ახალი პრობლემა საქართველოს – სერბეთმა შესაძლოა, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიაროს

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

გასულ კვირას, კერძოდ, პარასკევს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საქართველოსთვის ძალზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით, სერბეთის პრეზიდენტმა – ალექსანდრე ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ავდულაჰ ჰოტიმ ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით – “ეკონომიკური ნორმალიზაცია”.
 

როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ითქვა, აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა მიზნად პოლიტიკურ ნორმალიზაციასაც ისახავს. აშშ-ის გეგმის თანახმად, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ეკონომიკური კავშირების დამყარებამ გზა უნდა გაუხსნას, მათ შორის, პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებასა და ორმხრივ აღიარებას. შეთანხმებას ,,მნიშვნელოვანი და ისტორიული,, უწოდა დონალდ ტრამპმა.
 

”ათწლეულების მანძილზე, ძალადობისა და ტრაგედიის ისტორიის შემდეგ, მრავალწლიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩემი ადმინისტრაცია გვთავაზობს ახალ მიდგომას სხვაობების გადასალახად (სერბეთსა და კოსოვოს შორის) – ფოკუსირება ეკონომიკაზე”, – ციტირებს ტრამპს რუსული მედია.
როგორც ირკვევა, ვაშინგტონის შეხვედრას გაგრძელება ბრიუსელში ექნება, სადაც სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები მოლაპარაკებებს პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზეც გამართავენ.
 

რუსული მედიის ცნობით, ალექსანდრე ვუჩიჩმა და ავდულახ ჰოთიმ ხელი მოაწერეს ხელშეკრულების საკუთარ ვერსიას. ორივე ვარიანტი თითქმის მთლიანად იდენტურია და განსხვავდება მხოლოდ ბოლო პუნქტით. ჯამურად, დოკუმენტი შეიცავს 16 პუნქტს, პირველი ათი ეკონომიკურ, დანარჩენი კი პოლიტიკურ შინაარსს ატარებს.
 

მთავარი პოლიტიკური სიახლეები მოცემულია მე -15 პუნქტში. ამ პუნქტის მიხედვით, კოსოვო დათანხმდა ერთწლიან მორატორიუმს, რომლის განმავლობაშიც იგი არ შეეცდება წევრობას საერთაშორისო ორგანიზაციებში. თავის მხრივ, სერბეთი იმავე პერიოდში არ შეეცდება, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ აღიარონ კოსოვო, ან უკან წაიღონ აღიარება.
 

როგორც ვაშინგტონის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა განაცხადა, კოსოვოს აღიარებაზე ერთწლიანი მორატორიუმი მოლაპარაკებების გაგრძელების საშუალებას იძლევა, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიც სერბეთისა და კოსოვოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ურთიერთაღიარებაა. ობრაიანის თქმით, ამ პროცესებს ევროპელი პარტნიორების სრული მხადაჭერაც აქვს.
 

როგორც რუსული მედია წერს, ვაშინგტონის შეხვედრას წინ უსწრებდა სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი ვლადიმერ პუტინთან. როგორც ვუჩიჩმა მოგვიანებით განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა მას სიფრთხილისკენ მოუწოდა. სხვა ოფიციალური რეაქცია მოსკოვის მხრიდან ვაშინგტონის შეხვედრას არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას Facebook გვერდზე განთავსებულ პოსტს. ამ პოსტში მან თეთრ სახლში მაგიდასთან მსხდომი ტრამპისა და ვუჩიჩის ფოტო გამოაქვეყნა და ფოტოს შემდეგი შინაარსის ტექსტი დაურთო: – “თითქოს, დაკითხვის პროცესშია”.
 

რა გავლენა შეიძლება, იქონიოს ვაშინგტონში დაწყებულმა, სერბეთსა და კოსოვოს შორის ახლახან ხელმოწერილმა შეთანხმებამ საქართველოზე? როგორც ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე აცხადებს, პროცესი, რომელიც ვაშინგტონში დაიწყო და შესაძლოა, ევროკავშირის ფორმატში ჰპოვოს გაგრძელება, ჩვენთვის მეტად აქტუალური და ფრთხილად შესაფასებელია. ამდენად, ანალიტიკოსის შეფასებით, ამ პროცესის პირდაპირი დაკავშირება საქართველოსა და აქ არსებული კონფლიქტების შესაძლო განვითარებასთან ამ ეტაპისთვის ნაადრევია.
 

„თავის დროზე, კოსოვოს ფაქტორმა ქართულ რეალობაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. მისი დამოუკიდებლობის აღიარებამ, გარკვეულწილად,  ბიძგი მისცა ომის შემდგომ ევროპაში საზღვრების გადახედვას. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში კი, რუსეთმა კოსოვოს პრეცედენტი გამოიყენა ერთგვარ საბუთად, რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი რესპუბლიკები. ამ ფაქტმა პრობლემა შეუქმნა არაერთ ევროპულ ქვეყანასაც, სადაც სეპარატიზმი დღესაც გამოწვევაა. ასე რომ, არც საკუთრივ ევროპის დამოკიდებულება ამ თემისადმი არ არის ერთგვაროვანი“, – აცხადებს ყიფიანი.


მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კოსოვოს, ასევე, დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებს, სხვადასხვა შინაარსი და ისტორია აქვს. ყიფიანის თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, კოსოვოსაგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოყოფა გარე ძალის, კერძოდ, რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევის შედეგად მოხდა, რამაც ამ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია განაპირობა.


ყიფიანის მოსაზრებით, ეს არსებითი გარემოებაა, ვინაიდან კოსოვოს კონფლიქტს, მიუხედავად აქტიური საგარეო განზომილებისა და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური მხარდაჭერისა, სახმელეთო ოპერაციაში გარეჩარევა არ ჰქონია. მეტიც, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო საზოგადოებამ ქართველების ეთნიკური წმენდა აღიარა, რაც ასევე არსებითი ფაქტორია საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების ირგვლივ საუბრისას.


მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ არაღიარების პოლიტიკაში საქართველოს მიღწევა გაცილებით ხელშესახებია. კოსოვოს დამოუკიდებლობა აშშ-მა და ევროპის ბევრმა ქვეყანამ აღიარა მაშინ, როცა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მხოლოდ რუსეთი და მისი რამდენიმე სატელიტი აღიარებს. ეს კი ქართული ინტერესების მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მეტყველებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყიფიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიციები სერბეთთან შედარებით გაცილებით მყარია. თუმცა, ამავდროულად, ყიფიანი ფიქრობს, რომ კოსოვოსა და სერბეთს შორის 4 სექტემბრის შეთანხმებაზე შუამავლობით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ისეთ ექსპერიმენტს უსინჯავს კბილს, რომლის საბოლოო შედეგების პროგნოზირება ძალზე რთულია. ვიქტორ ყიფიანის მოსაზრებით, ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში ზოგადად შეინიშნება ხაზი, რომლის მიხედვით პრობლემური საკითხის გადაწყვეტაზე გზა ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეწყობასა და ჩართულობაზე გადის და ამ პოლიტიკის კონკრეტული გამოვლინება ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე კონფლიქტია.


ყიფიანის მოსაზრებით, შემთხვევით არ არის, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა – ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ ეს არის ეკონომიკური ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა, როგორც ცნობილია, ეკონომიკურის გარდა, შეთანხმებაში პოლიტიკური ასპექტებიცაა, რაც საქართველოს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.


„შეთანხმების პირველადი ანალიზი პირადად ჩემთვის ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ეს არის, მეტწილად, კოსოვოს ინტერესების ხელშემწყობი დოკუმენტი, ვიდრე – სერბების. მეტიც, მართალია, საერთაშორისო ურთიერთობებში სამართალსუბიექტის ნიშნები კოსოვოს პრაქტიკულად ჰქონდა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მხრიდან მისი აღიარების შედეგად, სერბეთთან ხელმოწერილი შეთანხმებით კოსოვო საერთაშორისო არენაზე მეტ დამაჯერობლობას იძენს“, – აცხადებს ყიფიანი.


მისივე აზრით, ზოგადად, კონფლიქტების გადაწყვეტისადმი ეკონომიკური კომპონენტზე დაფუძნებული მიდგომა ტრამპის ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციებისგან განასხვავებს, ხოლო აღნიშნული მიდგომის გასამართლებლად არსებული პრაქტიკა შემდგომ დაკვირვებას საჭიროებს.
 

შესაძლებელია თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ საქართველომაც მიიღოს მსგავსი შეთავაზება მისი დასავლელი პარტნიორებისგან? ქართული კონფლიქტების ირგვლივ რამდენიმე არსებითი ფაქტორის გამო, ყიფიანი მიიჩნევს, რომ ჩვენთვის კითხვა ასე არ დგას. მას იმედი აქვს, რომ რეგიონის სპეციფიკის, აქ არსებული ინტერესებისა და რუსეთის მზარდი რევიზიონისტური ამბიციების გამო, დასავლელი პარტნიორები საქართველოს სერბეთისა და კოსოვოს ანალოგით არ მიმართავენ. ანალიტიკოსის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებლიედ მოხდება რუსული რეგიონული გავლენის უფრო მოტად წახალისება დასავლეთის ინტერესების ხარჯზე.


„ამ მხრივ, მაინც თავის დაზღვევა გვმართებს. მსგავსი წინადადებისა თუ შეთავაზების თუნდაც თეორიული ალბათობის გათვალისწინებით, აუცილებელია, ქართულმა დიპლომატიამ ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან აწარმოოს პროაქტიული კონსულტაცია და განმარტებითი სამუშაო სერბულ და ქართულ სცენარებს შორის რაიმე აღრევისა თუ უსიამოვნო გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს ყიფიანი.
 

რას მიიღებს სერბეთი კოსოვოს აღიარების შემთხვევაში? როგორც ანალიტიკოსი განმარტავს, სერბეთს საგარეო პოლიტიკური ვექტორი მაინც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს და გახდება თუ არა ის ევროკავშირის წევრი, კოსოვოს საკითხის გარდა, ბევრ სხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. ყიფიანის თქმით, აუცილებლად გასათვალისწინებელია რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორები. საქმე ისაა, რომ ამ ორ ქვეყანას სერბეთის კურსზე დიდი გავლენა აქვთ. ანალიტიკოსს ლავროვის განცხადებაც მოჰყავს მაგალითად, რომლითაც რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა კოსოვოს ბედის განსაზღვრისას გადამწყვეტი როლი, სერბეთთან ერთად, რუსეთს მიაკუთვნა.

გააზიარე: