შალვა ლომიძე
თადარიგის გენერალ - მაიორი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი
ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისი”-ს მრჩეველი
აქტიური საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება და მჭიდრო ორმხრივი თუ მრავალმხრივი კავშირები სახელმწიფოების განვითარების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ, ამ ურთიერთობების ეფექტურობა დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიებს.
ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ეფექტური საგარეო პოლიტიკის განხორციელება და საერთაშორისო ურთიერთობის სწორი წარმართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თანამედროვე მსოფლიოში სადაზვერვო სამსახურები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პროცესებში, რაც მათ საერთაშორისო ურთიერთობების „უხილავ მმართველებად“ აქცევს.
ამ სტატიაში განვიხილავ დაზვერვის სამსახურების როლს სახელმწიფოს საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ასევე, შევეხები საქართველოს სპეციფიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ამ კუთხით.
საერთაშორისო პრაქტიკა
ბევრ სახელმწიფოში დაზვერვის სამსახურები საერთაშორისო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და მათი ფუნქციები მოიცავს როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ ამოცანებს:
- სადაზვერვო ორგანიზაციები აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას, რომელიც ეხება უცხო სახელმწიფოების პოლიტიკას, ეკონომიკურ ინტერესებს, სამხედრო შესაძლებლობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს;
- მონაწილეობენ დიპლომატიურ პროცესებში საგარეო საქმეთა უწყებების საქმიანობის მხარდაჭერით და ახორციელებენ ფარულ დიპლომატიურ ღონისძიებებს, მათ შორის საიდუმლო მოლაპარაკებების გზებით;
- კრიზისულ სიტუაციებში აწვდიან სახელმწიფოს ხელმძღვანელობას ოპერატიულ და ანალიტიკურ ინფორმაციას, რაც მათ ეხმარება დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში;
- ახორციელებენ კონტრდაზვერვით საქმიანობას, რათა აღკვეთონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მოქმედებები;
- მონაწილეობენ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში;
- ატარებენ ფარულ ოპერაციებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს გავლენის ოპერაციებს, დისკრედიტაციის მცდელობებსა და ჰიბრიდულ ოპერაციებს;
- ახორციელებენ ანალიტიკურ საქმიანობას, რომელიც უკავშირდება საერთაშორისო ეკონომიკურ ტენდენციებს, საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს, სანქციების ეფექტებსა და ბუნებრივი რესურსების პოლიტიკას.
- თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმის, ნარკოტრაფიკისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
ზემოთ აღნიშნული მექანიზმები აჩვენებს, თუ როგორ ხდება დაზვერვის ინსტიტუტების ინტეგრირება საგარეო პოლიტიკურ პროცესებში. მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე.
ქართული რეალობა
საქართველოში დაზვერვის როლი ჯერ კიდევ განვითარებადია, თუმცა მისი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო მეტად იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული დაზვერვის სისტემა იყოს ორიენტირებული რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე:
• საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერა:
- სტრატეგიულ პარტნიორებთან სადაზვერვო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
- მტრულად განწყობილი ქვეყნების პოლიტიკის პროგნოზირება და შესაძლო რეაგირების ფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
• ეროვნული უსაფრთხოება:
- მტრული სახელმწიფოების მიზნებისა და აქტივობების გამოვლენა;
- საერთაშორისო ტერორიზმის ტენდენციების მონიტორინგი;
- კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერა.
• რეგიონული კონფლიქტების მართვა:
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების ანალიზი;
- საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით;
- საერთაშორისო ინსტიტუტებში საქართველოს ინტერესების დაცვა.
• ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა:
- დეზინფორმაციის გამოვლენა;
- საზოგადოებრივ აზრზე მტრული სახელმწიფოების გავლენის შემცირება;
- უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის კონტროლი.
• ეკონომიკური უსაფრთხოება:
- უცხოური საინვესტიციო პროექტების შესწავლა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- საქართველოს სტრატეგიული პოზიციის გაძლიერება საერთაშორისო პროექტებში.
დაზვერვისა და დიპლომატიის კავშირი
დაზვერვისა და საგარეო საქმეთა უწყებების თანამშრომლობა კრიტიკულია ეროვნული ინტერესების დაცვის პროცესში. დაზვერვის სამსახურს შეუძლია:
- საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რეგიონული კონფლიქტებისა და გლობალური პოლიტიკური ტენდენციების შესახებ ანალიტიკური და ოპერატიული მასალის მიწოდება;
- დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების ინიცირებისა და განმტკიცების
მხარდაჭერა;
- არაღიარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა;
- საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციების გაძლიერება;
- დიპლომატიური მისიებისა და წარმომადგენლობების უსაფრთხოების
უზრუნველყოფა;
- საგარეო კონტრდაზვერვითი ოპერაციების ხელმძღვანელობა.
დაზვერვისა და საგარეო საქმეთა უწყებების კოორდინაცია აუცილებელია, რათა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მოქნილ და ეფექტიან მოთამაშედ იქცეს. მინდა აღვნიშნო, რომ ახლო წარსულში საქართველოს დაზვერვის სამსახურს რესურსების, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოებაში არსებული ავტორიტეტისა და კავშირების გათვალისწინებით, ჰქონდა შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაში, ემუშავა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერა, ცალკეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში გადაყვანა, თუმცა დასკვნით ნაწილში პროცესი, სამწუხაროდ, შეჩერდა.
გამოწვევები და შესაძლებლობები
დაზვერვის სამსახურის ეფექტური საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა რამდენიმე ფაქტორმა შეაფერხოს:
- ინფორმაციის არასრულფასოვანი გაცვლა სახელმწიფო უწყებებს შორის;
- მტრულად განწყობილი სახელმწიფოს გავლენა;
- შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა;
- ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობა;
- დეზინფორმაციული კამპანიები და უცხოელი აქტორების ჩარევა;
- საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არასაკმარისი დახმარება;
- რეგიონული დაზვერვითი თანამშრომლობის დაბალი დონე;
- კვალიფიციური კადრების ნაკლებობა;
- დაზვერვის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობა.
- სპეცსამსახურებს შორის გარკვეული კონკურენცია;
- სპეცსამსახურებზე გარკვეული პოლიტიკური გავლენების მოპოვების
მცდელობები.
ამ ფაქტორების გამოვლენა და მათი გადაჭრა შესაძლებელია, თუ სახელმწიფო გაატარებს მკაფიო სტრატეგიას და მიიღებს შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. აუცილებელია:
- დაზვერვის სამსახურის გაძლიერება როგორც ანალიტიკურ, ასევე ოპერატიულ
დონეზე;
- მისი საქმიანობის დეპოლიტიზაცია და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის
დაცვა;
- სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება;
- აქტიური რეაგირება მტრული სახელმწიფოების ოპერაციებზე;
- დაზვერვის სისტემის რეფორმირება და მასში კვალიფიციური კადრების
მოზიდვა.
დასკვნა
დაზვერვის სამსახური არ უნდა იყოს მხოლოდ ინფორმაციის შემგროვებელი ინსტიტუტი (ძვირადღირებული ბიბლიოთეკა), არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტიური ინსტრუმენტი. მისი ფუნქციები უნდა ეფუძნებოდეს გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, დაზვერვა შეიძლება იქცეს ძლიერ და ეფექტიან მექანიზმად, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში.