ეკონომიკა, როგორც ეროვნული უსაფრთხოების განმსაზღვრელი: არსი, ტენდენციები, გამოწვევები (პირველი ნაწილი)

ავტორი:

„თვითკმარი ჯიბის“ ეფექტი


ეროვნული უსაფრთხოების ერთიან და ყოვლისმომცველ მოდელზე არაერთგზის გვისაუბრია. თანამედროვე ურთიერთობების სირთულისა და მრავალმხრივობის გათვალისწინებით მისი ე.წ. დიდი გაგებით, მაქსიმალურად განვრცობით დამკვიდრება მოხდა. სხვა სიტყვებით კი, უსაფრთხოება დღეს მხოლოდ სამხედრო და მასთან დაკავშირებულ ასპექტებს არ მოიაზრებს და თანაბრად გადასწვდება სახელმწიფო-საზოგადოებრივი ფუნქციონირების პრაქტიკულად ყველა შრეს.


ამასთან, მიუხედავად ნახსენები მრავალმხრივობისა და ყოვლისმომცველობისა, ქმედითი უსაფრთხოების პრიორიტეტულ მიმართულებად, მის სისტემაშემქმნელ საფუძვლად ეკონომიკა ითვლება. ასეთი პრიორიტეტიზაცია, ალბათ, განსაკუთრებულ აღმოჩენას არ წარმოადგენს. ეკონომიკურად თვითკმარი და რესურსული ეროვნული წესრიგის გარეშე ეროვნული უსაფრთხოების მთლიანობასა და ეფექტიანობაზე, მის ერთიანობაზე საუბარი არც ახლო და არც შედარებით შორეულ წარსულში აქტუალობას არ იყო მოკლებული. თუმცა, მსოფლიო ურთიერთობათა ძირეული ტრანსფორმაციისა და ახალი წონასწორობის წერტილისაკენ გადაწყობის პროცესში ეკონომიკისა და უსაფრთხოების ურთიერთდაკავშირებულობა ხელახლა დაკვირვებასა და შეფასებას მოითხოვს. დღეს სწორედ ასეთი აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით, როდესაც ტრადიციულ გამოწვევებს - ომები, შეიარაღებული კონფლიქტები, რეცესიული მოვლენები, გარე თუ შიდა ექსტრემიზმი და სხვა - ახლა უკვე პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომი, ეკონომიკური ნაციონალიზმი და ტექნო-ავტოკრატიაც დაემატა.


სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, დიდი გაგებით უსაფრთხოების ფორმატში ეკონომიკური უსაფრთხოება წამყვან და განმსაზღვრელ თემად იქცა. ფაქტია, რომ სახელმწიფო-ეროვნული ინტერესების გატარება, მათი პროეცირება და ადვოკატირება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება გამოცარიელებული „ჯიბის“ პირობებში. ეს თანაბრად შეუძლებელია მაშინაც, როცა ეს „ჯიბე“ თითქოსდა შენ - ქვეყანას -  გეკუთვნის, თუმცა მას, ფაქტობრივად, უცხო ხელი განაგებს.


ეს არცთუ განსაკუთრებული სიახლით გამორჩეული შენიშვნა, სრულად მიესადაგება საქართველოს ამჟამინდელ ყოფას. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ხოლო ახლა რამდენიმე ზოგად და ჩვენთვის საყურადღებო ტენდენციაზე შევჩერდები.  

 
მზარდი „გაუსაფრთხოება“


გლობალური მასშტაბით ეკონომიკური ურთიერთობების გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დაექვემდებარა. ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება და მასზე დაფუძნებული ეკონომიკაში ახალი წესრიგი ამის ნათელ დემონსტრაციას წარმოადგენს. ორი მთავარი წახნაგი, რაც ასეთ წესრიგს საფუძვლად დაედო იყო: (ა) მეტი გლობალიზმი, და (ბ) პოლიტიკაში ფასეულობათა დომინანტი.  

 
წინა საუკუნის 80-ანი წლებიდან მოყოლებული სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადებზე კონტროლი ქცევის წესების უნიფიცირების გზით დიდი თუ რეგიონულად წონადი ქვეყნების ყურადღების ქვეშ მოექცა. აქ საგანგებო ყურადღება ენიჭებოდა საქონლის, ადამიანებისა და იდეების დაუბრკოლებელ მოძრაობას რაც, ცნობილი ურუგვაის რაუნდებით დაწყებული და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნით დაგვირგვინებული. საკუთრივ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ბრეტონ-ვუდსით ნაკარნახევი გლობალიზმის ურთიერთდაკავშირებულობაში გადაზრდა იყო. ასევე დოგმად მიიჩნეოდა დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ერთიანობაში მოაზრება და რომ ეს ორი კომპონენტი განვრცობასა და გაძლიერებაში ერთიმეორეს ორგანულად ხელს შეუწყობდნენ.  


ცხადაი, რომ პროცესის ევოლუციას არაერთმა სხვა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ - მეტწილად, ანგლო-საქსური ლაიტმოტივით - შემატა თავისი ელფერი. მაგალითისათვის, G-20 ჯგუფის ამოქმედება, შეძლებისდაგვარად, უკონფლიქტო გლობალურ საქმიან ეკოსისტემას ისახავდა მიზნად. თუმცა, ვერც მან და ვერც სხვა პროექტმა მსოფლიო ეკონომიკა ვერ იხსნა 1999 წლის საფინანსო კრიზისისგან. აქვე, ბარემ, გავიხსენებთ 2008 წლის ცნობილ კრიზისს, რომელმაც, სავარაუდოდ, უკვე მაშინ გააჩინა ამერიკელთა სკეპტიციზმი ლიბერალური ეკონომიკური წესრიგის მიმართ და სათავე დაუდო ტრამპის სტილის პოლიტიკურ ლიდერზე დაკვეთას. 


ცხადია, წესების უნიფიცირებასთან ერთად, სიტყვის მთქმელი აქტორები არც თავიანთ ინტერესებს ივიწყებდნენ რაც, ინსტიტუციურად რაციონალური „შეკავებისა და გაწონასწორების“ პირობებში ასევე ნორმალური მოვლენაა.


მკითხველისათვის უკვე კარგად ცნობილი მოვლენების შედეგად, ზემოხსენებულმა კონტროლმა აწ უკვე ზეპროტექციონისტური შინაარსი შეიძინა, წამყვანი ეკონომიკური სისტემები ავტარქიის (ნაციონალიზმის) გზას დაუფარავად დაადგნენ. ამავდროულად, შედარებით უწყინარმა „სავაჭრო სალდომ“, „პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ“, „საგადამხდელო ბალანსმა“ თუ სხვამ, კლასიკური კომერციული სიბრტყიდან უსაფრთხოების სიბრტყეში გადაინაცვლეს: ანუ მოხდა მათი „გაუსაფრთხოება“ (securitizing) საგარეო მიზნებისათვის ზეწოლისა და იძულების ინსტრუმენტებად (weaponization) გადაქცევით. 


ამავე თვალსაზრისით, ძირეულად ტრანსფორმირდა მინერალური რესურსების მიწოდება-მომარაგების გლობალური და ზერეგიონული მარშრუტების დანიშნულება. შედეგად, კრიტიკული გახდა გარკვეულ გეოგრაფიებზე წვდომა და მათზე კონტროლი. ამ საკითხში ზოგიერთი ისე ირჯება, რომ პრაქტიკულად 1884-85 წლების ბერლინის კონფერენციას მოგვაგონებს, რომელმაც აფრიკაზე განხილვებისას „გავლენათა სფეროების“ გაგებას დაუდო სათავე. აღსანიშნია ისიც, რომ ასეთი კონტროლის მოპოვება დღეს მრავალ განზომილებაზე გადის - სამხედრო, ეკონომიკური, ინსტიტუციური, „რბილი ძალის“ - და, აწ უკვე, ახალ - მულტინაციონალური კომპანიების გავლით კონტროლსაც მოიპოვებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის წიაღისეულზე გაფორმებული შეთანხმება ამ პროცესში „ახალი ტალღის“ მკაფიო ინდიკატორია.  


მიწოდება-მომარაგების ჯაჭვზე საუბრისას..


..რაც ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ კრიტიკულ მდგენელს ქმნის, აუცილებლად აღსანიშნია რამდენიმე „წესრიგშემქმნელი“ ფაქტორი. კერძოდ, ეკონომიკური ნაციონალიზმის მზარდ ტენდენციას, რასაც ბუნებრივად თან სდევს უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შესაბამისად გადაწყობა, წინ უძღოდა:


(1) გლობალური ეკონომიკური შესაძლებლობების საგრძნობი გადანაცვლება აზიის ქვეყნების - განსაკუთრებით, ჩინეთსა და ინდოეთის - მიმართულებით.


აქ განსაკუთრებით აღსანიშნია ჩინეთის მზარდი გავლენისა და ამავე გავლენით განპირობებული ეკონომიკური უსაფრთხოების ახლებური გაგებაც. აქვე მოკლეზე დავძენ, რომ გავლენაზე საუბრისას „დომინაცია“ და „ლიდერობა“ ორი ერთმანეთისგან განსხავებული კატეგორიაა, რაც კარგად იკითხება ჩინეთის მაგალითზე. კერძოდ, დღემდე მოყოლებულ პერიოდს თუ დავუკვირდებით, ოფიციალური პეკინის მიზანი არის არსებული წესრიგის არა დემონტაჟი, არამედ მისი საკუთარ თავზე მორგება ამავე წესრიგის შიგნით საკუთარი გავლენის მაქსიმალური მატების ხარჯზე.


(2) ძალაუფლების გადანაწილება - ერთგვარი დიფუზია - სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის, სადაც ამ უკანასკნელის გავლენიანი ხმა სულ უფრო მზარდი ხდება;


(3) საგარეო-პოლიტიკური მიზნების ჭარბი მონეტიზაცია, რისი მაგალითები დღეს უხვად და მოურიდებლად აფიშირდება;


(4) კორპორატიულ-ოლიგარქიული ინტერესებისა და სახელმწიფო პოლიტიკის იმდენად დაკავშირება, რომ ასეთი „შერწყმა-აღრევის“ შედეგად ერთის მეორისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება;
 

(5) ტექნო-ოლიგარქიის აბსოლუტურად უნიკალური როლი თანამედროვე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, რაც მმართველობითი სისტემის სრულიად განსხვავებულ ფორმას უყრის საფუძველს;
 

(6) საშუალო წონის ქვეყნების (Middle Powers) მომეტებული თვითდაჯერებულობა და პროაქტიურობა ახალ „უწესრიგო წესრიგში“. განჭვრეტად მომავალში სულ უფრო რთული გახდება ასეთ ქვეყნებს „ოფლით მოპოვებული“ ავტონომია დაათმობინო, ხოლო მათი მხრიდან ჰეჯინგისა და ბალანსირების მიდგომა კვლავ აქტუალური დარჩება;
 

(7) რეგიონული ცენტრების წამოწევა, ხშირად, რეგიონული ჰეგემონების გავლენით თუ მისი მხრიდან რეგიონულ „გავლენის სფეროზე“ პრეტენზიითაც კი. ამასთანავე, ინტერესებში და რისკების შეფასებაში თანხვედრამ როგორც „რეგიონალიზმის“ ახალი გაგების, ისე რეგიონთაშორისი ინტეგრაციის ახალი კონტურები გამოკვეთოს;
 

(8) გლობალური სამხრეთის ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ „პოლიფონიაში“, რომელიც, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ არ ატარებს ჰომოგენურ ხასიათს. ამ მხრივ ერთიანი ცნებისა თუ ხელწერის არარსებობა შემდეგ მთავარ გარემოებებს უნდა მიეწეროს, კერძოდ: (ა) მოიაზრება თუ არა „გლობალური სამხრეთი“ ინდოეთსა და ჩინეთთან ერთად, თუ მათ გარეშე?, და (ბ) მოიაზრება თუ არა „გლობალური სამხრეთი“ ახლო აღმოსავლეთთან ერთად, თუ მის გარეშე? ჩემი შეხედულებით, ორივე შეკითხვაზე პასუხი უარყოფითია;|
 

(9) საერთაშორისო ორგანიზაციებში (BRICS-ით დაწყებული და „აზიური ნატო“-თი დამთავრებული) თანამშრომლობის მეტი გაღრმავებით ეკონომიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის აქტუალიზება. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მზარდი იქნება „უწესრიგო წესრიგისა“ და ერთპოლუსიანი სამყაროს საბოლოოდ დასრულების გათვალისწინებით. ობიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ ამ ტენდენციას, ნებსით თუ უნებლიედ, აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციაც ხელს უწყობს, რომელიც hegemony-დან hedge-money-კენ მოძრაობს.  

  
როგორც ვთქვი, ძირითადში ეს და მათთან დაკავშირებული ფაქტორები გვეხმარება უსაფრთხოების დიდი გაგებით უკეთ ანალიზში და ჩვენში  - ქართულ ეროვნულ მასშტაბში -  შესაბამის რისკებზე, მეტ-ნაკლებად, საპირწონე მექანიზმების უკეთ გააზრებაში.


ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართებით..


კონკრეტული ილუსტრაციისათვის გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვთან დაკავშირებულ რამდენიმე ნიშანდობლივ მომენტს აღვნიშნავ.

კერძოდ, ამგვარ მიწოდება-მომარაგებაზე სათანადო კონტროლის არსებობა ორი მიზანშეწონილობით გამოირჩევა:

(1) მოწინააღმდეგემ ან/და კონკურენტმა ვერ მოახერხოს სამიზნე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ღირებული ინფორმაციის მოპოვება, და
 

(2) მოწინააღმდეგემ ან/და კონკურენტმა ვერ შეძლოს სამიზნე ქვეყნის ეკონომიკის კრიტიკული სექტორების დაზიანება.


ასეთი რისკები განსაკუთრებით აქტუალურია ლიბერალური ეკონომიკური სისტემის პირობებში, სადაც - კონკურენტუნარიანობასა და ეფექტიანობასთან ერთად - ასეთი სისტემის ღიაობის თანმდევი, იმავდროულად, მისი მოწყვლადობაა. მეტიც,  - რაც უფრო მეტია გლობალურად ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი, მოწყვლადობაც ერთიორად მატულობს. 


შესაბამისი გამოწვევების პასუხს წარმოადგენდა აშშ-ში მიწოდება-მომარაგების ჯაჭვის მედეგობაზე საბჭოს დაფუძნება და ინდუსტრიული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით სხვა არაერთი ღონისძიებაც გატარდა, ზოგან მართებული, ხოლო ზოგანაც მეტად საკამათო. რამდენიმეზე წინა პუბლიკაციებში მქონდა საუბარი და აქ ახლა მათზე აღარ შევჩერდები.


ასავე გამოსარჩევია აშშ-ს მიერ 2022 წელს ე.წ. CHIPS & Science საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც ქვეყანაში ნახევარგამტარების საწარმოებლად აშშ 50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებდა. ფაქტობრივად, ბოლო ნახევარსაუკუნოვანი პერიოდისათვის ეს იყო ადგილობრივ წარმოებაში სახელმწიფოს მიერ ყველაზე ამბიციური განაცხადი. მის დეკლარირებულ მიზანს მიწოდება-მომარაგების ჯაჭვის განმტკიცება წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოებისათვის კრიტიკული ეკონომიკური სექტორის გაძლიერების გზით.  

 
სხვა საკითხია თუ რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ასეთ ღონისძიებათა კომპლექსი ეკონომიკაში რეალურად შეუვალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეალური შედეგის მისაღწევად ხომ დიდად გადამწყვეტია მთავრობის მიერ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, ისევე როგორც ამოცანის სწორად და გასაგებად ფორმულირება.


ამავე კონტექსტში, აგრეთვე, გასათვალისწინებელია, ერთი მხრივ, გლობალურ ეკონომიკაში აშშ-ს ინტეგრირების ხარისხი, ხოლო მეორე მხრივ, მისი მთავარი კონკურენტის  - ჩინეთის - ქცევის წესი, თანაც იმ პირობებში, როცა ორივე ქვეყანა ეკონომიკურად ესოდენ დამოკიდებულია ერთიმეორეზე. 


რადგან აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოება ვახსენეთ, ასევე მოკლეზე უნდა ვთქვა ჩინეთის ქცევის წესის თავისებურებებზე. მათი სპეციფიკურობა განსაკუთრებულ გამოწვევას უქმნის როგორც აშშ-ს, ისე სხვა ქვეყნებს, ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად. 


უწინარესად, ჩინურ სპეციფიკაზე საუბრისას აღსანიშნია ე.წ. „ყოვლისმომცველობის“ პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა. მისი არსი ისაა, რომ:


(1) ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესების გატარებას არა მხოლოდ ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსის ერთობლიობა ემსახურება, არამედ ისიც რომ, -

 
(2) ე.წ. „ყოვლისმომცველობის“ პრინციპიდან გამომდინარე პეკინისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება ყველა სეგმენტის მოვალეობაა, იქნება ეს სამთავრობო, საქმიანი, სამხედრო წრეები თუ დიასპორა. ასეთი მიდგომა ძირეულად განსხვავდება დასავლურისგან, სადაც შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ ოფიციალური შესაბამისი სტრუქტურების მოვალეობაა. 
 

მეტიც, ჩინეთის სტრატეგიული მიდგომა ასევე ამბობს, რომ თუკი ამა თუ იმ ტექნოლოგიის შექმნა და განვითარება ადგილობრივი რესურსით შეუძლებელია, მისი უცხოური წყაროებიდან ნებისმიერი გზით მოპოვება ნებადართულია. ხოლო „ნებისმიერზე“ აქცენტი იმით აიხსნება, რომ დასავლეთის მხრიდან „საუკუნოვანი დამცირების“ შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ამოცანაა ყველა ხერხს მიმართოს „ნაციონალური განახლების“ მიზნით.  


ჯამში, ჩინეთის მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა კონცეპტუალურად პასუხობს „ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების“ გაგებას. მეტიც, იგი სრულიად გააზრებულად და არაშერჩევითად, მიმართულია ეკონომიკის ისეთი საკვანძო სექტორებისკენ, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგიები, სინთეტიკური ბიოლიგია, ნახევარგამტარები, საავიაციო დანადგარები, მწვანე ტექნოლოგია, რობოტები და ავტომატიკა, ბირთვული ტექნოლოგიები და სხვა. 


გაგრძელება მეორე ნაწილში..
 

გააზიარე: