იხილეთ პირველი ნაწილი
დიდი ქვეყნების საერთაშორისო „ავტორიტარიზმი“: გავლენის სფეროებად დაყოფა?
ტრამპის მიერ დეკლარირებული კურსი - ნებსით თუ უნებლიედ- კლასიკური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი საწყისის - მსოფლიოს გავლენათა სფეროებად დაყოფის მომასწავებელი შეიძლება იყოს. ცხადია, რომ ასეთი დაყოფა - რბილი თუ სხვა ძალის გამოყენებით - „ტრამპგარეშე“ თანამედროვე მსოფლიოში ისედაც არსებობდა. მაგრამ, საქმე ისაა, რომ აშშ-ს იმ საგარეო ხაზის პირობებში, რაც ამ სტატიაში აღვწერე, ახალი ადმინისტრაციისათვის მის უნებლიე მხარდამჭერებად, უპირველესად, ავტორიტარული რუსეთი და ჩინეთი თუ იქნება. ეს კი, ფაქტია, განსაკუთრებულ გამოწვევას ავტორიტარული რეჟიმების გაგებით მათი გავლენის სფეროებში მოქცეული კომპაქტური ქვეყნებისათვის (მაგალითად, საქართველო) ქმნის.
ასეთი გამოწვევა დროთა განმავლობაში უფრო გამძაფრდება, თუკი საერთაშორისო სამართლის დაკნინება გაგრძელდება და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგის უზრუნველმყოფი პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტები ქვეყნებს შორის ურთიერთობათა კომერციალიზაციითა და მერკანტილიზმით ჩანაცვლდება. შედეგად, დიპლომატიისა და სამართლის მნიშვნელობას „საფასურისა“ და „ფულადი კომპენსაციით“ ნამოძრავები მოტივები გადაფარავენ, ხოლო სახელმწიფოთაშორისი კონტაქტები, პრაქტიკულად, საფონდო ბირჟის მაგვარი კანონებით წარიმართება. ამ საკითხზე საუბრისას მხოლოდ იმის გახსენება რა კმარა, როდესაც უკრაინის მინერალურ რესურსზე შესაძლო გარიგების გაცხადებისას, რუსეთმა - პრინციპით, „ვინ უფრო მეტი?“ - აშშ-ს თავის წიაღისეული შესთავაზა.
საერთაშორისო ურთიერთობების „ნეტო“ კომერციალიზაციის მორიგ საფეხურად ტერიტორიებით „ვაჭრობა“ შესაძლოა იქცეს, რაც არა მარტო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასამარება, არამედ ტოტალური უწესრიგობის დამკვიდრებაში გადაიზრდება. ამით კი ცივილურობაზე ოდნავი პრეტენზიის მქონე ნებისმიერი სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი - საზღვრების ხელშეუხებლობა - კონფლიქტის „გადაწყვეტა-გადაჭრის“ ახლებურ პრაქტიკად დამკვიდრდება.
კვლავ დეკლარირებული კურსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტრამპის ადმინისტრაციის ამოცანა აშშ-ს ინტერესების პრიმატია, ისევე როგორც საშუალო ამერიკელის ინტერესების გათვალისწინება ქვეყნის გლობალურ პოზიციონირებისას. ორივე შემთხვევაში, საუკეთესო პირობებზე მეორე მხარის ან ოპონენტის დათანხმება ამ ამოცანების სარეალიზაციოდ საჭირო მეთოდია.
თუმცა, გავლენის სფეროებითა და ტერიტორიებით “გარიგების ქმნის“ (deal-making) პოლიტიკის „ჩვეულ ბიზნესად“ (business as usual) დამკვიდრება დროში უკან მიბრუნება იქნება, როდესაც ძლიერი ქვეყნები თავიანთ ნებას უფრო სუსტ ქვეყნებს უპირობოდ და მათ დაუკითხავად თავს ახვევდნენ. აქ უკვე ზედმეტია საუბარი მასზედ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ამგვარი „უწესო წესრიგი“ რისკებს მნიშვნელოვნად გააბევრებს, ხოლო მათ მოსაგერიებელ აუცილებელ შესაძლებლობებს ასევე მნიშვნელოვნად დააკნინებს.
„რუსული კვალი“: კონსპიროლოგიის მოყვარულთათვის
ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანთვისება კონსპიროლოგიით გატაცებაა. ერთია, როდესაც შეთქმულების თეორიებით კერძო მოქალაქეები ბჭობენ, ხოლო მეორეა - რაც, პრაქტიკულად, ეროვნულ საფრთხეს უდრის - როდესაც სახელისუფლო წრეები ამგვარ თეორიებს პოლიტიკის ქმნის საფუძვლად ხდიან. სამწუხაროდ, ქართული რეალობაც კონსპიროლოგიით გატაცების, ან კონსპიროლოგიით მანიპულირების გამორჩეულად კონტრპოდუქტიულ გამოცდილებას გვთავაზობს. თუმცა, ისევ ტრამპს და მის ადმინისტრაციას მივუბრუნდეთ...
ამ მხრივ, ერთ-ერთ კონსპიროლოგიურ გამოვლინებად ტრამპის მიერ რუსული ინტერესების შეგნებულად გატარება მიიჩნევა. ეს იმდენად მძიმე ბრალდებაა, რომ მის ირგვლივ ასე ხელაღებით საუბრის უფლება არც საკუთარ თავს უნდა მისცე და არც ზერელედ მოსმენა აუდიტორიას აკადრო.
ამასთანავე, ტრამპის ცალკეული დაპირებები თუ გაცხადებული სურვილები ბუნებრივად იწვევს დასავლური პოლიტიკური თემისა და მისი პარტნიორების სამართლიან გაკვირვებას, ხოლო ზოგან - პროტესტს.
ასეთ დაპირებებსა თუ განცხადებებზე მკითხველი კარგად არის ინფორმირებული და მათ დეტალურ აღნიშვნა-დასახელებაში აზრს ვერ ვხედავ. მთავარი, მაინც, არის ის, რომ „ტრამპის დოქტრინა“ თავდაყირა აყენებს ომის შემდგომი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს შენაძენს და უსაფრთხოების კრიტიკულ კომპონენტს - ალიანსებზე დაფუძნებულ დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთობას. ეს კი ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შენგან უნებლიედ, უკვე ნახსენებ წესებზე დამყარებული წესრიგის გადაწერის მსურველებს შეიძლება გაუკეთო.
აქვე დამაფიქრებელია არა მხოლოდ ტრამპის პირადი „გეო-გემოვნება“, არამედ მისი გუნდის დაკომპლექტების წესი, სადაც მთავარ პრინციპს - ამ ეტაპისათვის - ასეთი „გემოვნების“ სრული გაზიარება და პირადი ერთგულება წარმოადგენს. ეს კი, ზემოხსენებული მიდგომის განვითარების მეტ პერსპექტივას ქმნის.
ასეთი „დოქტრინალური“ ხაზის ყოველდღიურ რეალობად ქცევის შემთხვევაში - თავისუფლებასა და დემოკრატიას რომ შევეშვათ - დამატებითი საფრთხე ექმნება, უწინარესად, იმ ქვეყნებს, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების გავლენათა სფეროების გეოგრაფიებს თავი ბოლომდე ჯერაც ვერ დააღწიეს. შედეგად, ისე როგორც მანამდე არასდროს ამერიკული პოლიტიკის შინაარსი ასე კრიტიკული არ ყოფილა გეოპოლიტიკურად „საზღვრისპირა“ ქვეყნებისათვის; ისე , როგორც მანამდე არასდროს ამერიკულ საგარეო მიდგომაში „დიდებიდან სასაცილომდე ნაბიჯი“ ასეთი მოკლე არ მოგვჩვენებია.
რამ შეიძლება გახადოს ახალი ადმინისტრაცია უფრო „პროგნოზირებადი“ და „სტაბილური“?
ნაადრევ დასკვნებზე უკვე შევნიშნეთ და, მგონი, ამ შენიშვნას მკითხველი გაიზიარებს. ფაქტია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ხელწერაც, ჯერჯერობით, ე.წ. work in progress სტატუსს ატარებს. ამავდროულად, ჩვენთვის ყველაზე აქტუალური, ამერიკული გეოპოლიტიკის ჩვეულ - „ნორმალურ“ - საწყისებთან დაბრუნების თაობაზე, რამდენიმე საკითხზე მოკლედ და სუბიექტურად ვიტყვი.
ტრამპის მსგავსი ლიდერები, ხშირად, საკუთარ რეალობას ქმნიან და ასე ცდილობენ საქმიანობის განგრძობას. ამ ე.წ. „განკერძოებულ“ რეალობაზე გარედან ნებისმიერი კრიტიკა თუ „თავდასხმა“ ფუჭი და, რაც მთავარია, უარესი შედეგის მომტანი მცდელობაა. ამდენად, მათი რეალობის სათანადო „დამოწმებით“, განსაკუთრებულად ღირებულია ესა თუ ისე დელიკატური მცდელობა „მისი“ და „ჩვენს“ რეალობებს შორის საერთო შემხებლობის წერტილების მოსაძებნად. ასეთი წერტილები, ჯამში, შეფასებებში დაახლოვებას და საერთო რეალობისაკენ თანდათანობით შექმნას უწყობს ხელს.
პოსტ-20 იანვრის პერიოდი ცხადყოფს, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ხაზის გატარებისა, ტრამპი, დიდ წილად, მაკიაველისებური - მიზანი ამართლებს საშუალებას - მიდგომით მოქმედებს. ზედმეტი სენტიმენტებისგან და გადაუჭრელი პრობლემებისგან გადაღლილ მსოფლიოსათვის, ალბათ, ესეც ბოლომდე მიუღებელი და გაუგებარი არ იქნება. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, აშშ-ს, როგორც გლობალური ურთიერთობების ერთ-ერთ საკვანძო სისტემაშემქმნელს, გარკვეული „წითელი ხაზების“ დაცვა ევალება.
ასე მაგალითად, „ვაქციოთ ამერიკა დიადად“ მოწოდების ქვეშ, აუცილებელია მკაფიო წარმოდგენა რას ნიშნავს ეს „სიდიადე“. ამ კონკრეტულ შინაარსში უკეთ გარკვევა არაერთ პრინციპულ საკითხზე გადის, მაგალითად: როგორი უნდა იყოს აშშ-ს „სიდიადე“ ხისტი და რბილი ძალის თვალსაზრისით? როგორ გამოიყურება ე.წ. Pax Americana-ს ქმედითი ტრანსფორმაცია და, ზოგადად, რას წარმოადგენს აშშ-ს ლიდერობა არსებული ან აღმოცენებადი „წესრიგის“ პირობებში? ეს და არაერთი სხვა შეკითხვა კონცეპტუალურ გააზრებას მოითხოვს: არა მარტო საკუთრივ აშშ-ს, არამედ ყველა მისი პარტნიორის სასიკეთოდ.
ჩემს მიერ უკვე ნახსენებ „ნორმალურ“ საწყისებთან აშშ-ს მიბრუნების პროცესში განსაკუთრებული როლი ევროპას ეკისრება. აქ, ტრამპის ევროპელმა კოლეგებმა მას რამდენიმე პრინციპულ ასპექტზე უნდა შეახსენონ, კერძოდ:
1) ევროპულ უსაფრთხოებაში სათანადო მონაწილეობა აშშ-თვის ოპტიმალურ ინვესტიციას წარმოადგენს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სარგებლის მისაღებად;
2) აღნიშნული მონაწილეობა ემსახურება ევროპის კონტინენტზე დასავლური ინტერესებისათვის არასასურველი მეტოქეობის შეკავებას;
3) მსოფლიო ომის შედეგად ევროპულ სამხედრო-პოლიტიკური საქმეებში აშშ-ს როლის შენარჩუნება და განმტკიცება ხელს უწყობს ამერიკული საქმიანი ინტერესებისა და კაპიტალის ევროპულ კონტინენტზე განვრცობას.
ცხადზე ცხადია ის დაინტერესება, რაც აშშ-ს ადმინისტრაციის მიდგომაში „სტაბილურობას“, „პროგნოზირებადობას“ და „განორმალურებას“ უკავშირდება. ეს ყოველივე, ინტერესის გარდა, უკიდურესად აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საქმისათვის. ეს, აგრეთვე, აქტუალურია ამ ახალ, „უწესრიგო წესრიგის“ მსოფლიოში, განსხვავებული ურთიერთობების საწარმოებლად ქართული მხარისათვის, - ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთშემხვედრი ინტერესების გამოკვეთით - პრაქტიკული სარგებლის მისაღებად.
.