დატყვევებული ექიმი და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი საოკუპაციო ძალების ზღვარგადასულ თვითნებობას

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებულმა ბორდერიზაციამ და მცოცავმა ოკუპაციამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ასობით ოჯახის ყოფა გაუსაძლისი გახადა. ადგილობრივების გატაცება, ე. წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მოქალაქეების დაკავება და შემდგომ, თანხის გადახდის სანაცვლოდ მათი გათავისუფლება, ასევე, საძოვრად გაშვებული პირუტყვის მოტაცება ყოველდღიური ცხოვრების სამწუხარო რეალობად იქცა. განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ოჯახების მდგომარეობა, რომელთა სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა. ასობით ადამიანს აეკრძალა წინაპრების საფლავებზე გასვლა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავება და საძოვრების გამოყენება. ბორდერიზაციამ ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა იმ თვალსაზრისითაც, რომ საოკუპაციო ხაზს იქით მცხოვრებ მოქალაქეებს მნიშვნელოვნად შეეზღუდათ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, რამაც ცალკეულ შემთხვევებში მძიმე შედეგები მოიტანა. ბუნებრივია, ჩამოთვლილი პრობლემების კატეგორიზაცია არ იქნებოდა მართებული, რამეთუ როდესაც ვსაუბრობთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, სამხედრო ოკუპაციასა და სუვერენიტეტის შელახვაზე არ არსებობს მეტად ან ნაკლებად აქტუალური პრობლემები. შესაძლოა ვისაუბროთ მხოლოდ პრობლემების მოგვარების რიგითობაზე. სწორედ ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია, რომ უკანონოდ დაკავებული  ჩვენი მოქალაქეები დაუყოვნებლივ დავიხსნათ საოკუპაციო ძალების ტყვეობისგან. 


ვაჟა გაფრინდაშვილი ის სახელი და გვარია, რომელმაც სამოქალაქო გმირობის სრულიად უნიკალური პრეცედენტი შექმნა და დაამტკიცა, რომ საკუთარი პროფესიის სიყვარული, პაციენტის მკურნალობის სურვილი და უბრალოდ ადამიანობა საკუთარი ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისა და საოკუპაციო ძალების ტყვეობის შიშზე მაღლა დგას. 2019 წლის 9 ნოემბერს პაციენტის სამკურნალოდ წასული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა დააკავეს ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. მისი დაკავებისთანავე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააქტიურდა ე. წ. ცხელი ხაზი. 18 ნოემბერს ექიმის მონახულება, საკუთარი ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, შეძლო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საქართველოში, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის შესაძლებლობა აქვს. 


2019 წლის 15 ნოემბერს ე. წ. ახალგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა 13 დეკემბრის სხდომის შემდეგაც, ხოლო, 20 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს სასჯელის სახით 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გაფრინდაშვილის დაკავებასა და უკანონო პატიმრობას გამოეხმაურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელმაც დე ფაქტო ხელისუფლებას ექიმ გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ და ოჯახთან შეერთების საშუალების მიცემისკენ მოუწოდა. დაკავების მომენტიდან განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლების მიერ. ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის სპიკერმა მიმართა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას და მოითხოვა დაკავებულის გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნების შესაძლებლობის მიცემა.


შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ორი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული ექიმი და ,,დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გამშვები პუნქტების ჩაკეტვა“. შეერთებული შტატების საელჩო არ აღიარებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას და საკითხის პრობლემურობას განიხილავს უფრო ფართოდ, ოკუპაციისა და აგრესიის ჭრილში.  აშშ-ის საელჩო აღნიშნავს, რომ ექიმ გაფრინდაშვილის დაკავების პარალელურად თავისუფლება აღუკვეთეს საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც, რაც ზოგადად გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაციას აუარესებს და რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ორივე მხარეს მცხოვრებთა ყოფაზე. 


ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადება გაკეთდა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტის ფინური თავმჯდომარეობის თაოსნობით, სადაც აღინიშნა ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით გამოწვეული სირთულეების შესახებ. ევროკავშირმა ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ე. წ. ბორდერიზაციის პროცესში ადამიანების უკანონო დაკავებაზე გაამახვილა ყურადღება. ევროკავშირის შეფასებით გაუარესებულია ჰუმანიტარული მდგომარეობა რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია გამშვები პუნქტების ჩაკეტვით. ევროკავშირმა განმეორებით დააფიქსირა, რომ აუცილებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მექანიზმისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშვება.


ექიმ გაფრინდაშვილის საკითხს გამოეხმაურა ეუთოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობა, რომელმაც დამატებით მოუწოდა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, მათ შორის, საჯარისო შენაერთების დაბრუნება კონფლიქტამდელ პოზიციებზე. საფრანგეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გააკეთა, რომელშიც მხარი დაუჭირა  ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებას და მასში გაცხადებულ პოზიციას. ლიეტვუას საგარეო საქმეთა მინისტრიც ერთ-ერთი იმ მაღალი თანამდებობის პირთაგანია, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის უზენაესობის არარსებობით ახსნა.


აღნიშვნას იმსახურებს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში, თემაზე - „ შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“, სადაც ელჩმა საბჭოს წინაშე ექიმ გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ბორდერიზაციის მწვავე შედეგებსა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობაზე.


იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო შეიარაღებაა განლაგებული, როდესაც გამყოფი ზოლიდან იტაცებენ ადამიანებს, კეტავენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შესასვლელ პუნქტებს და ამ გზით ცდილობენ ადამიანებს შორის კავშირების ხელოვნურად გაწყვეტას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი მეგობრების მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერა. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არ არის ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალის მიერ ადამიანებისთვის თავისუფლების აღკვეთის პირველი პრეცედენტი. თუმცა, ეს შემთხვევა ყველაზე რეზონანსული გამოდგა რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათი უფლებები თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის.  არ შეიძლება საოკუპაციო ძალის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების კონტექსტში ფაქტის სიმწვავე მსხვერპლის ქონებრივი ან თანამდებობრივი მდგომარეობთ, მისი განათლებით ან სოციალური სტატუსით განვსაზღვროთ. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ყოველი ასეთი დაკავება არის ტრაგედია, რომელსაც ყველა ერთობლივი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ. 2019 წლის 13 დეკემბერს ასევე გაიმართა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ზადიშვილის, დავით მიშელაშვილისა და ზურაბ ტუხიაშვილის სასამართლო, რომლებსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. სამწუხაროდ ე. წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებისა და შემდგომ ფულადი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლების არაერთი შემთხვევა გვახსოვს. მაშინ რა მოხდა, რამ აღაშფოთა სრულიად საქართველო და ჩვენი საერთაშორისო მეგობრები განსაკუთრებულად? ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, საკუთარი პაციენტის სამკურნალოდ წავიდა. ექიმის ადგილზე ვიზიტი ერთადერთი გზა იყო 60 წლის დაშავებული ქალბატონის მდგომარეობის შესაფასებლად, ვინაიდან მას არ უშვებდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სწორედ ამ დროს, ჰუმანიტარული მისიით ჩასული ექიმი დააკავა საოკუპაციო ძალამ.


დაკავების შემდგომ ექიმ გაფრინდაშვილს შესთავაზეს ფულადი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლება, რაზეც უარი მიიღეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა არ აღიარა ე. წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება, რამეთუ, საქართველოს საერთაშორისოდ დადგენილი საზღვრები რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით გადის. ამის შემდგომ, დაიწყო ე. წ. გამოძიება და ისეთი ცრუ ბრალდებების შეთხზვა, როგორიც ვაჟა გაფრინდაშვილის 2008 წლის ომში მონაწილეობა იყო. ამოიღეს მისი მობილურის ჩანაწერებიც, თუმცა მისი გაშიფვრით ექიმის მაკომპრომატირებელი ინფორმაცია ვერ მიიღეს. იმისთვის, რომ საკუთარი პაციენტის შესახებ მონაცემები არ გაემჟღავნებინა ვაჟა გაფრინდაშვილმა ახალგორის რაიონში ჩასვლა პილიგრიმული მიზნით ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ძალებისთვისაც კარგად იყო ცნობილი ექიმის ჩასვლის რეალური მოტივაცია, მათ ეს ფაქტი დამალეს, ვინაიდან საოკუპაციო ძალას სურდა ჰუმანიტარული კონტექსტი გაექრო საქმიდან, რათა გარკვეული ცივილური სახე შეენარჩუნებინა. საბედნიეროდ, ეს ვერ მოახერხა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ექიმის ხელშეუხებლობის მყარ გარანტიებს იძლევა,  საოკუპაციო ძალა  არაფრად აგდებს არც საერთაშორისო სამართლის სახელშეკრულებო და არც ჩვეულებით ნორმებს. ის ფაქტიც კი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საერთაშორისოდ აღიარებული დაცვის უფლებისა და სამართლიანი სასამართლოს სხვა მინიმალური სტანდარტებითაც კი არ იყო უზრუნველყოფილი ნათლად წარმოაჩენს, თუ რაოდენ რთულია იმ საოკუპაციო ძალასთან დიალოგი, რომელიც საერთაშორისო სამართლის არანაირ სტანდარტს არ ცნობს.


და მაინც, რატომ იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოების დროული გამოხმაურება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე? მაშინ, როდესაც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს დგას საოკუპაციო ძალა, რომელიც არცერთ აქამდე ცნობილ და საყოველთაოდ აღიარებულ სამართლებრივ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ სტანდარტს არ ცნობს, საერთაშორისო ზეწოლა და არაღიარების პოლიტიკის ეფექტური განხორციელება ის ერთადერთი გამოსავალია, რომელიც მსგავსი დანაშაულების სამომავლო პრევენციაში დაგვეხმარება. არაღიარების პოლიტიკის წარმოება და საერთაშორისო ზეწოლა კი ჩვენი უცხოელი მეგობრების აქტიური ჩართულობის გარეშე ვერ მიიღწევა.


სამოქალაქო გმირობისა და პატრიოტიზმისთვის ,,სამაგალითოდ დასჯილი“ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალამ 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლა უკანონო პატიმრობიდან.  ეს წარმატება, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე მისი უცხოელი მეგობრების აქტიური ძალისხმევის შედეგია. და მაინც, ვიმედოვნოთ, რომ საერთაშორისო წნეხი დააფიქრებს საოკუპაციო ძალებს ადამიანების დატყვევების ამ მანკიერი პრაქტიკის მიზანშეუწონლობაზე.

 

( ფოტო: https://agenda.ge/en/news/2019/3424 )

გააზიარე: