აგვისტოდან მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება. საქართველოს მეზობელ ყველა ქვეყანაშიც ზაფხულმა ახალი პიკები მოიტანა. ბოლო კვირის განმავლობაში კი უკვე ჩვენთანაც დაიწყო შემთხვევების სერიოზული მატება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრების გახსნას უცხოელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, შიდა ტურიზმის ხარჯზე მობილურობა როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებზე გაიზარდა. ამ ფონზე აგვისტოში სვანეთის, ქობულეთის კლასტერებს სექტემბრის დასაწყისში უკვე ბათუმის („დონას“), გურიის კლასტერები მოჰყვა. მაგრამ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა თბილისში ჩატარებული ქორწილის შედეგი, რომელსაც ცაგერში, ზუგდიდში და ქუთაისში მოჰყვა კლასტერების ჩამოყალიბება და მიმდინარე კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ახლდება რეკორდული დღიური მაჩვენებელი, რომელიც 16 აპრილის შემდეგ 42 რჩებოდა. გარდა დღიური შემთხვევების ექსპონენციალური ზრდისა, უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ახალი შემთხვევები აჭარბებს გამოჯანმრთელებულების რიცხვს, რაც აისახა აქტიური შემთხვევების ზრდაში.
საქართველოს მაჩვენებლები გრაფიკი 1 (ბოლო კვირის ახალი შემთხვევები) და გრაფიკი 2 (აქტიური შემთხვევები)
1.
2.
რატომ იმატებს კორონავირუსის შემთხვევები და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის უკეთ კონტროლის მიზნით?
მსოფლიოში მატებას რამდენიმე მიზეზი აქვს:
ლათინურ ამერიკაში (ბრაზილია, პერუ, მექსიკა, კოლუმბია, არგენტინა, ჩილე), აფრიკის (სახრეთ აფრიკა) და აზიის (ინდოეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ფილიპინები) ბევრ ქვეყანაში ძალიან მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე მაღალი მაჩვენებელი სტაბილურად ნარჩუნდება რუსეთში, ირანში (და არ ვიცით, რამდენად რეალურია ეს მაჩვენებლები, არაა გამორიცხული, მეტიც იყოს).
ევროპის ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა ზაფხულის პერიოდში შემთხვევების საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება. ზოგიერთ ქვეყანაში გაზაფხულის დღიური მაჩვენებლების რეკორდიც კი მოიხსნა, თანაც - რამდენჯერმე (საფრანგეთი,ჩეხეთი, ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა), სხვაგან კი პირველი ტალღის 50% მაჩვენებელი გადალახა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ბელგია). საფრანგეთის დღიური ანტირეკორდი - 9843 შემთხვევა. ესპანეთის - 12183 ახალი შემთხვევა.
რა ხდება? - რამდენიმე მიზეზია:
როგორც ვფიქრობდით, ილუზია იყო, რომ ზაფხულში ვირუსის გავრცელება შემცირდებოდა - მაღალი ტემპერატურის გამო. ირანის, სომხეთის, ინდოეთის, საუდის არაბეთის და აშშ სამხრეთ შტატების მაგალითები საკმარისი იყო, რომ ეს დაშვება არასწორად ჩაგვეთვალა - კორონავირუსს სიცხე არ კლავს. სიკვდილობამ კი დაიკლო, მაგრამ ინფექციის გავრცელება არ შემცირებულა.
მეტი ტესტირება - დიახ, ახლა გაცილებით მეტი ტესტირება ხდება და თანაც ახლა ტესტირების პროფილი ბევრ ქვეყანაში უფრო მასობრივია და არა - საავადმყოფოებში მისულ სიმპტომიან პაციენტებზე ორიენტირებული - როგორც გაზაფხულზე ხდებოდა. რეალურად, როცა ჩვენ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ვსაუბრობთ ახალი ანტირეკორდების დამყარებაზე, არ ვითვალისწინებთ ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს - როგორია ტესტების პოზიტიური სიხშირე. ანუ, გაკეთებული ტესტების რამდენი % არის დადებითი. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ გერმანიაში და სკანდინავიაში, მიუხედავად იმისა, რომ ივლის-აგვისტოდან დადასტურებული შემთხვევები იქაც იზრდება, პოზიტიური ტესტები მხოლოდ 0.1%-ია (მაისში კი 1%-დან 4%-მდე იყო), მაშინ, როცა ევროპის სხვა ქვეყნებში აღინიშნება პოზიტიური ტესტების მაჩვენებლის ზრდა:
ბელგიაში - 2.2% (მაისში - 2%),
რუმინეთში - 5.8% (მაისში - 3.6%),
ჩეხეთში - 5.4% (მაისში - 1%),
ესპანეთში - 9.4% (მაისში - 3%),
ხოლო უკრაინაში - 10.6%, (მაისში - 8%).
ჯანმო თვლის, რომ თუ დადებითი ტესტირების მაჩვენებელი 5%-ზე დაბალია, ეს დამატებით კიდევ ერთი ინდიკატორია, რომ ქვეყანაში ინფექციის კონტროლი კარგად ხდება.
ამჟამად ყველაზე მაღალი კი ეს მაჩვენებელი არის მექსიკასა (47%), არგენტინასა (53.7%), ბოლივიასა (33%) და პარაგვაიში (28%), რაც ტესტირების გაცილებით გაფართოების აუცილებლობაზე მიუთითებს. ასეთ დროს ამ მაჩვენებლის დროში დინამიკა უფრო საინტერესოა - თუ ის იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსის რეალური ცირკულაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, მეტი ტესტირება რომ ხდებოდეს, ვიდრე ამას ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებლები უჩვენებს. ევროპის უმეტეს ნაწილში კი დღეს გაზრდილი რიცხვები არ ნიშნავს ინფიცირების ზრდას - უბრალოდ, ახლა გაცილებით უკეთ ვიცით რეალური სურათი, თორემ ინფიცირების რეალური სიხშირე ბევრად ნაკლებია. საქართველოშიც, მარტ-აპრილში ტესტირების დღიური მაჩვენებელი 200-300 იყო, ხოლო ახლა 7,000-ს აჭარბებს. ასე რომ ახლა ჩვენთან დღიურად აღმოჩენილი 70-150 შემთხვევა ტესტების პოზიტიურობის მხოლოდ 1%-2%-ია, ხოლო გაზაფხულზე საშუალოდ 5-10 შემთხვევა იყო 2-4%. ასე რომ, ამ მხრივ, მდგომარეობა ჯერჯერობით კონტროლირებადია, თუმცა ტენდენცია - დამაფიქრებელი.
მობილური ლაბორატორიები. - ადრე ტესტირება ძირითადად დიდ ქალაქებში იყო კონცენტრირებული და დაშორებული რეგიონების მაჩვენებლები ნაკლებად იყო ცნობილი. ახლა ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ტესტირება ლოკალურ კერებში გადანაცვლდა და მობილური ლაბორატორიები მთელი დატვირთვით მუშაობენ, რაც უფრო სწორ წარმოდგენას გვიქმნის ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე ინფიცირების მაჩვენებლების შესახებ. ხოლო რამდენადაც მოსახლების სიმჭიდროვე ამ პუნქტებში გაცილებით დაბალია - ქვეყნის საერთო საშუალო მაჩვენებელი უფრო ნაკლები გამოდის, ვიდრე მაშინ, როცა მთელი მონაცემების 90% დიდ ქალაქებში გროვდებოდა. ამავდროულად, როცა კლასტერებს უფრო სწრაფად და უკეთ ვაკონტროლებთ, კონტაქტების აღმოჩენისთვის საჭირო დრო მცირდება და დაგვიანებული შემთხვევების შემცირების გამო გამოსავალი უკეთესია. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში ღია ცისქვეშ ტესტირების კარვების მოწყობა - ჯერ ერთი ხელმისაწვდომობის კუთხით, და ასევე თვალსაჩინო მაგალითი მოსახლეობისთვის, რომ პრობლემა სერიოზულია.
შემთხვევების გამოსავალი რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ეს აშკარაა ევროპის მაგალითზეც: საფრანგეთში მარტ-აპრილში დღიური შემთხვევების რაოდენობა 5,000-7,000 იყო, ხოლო დღიური სიკვდილობისა - 1000-1400! ამჟამად კი დღიური შემთხვევების 30%-ით ზრდის ფონზე, სიკვდილობის მაჩვენებლები დღიურად მხოლოდ 25-80-ია, ანუ გაზაფხულის მაჩვენებლებზე 20-ჯერ ნაკლები! თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეტალობის მაჩვენებლის ზრდა დროში 2-3 კვირით ჩამორჩება შემთხვევების მატებას.
ტურიზმი - მიუხედავად ზაფხულის თვეებში ზღვის კურორტების ბუმისა, არაა ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, თუ იზრდება ინფიცირების რისკი გადაჭედილ პლაჟებზე. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრები ჩვეულებრივ სიფრთხილეს ურჩევს ყველას - 2 მეტრიანი დისტანცირება, ნიღაბი (ხმელეთზე ყოფნისას) და სანიტაიზერები. ბრიტანეთის 20 პლიაჟიდან მხოლოდ 6-ზე მოხდა ინფიცირების შემთხვევების მატება დამსვენებელთა რიცხვის მკვეთრი ზრდის შემდეგ. მაგრამ პლიაჟებზე დასვენების პარალელურად ტურისტები იკრიბებიან კაფე-ბარებში, დისკოტეკებზე, რესტორნებში, დაბადების დღეებზე თუ სხვა მიზეზით - დახურულ სივრცეში კი გადადების გაცილებით მეტი შანსია, მით უფრო, რომ ალკოჰოლის მოხმარება, სიმღერა და ცეკვები ინფიცირების რისკს ზრდის, ხოლო სიფხიზლეს - აქვეითებს და დისტანცირების დაცვა აღარ ხდება. საქართველოს ტურისტული სეზონიც ამის საკმარის დასაბუთებას იძლევა - საკონდიტრო, ქორწილი, დაბადების დღეები, რესტორნები, ასევე - სხვადასხვა სახის მაღაზიები, სადაც წესებს და რეგულაციებს აღარ იცავენ... სწორედ ეს აღმოჩნდა ახალი კლასტერების უხშირესი წყაროები. ეს იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დააბრუნეს დახურულ სივრცეში მყოფთა რაოდენობის მკაცრი შეზღუდვები, ხოლო საფრანგეთში დიდ ქალაქებში ღია სივრცეშიც აუცილებელია ნიღბის ტარება. ისრაელი კი ისევ მთელი ქვეყნის სრული კარანტინის ზღურბლზეა.
ახალგაზრდები - მათ ჯერაც ჰგონიათ, რომ მათი ინფიცირების რისკი დაბალია. ეს მართალია, - თუ ასაკობრივ ჭრილში შევადარებთ ინფიცირების მაჩვენებელებს პირველი ტალღის დროს. მაგრამ ზაფხულის პერიოდში ხანშიშესულ პირს, რომელიც ნიღაბს ატარებს და გადაჭედილ ბარებში ან ქორწილებში არ დადის, შეიძლება გაცილებით დაბალი რისკი ჰქონდეს, ვიდრე ახალგაზრდას, რომელიც ნიღაბზე და დისტანცირებაზე უარს ამბობს. ზაფხულში დაფიქსირდა ახალგაზრდებში (20-39 წლის პირებში) ინფიცირების მაჩვენებლების გარკვეული მატება ლუქსემბურგში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. ჯორჯიის შტატში თინეიჯერთა საზაფხულო ბანაკში მოსწავლეთა და მასწავლებელთა 75% დაინფიცირდა დისტანცირების და ნიღბების უგულებელყოფის გამო. მართალია, ინტენსიური დახმარების განყოფილებაში მოთავსებულთა შორის ახალგაზრდები მხოლოდ 5%-ს შეადგენს, თუმცა, ფრანგი მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებში ინფექციის მსუბუქი გამოვლინებები უფრო დიდხანს - ხანდახან სამ თვემდეც კი რჩება.
რეკომენდაციების დაცვის შესუსტებას იწვევს ასევე „გამარჯვების“ ილუზია. ქვეყნებში, სადაც სამართლიანად ამაყობდნენ მიღწეული პოზიტიური შედეგებით - გერმანია, ჩეხეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საქართველო - მოსახლეობის დიდ ნაწილში ეს პარადოქსულ უკუეფექტს იწვევს - თუ საქმე კარგადაა, მაშინ რაღა საჭიროა ეს ამდენი შეზღუდვები?!
დასვენების სეზონის „მომადუნებელი“ ეფექტი - როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, კოვიდ-19-ის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა ფსიქოლოგიური გადაღლაა. ძალიან ძნელი იყო იმის შეგუება, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმი მოიშალა. ადამიანები იმდენად აღარ იღლებიან სამსახურში და მუშაობით, მაგრამ სახლში იძულებით ყოფნა და დისტანციურად მუშაობა, თურმე სულაც არ არის „დასვენება“. პირიქით. ასეთი ხანგრძლივი „დაუღლელობა“ ბევრ ადამიანში (მათ შორის - ახალგაზრდებში) ემოციურ დაღლას და სტრესს იწვევს. მით უფრო, როცა ამას თან სდევს დასვენების შეუძლებლობა. „მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო“, ვამბობთ ქართველები. არადა, პანდემიამ სწორედ ეს ორმაგი დარტყმა მოგვაყენა - გარდა დაინფიცირების და სიკვდილის შიშისა, ძალიან მძაფრი სტრეს-ფაქტორი აღმოჩნდა გაურკვევლობა. ამ ფონზე ბუნებაში და რეალურ დასვენების რეჟიმში - ზღვაზე, მთაში, ლაშქრობებში - დაბრუნება აღმოჩნდა ერთი მხრივ საოცარი შვება - უარყოფითი ემოციებისაგან განტვირთვის და ძველ, მონატრებულ რეალობაში დაბრუნების კუთხით, თანაც ბევრმა საკუთარი სამშობლოს ხიბლი აღმოვაჩინეთ - როდის გახსენდებათ ამდენი გაზიარებული ბედნიერი ფოტოსურათი სამშობლოში მოგზაურობისას? მაგრამ ძველ რეალობაში დაბრუნების თავბრუსხვევა ამავე დროს სახიფათოცაა - სიფრთხილის ელემენტარული ზომების საერთოდ იგნორირების გამო.
მთელ მსოფლიოში ხელისუფალთ აღარ უნდათ და აღარც შეუძლიათ ლოქდაუნების გამოცხადება, რაც ეკონომიკაზე ძალიან მძიმე დარტყმას უდრის. თან მაშინ, რომცა პირველი დარტყმის მოშუშება არ მომხდარა. გერმანიის, საფრანგეთის და ინგლისის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ქვეყნების სრული კარანტინი არ იქნება. გასათვალისწინებელია აშშ-ში მოახლოებული არჩევნების გამო პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და ამ პროცესზე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების მეშვეობით გავლენის მოსურნე აქტორების სერიოზული მცდელობები და არსენალი. იგივე აქტორები სიამოვნებით ეცდებიან საქართველოც მაქსიმალურად დააზიანონ. ამ ფონზე მოსახლოებასთან სწორ კომუნიკაციას და ჰიბრიდული საფრთხეების პრევენციის დროულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბოლოო ჯამში დასკვნა ასეთია - მსოფლიოს დიდი ნაწილი და საქართველოც ახლა გაცილებით უკეთ არის მზად პანდემიის მეორე ტალღისთვის. უფრო ადრეული დიაგნოსტიკა, ტესტირების 10-20-ჯერ მეტი პოტენციალი, ზოგიერთი წამლის (მაგ. დექსამეტაზონის) დადებითი ეფექტი, უკვე აპრობირებული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გამოცდილი სამედიცინო პერსონალის უკეთ მზადყოფნა, დაცვის საშუალებებით უკეთ აღჭურვა, სხვადასხვა რგოლებს შორის უფრო გამართული კომუნიკაცია, და ინფიცირებულთა შორის ახალგაზრდების სიჭარბე შემთხვევების ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას და უკეთეს გამოსავალს უკავშირდება.
მაგრამ ვირუსი ისევ ჩვენს ირგვლივაა, მოსახლეობის სიფხიზლე დაქვეითებულია, გაჩნდა ილუზია, რომ კორონა დავამარცხეთ, ხალხი გადაღლილია და მომავალი არჩევნების გამო დაპირისპირებული მხარეების პოლიტიკური გზავნილები და გაძლიერებული პოლარიზაცია ზრდის მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვან რეაქციას როგორც კოვიდ-19 ახალი ტალღისა და გაზრდილი საფრთხის სერიოზულად აღქმის, ასევე - ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების ჯეროვნად შესრულების კუთხით.
ამდენად, ხელისუფლებას თავიდან მოუწევს ადამიანებთან გამართული და ეფექტური კომუნიკაციით ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების უპირობო დაცვის აუცილებლობაში მათი დარწმუნება. ამისათვის აუცილებელია ობიექტური მონაცემებით აპელირება და მეორე ტალღის მართვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მიზანშეწონილია, შემუშავებულ იქნას ობიექტურ გაზომვად მონაცემთა კომპლექსი ეპიდმდგომარეობაზე დინამიკაში დაკვირვებისათვის - მაგალითად, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი (R), პოზიტიური ტესტების მაჩვენებელი, ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების სიხშირე (მოსახლეობაზე გადათვლით), ინფიცირებულთა ლეტალობის მაჩვენებელი და სხვ. ახალი შეზღუდვების საჭიროება, მასშტაბი და ხანგრძლივობა ასეთი მონაცემების ცვლილებებზე და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს.
ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ. საქართველოს მთავარი და წარმატებული გამოცდილება იყო სწრაფი ეპიდკვლევები და უკვე მასირებული PCR ტესტირებები კლასტერების სწრაფად დასადგენად. ასევე საჭიროა ტესტების მარაგის შექმნა ოქტომბრისთვის, როცა ალბათ გრიპიც დაგვემატება (თუმცა, იქნებ, არსებულმა შეზღუდვებმა წელს გრიპის შედარებით ნაკლები გავრცელება გამოიწვიოს, მაგრამ დიფერენცირება იქნება ძნელი.) და მოსახლეობის მიმართ, ერთი მხრივ, ფსიქოლოგიური დახმარების ონლაინ რესურსების დახვეწა და ხელმისაწვდომობა (რაშიც სპეციალისტების გარდა მედია და სოციალური ქსელები ასევე უნდა მონაწილეობდნენ) და სოციალური პასუხისმგებლობის ისევ ამაღლება - უნდა გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ახლა სახლში ისევ ჩაკეტვა თუ არ გვინდა - ნიღბის ტარება, ხელების ხშირად დაბანა და დისტანცირება - ეს საკუთარი თავის დაზღვევის და ახლობლების გადარჩენის აუცილებელი ზომაა - რომ მარტო ეპიდემიოლოგების იმედად არ ვიყოთ. რომ მასობრივი წვეულებების, ქორწილების და ქელეხების „ერთგულება“ - უმოკლესი გზაა საავადმყოფოსაკენ. ბოლო შემთხვევები გვარწმუნებს, რომ ვირუსისგან დაცული არც პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები არიან - პირიქით, შეიძლება მათი რისკი მეტი იყოს და ამიტომ დაცვის ზომებიც უფრო სკურპულოზურად უნდა გამოიყენონ.
ყველაზე რთული და მოწყვლადი სფერო - განათლებაა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ თავად ვწერდი, რომ სკოლებში, განსაკუთრებით დაბალ კლასებში ტრადიციული განათლების აღდგენა ბავშვებისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა - ამას იუნისეფი და ფსიქოლოგები მთელ მსოფლიოში მოგვიწოდებენ. მით უფრო, რომ ონლაინ განათლების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არ გვაქვს ყველგან გარანტირებული. სამწუხაროდ, ბოლო კვირაში შემთხვევების სწრაფმა მატებამ ეს უკვე გამოცხადებული ტაქტიკა კითხვის ქვეშ დააყენა და ხელისუფლებას ორი კვირით ონლაინ განათლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა. სიფრთხილე გამართლებულია, რადგან განსხვავებით დანიელებისა და ნორვეგიელებისაგან, რომელთაც პირველად სწორედ დაბალ კლასებში სწავლა აღადგინეს უკვე მაისიდან, ძნელი წარმოასდგენია, როგორი იქნებოდა მსგავს, თუნდაც მტკიცებულებებით გამყარებულ, ექსპერიმენტზე ქართული საზოგადოების და მშობლების რეაქცია. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ადგილზე სწავლების გამოცდილება პანდემიის პერიოდში თითქმის არ გვქონია და ეს სეგმენტი ჩვენთვის ყველაზე მეტად არის terra incognita. - არ ვიცით, როგორ მოახერხებს სკოლების ადმინისტრაცია პროცესისი დაწყებას და წარმატებულ მართვას სწორედ იმ ეტაპზე, რომ შემთხვევების სწრაფი ზრდა გვაქვს. ევროპის დიდ ნაწილში სასკოლო განათლება ჯერჯერობით ჩვეულებრივი წესით მიმდინარეობს. თუმცა ამ კვირაში საფრანგეთმა კვლავ დახურა სკოლები, ისევე როგორც სამხრეთ კორეამ (უკვე მერამდენედ - გახსნა-დაკეტვის რეჟიმში არიან), აშშ ზოგმა შტატმა და კანადის ზოგიერთმა პროვინციამ და ისრაელმა, ამერიკის უნივერსიტეტების დიდი ნაწილი ჰიბრიდულ ან ონლაინ განათლებაზე რჩება, და მსოფლიო სამედიცინო განათლების ორგანიზაციამაც ონლაინ და ჰიბრიდული განათლება წამყვან მოდელად ჩათვალა, სანამ ვაქცინა არ იქნება ხელმისაწვდომი. სავარაუდოდ, ეს მომავალი წლის გაზაფხულზე, ან უკეთეს შემთხვევაში - დეკემბერშია მოსალოდნელი. თუ უახლოეს ორ კვირაში შემთხვევების მატების შეჩერებას მოვახერხებთ და სკოლების პერსონალის უნარ-ჩვევების შეფასება მეტი თავდაჯერებულობის იმედს მოგვცემს, შეიძლება, ისევ ვიფიქროთ სკოლებში ჩვეულებრივი ან ჰიბრიდული სწავლების განახლებაზე.
როგორც ადრეც ვთქვით, კორონავირუსი არ გვიტოვებს მყარი და უცვლელი სტრატეგიის ხანგრძლივად შენარჩუნების დიდ შანსს. მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მით უფრო თუ რეგულაციების დაცვას თავს ვანებებთ. გამართლდა, რომ მოგვიწევდა ცდებისა და შეცდომების მეთოდით ცხოვრება, და წინსვლა ასეთი პრინციპით - „ორი ნაბიჯი წინ, გაჩერება, მდგომარეობის გადამოწმება, და შეიძლება, - ნაბიჯი უკან“ და ისევ თავიდან...
საბედნიეროდ, როგორც სიბნელეში თავიდან პირველი ნაბიჯების გადადგმაა რთული, ახლა ჩვენ საკმაოდ ადაპტირებულნი ვართ. ამიტომ სულ ტყუილად დროზე ადრე მივიწყებული ჩვევები - ნიღაბი, სოციალური დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, სანიტაიზერი - უნდა დავიბრუნოთ, მხოლოდ ეპიდემიოლოგების და ექიმების გმირობის იმედად დარჩენას შევეშვათ და მადლობა ვთქვათ, „დარჩი სახლში“ რომ აღარ გვჭირდება! სხვანაირად, ხომ გასაგებია, რომ ვინც წესებს არ იცავს, ყველაზე მეტად თავის თავს, თავის ოჯახს და თავის ბიზნესს ვნებს...
განსაკუთრებით ყურადსაღებია სამედიცინო პერსონალში ინფექციის შემთხვევები. მხოლოდ გაფართოებული ტესტირება საქმეს არ შველის - აუცილებელია კიდევ ერთხელ ინფორმირების და წვრთნის ჩატარება საფრთხეების სწორად გასაცნობიერებლად და შესაბამისი უნარ-ჩვევების განუხრელად დასაცავად!
ორი თვის წინ გამოცხადდა ინფექციების კონტროლის წვრთნის კუთხით გაეროს განვითარების ფონდის და შვედეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროგრამა, რომლითაც 4,000 სამედიცინო პერსონალის ონლაინ გადამზადება უნდა მომხდარიყო. საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ. საწოლების, აპარატურის და პერსონალის რეზერვის მზადყოფნაც ოქტომბრის ნაცვლად უკვე სექტემბრის ბოლოსთვის უნდა იყოს გარანტირებული. გაზაფხულზე საუბარი იყო, რომ 3,600 საწოლის მობილიზება შეგვეძლო და ამაზე მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორის ჰოსპიტლებთან. აუცილებელია ამ გეგმების განმეორებითი დაზუსტება და შეთანხმება. სწორად მიგვაჩნია ჯანდაცვის მინისტრის მიერ მსუბუქი შემთხვევების საკარანტინე ზონებში (სასტუმროებში) მართვის გადაწყვეტილება. ამჟამად არსებული 550 აქტიური შემთხვევიდან სტაციონარში მართვა სავარაუდოდ, მხოლოდ 20-30%-ისთვის არის საჭირო. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების მართვა მეტწილად ბინაზე ხდება. ოღონდ პირველადი ჯანდაცვის სისტემის მხრიდან აქტიური დისტანციური მონიტორინგის პირობით, რომ დამძიმების შემთხვევაში დროულად მოხდეს შესაბამისად აღჭურვილ ჰოსპიტალში გადაყვანა.
დაბოლოს, მსოფლიოში პანდემიის მართვის შვედური მიდგომამ ძირითადად კრიტიკა დაიმსახურა. დიახ, მათ შეცდომა დაუშვეს დასაწყისში - ვერ გააკონტროლეს რა მოხუცებულთა სახლებში პერსონალის მიდგომა და ნათესავების ვიზიტები, და ასევე იმ კუთხით, რომ არ გაითვალისწინეს არამკვიდრი მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების ისეთივე პასუხისმგებლობით დაცვის ნაკლები შანსი, როგორც ამას შვედები აკეთებენ. ახლა ჩვენთანაც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რამდენად მოვახერხებთ შვედური თვითკონტროლის, ერთმანეთის მოტივირების და სოციალურად გააქტივების დანერგვას - ექიმებიც, ხელისუფლებაც და საზოგადოების თითოეული წევრი, რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავიზიაროთ და კიდევ რამდენიმე თვე გავუძლოთ კორონავირუსის ამ გახანგრძლივებულ გამოცდას, ისე, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა არ დაგვჭირდეს...
საზოგადოების სიმწიფე სწორედ სერიოზული კრიზისის დროს იზომება. დამოუკიდებლობა - კრიზისის დროს გადარჩენისთვის არა მარტო სწორი გეგმის შედგენაში, არამედ საზოგადოების მიერ ამ გემის რეალიზებისათვის ერთიანობაშიც ვლინდება, ხოლო ქვეყნები და ხალხები, ვინც კრიზისების დროს გაერთიანება ვერ შეძლეს, არც არიან დამოუკიდებლები... ან, უბრალოდ, არც არიან... უკვე... რაც არ უნდა იმედი გვქონდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დახმარებისა, ჩვენი გადარჩენა პირველ რიგში, ჩვენივე მოქალაქეობრივ სიმწიფეზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
ფოტო: france24.com