ტიკტოკი-ფარული საფრთხე სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

სოციალური ქსელები 21-ე საუკუნის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ციფრული პლატფორმების განვითარებამ სრულიად შეცვალა ინტერაქციის ფორმები, საზოგადოების ქცევა, სახელმწიფოთა შიდა და გლობალური პოლიტიკა, ერთი სიტყვით, სრულიად სამყარო. არ დარჩა სფერო, რომელზეც ზოგადად ტექნოლოგიურმა სიახლეებმა და უფრო კონკრეტულად, სოციალურმა ქსელებმა გავლენა არ მოახდინა. ციფრული სამყაროს სარგებლისა და უარყოფითი მხარეების შეპირისპირების შემთხვევაში პოზიტიური ასპექტების წილი უდავოდ გადაწონის ნეგატიურ მდგენელებს, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, იმდენად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგება მსოფლიო, რომ მათზე თვალის დახუჭვამ დრამატულად მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც სოციალურ ქსელებს უკავშირდება პირადი სივრცის დაცულობა, მათ შორის, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და თანამდევი საკითხებია. აღნიშნული სტატია, უსაფრთხოების კონტექსტში, ახლად პოპულარობა მოხვეჭილი ჩინური აპლიკაციის - ტიკტოკის შეფასებას დაეთმობა. 


ტიკტოკი ვიდეოს გაზიარებაზე დაფუძნებული სოციალური ქსელია, რომელსაც ჩინური ინტერნეტ გიგანტი ბაიტდენს (ByteDance) ფლობს და მართავს. კომპანიამ 2016 წელს ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის შექმნა პლატფორმა დოუინ (Douyin), ხოლო 2017 წლიდან საერთაშორისო ბაზრისთვის ჩამოყალიბდა აპლიკაცია ტიკტოკი, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარული ამერიკის ბაზარზე შესვლის შემდეგ გახდა. 2018 წელს კალიფორნიული სოციალური მედია სტარტ აპის- Musical.ly შეძენითა და მისი ტიკტოკისთვის შერწყმით 200 მილიონით გაიზარდა სოციალური ქსელის ანგარიშების რაოდენობა. 2020 წლის მონაცემებით ორგანიზაციას 800 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, 2019 წელს აპლიკაცია 738 მილიონჯერ გადმოიწერეს, ხოლო, დაარსების დღიდან დღემდე- 1.5 მილიარდჯერ. შთამბეჭდავია მსოფლიოს ყველაზე გამოყენებად სოციალურ პლატფორმებს შორის ტიკტოკის პოზიცია, რომელიც რიცხვებში შემდეგნაირად გამოიყურება:

საინტერესოა, რომ ტიკტოკი 150-მდე ქვეყანასა და რეგიონს მოიცავს და 39 ენაზეა ხელმისაწვდომი. აპლიკაცია ფარავს პრაქტიკულად ყველა კონტინენტს, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოხმარების მზარდი სტატისტიკა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი.

სოციალური ქსელის პოპულარობის ზრდასთან ერთად მეტი შეკითხვა ჩნდება მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2019 წელს შეერთებული შტატების ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ 5.7 მილიონი დოლარით დააჯარიმა ბაიტდენსის (ByteDance) მფლობელობაში მყოფი სოციალური მედია აპლიკაცია Musical.ly ბავშვთა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის საფუძვლით. უკანონო მოქმედება მოიცავდა 13 წლამდე ასაკის ბავშვების სახელების, ელ. ფოსტის მისამართების, ფოტოებისა და ადგილსამყოფელის შესახებ მონაცემების უკანონო შეგროვებას. ორგანიზაციამ აღიარა ფაქტები და განაცხადა, რომ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა შეწყდებოდა. შეერთებულ შტატებში აპლიკაციის სოციალური გავლენის ზრდას კონგრესის მწვავე რეაქცია მოჰყვა და 2019 წელს ეროვნული უსაფრთხოების შემოწმების პროცედურების ფარგლებში დაიწყო აპლიკაციის შესწავლა ნაციონალური საფრთხის ჭრილში. ფაქტების გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალური ქსელი კიბერუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, ამდენად თავდაცვის დეპარტამენტმა სამხედრო სამსახურებისთვის აკრძალა ტიკტოკის გამოყენება. რეკომენდაცია გაიცა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებზეც აპლიკაციის გადმოწერისგან და მისი გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ. 2019 წელს კიბერუსაფრთხოების კომპანია ჩეკ პოინტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტიკტოკი დაუცველია გარე შეღწევებისგან (ერთ-ერთ გზად იდენტიფიცირებულია არაავთენტური მოკლე ტექსტური შეტყობინებები პროგრამაში ავტორიზაციისთვის), შესაბამისად, მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ არის მომხმარებელთა მონაცემები. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შექმნის კონტექსტში 4 ძირითადი რისკია იდენტიფიცირებული: სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების მონაცემების შეგროვება, რიგითი მოქალაქეების მონაცემების შეგროვება, დეზინფორმაციის გავრცელება, ჩინეთის მთავრობის მიერ არასასურველი ინფორმაციის ცენზურა. პოლიტიკურად მგრძნობიარე პოსტების დაბლოკვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელეს ტიკტოკის ამერიკის ოფისის თანამშრომლებმაც. ამ საკითხზე შეშფოთება გამოითქვა შეერთებული შტატების სენატში და გაჟღერდა საკითხის დეტალურად შესწავლის ინიციატივა. 2019 წლის ოქტომბერში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ტიკტოკთან მიმართებით, ჩინეთის მთავრობის ცენზურის პოლიტიკაზე ისაუბრა სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა. მის სიტყვაში ხაზი გაესვა ჩინეთში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ, ფუნდამენტურ საკითხებს, რაც, ზაკერბერგის განცხადებით, მისი ორგანიზაციების ჩინეთის ბაზარზე შესვლის მთავარი შემაფერხებელი გახდა.

 

ტიკტოკის გადაცდომებზე საუბრისას Facebook-ის დამფუძნებლის განცხადებები ვერ ჩაითვლება სანდო წყაროდ კრიტიკისთვის, ვინაიდან ორგანიზაცია ამ პროცესში დაინტერესებული მხარეა. ერთი მხრივ, სოციალური პლატფორმების კონკურენცია, ხოლო მეორე მხრივ, ზაკერბერგის მხრიდან წარსულში აპლიკაციის- Musical.ly შეძენის აქტიური მცდელობები, საკმარისი ინდიკატორებია იმისთვის, რომ მის მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანოთ. მიუხედავად ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ჰონგ კონგის პროტესტის, ტანიამენის მოედნის, ასევე, ტიბეტისა და ტაივანის დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებული ვიდეოების დაბლოკვა ფაქტებია, რომელთა დამადასტურებელი არაერთი წყარო არსებობს. ჩინეთი რომ არ გამოირჩევა ადამიანის უფლებების დაცვით და დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით ეს ტიკტოკის საშუალებით გაკეთებული აღმოჩენა არ გახლავთ. ინტელექტუალური საკუთრების დაცვაც რომ არ არის ჩინეთის ბიზნეს-კულტურის ძლიერი მხარე ამაში ჩინური წარმოების პროდუქტების გარეგანი და ფუნქციური მახასიათებლების უბრალო შესწავლითაც ვრწმუნდებით. თუმცა, პრობლემა, რომელზეც ტიკტოკის კონტექსტში ვსაუბრობთ სცდება ერთი სახელმწიფოს საზღვრებს და გადადის გლობალური უსაფრთხოების სივრცეში. მსოფლიოს ინტერნეტ დომინაციისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში აღმოსავლური და დასავლური ფრონტებიდან, წინა ფლანგებზე, ჩინეთი და შეერთებული შტატები იბრძვიან. 5G ინტერნეტისა და ჰუავეის საკითხთან დაკავშირებული აჟიოტაჟი იმის დასტურია, რომ არც შეერთებული შტატები აპირებს არსებული ჰეგემონიის დათმობას და არც ჩინეთი - ახალი ჰეგემონობისთვის ბრძოლას. ნათელია, რომ თემა არ უკავშირდება მოლოდ ტექნოლოგიურ ასპექტებს, არამედ, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სტრატეგიული უპირატესობების მოპოვებას.

 

კოვიდ 19-თან დაკავშირებული მოვლენების გამო ჩინეთის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდის პროცესი რომ დაწყებულია, ამას მიწოდების ჯაჭვების ჩინური მოდელის გარკვეულ დეკონსტრუქციაშიც შევნიშნავთ. ბუნებრივია, რომ ამ პროცესს ჩინეთი არ ხვდება გულხელდაკრეფილი და აძლიერებს საკუთარი პოზიციების დაცვას, მათ შორის, ისეთი საშუალებებით, როგორიც სოციალური ქსელია. ინტერნეტ კეთილსინდისიერებისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური საკითხების პატივისცემის ჭრილში არაერთმა მსხვილმა ინტერნეტ მოთამაშემ ,,გამოიჩინა“ თავი უარყოფითად, რაც შესაბამის ფინანსურ სანქციებში აისახა. თუმცა, ტიკტოკი და მასთან დაკავშირებული რისკების მასშტაბი და სპეციფიკა სრულიად უნიკალურია. 21-ე საუკუნეში მტრის სახედ მხოლოდ თოფით შეიარაღებული ადამიანი არ უნდა წარმოგვიდგეს, არამედ ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში ნებისმიერი ციფრული პლატფორმა, რომელიც ავტონომიურობის დაბალი ხარისხითა და კონკრეტული ქვეყნის სახელმწიფოს ძირითადი პოლიტიკური ხაზის გატარებით გამოირჩევა, თავდასხმის მნიშვნელოვანი იარაღია. ტიკტოკი, როგორც ერთი შეხედვით უწყინარი სოციალური ქსელი, ჩინური რბილი ძალის ის ნაწილია, რომლითაც შესაძლებელია გლობალურად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე კონტროლი. აპლიკაციაში თავს იყრის მილიონობით ადამიანის, მათ შორის, არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები და დღესდღეობით არ არსებობს მყარი სამართლებრივი და ტექნოლოგიური გარანტიები იმის დასადასტურებლად, რომ სოციალური ქსელი უკანონოდ არ მოიპოვებს და არ დაამუშავებს ამ ინფორმაციას. უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის მატერიალური თუ არამატერიალური მონეტიზაციისთვის კი მრავალი გზა არსებობს. შესაბამისად, მონაცემთა დაუცველობის ეს ხარისხი საფრთხეს უქმნის, როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ასევე სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, რამეთუ, თანამედროვე მსოფლიოში სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა სრულებით არასაჭირო კომპონენტი გახდა. ბუნებრივია, რთულია გადაჭრით იმაზე საუბარი, თუ რამდენად რეალობად იქცევა ეს საფრთხეები, თუმცა ტიკტოკის არსებული ტექნიკური მახასიათებლები და ინფორმაციული პოლიტიკა პოზიტიური მომავლის იმედს არ იძლევა.

 

საქართველო, როგორც აბრეშუმის გზისა და პროექტის ,,სარტყლისა და გზის ინიციატივა“ შემადგენელი ქვეყანა არა მხოლოდ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფიზიკური, არამედ, ციფრული გეოგრაფიის ნაწილია. პრეპანდემიურ სამყაროში გააქტიურებული ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები საქართველოს მიმართ პოსტპანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო მოიმატებს ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობისა და საერთაშორისო პოზიციონირების გათვალისწინებით. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება ტიკტოკის მოხმარება, მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურად შეფასდეს საფრთხეები ყველა განზომილებაში. აპლიკაციასთან დაკავშირებული რისკების ფონზე ქართული ნაციონალური ინტერნეტ პროვაიდერის მხრიდან სოციალური ქსელის პოპულარობის ხელშეწყობა, რაციონალურობის ასპექტში, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სანამ აპლიკაციასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, მნიშვნელოვანია, ყოველმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ, თუ რა პროგრამას ვიწერთ ჩვენს ელექტრონულ მოწყობილობებში, რა მოცულობით ვაძლევთ მას დაშვებას და რა სახის პერსონალურ მონაცემს ვხდით ხელმისაწვდომს. სოციალური ქსელების სპეციფიკა, მათ შორის, იმით არის უნიკალური, რომ პლატფორმაში ინფორმაციის გავრცელებას შეუქცევადობა ახასიათებს. შესაბამისად, მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია სრულ რეპარაციასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე საუბარი. ამდენად, ამ ეტაპზე, პრევენციის ერთადერთი მექანიზმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის ტვირთის ინდივიდებზე გადანაწილებაა. 
 

გააზიარე: