ეპილოგი პროლოგის ნაცვლად
დღეს ხშირი საუბარია ლიბერალიზმზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასრულებაზე და მისი ახალი - ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი - ურთიერთობათა სისტემით ჩანაცვლებაზე. „ახალი წესრიგის“ ნაცვლად „ურთიერთობათა სისტემა“ შემთხვევით არ გამოვიყენე, ვინაიდან ის თუ რამდენად მოწესრიგებული იქნება აღმოცენებადი სისტემა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტებამდე „უწესრიგო წესრიგს“ ვიყენებდი, რამეთუ რასაც უკრაინის ომისა და ომამდე პერიოდს რეალური წესრიგისათვის დამახასიათებელი სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის არაფერი ეტყობოდა. ხოლო, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ 20 იანვარს დადებული ფიცის შემდეგ „უწესრიგო წესრიგი“ უფრო მეტად გაღრმავდა. ეს კი, უწინარესად, წესებზე დაფუძნებული ლიბერალური საერთაშორისო სისტემის საფუძვლების საბოლოოდ დასამარება თუ არა, მათ ფუნდამენტურ მორყევაში გამოიხატება. რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, ასეთი რყევა გაგრძელდება და, სავარაუდოდ, ისეთ ფორმას მიიღებს, რაც ამ მომენტისათვის მაღალი სიზუსტით წარმოუდგენელია. აღნიშნულ პროცესს მრავალი მახასიათებელი და არაერთი სხვა გამოვლინება აქვს. თუმცა, ამ სტატიაში მხოლოდ ერთზე - გავრცელებული აზრით კი, ყველაზე მთავარზე - ტრამპის პრეზიდენტობის ფენომენზე ვისაუბრებ. ის თუ რისი მოწმენიც 20 იანვრის ფიცის დადების შედეგად გავხდით, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის რადიკალურ სახეცვლილება აშკარად რუბიკონის გადალახვაზე მიუთითებს და, მაშასადამე, საერთო კონსენსუსის შედეგად შემუშავებული გლობალური წესების თანმიმდევრულ დაცვაზე უარის თქმას აღნიშნავს. აქვე საკითხავი ისიცაა, ასეთი უარი საბოლოოა თუ, საუკეთესო შემთხვევაში, ხანგრძლივი მოქმედების ეფექტის მქონეა.
საუბრების გარდა, კონკრეტული ქვეყნებისა თუ ლიდერების მხრიდან მეტად კონკრეტულ პოლიტიკას ვხედავთ, რაც - ლიბერალიზმზე დაფუძნენული საერთაშორისო წესრიგის, ალბათ, დასკვნით თავზე მიგვითითებს.
მოკლედ (არცთუ შორეულ) ისტორიაზე
წესებზე დაფუძნებული წესრიგი მხოლოდ თანამედროვეობის „სასაქონლო ნიშანს“ არ წარმოადგენს. მისი ანალოგები კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში შეგვხვდება, იქნება ეს ძველი რომის ხანა, 1648 წლის ვესტფალიის სისტემის მოქმედება თუ 1815 წლის ვენის კონგრესის შედეგად ქვეყნებს შორის ქცევის დანაწესი.
ისტორიული პარალელების ამ, ერთობ, არასრული ჩამონათვალის ფონზე, წესებზე დაფუძნებული წესრიგის თანამედროვე ვერსია აშშ-ში ვუდრო უილსონის პრეზიდენტობისას იღებს სათავეს. პირველი მსოფლიო ომის შედეგად გერმანიის დამარცხება და სამი იმპერიის (რუსეთის, ოსმალეთის და ავსტრო-უნგრეთის) დაშლა, ისევე როგორც ერთა ლიგის დაფუძნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წეს-წყობილებაში შესავალი იყო. მასვე უკავშირდება „თავისუფალ ერთა სამყაროდ“ საწყისი მონახაზი, რომელიც, შემდგომში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გამოიკვეთა, ხოლო კიდევ უფრო გვიან - ე.წ. „ცივი ომის“ დასრულებისთანავე იმ ფორმით ჩამოყალიბდა, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ.
აღსანიშნია, რომ სამივე ზემოაღნიშნული საეტაპო მოვლენა „თავისუფალი სამყაროს“, რეალურად, ანგლო-საქსური ტიპოლოგიით ფუნქციონირებას მოიაზრებდა რაც, არსებითად, თავისუფალი ბაზრის, წარმომადგენლობითი და დემოკრატიული ხელისუფლების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას უნდა დაფუძნებოდა. თუმცა, აუცილებლად სათქმელია, რომ ეს პრინციპები „თავისუფალი სამყაროსათვის“ მის გარეთ მოქცეულ დანარჩენ სამყაროსთან საურთიერთობოდ უპირობო შეზღუდვას არ წარმოადგენდა. მეტიც, „ეროვნული ინტერესების“ მუდამ ცვალებადი გაგებიდან მომდინარე, არადემოკრატიულ რეჟიმებთან სიტუაციური ინტერაქცია თუ შედარებით სისტემური თანამშრომლობა გაცილებით მეტი „ბოროტების“ დამარცხების გარდაუვალი აუცილებლობით აიხსნებოდა.
ასე თუ ისე, „უილსონიზმმა“ განსხვავებული ისტორიული ქარტეხილების გამოცდას - ხოლო მის ევოლუციონირების კონტექსტში ყველაზე წარმატებულ პროექტად ევროკავშირი სახელდება, - ორი ათასიანების მეორე დეკადამდე მეტ ნაკლებად გაუძლო. აქ კი მის ქმედითობას თუ პერსპექტიულობას წინ რამდენიმე მძლავრი ფაქტორებისა აღუდგა, რომელთა შორის, მაინც, შემდეგს გამოვარჩევდი:
(1) ჩინეთი-რუსეთი-ირანი & Co-ს მხრიდან კოორდინირებული წინააღმდეგობა, რაც, უწინარესად, შიდაპოლიტიკური რეჟიმების ხელუხლებით იყო და არის განპირობებული;
(2) იმ არაპროპორციული (და არა მხოლოდ ფულადი) დანახარჯით, რაც აშშ/დასავლეთის მხრიდან მათი გეოპოლიტიკური საზღვრების ფარგლებს გარეთ კონფლიქტებსა თუ ომებში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობას უკავშირდება;
(3) ტექნოლოგიური ინოვაციები და თანმდევი საინფორმაციო ომი, რამაც არაერთ სიკეთესთან ერთად, აგრეთვე, დიდი პრობლემა შექმნა. ეს პრობლემა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დემოკრატიის საწინააღმდეგო და ავტორიტარიზმის, პოპულიზმისა და რადიკალიზმის ხელშემწყობ პროპაგანდისტულ კამპანიაში გამოიხატება. შედეგად, ტექნოლოგიურმა პროგრესმა თანმდევ მოვლენად შიდა ექსტრემიზმის გაათკეცება განაპირობა;
(4) გლობალური სამხრეთის და საშუალო წონის (იგივე რეგიონული „ზესახელმწიფოების“) მზარდი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში. დღესდღეობით, ხსენებული როლი, სხვა ამოცანათა შორის, საკუთარი სახელმწიფოებრივი იდენტობისა და მეტი ავტონომიურობისკენაა მიმართული.
„ტრამპის დოქტრინის“ ფორმირების სათავესთან?
ტრამპის დოქტრინალურ მიდგომაზე, ალბათ, ჯერ საუბარი ნაადრევია. მკაფიო კონტურების მოსანიშნად არც საარჩევნო კამპანიის პოსტ-საინაუგურაციო ინერცია გამოდგება, არც 20 იანვრიდან ეს მოკლე პერიოდი და...არც ტრამპის (ისევე როგორც მისი ადმინისტრაციის ცალკეული წევრების) ასისტემური, ჟანრის კლასიკას აცდენილი და, ერთობ, „ქაოსურ დინებას“ მიდრეკილი ხელწერა.
ასე თუ ისე, გაპრეზიდენტებიდან ერთი თვის თავზე შემოთავაზებული „ხედვა“ მაინც ქმნის გარკვეული დაკვირვებების საფუძველს. ეს კი ამ ფორმაციის თეთრ სახლთან ურთიერთობებში მკრთალ გზამკვლევსაც გვთავაზობს.
ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესში ტრამპი გულახდილი იყო თავის სურვილში, რომ მსოფლიოში არსებული „წესრიგი“ ძირეულად გადაეკეთებინა. სხვათა შორის, ასეთივე იყო მისი სურვილი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, თუმცა, მას მაშინ ამის შესაძლებლობა ბოლომდე არ და ვერ მიეცა. აქ არაერთი მიზეზი დასახელდება, თუმცა, მთავარი მაინც მაშინდელ და ამჟამინდელ სამყაროს შორის დიდი განსხვავებაა. ამ მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომი აშკარა წყალგამყოფს წარმოადგენს.
ტრამპი „2.0 ვერსიას“, თითქოსდა, მოტივაციასთან ერთად ახლა უკვე სათანადო ცოდნა და სამოქმედო გეგმაც უნდა ჰქონდეს. მოცემულო ეტაპისათვის კი ასეთი გეგმის მზიდი კონტურები ასე იკითხება:
(1) ტრამპის მხრიდან იზოლაციონისტური პოლიტიკის ნაცვლად, ჯერჯერობით, უფრო გლობალურ ნაციონალიზმზე თუ ვისაუბრებ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალიზმის“ ახსნა ისევ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ დეკლარირებულ ხაზში უნდა ვეძებოთ, სადაც ეროვნული ინტერესის მოსაზრება ზედომინანტური და ზეგანმსაზღვრელია. ხოლო, „გლობალიზმთან“ მიმართებით კი, აშშ-ს ეროვნული ინტერესის „ნაციონალისტურად“ გამოხატულებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა ველოდოთ, გეოგრაფიული დაშორებისა თუ კონიუქტურის მიუხედავად.
(2) ეროვნული ინტერესის მეტად პრაგმატული გაგებით განპირობებული იქნება სამხედრო კონფლიქტებში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩარევაზე შერჩევითობის უფრო მკაცრი ტესტი. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, აშშ არ მართავს თავის პოლიტიკურ, სამხედრო თუ საფინანსო რესურსს a priori/უპირობოდ რომელიმე კონფლიქტზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ საერთაშორისო სამართლის ნორმა ირღვევა. უკვე ნახსენები ტესტი სწორედ რომ საამისოდ აშშ-ს ეროვნული ინტერესისა და შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ამონაგების მკაფიოდ იდენტიფიცირებას უნდა ემსახურებოდეს.
ამასთანავე, თანაბრად აღსანიშნია, რომ თეთრი სახლის მხრიდან აღარ ისმის -ჯერჯერობით მაინც - განცხადებები დემოკრატიისა მხარდაჭერაზე ავტოკრატიასთან ბრძოლაში ან თუნდაც თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე;
(3) გაგრძელებად წინა თეზებისა, მორიგი მოსაზრება ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან (სავარაუდოდ!) „სოციალურ ინჟინერინგზე“ - ანუ, სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური რეჟიმების შეცვლაზე - უარის თქმას უკავშირდება.
თუმცა ამ შემთხვევაში ეს მიდგომაც, ჯერჯერობით, კრიტიკულად შესაფასებელია. მაგალითად, ტრამპთან დაახლოვებულ პირთა წრის მხრიდან ამა თუ იმ ქვეყნის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის - განსაკუთრებით, არჩევნებისას - ღია მხარდაჭერა ან, თუნდაც, უკრაინის პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება „სოციალური ინჟინერინგის“ მიმართ შერჩევითობაზე მეტყველებს. საქმეც ისაა, რომ პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისაკენ მხარდაჭერა არა მხოლოდ რეჟიმის არადემოკრატიული ბუნებით, არამედ სხვა, ე.წ. „აპოლიტიკური“ მოსაზრებებით (მათ შორის, ფორმალური მოკავშირეების მიმართ) შესაძლოა იყოს ახსნილი. ამა წლის 20 იანვარიდან მოყოლებული ცალკეული განცხადებებიც სწორედ რომ „სოციალური ინჟინერინგის“ თავისებურ, ახლებურად გაგებაზე მეტყველებს;
(4) საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში კომერციული მდგენელის მზარდი როლი, რაც, შესაძლოა, კომერციულ მერკანტილიზმშიც პირდაპირ და დაუფარავად გადავიდეს. ამის საილუსტრაციოდ გასულმა თვემ საკმარისზე მეტი მასალა შექმნა, იქნება ეს ევროკავშირთან თუ მეზობლებთან აშშ-ს მხრიდან სატარიფო კონფრონტაცია, პანამის არხზე კონტროლი თუ უკრაინის წიაღისეულზე გარიგება „მშვიდობის“ სანაცვლოდ.
საგარეო ურთიერთობებში ნაცვალგება საგარეო პოლიტიკის კეთების თანმდევი თვისება იყო, არის და ასეთად დარჩება. თუმცა, ის რისი მოწმენიც დღეს ვართ, დელიკატური ნაცვალგებიდან ღია კომერციალიზაციაზე გადაწყობის მცდელობაა, როდესაც ესა თუ ის მხარდაჭერა მოკავშირის, პარტნიორის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართ, პრაქტიკულად, „ფასიანი სერვისის“ ტოლფასად იქცეს. ის თუ რა შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს აღნიშნული მიდგომა - მისი გლობალურად „პოპ-კულტურად“ დამკვიდრების შემთხვევაში - საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის სტაბილურობისა და პროგნოზირებადობისათვის, მგონი, საგანგებოდ დაზუსტებას არ მოითხოვს.
ყველა ამ პრინციპის პრაქტიკაში მყარად დამკვიდრებისას, ტრამპის ადმინისტრაცია ლიბერალურ საერთაშორისო სისტემას - უვადოდ თუ არა, ხანგრძლივი მოქმედების ვადით მაინც - „გამამტყუნებელ განაჩენს“ გამოუტანს.
გაგრძელება მეორე ნაწილში..