რეგიონალური სამხედრო დისბალანსი და საქართველო : დასკვნები მსჯელობისათვის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

„ომი - ეს მგელია და იგი შესაძლოა თქვენს კარებთანაც მოვიდეს.” - ბერნარდ შოუ


ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით, მისი ერთ-ერთი ძალისმიერი გამოვლინება. ჯარი კი ის ინსტრუმენტია, რომელსაც სახელმწიფო მისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად მიმართავს. ნებისმიერი ჯარის პირველადი ამოცანა რა თქმა უნდა მასზედ დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელება არის, იმ უფლებამოსილების რომელიც სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული. 


ზოგადად, ნებისმიერი არმია მხოლოდ ორ მდგომარეობაში იმყოფება - ომობს ან ემზადება ომისათვის. ესაა მისი ამოსავალი უმთავრესი ფუნქცია, რა თქმა უნდა სხვა მხარდამჭერ ამოცანებთან ერთად. რაც არ უნდა წარმატებული იყოს მისი, როგორც სახელწმიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტის მხარდამჭერი დანიშნულებით გამოყენება, პირველ რიგში მისი ავკარგიანობა ზემოთ ნახსენები უზენაესი მიზნისა და ფუნქციის განხორციელების პრიზმაში განიხილება, რაც არის მისი მზაობა შემდეგი ომისათვის რომელიც შეილება  ოდესმე იყოს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ქვეყნის თავდაცვის ძალების ამოცანები ჩვენს კონსტიტუციაშია მოცემული. 


ის რომ დღეს მთელი სამყარო განსაკუთრებული გამოწვევების პირობებში ვფიქრობთ ნათელია. ამ სტატიის მიზანია მოკლედ მიმოიხილოს არსებული საერთაშორისო გარემო და აჩვენოს დღეს ჩვენს რეგიონში არსებული სამხედრო ბალანსი და ის, თუ  რამდენად პასუხობს ჩვენი თავდაცვის მზადყოფნა ჯარის არსებობის ზემოთ ნახსენებ  უზენაეს მიზანს.


გეოპოლიტიკური კონტექსტი მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, კლასიკური გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა  გარკვეულ წილად „კანტისეული მშვიდობის“  დამყარების ილუზია შექმნა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული "ხავერდოვანი ილუზიის" დრო.


2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამ ილუზიის მსხვრევის სიგნალი გახდა. ამერიკის წარმოებული  ორი დაუსრულებელი ომისა და არაბული გაზაფხულის შემდგომ ნათელი გახდა, რომ დემოკრატიული სამყაროს საყოველთაო გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია.  ამასთან ერთად, 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ პერიოდში საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში ორი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური-ტექტონიკური მოვლენა მოხდა. პირველი- სამოქალაქო ომი სირიაში და მის მიერ გამოწვეული რყევები. მეორე კი ყირიმისა და უკრაინის მოვლენები.  საბოლოო ნიშნით სახეზე მივიღეთ ძალთა ვაკუუმის შედეგად საერთაშორისო არენაზე გააქტიურებული რუსეთი, რომელიც გამუდმებით ცდილობს მისი ძალის დემონსტრირებას  და მეორეს მხრივ პოლიტიკური გამოწვევებით აღსავსე დასავლეთი, რომელიც კონსოლიდირებული პოლიტიკური ხედვებისა და ლიბერალური განწყობების სერიოზულ კრიზის განიცდის. ლიბერალური ინტერნაციონალიზმი დისკრედიტირებულია ისე როგორც არასდროს. 


საერთაშორისო არენაზე აშშ-სთან ერთად, მეორე მთავარ ეკონომიკურ და  ტექნოლოგიურ ცენტრად ყალიბდება ჩინეთი, რომელიც არ ერიდება მისი ინტერესების ღიად დეკლარირებას და საჯაროდ გამთქვამს მზაობას დაიცვას ეს ინტერესები, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც. 


ამას თან ერთვის კოვიდ-19 და გლობალური პანდემიის შედეგად მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებში.  წამყვანი ანალიტიკური ცენტრები და მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, როგორ განვითარდება სამყარო ზემოთ განხილული რეალიების პირობებში.


ამ ფონზე, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში არ წყვეტს სხვადსხვა ტიპის საინფორმაციო მანიპულაციებს და აქტივობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ქვეყნის წინაშე აქამდე არსებულ საფრთხეებს ემატება პანდემიის შედეგად გამოწვეული შოკებიც და მისგან გამომდინარე გამოწვევები. საქართველოს უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო რთულად პროგნოზირებადი ხდება.


რა თქმა უნდა, საქართველოს გაცხადებული აქვს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. არსებობს ალიანსის დაპირებაც საქართველოს აუცილებლად გაწევრიანების შესახებ, თუმცა რეალურად  საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღი ძალზედ ბუნდოვანია და მასთან ერთად ბუნდოვანია, თუ ქვეყანას როდის დაიცავს ყველაზე წარმატებული ალიანსის უსაფრთხოების ქოლგა. 


ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საქართველოს გარემოცვაში არ არსებობს დღეს ერთი მოთამაშე, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლია რაიმე სახის ჰეგემონიის მიღწევა, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის  გეოპოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურად მწვავე დარჩება საფრთხეების და რისკების ცვალებადი სპექტრით. თუმცა, რუსეთის პოზიციები ამ თვალსაზრით კავკასიაში მაინც დომინანტურია, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ჭრილში. იგი ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო არტერიიდან მხოლოდ 500 მეტრშია.


მიუხედავად ცალკეული პიროვნებების და ექსპერტების მოწოდებისა, რომ სასურველია საქართველოსთან მიმართებაში ნატომ და პირველ რიგში აშშ-მა ნახოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალი ფორმატები და თვისობრივად გაზარდოს მისი ყოფნა ქვეყანაში, ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯების რეალურობა ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ხელშესახებს არაფერს იძლება ჯერ-ჯერობით.


ყოველივედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო სტრატეგიულ მარტოობაში იმყოფება, მან რეალურად მარტომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ქვეყანას ყავს ბევრი პარტნიორი, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის, აქვს თანამშრომლობის ბევრი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც საქართველოს განვითარებისათვის აუცილებელი მექანიზმებია, მაგრამ რეალურად არ გვყავს არცერთი სტრატეგიული მოკავშირე ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. არ გვაქვს ჭეშმარიტად მოქკავშირესეული ხელშეკრულებები, რომელიც ვინმეს აუცილებლობის შემთხვევაში დაავალდებულებდა ჩვენს „დასახმარებლად მოსვლას“, ისე ეს როგორც ვთქვათ ჩვენი მეზობლების შემთხვევაშია. 


პანდემიისა და ზემოთ აღწერილი პროცესების შედეგად უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს წინაშე არის „გაურკვევლობის რუხი რეალობა“. შედეგად,  ისე როგორც არასდროს, დგას აუცილებლობა, რომ საქართველოში ძალაუფლების ტრადიციული ელემენტებმა განვითარება არ შეწყვიტოს და სერიოზულად შეხედოს ქვეყანამ მისი თავდაცვის უნარიანობის შესაძლებლობების განვითარებას, ვინაიდან გაურკვევლობით აღსავსე სამყაროში არავინ იძლევა მუდმივი მშვიდობის გარანტიას ჩვენი ქვეყნისათვის. 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო (2019 წლის) ანგარიშის მიხედვით: „საქართველოს ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტიგენტი წარმოადგენს.“ იქვე ვკითხულობთ, რომ მიმდინარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, თანამედროვე მძიმე შეიარაღების კომპონენტების, მათ შორის შეტევითი სამხედრო ტექნიკის  კონცენტრაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები..“


აღნიშნულიდან გამომდინარე, სამხედრო საფრთხე, ქვეყნის წინაშე არსებული გამომწვევებიდან ერთ-ერთი უმთავრესია, თუ არა უმთავრესი. არსებული გლობალური გარემო კი სხვადსხვა სახის სამხედრო ავანტურებს გასაქანს აძლევს და ალბათობას უზრდის. ეროვნული ძალაუფლების ელემენტებიდან სამხედრო კომპონენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და იმისათვის, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, რა თქმა უნდა საჭიროა ეროვნული ძალაუფლების ელემენტების ჰარმონიული გამოყენება.   


აშშ თავდაცვის დეპერტამენტის სამხედრო ტერმინების ლექსიკონში ეროვნული ძალაუფლების ელემენტები განმარტებულია, როგორც: “ყველა ხელმისაწვდომი საშუალება ეროვნული მიზნების მისაღწევად”. ჩვენი სიტყვებით, რომ გადმოვცეთ - იგი არის სახელმწიფოს სიძლიერისა და ძალაუფლების კომბინაცია, რომელსაც სახელმწიფო იყენებს თავისი ეროვნული ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად. ძალაუფლების ელემენტები, პირობითად, იყოფა ნატურალურ და სოციალურ დეტერმინანტებად. ნატურალური მოიცავს: გეოგრაფიას, პოპულაციას და ბუნებრივი რესურსებს. სოციალური აერთიანებს: ეკონომიკას, პოლიტიკას, სამხედრო სფეროს და სხვა. დაყოფა პირობითია და ზოგჯერ მკვეთრი ზღვარის გავლება, მათ შორის, შეუძლებელიც არის. 


ეროვნული ძალაუფლების რომელიმე კომპონენტის განსაკუთრებული სისუსტის შემთხვევაში, აუცილებელი ხდება მისი კომპენსირება. აღნიშნული მიიღწევა სხვდასხვა გზით, მათ შორის სტრატეგიული მოკავშირეების ყოლით, თუ სხვადასხვა ტიპის ალიანსებში გაწევრიანებით. 


ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ არც ალიანსის წევრია და არც ხელშეკრულებითი გაფორმებული მოკავშირეობა აქვს ვინმესთან, სუვერენული სამხედრო შესაძლებლობების ზედმეტი ჩამორჩენა, გავლენას ახდენს ასევე დიპლომატიურ კომპონენტზე და ავტომატურად ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ შესაძლებლობებზე. მიგვაჩნია, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ეროვნული ძალაუფლების ისეთი ელემენტი როგორიც სამხედრო კომპონენტია, საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, მითუმეტეს დღევანდელი ბუნდოვანი მომავლის პირობებში.


სწორედ ამ კომპონენტის ჭრილში, საინტერესოა როგორი სამხედრო ძალთა ბალანსია დღეს რეგიონში შექმნილი. 


ამისათვის, ჩვენ მთლიანად დავეყრდნობით სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობილ და ავტორიტეტულ წყაროს, “Military Balance”-ის 2019 წლის გამოცემას და მასში მოცემული ნატოს სტანდარტის სახელობით მონაცემებს.  


რეგიონალური სამხედრო ბალანსი 


მეზობელი სომხეთის ჯარი მეტწილად ტერიტორიულ თავდაცვაზე არის ორიენტირებული. 2018 წლის დასაწყისში მოდერნიზაციის გეგმა იქნა დამტკიცებული და მიღებული რომელიც 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, სომხეთი მომართულია აღნიშნული გეგმის რეალიზაციისკენ, რომელიც მათ შორის შეიცავს განყოფილებებს საინფორმაციო და კიბერ შესაძლებლობების განსავითარებლად. რა თქმა უნდა, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრია და მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან. სწორედ მასთან სტრატეგიული მოკავშირეობა არის სომხეთის სამხედრო დოქტრინის ქვაკუთხედი.  თუმცა, ამის და მიუხედავად თანამშრომლობის მჭიდრო ფორმატები ნატოსთანაც აქვს. სამხედრო ბიუჯეტი 2020 წელს 625 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


სომხეთის ცოცხალი ძალის რაოდენობა ანგარიშის მიხედვით, 44,800 მოსამსახურეს შეადგენს, ამაში შედის სომხეთის არმიის შემადგენლობაში შემავალი სახეობების პირადი შემადგენლობა და პარამილიტარული ნაწილებიც. სამხედრო სავალდებულო სამსახური 24 თვიანია. სამობილიზაციო რეზერვის რაოდენობა დაახლოებით 210,000 ადამიანს შეადგენს. 


სახმელეთო ძალებში დაახლოებით 22,900 სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურზე მყოფი ჯარისკაცი და 18,950 წვევამდელია (სულ: 41,850). არმიის შეიარაღებაშია სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების მძიმე ტექნიკა. მათ შორის: 109 ძირითადი საბრძოლო ტანკი: 3 T-54; 5 T-55; 101 T-72A/B, 231 ერთეული ქვეითა საბრძოლო მანქანა: 75 BMP-1; 6 BMP-1K (CP); 150 BMP-2, 130 ჯავშანმანქანა: 8 BTR-60; 100 BTR-60; 18 BTR-70; 4 BTR-80, საინჟინრო და სარემონტო მანქანები. ასევე,, სხვადსხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები და კომპლექსები. არტილერიის სხვადსხვა სისტემების რაოდენობა 232 ერთეულს შეადგენს. მასში შედის თვითმავალი არტილერია: 122mm 10 2S1 Gvozdika; 152mm 28 2S3 Akatsiya; ბუქსირებადი: 122mm 69 D-30; 152mm 62: 26 2A36 Giatsint-B; 2 D-1; 34 D-20; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები: 57: 122mm 47 BM-21 Grad; 273mm 4 WM-80; 300mm 6 9A52 Smerch; მიწა-მიწა კლასის რაკეტები: 9K72 Elbrus (SS-1C Scud B); 4 9K79 Tochka (SS-21 Scarab); 4 9K720 Iskander-E; უპილოტო საფრენი აპარატები: მსუბუქი 15 Krunk; 


საინტერესოა, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომელთა რიცხვი და შესაძლებლობა რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად საკმაოდ შთამბეჭდავია. მასში შედის საშუალო რადიუსის: 2K11 Krug (SA-4 Ganef); S-75 Dvina (SA-2 Guideline); 9K37M Buk-M1 (SA-11 Gadfly); ახლო მოქმედების: K12 Kub (SA-6 Gainful); S-125 Pechora (SA-3 Goa); ასევე: 9K33 Osa (SA-8 Gecko); 9K310 Igla-1 (SA-16 Gimlet); 9K38 Igla (SA-18 Grouse); 9K333 Verba; 9K338 Igla-S (SA-24 Grinch); 


საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალებში 1.100 ადამიანი მსახურობს. ავია პარკი შედგება სხვადსხვა ტიპისა და დანიშნულების საფრენოსნო აპარატებისგან. მათ შორის არის: 13 Su-25 Frogfoot; 2 Su-25UBK Frogfoot 4: Heavy 3 Il-76 Candid;1 A319CJ 14: 4 L-39 Albatros; 10 Yak-52; შვეულმფრენები: 7 Mi-24P Hind; 2 Mi-24K Hind; 2 Mi-24R Hind; 10 Mi-8MT; 2 Mi-9 Hip G; 7 PZL Mi-2 Hoplite; გააჩნია საჰაერო თავდაცვის სისტემები: S-300PT (SA-10 Grumble); S-300PS (SA-10 Grumble); 


გარდა ამისა, პოლიციისა და სასაზღვრო ძალების შეიარაღებაშია 100 ერთეულზე მეტი სხვადსხვა ტიპის ქვეითა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი.


აღსანიშნავია, სომხეთის ტერიტორიაზე, მათ შორის გიუმრის ნომერ 109-ე სამხედრო ბაზაზე განთავსებული კონტიგენტი, რომელიც დაახლოებით 3,300 სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს. სულ მათ შეიარაღებაშია: 1 MR bde; 74 T-72; 80 BMP-1; 80 BMP-2; 12 2S1; 12 BM-21; 18 MiG-29 Fulcrum; 8 Mi-24P Hind; 4 Mi-8MT Hip; 2 S-300V (SA-12 Gladiator/Giant); 1 S2K12 Kub (SA-6 Gainful);


ცალკე საუბრის თემაა ყარაბაღში განლაგებული სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ზუსტი ციფრების დადგენა ამ შემთხვევაში რთულია, თუმცა საუბარია დაახლოებით 18-20 000 სამხედრო მოსამსახურეზე და 200-300 ძირითად საბრძოლო ტანკზე. დაახლოებით იგივე რაოდენობის ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე და საარტილერიო სისტემებზე. თუმცა ტექნიკისა და პერსონალის ნაწილი შეილება უშუალოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილებაც იყოს.


აზერბაიჯანი


შეირაღებული ძალების მთავარი ფოკუსი ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში  ტერიტორიული თავდაცვა არის. აზერბაიჯანის თავდაცვის დოქტრინა 2010 წელს იქნა მიღებული.  ქვეყანა თანამშრომლობს როგორც ნატოსთან, ასევე ცალკეულ ქვეყნებთან. თავდაცვის სფეროში მოსკოვთან თანამშრომლობა ფოკუსირებულია აღჭურვილობის შეძენასა და ტექნიკური რჩევების მიღებაზე. ბოლო პერიოდის შესყიდვები მოიცავს საჰარო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, სხვადსხვა ტიპის ჯავშანმანქანებს, ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან. აღსანიშნავია ქვეყნის მზარდი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება. ქვეყნის უმთავრესი პარტნიორი თურქეთია, მათ შორის სამხედრო აღმშენებლობის კუთხითაც, რომელთანაც აკავშირებს ხელშეკრულება თანამშრომლობაზე. 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტი 2,3 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს. 


აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 66,950 მოსამსახურეს აერთიანებს. (მათ შორის არმია - 56850, ფლოტი 2200 და საჰაერო ძალებში -7900 ადამიანი); აზერბაიჯანის რეზერვში დაახლოებით 300 000 ადამიანი ირიცხება;


აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 439 ძირითადი საბრძოლო ტანკია:  95 T-55; 244 T-72A/AV/B; 100 T-90S; 216 ქვეითა საბრძოლო მანქანა: 43 BMP-1; 33 BMP-2; 88 BMP-3; 7 BTR-80A; 45+ BTR-82A; 568 ჯავშანმანქანა 336 MT-LB; 142: 10 BTR-60; 132 BTR-70; 45 Marauder; 45 Matador; 35 Cobra; 30+ Sand Cat; 


ასევე შეიარაღებაშია ტანკსაწინააღმდეგო სისტემები 10 9P157-2 Khrizantema-S (AT-15 Springer);9K11 Malyutka (AT-3 Sagger); 9K111 Fagot (AT-4 Spigot); 9K111-1 Konkurs (AT-5 Spandrel); 9K115 Metis (AT-7 Saxhorn); Spike-LR;


საკმაოდ შთამბეჭდავია აზერბაიჯანის არტილერიის შესაძლებლობები, რომელიც 598 ერთეულ სხვდასხვა ტიპის საშუალებას აერთიანებს. მათ შორის თვითმავალი 96: 122mm 46 2S1 Gvozdika; 152mm 33: 6 2S3 Akatsiya; 18 2S19 Msta-S; 9 M-77 Dana; 155mm 5 ATMOS 2000; 203mm 12 2S7 Pion; ბუქსირებადი: 122mm 129 D-30; 130mm 36 M-46; 152mm 42: 18 2A36 Giatsint-B; 24 D-20; თვითმავალი ნაღმტყორცნები- 120mm 36: 18 2S9 NONA-S; 18 2S31 Vena;; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობა: 122mm 60+: 43 BM-21 Grad; 9+ IMI Lynx; 8 RM-70 Vampir; 128mm 12 RAK-12; 220mm 18 TOS-1A; 300mm 36: 30 9A52 Smerch; 6+ Polonez; 302mm 21 T-300 Kasirga;  ასევე შეიარაღებაშია მიწა-მიწა კლასის რაკეტები 6 : 2 IAI LORA; ε4 9M79 Tochka (SS-21 Scarab); შეიარაღებაშია სხვადსხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც.


ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო მხარდაჭერას უზრუნველყოფს: 2K11 Krug (SA-4 Ganef); 9K33 Osa (SA-8 Gecko); 9K35 Strela-10 (SA-13 Gopher); 9K32 Strela (SA-7 Grail)‡; 9K34 Strela-3 (SA-14 Gremlin); 9K310 Igla-1 (SA-16 Gimlet); 9K338 Igla-S (SA-24 Grinch) სისტემები. 


ფლოტის შეიარაღებაში სხვადსხვა წყალწყვისა და კლასის მცურავი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აზერბაიჯანის ინტერესების დაცვას კასპიის ზღვაში; 


აზერბაიჯანის საავიაციო პარკი ძირითადად საბჭოთა წარმოების მფრინავი საშუალებებისგან ედგება.  შეიარაღებაშია: MiG-29 Fulcrum; MiG-29UB Fulcrum; Su-24 Fencer; Su-25 Frogfoot; Su-25UB Frogfoot B; სატრანსპორტო და სასწავლო: An-12 Cub; Yak-40 Codling; L-39 Albatros; შვეულმფრენების პარკი რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით საკმაოდ შთამბეჭდავია. მასში შედის: Ka-32 Helix C; Mi-8 Hip; 26 Mi-24 Hind; 20+ Mi-17-IV Hip; PZL Mi-2 Hoplite; 17: 1 Bell 412; 3 Ka-32 Helix C; 13 Mi-8 Hip  7 PZL Mi-2 Hoplite  უპილოტო საფრენი აპარატები: 16:  1 Heron;  15: 4 Aerostar; 10+ Hermes 450; 1 Hermes 900; 


ქვეყნის საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფენ: S-200 Vega (SA-5 Gammon); S-300PM/PMU2; S-75 Dvina (SA-2 Guideline); 9K37M Buk-M1 (SA-11 Gadfly); Buk-MB; S-125-2TM Pechora-2TM (SA-26) ახლო მოქმედების-  Abisr; 


ამასთან ერთად, როგორც მსუბუქი, ისევე მძიმე შეიარაღება არის სანაპირო თავდაცვისა და ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის შეიარაღებაში.  


ზემოთ მოყვანილი ორი ქვეყნის მონაცემები რა თქმა უნდა არა სრულია, თუმცა ნათელ წარმოდგენას იძლევა რეგიონში არსებულ სამხედრო ძალთა ბალანსის შესახებ, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში. 


ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული საოკუპაციო ძალები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 7000 კაცამდეა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადსხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის: ტანკები, ქვეითა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო სისტემები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის საშუალებები. (1MR bde; 40 T-90A; 120 BTR-82A; 18 2S3; 12 2S12; 18 BM- 21; S-300 SAM;);  ცხინვალი რეგიონი:  (1 MR bde; 40 T-72; 120 BMP-2; 36 2S3; 12 2S12))


საქართველო


იგივე “Military Balance”-ის 2019 წლის გამოცემის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებში დაახლოებით 20,650 მოსამსახურეა, ძირითადი საბრძოლო ტანკების რაოდენობა  123 ერთეულია, აქედან 100- 72B/SIM1; 23 T-55AM2 ქვეითთა საბრძოლო მანქანების რაოდენობა 71 (!) ერთეულია: 25 BMP-1; 46 BMP-2; ჯავშანმანქანების რაოდენობა 198+: 3+ Lazika; 66 MT-LB 25 BTR-70; 19 BTR-80; Cobra; 8+ Didgori-1; 3+ Didgori-3; 65 Ejder; 


არტილერიის რაოდენობა 240 ერთეულს შეადგენს: 67 122mm 20 2S1 Gvozdika; 152mm 46: 32 M-77 Dana; 13 2S3 Akatsiya; 1 2S19 Msta-S; 203mm 1 2S7 Pion; ბუქსირებადი: 71- 122mm 58 D-30; 152mm 13: 3 2A36 Giatsint-B; 10 2A65 Msta-B; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები: 37- 13 BM-21 Grad; 6 GradLAR; 18 RM-70’


ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები: Spyder-SR; Grom; Mistral-2; 9K32 Strela-2 (SA-7 Grail)‡; 9K35 Strela-10 (SA-13 Gopher); 9K36 Strela-3 (SA- 14 Gremlin); 9K310 Igla-1 (SA-16 Gimlet); 


ავიაციის კუთხით, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველოს შეიარაღებაშია: საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი  3 ერთეული Su-25KM Frogfoot (6 შენახული Su-25); ასევე: 6 An-2 Colt; 1 Tu-134A Crusty (VIP); 2 Yak-40 Codling; 9 ერთეული სასწავლო L-29 Delfin; უპილოტო საფრენი აპარატები: 1+ Hermes 450


შვეულმფრენები: 6 Mi-24 Hindლ 17 Mi-8T Hip; Light 12; Bell 205 (UH-1H Iroquois); აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები განსაკუთრებულ კითხვებს ბადებს და როგორც ცნობილია ვერტმფრენთა უდიდესი რაოდენობა არა საფრენ მდგომარეობაშია. 


საჰაერო თავდაცვის სისტემები: 9K37 Buk-M1 (SA-11 Gadfly) (1-2 bn)8 9K33 Osa AK (SA-8B Gecko) 9K33 Osa AKM (6-10 განახლებული); 


საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი დღეს  880 მილიონ ლარს შეადგენს. იგი სომხეთზე თითქმის ორჯერ ნაკლებია და აზერბაიჯანს ჩამორჩება დაახლოებით 10-ჯერ


რას გვაჩვენებს რეგიონალური სამხედრო ბალანსი (დისბალანსი) ?


თუ ზემოთ მოყვანილ რეგიონალურ მონაცემებს საქართველოს შესაძლებლობებს შევადრით, ნათელი ხდება, რომ ცოცხალი ძალის თვალსაზრისით და შეიარაღებების სისტემების მრავალფეროვნებითა და რაოდენობით, მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მეზობელ ქვეყნებს. განსაკუთრებით საგრძნობია ე.წ. საარტილერიო „მუშტის“ სიგრძე და შესაძლებლობები. ასევე თანამედროვე საშუალებების, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების მხრივ აბსოლუტური აუტსაიდერობა. ასევე, რეზერვის მიმდინარე პროგრამა, ჯერ მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს მოიცავს და მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში აბსოლუტურად არა საკმარისი იქნება...


მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მზადყოფნა სამივე ქვეყნის შემთხვევაში განსხვავებულია სხვადსხვა სახეობის ძალებსა და ნაწილებს შორის, სამხედრო-ოპერატიული ხელოვნების სტანდარტული არითმეტიკული გათვლებითაც, როგორც შეიძლება საბრძოლო დანაყოფების სტანდარტული დანაკარგები იყოს სხვადსხვა გარემო პირობებში და აქედან გამომდინარე კოეფიციენტები, დაახლოებით იძლევიან წარმოდგენას, საქართველოს წინააღმდეგობის გაწევის ხანგრძლივობაზე, მაგალითად რუსეთთან ხელახალი დაპირისპირების შემთხვევაში.  დღევანდელი არსებული მდგომარეობით საქართველოს, ამდაგვარი კონფლიქტის წარმოშობის პირობებში ოპტიმისტური გათვლებით, დაახლოებით 3-5 დღის განმავლობაში ექნება აქტიური და ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის საშუალება, სწორედ ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი სამხედრო-ოპერატიული აზროვნების ლოგიკიდან გამომდინარე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოტენციური კონფლიქტი თავისი ხასიათით და ბუნებით რადიკალურად განსხვავებული იქნება 2008 წლის გამოცდილებიდან.


აუცილებელი კითხვა რომელიც მარტივად დაისმის შემდეგია: რამდენად შეუძლიათ საქართველოს თავდაცვის ძალებს მათზე კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, მაშინ როცა საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ:


„ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის ძალები.“


ბუნებრივია, ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ეროვნული ძალაუფლების მხოლოდ ერთი ინსტრუმენტით არ ხდება, იგი მათი კომბინირებული გამოყენების შედეგად მიიღწევა.


ამ რეალობის საპასუხოდ, არსებული სამხედრო საფრთხეების გათვალიწინებით, საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ დოკუმენტებში განსაზღვრულია, რომ ქვეყანა ირჩევს ე.წ. „ტოტალური თავდაცვის“ სტრატეგიას, როგორც ორგანიზებული ეროვნული დონის წინააღმდეგობის ფორმას საგარეო აგრესიაზე. თავდაცვის სამინსიტროს „თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვა 2017-2020“-ში ვკითხულობთ, რომ „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომა „..გულისხმობს თავდაცვის უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სრული ეროვნული ძალისხმევით, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო რესურსების გამოყენებით. აღნიშნული მიდგომა ითვალისწინებს, როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური გზებით წინააღმდეგობის გაგრძელებას. მიდგომის წარმატებით განხორციელება მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტიანი სისტემის შექმნას. „ტოტალური თავდაცვის“ მიდგომის ფარგლებში უნდა განხორციელდეს:


• კრიზისული/საომარი ვითარების დროს სახელმწიფო რესურსების კონსოლიდაციის მიზნით, უწყებათშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის პროცესის გაღრმავება; 


• ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც ეფუძნება მოქმედი და სარეზერვო ძალების ბალანსს; 


• შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში სხვადასხვა უწყებების მიერ გაწვეული პირადი შემადგენლობის საწყის საბრძოლო მომზადებას; 


•  რეზერვის და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესების, ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ. რეზერვის და მობილიზაციის სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, მათი გამოცდილების გაზიარება;


• საომარი მდგომარეობის დროს, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სარეზერვო ძალების მობილიზება. რეზერვი, სხვა ძალებთან ერთად, დაკომპლექტდება სამხედრო სავალდებულო სამსახურ გამოვლილი პირებით.“


ნათელია, რომ მიუხედავად გარკვეული ძალისხმევებისა, თავდაცვის ძალების სამხედრო მზადყოფნის და ზოგადად ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის მოთხოვნების იმპლემენტაციის მხრივ ზემოთ აღწერილი ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ჯერ ვერ განხორციელდა. მაგალითად, განსასაზღვრია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნუსხა ქეყანაში, გასატარებელია ღონისძიებები ფსიქოლოგიური და საინფორმაციო მედეგობის უზრუნველსაყოფად, რაც „ტოტალური თავდაცვის“ ერთ-ერთი სვეტია.  არ შექმნილა იგივე სამოქალაქო თავდაცვის/უსაფრთხოების სისტემა, რაც პანდემიაც კარგად აჩვენა და რის გარეშეც ტოტალურ თავდაცვაზე საუბარი წარმოუდგენელია. მნიშნველოვან გამოწვევად რჩება თავდაცვის ძალების შეიარაღებაში მყოფი სისტემების საბრძოლო მზადყოფნა. ხოლო რაოდენობრივი და ხარისხობრივი ჩამორჩენა რეგიონალურ კონტექსტში რიგი მიმართულებით საგანგაშოა.


რა შეილება იყოს დღეს არსებული ვითარების მიზეზი? როგორც სტრატეგიული დაგეგმარების ანაბანა გვასწავლის, იმისათვის, რომ ესა თუ ის სტრატეგია, კონცეფცია, მაგალითად, იგივე „ტოტალური თავდაცვა“, წარმატებით გატარდეს ცხოვრებაში, მას რამდენიმე კომპონენტი ესაჭიროება. სტრატეგია, ასე ვთქვათ, ერთგვარი სამფეხაა, რომელიც საყრდენებზე დგას. ლიტერატურაში, ხშირად სტრატეგიას სწორედ ასე ხატავენ, როგორც სამფეხა სკამს, რომელიც სამ თანაბარ ფეხს ეყრდნობა. ამით იმის თქმა უნდათ, რომ სამივე ნახსენები კომპონენტი თანაბარძალოვანი და თანაბარმნიშვნელოვანია. რას წარმოადგენს თითოეული კომპონენტი? ძალიან რომ არ გავართულოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პასუხები სამ, შედარებით მარტივ კითხვაზე: 


-    რა გვინდა რომ გვქონდეს? (მიზანი)
-    რა გზითაა შესაძლებელი მიზნის განხორციელება (ინსტრუმენტი)
-    რა გაგვაჩნია, რომ განვახორციელოთ მიზნები? (რესურსი)


მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც მოცემულ სქემაში შემოდის, არის - რისკი. შემუშავებული სტრატეგია რისკ-ფაქტორით ფასდება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს არა რაიმე გარედან დამიზნებულ საფრთხეს, არამედ ზომას, რომლითაც სტრატეგიის კომპონენტთა დაბალანსების ხარისხი იზომება. როდესაც რომელიმე “ფეხის” სიგრძე, ასე ვთქვათ, ნაკლებია, კუთხე, რომლითაც სამფეხაა დახრილი არის სწორედ აღნიშნული რისკის ზომა. ზოგჯერ რისკ-ფაქტორი იმდაგვარია, (ანუ “სამფეხა” ისეა დახრილი), რომ გაცხადებული მიზნების გადასინჯვას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სკამი ამოყირავდება.


ასე შეიძლება გამოიყურებოდეს დაბალანსებული  სტრატეგია:

 


ფოტოს წყარო: ჟურნალი სტრატეგიული კვლევები, #2, 2009

 

თუ ამ სქემაში წარმოვიდგენთ იგივე „ტოტალური თავდაცვის“ სტრატეგიას და ჩავსვამთ მასში გამოყოფილ რესურსებს, ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტების ძალისხმევას და ზემოთ მიზნებს რომელიც მოცემულია, როგორც კონსტიტუციაში, ისე „თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვა 2017-2020“-ში, სახეზე მივიღებთ სტრატეგიულ სამფეხას, რომელიც იმდენად დაუბალანსებელია, რომ შეუძლებელს ხდის მიზნების მიღწევასა და სტრატეგიული ჩანაფიქრის განხორციელებას. ქვემოთ მოცემულია სქემა, რომელიც ჩვენის აზრით პირობითად ასახავს დღევანდელ მდგომარეობას.


დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვღებულობთ რისკის დონეს რომელიც არის მოცემულობა რომელიც უნდა გააზრებულ იქნას სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული სამფეხის გამოსასწორებლად, ან უნდა გადაიხედოს მთლიანად სტრატეგია, ან გამოიყოს მეტი რესურსი დისბალანსის აღმოსაფხვრელად.


სიტუაციის უცვლელად დატოვება ნიშნავს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაზე ანგარიშვალდებული პოლიტიკური ისთაბლიშმენტი, ნებსით თუ უნებლიედ, პასუხისმგებლობას იღებს არსებულ მოცემულობაზე, აღნიშნული რისკის დონეზე და კრიზისის შემთხვევაში დისბალანსის მიერ გამოწვეულ ყველა შესაძლო შედეგზე. აქვე საკითხავია, რომ დღეს შექმნილი რეალობა რამდენად ბოლომდე გააზრებულია დღევანდელი პოლიტიკური ხელმღვანელობის მიერ? და თუ მისაღებია, კრიზისის შემთხვევაში ამ რისკის დონიდან გამომდინარე პოტენციურ პოლიტიკურ შედეგებზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?


დასკვნა


ამრიგად, შეჯამებისთვის შეილება ითქვას, რომ სახეზე გვაქვს უკიდურესად ცვალებადი, არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემო, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები, წესები და თანამშრომლობის ფორმატები მუდმივი გამოცდებისა და თავდასხმების ობიექტია. ქვეყნის სამხედრო საფრთხეებისგან დაცულობა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ უმთავრესი გამოწვევაა იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით,  არასაკმარისია და ძალზედ ჩამორჩება რეგიონულ ძალთა ბალანს. ქვეყნის გამოცხადებული თავდაცვის სტრატეგიული ხედვა არასაკმარისად უზრუნველყოფილია რესურსებით და გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს. არსებული რეალობის დიმპლომატიური გზით კომპენსირების მცდელობა, ჯერ შორს არის სასურველი შედეგისაგან. ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის სერიოზული განმტკიცების გარეშე, პრობლემური იქნება ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის წარმატებული დასასრულიც.


დღეს ჩვენის აზრით, დღის წესრიგში დგება ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განსავითარებლად და გარკვეული თავდაცვითი მზადყოფნის მისაღწევად გრძელვადიანი ხედვისა და შესაბამისი გეგმის შექმნის აუცილებლობა, რომელშიც გაწერილი იქნება წლების მიხედვით საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და ღონისძიებები. აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს ეროვნული თანხმობის დოკუმენტს და მხარდაჭერილი იყოს ყველა ძირითად პოლიტიკური ძალის მიერ, როგორც ეროვნული კონსესუსი თავდაცვითი მზადყოფნის გასაძლიერებლად უკიდურესად მყოფე მშვიდობის გარემოში და შეიძლება პირობითად 2030 წლამდე პერიოდს მოიცავდეს. 


თუ კი რამე გვასწავლა მსოფლიო პანდემიამ და ზოგადად, რასაც საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობა და ისტორია გვასწავლის, არის ის რომ - არასოდეს არ თქვა არასოდეს. ყველაზე მოულოდნელი კრიზისიც კი შესაძლებელია, ამიტომ დღეს არსებული ტემპებით ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განვითარება დანაშაულებრივად მოუმზადებელს გვამყოფებს იმ მგელისათვის, რომელიც ჩვენს კარებთან აბსოლუტურად მოულოდნელად შეიძლება მოვიდეს.  

გააზიარე: