როგორ „მივესადაგოთ“ ტრამპს: ქართული Real-მოლოდინები 

ავტორი:


(პირველი ნაწილი)
 

პოლიტიკა იგივე რაც საქმიანი გარიგება?


დონალდ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტება მსოფლიო მასშტაბით ვნებათაღელვას უკავშირდება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა.


ასეთი მოლოდინების მაღალი რეგისტრი ბუნებრივად აიხსნება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური როლით, ისე ტრამპის, როგორც  პიროვნების, თავისებურებებით. ერთად აღებულ ამ ორ ფაქტორს, რეალურად - და რეალისტურად - ამ თუ იმ სტერეოტიპული პროცესის ნებისმიერი მიმართულებით დაძვრა შეუძლია.


დონალდ ტრამპის პოლიტიკური ხელწერა მრავალი განსჯისა თუ სახელდების ობიექტად იქცა. მათი სიმრავლის მიუხედავად, ალბათ, უმთავრესი გამაერთიანებელი აღმნიშვნელი ასე ითქმის: ტრამპის ხელწერის უჩვეულობა და არაპროგნოზირებადობა. ამას ხელს უწყობს არა მხოლოდ მისი პირველი პრეზიდენტობისა და მეორედ გაპრეზიდენტების მიზნით წარმოებული საარჩვენო კამპანია, არამედ ის სრულიად განსხავებული მსოფლიო, რომელშიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს თავისი მეტად წონიანი სიტყვის თქმა მოუწევს. 


დიახ, უკვე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ტრამპი „სიტუაციურ“ პოლიტიკას გვპირდება, კონკრეტული ქეისისა და გარემოებების შეფასებით, სისტემური ხაზის გარეშე. ეს კი თანაბრად კარგი და ცუდიცაა: გააჩნია ვისთვის, როგორ და რა შემთხვევაში.


ასეთი „სიტუაციურობა“  - ხშირად, აღნიშვნა „ტრანზაქციურობასაც“ („საქმიანი გარიგება“) კი იყენებენ - სწრაფად ცვალებად გარემოში გამორჩეულ სისხარტეს, მისასადაგებლად საჭირო ალღოს და, შეძლებისდაგვარად, წინსწრებით მოქმედებას მოითხოვს ქართული მხრისგან. 


ის თუ დღეის მდგომარეობით ეს რამდენად შეგვიძლია, მკითხველს ჩემი კარნახის გარეშეც კარგად მოეხსენება. ამდენად, აჯობებს, უკეთესობისაკენ ცვლილებების იმედად ტრამპისა და მისი გუნდის პოლიტიკურ ვარიაციებზე, ისევე როგორც ასეთ ვარიაციებთან ქართულ „რეალისტურ“, ე.წ. Real-მოლოდინების შეწყობაზე ვისაუბრო. 
 

საზღვრების „გადაწერა“: განახლებული მონროს დოქტრინა?


გრენლანდიასა და პანამის არხზე განცხადებებმა ისედაც „უწესრიგო“ საერთაშორისო წესრიგი, ერთი შეხედვით, უფრო მოწყვლადი გახადა. 


მოწყვლადობის რისკი განსაკურებით გამძაფრდა უკრაინაში ომის რუსული კონტექსტით და მისი პოლიტიკური მოწესრიგების „საქმიან გარიგებასთან“ გატოლების პერსპექტივით, ისევე როგორც ჩინეთის მხრიდან ტაივანის მიმართ პრეტენზიით. ეს რაც უკვე გაცხადებულ „მსხვილ“ ტერიტორიულ პრეტენზიებს უკავშირდება, თორემ შედარებით „მცირე“ თუ „ფარულ“ პრეტენზიებს რაც შეეხება, აქ ე.წ. „პანდორას ყუთის“ პრინციპზე მკითხველს კარგად მოეხსენება.


ჩვენთვის რაც განსაკუთრებით ახლო და საყურადღებოა, ეს გლობალური წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების - ურყევობა და სტაბილურობაა. ფაქტია, რომ საქართველოსთვის, როგორც მცირე/კომპაქტური ქვეყანისთვის, საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმები საკუთარი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის დამატებით ზღუდეს წარმოადგენენ.


მანამ საკითხს შედარებით ჩავუღრმავდები, მოკვლეულ მასალაზე დაყრდნობით ტრამპისეულ „მონროს“ განახლებულ გაგებაზე მინდა რამდენიმე მოკლე განმარტება გავაკეთო. კერძოდ, მონროს დოქტრინის „განახლებულ“ ვერსიას რამდენიმე პრინციპული დებულება ავსებს, სახელდობრ:


1) ამერიკის შეერთებული შტატებისათვის რეალურად არსებითი ინტერესების უზრუნველყოფა აშშ-ის უშუალო სიახლოვეში და მაქსიმალურად ახლო გეოგრაფიებში;
 

2) უსარგებლო კონფლიქტების თავიდან არიდება, განსაკუთრებით, ისეთ შორეულ გეოგრაფიებში, რომლებიც აშშ-ის არსებით ინტერესებს ან საერთოდ არ უკავშირდება ან მხოლოდ ზედაპირულად უკავშირდება; 
 

3) აშშ-ის, როგორც „ძლიერი და დიადი“ ქვეყნის, „ნათელ მომავალში“ რწმენის აღდგენა ამერიკელების თვალში - ე.წ. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის შესაბამისად.


თუკი სამივე დებულებას ერთ შემაჯამებელ ფრაზაში თავს მოვუყრით, საუბარია გლობალურად არსებული პრობლემებისა თუ კრიზისების მიმართ აშშ-ის მხრიდან რეალისტურ და უფრო შერჩევით მიდგომაზე. ეს კი ძირეულად ეწინააღმდეგება აქამდე ქვეყნის ოფიციალურად დეკლარირებულ პრინციპს აშშ-ის ინტერესების „გლობალურ პრიმატზე“ და „მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დემოკრატიის განმტკიცების გზით“. უფრო პრაქტიკული გაგებით კი...


...ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის როლი, როგორც მსოფლიოში წესრიგის შენარჩუნებაზე მეთვალყურის, შესაძლოა გადაიხედოს. შედეგად, ამერიკული ინტერესების გამორჩევა ქვეყნისათვის მათი პრიორიტეტულობის მკაცრი ტესტის მიხედვით მოხდება. მეტიც: ამერიკის არსებითი ინტერესების მიღმა მყოფ „პერიფერიებს“ საკუთარი ამოცანებისა თუ საჭიროებების ხელშესაწყობად აშშ-ს რესურსის მოხმობა შეუსაბამოდ გაუძვირდებათ ან ეს სულაც შეუძლებელი შეიქმნება.


აღნიშნული მიდგომის ხისტ პოლიტიკურ ხაზად ქცევის შემთხვევაში, პრობლემურ გეოგრაფიებში მყოფი ქვეყნები დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან - მაშინ და როდესაც კონკრეტული ქვეყნის ინტერესი ვერ ან არ მოექცევა აშშ-ის არსებით ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში, როცა ერთი მეორეს ორგანულ ნაწილად არ შეფასდება.


ცხადია, რომ აღნიშნული მიდგომა დიდი გამოწვევაა ქართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისათვის: როგორ ვიქცეთ რეალურად საჭირო პარტნიორად? როგორ შევუწყოთ ჩვენი ინტერესი ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებულ ხელწერას? როგორ არ აღმოვჩნდეთ ქართული სახელმწიფოს მდგრადობისა და თვითკმარობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ყურადღების მიღმა? 


პრაქტიკულობაზე საუბრისას ზედმეტ თეორიულ დეტალებში შეგნებულად არ შევდივარ. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი, რომ მოსაწყენი იქნება თეორიის ლაბირინთებში გზის გაკვალვა და ამის კეთება ახლა ამ ეტაპზე უსარგებლო სავარჯიშოდ მიმაჩნია; და მეორე, თანამედროვე დისკუსში საგარეო და უსაფრთხოების თემების ვრცელი გარჩევა აკადემიურ სფეროში მეტწილად საკუთარი თავის დამკვიდრებას ემსახურება, ვიდრე კითხვებზე საჭირო პასუხების მიგნებას.


ამ საჭირო დათქმების მიუხედავად, რამდენიმე მოკლე განმარტებას, ისევ და ისევ საკვანძო საკითხის - ქართულ რეალისტურ მოლოდინებზე სასაუბროდ - აუცილებლად მივიჩნევ:


1) საერთაშორისო ურთიერთობებში ტრამპის მიერ გაცხადებული „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის კონტურები ნაკლებად სტატიკის, ხოლო უფრო სიტუაციური ევოლუციონირების - დინამიკის საკითხია. შესაბამისად, ტრამპის გაპრეზიდენტება არ ნიშნავს დებატების დასასრულს, ერთი მხრივ ნეო-იზოლაციონისტებსა და, მეორე მხრივ, მათ შორის ვინც ფიქრობს რომ გლობალურად ამერიკული ინტერესების პროეცირება ხელახალ გააზრებას მოითხოვს, თუმცა, ეს ავტომატურად არ უდრის აშშ-ის გლობალურ როლის შემცირებას;
 

2) ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპის მიდგომა აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების ახალ „ჩარჩო“ პოლიტიკას უწინასწარმეტყველებს, ხოლო კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაშასადამე, ამ „ჩარჩოს“ ფარგლებში „ჩამოიქნება“;

 
3) როგორიც არ უნდა იყოს პრაქტიკული პოლიტიკის თეორიული სარჩული, ორი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო და დარჩება: ძალა და თავდაცვა;
 

4) შეთავაზებული ხაზი არ ნიშნავს „პერფექციონისტობაზე“ პრეტენზიას. აქ არის საუბარი რომ ტრამპის ამერიკა ვინმეს მეგობრებზე უკეთესი მეგობარი ან ვინმეს მტრებზე უარესი მტერი იქნება. ის მხოლოდ საქმიან ალტერნატივას სთავაზობს, სადაც „პირადი არაფერია“. სხვა მოსაზრებებთან ერთად, აქვე სახელდება „ამერიკული განსაკუთრებულობის“ ექსპორტის დ სხვების თავს მისი მოხვევის მიუღებლობა;

 

5) ქვეყნის ფარგლებს გარეთ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ განიმარტება, როგორც აშშ-ის ისეთი პარტნიორებისა თუ მოკავშირეების მხარდაჭერა, რომელთაც საკუთარ თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვის უნარი და სურვილი აქვთ. შესაბამისი „კანდიდატები“, მინიმუმ, აშშ-ის გეოსტრატეგიულ ინტერესებთან კვეთის ტესტს უნდა აკმაყოფილებდნენ. ეს უმთავრესი კრიტერიუმია, რომელიც „ფასეულობებისა“ და „ეთიკური ნორმების“ ტესტს საგრძნობლად აღემატება;

 

6) გაცხადებული პოლიტიკის ერთ-ერთ განმასხვავებლად სახელდება კონფლიქტების გადაჭრა და არა მათი მართვა. უფრო რადიკალურ - და მეტად არასახარბიელო - წაკითხვაში „კონფლიქტების გადაჭრა ნაცვლად მათი მართვისა“ ახალ რეალობაზეა მიმართული რაც, სხვათა შორის, არც საზღვრების გადაწერას გამორიცხავს. აღნიშნული მოდგომის რაციონალზე საუბრისას ერთ-ერთად ისიც სახელდება, რომ „სამართლიანობა“ და „მშვიდობა“, არათუ იშვიათად, საპირისპირო მიმართულებებისაა: მაშინ როდესაც „სამართლიანობის“ ძიება ერთ წრეზე სიარულს უდრის, „მშვიდობაზე“ პრაქტიკული ორიენტირება რეალური პრობლემის გადაჭრას და წინ მოძრაობას ემსახურება; 
 

7) ტრამპის საარჩევნო კამპანიისას გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ახალი ადმინისტრაციისათვის მიუღებელი იქნება იმგვარი ალიანსი, სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება თუ პროექტი (მაგალითისათვის, BRICS ან ჩინური „სარტყელისა და გზის ინიციატივა“), რომელიც „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას დააბრკოლებს, ისევე როგორც ამავე პოლიტიკისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტის, აშშ დოლარის უპირატესობას დაემუქრება.
 

ტრამპის დღის წესრიგში „ქართული სივრცის“ აქტუალიზაციისათვის...


(გაგრძელება მეორე წერილში)
 

გააზიარე: