს შექმნა. ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის შესაქმნელად არის აუცილებელი.
 

მშვიდობის დაცვის გზა
 

საქართველოს სახელმწიფოებრივ მიზნებს შორის, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მშვიდობის დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მშვიდობის, განსაკუთრებით პოზიტიური მშვიდობის უზრუნველყოფა პარტნიორების მხარდაჭერისა და რეფორმების განხორციელების გაგრძელების გარეშე წარმოუდგენელია. საერთაშორისო პოლიტიკის წესები და დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობა გვკარნახობს, რომ არაორდინალურ ვითარებაში მყოფ სახელმწიფოს, ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში, სჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების მკაფიოდ განსაზღვრა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალი შესაძლებლობებისა და ფორმატების შექმნა. სწორედ მსგავსი მიდგომები ქმნიან მყარ გარანტიებს ბალანსის შესანარჩუნებლად და საფრთხეების შესაკავებლად. მეტიც, მშვიდობის აუცილებელი პირობაა მდგრადი განვითარება. ამიტომაცაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება. დღეს ევროკავშირი, მისი მრავალგანზომილებიანი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ევროპული სახელმწიფოების ერთობას. მათი დახმარებით ხვალ შეგვიძლია გვქონდეს მაღალგანვითარებული განათლების, ჯანდაცვის, აგრარული, ფინანსური, უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეებისათვის განვითარების დემოკრატიული, სტაბილური გარემოს შექმნას მთელი რიგი შესაძლებლობებით. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს დასაქმებულის (ჯერ კიდევ 1957 წელს ევროპული გაერთიანებების ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად იქცა პრინციპი - თანაბარი ანაზღაურება თანაბარი სამუშაოსთვის), სტუდენტის, მოსწავლის, მასწავლებლის, პროფესორის, ექიმის, მოხელის, ფერმერის, პენსიონერისა და სხვათა უფლებების დაცვას, მათ პატივისცემას, დაფასებას. ასევე, ევროპული სტანდარტების დანერგვა ნიშნავს ნეპოტიზმზე უარის თქმას და დამსახურებაზე დაფუძნებული ინსტიტუციების განვითარებას, რომლებიც ქმნიან შესაბამის მოტივაციას პროგრესისათვის, წინსვლისათვის, ინოვაციებისათვის 21-ე საუკუნეში, კერძოდ ციფრული ტექნოლოგიების ერაში.
 

გამოწვევები
 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, 2024 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა (რომელიც თავისი შინაარსით რუსული კანონია) განაპირობა გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროცესის შეჩერება. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი პრაქტიკაში დანერგვა ნიშნავს განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრებების მქონე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და მიუხედავად მათი საქმიანობისა, აგენტებად გამოცხადებას. ეს იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არსებითად აზიანებს. დაყოფის, დაქსაქსულობის, ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის შემთხვევებში ქვეყანა ვერ შეძლებს ევროპულ დემოკრატიულ სისტემად, საბოლოოდ, ფორმირებას. ევროინტეგრაციის პროცესი მოითხოვს არა ისეთი ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც დააზიანებენ სამოქალაქო გარემოს, არამედ ხელს შეუწყობენ თავისუფალი გარემოს არსებობას. სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესი ურთიერთშეკავებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმების განვითარებას გულისხმობს, რომლის მიღწევა თავისუფალი საზოგადოების, მედიის გარეშე შეუძლებელია. დასავლური, ევროპული ღირებულებების საყრდენი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა, რასაც ეფუძნება დემოკრატიული სისტემები. აღნიშნულმა და სხვა მცდარმა, არასტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა არ მოგვცა ევროინტეგრაციის გზაზე მეტი ხელშესახები შედეგის მიღწევის საშუალება. მეტიც, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აქამდე მოპოვებული წარმატება, მათ შორის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შენარჩუნება აუცილებელია საქართველოს მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დასაცავად. წესით ჩვენ გაწევრიანების თაობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული უნდა გვქონდეს, რაც განსხვავებულ იმპულსს შესძენდა ევროინტეგრაციის პროცესს. კერძოდ, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით მიიღო გადაწყვეტილება გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე ევროკომისიამ მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. ევროკომისიის ფინანსური დახმარების პაკეტი სამ კომპონენტს მოიცავს. პირველი ფინანსური დახმარების გაზრდას ეხება, რაც გულისხმობს ახალი გზების, ხიდებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ახალი საავადმყოფოების აშენებას, ქვეყანაში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ბიზნესისთვის დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფას. მეორე კომპონენტია მოლდოვისთვის ევროკავშირის საერთო ბაზარზე წვდომის გაზრდა, რაც ნიშნავს: საქონლის თავისუფალ მიმოსვლას და მიწოდების ჯაჭვში ინტეგრაციას, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების გამარტივებას, ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზართან ინტეგრაციასა და ციფრულ ბაზარზე ხელმისაწვდომობას. მესამე კომპონენტი აერთიანებს მოლდოვის ეკონომიკური და ფუნდამენტური რეფორმების მხარდაჭერას. ეს პაკეტი ცხადყოფს, თუ როგორ მიიღწევა ევროინტეგრაციის გზით ქვეყნის მდგრადი განვითარება, რაც საქართველოსათვის ქმნის მყარ საფუძველს პროცესის განახლებისათვის.
 

სამწუხაროდ, არასწორი, არამართებული, არასტრატეგიული გადაწყვეტილებებით არსებითი ზიანი მიადგა მთლიანად საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციითა განმტკიცებული. ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), განუსაზღვრელი დროით გადადო. შეჩერებულია ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება. დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა. დანიასთან სამხედრო დახმარების პროგრამა გასულ წელს დაიწყო. მისი მოცულობა 71,5 მილიონი დანიური კრონი გახლდათ, რაც 28 მილიონ ლარზე მეტია. გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან „უორდროპის დიალოგის“ და კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამის შეჩერების შესახებ, ეს უკანასკნელი პირდაპირ დაკავშირებულია იმ თანამედროვე შესაძლებლობების შექმნასთან, რაც აუცილებელია ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დასაცავად. სწორედ მათი უწყვეტი ფუნქციონირება საჭიროა ქვეყნის თავდაცვისათვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და საზოგადოების ნორმალური საქმიანობისათვის. ასევე, ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, გაუქმდა თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები. გარდა ამისა, საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ (OGP) წევრობა შეუჩერდა. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ლიდერ სახელმწიფოდ ვითვლებოდით. Global Finance-მა კი დაბალი შეფასება მოგვცა და მონეტარული პოლიტიკა ნეგატიურად შეაფასა. ხოლო 2024 წლის 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე, ოფიციალურად განაცხადა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერების თაობაზე. ამ მძიმე გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად, ყოველდღიურად იკვეთება კომპლექსური პრობლემები როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. ეს კი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ, უსაფრთხო, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობის შესანარჩუნებლად და დასაცავად. იზოლირებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ურთულეს საფრთხეებსა და გამოწვევებს.
 

დასკვნა
 

ზემოაღნიშნული მოცემულობა ჩვენგან მოითხოვს სწორი არჩევანის გაკეთებას. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უნდა იქცეს ძალაუფლების გაზიარების ლეგიტიმურ საფუძვლად, რაც საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიისათვის შექმნის ახალ პრაქტიკას კოალიციური მთავრობის ფორმირების თვალსაზრისით. სხვაგვარად პარტნიორებთან, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვას ვერ შევძლებთ და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით შედეგებს ვერ მივაღწევთ. მეტიც, შესაძლოა მეტი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდეთ პირისპირ. შესაბამისად, მშვიდობიანი, ევროპული, გამთლიანებული საქართველოს გასაღები მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაშია, რაც თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით მიიღწევა და ამ პროცესში თითოეულ ჩვენგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია საკუთარი ქვეყნის წინაშე.

გააზიარე: