“ჩვენ ომში ვართ” - ეს ფრაზა ყოველდღე ისმის.
და როგორც ყველა ომში, გვაქვს უწყვეტი ცნობები ფრონტის ხაზიდან - სად მოეწყო მოულოდნელი და ვერაგული თავდასხმა, სად გვაქვს განსაკუთრებით მძიმე მსხვერპლი, სად მოვახერხეთ კონტრშეტევის განვითარება და ტყვეების გამოხსნა, რამდენი დაჭრილი გაეწერა ლაზარეთიდან და, სამწუხაროდ, რამდენის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ცნობები მოდის მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.
აპოკალიფსი დღეს... თანაც რეზონირებული მსოფლიო მედიის და სოციალური ქსელების მიერ. ათასობით სენსაციური ფეიკ-ნიუსით თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფების მიერ დამძიმებული ან მცდარი...
ამ ომს უკვე უწოდეს მესამე მსოფლიო ომი. ცნობილ ამერიკულ გამოცემაში The Hill რობერ ჰორმაცმა გაიხსენა, რომ ცივი ომის წლებში ამერიკელმა სტრატეგებმა მოახდინეს მესამე მსოფლიო ომის მოდელირება - ნავარაუდები იყო, რომ ეს იქნებოდა კონფლიქტი, რომელიც მსოფლიოს დიდ ნაწილს ჩაითრევდა. ორი ბანაკი - ამერიკა და მისი სტრატეგიული მოკავშირეები და მეორე მხარეს - საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ქვეყნები ...
ჰორმაცის აზრით - სტრატეგები შეცდნენ. მესამე მსოფლიო ომი მართლაც დაიწყო, მაგრამ ბანაკი ერთია - მთელი მსოფლიო, (თუმცა ჯერჯერობით ვერგაერთიანებული) ებრძვის უმცირეს სტრუქტურას - უხილავ ვირუსს, რომელიც შიშის ზარს სცემს უმძლავრეს ქვეყნებს, პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს, მილიონიან არმიებს, ავიამზიდებს და მილიარდობით ადამიანს. მიზეზი კი ისაა, რომ ცივი ომის დროინდელმა სტრატეგებმა ვერ გათვალეს სიტყვა „უსაფრთხოების“ მრავალსახიანობა. საფრთხის მოგერიებას მხოლოდ ტანკებით, გამანადგურებლებით, რაკეტებით და ლაზერებით აპირებდნენ. საფრთხე კი სრულიად სხვა სფეროდან მოვიდა. ის საფრთხე, რაზეც ეპიდემიოლოგები და მიკრობიოლოგები, ინფექციონისტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები დიდხანს გვაფრთხილებდნენ და ამბობდნენ - „ის კი არაა საკითხავი, თუ მოხდება პანდემია, არამედ ის - როდის მოხდება!..“ შეცდომის ფასი მძიმეა - ომი ისე დაიწყო, რომ ყველაზე მძლავრი ქვეყნებიც კი სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ...
და ახლა სწორედ ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები გახდნენ ჩვენი დროის გმირები, PCR ტესტი იქცა ღამის ხედვის მოწყობილობად, ნიღაბი და პერსონალური დამცველი ტანსაცმელი - საჰაერო დაცვის სისტემებად, საშინელი მტრისგან - კორონავირუსის ფრთოსანი რაკეტებისაგან და „ისკანდერებისგან“ რომ უნდა დაგვიცვას... რემდესევირსა და ვაქცინას კი ისევე მოუთმენლად და იმედით ველით, როგორც ალყაში განწირულად მყოფები - გადასარჩენად გამოგზავნილ სატანკო ბატალიონს... ამ ხატოვან შედარებებს დრამატულ ელფერს აძლევს ის უმძიმესი მდგომარეობა, რაც ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნების ჰოსპიტლებში, - 240,000-ზე მეტი გარდაცვლილი (მათ შორის - პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მრავალი მედიკოსიც). და ამაღელვებელს - ის ემოციური მისალმებები, სიმღერები და ტაში, რასაც სამედიცინო პერსონალს ნიუ-იორკის, მილანის, მადრიდის, ათენის თუ თბილისის მოსახლეობა უძღვნის.
ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ზოგიერთ წამყვან ქვეყანაშიც სამედიცინო სფეროს და მეცნიერების წარმომადგენლები არ იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელები. კორონაკრიზისმა დაგვანახა, რომ ვირუსთან დაუნდობელ ბრძოლაში ძირითადად იმ ქვეყნებმა მიაღწიეს უპირატესობას, სადაც ხელისუფლებამ მეტი ნდობა გამოუცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს და მათი რჩევების და ანალიზის გათვალისწინებით წარმართა შეზღუდვების დაწესება, ფორმატი, მოცულობა და ვადები.
მაგრამ თავიდანვე იყო მეორე მოსაზრებაც - რომ ეს ყველაფერი მესამე მსოფლიო ომი კი არაა, არამედ უბრალოდ, ომობანაა. რომ არც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რომ ამ ვირუსს ყველა მოვიხდით, და პოპულაციურ (ჯოგურ) იმუნიტეტს შევიძენთ. უბრალოდ, შეიძლება ვიღაცეებმა ეს მოხდა ვერ გადაიტანონ. ამ შეხედულებას ჰყავს მიმდევრები, რომლებსაც ეს მიდგომა უბრალოდ მოსწონთ და ისეთებიც, რომლებიც ამ მიდგომას ლოგიკურ სამეცნიერო გათვლებს აყრდნობენ, რადგანაც იციან ვირუსის გადაცემის მაღალი მაჩვენებელი, მისი გამძლეობა, ისიც, რომ ადამიანთა 75-85% СOVID-19 ინფექციას შედარებით იოლად გადააქვს, რომ კორონავირუსი მომავალი 12-24 თვის განმავლობაში კაცობრიობის თანმხლებ მოვლენად შეიძლება დარჩეს, და იმასაც ანგარიშობენ, რომ მთელ რიგ ქვეყნებსა თუ ქალაქებში მთლიანი სიკვდილობა თურმე არც ისე მომატებულა წინა წლებთან შედარებით, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს - რადგან მაინც იმდენი ხალხი იღუპება, რამდენიც სხვა - არაგადამდები დაავადებებით - დაიღუპებოდა... თანაც - ლამის იგივე კონტინგენტი - მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები. (აქვე შევნიშნავ, რომ ჩრდილო იტალიის ქალაქების მაგალითებზე დადასტურებულია, რომ ეს ჰიპოთეზა მცდარია - წელს იქ გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა ჯამურად, ვიდრე წინა წლებში. აღარაფერს ვამბობ ამ მიდგომის ეთიკურობის საჩოთირო მხარეზე).
სად არის სიმართლე და როგორ უნდა მოვიქცეთ?
პირველ ეტაპზე უდავოდ გაამართლა ვირუსის საფრთხის მყისიერად და სერიოზულად შეფასებამ. ქვეყნები, რომლებმაც ადრე ჩაკეტეს საზღვრები, დაიწყეს კლასტერული ან მასობრივი ტესტირება, გაატარეს ინფიცირებულთა იზოლირება და კონტაქტების მოძიება, ადრე დააწესეს შემზღუდველი ზომები (სკოლების, შეკრებების, ბიზნესების დახურვა) ან სულაც საკარანტინო ზომები (სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, ისრაელი, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, საბერძნეთი), აღმოჩნდნენ უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე ის ქვეყნები, ვინც კორონავირუსის საფრთხის არც თუ სერიოზულად მიჩნევის და/ან ეკონომიკის შენარჩუნების მიზნით პოპულაციური იმუნიტეტის განვითარების იმედად მკაცრ შემზღუდველ ზომებზე უარი თქვა, საზღვრები არ ჩაკეტა, დისტანცირება კი დაიწყო, მაგრამ არც თუ მკაცრი კონტროლით... ამ უკანასკნელთა უმრავლესობას (აშშ, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები) მალე მოუწია თავდაპირველად არჩეულ გეზზე უარის თქმა. თუმცა, სამწუხაროდ, შემთხვევების კატასტროფული ზრდა დაიწყო და დამცავი საშუალებების, რეანიმაციული საწოლების და ვენტილატორების დეფიციტისა და ჰოსპიტლების კატასტროფული გადატვირთვის გამო სიკვდილობის მკვეთრი მატება ვერ აიცილეს. დიდ ბრიტანეთში განვითარებული ინფექციის მკვეთრი პიკი, 25,000-ზე მეტი გარდაცვლილი (მათ შორის 108 - ექიმი) და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხილვა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტის როლში ყველაზე ნათელი დემონსტრაცია იყო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პანდემიის სწრაფად შეზღუდვის ღონისძიებების მომხრეთა პოზიცია საწყის ეტაპზე გამართლებული აღმოჩნდა.
მაგრამ ამ ომს, ისევე როგორც ნებისმიერ ომს, მეორე მხარეც აქვს - ეკონომიური. [1]
ეს ომი, როგორც ჩანს, არ იქნება მოკლევადიანი ბრძოლა. და ეს ომი მსოფლიო ომია. ყველა ქვეყანა იბრძვის, ყველას აქვს დანაკარგები, დიდ და ძლიერ ქვეყნებს დიდი (და მოლოდინთან შედარებით - კატასტროფულიც) დანაკარგები, ამდენად, როცა დაუზარალებელი არავინ დარჩება, რეალისტური მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ მხრივ, რა ტიპის და მოცულობის დახმარების იმედები შეიძლება გვქონდეს. მიუხედავად იმ წარმატებისა, რომ საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზევე მოახერხა დახმარების სერიოზული - $3.5 მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღება მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო 333 მილიონი დოლარი - ევროკავშირიდანაც მიიღო, ეს მაინც არ არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა წარმატებით დაძლევს კორონავირუსის პანდემიის მეორე - ეკონომიკური - ფრონტის გამოწვევას.
უფროს თაობას, ალბათ, კარგად ახსოვს მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული რუსული ფილმი - „ბელორუსიის ვაგზალი“, სადაც ბულატ ოკუჯავას სიმღერა ჟღერს - ასეთი სიტყვებით - „ჩვენ მხოლოდ მოგება გვჭირდება, ფასზე უკან არ დავიხევთ!“ საოცარი სიმღერაა, ფანტასტიური მუხტით და ბრწყინვალე შესრულებით. მაგრამ, სინამდვილეში, ხანგრძლივ, და მით უფრო - მსოფლიო ომს ვერავინ მოიგებს მყარი და მედეგი ეკონომიკის გარეშე. ლენდ-ლიზის პროგრამისა და ეკონომიკის დიდი ნაწილის ურალს იქეთ გადატანის და შენარჩუნების გარეშე, ვერც რუსები გაიმარჯვებდნენ იმ ომში.
პანდემიური ომის მზაკვრული მხარე სწორედ ამ წინააღმდეგობაშია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიის შეჩერება, მრუდის გასწორება, მსხვერპლის მინიმიზება, როცა არც ვაქცინა გაქვს და არც წამალი - მხოლოდ კარანტინით, ფიზიკური დისტანცირებით, გადაადგილებისა და ეკონომიკური აქტივობის სერიოზული შეზღუდვებით მიიღწევა. მაგრამ ეს შეზღუდვები, მათი ხანგრძლივობის კვალობაზე, კატასტროფულ ეფექტს იჩენს ქვეყნის ეკონომიკის მიმართ - წარმოებები, ტურიზმი, მშენებლობა, ვაჭრობა, რესტორნები, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო - ყველაფერი ის, რაც ადამიანების დასაქმების, შემოსავლების და მოთხოვნილების ზრდის, ქვეყნის განვითარების და ბიუჯეტის შევსების წყარო იყო, ახლა თავად ხდება სასწრაფოდ დახმარების გასაწევი. ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა და ეკონომიკური და სოციალური დახმარებისთვის გასავლების მატება უზარმაზარ დარტყმას აყენებს ნებისმიერ ქვეყანას, მით უფრო საქართველოს მსგავს ქვეყანას, სადაც ერთ სულ მოსახლეზე წლიური მშპ 4700 დოლარზე ცოტა მეტია, მოსახლეობის 25% პენსიონერი ან სოციალური დახმარების პაკეტის მიმღებია, უმუშევრობა - 11%-ს აჭარბებს, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, უკვე მარტში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა. „გალტ ენდ თაგარტის“ ანალიზით (უფრო რეალისტური სცენარებით) 2020 წელს ეკონომიკის ვარდნა -2.7%-დან -6%-მდე იქნება, ხოლო კაპიტალის გადინებამ - შეიძლება 1.2 მილიარდიდან 4.4 მილიარდ დოლარამდე შეადგინოს. PMC ჯგუფი უფრო მძიმე პროგნოზს აკეთებს: ვარდნა -4.3%-დან -12.9%-მდე შეიძლება იყოს. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეზღუდვები, მით მეტი იქნება ეკონომიკის შემცირების კუმულაციური ეფექტი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ძალიან სერიოზული გადაწყობის წინა ეტაპზეა და ამ დროს დიდხანს სტაგნაციაში ყოფნა იმის საწინადარია, რომ ჩვენთან საქონლის მიწოდების ჯაჭვების ან პროდუქციის წარმოების გადმოტანაზე პოტენციური ინვესტორები ნაკლებად იფიქრებენ, - თუ რეგიონის სხვა ქვეყნებში უფრო გახსნილი და ქმედითი ეკონომიკური აქტივობა იქნება, ვიდრე ჩვენთან. აი, ასეთია მესამე მსოფლიო ომის ეკონომიკური ფრონტი. ფრონტი, რომელიც სულ უფრო მეტად და მწვავედ შეგვახსენებს თავს.
ამიტომ კითხვა ვერაფრით იქნება დასმული ამ კუთხით - „რა ჯობს - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და შეზღუდვების გაგრძელება, თუ ეკონომიკის გადარჩენა და ინფიცირების პიკური გავრცელების რისკის გაზრდა?“
სწორი კითხვა მხოლოდ ასე შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, „როდის დგება ის მომენტი, როდესაც გაჩერებული ეკონომიკის გამოცოცხლების საკითხი უფრო პრიორიტეტული ხდება, ვიდრე შეზღუდვების უცვლელად შემდგომი გაგრძელება?“
საქართველოსთვის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობისთვის ეს მომენტი უკვე დადგა. ევროკავშირის მიერ ეკონომიკის გახსნის გზამკვლევი გეგმის გამოქვეყნებიდან 10 დღეში, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამაც მიიღო ეკონომიკური აქტივობის გახსნის ეტაპობრივი გეგმა. თუმცა, უკვე პირველ ნაბიჯზე გამოჩნდა გარკვეული სიძნელეები:
- ტრანსპორტის (მათ შორის ქალაქთაშორისი ტრანსპორტის) ამოქმედების გარეშე ეკონომიკის გამოცოცხლება სათუო ხდება. ამავდროულად, ჯერ არ არსებობს ამ მხრივ აშკარა გეგმა, ისევე როგორც იმის გადაჭრა, როგორ მოხერხდება მეტროში ან ავტობუსებში ფიზიკური დისტანცირების წესის დაცვა.[2]
- გარე აგრარული ბაზრების ამოქმედება ვერ მოხერხდა - ისევ სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო. ამ ფონზე კი ის ფერმერები, რომლებმაც სოფლებში დაგროვილი პროდუქცია ქალაქებში ჩამოსატანად გაამზადეს, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ისევ წაგებაში დარჩნენ და დაკრეფილი პროდუქტი გაუფუჭდათ.
- სამშობლოში 10,000-ზე მეტი მიგრანტი დაბრუნდა უცხოეთიდან. აქამდე ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებს მცირე შემოსავლებს მაინც უგზავნიდნენ ყოველთვიურად. იმ ფონზე, როცა გერმანია, ავსტრია, იტალია, და ესპანეთი ეკონომიკის გახსნისთვის ემზადებიან, ხოლო პოლონეთს, შვედეთის მსგავსად, თითქმის არც შეუწყვეტია ეკონომიკური აქტივობა, არაა გამორიცხული, რომ თუ ჩვენთან ეკონომიკის ამოქმედება დაბრკოლდება, დაბრუნებიდან 1 თვეში ემიგრაციის ახალი ტალღა დაიწყოს.
- ბიზნესის ამოქმედების ეტაპებს შორის 2-კვირიან ინტერვალებზე გაცხადებული იყო, რომ შეიძლება გადახედილ იქნას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით. უფრო იგულისხმებოდა პოტენციური გაუარესების და ეტაპის გადავადების შესაძლებლობა. ალბათ, მიზანშეწონილია იმ ვარიანტის რეალიზებაც, რომ ინფიცირების ტემპების სტაბილიზაციისა და ჯანდაცვის სისტემისათვის პაციენტთა არაკრიტიკული მასის არსებობის შემთხვევაში ეტაპები უფრო ადრეც დაიწყოს.
ამ ბოლო დღეებში ძალიან ხშირად მსოფლიო და ჩვენს მედიაშიც აქტიურად განიხილავენ შვედეთის მაგალითს, რომლის მთავრობამ პრაქტიკულად არ დააწესა ოფიციალური შეზღუდვები და ეკონომიკაც დიდწილად მოქმედ მდგომარეობაში იყო. რამდენადაც ამ ქვეყანას კარგად ვიცნობ (თითქმის წელიწადნახევარი მიცხოვრია მალმიოში), ვფიქრობ, შვედეთთან შედარება მაინცდამაინც აქტუალური არ უნდა იყოს ჩვენთვის, შემდეგი მიზეზების გამო:
- შვედეთში პრაქტიკულად გამორიცხულია ქვეყნის მასშტაბით ერთიანი lockdown-ის დაწესება. კარანტინი და სხვა შეზღუდვები იქ რეგიონების და ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა.
- შვედები ისედაც კარგად იცავენ სოციალურ დისტანცირებას და, ჩვენი მოქალაქეებისაგან განსხვავებით, ნაკლებად ჭირდებათ ამკრძალავი დეკრეტები. მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი რეკომენდაციებს გაცილებით უკეთ ასრულებს, ვიდრე ჩვენთან - ბრძანებებს. ის, რომ ინფექციის გავრცელება უფრო მაღალია, ვიდრე იმ სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები იყო დაწესებული, ნაწილობრივ მაინც იმასაც უკავშირდება, რომ შვედეთში (განსაკუთრებით - სტოკჰოლმში, გეტებორგსა და მალმოში) უფრო დიდია მიგრანტი მოსახლეობის წილი და კომპაქტური დასახლებებიც, სადაც რეკომენდაციების დაცვა, სავარაუდოდ, ისე ზუსტად არ მოხდა.
- შვედებს აქვთ პრაქტიკულად უფასო ჯანდაცვა და პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე გამართული სისტემა, რომელიც ახერხებს ინფიცირებულთა დიდი ნაწილის (მსუბუქი შემთხვევების - 100%-ით) ბინაზე მართვას.
- შვედეთში მოხუცებულთა დიდი ნაწილი ან ცალკე ცხოვრობს, ან - მოხუცებულთა სახლებში, რის გამო ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ მოახერხებდა მათ უპირატეს იზოლირებას და დაცვას (ეს იმედები არ გამართლდა - ცალკეულ მოხუცებულთა სახლებში ინფექციის დროულად გაკონტროლება ვერ მოხდა, რაც არის შვედეთში შედარებით მაღალი სიკვდილობის ძირითადი მიზეზი).
- დაბოლოს, ამჟამად ნაკლებად სასარგებლო მგონია, თეორიული მსჯელობები იმაზეც, რა მოხდებოდა, თუ შვედეთი თავიდანვე შეზღუდვებს დააწესებდა, ან - თუ ჩვენ წავიდოდით შვედეთის გზით (ამ ბოლო ვარიანტზე დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ - ახლა მძიმე შედეგები გვექნებოდა!).
უფრო გამართლებული მგონია, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკის ექსპერტები სამიზნედ აიღებენ სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც ან უკვე დაიწყეს ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა (დანია, ჩეხეთი, ავსტრია, იტალია, ოდნავ მოგვიანებით - შვეიცარია), ან - უახლოეს ხანებში იწყებენ (ესპანეთი, ნორვეგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი). 14 აპრილიდან შეზღუდვების მოხსნის დამწყები 4 ქვეყნის (იტალია, დანია, ჩეხეთი, ავსტრია) ორკვირიანი მაჩვენებლები საკმაოდ დამაიმედებელია - მათთან ინფიცირების ყოველდღიური ახალი შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა, პირიქით, სახეზეა ამ მხრივ დადებითი დინამიკა (ცხრილი შედგენილია OurWorldinData.com მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, 1-30 აპრილის პერიოდში). მომავალში უნდა შედარდეს სხვა მაჩვენებლებიც (მაგალითად ტესტირების სხვადასხვა ინდექსები, მთლიანი შემთხვევების რაოდენობა და ა.შ.).
სადღეისოდ, საქართველოს მაჩვენებლებიც მსგავს ტენდენციას უჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ტესტირების დღიური მოცულობა 200-300-დან 1000 ტესტამდე გაიზარდა, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად იმავე დონეზე რჩება, ხოლო ტესტირებულთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-დან 2%-მდე შემცირდა.
არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მხოლოდ ერთი სწორი გზა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადარჩენა ვერ და არ მოხერხდება ეკონომიკის გაჩერების ხარჯზე. და პირიქით, ეკონომიკის ამოქმედებამ არ უნდა დაგვავიწყოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ ორივე ფრონტზე გვჭირდება ბრძოლაც, და წარმატებაც ორივე ფრონტზე უნდა მიიღწეს.
კონკრეტული ზუსტი რეცეპტები და ვადები არ არსებობს. ხელისუფლების და ექსპერტების მხრიდან ორივე ფრონტის მუდმივად კონტროლი უნდა ხდებოდეს და რომელიმე მათგანზე სტაბილიზაციისა და გარკვეული პროგრესის მიღწევა უნდა გახდეს იმაზე დაფიქრების საბაბი, ახლა მეორე მიმართულებით ხომ არ უნდა მოხდეს აქცენტის გადატანა და ძალების გადასროლა. კარგი იქნება, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკის ექსპერტები ეცდებიან არა იმდენად თოკის თავისკენ გადაქაჩვას და ხელისუფლების დარწმუნებას იმაში, რომ მხოლოდ მათი სფერო საჭიროებს მიხედვას, დაფინანსებას და მუდმივ პრიორიტეტად დასახვას. არამედ მოახერხებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, და კრიზისზე და მის მართვაზე მეორე მხრის პოზიციის, არგუმენტების და ხედვების გაზიარებას შეეცდებიან. საბედნიეროდ, ბოლო დროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან მაინც, ამის მზადყოფნა იგრძნობა.
მოსახლეობის უმთავრეს ამოცანად კი რჩება ეპიდემიოლოგების და ინფექციონისტების რეკომენდაციების გათვალისწინება და მკაცრად დაცვა. ბოლნისის (სოფ. მუშევანის) მსგავსი ინციდენტები კატეგორიულად დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი მოთმინებით მიღწეული შედეგი - რეგიონში ინფიცირებისა და სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები - ძალიან მყიფეა და ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ან ჯგუფის მიერ შეიძლება უმოკლეს ვადაში წყალში გადაიყაროს საზოგადოების და სპეციალისტების სამთვიანი მძიმე შრომის შედეგები. უნდა გავითავისოთ, რომ ბიზნესის გახსნა არ ნიშნავს დისტანცირების და ჰიგიენის წესების მოხსნას.
მტერი ჯერ არსად გამქრალა და მოთმინებით ელის, როდის დავუშვებთ შეცდომას.