აგვისტოს ომი - ნიკოლა სარკოზის პირველი ქარიშხალი, რომელიც საქართველოში მე-12 წელია არ ცხრება

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

„ჟან-დავიდ ლევიტი, ჩემი დიპლომატიური გუნდის ხელმძღვანელი და ამავდროულად, ჩემი „შერპა“, მკაცრი და ძალიან გაფითრებული სახით მომიახლოვდა. ეს-ესაა უკიდურესად შემაშფოთებელი ამბავი შევიტყვე. რუსული არმია საქართველოს საზღვარს კვეთს. როგორც ჩანს, ქვეყნის დაპყრობა სურთ. ახლა ვამოწმებ ამ მოვლენების სინამდვილეს.“ - სწორედ ასე შეატყობინეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება ნიკოლა სარკოზის, საფრანგეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტსა და აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მეთაურს, რომელიც იმ დროს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა. ცერემონიას ესწრებოდა ასევე ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სარკოზისგან სულ რაღაც 20 მეტრის მოშორებით იჯდა. „დაუყოვნებლივ მისკენ [ვლადიმერ პუტინი] გავემართე, რათა პირადად გამეგო რა ხდებოდა. ვთხოვე, სულ მცირე, 48:00 საათი მაინც მოეცა ჩვენთვის სიტუაციის ჩასაწყნარებლად. მან ცივი უარი მითხრა: ნიეტ, ნიეტ, ნიეტ.“ - იხსენებს ნიკოლა სარკოზი თავის მემუარულ ჟანრის წიგნში „ქარიშხლების დრო“ (Le Temps des Tempêtes), რომელიც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ გამოიცა. 


500-გვერდიან მემუარებში დაახლოებით 13 გვერდი ეძღვნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, სადაც საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტი და ამჟამად, ფრანგულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ნიკოლა სარკოზი მემუარული ჟანრისთვის დამახასიათებელ სტილში - პირად შეხედულებებზე, სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით (ერთეულ შემთხვევებში ფაქტობრივი უზუსტობებით) აღწერს აგვისტოს ომის მოვლენებს. მათ შორის, სარკოზი მემუარებში გადმოსცემს: მოსკოვსა და თბილისში მის ვიზიტებს; ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შედგენის პროცესს; პუტინის დამოკიდებულებას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი; საკუთარ შეხედულებებს რუსეთის იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიმართ, საერთაშორისო ასპარეზზე ევროპისა და ამერიკის გავლენის სფეროებზე; ასევე, მის შთაბეჭდილებას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილზე.


ნიკოლა სარკოზის მემუარები კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას რუსულ პოლიტიკურ სისტემაში ვლადიმერ პუტინის გავლენის ერთადერთობის თაობაზე, მიუხედავად დროისა თუ მისი თანამდებობრივი პოზიციისა, ასევე, პირადად პუტინის უშუალო დაინტერესებას აგვისტოს ომის საკითხით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც სარკოზი იგებს ომის დაწყების ამბავს, იგი იღებს რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან დარეკვის გადაწყვეტილებას. „ეს პირველი გადაწყვეტილება დიპლომატებს შორის ინტენსიური განსჯის საკითხი გახდა. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ უნდა დავლაპარაკებოდი ნამდვილ და ერთადერთ პატრონს - პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ პატივი უნდა გვეცა პროტოკოლური წესებისთვის და პრეზიდენტებს გვესაუბრა პირისპირ ანუ დავკავშირებოდი დიმიტრი მედვედევს. მე ამ უკანასკნელი მოსაზრების სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან მიმაჩნდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა დამამცირებელი პრეზიდენტ მედვედევისთვის, რომელიც აღნიშნულს ნამდვილად არ იმსახურებდა. ამასთან, ისიც მესმოდა, რომ კრიზისის სერიოზულობის გათვალისწინებით, თუკი პუტინი მოისურვებდა ჩარევას, იგი ამასაც შეძლებდა.“ -  იხსენებს ნიკოლა სარკოზი. 


მემუარების შემდგომ ნაწილში, სადაც სარკოზი აღწერს მოსკოვში მის ვიზიტს, აღნიშნულია: „ჩემი ჩასვლისთანავე, მედვედევმა გვერდით გამიხმო და მითხრა: „წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თუ სადილზე ვლადიმერ პუტინიც შემოგვიერთდება?“ - არავითარ შემთხვევაში, პირიქით, მოხარული ვიქნები მისი  კვლავ ნახვით. ვუპასუხე მე. ეს გაუთვალისწინებელი დასწრება კარგად ასახავდა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ რუსები ამ საქმეს. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ პირიქით, ეს საქმეს გაგვიმარტივებდა, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რუსი გენერლები დაემორჩილებოდნენ დიმიტრი მედვედევს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს - კი. ამის სულ მცირედი ეჭვიც კი არ არსებობდა.“
 

ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში პუტინთან და მედვედევთან სადილის მოგონებისას, აგრეთვე, გადმოსცემს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილისადმი პუტინის უარყოფით დამოკიდებულებას, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აღნიშნული პასაჟი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ვლადიმერ პუტინის მიუღებლობას მისი ე.წ. გავლენის სფეროდ აღქმული დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსადმი, რასაც იგი ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების „გაგდების“ სურვილით გამოხატავს: „ის [ვლადიმერ პუტინი] შემოსვლისთანავე  მომესალმა და მითხრა: „კბილის ექიმისგან მოვდივარ, საშინლად მტკივა კბილი, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ.“ გავიფიქრე, რომ უკეთესი დასაწყისიც მქონდა ნანახი. [...] სადილი რაც შეიძლება ცუდად დაიწყო. პუტინი საუბრობდა. იგი განრისხებული იყო. კარგი თხუთმეტი წუთის განმავლობაში სიტყვაც კი არავის ჩააგდებინა საუბრისას. მისი მხრიდან საქმე ეხებოდა ძალადობრივ ბრალდებას სააკაშვილის, მისი მეთოდების, მისი პოლიტიკის, მისი პერსონის წინააღმდეგ. ის იმდენად იყო წყობიდან გამოსული, რომ ქართველი პრეზიდენტის სახელის წარმოთქმისას თვით პირჯვარსაც კი იწერდა. ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ბოლოს, არც მეტი, არც ნაკლები, ისიც კი მითხრა: „არ შეიძლება ის [სააკაშვილი] დარჩეს ყველა იმ დანაშაულის გამო, რაც მან ჩაიდინა.“ სიმშვიდით დიდად არ გამოვირჩევი, სიბრაზე მაწვებოდა. მთელი ამ ტირადის განმავლობაში კი მედვედევს სიტყვაც არ დაუძრავს. ძლივს  შევაწყვეტინე ჩემს თანამოსაუბრეს და ფაქტობრივად ავფეთქდი: „დღეს 11 აგვისტოა და „შავი კონცხი“ [ადგილი საფრანგეთში, სადაც სარკოზის უნდა გაეტარებინა უქმეები თავის ცოლთან ერთად, რომ არა ომის ამბავი] იმისთვის არ დამიტოვებია, რომ ავიტანო გაერო-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ შენი ლანძღვა და მუქარა. მე აქ კეთილი ნებით მოვედი, რათა დაგეხმაროთ, გამოხვიდეთ იმ სიტუაციიდან, საიდანაც მხოლოდ წაგებულები იქნებიან და პირველ რიგში კი - შენ. არაფრის გაგება არ გსურს. ყელში მაქვს, მივდივარ. [...] „კი მაგრამ სად მიდიხარ?“ - შეწუხებული ხმით მომაძახა პუტინმა. აქ აღარაფერი მესაქმება. სიტყვასაც კი არ მათქმევინებ და შენ არაფრის გაგონება არ გსურს. შესაბამისად, წავალ პრესას ვაცნობებ, რომ დავმარცხდი. პუტინი ადგა და ამჯერად, უფრო თავაზიანად, მთხოვა დავრჩენილიყავი და გაგვეგრძელებინა საუბარი, რაზედაც მივანიშნე, რომ ჩემთვის ის არც კი დაწყებულიყო. დავბრუნდი მაგიდასთან. უნდა ითქვას, მომეშვა, რომ ეს შევძელი. პუტინმა გააგრძელა: „ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. როდესაც ბუში სადამ ჰუსეინს ახრჩობს, ეს შენში პროტესტს არ იწვევს, ხოლო როდესაც მე გთავაზობ, რომ სააკაშვილი უნდა გავაგდოთ, შენ მიდიხარ. რატომ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება?“ ვუპასუხე: ეს არის, მაშ, შენი ცხოვრების ოცნება, რომ იგი დაასრულო ისე, როგორც ბუშმა, რომელიც სძულს პლანეტის ორ მესამედს? არ მეგონა,  თუ ეს იყო შენი ცხოვრების მიზანი. პუტინმა გადაიხარხარა და გულწრფელად მიპასუხა: „ახლა, ნამდვილად ერთით ნოლი მომიგე“. როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, შევძელით და დავიწყეთ მშვიდად საუბარი. კბილის საშინელმა ტკივილმა გაუარა, ყოველ შემთხვევაში, ჩანდა ეს აღარ აწუხებდა.“


ნიკოლა სარკოზის მემუარებში საქართველოს მაგალითზე, ასევე, გადმოცემულია კლასიკური ევროპულ-ამერიკული აზრთა სხვადასხვაობა, ცივი ომის შემდგომ პერიოდის მსოფლიოში, მათი გავლენის სფეროებთან დაკავშირებით და ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობის წარმართვის თაობაზე: „11 აგვისტოს, რუსული სამხედრო ძალები მხოლოდ 25 კილომეტრის მოშორებით იყვნენ თბილისიდან. ყველაზე უარეს სცენარს წარმოვიდგენდი - რუსები აიღებდნენ ქალაქს, დაამხობდნენ სააკაშვილს და დასვამდნენ პრორუსულ მთავრობას. ჯორჯ ბუშმა დამირეკა იმის სათქმელად, რომ მხარს უჭერდნენ ფრანგულ გეგმას, მაგრამ ის მოითხოვდა, რომ „დასჯილიყვნენ“ რუსები ისე, რომ არ გამხდარიყო საჭირო სამხედრო ინტერვენცია (საბედნიეროდ). ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი: რუსები ფიქრობდნენ, რომ მე ვიყავი ქართველების მხარეს, ამერიკელები და ევროპელების ნაწილი კი, პირიქით - [რუსების მიმართ] ზედმეტად შემრიგებლურად მიმიჩნევდნენ. თუმც, ოპტიმისტური თვალით, რომ შეგვეხედა, ეს შეიძლებოდა იმასაც ნიშნავდა, რომ მე „გაწონასწორებული“ პოზიცია მეჭირა.“ 
 [...]  
„პრეზიდენტ სააკაშვილის კაბინეტში მისვლისას მომესალმნენ და დიდი გულწრფელობით, უხვად გამოხატეს მადლიერება. იქ, ასევე, იყვნენ ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, რომლებიც თავიანთ თანადგომას ფიზიკური დასწრებით გამოხატავდნენ. პრეზიდენტის კაბინეტის ერთ-ერთ კუთხეში მაშინვე შევნიშნე ორი ადამიანი, რომლებიც ქართველებს არ ჰგავდნენ და მოშორებით იდგნენ. ვიკითხე რას აკეთებდნენ იქ. მიპასუხეს, რომ ისინი სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლები იყვნენ. მოვითხოვე, რომ მათ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ იქაურობა. მსურდა, საქართველოს ხელისუფლებასთან პირისპირ მესაუბრა, ყოველგვარი უცხო მოწმის გარეშე.“ 


ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში ასევე იგონებს მის მე-2 ვიზიტს მოსკოვში, როდესაც იგი რუსეთის დედაქალაქს 8 სექტემბერს ხელახლა ეწვია: „საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ძალადობრივი კამათის შემდეგ, რომელიც ძალიან აგრესიული გახლდათ, გადაწყდა, რომ ევროპელი დამკვირვებლების ადგილზე განთავსებიდან 15 დღის შემდეგ, რუსული ჯარი გავიდოდა. 2008 წლის დასასრულს, საქართველომ გადაარჩინა საკუთარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. აღარსად იყვნენ რუსი სამხედროები, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ისინი აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ კონფლიქტამდეც. ევროპამ მოახერხა თავისი ერთიანობის შენარჩუნება და კრიზისის თავად მართვა დასაწყისიდან მის დასასრულამდე. ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო ევროპელებისა და არა ამერიკელების მიერ, რადგან ეს იყო  ჩვენი [ევროპელების]  გავლენის რეგიონი და არა მათი [ამერიკელების]. აშშ მხოლოდ გაართულებდა საქმეს ქართული კონფლიქტის რუსულ-ამერიკულ შეტაკებად გადაქცევით. ისინი ერთგულად გვედგნენ მხარში და მე ამისთვის მადლიერი ვიყავი ჯორჯ ბუშის. ბოლოს, და პარადოქსულად, ჩემი ნდობითი ურთიერთობა რუს მმართველებთან თვალშისაცემად გამყარდა, გაძლიერდა კიდეც. პუტინმა სიტყვა შეასრულა და მედვედევი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი მარტივი ფიგურანტი. ამიერიდან, ჩვენ შეგვეძლო და უნდა გამოგვეცხადებინა კიდეც ნდობა მათდამი.“


ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში, აგრეთვე, აღწერს მის შთაბეჭდილებას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელსაც იგი ნიუანსურს უწოდებს: „სიტუაცია [ომის დაწყება] მიუღებელი იყო, მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა სიტუაციის დასაძაბად მანამდე. [...] უნდა ითქვას, რომ ეს ორი რეგიონი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - დაახლოებით იმავეს ნიშნავს საქართველოსთვის, რასაც საფრანგეთისთვის ალზასი და ლორენი. ამიტომ, ეს ძალიან სენსიტიური საკითხი გახლდათ. სააკაშვილს სურდა თავისი თანამემამულეების ეროვნულ გრძნობებზე მოეხდინა გავლენა და მას მხოლოდ რუსი დათვის გაღვიძება გამოუვიდა. რუსული დათვის ბუნაგში დაბრუნება კი სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა.“ 
 [...]
„ჩემი შეხედულება პრეზიდენტ სააკაშვილზე უფრო ნიუანსური იყო. ეს იყო ღირებული ადამიანი მომავლის ნამდვილი ხედვით. სხვათაშორის, ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პოლიგლოტთაგანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. მაგრამ იგი ორმაგად შეცდა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ წარმოიდგინა აშშ მის დასაცავად ომში ჩაერთვებოდა. ბევრი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი სააკაშვილს ამას ეუბნებოდა კიდეც. თუმც, კარგად, რომ დაფიქრებულიყო იგი, მიხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ ფუჭი სიტყვები იყო. ამასთან, თავის ძალებზე მას გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა. ერთდროულად ორი შეცდომა - ეს ბევრი იყო, უდავოდ მეტისმეტი.“


აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, სამწუხაროდ, ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი უზუსტობა, რომელიც ნიკოლა სარკოზის წიგნში გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მემუარული ჟანრის ნაშრომია. კერძოდ, უზუსტობა ეხება რუსული სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების 20%-ს, რომელსაც სარკოზი 10%-ად მოიხსენიებს მის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი გეგმის პირველადი ვერსიის მოგონებისას (ცნობისთვის, აღნიშნული გეგმის პირველადი ვერსიის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების საბოლოო სტატუსის განსაზღვრას, სამომავლოდ, საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რის გამოც იგი უარყოფილ იქნა ოფიციალური თბილისის მიერ და საბოლოოდ, ხელმოწერილ იქნა დღევანდელი სახით არსებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმება). „[6-პუნქტიანი გეგმის პირველადი ვერსიის მიხედვით] მთავარი იყო რუსული სამხედრო ძალების საქართველოდან გაყვანა, ისინი მხოლოდ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნას გააგრძელებდნენ; ამრიგად, საქართველოს ტერიტორიების 90% იქნებოდა გათავისუფლებული. ეს არ იყო იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს უდავოდ უკეთესი იყო, ვიდრე ქვეყნის სრული ოკუპაცია.“ - იხსენებს ნიკოლა სარკოზი. 
 

შეჯამების მაგიერ
 

„ეს იყო ჩემი პირველი ნამდვილი ქარიშხალი ევროკავშირის პრეზიდენტის რანგში და მე ბედნიერი ვიყავი ამ ახალი დიპლომატიური წარმატებით. მტკიცებულება არსებობდა, რომ როდესაც ევროპა რაიმეს მოისურვებდა, ის შეძლებდა კიდეც!“ - სწორედ ასე ასრულებს 12 წლის წინ მომხდარი აგვისტოს ომისადმი მიძღვნილ პასაჟს დღეს - 2020 წელს გამოცემულ მემუარებში პოლიტიკოსი ნიკოლა სარკოზი, რომლის მედიატორობას, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის რანგში, 2008 წლის საომარი მოქმედებების შეჩერების პროცესში, საქართველო და ქართველი ხალხი უსაზღვროდ აფასებს და მისი მადლიერია დღემდე!


2008 წელს - რუსეთ-საქართველოს ომს ემსხვერპლა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქე, იძულებით იქნა გადაადგილებული 30 000-ზე მეტი მოქალაქე, საბოლოო ჯამში, ოკუპირებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების 20%;


2014 წელს - რუსეთის ფედერაციამ მოახდინა უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიების - ყირიმის ანექსია, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ოკუპაცია;


2020 წელს:


•  აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები რუსეთის მხრიდან კვლავ შეუსრულებელია, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსული სამხედრო ძალების მიერ და ოკუპაციის მასშტაბები „მცოცავი ოკუპაციის“ სახით ყოველდღიურად იზრდება, ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ძალები ყოველდღიურად იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, აწამებენ და კლავენ. „მცოცავი ოკუპაციის“ პარალელურად, საქართველოში სულ უფრო იზრდება რუსული ჰიბრიდული ომი - კიბერშეტევები და ანტიდასავლური/დეზინფორმაციული სახის კამპანიები;


•    დღეს, უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია რუსული სამხედრო ძალების მიერ;


•  ამჟამად, რუსეთში მთავარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გაურკვეველი მოწამვლის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში იმყოფება.


დაბოლოს, 21-ე საუკუნის თავისუფალ სამყაროში არ შეიძლება არ დაეთანხმო ნიკოლა სარკოზის მემუარების აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი პასაჟის დასასრულს. მიუხედავად რუსული ქარიშხლის სიძლიერისა, დღეს, ალბათ, არაფერია უფრო რელევანტური და პროგრესული, ვიდრე მოსაზრება მასზედ, რომ თუკი ევროპა მოისურვებს, ის შეძლებს კიდეც!

 

ლიკა ჭიპაშვილი, „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი
2020 წლის 24 აგვისტო

 

ფოტო: AFP/Twitter

გააზიარე: