თვალთვალისა და კონტროლის მექანიზმები პოსტკოვიდ სამყაროში


გადმოწერეთ PDF ფაილი

ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების ძირითადი იდეები გამოწვევის წინაშე დააყენა იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც აქამდე განვითარებულ დემოკრატიებად ითვლებოდნენ. შესაბამის სახელმწიფოებში 


ხელისუფლებები სულ უფრო დახვეწილად ახდენენ დაზვერვის სამსახურებისთვის ძალაუფლების გაზრდის დასაბუთებას. იმავდროულად, სულ უფრო მეტი მკვლევარი, თუ უფლებადამცველი აფრთხილებს საზოგადოებას ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასრულებისა და ახალი, ჯორჯ ორველის ნოველებში აღწერილი ტოტალური კონტროლის მსგავსი ეპოქის დასაწყისზე. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დემოკრატიისა და თავისუფალი სამყაროს მომავალი დამოკიდებულია ლიბერალურ დემოკრატიებში პოლიტიკურ გარდაქმნებზე.


ამასთან ერთად მთავრობების დიდმა ნაწილმა დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროში მეტწილად არც თუ ისე წარმატებული რეაგირება მოახდინა პანდემიაზე. ამის საპირწონედ, აზიურმა პასუხებმა გაცილებით დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა. დისკუსია გაიხსნა იმაზე, თუ მმართველობის რამდენად წარმატებული ფორმაა ტრადიციული დემოკრატიები დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ზოგიერთი მკვლევარი, უფრო შორსაც მიდის და საუბრობს იმ გლობალურ ტრანსფორმაციებზე, რომელიც თანამედროვე საზოგადოებებს ელოდება და იძლევა მომავალში მათი განვითარების შესაბამის სცენარებსაც. აქტიური საუბარი მიდის ლიბერალური დემოკრატიის და მასზედ დაფუძნებული საერთაშორისო წყობილების კრიზისზე და გარდუვალ დაღმასვლაზე.


დარონ აჩემოღლუ, ცნობილი წიგნის „რატომ განიცდიან წარუმატებლობას სახელმწიფოები? “ -ავტორი მის ახალ სტატიაში „პოსტ კოვიდ სახელმწიფო, დღევანდელ რეალობაზე საუბრობს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციულ ერაზე, რომლის სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები ჯერ კიდევ რთულად დასანახია. ავტორის აზრით, მთავრობების უმრავლესობა და მათი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემები აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა პანდემიისთვის. ყოველივე კი, საფუძველია იმისა, რომ მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყოს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ  წყობილებებში. აჩემოღლუს აზრით, თუ დღევანდელ რეალობას ისტორიულ ჭრილში შევხედავთ და წარსულის მაგალითებსაც დავეყრდნობით, სახელმწიფოთა მმართველობის განვითარების მიმართებაში ოთხი მთავარი სცენარია მოსალოდნელი. 


პირველი სცენარის მიხედვით, აღნიშნული პანდემია არ გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებებს და მოვლენები დინებას მიყვება. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ „სწავლობენ“ აღნიშნული კრიზისის დროს და გადაწყვეტილებათა მიღებაში კვლავინდებურად მინიმალური რჩება ექსპერტიზისა და მეცნიერების როლი. არ ხდება საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მნიშნველოვანი სფეროების მოდერნიზება.  მთავრობები ეფექტურად ვერ იღებენ სათანადო დასკვნებს შექმნილი რეალობიდან და კრიზისის დასრულების შემდგომ, მოვლენები ჩვეულ კალაპოტში რჩება.


მეორე შესაძლო სცენარი ე.წ. „ლაითი-ჩინეთია“, რომლის რეალიზაციის შანსიც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ავტორის აზრით საკმაოდ მაღალია. ასეთ ვითარებებში, საზოგადოებას ესაჭიროება „ყოვლისშემძლე“ სახელმწიფო, რომელიც თითოეული ინდივიდის ერთმანეთისგან უსაფრთხო არსებობას უზრუნველყოფს. როგორც პანდემია აჩვენებს, ამხელა მასშტაბის კრიზისის დაძლევას აუცილებლად ძლიერი ხელისუფლება ესაჭიროება. მისი აზრით, სწორედ ამის მაგალითი მოგვცა დღევანდელმა ჩინეთმა. მაგრამ აქვე დაისმის შეკითხვა - როგორი იქნება ამდაგვარი სახელმწიფოს ხელისუფლება?


დღევანდელი ჩინეთის შემყურეც ნათელია, რომ ასეთი სისტემის ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი არის თვალთვალისა და მიყურადების საშუალებების აქტიური გამოყენება და ზოგადად სხვადასხვა ტექნოლოგიური მიღწევების საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიტიკური კონტროლის მიზნებისათვის გამოყენება. დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი ქვეყანაში მცხოვრები ყველა კაცის გენეტიკურ მონაცემთა ბაზას ქმნის, რაც ჩინეთის მაღალტექნოლოგიური თვალთვალის მექანიზმების მქონე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ტენდენციის ნაწილია.


აჩემოღლუს აზრით, ამდაგვარი წყობა საერთოდ შეილება არ იყოს საზოგადოების გაცნობიერებული არჩევანი, არამედ შეილება ჩვენდაუნებურად „თავი ამოვყოთ მასში“. მითუმეტეს, როგორც მეოცე საუკუნის გამოცდილება გვაჩვენებს, მას შემდეგ რაც სახელმწიფოს სტრუქტურები ზემოთხსენებული კონტროლის საშუალებებს ეუფლებიან, უმცირესია მ ნებაყოფლობით ათი შემდგომი დათმობის ალბათობა.


იგივე შეიძლება თქვას ძალაუფლების სხვა ფორმებზეც. აშშ-ის შემთხვევაში, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ხელთ არსებული ძალაუფლების დათმობის უმცირესი შანსი იყო ყოველთვის, 70-იანი წლების საყოველთაოდ ცნობილი დარღვევების მიუხედავად, აღნიშნული საშუალებები 2001 წლის ტერაქტის შემდგომ პერიოდში ორივე უწყების ხელში მხოლოდ გაფართოვდა. 


განვითარების მესამე ტრაექტორია, აჩემოღლუს აზრით, მიმართულია ე.წ. ციფრული მონობისკენ“. მაგალითისთვის, რომ წარმოვიდგინოთ ამერიკა სადაც საზოგადოება აცნობიერებს ფართო კოორდინაციის აუცილებლობას, მაგრამ კარგავს ნდობას აქამდე არსებული მთავრობისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ასეთ ვითარებაში, მოსახლეობა კერძო კომპანიებს უფრო ენდობა (Apple, Google, Amazon და ა.შ.) რომელთაც შეუძლიათ გარკვეულ სფეროებში მთლიანად ჩაანაცვლონ სახელმწიფოს როლი, იგივე პანდემიასთან ბრძოლის საჭიროებების მიმართულებით. მათ შორის ინფიცირებულთა დადგენის, გამოვლენისა და თვალყურის დევნების კუთხით.  იგივე და მსგავსი კომპანიები, უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს ინოვაციურ საშუალებებს, რომლებიც არსებული რეალობის გათვალისწინებით ეკონომიკური აქტივობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად არის საჭირო. დარონ აჩემოღლუს აზრით, თუ სულ უფრო მეტი კერძო კომპანია იქნება აუცილებელი მსგავსი ფუნქციების განსახორციელებლად, მომავალში მათი ძალაუფლება და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო გაიზრდება და სახელმწიფოს მხრიდან არა ეფექტური მენეჯმენტის შემთხვევაში, საზოგადოება ნაკლებად გამოთქვამს ამაზე პროტესტს. იგივე კომპანიები, რა თქმა უნდა, განაგრძობენ პერსონალური მონაცემების მოპოვებასა და მომხმარებლების ქცევათა მანიპულაციებს, ხოლო მთავრობა აჩემოღლუს თქმით-  სილიკონის ველის მოსამსახურე მარიონეტს დაემსგავსება.


თუმცა, სტატიაში ავტორი უფრო ოპტიმისტურ ვარიანტსაც გვთავაზობს, იგი მას „კეთილდღეობის სახელმწიფო 3.0“ უწოდებს. აღნიშნული სცენარის მიხედვით, ამდაგვარი სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობა მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლებები შეძლებენ „დაიჭირონ“ მიმდინარე ტრენდები. მოახდინონ ზუსტი შეფასება არსებული პრობლემების და იპოვონ საკუთარ თავში ძალა საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო ტრანსფორმაციების განსახორციელებლად. მასში ეკონომიკა გახდება უფრო განვითარებული,  უკეთესი საზოგადოებრივი უსაფრთხოებით, უფრო ჭკვიანი რეგულაციებითა და ეფექტური მთავრობით. ამას თან დაერთვება ხარისხობრივად გაუმჯობესებული ჯანდაცვისა და დაზღვევის სისტემები. გაიზრდება მეცნიერებაზე დაფუძნებული კომპეტენტური გადაწყვეტილებების როლი ხელსუფლებების პოლიტიკაში.


რომელი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს სამყარო, ტექნოლოგიების გამოყენების ლეგიტიმურობა და თვალთვალისა და მიყურადების საკითხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. აღნიშნული მიმართულებით უკვე დღეს არის მთელი რიგი გამოწვევები, რაც გასათვალისწინებელია.


არსებული გლობალური ბრძოლა, სადაც ქვეყნები სხვადასხვა დონის საგანგებო მდგომარეობის პირობებში  საერთო მტერს - პანდემიას ებრძვიან, იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას, რასაც სოციალური კონტრაქტიც ითვალისწინებს. 


სწორედ ზემოთქმულის გათვალისწინებით გლობალურ პანდემიას ხშირად ადარებენ 9/11-ის შემდეგ პერიოდს, როდესაც მოხდა სახელმწიფო თვალთვალისა და დაზვერვის შესაძლებლობების გაფართოვება მსოფლიო მასშტაბით, რაც მოგვიანებით დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების სტრუქტურის ნაწილი გახდა.


თანამდროვე ტექნოლოგიურმა შესაძლებლობებმა თვალთვალი და მონაცემთა შეგროვება სულ სხვა დონეზე აიყვანეს. მთავრობები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს მოქალაქეების აქტივობების მონიტორინგისთვის და მათ ამისთვის არ სჭირდებათ დაზვერვის აგენტები. შესაბამისად, ერთი შეხედვით მსგავსი მეთოდი ნაკლებად მავნედ ითვლება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ პიროვნების თვალთვალის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე სამყაროში ჩვენი ქმედებები უკეთესად დაკვირვებადია - იწერება, იძებნება და კლასიფიცირდება, თვალთვალი  გაცილებით უფრო ინტრუზიული გახდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ ელექტრონული თვალთვალის საშუალებით განსაკუთრებით ჩინეთმა და აზიის ქვეყნებმა მოახდინეს წარმატებით ვირუსის მართვა, რაც უფლებების დამცველთა მხრიდან იწვევს დამატებით მღელვარებას. იმის გათვალისწინებით, როცა ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ პანდემიის მეორე ტალღის მოახლოვებას, მსგავსი მეთოდების წარმატებით გამოყენება გარკვეულ ქვეყნებში, ხომ არ შექმნის იმის ალბათობას, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა გააძლიერებს და დააკანონებს კონტროლის მექანიზმებს, რაც მომავალში დაარეგულირებს ყოველდღიური ცხოვრების სხვა მხარეებსაც.


დღეს მსოფლიოში კორონავირუსის გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად ქვეყნები სულ უფრო ხშირად იყენებენ სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებებს. ამით ისინი ეწევიან მოსახლეობის მონიტორინგს ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ადამიანური და ეკონომიკური ზარალი. პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულია მობილური აპლიკაციები, სახის ამომცნობი და GPS მონიტორინგის სისტემები, ასევე, სათვალთვალო კამერები და დრონები. მიუხედავად განზრახვის დიდი მორალური ხასიათისა, აღნიშნული ქმედებები დიდ კითხვებს და მღელვარებას წარმოშობს, ხომ არ წარმოადგენს დაავადების მართვისთვის ტექნოლოგიურად აქტიური თვალთვალის გამოყენება საფრთხეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და დემოკრატიისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პანდემიასთან ბრძოლის მექანიზმები და ტექნიკა უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია, და მოიცავს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მობილური ტელეფონებიდან და სოციალური ქსელებიდან, ასევე, ინფორმაციის შეგროვებას მათი გადაადგილებისა და ფინანსური ტრანზაქციების შესახებ. ალბათ არც არის გასაკვირი გარკვეული შიშები და მღელვარება განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დამცველების მხრიდან არსებობდეს. 


ექსპერტებისა და უფლებათადამცველების მთავარი მოთხოვნაა, როცა საქმე ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და კონფიდენციალურობას საქმე ეთიკის ნორმების დაცვით წარიმართოს, თუმცა იქ სადაც დაზვერვა გაერევა ეთიკაზე საუბარი რთულდება. 


საქმეს კიდევ უფრო ართულებს ახლო წარსულის გამოცდილება, დაფიქსირდა რა ტენდენცია ყოველი საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყნებმა მეტი ძალაუფლება მიანიჭეს დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს, რაც შემდგომში არა თუ დათმეს, არამედ დააკანონეს და ლეგალური გახადეს. თუმცა ლეგალური ყოველთვის არ ნიშნავს ლეგიტიმურს, ვინაიდან ხშირად ვერ აკმაყოფილებს მორალურ მხარეს. დაზვერვის სამსახურებს მუდმივად უწევთ ამ დილემის წინაშე დგომა, რადგან რაც კანონიერია შეიძლება არ პასუხობდეს მორალურ ასპექტს და მორალურად გამართლებული ქმედება შესაძლოა ვერ ჯდებოდეს კანონის ჩარჩოში.


იმისათვის, რომ გავიგოთ, ნამდვილად არსებობს თუ არა საფრთხე მომავალში ახალი ტოტალური კონტროლის სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა, საჭიროა დავაკვირდეთ წარსულის გამოცდილებას, როცა ქვეყნებმა საგანგებო მდგომარეობის დროს მოახდინეს ძალაუფლების გაზრდა და კონტროლის გამკაცრება, როგორ მოახდინეს მათი ლეგიტიმაცია, აღინიშნება თუ არა პანდემიის პირობებში მსგავსი ტენდენცია და მცდელობები.


როგორც ვთქვით, არც თუ ისე შორეულ წარსულში საგანგებო სიტუაციები დასრულდა სახელმწიფოს ძალაუფლების გაძლიერებით. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ „პატრიოტების აქტის“ ცვლილების შედეგად ხელისუფლებას გაეზარდა თვალთვალის შესაძლებლობები. ტერორიზმის მოსალოდნელმა საფრთხემ შექმნა ძლიერი დასაბუთება თვალთვალის გაძლიერებისთვის.


ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის სკანდალური აღიარება რაღაც დონეზე გარდამტეხი მომენტი იყო დაზვერვის საქმიანობის შეფასებისთვის. მის აღიარებას ხელისუფლებების მხრიდან მოყვა სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი უფრო მყარი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნა - დაზვერვის რეფორმების შედეგად მთავრობების უმეტესობამ არა თუ შეამცირა, არამედ მხარი დაუჭირა თვალთვალის გაძლიერებას.  


მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სნოუდენის აღიარებებს მოყვა მონაცემთა გაცვლის სადაო კანონპროექტის მიღება, რომელიც უფლებადამცველებმა მონათლეს როგორც „Snooper’s Charter” (Snooper - სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა). კანონპროექტში ერთის მხრივ უფრო კონკრეტულად აისახა დაზვერვის სამსახურების უფლებამოსილება და მეორეს მხრივ მან საშუალება მისცა ხელისუფლებას გაეგრძელებინა სათვალთვალო პროგრამები. 


აშშ-ის შემთხვევაში ცვლილება შეეხო კანონს, რომლითაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სატელეფონო ჩანაწერების შეგროვება რეგულირდება. კერძოდ, თუ ადრე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით შესაძლოა შექმნოდა პრობლემები, ახლა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიპოვებს. ასევე, 2018 წელს კონგრესმა 6 წლით გააგრძელა „უცხოური დაზვერვის თვალთვალის აქტი“, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მასშტაბური ინტერნეტ თვალთვალის წარმოება. 


ამ პერიოდისთვის იგივე ტენდენციები დაფიქსირდა ევროპის სხვა ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებშიც, მაგალითად ჰოლანდიის პარლამენტმა კენჭი უყარა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ჰოლანდიელებმა რეფერენდუმის საშუალებით უარი უთხრეს, დაიწუნეს რა სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.


გერმანიამაც შექმნა დაზვერვის საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა ნებართვას საგარეო დაზვერვის შეგროვებისას. 


ასევე, მიუხედავად საზოგადოებრივი დებატებისა და ინტერესისა მომხდარიყო დარეგულირება დაზვერვის სამსახურების ძალაუფლების, რომელიც წამოიჭრა სნოუდენის აღიარებების შედეგად, წამყვანმა დემოკრატიებმა მეტი ძალაუფლება დაუკანონეს თავიანთ დაზვერვის სამსახურებს. ტოტალური თვალთვალის ეფექტურობა კი ისევე როგორც მისი თავსებადობა ფუნდამენტურ უფლებებთან კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შენიშვნა მისცა დიდ ბრიტანეთს ზედამხედველობის ხარვეზებთან დაკავშირებით და უფრო ეფექტური საზედამხედველო მექანიზმების შექმნა მოსთხოვა.


განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი წამყვანი ლიბერალური დემოკრატიების მიერ, როგორიც შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთია ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებისთვის თვალთვალის გაზრდილი შესაძლებლობების და შესაბამისად ხელისუფლებისთვის გაზრდილი ძალაუფლების მინიჭების პროცესის ლეგიტიმაცია. 


ლეგალური (კანონიერი) ლეგიტიმაციის საფუძველი ემყარება სახელმწიფოსა და ხალხს შორის მიღებულ კონტრაქტს, რომელიც შესაძლოა გადაიხედოს სოციალური მოლაპარაკებების შედეგად. ეს პროცესი მოითხოვს რეცეფციას და შესაბამისად ვერ მოხდება სოციალური კონტრაქტის გადახედვა ცალმხრივად. მაგალითად, პრაქტიკაში ეს ასე ხდება: ადამიანები თანხმდებიან დათმონ გარკვეული უფლებები და თავისუფლებები სახელმწიფოს სასარგებლოდ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ახალი საფრთხეების წარმოშობამ შესაძლოა გამოიწვიოს არსებული სოციალური კონტრაქტის გადახედვა. ამ შემთხვევაში ლეგალური (კანონიერი) ლეგიტიმაცია გამოდგება იმის დასადგენად, თუ როგორ უწევენ ხელისუფლებები ლეგიტიმაციას პერსონალურ მონაცემებზე წვდომასა და მასობრივ თვალთვალთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას საზოგადოებრივ დისკურსში ახალი უსაფრთხოების საკითხების შემოტანით, რათა მიიღონ მოქალაქეების თანხმობა რომ მოხდეს სოციალური კონტრაქტის კორექტირება.


მორალური ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად ძალაუფლების წყაროს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მორალურ ღირებულებებს აღიარებულს სხვების მიერ. დასავლურ საზოგადოებებში, ეს ღირებულებები მტკიცედ არის დაკავშირებული დემოკრატიასთან. ქმედებები, კანონები და ინსტიტუტები, რომლებიც არ შეესაბამება დემოკრატიის მოთხოვნებს და პროცედურებს მიიჩნევა არალეგიტიმურად. მსგავს გარემოებაში ხელისუფლებებმა კანონმდებლობის ცვლილებების დასაბუთება უნდა მოახდინონ დემოკრატიული ღირებულებების არსებული ნარატივის ფარგლებში, ან უნდა შეეცადონ შეცვალონ მათი აღქმა. თუკი უკანასკნელი რთული შესასრულებელია, პირველი ხშირად გამოიყენებოდა სახელისუფლებო პირების მიერ ყოველდღიურ დებატებში კანონმდებლობის გადახედვის პროცესში მასიური თვალთვალის ლეგიტიმაციის დასასაბუთებლად.


ამ ორი მიდგომით რომ შევაფასოთ მაგალითად, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებების მიერ დაზვერვის სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაზრდა, სავარაუდოდ ასეთ ანალიზს მივიღებთ: ლეგალურობის თვალსაზრისით, შიდა კანონმდებლობის ცვლილება შესაძლოა გამართლებული იყოს წარმოქმნილი და არატრადიციული საფრთხეების მეშვეობით. გამოკითხვების შედეგებმა დიდ ბრიტანეთში აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა უსაფრთხოებას არჩევდა თავის ფართო უფლებებსა და თავისუფლებებს. თუმცა, იგივე გამოკითხვებმა აჩვენეს ადამიანთა უმრავლესობა ვერ ერკვევა სათანადოდ ტექნოლოგიებში და ხელისუფლების მიერ მათ პირად მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობებში, რაც ერთის მხრივ ნიშნავს სოციალური კონტრაქტის ცვლილებაზე ბრმა თანხმობას. შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა უმრავლესობამ ნაკლებად გამოთქვა სურვილი დაეთმო თავისი უფლებები და თავისუფლებები უსაფრთხოების სანაცვლოდ. ამავდროულად, მორალური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით დაზვერვის სამსახურების გაზრდილი ძალაუფლება დემოკრატიის პრინციპების დარღვევად განიხილება, რომლის ლეგიტიმაციაც ვერ დასაბუთდება ვერანაირი არსებული დემოკრატიული ღირებულებებით. 


ლიბერალურ დემოკრატიებში მსგავსმა ტენდენციებმა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დემოკრატიული ინსტიტუტების ფარულ ავტორიტარიზმში ნელი ტრანსფორმირება გამოიწვიოს. ამისათვის აუცილებელია საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მოსახლეობამ სწორედ ამ ფორმულის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს და შეამოწმოს რამდენად ლეგიტიმურია კანონებისა და მიდგომების ცვლილება, რამდენად შეთანხმებულია ის საზოგადოებასთან და ემყარება ამ საზოგადოების ძირითად ღირებულებებს. ასევე, სამართლიანია თუ არა კომპრომისი და მიღებული სიკეთე მოსახლეობის მიერ დათმობილ უფლებებთან მიმართებაში, თუ ხელისუფლება უბრალოდ იმარტივებს საქმეს და ხელში იგდებს განუზომელ ძალაუფლებას. მაგალითად, ლიბერალური დემოკრატიის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა იმითაც განსხვავდება ავტორიტარული რეჟიმებისგან, რომ მათი საქმიანობა დიახ არის უფრო გართულებული და არა მარტივი. მათ უწევთ ბიუროკრატიასთან გამკლავება და ვალდებულნი არიან აჩვენონ მაღალი ეფექტურობა, იმოქმედონ თავიანთი ქვეყნის ღირებულებების გათვალისწინებით და მეტწილად დაეყრდნონ პროფესიონალიზმს და არა არაპროპორციულ ძალაუფლებას. 


მიუხედავად ზემოთქმულისა, ავტორიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით, ლიბერალური დემოკრატიების სახელმწიფო წყობა ხელისუფლებებს არ აძლევს მოქალაქეების პირად სფეროში თვითნებურად შეჭრის საშუალებას. პოლიტიკური ინსტიტუტები ჯერ კიდევ ძლიერია და დასავლეთში დემოკრატიის გამძლეობას ასახავენ. სწორედ ამის გამოა, რომ ლიბერალური დემოკრატიების მთავრობებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ და იძულებული ხდებიან ეძებონ ირიბი გზები ახალი პოლიტიკისა და წესრიგის გასატარებლად, რათა მოსახლეობის პირად მონაცემებზე წვდომა მოიპოვონ. 


რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, მიუხედავად გაფრთხილებებისა და წარსულის გამოცდილებისა პანდემია მაინც განსხვავებულია სხვა საფრთხეებისგან. მაგალითად ტერორიზმი, რომელიც რთულად კონტროლირებადია და გარკვეულწილად მოულოდნელობასაც გულისხმობს და იგი პოტენციურად დაუსრულებელი პრობლემა შეიძლება იყოს,  პანდემიასთან არსებული მდგომარეობა კი ვირუსის დამარცხებასთან ერთად უნდა დასრულდეს. თუ ვაქცინის დროული მიწოდება ვერ მოხდა, მაშინ შესაძლოა არსებული მეთოდები, რომლითაც ქვეყნები ებრძვიან დღეს პანდემიას  ისევ გაგრძელდეს. ასევე, შესაძლოა გართულებული ვითარება რიგმა სახელმწიფოებმა გამოიყენონ საკანონმდებლო ცვლილებების დასასაბუთებლად და ამით გაუზარდონ უფლებამოსილება დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს. თუმცა ამ დროისთვის ქვეყნების მთავრობებს არ დაუფიქსირებიათ საჭიროება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების. მთავრობების უმრავლესობას არც მნიშვნელოვნად გაუზრდია სუვერენული ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობები. ზოგიერთი ქვეყანა შეეცადა მოეპოვებინა ახალი საშუალებები არსებული ძალაუფლების შესასრულებლად. აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის „კორონავირუსის აქტი“, რომელიც უკვე გააკრიტიკეს ხელისუფლებისთვის თვალთვალის უფლებამოსილების გაზრდის გამო.


პანდემიასთან ბრძოლამ იმპლემენტაცია გაუწია მთავრობების ხელში უკვე არსებულ საკანონმდებლო თუ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მომავალში უფრო უკეთესად აჩვენებს მათ ეფექტურობას და ხარვეზებს.


შესაძლოა ავტორიტარულ ქვეყნებში საზოგადოებრივი თანხმობა თვალთვალის მექანიზმების გაზრდის შესახებ უფრო იოლად მოსაპოვებელია, მაგრამ  ისეთ სისტემებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი უფლებათა დამცველი მიდგომები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით - ეს რთულად მიღწევადია. 


პოსტ-პანდემიური ყველაზე რეალური დისტოპიური სცენარი შესაძლოა იყოს შეგროვებული მონაცემების ურთიერთოპერირებული სისტემებისთვის მიწოდება, რომელიც ჯანმრთელობის მონაცემებს დაუკავშირებს პოლიციისა და საზღვრის კვეთის მონაცემთა ამომცნობ სისტემებს.  ამგვარად, მნიშვნელოვანია მომავალში ვიცოდეთ რომელი ციფრული პლატფორმები მოახდენენ ვირუსის გავრცელების მაკონტროლებელ აპლიკაციის განკარგვას, და რაც მთავარია, როგორ მოხდება მომავალში შეგროვებული მონაცემების გამოყენება. მსგავსი სცენარებისა და კონტროლირებადი საზოგადოების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა საზედამხედველო მექანიზმების გაძლიერება, ახლის შექმნაც კი. რაც მთავარია, მონაცემების შეგროვება უნდა შეწყდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე. შეგროვებული მონაცემები კი უნდა განადგურდეს და მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს სხვა მიზნებისთვის. სანქციები უნდა დაწესდეს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც შეეცდებიან შეგროვებული მონაცემების კომერციული ინტერესებისთვის გამოყენებას.


ბალანსის დაცვა უსაფრთხოებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ გამოწვევად ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება. მიუხედავად ამისა, როგოც ჩანს, ლიბერალურ დემოკრატიებს მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლიათ მათი დაბალანსება. 


ცალსახაა, რომ ზემოთ მოყვანილი გამოწვევების ფონზე, ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, იქ სადაც იგივე 5G ტექნოლოგიების დანერგვა, ადამიანთა აქამდე არნახულ ურთიერთ დაკავშირებულობის საშუალებას იძლევა, უმნიშვნელოვანესი იქნება მიყურადებისა და დაზვერვის საშუალებების როლი, რათა ახალ რეალობაში დაცული იყოს ბალანსი პიროვნების თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მოთხოვნებს შორის.


მაგალითისთვის, ისტორიკოსი იუვალ ნოა ჰარარი თავის წიგნში „ჰომო დეუსი“ ამბობს, რომ ტექნოლოგიური განვითარება თავად წარმოადგენს საფრთხეს ლიბერალური დემოკრატიისთვის, ვინაიდან აქ სრულდება ჰუმანიზმის ეპოქა. ლიბერალური დემოკრატია კი პირმშოა ჰუმანიზმის ეპოქის. ჰუმანიზმმა, რომელმაც თავის დროზე გაანეიტრალა ფანატიზმი და ადამიანმა, პიროვნებამ  პასუხისმგებლობები ბოლომდე თავის თავზე აიღო - მან გააანალიზა, რომ მისი თავისუფალი ნება იყო ყველაზე მაღალი ავტორიტეტი, შესაბამისად თავად იღებს გადაწყვეტილებას რა ჯობია მისთვის. ამ მიდგომის გარეშე ვერ იარსებებს თავად ლიბერალური დემოკრატია. ახალ ეპოქას, რომელიც მოაქვს ტექნოლოგიურ განვითარებას, ის უწოდებს დატაიზმს - ერთგვარ ახალ რელიგიას, რომლის ფარგლებშიც ადამიანი უკვე პასუხისმგებლობებს უნაწილებს ტექნოლოგიებს - ალგორითმს. ალგორითმი გვიწყვეტს როდის მივიდეთ ექიმთან, გვირჩევს პარტნიორს, გვთავაზობს საკითხავს, თუ სხვა გასართობს და ა.შ. რა იქნება შემდეგი? იქნებ ალგორითმს მალე მივანდობთ არჩევნებში ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას. ბიომეტრიული მონაცემები შესაძლებელს ხდიან შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელსაც უკეთესად ეცოდინება ადამიანი, ვიდრე ის იცნობს საკუთარ თავს. შესაბამისად ადამიანი კარგავს საკუთარ უფლებამოსილებას და ჰარარის თქმით მსგავს საზოგადოებასთან შეუთავსებელი იქნება ლიბერალური დემოკრატიული წყობა. 


ეს ალბათ უფრო რადიკალური მიდგომაა და ვფიქრობთ ეგრეთწოდებული დატაიზმი წარმოუდგენელია თავად ჰუმანიზმის გარეშე. ჩვენ უნდა ავირჩიოთ და დავთანხმდეთ ტექნოლოგიურ განვითარებას, რაღაც დონეზე მივანდოთ ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება და თუ ეს არ გაამართლებს, შესაბამისად უარი ვთქვათ ამაზე. სწორედ ამას სჭირდება ისევ ლიბერალური დემოკრატია და მისი ღირებულებებისა და ინსტიტუტების განვითარება, რომ ტექნოლოგიების გამოყენება არ გახდეს თავსმოხვეული და სავალდებულო, არამედ არჩევითი.


თანამედროვე სამყაროში  რადიკალური მიდგომები ძნელად მუშაობს. ვერც ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე და ვერც დაზვერვაზე ვიტყვით უარს და ვერც დაზვერვის სამსახურები იმოქმედებენ აბსოლუტურ სიბნელეში. მათ უწევთ და მოუწევთ იმოქმედონ კანონის ჩარჩოებში იმ ქვეყნების მთავარი ღირებულებების გათვალისწინებით, რომელსაც წარმოადგენენ. საერთო ჯამში, საუბარია იმაზე, რომ დემოკრატიული ქვეყნების დაზვერვის სამსახურებს  მოეთხოვებათ იყვნენ ეფექტური და ამავე დროს იმოქმედონ ლეგიტიმურად. სწორედ ეს არის დემოკრატიული ქვეყნების დაზვერვის სამსახურების მაღალი ხარისხი. მათ უნდა დააბალანსონ საზოგადოებრივი სიკეთეები (ეროვნული უსაფრთხოება) და ინდივიდუალური სიკეთეები (პიროვნების უსაფრთხოება). დაზვერვის სამსახურები წარმოადგენენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ისევე როგორც დანარჩენი უწყებები, მათი საქმიანობაც უნდა პასუხობდეს კარგი მმართველობის ძირითად პრინციპებს. ასევე, როგორც მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ვერ ერკვევა სათანადოდ ტექნოლოგიებში და ხელისუფლების მიერ მათ პირად მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობებში, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, ადამინები უნდა შეეცადონ უკეთესად გაერკვნენ იმ ტექნოლოგიებში, რომელსაც მოიხმარენ. უნდა გაერკვნენ როგორ ხდება მათ პირად სივრცეში შემოჭრა და როგორ ვაძლევთ ან მოიპოვებენ ჩვენზე მონაცემებს მთავრობები, ისევე, როგორც ადამინებს სჭირდებათ ცოდნა თავიანთი კონსტიტუციური უფლებების, რათა მომავალში არ მოხდეს მთავრობების მხრიდან სოციალური კონტრაქტის ცალმხრივად გადახედვა. ეს ყველაფერი შეამცირებს ადამიანთა მოწყვლადობას.


პოსტ-პანდემიის შედეგად ხელისუფლებების ძალაუფლების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით და იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მთავარი ღირებულებების შენარჩუნება, საჭიროა უფრო თანმიმდევრული სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც დაარეგულირებს ფიზიკური პირების მიმართ სათვალთვალო მექანიზმების გამოყენებას. ასევე, აუცილებელია ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, რომელიც გააძლიერებს პიროვნების კონფიდენციალურობის უფლების დაცვას და დააბალანსებს მთავრობების შესაძლებლობებს დაიცვან თავიანთი მოქალაქეები ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით. მონაცემები ხომ სცდება საერთაშორისო საზღვრებს.


მთავრობები და მათი უსაფრთხოების სამსახურები უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჩარჩოში, ისევე როგორც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადმა რეგულაციამ (GDPR) შეცვალა მიდგომა კორპორატიული ორგანიზაციებისთვის. ალბათ სასურველია GDPR-ის გლობალურ დონეზე გაფართოვება, მაგალითად ის არ გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვათა შორის, აშშ არის ერთადერთი ქვეყანა განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომელსაც არ აქვს მონაცემთა დაცვის შესახებ ერთი ძირითადი კანონი.


ერთი რამ ცხადია, როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს სამყარო, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შემდეგია: გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, პანდემიით გართულებულ სიტუაციაში, რამდენად შეძლებენ მომავალში ლიბერალური-დემოკრატიები წარმატებით დარჩნენ მმართველობის საუკეთესო დემოკრატიულ ფორმად, იქ სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ის რაც სახელმწიფოსთან საზოგადოებრივი (სოციალური) კონტრაქტის საფუძველია, დაცული იქნება დემოკრატიის მაღალი სტანდარტით.


ის, თუ როგორ განვითარდება თანამედროვე დემოკრატიული სამყარო ახალ პოსტპანდემიურ, მზარდი ტექნოლოგიური დამოკიდებულებების სამყაროში, ალბათ მეტწილად განსაზღვრავს ასევე თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის და ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებების ბედსაც.

 

 

 

6 ივლისი, 2020 წ.

 

ავტორები: 
გიორგი ანთაძე, "ჯეოქეისი"-ს მკვლევარი
სოფია ბაბუნაშვილი, 
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი

 

* სოფია ბაბუნაშვილი 2014 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, დემოკრატიული ზედამხედველობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. 


სოფია ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით, ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო თემა დაზვერვის სამსახურების მიერ წარმოებული თვალთვალის ლეგიტიმაციას ეხებოდა. ასევე. თემა ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ETH Zurich) საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამისთვის ეხებოდა საქართველოში უსაფრთხოების სექტორის მართვის გაუმჯობესებას 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად. სოფია წარსულში მუშაობდა ნატო-ს სამოკავშირეო ოფისში.

 

 


ბიბლიოგრაფია

 

Agerholm, Harriet, “UK mass surveillance program violates human rights”, Independent,  September 13, 2018, accessed July 4, 2020,


https://www.nytimes.com/2020/06/17/world/asia/China-DNA-surveillance.html 


https://www.independent.co.uk/news/uk/politics/uk-mass-surveillance-gchq-eu-human-rights-echr-edward-snowden-a8535571.htmlCharlie Savage, “Surveillance and Privacy Debate Reaches Pivotal Moment in Congress”, The New York Times, January 10, 2018, accessed July 4, 2020, https://www.nytimes.com/2018/01/10/us/politics/nsa-surveillance-privacy-section-702-amendment.htmlCoronavirus Act https://bigbrotherwatch.org.uk/campaigns/emergency-powers/De Waal, Rogers, Joel, “Security trumps privacy in British attitude to cyber-security”, YouGov, June 12, 2017, accessed July 4, 2020,


https://yougov.co.uk/topics/politics/articles-reports/2017/06/12/Security-Trumps-Privacy“DRIPA surveillance ruled unlawful”, New laws journal, February 2, 2018, accessed July 4, 2020,


https://www.newlawjournal.co.uk/content/dripa-surveillance-ruled-unlawfulGeiger, Abigail, “How Americans have viewed government surveillance and privacy since Snowden leaks”, Pew research, June 4, 2018, accessed July 4, 2020,

https://www.pewresearch.org/fact-tank/2018/06/04/how-americans-have-viewed-government-surveillance-and-privacy-since-snowden-leaks/Guliani, Neema Singh, “Members of Congress Just Voted to Give the Trump Administration Greater Spy Powers”, ACLU, January 11, 2018, accessed July 4, 2020,


https://www.aclu.org/blog/national-security/privacy-and-surveillance/members-congress-just-voted-give-trump
“Dragnet Surveillance for Secret Services”, Bits of Freedom, accessed July 4, 2020,


https://www.bitsoffreedom.nl/dossiers/dragnet-surveillance/


Sophia Babunashvili (2019), “Exploring the Legitimacy of Mass Surveillance” (Master’s thesis, University of Geneva, Switzerland)


Thomas, C.A. “The concept of legitimacy and international law”, (Law society economy working papers 12.2013),7-13, http://eprints.lse.ac.uk/51746/1/__libfile_repository_Content_Law%2C%20society%20and%20economics%20working%20papers_2013_WPS2013-12_Thomas.pdf


Yuval Noah Harari, “Homo Deus A brief History of Tomorrow”, 2015
 

გააზიარე: