შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებასა და ძალთა ბალანსზე, გარედან მომდინარე ცალკეული ინტერესების შეუთავსებლობაზე, ასევე საქართველოს რეგიონალური ხასიათის ახალ გამოწვევებზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.
- ბატონო ვიქტორ, ბოლო წლებია რაც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხმა, განსაკუთრებით, საერთაშორისო ურთიერთობებსა და წესრიგში ცვლილებების რაკურსში, შესამჩნევი აქტუალურობა შეიძინა.
დღეს რეგიონსა და მასთან დაკავშირებულ სპეციფიკაზე წერს და საუბრობს მრავალი სპეციალისტი და პოლიტიკოსი, კეთდება ბევრი სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის შეფასება და პროგნოზი.
უდავოა, რომ შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება მჭიდრო ბმაშია მოაზრებული გლობალური უსაფრთხოების მოდელთან, რაც საქართველოს გადმოსახედიდან გაათმაგებულ დაკვირვებას, ანალიზსა და აწონილ-დაწონილ მოქმედებებს მოითხოვს.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ახალ ტენდენციებს, რომელიც შავის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება?
- დიახ, შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება დღეს მეტად პოპულარულ თემად იქცა. მეტიც, ამ შემთხევაში საკითხისადმი მხოლოდ თეორიული ინტერესი როდი ამოძრავებს მონაწილე მხარეებს.
მის პრაქტიკულ ჭრილში გააზრებას და გადაწყვეტას პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება, ისევე როგორც რეგიონში სტაბილურობა და მოვლენათა პროგნოზირებადობა, რისკებსა და გამოწვევებზე დროული რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმების შემუშავება.
ზოგადად აღნიშვნის ღირსია შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისათვის, რაც ბუნებრივი ამბავია, არამედ მისი ისტორიულად დიდი წონა რეგიონალური ინტერესების მქონე არაერთი გლობალური აქტორისათვის.
საუკუნეებია, რაც შავი ზღვა და მიმდებარე არეალი საკუთარ ფარგლებში როლების მრავალსახეობას ითავსებდა, სადაც უპირველესი და გადამწყვეტი სავაჭრო მიმოსვლის უზრუნველყოფა იყო.
სავაჭროდან „დიდი გეოპოლოტიკური“ დაპირისპირების სიბრტყეში რეგიონის გადანაცვლება შავ ზღვაზე რუსეთის დამკვიდრებამ განაპირობა, ხოლო 1853 წლიდან მოყოლებული რუსული ინტერესი პრაქტიკულად უცვლელად მაღალი დარჩა.
შავ ზღვაზე ჯერ ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან ჭიდილში, ხოლო შემდეგ თანამედროვე ისტორიულ ეტაპზე ევროპული ინტერესების ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ინტერესებით ჩანაცვლებამ, შავი ზღვის გეოგრაფიაში გავლენათა ბრძოლა თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
ამავე რეალობის მტკიცე დასტურია ნატო-ს არაერთ განცხადებაში რეგონის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლის წარმოჩენა და ალიანსის შეფასებებში თვალშისაცემი ევოლუციონირება, დაწყებული შავი ზღვის „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისათვის რეგიონის მნიშვნელობის“ ხაზგასმით და გაგრძელებული ნატო-ს 2016 წლის ვარშავისა და 2018 წლის ბრიუსელის სამიტების დეკლარაციებით.
ლონდონის 2019 წლის სამიტმა ამ მხრივ უკმარისობის, შეიძლება ითქვას, უკმაყოფილების გრძნობა გააჩინა. ხოლო, ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის განცხადებით შავი ზღვის რეგიონში „მომდევნო პერიოდის ახალი პრიორიტეტების“ აუცილებლობაზე მითითებით.
რეგიონის მზარდი როლის აღმნიშვნელი ეს და სხვა ფაქტი თუ მოვლენა სულაც არ არის გასაკვირი, თუკი მხედველობაში მივიღებთ დასავლურ და რუსულ არაერთ დოქტრინალურ თეზას შავი ზღვის რეგიონს ალიანსის ახალ „თავდაცვით ზღუდედ“, ან თუნდაც ორ განსხავებულ ნორმატიულ სამყაროს - დემოკრატიულსა და ავტორიტარულს შორის, მოსაზღვრე ზოლად დაკვალიფიცირებას.
დღეისათვის, შავ ზღვაზე და მის ირგვლივ შექმნილი ვითარება იმგვარია, რომ პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ ვხედავთ ახალი „რკინის ფარდის“ აღმართვას და ეს ფარდა სწორედ ჩვენს რეგიონს კვეთს.
- შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსი ახსენეთ. ამ თვალსაზრისით მეტი პანორამული შეფასება უკეთ დაგვეხმარებოდა შექმნილი სურათის ცალკეული საკვანძო ელემენტების უკეთ აღქმაში.
როგორია შავის ზღვის რეგიონსა და მის ირგვლივ გეოპოლიტიკლურ ძალთა ბალანსის კონტურები? რა ტენდენციებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება?
- რადგან პოლიტიკურ ძალთა ბალანსის კონტურები ახსენეთ, ჩემი აზრით, ისინი საკმაოდ ამორფულია. რეგიონალურ სურათში საკმარისად მკაფიო ხაზების არქონას მხოლოდ მის სპეციფიკას არ მივაწერ.
საქმე ისაა, რომ ასეთივე ამორფულობა დღეს მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა „გრავიტაციულ ცენტრში“ შეინიშნება. ამდენად, საკუთრივ ევრაზიულ გრავიტაციული სივრცეში, სადაც შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონი ამ დიდი სივრცის საბაზისო მდგენელია, გაურკვევლობის მიზეზები იმ გლობალურად დაულეგებელ პროცესებში უნდა ვეძებოთ, რაც ჯერ „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის, ხოლო მერე უკვე 2001 წლის 9 სექტემბრით გამოწვეული პროცესებს უკავშირდება.
არსებული გამოწვევები კიდევ უფრო გააღრმავა რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესიამ, რამაც მსოფლიო ურთიერთობათა სტრუქტურაში წარმოქნილი კრიზისის ფონზე სახელწმიფოებს შორის ქცევის დამკვიდრებული ნორმები რადიკალურად ამოატრიალა.
შავ ზღვისა და მის ირგვლივ დაგროვილი გამოწვევებს მიმდინარე პანდემიაც დაემატა, რაც ჩვეულ სტანდარტებს ძირეულ გადადაწყობას უქადის. შედეგად გვაქვს მრავალი კრიტიკული შეკითხვა, რომლებზეც პასუხები თანაბრადა მიმოფგანტულია როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ კონტექსტში.
დღეს ხშირად გვესმის საუბარი ე.წ. „დიდ სტრატეგიაზე“, რომლის შემუშავება და დანერგვა ლამის თვითმიზნად იქცა. ასეთი „დიდი“ გეგმის არსებობის სურვილი ბუნებრივია. ყველას გვინდა ვიცოდეთ „ა“ წერტილიდან გამოსული „ბ“ წერტილამდე როგორ ჩავაღწევთ, რა დროში და როგორი ფინანსური დანახარჯით. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ეს მოგზაურობა არაპროგნოზირებადი რისკებისა გარეშე ვაწარმოოთ.
მაგრამ პრობლემაც სწორედ ისაა, რომ „დიდი სტრატეგიის“ ქაღალდზე გადატანის მცდელობისას ზოგჯერ იკარგა მისი საწყისი დანიშნულების გააზრება. ვფიქრობ, ამ „საწყისის“ დაკარგვას უნდა დაბრალდეს „დიდი სტრატეგიის“ ერთიანი გაგების მოშლა და სხდადასხვა ვარიაცების წარმოშობა, სადაც თითოეული ასეთი ვარიაცია კონკრეტული ქვეყნის გადმოსახედიდან ასევე კონკრეტულ კონიუქტურულ მოლოდინებზეა მორგებული. „დიდი სტრატეგიის“ მრავალფეროვნებაში, მაგალითად, გერმანელებისთვის უწინარესად ეს არის ე.წ. „სტრატეგიული მოთმინება“, რაც მათი ინტერესების მიღმა მიმდინარე პროცესებში ჩარევისგან თავშეკავებას ნიშნავს. ფრანგული „სტრატეგიული ავტონომია“ ევროპული პოლიტიკურ-სამხედრო იდენტურობის დამკვიდრებას უტოლდება, ხოლო „სტრატეგიული ხელჩაჭიდება“ პოლონეთისათვის აშშ-თან პირდაპირ კონტაქტებს ნიშნაბს ევროკავშირის სტრუქტურების გვერდის ავლით.
„სტრატეგიულობისს“ასეთი სიჭრელე ნიშნავს ერთს - რეალურად გრძელვადიანი დაგეგმარების შეუძლებლობას და მაშასადამე „დიდი სტრატეგიის“ დაყვანას დროის შედარებით მოკლე მონაკვეთებზე მორგებულ გადაწყვეტილებებამდე და მეტწილად ტაქტიკური, ვიდრე სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტამდე.
ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ნაცვლად „დიდი სტრატეგიისა“ გაცილებით მართებულია ვისაუბროთ ე.წ. „აღმოცენებადი სტრატეგიაზე“. ეს მეტ მოქნილობას იძლევა არსებული რისკებისა და გამოწვევების პირისპის.
ალბათ, „აღმოცენებადი სტრატეგიის“ პრაქტიკულ მხარეს უკავშირდება ასევე ის, რომ იგი მეტად გვაახლოვებს „რეალიზმის“ გრძნობას და, მაშასადამე, რაციონალურ და არა იდეალიზირებულ შეფასებებს. შეფასებებში რეალიზმი კი ახალი დაპირისპირებების ფონზე მეტი სიფრთხილისა და კატასტროფული შედეგის თავიდან არიდებას საშულებას იძლევა.
ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც, მიდგომების რაციონალურობა და რეალიზმი სწრაფად ცვალებად პროცესებთან ადაპტირების უნარს შეგვძენს. შავი ზღვის რეგიონში კი ეს უნარი კონკურენციისა და თანამშრომლობის ელემენტების უკეთ შეთავსებაში დაგვეხმარება.
- ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაზეც უკვე ისაუბრეთ, ჩვენთვის აქტუალურ თემად რჩება შავი ზღვის რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსის პირობებში ახალი საფრთხეების თავიდან აცილება.
როგორ შეაფასებთ საერთაშორისო თუ რეგიონალური უსაფრთხოების იმ მექანიზმების საიმედოობას, რომელთა უმთავრესი მიზანია ახალი კონფლიქტების წარმოქმნისა და აგრესიული ქმედებების პრევენცია?
- კონკრეტული შეკითხვაა და მეც ვეცდები შეძლებისდაგვარად კონკრეტული პასუხი გაგცეთ.
თქვენ ძალთა ბალანსი ახსენეთ და მიმაჩნია, რომ რეგიონალური „ვინ ვინ არის?“ ამოსახსნელად რამდენიმე საკითხი განმარტებას მოითხოვს.
საუბრის დასაწყისში რუსეთი შემთხვევით არ ვახსენე. შავი ზღვის რეგიონზე მისი გავლენის ფაქტორის მეტი დეტალიზაცია, ისევე რეგიონში დასავლეთის პოზიციონირებზე უკეთ წარმოდგენასათვის, კრემლის ის დოქტრინალური დამოკიდებულება უნდა აღინიშნოს, რაც ყველაზე გასაგებად პრიმაკოვის პერიოდში ჩამოყალიბდა.
კერძოდ, პრიმაკოვის დოქტრინა საუბრობს რუსეთის მეზობელი ქვეყნებისათვის რუსული გავლენის სფეროდან გასვლის ხელშეშლაზე, ისევე როგორც მოსკოვის ბუნებრივ ინტერესზე, რომ ეს ქვეყნები ვერ ჩამოყალიბდნენ თვითკმარ სახელმწიფოებად და მათ ასეთად ჩამოყალიბების საჭირო შესაძლებლობები გამოეცალოთ.
პრაქტიკულ სიბრტყეში დოქტრინამ ასახვა ჰპოვა - ჰიბრიდული ომით დაწყებული და პირდაპირი და ღია აგრესიით დამთავრებული - ე.წ. „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნებზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმასა და გამოვლინებაში.
რეალურად, ეს რუსული მიდგომა არახალია და იგი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ამუშავდა, მაგრამ დიდი ხანი მას გარკვეული სპონტანურობა და თეორიული „გამართლება“ აკლდა.
2008 წლის აგვისტოს ომით მოყოლებული, ხოლო შემდეგ უკვე ყირიმის ანექსიით, ისევე როგორც შავი ზღვის „დახურულ ზღვად“ გადაქცევის ბოლოდროინდელი მცდელობებით გაგრძელებული, გავლენის სფეროების შენარჩუნებისკენ მიმართული რუსული „ახლო საზღვარგარეთის“ პოლიტიკამ გაცილებით სისტემური ხასიათი შეიძინა.
შავ ზღვაზე საუბრისას, აუცილებლად გასათვალისწინებელი, რომ მისი გეოპოლიტიკური დატვირტის გარდა - ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილზე ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაზე წვდომა, - შავი ზღვის რეგიონი მოსკოვისთვის შიდაპოლიტიკურ განზომილებასაც ატარებს. საქმე ისაა, რომ რუსეთის სახელმწიფო საზღვრების მახლობლად, რაც შეიძლება ვრცელი „სტრატეგიული სივრცის“ შენარჩუნებით, რუსები ცდილობენ საკუთარ შიდასახელმწიფოებრივ სივრცეში უცხო „მავნე“ გავლენათა შეღწევის აღკვეთას. მათივე წარმოდგენით, ეს რუსეთს საშუალებას აძლევს საკუთარ გემოვნებაზე მორგებული, ე.წ. „სუვერენული დემოკრატიის“ მოთხოვნათა შესატყვისი განვითარების რეალიზებას.
ცხადია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული განვითარების არჩევანი გარე აუდიტორიის გასარჩევი ვერ იქნება, რომ არა ასეთი არჩევანის განხორციელების მცდელობა საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის ხარჯზე.
ამდენად, რუსული პოლიტიკა შავი ზღვის აკვატორიასა და მიმდებარე ქვეყნებში, მათივე ლოგიკით, სწორედ ესაა. მოსკოვი ღიად აცხადებს, თუ როგორ წარმოუდგენია თამაშის წესები და იხარჯება კიდეც „რეგიონალური ზესახელმწიფოსათვის“ მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
როგორია რუსულ მიდგომაზე დასავლური უსაფრთოების კოლექტიური სისტემის რეაგირება? მინიმუმ, რეალობასთან შეუსაბამო, ხოლო საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ოკუპაციის გათვალისწინებით, ეს შეუსაბამობა უფრო აშკარა ხდება.
ამ შეფასების საფუძველს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის არათანმიმდევრულობა იძლევა. კერძოდ, ბალტიის ზღვის უსაფრთხობის გაძლიერებული სისტემის ფონზე, რასაც ნატო-ს ტერმინოლოგიით ე.წ. enhanced forward presence/“მოწინავე გაძლიერებული განლაგება“ ეწოდება, შავ ზღვაზე ალიანსის უსაფრთხოების კომპონენტი შედარებით დაბალ ხარისხშია და იგი ე.წ. tailored forward presence/“ მოწინავე მორგებული განლაგებამდეა“ დაყვანილი.
ჯერ კიდევ 10-12 წლის წინ ეს ასიმეტრიულობა ახსნადი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდის პროცესების ჭრილში შავ ზღვაზე ალიანსის უსაფრთხოების მოდელი ოპერატიულ გადახედვასა და შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებას საჭიროებს.
- შავ ზღვაზე დისბალანსის აღმოფხვრა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. ერთია, უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით იმ სპეციფიკური მიდგომების შემუშავება და შესაძლო დანერგვა, რაზეც „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუსში ვისაუბრე. ასეთი სპეციფიკა თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებს უკავშირდება.
მაგრამ, ვინაიდან ახლა საუბარი კოლექტიურ უსაფრთხოებაზეა, მოდით ისევ და ისევ ნატო-ს აღმოსავლეთის მიმართულებას მივუბრუნდეთ. განვმეორდები, რომ თუ ალიანსის რეალური განზრახვაა შავ ზღვაზე უსაფრთხოების ქმედითი სისტემის შექმნა და ამით რეგიონალური პარტნიორების საქმით მხარდაჭერა, მაშინ არსებული სისტემა მნიშვნელოვან გადაწყობას მოითხოვს.
როგორც მინიმუმ, ჩვენი მოლოდინია შავ ზღვის რეგიონში „მოწინავე გაძლიერებული განლაგებაზე“ გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შავ ზღვაზე დღეს არსებული რუმინული, და ნაწილობრივ ბულგარული საყრდენი წერტილების, მეშვეობით რეგიონის უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფა ახლო მომავალში გაჭირდება.
დროა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შეიუმუშავონ ერთიანი ხედვა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ევრაზიაში ახალი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
ამ ნიშნით ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს იძლევა დასავლელი ანალიტიკოსების გახშირებული დისკუსია ჩვენი რეგიონის დანიშნულებაზე და განსაკუთრებით მხარდასაჭერია იდეა „აღმოსავლეთევროპული ახალი სტრატეგიის“ ე.წ. „ერთი ფლანგის, ერთი საფრთხის და ერთი წარმომადგენლობის“ პრინციპზე დასაფუძნებლად.
აღმოსავლეთის ფლანგის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ასიმიეტრიულობოს აღმოსაფხვრელ ღონისძიებებს შორის, ასევე, გვესახება სწრაფი სიტუაციური შეფასებისა და ჰიბრიდულ რისკებზე დროული რეაგირების სისტემის დანერგვა. ამ კონკრეტულ საკითხში ჩამორჩენას დასავლელი ანალიტიკოსებიც აღიარებენ. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ დასავლეთის მხრიდან შავი ზღვის რეგიონში მისი პარტნიორების მხარდაჭერა „მარშალის გეგმის“ ტოლფასი მასშტაბური ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტებით უნდა გამოიხატოს.
სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა გააძლიერებს საკუთრივ რეგიონს, ხელშესახებად წარმოაჩენს დასავლეთს შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონში მათი ინტერესების უკეთ პროეცირების მიზნით, ისევე როგორც დააჩქარებს საკუთრივ შავი ზღვის რეგიონის „აქეთა ნაპირის“ სრულფასოვან ინტეგრირებას ერთიან ცივილიზაციურ სივრცეში.
ამ პროცესის ახალ ეტაპზე გადასვლისას საქართველოს როლი გადაუჭარბებლად დიდია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა დასავლურ ცივილიზაციასთან ინტეგრაციაზე გზამკვლევის პრეტენზიას დამსახურებულად აცხადებდა და კვლავაც აცხადებს. მეტიც: საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება დასავლეთის მხრიდან შავი ზღვის რეგიონით რეალური დაინტერესების უტყუარი ტესტია.
- შავი ზღვის საერთაშორისო და უსაფრთხოების ჭრილში ქართულ თემატიკაზე თქვენ არაერთი საყურადღებო მოსაზრებაც გამოთქვით.
მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ შევჩერდებით საქართველოს საკითხზე. რამეს ხომ არ დაამატებთ უკვე ნათქვამს?
- საქართველოს რთულ პოლიტიკური გეოგრაფიაზე მრავალჯერ აღინიშნა და აწიც მრავალჯერ აღინიშნება. ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ამ რეალობას ახლა უკვე პანდემიური ფაქტორის გავლენით გლობალურ სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ემატება, რომელთა ბუნებასა და შესაძლო ზემოქმედებაზე რამდენიმე წინა პუბლიკაციაში მქონდა საუბარი.
საქართველოს შავი ზღვის პარადიგმა სწორედ ისაა, რომ რეგიონი თანაბრად წარმოადგენს ჩვენთვის როგორც ეროვნული განვითარების პოტენციალს, ისე საფრთხეების წყაროს. ეს უჩვეულო განტოლება ქვეყნის ორ მსხვილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფორმაციას შორის მეგაკონფლიქტურ ზონაში მდებარეობით აიხსნება. ამ ორი ფორმაციიდან ერთერთში სახელმწიფოსთან მიმართებაში პიროვნების უფლებებს ენიჭება უპირატესობა, ხოლო მეორეში პიროვნებაზე სახელმწიფოს პრაქტიკულად შეუზღუდავი ნებაა აღიარებული. მხოლოდ ამ ერთი გარემოების კონსტატირება უკვე საკმარისია კონფლიქტური სიმწვავის თვალსაჩინოებისათვის.
ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ორ მხარეს შორის „ბინარულ“ ვითარებაში მოქცეულ ერს ძლიერი მხარის ზემოქმედებით იძულებითი არჩევანი გაუკეთებია და უარი უთქვამს თვითმყოფადი და ავტონომიური სახელმწიფოებრივი ხაზის განვითარებაზე.
საკუთარი თავისათვის ამგვარი „უარის“ თქმის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ამის წინაპირობას არც ჩვენი ისტორიული წასრული იძლევა და არც დღევანდელობა, რომელიც საჩვენოდ არერთ საინტერესო განვითარებასა და ორიგინალურ გადაწყვეტას გვთავაზობს.
მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს გლობალური ან რეგიუონალური კონტექსტი, ქართული დღის წესრიგის ორი მთავარი უცვლელ კომპონენტად მუდმივი საშინაო რეფორმირება და უსაფრთხოების სფეროში სამოკავშირო ურთიერთდამოკიდებულების ზრდა. პირველი სასიცოცხლოა კონკურენტუნარიანი სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის, ხოლო მეორე ამ განვითარების უზრუნველსაყოფად მაქსიმალური თავდაცვითი შესაძლებლობებისათვის.
ამ საპასუხისმგებლო საქმეში ქართული სახელმწიფო და პოლიტიკური წრეები „რეალიზმით“ უნდა აღიჭურვონ. წარსულს ბარდება გეოპოლიტიკაში „სიყვარულისა“ და „სიძულვილის“ დრო, ხოლო მათ „საჭიროება“, „აუცილებლობა“, „საკუთარ თავზე მორგება“ და „გამოყენება“ ჩაანაცვლებენ. შავი ზღვაც ის რეგიონია, სადაც ეს ჩანაცვლება აშკარად დაიმკვიდრებს თავს.
რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს მცდელობას საქართველოს დასავლეთის „ექსპანსიასა“ და რუსულ „სუვერენულ ინტერესებს“ შორის სივრცობრივი დაშორიშორების „სტრატეგულად სიღრმედ“ შენარჩუნებისა. ამის საპასუხოდ კი, დასავლეთის მთავარ მოტივაციად კვლავ უნდა დარჩეს ქართული წარმატებული სახელმწიფოს მაგალითზე რეგიონში დასავლური მოწყობის პრინციპების უპირატესობის დამტკიცება. ესეთია ეს პროცესი დღეს (და ასეთად დარჩება ჩვენთვის განჭვრეტად მომავალში) და მისი ობიექტური შედეგია ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ჯორჯ კენანის „შემაკავებელი“ ხაზის შავი ზღვის ანალოგი. აღსანიშნია, რომ დიდწილად ამ ახალი „შემაკავებელი“ ხაზის შედეგია ისიც, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები რეალურად გეოპოლიტიკური და არა ეთნიკური ხასიათის კონფლიქტებია.
- თუ სწორად გავიგე თქვენი მსჯელობა, შავი ზღვის რეგიონში რეგიონალური პროცესების განვითარება ჩვენგან „ღვედის შეკვრას“ მოითხოვს. ასეა?...
- დიახ. არ დავივიწყოთ, რომ რისკების ანალიზი და მათი პროგნოზირება ჩვენი უმთავრესი ინტელექტუალური კოზირია და მასზე უკეთესს ვერ ვინატრებთ. ამ კოზირის სრულად გამოყენებისათვის, საქართველოსა და მის მოკავშირეებს შორის აქტუალური ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლა აუცილებელი პირობაა.
რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ ნაცვლად იმ რეალობისა, რომელის აქ აღვწერეთ, ჩვენს დღეს სხვა სცენარებზე გვესაუბრა, მაგალითისათვის, შავი ზღვის რეგიონზე, როგორც ცივილიზაციათა და კულტურათაშორის დიალოგის ხელშემწყობი ცენტრზე ან დაპირისპირებულ ინტერესთა დეესკალაციისა და თანაარსებობის სამომრიგებლო პლატფორმაზე.
ცხადია, არც ამ სცენარების ჩამოწერაა ივარგებს და მათკენ მაქსიმალურად უნდა მივისწრაფოდეთ. უბრალოდ, დღეს ჩვენი დრო და რესურსის სხვა, გაცილებით მიწიერ და საჭირბოროტო პრიორიტეტებზეა გადასატანი.
„ღვედის შეკვრის“ იდეა მომეწონა, მაგრამ არც ღვედებშეკრული გაშეშება ივარგებს. რეგიონი და მის ირგვლივ ვითარება ჩვენგან რეალურ უსაფრთხოებასა და თვითკმარ განვითარებაზე ორიენტირებული მოქმედებებისკენ მოგვიწოდებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი