COVID-19-ის ნახევარი წელი: გაკვეთილები და მოლოდინები

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

რა გვასწავლა კორონავირუსის პანდემიის 6 თვემ: რამ გაამართლა და რამ - არა. წარმატებების და ხარვეზების შეფასება. 

 


კორონავირუსის პანდემიად ოფიციალურად გამოცხადებიდან ჯერ 6 თვე არ არის გასული, თუმცა, ეს მთავარს არ ცვლის: 21-ე საუკუნის მთავარ მოვლენად და ჯერ კიდევ მიმდინარე უსერიოზულეს პრობლემად სწორედ 2019 წლის ბოლოს დაფიქსირებული ეს დაავადება იქცა, რომელმაც გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებში ჩაანაცვლა ტერორიზმის, გლობალური დათბობის, რადიაციული კატასტროფის და სხვა საფრთხეები.  


შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს პოზიტიური შედეგებიც, იმედიანი მოლოდინებიც, არცთუ საიმედო ასპექტებიც, მზარდი საფრთხეებიც და რაც მთავარია - გაურკვევლობებიც. დიახ, 6 თვის თავზეც კი ვირუსის შესახებ ახალი აღმოჩენებიც და ძველი, თითქოსდა, დადასტურებული ჭეშმარიტეტების უარყოფებიც გრძელდება. რაც მთავარია, პანდემიას თან ახლავს გლობალური რყევები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ფრონტებზეც. ამ დაავადებამ გამოკვეთა კაცობრიობის უსაფრთხოების რამდენიმე სერიოზული „აქილევსის ქუსლი“ და მწარე გაკვეთილი სწორედ იმაშია, რომ არ უნდა ყოფილიყო ძნელი მათი წინასწარგანჭვრეტა. მეტიც, ზოგიერთი მათგანის - კერძოდ, გლობალური პანდემიის საფრთხის შესახებ, დიდი ხანია უკვე გაფრთხილებული ვიყავით. და მაინც, სანამ ურემი არ გადაბრუნდა, ამ საფრთხეებს მსოფლიო ლიდერები არ თვლიდნენ რეალურად და მასშტაბურად.


პირველი დამაკმაყოფილებელი შედეგი არის ის, რომ კაცობრიობა, ნელ-ნელა გონს მოდის პირველი შოკიდან. აღმოჩნდა, რომ წამლის და ვაქცინის არარსებობის პირობებშიც კი, შესაძლებელი ყოფილა პანდემიის შეზღუდვა და შეჩერება. და ყველაფერი ახალი შეიძლება კარგად დავიწყებული ძველი იყოს - კარანტინი, გადაადგილების შეზღუდვა, ტესტირება, ინფიცირებულთა გამოვლენა და სასწრაფო იზოლაცია, მათი კონტაქტების მოძებნა და კლასტერების კვლევა, ფიზიკური და სოციალური დისტანცირება, სამედიცინო ნიღბის გამოყენება და უმარტივესი რჩევები - „დარჩი სახლში!“ და „ხშირად დაიბანეთ ხელი!“ მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ვერავინ წარმოიდგენდა თუნდაც 6 თვის წინ, რომ ადამიანებს ამ რეჟიმში მოუწევდათ ცხოვრება, ფაქტია, რომ სწორედ უმრავლესობამ მოახერხა მოულოდნელ რეჟიმთან ადაპტაცია, რაც მძიმე და გახანგრძლივებული კრიზისის მართვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. 


ქვეყნები, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, ხელმძღვანელობდნენ ინფექციის მრუდის მაქსიმალურად სწრაფად „დაბრტყელების“ მთავარი ამოცანით, რათა არ მომხდარიყო დაავადების მძიმე შემთხვევების ზვავისებრი ზრდა, რაც ჰოსპიტლების გადაუდებელ დახმარების განყოფილებებში კრიტიკულ მდგომარეობებში მყოფი  პაციენტების ნაკადს უმართავ დონემდე გაზრდიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებებით წარმატებებს მიაღწიეს ქვეყნებმა, რომელთაც შემდეგი ფაქტორების უმრავლესობა ესადაგება:


- ჰქონდათ წინა პანდემიების სერიოზული გამოცდილება და კარგად მომუშავე ეპიდემიოლოგიური სამსახური.


- მდგომარეობის კონტროლის მართვა ანდეს გამოცდილ მეცნიერებს - ეპიდემიოლოგებს, ინფექციონისტებს, ვირუსოლოგებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს.


- თავიდანვე დაიწყეს მზადება კორონავირუსის ტესტ-სისტემების დასამზადებლად და ატარებდნენ დიდი რაოდენობით ტესტებს.


- დაავადების დასადგენად აქცენტი გააკეთეს ოქროს სტანდარტად მიჩნეულ PCR ტექნოლოგიაზე და არა ანტიგენ/ანტისხეულების სწრაფ ტესტებზე, რომელთა უმეტესი ნაწილის მგრძნობელობის და სპეციფიურობის მიმართ მრავალი დასაბუთებული ეჭვი დღესაც არსებობს. 


- გამოიყენეს ინფიცირებულთა დასადგენად და მისაკვლევად, ასევე კონტაქტების მიდევნებისთვის დიდ მონაცემთა ინტეგრირებაზე დაფუძნებული სისტემები და მობილური აპლიკაციები.


- დროულად გააკონტროლეს და ჩაკეტეს საზღვრები, შეზღუდეს მოქალაქეთა კონტაქტები - შეკრებები, არააუცილებელი სამსახურები (დაშორებულ სერვისების ალტერნატიული გამოყენება), ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება.


- ხელისუფლებებმა დააწესეს საზოგადოებასთან აქტიური, გამართული კომუნიკაცია, - ტელევიზიის, ინტერნეტის, ცხელი ხაზების, რეგულარული ბრიფინგების მეშვეობით - მოახერხეს ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ შეზღუდვები მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის მიზნით ხორციელდებოდა.


- ექიმებმა მიმართეს გადაუდებელი გამოყენების გაიდლაინებს, რომელთაც კონკრეტულ ეტაპზე ეფექტურობის მეტი მაჩვენებელი ჰქონდა. ახდენდნენ დიაგნოსტიკის და მკურნალობის სქემების მოდიფიცირებას ახალ - დასაბუთებულ მონაცემებზე დაყრდნობით.


- დროულად და წინასწარ შემუშავებული დასაბუთებული გეგმების მიხედვით ქვეყნებმა დაიწყეს შეზღუდვების მოხსნა, იმის განცხადებით, რომ შეზღუდვების კვლავ დაწესება მოსალოდნელია ინფიცირების ტემპების ზრდის ან მეორე ტალღის შემთხვევაში.


აღსანიშნავია, რომ წარმატებულ ქვეყნების ლიდერთა შორის მაღალია ქალების ფარდობითი ხვედრითი წილი (ავსტრალიის, ტაივანის, გერმანიის, ისლანდიის, ნორვეგიის, დანიის, ფინეთის ლიდერები ქალებია) - რაც შეიძლება ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხების, და - ნაკლებ-რისკიანი სტრატეგიების მიმართ ქალების განსაკუთრებული დამოკიდებულებითაც აიხსნება. 


ზოგადად, წარმატებულ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტია სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნები (ფაქტიურად - ყველა მათგანი), ასევე აზიის ის ქვეყნები, რომელთაც პანდემიების გამოცდილება ჰქონდათ (სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ტაივანი, სინგაპური, ტაილანდი), ქვეყნები, რომლებმაც ადრე და სწორად დაიწყეს პანდემიისთვის მზადება და სადაც ჯანდაცვის სისტემა ზოგადად ძლიერია (გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია) და შედარებით მოულოდნელად რამდენიმე ქვეყანა, რომლებმაც ყველაზე ადრე აჩვენეს პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი შედეგები და/ან მოხვდნენ ევროკავშირის მიერ საზღვრების გახსნის პირველივე სიაში -  საბერძნეთი, სლოვენია, რუანდა, ტუნისი, მონტენეგრო, ურუგვაი და საქართველო.


რამ არ გაამართლა?


არ გაამართლა მოლოდინმა პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტის მიმართ. სხვადასხვა მონაცემებით კორონავირუსის ინფექციის ფარულად გადამტანთა რაოდენობა - ანტისხეულების ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, არც ისე მაღალი აღმოჩნდა: ესპანეთში - მხოლოდ 5% (მადრიდში - 10%-მდე, სულ 60,000 გამოკვლეული), შვედეთში - 6-7%, ამერიკაში 4%-დან 14%-მდე. თანაც, არაა ცნობილი, რამდენად ეფექტურად ან რამდენ ხანს დაიცავენ ეს ანტისხეულები ორგანიზმს განმეორებით ინფექციისაგან. მეტიც - ესპანეთშიც და ჩინეთშიც დადგინდა, რომ ანტისხეულები აღმოჩენიდან რამდენიმე კვირაში შეიძლება აღარც ფიქსირდებოდეს ადამიანის სისხლში. მოკლედ, 70%-იან დონემდე, რაც შეიძლება პოპულაციური იმუნიტეტის მაჩვენებლად შეგვეფასებინა - ჯერაც ძალიან შორია და არც ვიცით, ეს იმუნიტეტი რამდენად მყარი იქნება. შვედეთის კაროლინსკა ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ ანტისხეულების გარდა, ორჯერ უფრო ხშირად ასიმპტომატურ პირებში კორონავრუსის გამანადგურებელი T-ლიმფოციტები აღმოჩნდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ესეც ვერ ჩაითვლება პოპულაციური იმუნიტეტის გარანტიად. ასე რომ, როგორც მეცნიერებმა რამდენიმე დღის წინ, ესპანური კვლევის ანალიზის შედეგად დაასკვნეს - ჯოგური (პოპულაციური) იმუნიტეტი არა მართო ეთიკურად საჩოთირო, არამედ ამ ეტაპზე მაინც - მიუღწეველიც აღმოჩნდაო.


ე.წ. კოვიდ-პასპორტების მნიშვნელობა. რამდენადაც კორონავირუსზე PCR ტესტის გადამეორება საეჭვო შემთხვევებში ყოველ 72 საათში უნდა მოხდეს, ხოლო თავად ინფექციის გადატანის ფაქტი, ისევე როგორც ანტისხეულების არსებობა, სადღეისოდ, ვერ ითვლება მყარი იმუნიტეტის გარანტიად, კოვიდ-პასპორტების გაცემის რეალური მნიშვნელობა ძალიან საკამათოა და ამ იდეაზე ჯანმო-მაც დაადასტურა თავისი ნეგატიური აზრი. 


ზაფხულის სიცხის დამცველობითი ფაქტორი და ვირუსის შესუსტება. სამწუხაროდ, ეს ვერსია არ გამართლდა. პირიქით, აშშ-ის სამხრეთ შტატებში, ირანში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ისრაელში ინფიცირების მეორე ტალღა სწორედ ზაფხულის თვეებს და ცხელ ამინდებს დაემთხვა. სწორი იყო მოსაზრება, რომ განსხვავებით გრიპის ვირუსისაგან, კორონავირუსის გავრცელება არ იქნებოდა მკვეთრად დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. 


ახალი აღმოჩენები


ოპტიმისტური:


კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე მყარი ზედაპირებიდან არ არის მაღალი. ვირუსის დიდი ხნით შენარჩუნება ამ ზედაპირებზე არ უკავშირდება გადაცემის ასეთი გზის მაღალ ალბათობას


ნეგატიური:


კორონავირუსის გადაცემის წვრილწვეთოვანი - აეროზოლური გზა - ხანგრძლივი ყოყმანის შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაეთანხმა ექსპერტებს, რომ გარდა მსხვილწვეთოვანი ჰაერ-წვეთოვანი გადაცემისა (ხველის, ცხვირის დაცემინების და სიმღერის დროს), კორონავირუსი შეიძლება ვრცელდებოდეს აეროზოლური ტიპის წვრილი წვეთებით, რომლებიც უფრო დიდხანს ძლებენ ჰაერში - ე.წ. შეწონილი ტივტივის მდგომარეობაში. ეს ფაქტი გაცილებით ზრდის დახურულ სივრცეებში ადამიანთა შეკრების დროს ინფექციის გავრცელების შანსს - განსაკუთრებით თეატრებში, შეხვედრებზე, სპორტულ დარბაზებში, დახურულ რესტორნებში, ბარებში - სადაც ვერ ხდება ჰაერის კარგად განიავება და ადამიანების სიმჭიდროვე დიდია. სავარაუდოდ, ამას უკავშირდება ე.წ. სუპერგადამდებების როლი და ზოგიერთ ქვეყნებში მასობრივი შეკრებების დაშვების შემდეგ - ახალ შემთხვევათა მატების სტატისტიკა. ამიტომ ისრაელში, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე სწრაფი მატება აღინიშნებოდა - დღიურად 1500-მდე (პირველი პიკი აპრილში - მხოლოდ 750-მდე), ხელახლა დაწესდა შეზღუდვები დახურულ სივრცეებში შეხვედრების მონაწილეთა რიცხვზე (სინაგოგებში, რესტორნებში, სამსახურებში) და გაიზარდა ჯარიმები ნიღბის ტარების დარღვევაზე). საერთოდ, აეროზოლური გადაცემის დადასტურება ზრდის დახურულ სივრცეებში ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვების, დისტანცირების და ნიღბის ტარების აუცილებლობის მნიშვნელობას. 


ახალი მუტაცია -  აღმოჩნდა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევები აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე - ე.წ. ორიგინალი ჩინური ვირუსის შტამები იყო, ხოლო შემდეგ - უკვე აღმოსავლეთ სანაპიროზე და, კერძოდ, ნიუ იორკში - ევროპული შტამები. 


ამჟამად, კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული შტამი შეიცავს ე.წ. D614G მუტაციას, რაც აშშ სკრიპსის კლინიკის მეცნიერთა აზრით, თანდათანობით გახშირდა. თებერვალში ასეთი მუტაციები საერთოდ არ ფიქსირდებოდა, მარტში - 25%-ში, ხოლო მაისში - 70%-ში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ახალი მუტაცია ვირუსის სტრუქტურას უფრო გამძლეს ხდის და ისინი, უკეთ და უფრო დიდი ხნით ფიქსირდებიან ადამიანის უჯრედებზე. ამდენად, სავარაუდოა, რომ ინფიცირების პროცესი უფრო სტაბილური გახდა. ამავდროულად, მეცნიერებს არ აქვთ მონაცემები, რომ ეს მუტაცია ვირუსის მიერ გამოწვეულ პათოლოგიურ ეფექტებს აძლიერებს და მეტიც, გარკვეულწილად ეს შტამები ახლა უფრო ნელა მუტირებენ, და დიდი ხნით ერთიდაიმავე სტრუქტურის შენარჩუნების გამო, სავარაუდოდ, ვაქცინები უფრო მკვეთრ და ხანგრძლივ ეფექტს მოგვცემენ მათ წინააღმდეგ. 


ვირუსის გლობალური გავრცელების მატება, თანაც - ზოგან უფრო ჩქარი ტემპით. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა. ფაქტია, რომ ვირუსის გლობალური გავრცელება ივნისიდან განსაკუთრებით გაძლიერდა და დღიურად ახალი შემთხვევების რიცხვმა ჯერ 120,000-ს, შემდეგ 150,000-ს და 1 ივლისიდან - უკვე 200,000-ს გადააჭარბა ( რეკორდი - 10 ივლისს, 236,918). გარდა ზემოთდასახელებული მუტაციისა, სავარაუდოდ, ამაში როლი ითამაშა შეზღუდვების მოხსნის დაწყებამ რამდენიმე მჭიდროდ დასახლებულ  ქვეყანაში, რომლებიც ამჟამად კორონავირუსის გავრცელების მხრივ ლიდერობენ - აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა. საერთოდ, ახლა პანდემიის ყველაზე გამოხატული ცენტრები აშშ და ცენტრალური/ლათინური ამერიკაა. 


აშშ-ში თუ პირველი მილიონი ადამიანის ინფიცირებას 99 დღე დაჭირდა, მეორე მილიონს - 43 დღე, ხოლო მესამე მილიონს - მხოლოდ 28 დღე. თუ მაისში ახალი დღიური შემთხვევების რეკორდი 20,000-მდე იყო, ახლა იგი უკვე 60,000-ს აცდა. მსგავსი სწრაფი ზრდა ფიქსირდება სხვა ზემოთდასახელებულ ქვეყნებში (ინდოეთში ახალი დღიური რეკორდი 28,000-ზე მეტი შემთხვევაა), სადაც შეზღუდვების მოხსნის/შერბილების დასაბუთება არ იყო ზუსტად განსაზღვრული.


რომელი პროგნოზი გამართლდა?


დადასტურდა ვარაუდი, რომ შეზღუდვების მოხსნას მოჰყვებოდა შემთხვევების ზრდა და საჭირო გახდებოდა გარკვეული შეზღუდვების დროებით ხელახლა დაწესება. განსაკუთრებული სიფრთხილის ყველაზე აშკარა მაგალითია ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში მელბურნში (ვიქტორიის შტატი) მკაცრი შეზღუდვები დააბრუნა, როცა შემთხვევების რაოდენობამ დღიურად 100-200-ს მიაღწია. ეს თითქოს არ არის მაღალი მაჩვენებელი 6 მილიონიანი შტატისათვის. მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილება ემყარება იმას, რომ თუ მარტ-აპრილში შემთხვევების დიდი ნაწილი იმპორტირებული იყო, ახლა, ძირითადად, შიდა გადაცემას აქვს ადგილი. შეზღუდვების მსგავსი ლოკალური აღდგენები და ლოქდაუნის დაბრუნება ხორციელდება ამერიკის სამხრეთის შტატებშიც (კალიფორნია, არიზონა, ფლორიდა, ტეხასი). მსგავსი დროებითი უკანდახევა და შემოფარგლული ლოქდაუნი მრავალმა ქვეყანამ განახორციელა - სინგაპური, სამხრეთ კორეა, გერმანია, ჩინეთი, ირანი, ლიბანი, საუდის არაბეთი, ისრაელი. მსგავს შემთხვევებში ლოქდაუნი ან გეოგრაფიულად იყო ლიმიტირებული (მაგალითად ისრაელმა 10 ივლისს 5 ქალაქი დაკეტა, ხოლო  10 წლამდე ბავშვებისთვის რამდენიმე ქალაქში - სკოლები), ან - რომელიმე ტიპის აქტივობების შეზღუდვით - მაგალითად, გერმანიასა და სინგაპურში ეს უკავშირდებოდა მიგრანტების დასახლებებს და სამუშაო ადგილებს და სწორედ იქ დაწესდა შეზღუდვები, სამხრეთ კორეაში - ღამის კლუბებით მდიდარი უბნის კლასტერს, ირანში კარანტინი გამოცხადდა ერთ - ხუზესტანის პროვინციაში, ხოლო ლიბანში - რესტორნების და ბარების მოკლევადიანი ხელახალი შეზღუდვა დაწესდა. ახალი შეზღუდვები ხშირად მოჰყვა „თავისუფლებით თრობის“ ფენომენს, როცა ადამიანები დიდი ხნის შეზღუდვის პერიოდის დასრულების შემდეგ უეცრად იწყებდნენ სოციალური და ფიზიკური დისტანცირების და ნიღბების გამოყენების უგულვებელყოფას. ამ მიზნით, არ არის გამორიცხული, რომ მოკლევადიანი (ლიბანში, მაგალითად, მხოლოდ 4 დღე იყო) პერიოდული ლოქდაუნები ან ჯარიმების გამოყენება აუცილებელი სიფხიზლის შენარჩუნებისთვის იქნეს ზოგჯერ გამოყენებული, როცა შემთხვევები ზრდას იწყებს.  ევროკავშირის რეკომენდაციით კი, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, უკეთესი იქნება ხელახალი შეზღუდვების დაწესების ზღვრის წინასწარ განსაზღვრა - მაგალითად, თუ 2 კვირაში ყოველ 100,000 მოსახლეზე 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება. ისრაელმა გამოაცხადა, რომ თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა დღიურად 2,000-ს გადაჭარბებს, მოსალოდნელია ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს.


კოვიდ-19 შემთხვევების გამოსავალი - ივნისში მსოფლიო მასშტაბით გაუმჯობესდა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნებოდა ევროპაში, ასვე - აშშ-ში. შედარებითი გაუარესება ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. დიდი ბრიტანეთის ჰოსპიტლებში კორონავირუსის გამო სიკვდილობა 6%-დან (აპრილში) 1.5%-მდე (ივნისში) დაქვეითდა. აშშ-ში, მაშინაც კი, როცა  ახალი შემთხვევების რაოდენობა ივნისში გაორმაგდა, სიკვდილობა, პირიქით - 2-2.5-ჯერ შემცირდა. ამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს: 


ა) ჰოსპიტალიზაციის შედარებით უკეთ წარმართვა, როცა კრიტიკული დახმარების განყოფილებები, განსხვავებით მარტ-აპრილისაგან აღარ არის გადატვირთული. 


ბ) მოსახლეობის უკეთ ინფორმირებულობა და ტესტირების გაზრდილი მაჩვენებელი, რის ფონზე შემცირდა დაგვიანებით მიმართვიანობა და ნაკლებად ხდება ჰოსპიტალიზაცია უკვე კრიტიკულ ეტაპზე. 


გ) ნიღბების გამოყენება - ასეთ შემთხვევაში ადამიანი კიდეც რომ დაინფიცირდეს, ე.წ. ვირუსული დატვირთვა ნაკლებია და შემთხვევები უფრო მუსბუქად მიდის. 


დ) რამდენიმე ახალი წამლის გამოჩენა სამკურნალო არსენალში  - განსაკუთრებით - დექსამეტაზონის, რომლის ეფექტურობის შესახებ გამამხნევებელი შედეგები  ივნისში გახდა ცნობილი. 


ე) ის რომ ამ ეტაპზე - შეზღუდვების ნაწილობრივი ან სრული მოხსნის შემდეგ პაციენტთა უფრო მეტი ნაწილი შედარებით ახალგაზრდებია, უხშირესად - თანხმლები ქრონიკული დაავადებების გარეშე, და მძიმე გართულებების და სიკვდილობის რისკიც მნიშვნელოვნად მცირეა.


ვ) როგორც წესი, სიკვდილობის მხრივ ცვლილებები უფრო გვიან მჟღავნდება - აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიხედვით - თითქმის 20-30 დღით გვიან - ინფიცირების მხრივ ცვლილებებთან შედარებით. ასე რომ, არაა გამორიცხული, სიკვდილობის მაჩვენებლები ივლისში გაიზარდოს, მით უფრო, რომ ბოლო კვირაში აშშ სიკვდილობის მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა (რაც მანამდე 12 კვირის განმავლობაში არ მომხდარა), ხოლო ზოგიერთ შტატში (ტეხასი, არიზონა, სამხრეთ კაროლინა) ბოლო თვის განმავლობაში გაორმაგდა კიდეც.

 
ეკონომიკური და საერთაშორისო თანამშრომლობის პრობლემები


ეკონომიკური პრობლემების მოგვარება უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, თავდაპირველ ვარაუდებთან შედარებით. რადგან ტურიზმის, ავიაგადაზიდვების,  და ზოგადად მომხმარებელთა აქტივობის  ზრდა იგვიანებს. ამის გამო, გასაგებია, რომ თავად მთავრობებიც საკმაოდ ფრთხილობენ შეზღუდვების თავიდან დაწესებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ ეკონომიკის გახსნის ზოგიერთი ზომა ნაჩქარევი იყო და შეზღუდვების ხელახალ დაწესებასთან ერთად ბიზნესისთვის და მოსამსახურეებისთვის გარკვეულ დამატებით პრეფერენციებზე ისაუბრა. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ როგორც ისრაელში, ასევე სხვა ქვეყნებში (მაგალითად, სერბიაში) - ახალი შეზღუდვების დაწესების განცხადებებს სერიოზული გამოსვლები და პროტესტები მოჰყვა.


თუმცა, ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული შემოდგომისთვის მოსალოდნელ ორ ფაქტორზე - 


- რამდენად სერიოზული იქნება პანდემიის მეორე ტალღა. შესაძლებელია, რომ იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც დასაბუთებული, მიზნობრივი, მოკლევადიანი ლოქდაუნების პერიოდული და რაციონალური გამოყენება ხდება, მეორე ტალღა სერიოზული არ იყოს და ცალკეული მინი-ტალღების ნაკლებად დამაზიანებელი და მილევადი ციკლებით შემოიფარგლოს,  


- მოხერხდება თუ არა ვაქცინების და ახალი პერსპექტიული წამლების გამოყენების ფართო დაწყება. 


თუ ამ ორივე ფაქტორმა კეთილსაიმედო განვითარება მოიტანა, მაშინ, შესაძლებელია 2021 წლის გაზაფხული რიგ განვითარებულ ქვეყნებში მაინც, ეკონომიკური აღმავლობის პერიოდს დაემთხვეს.


მეტი სიცხადე გლობალური თუ ცალკეული ქვეყნების კრიზისული და პოსტ-კრიზისული ეკონომიკური გეგმების შემუშავებას, სერიოზული განხილვებს და შეჯერებას მოჰყვება, რაც სავარაუდოდ, სწორედ შემოდგომაზე მოხდება.


პანდემიის დროს ჯანდაცვის და ეკონომიკური ვექტორები მკვეთრად ურთიერთქმედებენ. და ახლაც ეკონომიკური გაჯანსაღების მიღწევის კარგი შანსი უკავშირდება ორ ფაქტორს - ა)მოსახლეობის მხრიდან ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების კვლავაც დაცვას და ბ)მწყობრი და კოორდინირებული საერთაშორისო თანამშრომლობის, კიბერსაფრთხეების და ინფოდემიის დაძლევის და ახალი ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართველობის, ვირტუალური და დისტანციური სწავლების, ტელემედიცინის და ხელოვნური ინტელექტის) სწრაფ განვითარებას და მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას.


საერთაშორისო თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი შოკური ეტაპი ჩავლილია, და მიღებულმა გაკვეთილებმა მსოფლიოს კარგად დაანახა წინა ეტაპზე საფრთხეების პრევენციის სისუსტე, ხოლო შემდეგ - საერთაშორისო კოორდინაციის უკმარობის გამო -  სერიოზული ნაკლოვანებები მდგრადი და ეფექტური პასუხის მომზადებაში, დღესაც რიგ შემთხვევაში სახეზეა უფრო ცალმხრივი მიდგომები და დამნაშავეთა ძიების მცდელობები, ხოლო ჯანდაცვის და ფინანსურ-ეკონომიკური გლობალური კოორდინირებული პასუხის მოსამზადებლად კონსენსუსის მიღწევა გართულებულია - არა მარტო იდეოლოგიურად და პოლიტიკურად დაპირისპირებული ქვეყნებსა და მხარეებს, არამედ, წესით - სტრატეგიულ მოკავშირეთა შორისაც. 


შედარებით უკეთ ხდება თანამშრომლობა ევროკავშირის დონეზე, ისევე როგორც - რიგი საერთაშორისო და კერძო ფინანსური ფონდების მხრიდან. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად მიდის: 


- ეფექტური ვაქცინების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - 7.4 მილიარდი დოლარია მობილიზებული ვაქცინების უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამაში, მიმდინარეობს 181 ვაქცინის გამოცდა, მათგან 3 - უკვე II ან II/III ფაზაშია, ხოლო 11 – I ან I/II ფაზაში. 


- ასევე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ვირუსის ხელახალი ტალღების და მუტაციების დროული აღმოჩენის მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების ეფექტური და დაბალანსებული გამოყენება, თანაც ისე, რომ არ მოხდეს პირადი უსაფრთხოების დარღვევა, რასაც ქვეყნებს შორის მონაცემთა გაცვლის უსაფრთხო მმართველობის ქვეყნებსშორისი შეთანხმება სჭირდება. 


- მესამე მიმართულება არის ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნებისთვის ტესტების, წამლების და დამცავი აღჭურვილობის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა.


- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი და ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის კოორდინირება. რაც უკვე ხდება - G20 შეთანხმდა 2020 წლის ბოლომდე ვალების მომსახურების დროებით გაყინვაზე ყველა ოფიციალური ორმხრივი კრედიტორების მხრიდან. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს მუშაობას პანდემიის შეჩერებისა და დახმარების ტრასტის შესავსებად, და ამისთვის  1 ტრილიონი დოლარის საკუთარი ფინანსურ რესურსებს გამოჰყოფს სესხების გასაცემად. ხოლო მსოფლიო ბანკმა შექმნა გადაუდებელი დახმარების საკუთარი სწრაფი რესურსი და მზად არის 160 მილიარდი დოლარი გამოჰყოს მომავალი 15 თვის განმავლობაში. 


ამავდროულად აშშ-ში პანდემიის ინფიცირების ტემპების გახანგრძლივებული  ფაზა და ახალი პიკის დაწყება სამხრეთ შტატებში, ახლო წარსულში რასობრივ ნიადაგზე გამოსვლები და ჯერაც არსებული დაძაბულობა, და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონი ართულებს გლობალური პოლიტიკის ლიდერი სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმების კოორდინაციას და სწორად წარმართვას. მიუხედავად იმ უკმაყოფილებისა, რასაც არა მარტო აშშ, არამედ რიგი სხვა ქვეყნებიც გამოთქვამდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომების დროულობასა და ეფექტურობაზე, აშშ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჯანმო-ს დატოვების შესახებ კონკრეტულ მომენტში რაიმე ალტერნატიული სხვა მექანიზმის შემუშავების შანსს არ იძლევა და ჯანდაცვის სექტორში უდიდესი საერთაშორისო მოქმედი ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების ნაცვლად საკმაოდ კონტრპროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს. ამას ემატება პოლიტიკური თუ ეკონომიკური შეუთანხმებლობა წამყვან სტრატეგიულ პარტნიორებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, რის გამოც კოორდინირებული პოლიტიკის და ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმების მიღწევა ჯერჯერობით რთულდება. ხოლო ამ ფონზე ჩინეთის მიერ ჰონგკონგში დემოკრატიის შეზღუდვის და თავისი პოლიტიკური გავლენების გავრცელების დაჩქარების მცდელობები კიდევ უფრო მეტად ართულებს გლობალური შეთანხმების და ჯანდაცვის პრობლემებზე კონცენტრირების შესაძლებლობას.


საქართველო - იმ ფონზე, როცა რუსეთში და უკრაინაში პანდემიის მიმდინარეობა გახანგრძლივებული პიკის ფაზაშია, ირანსა, სომხეთსა და აზერბაიჯანში - ინფექციის ახალი პიკი ფიქსირდება, ხოლო თურქეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 3 კვირის განმავლობაში გაიზარდა და 1000-1400 შორის მერყეობს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო რეგიონში პანდემიის მართვის პოზიტიური გამოცდილების მაგალითად რჩება, სადაც კოვიდ-ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა მინიმალურია, მათი უდიდესი ნაწილი ბოლო დროს იმპორტირებულია (საკარანტინო სივრციდან ან ტრეილერის მძღოლების მიერ) და შედარებით ადვილად სამართავი. 


საყურადღებოა რამდენიმე ფაქტორი: 1) უცხოელი ტურისტების ჩამოსვლის დაწყება უახლოეს კვირებში. 2)სექტემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზრდილი დატვირთვა და 3) სასწავლო პროცესის განახლება, რასაც უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ახალი ნაკადის ჩამოსვლა და მათთვის კარანტინის და კოვიდ-ტესტირების პროცესი უნდა დაემატოს.  ამ პროცესების მართვა სერიოზულ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, იმ გამოცდილების ფონზე, რაც საქართველოს ეპიდემიოლოგიურმა, ინფექციურმა და ლაბორატორიულმა სამსახურებმა მიიღეს. სკოლების ნორმალური ფუნქციონირების დაწყების შესახებ იუნისეფმა და დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დადებითი რეკომენდაცია გასცეს, რაც ყურადსაღებია, რადგან მიუხედავად საქართველოს მიერ განხორციელებული დისტანციური სწავლისა და ტელესკოლის მეთოდიკის OECD-ს მხრიდან დადებითი შეფასებისა, ნორმალური სასწავლო პროცესის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ინტერნეტით და კომპიუტერებით უზრუნველყოფის დონე გამორიცხავს იმას, რომ ეკონომიურად ყველაზე მოწყვლად ოჯახებში ბავშვებისთვის დისტანციურ სწავლებას პრობლემები არ შეექმნება. 


შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის განვითარება, მიუხედავად არსებული სერიოზული გამოწვევებისა, 6 თვის თავზე იძლევა იმის საფუძველს, რომ რეალისტური ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ - ვიცით, რა მეთოდები მუშაობს უკეთ, რა იყო წარმატებების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მომენტები, და ისიც, - სად გვაქვს ყველაზე დიდი ხარვეზები. პრობლემა იმაშია, რამდენად მოახერხებენ ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნები არა მარტო საკუთარ სერიოზულ პრობლემებზე კონცენტრირებას, არამედ იმის რეალიზებას, რომ პანდემიის საბოლოოდ ლიკვიდაცია მხოლოდ მჭიდრო და მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული კოორდინირებული თანამშრომლობის სტრატეგიით არის შესაძლებელი.

 

https://edition.cnn.com/2020/07/10/politics/donald-trump-coronavirus-no-plan/index.html

https://www.businessinsider.com/countries-imposed-lockdown-again-after-coronavirus-case-spike-2020-5

https://www.theatlantic.com/ideas/archive/2020/07/why-covid-death-rate-down/613945/

https://www.washingtonpost.com/nation/2020/07/10/coronavirus-live-updates-us/

https://www.timesofisrael.com/as-israel-imposes-lockdowns-1504-new-cases-reported-in-past-24-hours/

https://www.bbc.com/news/health-53192532

გააზიარე: