შალვა ლომიძე
თადარიგის გენერალ - მაიორი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი
ანალიტიკური ცენტრის “ჯეოქეისი”-ს მრჩეველი
უკანასკნელ პერიოდში, პროფესიულ წრეებში აქტუალურობა შეიძინა საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გაერთიანების საკითხმა. საუბარია რეფორმაზე, რომლის მიზანიც უნდა იყოს მომავალში ეროვნულ საფრთხეებზე ეფექტური რეაგირება. მსურს, გამოვეხმაურო საკითხს და პერსონალური პოზიცია დავაფიქსირო ამ პროცესის მიმართ, როგორც ორივე სფეროში, ჯამში, 30 წლიანი მუშაობის პრაქტიკის მქონე ყოფილმა საჯარო მოხელემ.
საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება 1997 წლიდან არსებობს (სხვადასხვა დროს ეწოდებოდა - საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური). სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის საქართველოს წინააღმდეგ მომდინარე საგარეო საფრთხეების გამოვლენა, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი, ასევე, არსებული საფრთხეების მიმართ მწვავე და ეფექტური რეაგირება, როგორც ინდივიდუალურად, სამსახურის ძალებისა და საშუალებების გამოყენებით, ისე საქართველოს სხვა სახელწიფო უწყებებისა და უცხოელი პარტნიორების აქტიური ჩართულობით. საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, საზღვარგარეთ სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელებაა. დამკვიდრებული პრაქტიკის, მიზანშეწონილობისა და პრაგმატულობის გათვალისწინებით, ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო დონეზე აღიარებული სტრატეგიული პარტნიორები, ქვეყნის შიგნით მოქმედი სხვა სპეციალური სამსახურები და თემატიკიდან გამომდინარე, პროფილური სხვა სახელმწიფო უწყებები.
1997 წლიდან დღემდე, მხოლოდ ერთხელ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სამსახური დაექვემდებარა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, თუმცა, გაერთიანებიდან რამდენიმე თვეში, საქართველოს დაზვერვის სამსახურმა კვლავ გააგრძელა დამოუკიდებელ უწყებად საქმიანობა ჯერ პრეზიდენტის, ხოლო შემდეგ, პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში. ზემოაღნიშნული ე.წ. რეფორმის შედეგად, სამსახურმა განიცადა მრავალი სახის რყევა, რამაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითი კუთხით ასახვა ჰპოვა მის ქმედუნარიანობაზე. 2017 წელს განიხილებოდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის გაერთიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუმცა სხვადასხვა სახის კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სამსახურის დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ფუნქციონირებისა და ეროვნულ დონეზე მისი საქმიანობის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ.
საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი გადაწყვეტილება, დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში ინტეგრირების თაობაზე, შეიძლება შეფასდეს, როგორც მცდარი ნაბიჯი, რომელიც მომავალში აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს გადახედვას, რათა სამსახურმა საბოლოოდ შეძლოს დამოუკიდებლად განვითარება, დაიმკვიდროს თავი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში და გახდეს დასავლური სამყაროს სადაზვერვო თანამეგობრობის ანგარიშგასაწევი წევრი.
ხსენებული “რეფორმა” ქმნის სადაზვერვო საქმიანობის ეფექტურობის კლების და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენის, ან სრულად გაქრობის რისკებს. უსაფრთხოების სექტორი მთლიანად აღმოჩნდება ერთი მაკონტროლებლის ხელში, რომელიც მიიღებს გაზრდილ ძალაუფლებას, გაჩნდება ალტერნატიული ხედვის ან განსხვავებული მოსაზრების დეფიციტი და ზოგადად, დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მივიღებთ კონტრსადაზვერვო/სადაზვერვო ინფორმაციის, ასევე, უსაფრთხოების სექტორის სხვა მიმართულებებზე ერთპიროვნული კონტროლის სისტემას. ამგვარად, ამ რეფორმის განხორციელების დროს, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ იმ გამოწვევებითა და ამოცანებით, რომელთა წინაშეც დღეს დგას საქართველო/მისი უსაფრთხოების სისტემა და ორიენტირებულნი იყვნენ განვითარებასა და ცივილური სტანდარტების დამკვიდრებაზე.
რეფორმის მომხრეთა მხრიდან, მუდმივად ხდება აპელირება მსოფლიო პრაქტიკაზე და მსურს, სიცხადე შევიტანო ამ საკითხში. თითოეულ ქვეყანაში, ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, ბუნებრივია, შექმნილია სახელმწიფო ინტერესების და გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით. სადაზვერვო სფეროში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმეტესობას, გამიჯნული აქვს დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციები და ისინი მოქმედებენ დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებებად. არ ვაკნინებ არცერთი ქვეყნის არჩევანს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის ფორმირების თაობაზე, თუმცა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსის (ევროატლანტიკური ინტეგრაცია!) გათვალისწინებით, ავტომატურად იკვეთება, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ფორმირება, რეფორმა თუ განვითარება - დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებითა და საჭიროების შემთხვევაში, მათი რეკომენდაციებით.
ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წამყვან პარტნიორ სახელმწიფოებში, სადაზვერვო ორგანიზაციები წარმოდგენილია სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფო სააგენტოებად. არსებობს პრაქტიკა, სადაც დაზვერვის სამსახურები ინტეგრირებულნი არიან სხვადასხვა სახელწიფო უწყებებში და ასეთი ტიპის ინტეგრაციის შემთხვევაში, საკანონდებლო დონეზე, ტრადიციულად, უზრუნველყოფილია სადაზვერვო ორგანიზაციის სრულიად დამოუკიდებელი ფუნქციონირება (ოპერაციები, ფინანსები, განვითარების სტრატეგია და სტრუქტურული მოწყობა), ანგარიშვალდებულება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებებთან. გარდა ამისა, მსგავსი გაერთიანებები განპირობებულია სხვა სპეციფიური საჭიროებით, რომელთა დეტალური ჩაშლისაგან თავს შევიკავებ და დარწმუნებით მინდა განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის „დაქვემდებარება“ არის სრულიად ფორმალური, თუმცა გამოწვეული საქმიანობის სპეციფიურობით. მაგალითად, ცალკეულ ქვეყნებში სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი დანაყოფები ინტეგრირებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რიგ სახელმწიფოში, დაზვერვის სამსახური არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების სტრუქტურული ერთეული, თუმცა აქაც ფუნქციონირებენ მაღალი თავისუფლების ხარისხით. ასევე არსებობენ სახელმწიფოები, რომელთაც საერთოდ არ ჰყავთ სადაზვერვო ორგანიზაციები და ასეთი ტიპის საქმიანობას არ აწარმოებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ფუნქციონირებს წევრი სახელწიფოების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული რამდენიმე სტრუქტურული ერთეული, რომლებიც უზრუნველყოფენ წევრი ქვეყნების კოორდინაციას კონტრსადაზვერვო, სადაზვერვო, კონტრტერორისტული, კიბერუსაფრთხოების და სხვა სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შექმნილია ქმედითი მექანიზმი ზემოაღნიშნული გამოწვევებისა თუ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და რეაგირების კუთხით. ეროვნულ დონეზე არსებული სისტემის პარალელურად, ზემოაღნიშნული მექანიზმი დამატებით ინსტრუმენტს წარმოადგენს ევროპის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სწორი და ეროვნული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, მომავალში გახდეს ამ თანამეგობრობის წევრი, რაც, ბუნებრივია, დამატებით გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სრულფასოვან თანამონაწილეობას გლობალური უსაფრთხოების სისტემაში.
შედეგად, დაანონსებული “რეფორმის” უარყოფით მხარეებად მესახება შემდეგი ფაქტორები:
- ქვეყანაში უსაფრთხოების სფეროში გამოკვეთილი ტენდენციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად შეიზღუდება უწყების დამოუკიდებლად ფუნქციონირების და ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობა, საერთაშორისო თანამშრომლობა, მოქნილობა და დიდი ალბათობით, იგი იქცევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი წამყვანი ოპერატიული დანაყოფების მხარდამჭერ მეორეხარისხოვან დანაყოფად. არ გამოირიცხება პოლიტიკური მდგენელის გაჩენა სამსახურის საქმიანობაში;
- საქართველოს დაზვერვის სამსახური, მისი ფუნქციიდან გამომდინარე, იყო დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი პლატფორმა. საკითხის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულების გათვალისწინებით. ჩვენგან დამოუკიდებლად მოსალოდნელია ამ ტიპის თანამშრომლობის შემცირება და/ან მინიმუმამდე დაყვანა. შესაბამისად, საგარეო საფრთხეების მიმართ შესუსტდება საქართველოს დაცვითი მექანიზმები, შეიქმნება იზოლაციის რისკები;
- მსგავსი რყევების ფონზე, დღეის მდგომარეობით სამსახურში დასაქმებულ საზოგადოებაში გაიზრდება ნიჰილიზმი, როგორც სამსახურის საჭიროების, ასევე მისი საქმიანობის მიმართულებების მიმართ. სხვადასხვა მიზეზით, მოსალოდნელია კვალიფიციური ან ნაკლებად კვალიფიციური კადრების გადინება, რაც მოწყვლადობის ფაქტორის გათვალისწინებით, მრავალგზის ზრდის სამსახურის ინსტიტუციურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის გადინების რისკებს. აღნიშნული იქნება დამანგრეველი სამსახურისათვის და შესაძლოა გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები. ასევე, “რეფორმის” შემთხვევაში, გაიზრდება სხვადასხვა სენსიტიურ ინფორმაციასთან წვდომის მქონე პირთა რიცხვი, რაც ასევე საყურადღებო გარემოებაა.
- ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვეობაში ეტაპობრივად კლებულობს მოტივირებული, კვალიფიციური და განათლებული ახალგაზრთა თაობის ინტერესი უსაფრთხოების/საიდუმლო სამსახურების მიმართ და ძლიერ სახელმწიფოებსაც კი, უჭირთ თაობათა ცვლის ეფექტური უზრუნველყოფა საიდუმლო სამსახურებში. ამ რეალობის გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენია, მუდმივი რყევების თუ “რეფორმების” ქვეშ მყოფ არასტაბილურ საიდუმლო სამსახურში დასაქმების ან მუშაობის გაგრძელების ინტერესი გაუჩნდეთ ახალგაზრდებს, რომლებმაც წლების შემდგომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
- ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სამსახურთან სხვადასხვა ფორმით ფარულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანების, ან ფარული ოპერაციების დაცვითი მექანიზმების უზრუნველყოფა და სამომავლოდ მათი განვითარებისა თუ ჩართულობის მხარდაჭერა. არასტაბილურ გარემოში, ძნელია, აიღო პასუხისმგებლობა როგორც ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ასევე სხვადასხვა სიმწვავის აქტივობების/ოპერაციების განხორციელებაზე.
და ბოლოს, მინდა მივმართო სხვადასხვა დროს საქართველოს სადაზვერვო სისტემაში მომუშავე კოლეგებს, რომლებიც დღეს საჯარო (!) სამსახურებში აგრძელებენ საქმიანობას და ძალუძთ გავლენა იქონიონ ამ პროცესზე: - იმედი მაქვს, იხელმძღვანელებთ ეროვნული ინტერესებით და ამ “რეფორმის” მიმართ საჯაროდ დააფიქსირებთ თქვენს პირად პოზიციას, რომელიც, ძირითად შემთხვევაში, როგორც ცნობილია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ფუნქციონირებას ემხრობა. და თუ მაინც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ “რეფორმის” ჩატარების შესახებ, იმედს ვიტოვებ (!), საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის მაქსიმალური დამოუკიდებლობა, რაც სიმართლე გითხრათ, პირადად წარმოუდგენლად მეჩვენება. ისე კი, “რეფორმატორებს” მოკრძალებულად გირჩევდით, თუ გსურთ, ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი სადაზვერვო საიდუმლო სამსახური, მაშინ უნდა უზრუნველყოთ მისი დამოუკიდებლობა, გაზარდოთ მისი როლი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, ხელი შეუწყოთ მისი ავტორიტეტის ზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, განავითაროთ მისი მატერიალურ - ტექნიკური შესაძლებლობები და სამსახურში მოიზიდოთ, ახალგაზრდა, ქვეყნის ერთგული, განათლებული და თავისუფლად მოაზროვნე თაობა.