Back to Tariffs
ერთობ მივიწყებული სიტყვა „ტარიფი“ დღეს გამორჩეულ აქტუალობას იძენს, თანაც, სრულიად ახალი მნიშვნელობითა და დატვირთვით. ასეთ განახლებას ახლა უკვე პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციამ ჩაუყარა საფუძველი. სავარაუდოდ, ჩვენ „სატარიფო რეინკარნაციის“ მხოლოდ საწყის საფეხურებზე ვართ, ხოლო ისტორიის გაგრძელება სავაჭრო ომების თანამედროვე არსზე მრავალ დაპირებას იძლება საკითხით დაინტერესებული როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული წრეებისათვის.
ოდესღაც სწორხაზოვანი გამოყენებისა და ეფექტის სატარიფო პოლიტიკაც დღეს, უკვე, გაცილებით ნიუანსური, არაერთმნიშვნელოვანი და მრავალშრიანი გახდა. საქვეყნოდ ცნობილ ნაწარმოებს თუ დავესესხებით, თანამედროვე ტარიფის და მასთან დაკავშირებული სავაჭრო ურთიერთობების ფენომენმა „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ მსგავსად საკუთარ ელფერთა მრავალფეროვანი გამა შეიძინა. ეს მრავალფეროვნება კი, როგორც ჩვენი ეპოქის სპეციფიკურობით, ისე საერთაშირისო ეკოპოლიტიკაში ცალკეული მოვლენის მზარდი გავრცელებითაა ცნობილი, კერძოდ:
(1) ეკონომიკური ნაციონალიზმი ან ავთარქია;
(2) ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტების „გასამხედროვება“ (weaponization);
(3) პირდაპირი გაგებით სავაჭრო საშუალებების საგარეო მიზნებისაკენ მიმართულ იძულებად (ზოგი, ალბათ, არც სიტყვა „გამოძალვას“ მოერიდება) ამოქმედება.
ეს და მათთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ეკონომიკური „თეორიული სკოლა“ თუ „პოლიტიკური ხელწერა“ გეოპოლიტიკურად ფორმირებადი „უწესრიგო წესრიგის“ გეოეკონომიკურად სისტემაშემქნელ გარემოდ ყალიბდება. ამ გარემოს პირობებში ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად მოემსახურება გლობალური თუ რეგიონული უპირატესობის მოპოვების დღის წესრიგს, ხოლო ეკონომიკურად „თავდაცვითი“ თუ „თავდასხმითი ომები“ შესაძლოა ხსენებული „უწესრიგო წესრიგის“ ნორმად იქცეს.
ერთი სიტყვით, გლობალურად ფორმირებადი (თუ ტრანსფორმირებადი) ეკონომიკური სისტემის თემა უდავოდ ფართოა და წარსულში მის რამდენიმე ასპექტს ცალკეული პუბლიკაციებით ვუპასუხე. ამჯერად, განზრახული მაქვს სატარიფო პოლიტიკის სავაჭრო თუ „ძალმომრეობით“ მხარეზე ვისაუბრო. ამ მიზნით კი, ისეთ საკითხებზე შევჩერდები, რაც გათვითცნობიერებული მკითხველისათვის შეხსენებად გამოდგება, ხოლო ვინც ახლა დაინტერესდა ტარიფის ელფერებით, - მათ შემდგომ მოკვლევაში მოსანიშნად სასარგებლო მასალად გამოდგება. თუმცაღა, მანამ სანამ ტარიფებით ახალ გატაცებაზე მეტ კონკრეტიკას ვიტყვი..
წინასიტყვად დავძენ..
რომ ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკური სისტემისგან დაშორებას ტრამპის „ექსკლუზიურ ცოდვად“ ნუ მივიჩნევთ. ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, ხოლო მისი ბოლოდროინდელი აჩქარება ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრის გზების ძიებაში გამოიხატა. ფუნდამენტური კითხვა საბაზრო ეკონომიკის პლუსებსა და მინუსებს შორის სწორი თანაფარდობის უკეთ დანახვას დაუკავშირდა. მხოლოდ საბაზრო ინსტინქტებზე მინდობამ და თვითრეგულირებაში უპირობო რწმენამ განვითარებულ ქვეყნებში სოციალური უთანაბრობა გააღრმავა რამაც, თავის მხრივ, რიგი მანკიერებების აღზევებას ხელი შეუწყო. საფრთხე დაემუქრა საშუალო ფენის სტაბილურობას, ისევე როგორც სათუო გახდა წლების მანძილზე დაგროვილი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ბაზა.
მეტიც, - რისკი შეექმნა მოწინავე ინდუსტრიული სისტემების კონკურენტუნარიანობას იმ პირობებში, როდესაც სამრეწველო პოტენციალის მესამე სამყაროს ქვეყნებში გადატანა მოხდა იქ არსებული იაფი მუშა ხელისა და სხვა მინიმალური დანახარჯის გამო. ეკონომიკურ მოსაზრებებთან ერთად, ასეთი რელოკაციის სხვა - „გაუმჟღავნებელ“ - მოტივებს შორის იყო წარმოებისათვის ისეთი იურისდიქციების პოვნა, სადაც სხვადასხვა სტანდარტების (მათ შორის, შრომითი უფლებების ჩათვლით) განმსაზღვრელი მარეგულირებელი წნეხი მეტად ლმობიერი იქნებოდა.
ამ პროცესებზე პასუხად უნდა ჩავთვალოთ აშშ-სა და დასავლური მატრიცის ზოგიერთ ქვეყანაში ე.წ. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის ნიშნით ამოქმედებული კანონმდებლობა. მიზანიც შესატყვისი იყო: საკუთარი ბაზრის დაცვა, - მათ შორის, პროტექციონისტური ზომები - და, ეროვნული წარმოების სტიმულირება სახელმწიფო სუბსიდიების თუ სხვა პროგრამების მოშველიებით.
ასეთი რეაგირების მიუხედავად, გაფლანგულმა წლებმა თავისი უარყოფითი ეფექტი მოახდინა. ხოლო, სახელმწიფოსა და გავლენიან კორპორაციებს შორის ურთიერთობაში ის აუცილებელი წონასწორობა დაირღვა, რაც რამდენიმე მთავარ მიზანს უნდა მომსახურებოდა, კერძოდ:
(ა) ეროვნულ უსაფრთხოებას;
(ბ) ეკონომიკურ თვითკმარობას, და
(გ) საზოგადოებრივ-სოციალურ მედეგობას.
შედეგად, საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების მიღება, თუმცა, ასეთმა საჭიროებამ შესაბამისი ღონისძიებების ინიციატორებს ზომისა და წონის შეგრძნება, სავარაუდოდ, დაუკარგა.
აშშ-ს სატარიფო ხელწერის დოკუმენტურ საფუძველზე
აშშ-ს თანამედროვე სატარიფო პოლიტიკაზე ყურადღების აქცენტირება ბუნებრივია: სწორედ ამჟამინდელი თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიიჩნევა 21-ე საუკუნის ვერსიის ტარიფზე ხედვის უმთავრეს ავტორად.
აღნიშნული ხედვის „ელფერთა“ სიმრავლეზე და ნიუანსურობაზე ზოგადი დათქმა უკვე გავაკეთე. თუმცა, ცალკეული საკითხების მიმოხილვის სისწორე აუცილებლად მოითხოვს ამავე ხედვის დოკუმენტურ საწყისი - მისი ფორმალური დასაბუთების ოფიციალური წყარო ვახსენოთ.
ამა წლის იანვარში თეთრი სახლის ვებსაიტზე შემდეგი სახელწოდების დოკუმენტი დაიდო: „ამერიკის უპირველეს ყოვლისა სავაჭრო პოლიტიკა“ (America First Trade Policy https://www.whitehouse.gov/presidential-actions/2025/01/america-first-trade-policy/).
მისი არსი ამ „პოლიტიკის დოკუმენტში“ დეკლარირებული პრიორიტეტებით აიხსნა, სახელდობრ:
(1) ამერიკული ეკონომიკა;
(2) ამერიკელი მუშა-მოსამსახურე;
(3) ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება.
ამავე პრიორიტეტებზე დაყრდნობით ითქვა, რომ სავაჭრო პოლიტიკა კრიტიკულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. აქვე აღინიშნა, რომ ყოველივე ზემოთქმულის მისაღწევად შეერთებული შტატები „შესატყვის ზომებს“ მიმართავს, რომელთა შორის ტარიფს საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება.
მართალია, ხსენებული „პოლიტიკის დოკუმენტი“ სხვა „ზომებსა“ თუ საკითხებზეც (სავაჭრო შეთანხმებები, სავალუტო გაცვლითი კურსი, ინტელექტუალური საკუთრება და ა.შ.) საუბრობს, ტარიფს მაინც გამორჩეული ადგილი განესაზღვრება ყველა ჩამოთვლილ „ზომებს“ შორის. მასთან დაკავშირებულ არაერთ ასპექტთან ერთად, ადმინისტრაცია პირდაპირ საუბრობს ტარიფის როლზე ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებში და არსებული „უსწორობების“ აღმოფხვრაში.
ორი განსხვავებული ვერსიის „სავაჭრო ომი“
დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას სავაჭრო დაპირისპირების და მისი მეორე პრეზიდენტობისას სავაჭრო ომის წამოწყების მცდელობა კარგ ილუსტრაციას იძლევა ტარიფის ირგვლივ სახეცვლილ მიდგომაზე.
ნიშანდობლივია, რომ პირველი პრეზიდენტობის დროს სატარიფო თემატიკა, მეტ წილად, ვაჭრობის სფეროში უთანხმოებების გადაჭრაზე იყო მიმართული. იმავე ჩინეთთან იმ პერიოდში ხელმოწერილი შეთანხმება ორ ქვეყანას როგორც სავაჭრო დისბალანსის, ისე ჩინეთის მხრიდან დაუშვებელი პრაქტიკის აღმოფხვრას ისახავდა. აღსანიშნია ისიც, რომ იმ დროის ტრამპისეულმა მიდგომამ სრულად ვერ გაამართლა. იმავე დისბალანსის კონტექსტში, ნაცვლად შეპირებული ამერიკული პროდუქციის დამატებითი შესყიდვებისა (სადღაც 200 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით), ჩინეთმა მხოლოდ ნაწილობრივ, 60 პროცენტით შეასრულა ხელმოწერილი პირობა. შედეგად, აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების ე.წ. პირველ ფაზას გაგრძელება არ მოყვა.
განსხვავებით 2017-2021 წლებისგან, 2025 წლის 20 იანვრიდან გაცხადებული თუ ამოქმედებული სატარიფო ზეწოლა გასცდა ვაჭრობის ვიწრო გაგებას და აწ უკვე საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში მოექცა. სხვაგვარად, ტარიფების ისეთ არაეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირება, როგორიცაა აშშ-ში უკანონო იმიგრაცია ან ქვეყანაში აკრძალული პრეპარატების შეტანა, გარდა ტარიფის ინსტრუმენტის უნივერსალიზაციით ვერ აიხსნება. უკვე ციტირებულ, 20 იანვრის „ამერიკის უპირველეს ყოვლისა სავაჭრო პოლიტიკის“ დოკუმენტს თუ მივუბრუნდებით, ეკონომიკური ნაციონალიზმის ფორმატში სატარიფო წნეხი აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესების პროეცირების ერთიან ხაზად მოიაზრება, რამაც ტარიფის ცნებას უპირობოდ ეკონომიკური კონტექსტი დააკარგვინა და დამატებითი - ამჯერად საგარეო-პოლიტიკური - კომპონენტით შეავსო. ეს უდავოდ ის ტრანსფორმაციაა, რაც სატარიფო და - ზოგადად სავაჭრო ურთიერთობის - კარდინალურ გადააზრებაზე მეტყველებს და, დიდი ალბათობით, დროებით მოვლენას აღარ წარმოადგენს.