ვიქტორ ყიფიანი - ჩვენი ქვეყნის „დიდი სტრატეგია“ ქართული „რეალიზმის“ კონკრეტულ გზამკვლევს უნდა უჩვენებდეს

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთ აქტუალურ თემებზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალსიწინებით საქართველოსათვის ცალკეულ საყურადღებო ტენდენციებსა და მათზე ჩვენი ქვეყნის შესაძლო რეაგირებაზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

 

- ბატონო ვიქტორ, ჯერ „ცივი ომის“ დასასრულმა, ხოლო შემდეგ უკვე 21-ე საუკუნემ საერთაშორისო ურთიერთობების არაერთი რებუსი წარმოშვა. მიმდინარე პანდემიამ და თანმხვედრმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კი უფრო მეტად გაამძაფრა დაგროვილი გამოწვევები და შეიძლება ითქვას, რომ მათ ახალი შრეები შემატა.

 

ფაქტია, რომ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, ხოლო მათზე გასაცემი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პასუხების ოდენობამ კი იკლო. ეს კი მსოფლიოში დღეს არსებულ პოლიტიკურ გარემოს ბევრად გაურკვეველს და სახიფათოს ხდის.

 

თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად იმ პროცესებს, რომელიც ახლა მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება?

 

- დიახ, სწორი შენიშვნაა, რომ საერთაშორისი ურთიერთობათა კონტექსტი აირია და აიჭრა, ხოლო დღემდე ნაცნობი და აპრობირებული მიდგომები თავდაყირა დადგა. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რომ უკვე, მინიმუმ, ბოლო ორი ათეული წელია, პრაქტიკული პოლიტიკის შემქმნელებსა და ინტელექტუალურ წრეებს შორის დასაშვებზე მეტი ნაპრალი წარმოიქმნა.

 

შედეგად, გლობალური პოლიტიკის ქმნა უკიდურესად რისკიანი წამოწყებებისა და გადაწყვეტილებების მძევლად იქცა, ხოლო მსოფლიო წესრიგისა და სტაბილურობის საფუძვლები შეირყა, შეთხელდა და მოწყვლადობის სახიფათო ნიშნულზე დადგა.

 

ამასთანავე, გლობალური დუღილის ტემპერატურამ არც ეს იკმარა და საერთაშორისო ურთიერთობათა მეხამრიდები და მკვლევარები ახლა უკვე მსოფლიო პანდემიამ, თითქოსდა, კუთხეში მოამწყვდია სწრაფი და გადამჭრელი გადაწყვეტილებების მოსაძებნად, თანაც უკიდურესად ცაიტნოტურ რეჟიმში.

 

ასეთი მასშტაბური გადაწყობის აუცილებლობა არახალია კაცობრიობისათვის. მეტიც, - ყოველ მეგა-ეროვნულ და მსოფლიო კრიზისს, ერთგვარ „კონსტრუქციულ მსხვრევას“, რაღაც ახლის, ზოგან პოზიტიურის, ხოლო ზოგან - არცთუ, აღმოცენება მოყვება. ამგვარი მოსაზრების დასტურად მხოლოდ რამდენიმე ასეთი „მსხვრევის“ დასახელებაც კი კმარა. მაგალითად, აშშ-ში „დიდ დეპრესიას“ ე.წ. „ახალი კურსი“ მოყვა, რამაც ქვეყანა მეორე მსოფლიო ომისათვის შეამზადა.

 

მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვებამ, „ცივი ომის“ კონტურების კვალდაკვალ, ბრეტონ-ვუდსის სისტემაზე დამყარებული ახალი საერთაშორისო სისტემის ხანგრძლივი დროით დამკვიდრება განაპირობა, ხოლო 2008-2009 წლების „დიდი რეცესია“ კი ევროზონის კრიზისის, ბრექსიტის და პოპულიზმის მომძლავრების პარალელურად გლობალურ წესრიგს ილუზორული იმედებისა და ამორფული იდეალებისგან პრაგმატული რაციონალიზმისა და რეალიზმისკენ სახით შემოტრიალებას უქადის.

 

ფაქტია, რომ პოსტკორონავირუსული სამყარო გლობალურად სრულიად ახალი აქცენტებისა და შეფასების კრიტერიუმების მატარებელი იქნება. საერთაშორისო ურთიერთობათა შედარებით ახალშემოსილ - ტრანსნაციონალური კორპორაციების სახით - აქტორებთან ერთად თითქოსდა უკვე მივიწყებულ, ეროვნულ სახელმწიფოთა როლისა და გავლენის ხელახლა გადაფასებას და მათ წინა პლანზე წამოწევას შეუწყობს ხელს.

 

ბუნებრივია, რომ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ნიშნით სუბიექტის უნარიანობის ხაზგასმა დიდი ხნის ნაცადი ხერხია და ერთი შეხედვით თითქოსდა გასაკვირი არაფერია.

 

მაგრამ, ისტორიის ამ ეტაპზე „განმეორებას“ დამსახურებულად საგანგებო ყურადღება ექცევა, რადგან წინა საუკუნეებთან შედარებით, როდესაც მსოფლიო პროცესების ფორმირებაში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ექსკლუზიურად დომინირებდა, ამჟამინდელი სამხედრო-პოლიტიკური, გეოეკონომიკური, ტექნოლოგიური და ადამიანური ცოდნის რესურსი დიამეტრალურად გამორჩეულია.

 

პანდემია ვახსენეთ და დღეს ხშირად ვისმენთ საუბრებს ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღაზე, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია და საყურადღებოც, რადგან ცხადია, რომ მეორე ტალღა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკური ცვლილებების კონტექსტსაც შეეხება.

 

ასეა თუნდაც იმის გამოც, რომ რაც ე.წ. პირველმა ტალღამ წარმოშვა, საკმარისზე მეტი თავსატეხი დაუგროვა როგორც ზესახელმწიფოებს, ისე რეგიონალურ ჰეგემონებს, საშუალო ზომის მოთამაშეებს და მცირერიცხოვან ერებს.

 

შეიძლება ითქვას, რომ ასეთმა სიმბიოზმა ახალი ექსპერიმენტული გზების შეთავაზებისკენ უბიძგა აკადემიურ და კვლევით წრეებს, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებნი ფართო, ხშირად არაორთოდოქსული არჩევანის პირისპირ დააყენა.

 

პრაქტიკულად, 2008 წლის კრიზისმა, აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის კალეიდოსკოპმა, ევროზონის მღელვარებამ და ევრაზიულ ჰეგემონიზმზე ჩინეთის პრეტენზიამ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ღრმა და შეუქცევად გადაწყობას ჩაუყარა საფუძვლები.

 

ამდენად, ჩვენთვის, როგორც მრავალმხრივი და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინტერესების გადაკვეთაზე, ურთულეს რეგიონში მყოფი ქვეყნისათვის, აუცილებელია მიმდინარე საფრთხეებისადმი მუდმივი ყურადღება და სახვალიო რისკებისათვის რეგულარული მზადება.

 

საქართველოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ პროცესებზე დაკვირვების, აუცილებელ ცოდნასა და კომპეტენციაზე დამყარებული, ანალიტიკიდან გამომდინარე პრევენციული რეკომენდაციებისა და ღონისძიებების დაგეგმვა ესაჭიროება. ამისათვის სამზადისი ჯერ კიდევ გუშინ იყო დასაწყები, ხოლო ამ სამზადისში დღეს შეყოვნება დანაშაულებრივი გულგრილობა იქნება.

 

- მოსალოდნელ გლობალურ ცვლილებებზე ბევრი საუბრობს, ასევე იმაზე, სავარუდოდ, თუ როგორ მოიქცევიან გლობალური თუ რეგიონალური მოთამაშეები. ფაქტია, რომ თქვენს მიერ ნახსენებ „გეოპოლიტიკური აფთერშოკებს“ უკეთ დანახავა და დინამიკაში მათი გავლენის უკეთ გააზრება სჭირდება.

 

ამ თვალსაზრისით, რომელი საკვანძო საკითხების გამოყოფას ჩათვლიდით საჭიროდ?

 

- ასეთ საკითხთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა გამოვხშიროთ ის საყურადღებო პრობლემატიკა, რასაც გავლენა აქვს არამხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის თუ რეგიონის ცხოვრებაზე, არამედ სისტემაშემქმნელია, გნებავთ, სისტემაგარდაქმნელია ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში.

 

გავრცელებული აზრია, რომ ასეთი შინაარსის საუბარი, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატებით იწყება და, ამ თვალსაზრისით, ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.

 

აქ მხოლოდ ცნობისმოყვარეობასა და აკადემიურ ინტერესზე არ არის საუბარი. ამ ზესახელმწიფოს გეოპოზიციონირება ხომ საბედისწეროა გლობალური ურთიერთოების ჭრილში, ეროვნული ინტერესის რეფოკუსირებისა და რეკალიბრაციის ტოლფასია საქართველოსათვის.

 

საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვების შემდეგ ვაშინგტონს ერთობ გაუჭირდა და დღესაც უჭირს „ცივი ომის“ შემდგომი ხანისათვის ახალი, რაც მთავარია, თანმიმდევრული და სარეალიზაციოდ მწყობრი წესების კონსტრუირება.

 

ვარშავის ბლოკის პირდაპირი კინეტიკური კონფლიქტის გარეშე გასტუმრებამ, „ამერიკულ წესწყობილების“ (Pax Americana) დადგომასთან ერთად წარმოშვა, როგორც „ცივი ომის“ გამარჯვებულის ეიფორია, ისე მსოფლიოს განვითარების ირგვლივ გადაჭარბებულად ოპტიმისტური მოლოდინები.

 

ამ მხრივ, მარტო ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომის „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ მოხმობაც კი საკმარისია, როგორც მტკიცებულება ისტორიული განვითარების ჩარხის იდეალისტურ და რეალობას მოწყვეტილ კალაპოტში უპირობოდ მოქცევაზე.

 

შეიქმნა განცდა, რომ ლიბერალური წყობილების გასავრცელებლად ყოველგვარი დაბრკოლება გზიდან საბოლოოდ ჩამოშორებულა და მის ორბიტაზე ახალი წევრების მოქცევას ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს პროცესი მხოლოდ განცდისა და აღქმის ამარად როდი იყო და მის წარმატებულ განხორციელებას იმ პერიოდის ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ცხადყოფს.

 

ისიც ფაქტია, რომ ამ პროცესს იმ დროისათვის დამახასიათებელი გარკვეული სპეციფიკაც ახლდა, მაგრამ მათი აქ განხილვა მთავარ აზრს აგვაცდენს. მთავარი სათქმელი კი ისაა, რომ რეალური წინააღმდეგობის არქონამ დასავლური დემოკრატია დააბნია ზუსტი ამოცანების იდენტიფიცირებისას და მერე უკვე ხელი შეუშალა ამ მიზნების მისაღწევად საჭირო რესურსის თავმოყრისას, რაც ყველაზე მკაფიოდ ჯორჯ ბუში უმცროსის პერიოდში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომმა მოვლენებმა გამოაშკარავა.

 

ეს თარიღი რეალურად საეტაპოა აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური კურსის ფორმირებისას, ვინაიდან მისი ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ქვეყნის ჩართულობის ინტენსივობა სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებსა თუ კამპანიებში.

 

მოკლედ თუ ვიტყვით, თეთრი სახლის რამდენიმე ადმინისტრაციის ამოცანად იქცა უფრო ვრცელი სტრუქტურულ-ინტელექტუალური ფორმატის მეშვეობით ტოტალური უსაფრთხოების მიღწევა.

 

ხოლო ფორმატის ძირითად ელემენტებად გამოიკვეთა ადგილზე უშუალო და პირდაპირი გზით სამხედრო მონაწილეობა და ე.წ. „საზოგადოებრივი ინჟინერია“, „სახელმწიფოს მშენებლობა“ (nation building) ზოგიერთ ავტორიტარული სახელმწიფოს ან სულაც სახელმწიფოებრივი გამოცდილების ქვეყნებში.

 

ასეთ პრინციპულ არჩევანს არაერთი თანამედროვე ამერიკელი ექსპერტი დიდ შეცდომად მიიჩნევს, ვინაიდან სწორედ ასეთმა არჩევანმა რამდენიმე ფუნდამენტური უარყოფითი შედეგი განაპირობა მისაღწევი მიზნისა და მისასადაგებელი რესურსის თანაზომადობა საბოლოოდ დაირღვა, თავისუფლებისა და დემოკრატიის საყოველთაო იდეალები და პრინციპები სერიოზული დარტყმის ქვეშ მოექცა.

 

ხოლო განსხვავებული ფერისა და იდენტობის პოპულისტურ და ანტიდემოკრატიულ ძალებს ანტიამერიკანიზმის და ანტიდასავლურობის კამპანიის ხელოვნურად გაღვივების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. ამ პროცესმა კი თანდათანობით სწორედ იმ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი, რასაც დღეს ვიმკით.

 

ამ ისტორიულ მცირე რეტროსპექტივაზე საუბრისას აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებში, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, აშშ-ს ხელმძღვანელობა ცდილობს დააკორექტიროს საგარეოს „მე ასე მსურს“ და საშინაოს „მე ეს შემიძლია“ დისბალანსი და მოახდინოს მათი დაახლოება. შემთხვევითი როდია, რომ ობამას უწოდებენ „იდეოლოგიურ ლიბერალს კონსერვატიული ხასიათით“.

 

ასეთი ეკლეკტურობა ფრაზისა შემდეგნაირად აიხსნება - ობამას ადმინისტრაციამ საბოლოოდ უარი არ თქვა ლოკალურ კონფლიქტებში პირდაპირი სამხედრო ჩარევისგან.

 

ზოგჯერ მას წინააღმდეგობებიც კი ახასიათებდა ამ მხრივ, როდესაც ჯერ შეამცირა, ხოლო მერე ისევ გაზარდა სამხედრო კონტინგენტი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში, მაგრამ ოფიციალურად განაცხადა შეერთებული შტატების მიერ „არსებითი-სტრატეგიული“ და „პერიფერიული“ ინტერესების ურთიერთგამიჯვნაზე.

 

ბევრმა დამკვირვებელმა ობამას პრეზიდენტობის ეს ხელწერა დამაკნინებელ - „არც ომი, არც მშვიდობად“ მონათლა.

 

მართლაც, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სირიაში „წითელი ხაზის“ დეკლარირებამ და მერე მისმა უგულვებელყოფამ აღნიშნულ პერეფრაზირებას საკმარისი ნიადაგი შეუქმნა.

 

მაგრამ, ძირითადი სათქმელი სხვაა - პრეზიდენტ ტრამპის „ამერიკა უპირველესად“ (America First) გაცხადებამდე, შეერთებულმა შტატებმა, უკვე ოფიციალურ დონეზე, დაიწყო მსჯელობა ქვეყნის მხრიდან უკეთესი „მსოფლიოს გადასაკეთებლად“ ტვირთის მინიმუმამდე შემსუბუქებაზე.

 

- საკმაოდ საინტერესო და მეტად საჭირო მიმოხილვა შემოგვთავაზეთ. ამგვარი ექსკურსი მეტ საშუალებას იძლევა უკეთ გავიგოთ, სადაა დღევანდელი მსოფლიო დღეს და როგორია ამჟამინდელი გეოპოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყობის პოლიტიკურ-ისტორიული ქვეტექსტი...

 

- თავისთავად, ვინაიდან ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენი განხილვის საგანი ამოგლეჯილი და არასრულყოფილი იქნებოდა. ჩვენმა საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს და თავად იფიქროს იმაზე, სავარაუდოდ რა ზემოქმედება ექნება ამ პროცესებს ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.

 

დღესდღეობით კი დიდი სურათი ასეთია - აშშ-ს გაზრდილმა სამხედრო ხარჯმა, ცალკეულ რეგიონებში „სახელმწიფოს მშენებლობის“ არცთუ წარმატებულმა მცდელობამ და, რაც მთავარია, ამერიკული შიდა აუდიტორიის დაბნეულობამ მათი ქვეყნის საგარეო დანიშნულებაზე, ამას დამატებული, ეკონომიკური და პანდემიური გამოწევევით დამძიმებულმა კრიზისმა ახალი ძალით გააღვივა დებატები ტრადიციული საგარეო კურსის მიმდევრებსა და ახალი საუკუნის „იზოლაციონისტებს“ შორის.

 

ეს ბოლო ფორმულირება, ალბათ, ბოლომდე გამართლებული არაა, მაგრამ თავისი არსით ეხმიანება დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ხაზს, რომელიც ქადაგებს აშშ მეტად დაიხარჯოს საკუთარი ეროვნული დღის წესრიგზე, და ამ უკანასკნელს გასცდეს მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებისა და ამერიკული ინტერესების პრიმატის კარნახით.

 

მითუმეტეს, რომ „თავისაკენ შემოტრიალებას“ ასე ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ქვეყნის საუცხოო ადგილმდებარეობაც. თავის დროზე, ერთი ფრანგი დიპლომატი ამბობდა, - „აშშ-ს ჩრდილოეთითა და სამხრეთით სუსტი ქვეყნები, ხოლო დასავლეთითა და აღმოსავლეთით თევზები ემეზობლებოდნენ“.

 

საგულისხმოა, რომ დასახელებული პოლიტიკური ტრენდი მრავალწახნაგოვანია, მას რამდენიმე პრინციპული გამონაკლისი ახასიათებს და მოცემულ ფორმატში მხოლოდ ზოგადი თვისებებისა და მახასიათებლების აღნიშვნით შემოვიფარგლები.

 

ბოლო წლების საექსპერტო კვლევებში გახშირდა მოწოდებები საგარეო კურსში ე.წ. „გარე ბალანსირების“ დოქტრინის (offshore balancing დოქტრინას) დამკვიდრებისაკენ. მისი მოკლე არსი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი ინტერესების შესანარჩუნებლად და ამავდროულად, ზედმეტი ხარჯისა და რისკის თავიდან ასაცილებლად, ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. რეგიონალურ ძალთა ბალანსიდან ამოვა.

 

კიდევ უფრო გასაგები ენით, კონკრეტულ რეგიონში სტრატეგიული, ან, შესაძლო - ტაქტიკური, ინტერესების გასატარებლად აშშ ადგილზე თავის მოკავშირეს, ან მოკავშირეებს დაეყრდნობა და მათ სამხედრო ჩარევის გზით მხოლოდ მაშინ მიეშველება, როდესაც ესა თუ ის მოკავშირე, ან პარტნიორი ქვეყანა, უძლური გახდება აღკვეთოს რეგიონში აშშ-თვის არასასურველი ან მიუღებელი ქვეყნის ჰეგემონია.

 

რეალურად, ასეთი არასასურველი მოცემულობის შექმნამდე, მოკავშირე, ან მოკავშირეები საკუთარ თავზე იღებენ რეგიონალური უსაფრთხოების ძირითად საზრუნავს, რაც არ გამორიცხავს აშშ-ს მხრიდან სადაზვერვო, საფინანსო და ლოჯისტიკურ დახმარებას - ყველაფერს, გარდა რეგიონში ამერიკელ სამხედროთა წარმომადგენლობისა.

 

ეს დოქტრინა არახალია და მისი პოლიტიკურ დღის წესრიგში მონიშვნა სენატორ ტაფტის მიერ მოხდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან საკმაოდ მალე. ფაქტია, რომ ტაფტმა და მისმა მომხრეებმა ვერ შეძლეს „გარე ბალანსირების“ დოქტრინის მაშინდელი ანალოგის დამაჯერებელი დასაბუთება.

 

ხოლო, 1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეიზენჰაუერის გამარჯვებისა და ევროპაში ნატო-ს ეგიდით აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების შედეგად, ამ დოქტრინამ პრაქტიკულად აქტუალურობა დაკარგა.

 

პრაქტიკულად, თუ ვისაუბრებთ, ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის რეალიზების შედეგად, რაც ახლა უკვე მისი მხოლოდ გადარჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი, აშშ-ს რეფოკუსირებული საგარეო ვექტორი ძირეულად შეცვლის ძალთა გადანაწილებას როგორც რეგიონალურ, ისე, შესაძლოა, ნაწილობრივ გლობალურ დონეზეც.

 

ამ ფორმით ახალი მიდგომის შედეგებს შორისაა მონროს დოქტრინის ექსკლუზივით „დაცული“ დასავლეთ ნახევარსფეროსგან დაშორებული გამოწვევებისგან დისტანცირება, უსაფრთხოების სარტყლის შექმნა რეგიონალური ან სიტუაციური პარტნიორების ხარჯზე საკუთრივ ამერიკელთათვის ნაკლები საფრთხისა და ხარჯის პირობით, ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებისგან „უფასო მოსარგებლეთა“ ჩახსნა, რეგიონალურ პარტნიორებზე ძირითადი ხარჯვითი ნაწილის გადატანა, ზედმეტი და უსარგებლო სამხედრო კონფლიქტების თავიდან არიდება და არაბუნებრივი ალიანსებიდან აშშ-ს გასვლა და მათი მიტოვება.

 

ამ მოკლე აღწერილ საგარეო დოქტრინალურ კურსს დასაბუთების საკუთარი თეორიული პლატფორმა უმყარებს ზურგს და იგი რეალიზმის სკოლად არის ცნობილი.

 

რეალისტები არ მალავენ არსებული გეოპოლიტიკური კონფიგურაციითა და მასში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციონირებით თავიანთ უკმაყოფილებას და ვითარების ძირეულად გადახედვისკენ მოუწოდებენ.

 

საგარეო რეალიზმის არსის უკეთ გასაგებად რამდენიმე მაგალითს დავასახელებთ, რაც შესაძლო კარდინალურ ცვლილებებს, ისევე როგორც ქართული სამოქმედო ფორმულის პრაგმატულად ჩამოყალიბების მექანიზმს თვალსაჩინოდ ახსნის.

 

კერძოდ, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი რეალისტები თვლიან, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ს დომინირება ხელუხლებლად უნდა დარჩეს, რომ ჩინეთთან დაპირისპირებაში დასაშვებია როგორც რეგიონალური პარტნიორების, აგრეთვე აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობის უშუალო ჩართულობა.

 

რომ ახლო აღმოსავლეთში საბოლოოდ უნდა დასრულდეს კარტერის „ახლო აღმოსავლეთის ნავთობთან მიჯაჭვულობის“ დოქტრინა და მას რეგიონის ძალთა შორის ლავირება უნდა ჩაენაცვლოს, რომ ავღანური „აღმშენებლობის“ ექსპერიმენტი უნდა დასრულდეს.

 

რომ სირიას, მისი „პერიფერიულობის“ გამო, რუსეთმა უნდა მიხედოს, რომ რეგიონში ირანის შემაკავებელი საუდელები და საემიროები არიან, რომ ისრაელის უპირობო მხარდაჭერა უნდა შეწყდეს, რომ ევროპაში უსაფრთხოებაზე თავად ევროპელებმა უნდა იზრუნონ, და რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი უსაფრთხოების კოლექტიური სისტემები გადასახედია.

 

- პრაქტიკულად, ერთი მხრივ შემოთავაზებული კონცეპტუალური მიდგომა ერთგვარი ჰიბრიდული ნაერთია წინა საუკუნის იზოლაციონიზმს, და მეორე მხრივ, შერჩევითი ინტერვენციონიზმის.

 

რამდენად უსაფრთხოა იგი ისედაც არასტაბილურ მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობისაკენ რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად?

 

მეტიც, მისი პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაში ხომ არ მივიღებთ კიდევ უფრო მოწყვლად საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას, რაც რეალურ სარგებელს მხოლოდ აგრესიულ და ავტორიტარულ-რევიზონისტულ ძალებს მისცემს?

 

- მართებული შენიშვნაა. მოგეხსენებათ, მედლის ორი მხრის ამბავი. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. ერთია, გვესმოდეს აშშ-ს მესვეურთა უკმაყოფილება მრავალი წლის მანძილზე შექმნილი ვითარებით და მისი გადახედვის, მოდით, ვთქვათ, - მოწესრიგების სურვილი.

 

მაგრამ, მეორეა, საღად შეფასდეს რამდენად განამტკიცებს ესა თუ ის რევიზია გლობალურ წესრიგს და უსაფრთხოებას და ნაცვლად დადებითი ეფექტისა ხომ არ მივიღებთ არსებულზე უარეს შედეგს.

 

ეს განსაკუთრებით დამაფიქრებელია ჩვენთვის, ვინაიდან გლობალურ მასშტაბში შეცვლილმა ურთიერთობათა სისტემამ იოლი შესაძლებელია დამატებითი ისეთი თავსატეხი გაგვიჩინოს, რომლის გადალახვის თეორიული ვარიანტები რთულად თავსებადი იყოს პრაქტიკულ გზებთან.

 

დიახ, რეალისტური, რაციონალური და გნებავთ, ტექნოკრატიული მიდგომა არის ის, რასაც მე პირადად მივესალმები. რეალიზმი ხომ საკითხებზე უკომპრომისო ფიქრსა და შეფასებას ითვალისწინებს, რაც საზოგადოების უსაფუძვლო იმედებითა და ილუზორული იდეალებით კვებას უარყოფს.

 

მაგრამ, აქვე უნდა გვახსოვდეს, შემოთავაზებული ხაზი გვკარნახობს, რომ ძალაუფლება კვლავ პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალურ ადგილს ინარჩუნებს და რომ სახელმწიფოების უმთავრეს საზრუნავს მათივე უსაფრთხოება წარმოადგენს. თანაც იმგვარად, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნვისას პირველ რიგში საკუთარი რესურსისა და თავის იმედად უნდა იყვნენ და მხოლოდ ამის მერე - საერთაშორისო ნორმებისა და მექანიზმებისა.

 

სამართლიანია აღინიშნოს, რომ რეალიზმის შემოთავაზებულ ფორმას, ესოდენ საჭირო და საღი რაციონალურობისა და პრაგმატიზმის პარალელურად თავისი „გვერდითი ეფექტები“ ახასიათებს.

 

მაგალითისთვის, ასეთებს შორისაა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ნაციონალიზმის სახიფათო ნიშნულამდე ზრდა, სახელმწიფოებრივი არაჯანსაღი ეგოს წამოწევა საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებისა და მართლწესრიგის ხარჯზე, ერთგვარი პესიმიზმის (უნებლიედ?) გაღრმავება ქვეყნების კოლექტიური ძალისხმევისადმი მსოფლიო აქციონ უფრო უკეთეს, სამართლიან და უსაფრთხო ადგილად.

 

აქვე დავძენ, რომ მატერიალიზაციის კუთხითაც, „გარე ბალანსირებაში“ გადმოცემულ ახალ კურსს არაერთი ხარვეზი და სუსტი წერტილი აქვს, რაც მისი ეფექტიანად გამართვისა და ამოქმედებისათვის პრობლემას შეუქმნის როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე მის რეგიონალურ პარტნიორებს.

 

ამ ხარვეზების შესწავლა და ზუსტი ანალიზი მეტად აუცილებელია ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ ახლა მხოლოდ ამ ზოგადი დათქმით შემოვიფარგლებით და საკითხს უფრო დეტალურად სხვა ფორმატში მივუბრუნდებით.

 

ამ მომენტისათვის, ძალზე რთულია იმის პროგნოზირება, წავა თუ არა სამყარო ასეთი კარდინალური გადაწყობის გზით, შენარჩუნდება თუ არა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების არსებითად ტრადიციული ფორმები თუ პოსტპანდემიური სამყარო კიდევ რაღაც ახალს შემოგვთავაზებს?

 

ნებისმიერ შემთვევაში, ქართული ანალიტიკა ამ ეტაპიდანვე უნდა დაკავდეს სხვადასხვა სცენარების მოდელირებით და ყველა შესაძლო სცენარზე ჩვენი ქვეყნის საპასუხო ალგორითმის მონიშვნით.

 

კარგად მესმის, რომ ზუსტი პროგნოზები რთულია, მაგრამ მათი ცდომილება შეძლებისდაგვარად მინიმუამდეა დასაყვანი. ამ პროცესში ასევე გადამწყვეტად მიმაჩნია არა მხოლოდ პროცესებზე რეაქციული პასუხი, არამედ პასუხისმგებლიანი და დაბალანსებული პროაქტიულობა, განსაკუთრებით, იქ, სადაც საქმე ჩვენს რეგიონალურ მოწყობას ეხება.

 

ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვერგოთ პოსტპანდემიური მსოფლიოს წესრიგს, არამედ, შეძლებისდაგვარად, უნდა მოვირგოთ კიდეც იგი მისი კონტურების გამოთლაში შესატყვისი თანამონაწილეობით.

 

- ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება სადღეისოდ არსებული თემების ირგვლივ სხვადასხვა ასპექტებზე თქვენი მოსაზრებების მოსმენა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო კურსი განსაზღვრული აქვს, თქვენს მიერ აღწერილ ვითარებაზე მსჯელობის შემდეგ ვერანაირად ვერ აუვლით გვერდს მასზე თუნდაც თეორიულ საუბარს.

 

ყველა იმ ფაქტორების გათვალისწინებით რაზეც ისაუბრეთ, დღევანდელ მსოფლიოში სადღეისოდ არსებული ვითარება რა დასკვნების საშუალებას აძლევს ოფიცილაურ თბილისს?

 

- დამეთანხმებით, რომ ამ კითხვაზე პასუხი იოლი ნამდვილად არაა, მაგრამ თუ ჩვენ ამ საკითხს გვერდს ავუვლით, ჩვენი საუბარი აზრს ნამდვილად დაკარგავდა. შევეცდები პასუხი ჩამოვაყალიბო, რომ არც ზოგადი გამოვიდეს, მაგრამ არც გადაჭარბებულად ჩაშლილი.

 

განზოგადოებული მსჯელობა ჩვენი საუბრის ამ ნაწილს მოსაწყენს გახდის, ხოლო ჭარბი დეტალიზაცია მას არასერიოზულ წინასწარმეტყველებად აქცევს. ამიტომ, მე სწორ და გააზრებულ შუალედს ავირჩევ ამ ორ არასასურველ უკიდურესობას შორის.

 

ფაქტია, რომ თანამედროვე დასავლური საგარეო პოლიტიკური სწავლება, რომლის ჩამოყალიბებში საგრძნობ ხვედრით წილს სრულიად ლოგიკურად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაკუთვნებენ გლობალური მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ რუკაზე რამდენიმე გრავიტაციულ, გნებავთ, „ძალის ცენტრს“ გამოარჩევს.

 

ესენია, ევრაზიის ევროპული ნაწილი, ჩინეთის მიმდებარედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის არეალი, ასევე, რეგიონი რომელსაც ჩვენ ახლო აღმოსავლეთს ვეძახით, ხოლო, დასავლური პოლიტიკური ლექსიკონით კი შუა აღმოსავლეთია.

 

მიუხედავად გარკვეული დამკვიდრებული გეოგრაფიული კლიშეებისა თუ სტერეოტიპებისა, მე პირადად ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის სამივე გეოგრაფიული სიბრტყე აქტუალურია, ვინაიდან სამივეში მიმდინარე პროცესები გარკვეული ურთიერთმონაცვლეობით, მაგრამ აირეკლება ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

 

შესაძლოა, ეს ვინმეს გადაჭარბებულ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ განცხადებას მყარი საფუძველი აქვს. აქ ახსნას, რა თქმა უნდა, ნუ ვეძებთ ჩვენს „გამორჩეულობაში“ ან რაიმე „ისტორიულ მისიაში“. ნებისმიერი ასეთი მცდელობა არასერიოზულია და რეალური პოლიტიკის, „რეალპოლიტიკის“ სრულფასოვან განცდას გვაკარგინებს.

 

ნამდვილი ახსნა-განმარტება კი იმ რეგიონის სპეციფიკაში უნდა ვეძებოთ, სადაც საქართველო მდებარეობს. ისევ და ისევ, შემოთავაზებული ფორმატიდან გამომდინარე, თავს ავარიდებ სხვადასხვა თეორიებისა და გეოსტრატეგიული სწავლებების დახასიათებას.

 

თქვენთან წინა ინტერვიუებში ამ საკითხებზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, მაგრამ ერთ-ერთს - ჩვენთვის მთავარს - კი გავიხსენებ. იგი ევრაზიაში გლობალურ მოთამაშეთა მხრიდან წამყვან ძალად დამკვიდრებას და მასთან დაკავშირებულ გლობალურ შედეგებს ეხმიანება.

 

დავძენ იმასაც, რომ ევრაზიული გეოსტრატეგიული სივრცის ერთ-ერთ კვანძად კი შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონი სახელდება. ანუ უშუალოდ ის არეალი, რომლის ერთ-ერთი ცენტრი, საზღვაო გასასვლელით, რუსეთთან, ევროპის და, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგთან და საკუთრივ ახლო აღმოსავლეთის მეზობლობით - საქართველოა.

 

ეს ისეთი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური ხვედრია, რომლისაც თანაბრად უნდა გიხაროდეს, სწორი გამოყენებისას და თავბედს იწყევლიდე, მუდმივი საფრთხეების გამო. ამასვე ემატება ჩვენი მაგისტრალური საგარეო კურსი და, შედეგად, „ქართული ქეისის“ ფერთა პალიტრაც სრულად წარმოდგენილია.

 

უკვე ვიცით, რომ უსაფრთხოების საბჭომ დააანონსა კონცეპტუალურ დოკუმენტზე მუშაობის დაწყება. მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მასზე მუშაობა და მისი განხილვა დასაშვებად ინკლუზიური იქნება, რაც შესაძლებლობას შექმნის ყველა რისკის სწორად შესაფასებლად და მათი განეიტრალების ან მინიმიზაციაზე მიმართული რეკომენდაციების შესამუშავებლად.

 

ჩვენ აუდიტორიას კი მხოლოდ იმ რამდენიმე გარემოებასა თუ ფაქტორზე მინდა საკუთარი მოსაზრებები გავუზიარო, რაც საყურადღებოდ მიმაჩნია.

 

ერთი მათგანია საქართველოს, როგორც რეგიონში „საყრდენ ქვეყნად“, როლში დამკვიდრების შესაძლობლობა. ამ საკითხზე ახლო წარსულში მქონდა ვრცელი მსჯელობა და აქ მის მხოლოდ რამდენიმე საკვანძო მდგენელზე შევჩერდები.

 

უპირველესად აღსანიშნავია ის, რომ ეს სტატუსი არ უკავშირდება ასეთად რაიმე ფორმალურ აღიარებას. რეალურად, ეს როლი მეტყველებს ქვეყნის ფუნქციონალურ სარგებლიანობაზე როგორც მისი მოკავშირეებისა და პარტნიორებისათვის, ისე რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში კონტრიბუციის მიზნით.

 

თუმცა, სანამ საქმეში რეგიონულ ღვაწლზე ვისაუბრებთ, ფაქტია, რომ საკუთრივ ქვეყანას ესაჭიროება ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების საქმეში მხარდაჭერა. ამის პრაქტიკული მექანიზმები რამდენიმე სახისაა. აქ, რა თქმა უნდა, უპირატესია ნატო-ს კოლექტიურ უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს ოფიციალურად გაწევრიანება, თუმცა, პრობლემაა ნატო-ს ამ მიმართულებით გაფართოვების მხრივ საკმარისი სიცხადის არარსებობა.

 

მართალია, ბოლო წლებში ნატო-სა და საქართველოს დასაახლოვებლად, განსაკუთრებით, შავი ზღვის აკვატორიაში რამდენიმე პრინციპული ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც რჩება და ეს უკმარისობა სწრაფად ცვალებადი მოვლენების ფონზე ასევე სწრაფი და ადეკვატური გადაწყვეტილებების არქონას უკავშირდება.

 

არადა, შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი კვანძი, ინტენსიურ ყურადღებას და გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს. მეტი უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მექანიზმად სტრატეგიულ მოკავშირესთან თავდაცვის ორმხრივი პაქტიც მოიაზრება, მით უფრო რომ ამ ვარიანტმა შესაძლოა თანხვედრა ჰპოვოს ჩვენს მიერ განხილულ „რეალიზმის“ სწავლებასა და „გარე ბალანსირების“ დოქტრინასთან.

 

თანაბრად დასაშვებია უფრო ტაქტიკური მოსაზრებებით განპირობებული, ე.წ. შუალედური სცენარები, მაგალითისათვის, შეთანხმება „ვიზიტად მყოფი სამხედრო კონტინგენტის თაობაზე“. ამ კონკრეტული ნაბიჯის ანალოგები პრაქტიკაში მოიპოვება და მათი დანიშნულება, ძირითადად, აღებულ ტერიტორიაზე ერთობლივ და ინტენსიურ წვრთნებს უკავშირდება.

 

მოკლედ, ვარიანტები არის, ამაზე საჭიროა მეტი ფიქრი და რაც მთავარია მოქმედება მიმდინარე პროცესებზე ერთი ნაბიჯით წინსწრების პირობით. ამ გაგებით კი ისევ უკმარისობის განცდა მაქვს.

 

ასევე დავასახელებდი საქართველოს რეგიონული დიპლომატიის, მათ შორის, მეორე სიხშირის დიპლომატიის ჩათვლით, ჰაბად დამკვიდრებას, ისევე როგორც მსოფლიოსათვის რეგიონზე ცოდნისა და ინფორმაციის ბაზაში ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად ჩამოყალიბებას. ყველაფერთან ერთად, ეს ორივე გარემოება ქართული „რბილი ძალის“ ფენომენისა და, მაშასადამე, ქვეყნის განვითარებაში შეტანილ წვლილად ჩაითვლეობდა.

 

აქვე ყურადღებას კვლავ გავამახვილებდი გლობალური მომარაგება-მიწოდების გადაწყობილ ჯაჭვში საქართველოს პოტენციურ ადგილზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის ახლებურად მოაზრებისა და გრძელვადიანი განვითარების საწინდარად გვესახება.

 

ამ მეტად კრიტიკულ თემაზე როგორც თქვენთან, ისე სხვა მედიასაშუალებებში მქონდა ვრცელი მსჯელობა და ამიტომ აქ მეტად ამ საკითზე არ შევჩერდები.

 

- ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაზეც ისაუბრეთ, თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და ამ თემებზე გახშირებულ ხმაურიან განცხადებებსა და წერილებს ვაშინგტონიდან, მათზე პასუხებს თბილისში და აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს?

 

- კონსენსუსის საგანია, რომ ეს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თანაც პრაქტიკულად ყველა სფეროში. აქ მაინც საგანგებოდ სამხედრო და, ზოგადად, უსაფრთხოების სფეროს გამოვარჩევ, რომელშიც საქართველოსადმი, როგორც ალიანსის არაწევრი ქვეყნისადმი აშშ-ს დამოკიდებულება სამაგალითოა.

 

ასე მაგალითად, 2016 წლის 6 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოგვიანებით 2016-2019 წლებისთვის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაში გადაიზარდა. ხოლო, 2019 წლის 21 ნოემბრიდან ეს ხელშეკრულება განახლდა.

 

ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თავდაცვის მზადყოფნისა და თავსებადობის დონის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრავს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებს.

 

უსაფრთხოების მზარდ დინამიკას, ლოგიკურად, არც პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ჩამორჩება, რაც საგანგებოდ აღინიშნა კიდეც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ შეფასებებში. ნაყოფიერი თანამშრომლობის ეს პროცესი მით უფრო აჩენს იმედს კიდევ უფრო მეტად საინტერესო პერსპექტივებისა, განსაკუთრებით, თანამედროვე არაპროგნოზირებად გლობალურ და რეგიონალურ სივრცეში.

 

ამავე მოლოდინს უკავშირდება სურვილი და მოთხოვნა ორმხრივი კავშირების განსავითარებლად ზოგან არასტანდარტული და სრულიად ახალ გადაწყვეტილებებსა და მიდგომებზე.

 

თუნდაც ამიტომ, გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ამასწინდელი გახმაურებული აშშ-ს კონგრესის პარტიული ჯგუფის მხრიდან გაჟღერებული შეფასებები, რომლებიც არათუ რეალობას მკვეთრად აცდენილია, არამედ ჩრდილს აყენებს ჩვენი ორი ქვეყნის უმთავრეს მონაპოვარს. თუ აშშ-ს ელჩის სიტყვებს დავესესხებით - „საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს”.

 

მასშტაბური ცვლილებები მარტივი პროცესი როდია. ეს ყველას კარგად გვესმის და აქ შეფასებებშიც მრავალფეროვნებას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს ისიც რომ შეფასებისას უმთავრესია უნებლიედ არ დავაზიანოთ ჩვენი კეთილი და პარტნიორული ურთერთობების ესოდენ მაღალი ნიშნული. მის მისაღწევად ხომ თაობათა მხრიდან უზარმაზარი ძალისმხევა უკვე იქნა გაწეული და კიდევ მეტი გაიწევა მომავალ თაობათა მიერ.

 

ამ თვალსაზრისით, ობიექტურობის საზომი არ უნდა დავკარგოთ გარე მოვლენებისა და მონაწილეებისადმი, ისევე როგორც ორმაგად კრიტიკული და მომთხოვნი დავრჩეთ საკუთარი თავის მიმართ.

 

ჩვენი ქვეყნის „დიდი სტრატეგიაც“ ქართული „რეალიზმის“ კონკრეტულ გზამკვლევს უნდა უჩვენებდეს. თუნდაც ისეთი სახელმძღვანელო პრინციპების დონეზე, რაც ნებისმიერ ასეთ „სტრატეგიას“ მუდმივად განვითარებადს გახდის კონკრეტული ისტორიული მომენტის და კონკრეტული ეროვნული ინტერესების საპასუხოდ.

 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
 

გააზიარე: