ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი
zkirtava@gmail.comზვიად კირტავა არის მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის სკოლის პროფესორი, ა(ა)იპ „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე და ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქესის“ ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი.
წარსულში ზვიადი მუშაობდა ეროვნული საინფორმაციო სასწავლო ცენტრის დირექტორად, ჩაფიძის გულის ცენტრის ელექტრონული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ, კლინიკების განვითარების კომპანიის სამედიცინო პროექტების მენეჯერად. იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ჯანმრთელობის ევროპულ კომიტეტში (2002-11), ამავე კომიტეტის ბიუროს წევრი და თავმჯდომარე. 2000-04 წლებში იყო British Medical Journal (BMJ)-ის სარედაქციო საბჭოს წევრი. როგორც ევროკომისიის ექსპერტი, მონაწილეობს პროექტების შეფასებაში ევროკავშირის სხვადასხვა სამეცნიერო პროგრამებში (FP4, FP6, FP7, Horizon2020). ასევე მონაწილეობდა ევროკომისიის COST პროგრამის პროექტებში: Econ@Tel - ტელეკომუნიკაციების ეკონომიკა, ADAPT - მიგრანტთა ჯანმრთელობა, InterFaSol - თაობათაშორისი ოჯახური სოლიდარობა. ხოლო ამჟამად - PUI - ინტერნეტის პრობლემური გავლენების ევროპული ქსელი. არის BMJ eLearning საქართველოს პროექტის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შედეგ გაიარა ასპირანტურა მოსკოვში, რევმატოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ - მრაცალჯერადი სამეცნიერო სტაჟირება მალმოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (შვედეთი). გარდა ამისა, გავლილი აქვს ტრენინგები სამედიცინო ინფორმატიკაში (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, ჯორჯია, აშშ), ტელემედიცინასა და ელექტრონულ ჯანდაცვაში (ტრომსოს უნივერსიტეტი, ტრომსო, ნორვეგია და მერილენდის უნივერსიტეტი, კოლეჯ პარკი, აშშ) და ჯანდაცვის ადმინისტრირებაში (კურიკულუმი ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტისა და სკრენტონის უნივერსიტეტის მიერ, აშშ). მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“ მიერ განხორციელდა მრავალი პროექტი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა, ჯანდაცვის მენეჯმენტსა, საექთნო განათლებასა და სამედიცინო ინფორმატიკაში, ასევე - ინოვაციური პროექტები ტელემედიცინასა, ელექტრონულ ჯანდაცვასა და მობილურ ტელემედიცინაში, რომლებიც დაფინანსებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო დონორის (USAID/AIHA, ღია საზოგადოების ფონდი, ტუბერკულოზთან, შიდსთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, SIDA, CRDF-Global, Partnership for Peace, DoD/ONRG, ISN, ევროპის საბჭო) და ადგილობრივი ფონდების (რუსთაველის ფონდი, საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ფონდი) მიერ. იგი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი ელექტრონული და მობილური ჯანდაცვის, ინტერნეტის პრობლემური გამოყენების, რევმატოლოგიის, თერაპიის და კლინიკური ფარმაკოლოგიის საკითხებზე.