კორონავირუსის ინფექციის შეკავების ზომების თანდათანობითი მოხსნა - ევროკავშირის გზამკვლევის და საქართველოს ეტაპობრივი გეგმის შედარება

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

კორონავირუსის პანდემია უმოკლეს ვადაში იქცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე მწვავე და მასშტაბურ მსოფლიო კრიზისად ბოლო 100 წლის განმავლობაში - განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის ჯანდაცვის სისტემები მოუმზადებელი აღმოჩნდნენ პანდემიის პიკისთვის, რასაც ათეულ ათასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ვაქცინის და აპრობირებული წამლის უქონლობის ფონზე ერთადერთ საშველად იქცა საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი კარანტინი, საზღვრების დაკეტვა და გადაადგილების მკვეთრი შეზღუდვაც, რამაც დღეს მსოფლიოში 2.5 მილიარდამდე ადამიანი მოიცვა. გლობალიზაციის პირობებში სხვადასხვა მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული ბიზნესის მოკლე ვადებში დახურვამ, პროდუქციის მიწოდების ჯაჭვების უპრეცედენტო მოშლამ და სამუშაო ძალის გადადგილების მასობრივმა შეზღუდვამ პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური სტრესის რეზონირებით ეკონომიკის ისეთი შოკი გამოიწვია, რომელსაც ჯერ 2008-09 წლების კრიზისს ადარებდნენ, შემდეგ - 30-იანი წლების დიდ დეპრესიას და არაა გამორიცხული, რომ საბოლოოდ ეს პროგნოზებიც არ აღმოჩნდეს ყველაზე პესიმისტური. მით უფრო, რომ ექსპერტების უმრავლესობის აზრით, კორონავირუსი, სულ ცოტა, 2022 წლამდე ცირკულირებად ინფექციად შეიძლება დარჩეს, რომლის შემდეგი ტალღების (პირველი, სავარუდოდ, 2020 ნლის შემოდგომაზე) დამაზიანებელი ეფექტის გათვლა ჯერჯერობით ძალიან ძნელია.

როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები, ასევე ეკონომისტები თანხმდებიან ორ საკითხში:

  1. პანდემიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხი ინფექციის მასობრივი გავვრცელების შეჩერებაა - მკვეთრი შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენებით, ინფიცირებულთა აღმოჩენით, იზოლირებით, ტესტირებით, მკურნალობით. ინფექციის გავრცელების საწყის ეტაპზე მთავარია ინფიცირების პიკური მრუდის მაქსიმალურად გასწორება, რათა ჯანდაცვის სისტემამ მედეგობა შეინარჩუნოს და მძიმე, კრიტიკული ავადმყოფების ზვავური ნაკადის ფონზე არ ჩამოიშალოს.
     
  2. მაგრამ პანდემიის შეზღუდვის გვერდითი ეფექტი არანკალებ სახიფათოა - კარანტინი და ეკონომიკის გაჩერება დიდი ხნის განმავლობაში უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს ნებისმიერი ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებს და განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, რომლებიც საარსებო სახსრების გარეშე დარჩებიან. ხელისუფლების ამოცანაა ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ბიზნესს, ხოლო მოსახლეობის ხელმოკლე ფენებს და უმუშევრად დარჩენილებს - სოციალური დახმარება. მაგრამ გარკვეულ მომენტში ეს უკვე შეუძლებელი ხდება. და თუ ამ დროისთვის შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გამოცოცხლება არ მოხდა, არაინფიცირებული ადამიანების გადარჩენაც კითხვის ქვეშ დადგება, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვა უკვე ზურგიდან მიიღებს არანაკლებ სასიკვდილო დარტყმას. ამიტომ ყველა ქვეყანას გარკვეულ ეტაპზე უწევს მძიმე გადაწყვეტილების მიღება - მიუხედავად ინფექციის შემობრუნების რისკისა, დაიწყოს კარანტინის და სხვა შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა. 
     

სწორედ ამიტომ, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ 14 აპრილის შემდეგ დაიწყო საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის ზომების თანდათანობითი შემსუბუქება. საინტერესოა, რომ მათ შორის არიან ის ქვეყნებიც, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვები ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს (ავსტრია, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი), ასევე ისინიც, რომელთაც შედარებით გვიან შემოიღეს საყოველთაო შეზღუდვები (გერმანია), და ისეთებიც, რომლებმაც შეზღუდვების დაგვიანების ან არაეფექტური განხორციელების გამო ყველაზე მძიმე დარტყმა მიიღეს და ბოლო დრომდე შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებლებით ლიდერებს შორის იმყოფებიან (ესპანეთი, იტალია). შემსუბუქების რეჟიმებიც, განრიგიც და ასამოქმედებელ დაწესებულებათა პროფილი განსხვავებულია.

 

  • ესპანეთი: შეზღუდვების მოხსნა მშენებლობის სექტორის და საწარმოების გახსნით დაიწყო.
  • იტალია:  უფრო მრავალფეროვან წარმოებებს (კომპიუტერები, ტექნიკა, გამათბობლები, სასუქები, სასოფლო ქიმია, ხის ნაწარმი) და მაღაზიებს (წიგნების, საკანცელარიო, ბავშვის ტანსაცმლის) მისცა მუშაობის დაწყების უფლება.
  • დანია - საბავშვო ბაღების და დაწყებითი სკოლების (12 წლამდე) და ოფისების გახსნით დაიწყო 14 აპრილს, მალევე დაემატა სტომატოლოგიური კაბინეტები და თმის სალონები. ნორვეგიამ იგივე გააკეთა 1 კვირის შემდეგ. სხვათა შორის, მეზობელ შვედეთში სკოლები არც დახურულა.

  ​შეზღუდვების კიდევ უფრო თანდათანობითი მოხსნის გეგმები აქვთ შემდეგ ქვეყნებს:​

  • ავსტრია: - 14 აპრილიდან - პატარა მაღაზიები, 1 მაისიდან - დიდი მაღაზიები, 15 მაისიდან - რესტორნები და სატუმროები. აუცილებელია ნიღბების ტარება.
  • გერმანია: 20 აპრილიდან - მაღაზიები, 4 მაისიდან - სკოლები და თმის სალონები. აუცილებელია ფიზიკური დისტანცირების და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
  • ჩეხეთი: ყველაზე გაბედული და დეტალური გეგმა: 14 აპრილიდან - სახელოსნოები და სამშენებლო მასალის მაღაზიები, 20 აპრილიდან - აგრარული ბაზრები (მოლებს გარეთ), მაისიდან - ღია ბარები და რესტორნები, 1 ივნისიდან - უნივერსიტეტებიც (საბოლოო გამოცდების მისაღებად), ხოლო 15 ივნისიდან - ყველა მაღაზია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 15 აპრილს წარმოადგინეს მათი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი - „ერთობლივი ევროპული გზამკვლევი COVID-19 შეკავების ზომების მოსახსნელად“.
 

24 აპრილს - საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა როგორც ანტიკრიზისული ღონისძიებების გეგმა, ასევე - შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმაც, რომელშიც 6 ეტაპია გამოყოფილი. 
 

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება იქნება ევროკავშირის დოკუმენტის ძირითადი პოსტულატების გაცნობა და მასთან შეზღუდვების მოხსნის ქართული ეტაპობრივი გეგმის შედარება.  საქართველოს მხრიდან გამართლებული გვგონია ევროკავშირთან ამ მიმართულებით დამატებითი კონსულტაციების და კოორდინაციის სამუშაოს რეალიზებაზე დაფიქრება. მით უფრო, რომ ევროგაერთიანებამ 8 აპრილს გამოუყო ჩვენს ქვეყანას 183 მილიონი ევროს დახმარება (გადაუდებელი დახმარების პაკეტი) კორონავირუსის საწინააღმდეგო გადაუდებელ და მოკლევადიან სამუშაოებში დასახმარებლად. ხოლო 22 აპრილს - 150 მილიონი ევრო - პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად მაკროფინანსური დახმარების მიზნით.
 

ევროკავშირის გზამკვლევის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო პოსტულატებზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებით და შევადარებთ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ქართულ გეგმასთან.
 

გზამკვლევი - მთავარია დროის სწორად შერჩევა

 

  • შეზღუდვის ზომების თანდათანობითი შესუსტება/მოხსნა გარდაუვლად გამოიწვევს კორონავირუსით ინფექციის ახალი შემთხვევების ზრდას. საჭიროა პროცესის მუდმივი მონიტორინგი და მზადყოფნა შეზღუდვების მოხსნის ტემპის კორექტირებისა და ახალი ზომების შესაძლო ხელახლა დანერგვისთვის. ამ თვალსაზრისით აუცილებელია მოქალაქეებთან მკაფიო, დროული და ღია კომუნიკაცია. შეზღუდვების შესუსტების/მოხსნისთვის მისაღები დროის შეფასება უნდა ეყრდნობოდეს  კრიტერიუმების სამ ძირითად კომპლექტს:
    1. ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმები, რომლებიც უნდა აჩვენებდნენ ჰოსპიტალიზაციის და/ან ახალი შემთხვევების რაოდენობის მყარ დაქვეითებას და სტაბილიზაციას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
    2. ჯანდაცვის სისტემის საკმარისი რესურსი, მაგალითად - ჰოსპიტალური საწოლების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და აღჭურვილობის ადექვატური რაოდენობა.
    3. მონიტორინგის შესაბამისი რესურსი, რაც მოიცავს ტესტირების დიდი მასშტაბით ჩატარების, მოკლე დროში ინფიცირებულების დადგენის და იზოლირების და ასევე მათი კონტაქტების დადგენის და მოძიების შესაძლებლობას. 
       

შეიძლება ითქვას, რომ ამ სამი კრიტერიუმიდან საქართველო 12 აპრილამდე ახლოს იყო პირველი - ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმის დაკმაყოფილებასთან. ახალი შემთხვევების რაოდენობა სტაბილური იყო 3 კვირის განმავლობაში (საშუალოდ დღეში - 10), ჰოსპიტალიზებულ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქი იყო, ხოლო გარდაცვალების ოთხივე შემთხვევა აღინიშნა ასაკოვან და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებში. 14-17 აპრილის პერიოდში განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 28-48-მდე (საშუალოდ - 24-მდე, ანუ 140%-ით) გაიზარდა. თუმცა, 18 აპრილიდან ისევ აღინიშნება ახალი შემთხვევების შემცირება და სტაბილიზაცია. 
 

საქართველოში ჯერჯერობით (25.04.20) 10,000-მდე ტესტია ჩატარებული. მესამე კრიტერიუმის სრულად დაკმაყოფილებას ქვეყანა, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან შეძლებს, როცა სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში 40,000 ახალი ტესტი იქნება, ხოლო მაისის დასაწყისში ტესტების რაოდენობა 100,000-მდე გაიზრდება.
 

გზამკვლევი - შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის თანმდევი ზომები

 

შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის  მოითხოვს თანმდევი ზომების ნაკრებს, რომელიც მისაღები იქნება ყველა წევრი სახელმწიფოსათვის. ევროკავშირი იღებს ზომებს ყველა მათგანის მხარდასაჭერად.

მონაცემების შეგროვება და ანგარიშგების მძლავრი სოლიდური სისტემის შექმნა.  ეროვნულ და და ქვეყნისშიდა დონეებზე მონაცემების ჰარმონიზებული შეკრება და გაზიარება აუცილებელია შემზღუდავი ზომების გაუქმების  უკეთ წარმართვისათვის.

კონტაქტების დადგენის, მეთვალყურეობის და გაფრთხილების ჩარჩო სისტემის განვითარება, მაგალითად, ისეთი მობილური აპლიკაციებით, რომლებშიც დაცული იქნება პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა.

ტესტირების შესაძლებლობები უნდა გაფართოვდეს და ჰარმონიზებულ იქნას. სწრაფი და საიმედო ტესტირება მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასადგენად და მოსახლეობის შეძენილი იმუნიტეტის გასაზომად. კომისიამ წარმოადგინა სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინები) კორონავირუსის ტესტების შესახებ.

უნდა გაიზარდოს ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობები და მედეგობა. კერძოდ, რათა მოხდეს შეკავების ზომების მოხსნის შემდეგ ინფექციების შესაძლო ზრდის პროგნოზების გათვალისწინება. ევროკავშირის ბიუჯეტი მობილიზებულია ამ მხრივ დასახმარებლად.

უნდა გაიზარდოს სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა. კომისია მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს მარაგის დაგროვებასა და განაწილებაში, როგორც rescEU პროგრამის, ასევე ერთობლივი შესყიდვების საშუალებით.

ვაქცინების, მკურნალობის და წამლების განვითარება და სწრაფი წარდგენა გამოსაყენებლად. უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების განვითარება გახდება მდგომარეობის გარდამტეხი და მთავარი კორონავირუსის პანდემიის დასარულებლად.

საქართველოს დიდი ხანია გააჩნია ეპიდმონაცემების მოგროვების და ანგარიშგების საკმაოდ დახვეწილი სისტემა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრისა და მისი ფილიალების, რეგიონებში მომზადებული პერსონალის მზადების დონის წყალობით შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ სერიოზულ გამოწვევას არ უნდა ველოდოთ. 

 

16 აპრილს გამოცხადდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ავსტრიულ კომპანიასთან თანამშრომლობით შეიქმნა ინოვაციური მობილური აპლიკაცია StopCovid (NOVID-20) რომლის გადმოწერა AppStore-დან და Google Play-დან შეიძლება. აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ (იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვ). მობილური აპლიკაციის მეშვეობით დგინდება, თუ რომელი სმარტფონები იმყოფებოდნენ ერთმანეთთან  სიახლოვეში. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია - კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის (2 მეტრზე ნაკლები) მქონე შემთხვევები, დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ პირთან, აპლიკაციის საშუალებით მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით - დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას და შეესაბამება ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასაც. ახლა მთავარია მოსახლეობისთვის აღნიშნული აპლიკაციის დამცველობითი მნიშვნელობის განმარტება და მედიის მეშვეობით ზედმიწევნით და მრავალჯერად კომუნიკაცია, რომ მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქემ ჩამოტვირთოს და გამოიყენოს ეს აპლიკაცია, რაც შიდა ინფიცირების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების წყარო იქნება. 

 

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირების ტესტირება ოქროს სტანდარტით - PCR ტექნოლოგიით დაიწყო. თავდაპირველად ტესტირებისთვის ანალიზები გერმანიაში იგზავნებოდა, ხოლო 5 თებერვლიდან უკვე ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე ხორციელდება. უკვე აპრობირებულია დაჩქარებული PCR ტესტები, რომელთა პასუხი გაცილებით მალე - 1.5 საათში შეიძლება იქნეს მიღებული. ტესტირება, გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, ტარდება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფილიალებში - ბათუმსა და ქუთაისში. 25 აპრილიდან ტესტირებაში ჩაერთნენ კერძო ლაბორატორიებიც. სადღეისოდ საქართველოში ჩატარებული ტესტების რაოდენობა 10,000-ს უახლოვდება (1 მილიონ მოსახლეზე - 2400 ტესტი). იმისათვის, რომ საკარანტინო ზომების შემსუბუქების და თანდათანობით მოხსნის ეტაპზე სერიოზულად ვიფიქროთ, სასურველია 1 მლნ. მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებლის 11, 000-მდე გაზრდა (სამხრეთ კორეის ანალოგიურად), რაც მაისიდან სავსებით შესაძლებელი იქნება (მიღებული 40,000 ტესტის დამატებით ტესტირების მაჩვენებელი 1 მილიონ მოსახლეზე 13,000-ზე მეტი გახდება, ხოლო 100,000-მდე ტესტის გამოყენებისას - 27,000). ევროკავშირის გზამკვლევის თანახმად, მიზანშეწონილია პლაზმაში ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტების დაწყებაც - მოსახლეობის ნაწილში შესაძლო გადატანილი ინფექციისა და შეძენილი იმუნიტეტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. საქართველომ მიმდინარე კვირაში უკვე დაიწყო ახლახანს მიღებული 9,000 სწრაფი ტესტით სამედიცინო პერსონალის (განსაკუთრებით - სასწრაფო დახმარების ექიმების) და სამხედრო კონტინგენტის ტესტირება. მიზნობრივი (აგრესიული) ტესტირება ასევე განხორციელდება საკარანტინო ზონებში და ეპიდრეაგირების მიმართულებით. საინტერესოა, რომ დღემდე ჩატარებულ ტესტებით ინფიცირების აღმოჩენის საშუალო მაჩვენებელი 4%-მდე იყო, ხოლო ბოლო დღეებში - ტესტირების 3-ჯერ გაზრდის მიუხედავად, - მხოლოდ 2%.

 

ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობების და მედეგობის კუთხით, მინისტრისა და ექსპერტების განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სექტორს შეუძლია ინფექციასთან ბრძოლისთვის 3600 ჰოსპიტალური საწოლის მობილიზება. ინფექციის მართვის პირველ ეტაპზე სასტუმროების სექტორთან მთავრობის შეთანხმებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა სპეციალური საკარანტინო ზონები (სადაც კარანტინი გაიარა უცხოეთიდან რეგულარული, ხოლო შემდეგ ჩარტერული რეისებით დაბრუნებულმა 10,000-ზე მეტმა მოქალაქემ და იზოლაციის რეჟიმის დამრღვევმა ასობით პირმა). ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მოეწყო 30 ცხელების ცენტრი, რომელთა შორის 15-ს სამკურნალო დახმარების გაწევაც შეუძლია. რეგიონებში ცხელების ცენტრების რაოდენობა 37-მდე გაიზრდება. მოსახლეობის მიმართვებისთვის გამოყოფილია 24 პირველადი ჯანდაცვის ცენტრიც (მათ შორის 9 - რეგიონებში). ჰოსპიტალური შემთხვევების მართვის მიზნით პირველ ეტაპზე მომზადდა 17 სტაციონარული დაწესებულება (მათგან 10 - რეგიონებში, რომელთაც 16 აპრილს დაემატა რუხის ჰოსპიტალი). ქვეყანას გააჩნია 2000-მდე სამედიცინო ვენტილატორი მძიმე შემთხვევების სამართავად, თუმცა, სავარაუდოდ, მათი დაახლოებით 40% ამჟამად გამოიყენება არაინფექციური მძიმე პაციენტებისათვის. საწოლების, აპარატურის და კადრების (რეანიმატოლოგების და ინფექციონისტების გათვალისწინებით) ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჰოსპიტალური სექტორი დღეს მზად არის დაახლოებით 2,000 მძიმე  პაციენტის მისაღებად. გერმანიის გამოცდილებით და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციებით СOVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მოვლა და მართვა სავსებით შესაძლებელია. საქართველოში ამჟამად СOVID-10 პაციენტების მართვა ჰოსპიტლებში და ცხელების ცენტრებში ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო და მძიმე შემთხვევების რაოდენობა 15%-20%-ზე მეტი არ არის, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, სწორი ტრიაჟისა და ინფიცირებულთა გადანაწილების პირობებში, შეძლებს გაუმკლავდეს ერთდროულად კორონავირუსით 4,000-5,000-მდე ინფიცირებულის მოვლას: - ბინაზე (პჯდ ცენტრების მეშვეობით), ცხელების ცენტრებში და ჰოსპიტლების სპეციალიზირებულ განყოფილებებში (თუ მძიმე და მსუბუქ პაციენტებს შორის არსებული თანაფარდობა მნიშვნელოვნად არ გაუარესდება). გასათვალისწინებელია ექიმების, რეზიდენტების და უფროსკურსელი სტუდენტების დროული გადამზადების პროგრამების აუცილებლობა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით უკვე დაიწყო, მაგრამ ამ პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება არ მომხდარა. 

 

მიუხედავად შეზღუდვების მოხსნის დაანონსებისა, მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ჯერაც არსებული საგანგებო მდგომარეობის, რაიონული საკარანტინო წესების, ჰიგიენური ნორმების და ფიზიკური დისტანცირების მკაცრად დაცვაზე. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გაგრძელება და შეზღუდვების უკიდურესი გამკაცრება მოხდა ქობულეთის, ლენტეხის, თერჯოლის და ბოლნისის კლასტერებში შიდა გავრცელების გამო შემთხვევათა სწრაფი ზრდის ფონზე, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკისთვის მსგავსი ზომების გაგრძელება, თანაც - სასოფლო-სამეურნეო სამუშაობის ყველაზე აქტიურად წარმოების პერიოდში, მძიმე დარტყმაა. ხოლო და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის - არა მარტო ფინანსურად, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური კუთხითაც. სწორედ ამით იყო განპირობებული 27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის შემუშავება. 

 

სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის წარმოებისა და იმპორტის კუთხით პრობლემები არის მთელ მსოფლიოში - ამერიკაშიც, დიდ ბრიტანეთშიც, საფრანგეთშიც იტალიაშიც და გერმანიაშიც კი. საქართველომ მოკლე ვადაში მოახერხა 400,000 სამედიცინო ნიღბის წარმოება, რომელიც ინფექციისაგან დაცვის სტანდარტს აკმაყოფილებს. ნიღბების ანალოგიური მეორე პარტიაც უკვე მიეწოდა მომხმარებელს, თუმცა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, ალბათ გაცილებით მეტი იქნება საჭირო - იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების მოხსნის გეგმაში მთავრობამ მსგავსად ევროკავშირის მრავალი ქვეყნის გამოცდილებისა (ავსტრია, იტალია, ესპანეთი) ნიღბების ტარება მოსახლეობისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა.  უზბეკეთთან მოლაპარაკების შედეგად საქართველომ აპრილში შეიძინა მსოფლიოში ამჟამად ძალიან დეფიციტური პროდუქტი - 2 მილიონი მეტრი მარლა.  ქართული კომპანია Dr. Goods ევროკავშირის ინიციატივის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და გერმანიის საერთაშორისო განვითარების ფონდის (GIZ) დახმარებით კვირაში 40,000 სამედიცინო ხალათს აწარმოებს და სამედიცინო პირბადეების წარმოებასაც აპირებს. 16 აპრილს გამოცხადდა, რომ მეორე ადგილობრივი კომპანია  „რესპირატორი“ დღე-ღამეში 250 000-მდე საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბის წარმოებას იწყებს. მიუხედავად ამისა, ინფიცირების სავარაუდო პიკისთვის სამედიცინო პერსონალის  მზადყოფნის მიზნით, მიზანშეწონილი იქნება N95 ტიპის რესპირატორების და სპეციალური დამცავი კომბინიზონების იმპორტის შესაძლებლობის დროულად გათვალისწინება. 

 

ვაქცინებით და წამლებით უზრუნველყოფა ითვლება შეზღუდვების მოხსნაში საბოლოო წარმატების  მისაღწევად სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხად. აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინებისა და სამკურნალო პრეპარატების კლინიკური გამოცდების მუდმივი მონიტორინგი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჩვენი ინფექციონისტები ახორციელებენ კიდეც, სამომავლოდ ხელისუფლების მიერ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მოწოდების შეთანხმების მისაღწევად. მეორეს მხრივ, უკვე გვაქვს შეთანხმება ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანის „გილეადთან“ ამ ეტაპზე კორონავირუსის მიმართ თავდაპირველად ყველაზე პერსპექტიულად მიჩნეული ანტივირუსული პრეპარატის - რემდესევირის მოწოდების თაობზე, თუმცა ამ მხრივ ორი დღის წინ გავრცელებული ცნობებით პირველადი შედეგები არ აღმოჩნდა ისეთი ოპტიმისტური, როგორც ადრეული პროგნოზები იყო. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაგეგმა და კოორდინირებას უწევს რემდესევირის და სხვა პოტენციურად პერსპექტიული წამლების (ლოპინავირი/რიტონავირი, ინტერფერონ-ბეტა-1a, ქლოროქინი და ჰიდროქსიქლოროქინი) დიდ საერთაშორისო მულტიცენტრულ რანდომიზირებულ კვლევას - Solidarity

 

გზამკვლევი - შემდეგი ნაბიჯები

 

ქმედებები თანდათანობითი უნდა იყოს.

შემზღუდავი ღონისძიებები ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოიხსნას და ნაბიჯებს შორის საკმარისი დრო უნდა იყოს (მაგ. ერთი თვე), რადგან მათი ეფექტი მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ შეიძლება შეფასდეს.

ეტაპობრივად უნდა მოხდეს სამიზნედ მთავარი ღონისძიებების არჩევა. რაც ხელს შეუწყობს ნორმალური ფუნქციონირების თანდათანობით აღდგენას, ამავდროულად გაგრძელდება რა ევროკავშირის მოსახლეობის დაცვა ვირუსისაგან. მაგალითად,

1. ყველაზე დაუცველი ჯგუფები დაცული უნდა იქნეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

2. დიაგნოსტირებული პირები უნდა დარჩნენ კარანტინში და გაგრძელდეს მათი ადექვატური მკურნალობა, რომ შემცირდეს გადაცემის რისკები.

3. უსაფრთხო, მიზანმიმართულმა ალტერნატივებმა უნდა შეცვალოს არსებული ზოგადი აკრძალვითი ზომები.

4. საგანგებო სიტუაციების ზოგადი მდგომარეობა თანდათანობით უნდა შეიცვალოს მთავრობების უფრო მიზანმიმართული კონკრეტული ღონისძიებებით. ეს უზრუნველყოფს მიღებულ ზომებზე დემოკრატიულ პასუხისმგებლობას და მოსახლეობის მხრიდან უფრო ფართო მიმღებლობას.

 

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა თანხვედრაშია ევროკავშირის გზამკვლევთან. საფეხურები და ღონისძიებები უფრო დეტალურადაც კია გაწერილია, ვიდრე ზემოჩამოთვლილი ევროპული ქვეყნების ანალოგიურ გეგმებში.

ეტაპებს შორის დაწესებულია 2-კვირიანი შუალედი, ოღონდ, განმარტებულია, რომ ამ შუალედის რეალიზაცია დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და ახალ ეტაპზე გადასვლა მოხდება შესაბამისი ანალიზის საფუძველზე. ხოლო ეპიდმდგომარეობის გაურესებისას გათვალისწინებულია შემდგომი ეტაპის გადავადება და შესაძლებელია შეზღუდვების კვლავ ამოქმედება.

კარანტინების ზონების შენარჩუნება და დიაგნოსტირებული პირების ადექვატური მკურნალობის გაგრძელება გეგმაში საგანგებოდ არ არის აღნიშნული, თუმცა იგულისხმება. ხაზგასმულია დისტანცირების და იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროების რეგულაციების მკაცრად დაცვის აუცილებლობა. რეკომენდირებულია დისტანციური მუშაობის გაგრძელება (კერძო და საჯარო სექტორში), ასევე - ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა.

 

გზამკვლევი

 

  • ზომების გაუქმება უნდა დაიწყოს უფრო ლოკალური ზეგავლენის მქონე

შეზღუდვებიდან და თანდათანობით გავრცელდეს იმ ზომებზეც, რომელთაც უფრო ვრცელი გეგოგრაფიული მოცვა გააჩნიათ, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს საშუალებას მისცემს ეფექტური და მორგებული მოქმედებების განხორციელებას და საჭიროებისას შეზღუდვითი წესების სწრაფ აღდგენას - იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის ტალღა ისევ აღმავალი გზით წავა.

  • ეტაპობრივი მიდგომა გადაადგილების შეზღუდვის მიზნით დაწესებულ შიდა და გარე საზღვრების გახსნის კუთხით, რათა მოხდეს აუცილებელი პერსონალისა და საქონლის ნაკადის მოძრაობის აღდგენა.

 

ქართულ გეგმაში ჯერჯერობით არ არის შეზღუდვების მოხსნის გეოგრაფიული კომპონენტი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცალკეულ რაიონებში (ბოლნისი, ლენტეხი, თერჯოლა, ქობულეთი) კარანტინის და გადაადგილების შეზღუდვის უფრო მკაცრი წესები მოქმედებს, ხოლო კახეთის რეგიონში, პირიქით, ინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება, სავარაუდოდ, შეზღუდვების მოხსნის დროსაც ღონისძიებების დაწყების დროსა და ტემპებში შენარჩუნდება გარკვეული ასიმეტრია. 

 

იგივე ეხება გადაადგილების შეზღუდვის მიზნით დაწესებული საზღვრების ეტაპობრივ გახსნასაც, რაც ევროკავშირში - შიდა და გარე საზღვრებს გულისხმობს, ჩვენს შემთხვევაში კი - საკარანტინო ზონების გახსნას თუმცა ამ ნაბიჯების წინასწარ დროში გაწერა წარმოუდგენელია.

 

გზამკვლევი

 

ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად უნდა განახლდეს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ და ბიზნესმა შეძლოს ადევატურად მოახდინონ საქმიანობის გაზრდასთან უსაფრთხოების ადაპტირება. მთელი მოსახლეობა ერთდროულად არ უნდა დაბრუნდეს სამუშაო ადგილზე და სოციალური დისტანცირების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. დისტანციური საქმიანობა კვლავაც უნდა იყოს წახალისებული. სამუშაო ადგილებზე დაცული უნდა იყოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესები.

  • ადამიანთა შეკრებების აღდგენაც თანდათანობით უნდა იქნას დაშვებული. ყველაზე უფრო მიზანშეწონილი რიგითობის ასახვისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება სხვადასხვა კატეგორიის საქმიანობის სპეციფიკებზე. მაგალითად:

1. სკოლები და უნივერსიტეტები.

2. კომერციული საქმიანობა (საცალო) შესაძლო გრადაციით.

3. სოციალური საქმიანობა (რესტორნები, კაფეები, სპორტული ცენტრები) შესაძლო გრადაციით.

4. მასობრივი შეკრებები.

 

ეტაპობრივი გეგმა - შეზღუდვების მოხსნის ეტაპები:

I ეტაპი – შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყება და შესაბამისი წესების დაცვით ნებადართული იქნება: მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსებით შიდა გადაადგილება, ონლაინ ვაჭრობა - როგორც საბუთუმო, ასევე საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე, ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება.

ამასთან, 27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ჩაკეტილ ქალაქებს შორის გადაადგილდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებს.

II ეტაპიდან დასაშვები იქნება: მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოებისა და სერვისების სრულად ფუნქციონირება, კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

III ეტაპიდან ფუნქციონირებას აღადგენს: საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ქუჩიდან, ყველა ტიპის ღია ბაზარი, ყველა ტიპის წარმოება, საგამომცემლო საქმიანობა.

IV ეტაპიდან საქმიანობას გააგრძელებს: სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნებისა და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

V ეტაპი – გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ასევე ყველა ტიპის რესტორანი და კვების ობიექტი.

VI ეტაპი – მეექვსე, საბოლოო ეტაპზე კი, ფუნქციონირებას აღადგენს: გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობის დაწესებულებები; სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

ღია აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა თამამი, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რადგან, ერთი მხრივ, რაიონებში მოსახლეობის მხრიდან  ყველაზე მეტი უკმაყოფილება სწორედ სასოფლო პროდუქტების რაიონებიდან გამოტანის სიძნელეების გამო შეიქმნა. თანაც აშკარა გახდა ფასების ის მკვეთრი სხვაობა, რაც აგრარული ბაზრების არარსებობის პირობებში პროდუქციის მომწოდებელ რაიონებთან შედარებით შეიქმნა თბილისსა და სხვა ქალაქებში. ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ რაიონებში და სოფლებში კლასტერების გავრცელება უფრო მეტად მოხდა, ვიდრე დიდ ქალაქებში, აუცილებელია საინფორმაციო და პრევენციული სამუშაოების გაძლიერებც და აგრარულ ბაზრებში ჰიგიენური პირობების და დისტანცირების მკაცრად დაცვის მონიტორინგი.

ქართულ საზოგადოებრივ მენტალიტეტს, რა თქმა უნდა, გაუჭირდებოდა გაეზიარებინა დანიის მაგალითი, სადაც პირველად სწორედ ისინი დააბრუნეს თავის ჩვეულ ასპარეზზე (საბავშვო ბაღებში და სკოლებში), ვისაც ყველაზე ნაკლები რისკი აქვთ - 12 წლამდე ასაკის ბავშვები. მართალია, ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მრავალი სამეცნიერო დასაბუთება არსებობს (ინფიცირების ყველაზე დაბალი რისკი და სიკვდილობის ერთეული შემთხვევები), მაგრამ დანიელი პოლიტიკოსები თავადაც მეტად თავშეკავებულნი არიან საბოლოო შედეგების პროგნოზირებაში, მით უფრო, რომ სოციალურ ქსელებში ამ ინიციატივას ათეულ ათასობით მოწინააღმდეგე მშობელი აპროტესტებს (თუმცა, მხარდამჭერი მშობლების რაოდენობა მეტია).

თბილისში და რეგიონებში მაღაზიების გახსნა შეიძლება განსხვავებული გრაფიკით მოხდეს. დასაშვები იქნება ზოგიერთი მაღაზიის კვირის სხვადასხვა დღეებში ფუნქციონირება.

მიუხედავად ღონისძიებათა თანდათანობითი გაწერისა და საკმაოდ დეტალური ჩამონათვლისა, საქართველოს ეტაპობრივ გეგმაში მიზანშეწონილი იქნება რამდენიმე საკითხის გათვალისწინებაც:

  • არ არის მითითებული 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემთხვევაში თუ/როგორ მოხდება შემდგომ ეტაპებამდე დაჩენილი შეზღუდვების შენარჩუნება/გადახედვა.
  • არ არის ნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების საკითხი. მე-3 და მე-4 ეტაპებიდან, ალბათ, ნაწილობრივ მაინც, ესეც უნდა იქნას დაგეგმილი. განსაკუთრებით, თბილისის და სხვა ქალაქებთან ახლომდებარე სოფლებში ავტობუსებით გადაადგილების უზრუნველსაყოფად, რაც, ალბათ, უფრო ადრე ეტაპზეც უნდა მოხდეს.
  • საქართველოში მრავალი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ, განსაკუთრებით, - დამამთავრებელ კურსელებს - აქ გამოცდები უნდა ჩააბარონ და დიპლომები უნდა აიღონ, ხოლო თავიანთ სამშობლოში სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდებს - ავიამიმოსვლის გამოუქმების ფონზე - დიდწილად ვეღარ მიუსწრებენ. ამიტომ დამამთავრებელ კურსებზე საბოლოო გამოცდების (ივნისის ბოლოს ან ივლისში) ჩატარების და სტუდენტების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების საკითხები მთავრობამ, კარგი იქნება, შესაბამისი ქვეყნების (ინდოეთი, შრილანკა, ნიგერია, თურქეთი და სხვ.) ხელისუფლებებთან შეათანხმოს. საუნივერსიტეტო პროცესის ასეთი გახსნა ხანმოკლე იქნება და მისი თანმდევი საფრთხეების დინამიკაში შეფასების უკეთეს შანსს მოგვცემს. ეს მით უფრო დასაშვებია, რომ მთავრობის განცხადებით მისაღები გამოცდების პროცესის გადადება არაა მოსალოდნელი. აქვე უნდა ითქვას, რომ განათლების საკითხებზე ხელისუფლება დამატებითი ბრიფინგის მოწყობას დაგვპირდა.

 

გზამკვლევი

 

  • უნდა განხორციელდეს ვირუსის ხელახლა გავრცელების თავიდან აცილების ღონისძიებები, მოსახლეობის ინფორმირების კამპანია, რათა ადამიანებმა კვლავაც მკაცრად გააგრძელონ ჰიგიენის განუხრელად დაცვის პრაქტიკა და სოციალური დისტანცირება.
  • მუდმივად უნდა ხდებოდეს ღონისძიებების მონიტორინგი და უნდა შეიქმნას მდგომარეობის შესაძლო გაუარესების სცენარისათვის გარკვეული მზადყოფნა, რადგან რჩება ინფექციის ძლიერი ხელახალი აფეთქების რისკი და შეიძლება საჭირო გახდეს მკაცრი შეზღუდვების თავიდან დაწესება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვის სისტემებისთვის.

მოსახლეობას უნდა განემარტოს, რომ რაც უფრო განუხრელად მოხდება პირადი ჰიგიენის წესებისა და ფიზიკური დისტანცირების მომავალშიც მკაცრად დაცვა, ხოლო აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში მოწოდების „დარჩი სახლში!“ შესრულებაც, რაც უფრო ნაკლები იქნება უპასუხისმგებლო ქცევის შედეგად გამოწვეული კლასტერების ძნელადდასადგენი და უკონტროლო აფეთქება, რაც უფრო დავზოგავთ ჩვენი ქცევით არა მარტო ჩვენს ახლობლებს, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე გმირულად მომუშავე მედპერსონალსაც, მით უფრო მალე და განუხრელად განხორცილდება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, გაჩერებული ბიზნესების ამოქმედება, ქვეყნის მიმზიდველობის გამოსწორება და მით მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებასთან მიახლოებულ რიტმს.

ხოლო როგორც ევროკავშირის გზამკვლევი ცხადად განმარტავს, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება ნამდვილად ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც უარყოფითი მოვლენების განვითარება მოხდა. სავარაუდოდ, ეს იქნება ნელი და ფრთხილი  ნაბიჯი წინ და დაკვირვება იმაზე, ხომ არ დაგვჭირდება ნაბიჯის ისევ უკან გადმოდგმა... თან ამ ნაბიჯების ტემპი და ზომა წინასწარ ვერ გვექნება გათვლილი და პრაქტიკული აპრობაციის კვალობაზე უნდა მოხდეს.

ევროპაში შეზღუდვების მოხსნის დაწყებიდან საკმაოდ მცირე დრო - 4-10 დღეა - გასული. ავსტრიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და დანიაში ახალი შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. მცირე მატებას ჰქონდა ადგილი ესპანეთში და იტალიაში, მაგრამ მდგომარეობა საგანგაშოდ არ შეცვლილა და უკვე სტაბილიზაციას განიცდის.

იმისათვის, რომ ჩვენც გვქონდეს ანალოგიური ოპტიმისტური სცენარის მოლოდინი, აუცილებელია მოსახლეობის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის მრავალჯერადი განმარტებები - კორონავირუსის პანდემია ნათლად ამტკიცებს - სიფხიზლის მოდუნებას ვირუსი დაუსჯელად არ ტოვებს. სინგაპური და იაპონია, სადაც ვირუსის ახალი ტალღების გავრცელება აპრილში მოხდა, ამის სამწუხარო მაგალითებია.

 

გზამკვლევი - აღდგენის ეტაპი - ეკონომიკის აღორძინება, რომ მან იმუშაოს ხალხისთვის

 

იმ დროისთვის, როცა შემზღუდველი ზომები თანდათან მოიხსნება, აუცილებელია აღდგენის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ეკონომიკის აღორძინება და მდგრადი ზრდის გზაზე დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს მოიცავს გადასვლას ერთდროულად უფრო მწვანე და ციფრული საზოგადოებისკენ და არსებული კრიზისისგან ყველა გაკვეთილის გააზრებას ევროკავშირის მზადყოფნისა და მედეგობისათვის. კომისია შეიმუშავებს გაჯანსაღების გეგმას, განახლებული წინადადების საფუძველზე, ევროკავშირის შემდეგი გრძელვადიანი ბიუჯეტისთვის (მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო) და მათ შორის, 2020 წლის განახლებული კომისიის სამუშაო პროგრამის ჩათვლით.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ხანგრძლივი და თანდათანობითი იქნება, და რომ ჯანდაცვის ამ უპრეცედენტო კრიზისის შედეგები კიდევ დიდხანს გაგრძელდება“ - განაცხადა გზამკვლევის წარდგენისას ევროკომისიის კომისარმა ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების სფეროში სტელა კირიაკიდესმა, - „სანამ ეფექტური მკურნალობა და ვაქცინები იქნება გამოგონებული, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსის არსებობის პირობებში ცხოვრება. მაგრამ ევროპა ისევ დადგება ფეხზე, ერთად და გაერთიანებული“.

საქართველოს ევროკავშირზე არანკლებ დაჭირდება არა მარტო ანტიკრიზისული, არამედ, ასევე პოსტკრიზისული - პოსტპანდემიური / პოსტკორონული ეკონომიკური რეფორმების გეგმა, რომელიც ეკონომიკის გაჯანსაღების და გრძელვადიანი რესტრუქტურირების რეალისტური გათვლების  შესაძლო განხორციელების რამდენიმე სცენარზე იქნება მისადაგებული. ამდენად, საინტერესო იქნება ევროკავშირის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნაბიჯებიც ამ მიმართულებით, და სწრაფადცვალებად გარემოში ჩვენი დროული ორიენტირებაც, რომ მომავალი ცვლილებებისთვის ინტელექტუალური მზადყოფნა, არასტანდარტული ხედვების და გამოჩენილი მოულოდნელი პერსპექტივების ათვისების კარგი პოტენციალი გამოვავლინოთ.

დღემდე კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებებით საქართველოს მაგალითი მსოფლიოში საკმაოდ წარმატებულად მიიჩნევა - კერძოდ, კარგი ეპიდკონტროლით, ინფიცირებულთა რაოდენობისა (485; 1 მილიონ მოსახლეზე - 122) და სიკვდილობის დაბალი მაჩვენებლებით (6; 1 მილიონ მოსახლეზე - 2) ჩვენი ქვეყანა როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე - შავი ზღვის აუზის ქვეყნებშიც რეგიონალურ ლიდერობას ინარჩუნებს. ამას, ძირითადად, სწორედ დროულ და ეფექტურ პრევენციულ და შემზღუდავ ზომებს უნდა ვუმადლოდეთ. ახლა ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ახლახანს კატასტროფის ზღვარზე იყვნენ, შეზღუდვების თანდათან გაუქმების საკმაოდ რისკიან ნაბიჯებს ფრთხილად დგამენ. ასეთი კონსენსუსის მიღება იქაურ პოლიტიკოსებს და საზოგადოებას არსებულმა რეალობამ აიძულათ - კორონავირუსის პანდემიის საბოლოოდ დასრულება მოკლე ხანში ვერ მოხდება, და ამავე დროს გრძნობენ მკაცრი შეზღუდვებით განპირობებული ეკონომიკური კოლაფსის  მოსალოდნელ ხიფათს. ჩვენც ძალიან ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას შეზღუდვების მოხსნის მხრივ და მათ მიერ რამდენიმე კვირით ადრე დაწყებულ გზასა და გავლილ გაკვეთილებზე ვისწავლოთ საჭიროების შემთხვევაში (ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან შესაბამისობით) შეზღუდვების თანდათანობითი მოხსნის დასახული ეტაპების დინამიკაში ცვლილებების განხორციელება.

ახალ და უცნობ საფრთხესთან შეხვედრისას თეორიული ცოდნის მოცულობა გარკვეულწილად შეზღუდულია, ხოლო მუდმივ დაკვირვებას, ანალიზსა და ემპირიულ ცოდნას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ცოდნა კი ყოველთვის ძალაა, მით უფრო მაშინ, როცა სცილას და ქარიბდას შორის გვიწევს გასვლა.

 

გააზიარე: