საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის რამდენიმე აქტუალურ საკითხზე და საქართველოსათვის მათ გავლენაზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.
- ბატონო ვიქტორ, 4 სექტემბერს აშშ-ს შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის ხელი მოეწერა ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შეთანხმებას, რაზეც, სამწუხაროდ, ქართულ მედიასა და სააზროვნო სივრცეში ფართო განხილვა არ მოჰყოლია.
გვინდა, გარკვეულ წილად „გამოვასაწოროთ“ ამგვარი მდგომარეობა, რადგან 4 სექტემბრის შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა იმ გაგებითაც აქვს, რომ დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს თუ სად გადის ზღვარი საერთააშორისო სამართლის ისეთ პრინციპებზე როგორიცაა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობა და ერთა თვითგამორკვევის უფლება და როგორია ამ პრინციბებს შორის ბალანსი.
ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე 4 სექტემბრის შეთანხმება ამ თვალსაზრისით უკიდურესად აქტუალურია. ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?
- უცნაურია, რომ აშშ-ს შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის ხელმოწერილ შეთანმებას ქართულ მედიაში ძალზე მცირე ყურადღება ეთმობა. ქართულ მედიას საკმარისად თავი არ შეუწუხებია ეცადა ხელმოწერის ფაქტის გაანალიზება. არადა ამ შეთანხმების დოკუმენტზე მსჯელობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქართველი მკვლევარებისათვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო 4 სექტემბრის დოკუმენტის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ ერთის მხრივ მან თითქოსდა ახალი იმედი გაუჩინა სეპარატიზმს, ხოლო მეორე მხრივ, შეახსენა მათ, ვისაც კარგად ესმის, რომ ქვეყნის ტერიტორიული ურყევობის ხარჯზე სხვა ინტერესის დაწინაურება აზიანებს საერთაშორისო წესრიგსა და სტაბილურობას.
პრაქტიკულად, ვაშინგტონში ხელმოწერილმა შეთანხმებამ არათუ ცხადი გახადა ნახსენები უფლებრივი პრინციპების იერარქია, არამედ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა მათი ურთიერთმიმართება. ვაცნობიერებ, რომ ეს შეფასება მეტად კატეგორიულია. ამდენად, გთავაზობთ გამოვარჩიოთ საკუთრივ შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი და მისი ხელმოწერის პერიპეტიები.
დავიწყებ იმით, რომ ჯერაც აქტუალურია სერბეთისა და კოსოვოს წარმომადგენლების მიერ ცალ-ცალკე ხელმოწერილი დოკუმენტების იდენტურობა, ასევე ხელმოწერილი ასლების რაოდენობა. სავარაუდოდ, არ არსებობს არათუ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ერთიანი შეთანხმება, არამედ ხელმოწერილ სერბულ და კოსოვურ ეგზემპლარებს შორის განსხვავებებია.
დავძენ იმასაც, რომ არ მოიპოვება არც „მხარეთა“ მიერ აშშ-ის ადმინისტრაციასთან გაფორმებული რაიმე შეთანხმება, ხოლო ერთადერთი რაც მოიპოვება ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სერბეთის პრეზიდენტისა და კოსოვოს პრემიერ მინისტრის სახელზე „მადლობის ბარათი“.
ასევე მეტად გაურკვეველია შეთანხმების საერთაშორისო-სამართლებრივი ბუნება, ხელმოწერილი „შეთანხმების“ სარატიფიკაციო მოთხოვნები, სერბულ და კოსოვურ „მხარეთა“ ხელმოწერებთან დაკავშირებული სხვა არაერთი პრობლემური საკითხი.
აღსანიშნია, რომ „შეთანხმების“ ხელმოწერიდან სულ რამდენიმე დღეში, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ხელმოწერილ დოკუმენტს საერთოდ „განზრახულობათა წერილი“ უწოდა. ეს და სხვა პროცედურული უზუსტობები და გაუგებრობები 4 სექტემბრის დოკუმენტის ეკლექტურობას აშკარას ხდიან.
დამაფიქრებელია თვით „ეკონომიკური ნორმალიზაციის შეთანხმების“ სტრუქტურა და შინაარსი. კერძოდ, მაშინ როდესაც რამდენიმე პარაგრაფი რეალურად ეკონომიკური ხასიათის საკითხებს მოიხსენიებს, შეთანხმება ისეთ თემებსაც შეეხება, რომელთა ეკონომიკასთან დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაგალითისათვის, შეთანხმების „არაეკონომიკურ“ ნაწილშია 5G ტექნოლოგიების გვარიანად პოლიტიზირებული, „მინი-შენგენის“ უვიზო მიმოსვლის, რელიგიური თავისუფლების, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების ნაწილში კანონმდებლობის დეკრიმინალიზაციისა და ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების საკითხები.
მეტიც, შეთანხმების სახელწოდება და დეკლარირებული დანიშნულება სრულ დისონანსში მოდის კოსოვოს ვალდებულებასთან აღიაროს ისრაელი. საგულოსხმოა, რომ ისრაელს ასევე „ევალება“ კოსოვოს აღიარება, მაშინ როდესაც 4 სექტემბრის შეთანხმების მხარეს ეს ქვეყანა არ წარმოადგენს. საგულისხმოა ისიც, რომ ამ შეთანხმებით სერბეთმა ივალდებულა ისრაელში თავისი საელჩოს იერუსალიმში გადატანა.
- ვითარებაში, როცა ამდენი გაუგებრობაა თუნდაც შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ კითხვას ასე დავსვამ - ვინ მოიგო და ვინ დაზარალდა ამ შეთანხმებით?
- დავიწყოთ იმით, თუ ვისთვის არის 4 სექტემბრის დოკუმენტის ხელმოწერა უფრო მეტად თავსატეხის მომტანი, ვიდრე შეღავათისა. ვფიქრობ, ესენია „ხელმომწერი მხარეები“- სერბეთი და კოსოვო.
საქმე ისაა, რომ სერბეთისათვის ისრაელის მხრიდან კოსოვოს აღიარებაზე დღემდე თავშეკავება ბელგრადის არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი წარმატებაა. მეტიც, ისრაელთან ურთიერთობის პარალელურად, სერბეთი ასევე კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდა იმ არაბულ ქვეყნებთან, ვისაც კოსოვო არაღიარებული ჰყავდა. ახლა კი, იერუსალიმში საელჩოს გადატანით არაბული სამყაროს ნაწილში სერბეთის არაღიარების პოლიტიკა სერიოზული საფრთხის ქვეშ ექცევა.
ამავდროულად, კოსოვოს მიერ ისრაელის აღიარება აგრეთვე პრობლემურია პრიშტინას ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობაში. კოსოვოს, როგორც მუსლიმური ქვეყნის აღიარებით თავის მხრივ თელ-ავივი დამატებით ბერკეტს იძენს რეგიონში მეზობლებთან სასაუბროდ. ამდენად, 4 სექტემბრის დოკუმენტზე საუბრისას საგანგებო აქცენტი „ახლოაღმოსავლური“ შინაარსის „არაეკონომიკურ“ სეგმენტზეა მოსახდენი.
ცხადია, რთულია გადაჭრით მტკიცება, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის ეკონომიკური ტრანზაქციონიზმით თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, რეალურად, ახლო აღმოსავლეთში თავისი ბოლოდროინდელი ხაზის განმტკიცებას უმიზნებდა.
თუმცა, ფაქტია ისიც, რომ 4 სექტემბრის დოკუმენტის შედეგად აშშ-მა მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ისრაელს, შეასუსტა რეგიონში არაბთა პოზიციები, ისევე როგორც დააზარალა პალესტინელთა ინტერესები როგორც არაბულ ქვეყნებთან, ისე ისრაელთან ტრამპის სამშვიდობო გეგმის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში.
მიმაჩნია, რომ ამავე ჩამონათვალში აღსანიშნია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების თემაც, ვინაიდან 4 სექტემბრის შეთანხმების ირიბი ეფექტი რესპულბლიკელთა კანდიდატის მხრიდან ებრაული ელექტორატის მიმართ გაკეთებული ჟესტიცაა.
- ეს ყველაფერი გასაგები და საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის ახლა ის უფროა მნიშვნელოვანი თუ როგორ აისახება 4 სექტემბრის შეთანხმება მისგან გამომდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი ყველა შედეგით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე?
რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება თბილისის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამომავლო რეინტეგრაციის პერსპექტივაზე? რა შედარებებისა თუ პარალელების გავლება შეიძლება ამ დროისათვის?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაწუხებს თუ როგორ აისახება მიმდინარე პროცესი ქართულ რეალობაზე. ზოგადად აღსანიშნია ე.წ. „კოსოვოს ფაქტორის“ გავლენა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, თანაც ეს გავლენა უკვე ცუდ ტრადიციად იქცა.
რა თქმა უნდა, კოსოვოსა და ქართულ შემთხვევებს შორის ზედაპირზე არსებული ურთიერთკავშირი ჩვენთვის მეტად უსიამოვნოა. აქვე დავძენ - ნებისმიერი ერთი-ერთზე შედარებაც კი დაუშვებელი, უხეში და პოლიტიკურად მცდარი იქნება.
რატომ? შევეცდები ავხსნა.
დავიწყებ იმით, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის თვითგამოცხადება მეტწილად კოსოვოელ ალბანელებსა და სერბებს შორის კონფლიქტზე გადის. ცხადია, გვახსოვს გარედან დიპლომატიური მხარდაჭერა კოსოვოელთა მიმართ, ასევე მხედველობაშია მისაღები ნატოს-ს მხრიდან ბელგრადის მიმართ მეტად წინააღმდეგობრივი საჰაერო ოპერაციაც.
ამ გარემოებათა მიუხედავად, სერბულ-კოსოვური ეთნიკური კონფლიქტი მაინც პრინციპულად განსხვავდება საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტებისგან, როდესაც ქართულ სახელმწიფოს დაუპირისპირდა ღია, დაუფარავი და ფართომასშტაბიანი საგარეო ინტერვენცია, როდესაც ადგილი ჰქონდა ქართველთა ეთნიკურ წმენდას, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გარე ინტერვენციით მხარდაჭერილი „დამოუკიდებელი რესპუბლიკები“ ქართული მიწის ოკუპაციას ნიშნავს;
ხოლო, ამავე „რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება“ ოკუპანტთან ერთად ორიოდე ქვეყანამ მოახდინა. ეს იმ ფაქტორებისა და გარემოებების კომპაქტური ჩამონათვალია, რაც შეუძლებელს და დაუშვებელს ხდის სერბულ-კოსოვური მაგალითი ქართულ მაგალითში გავაიგივოთ.
აუცილებლად აღსანიშნია ის განსხვავებაც, რაც სერბული და ქართული არაღიარების პოლიტიკის შედეგია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატება საყოველთაოდ ცნობილია, მაშინ როდესაც კოსოვო ასამდე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის არაერთი ქვეყნის ჩათვლით.
პრაქტიკულად, სერბეთის მიერ არაღიარების უშედეგობით ბელგრადის პოზიციას მყარი პოლიტიკური ნიადაგი გამოეცალა. ახლა სერბების ბოლო იმედი იმ ოთხ ევროპულ ქვეყანას უკავშირდება, ვისაც კოსოვო თავიანთ ტერიტორიებზე სეპარატიზმის გამო არ უღიარებია (ესპანეთს კატალონიის გამო, ეთნიკური უნგრელები სლოვაკეთსა და რუმინეთში, საბერძნეთს მეტწილად კვიპროსის გამო).
ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად მადლობა უნდა ვუთხრათ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. მათი მხარდაჭერის კონკრეტული გამოვლენაა არაერთი საერთაშორისო და ევროპული რეზოლუცია, თუ ეროვნული საკანონმდებლო აქტი. სადავო არაა, რომ ასეთი პრაქტიკული თანადგომის გარეშე ოფიციალური თბილისის მუშაობა შეუმჩნეველი შედეგის მომტანი იქნებოდა.
ამ საუბარში აუცილებლად უნდა გავახმოვანოთ ამ დღეების ერთი უხერხული შეკითხვა - ხომ არ მოითხოვს დასავლეთი ჩვენგან იგივე ნაბიჯს, რასაც სავარაუდოდ სერბეთისგან ითხოვს?
შეკითხვა მით უფრო აქტუალურია, თუ გავიხსენებთ 4 სექტემბრის „შეთანხმების“ იმ ჩანაწერს, რომლითაც ხელმოწერიდან ერთი წლის მანძილზე კოსოვო თავს იკავებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისგან, ხოლო სერბეთი ერთწლიან მორატორიუმს აცხადებს არაღიაერების პოლიტიკის გატარებაზე.
მაშ, რა უნდა მოხდეს ამ ერთი წლის გასვლისას? ნიშნავს თუ არა 4 სექტემბრის დოკუმენტით შეთავაზებული ეს კონსტრუქცია, რომ ერთი წლის გასვლის თავზე სერბეთი თითქოსდა ახდენს კოსოვოს დიპლომატიურ აღიარებას?
ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ ქართველებს ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი მაინც გვაქვს. საქმე ისაა, რომ შავი ზღვის რეგიონში მზარდი დასავლური გავლენისა და არანაკლებ აგრესიული რუსული ტერიტორიული რევიზიონიზმის შეპირისპირების ფონზე, წარმოუდგენელია ვიფიქროთ რომ დასავლეთმა შესაძლოა დაუშვას პრაქტიკულად რუსეთის მხრიდან სხვათა ტერიტორიების მიტაცება.
მეტიც, იგივე ბალკანეთზე საუბრისას, მიმაჩნია, რომ სერბეთთან და კოსოვოსთან კონტაქტების გაღვივებით დასავლეთი - კონკრეტულად კი, აშშ - საქმით ცდილობს ევროპის ამ ნაწილში რუსული გავლენის შეზღუდვას.
რაოდენ განსხვავებული და დამაჯერებელი არ უნდა იყოს პროქართული ნარატივი, არსებული პრობლემატიკა წუთით მოდუნების საშუალებას არ იძლევა. ჩვენგან მოითხოვს საერთაშორისო პარტნიორებთან განმარტებითი პროცესი უწყვეტობას.
ჩვენ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ მსოფლიოს ქართული და სერბულ-კოსოვური შემთხვევების ერთმანეთში აღრევის დაუშვებლობაზე. ეს ისეთი დელიკატური და სახიფათო თემაა, სადაც „თავისთავად ასეა“ მიდგომის იმედად ყოფნა ტერიტორიული მთლიანობისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
- ჩვენთვის არანაკლებ საყურადღებოა ის, თუ რა ხდება ბელარუსში.
ვითარებაში, როცა ევროკავშირი და აშშ არ აღიარებენ ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობას, ევროკავშირი და აშშ ვერ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს რუსეთის შესაკავებლად სოჭში გაიმართა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა.
თქვენი დაკვირვებით რა პრაქტიკული შედეგები შეიძლება მოჰყვეს პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრას? ამ მომენტისათვის მკაფიოდ რა იკვეთება?
- ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, არსებითად იმოქმედონ ცენტრალური ევროპისა და, არც იმას გამოვრიცხავ რომ, საერთოევროპულ ზოგად გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების მოდელზე.
ამ თემაზე უფრო კონკრეტული საუბარი რომ გამოგვივიდეს, სოჭის შეხვედრის გახმოვანებულ შედეგებს გვერდს ვერ აუვლით.
მოსკოვი მინსკს 1,5 აშშ მილიარდის სესხის გამოყოფას დაპირდა. სავარაუდოდ, ეს ლუკაშენკოს პროგრამა მინიმუმი იყო შეხვედრამდე. მართალია, წარსულის პრაქტიკის მიხედვით, მაღალი ალბათობით ეს თანხა ისევ რუსეთის მიმართ დავალიანების რესტრუქტურიზაციას მოხმარდება.
შეხვედრის მონაწილენი აგრეთვე შეეხენ ბელარუსში საკონსტიტუციო რეფორმას. რეფორმა კი აქტუალურია, თუმცა საკითხავია თუ რამდენად ჩააცხრობს იგი საპროტესტო მუხტს.
ერთი ცნობილი ინგლისური გამონათქვამის - “too little, too late” - არ იყოს, ვფიქრობ, ჩაფიქრებული რეფორმა ამ გამონათქვამს ზუსტად მიესადაგება. რაც ყველაზე მთავარია, რუსეთის პრეზიდენტის აზრით ბელარუსის კრიზისში ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია.
ამ შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინს როგორც ჩანს, რუსეთი „უცხო ქვეყნად“ არ მიაჩნია ბელარუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოს სტატუსის გათვალისწინებით. მთლიანობაში, პრეზიდენტ პუტინის პოზიცია არახალია. ეს მისი განცხადებაც იმავე ხაზის გაგრძელებაა, რომლის თანახმად ბელარუსში კრიზისი სხვა არაფერია, თუ არა „პოსტ-საბჭოური სივრცისათვის“ ბრძოლა.
ეს რაც შეეხება სოჭის შეხვედრის ხილულ შედეგებს, რაც იმავდროულად რუსეთის მხრიდან კრიზისის მიმართ რეაგირებაზე წარმოდგენას ქმნის. მაგრამ, თქვენს შეკითხვაზე სრული პასუხისათვის ბელარუსული გამოწვევის ზოგადპოლიტიკურ და გეოგრაფიულ სტრუქტურას მინდა მოკლედ შევეხო.
მიმაჩნია, რომ ამ წუთისათვის ბელარუსზე საბოლოოდ მყარი და ერთიანი პოზიცია არც ევროკავშირს აქვს. კი ბატონო, ევროპული ქვეყნები და ინსტიტუტები მხარს უჭერენ ცალკეული სანქციების დაწესებას, არ აღიარებენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო მოძრაობას.
მაგრამ, მაინც მეჩვენება, რომ ევროკავშირი ამ ზოგადი და აპრობირებული ფარგლებიდან გასვლას ერიდება, ისევე როგორგ გაურბის რუსეთის მხრიდან ჩარევის მკვეთრ შეფასებებს. ეს თავშეკავება არ არის გასაკვირი. სავარაუდოდ, ევროპელები ფრთხილობენ, რათა ჭარბი კატეგორიულობით რუსეთის მხრიდან ბელარუსის მოვლენებში ღია ჩარევის პროვოცირება არ მოახდინონ. ასეთი განვითარების შემთხვევაში ხომ ევროკავშირი ერთ დიდ თავსატკივარს აიკიდებს, რაც მას პრაგმატულად არ აწყობს.
ჩემი აზრით, არის რამდენიმე სხვა გარემოება, რაც ასევე აუცილებლად აღსანიშნია. კერძოდ, დასავლეთისათვის ბელარუსული პროტესტის ბუნება ჯერ კიდევ ბოლომდე ამოხსნილი არაა.
ცხადია, აქ საუბარი არაა საარჩევნო დარღვევებსა და მათ უკანონო შედეგზე. პრობლემა, გნებავთ, პროტესტის გეოპოლიტიკური ნიშნით დახასიათების შეუძლებლობაშია. განსხვავებით პოსტ-საბჭოური სივრცის სხვა ცნობილი პროტესტებისგან, ბელარუსის მოვლენები არც პრო-დასავლურ და არც ანტი-რუსულ განწყობას აშკარად არ გამოხატავენ.
ამდენად, ბელორუსული კრიზისი ახლებური ბუნებისაა, - მინიმუმ ამ მომენტისათვის. შესაბამისად, ევროპის ამოცანაც, ალბათ, დამოკიდებულებაში ერთგვარი „სწორი ბალანსის“ პოვნაა.
სხვა ქვეყნებში ანტისახელისუფლო პროტესტების ფონზე, ბელარუსული პროტესტის განმასხვავებელი ნიშანია, ასევე, იქაური ოპოზიციის დუმილი, ან ხედვის არარსებობა ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ განვითარებაზე.
და კვლავ ორიოდე სიტყვა მოსკოვის დამოკიდებულებაზე. აშკარაა, რომ რუსული გავლენის ქვეშ ბელარუსის შენარჩუნება ემსახურება კრემლის გეოსტრატეგიულ, პოლიტიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მაგრამ, აქაც ვფიქრობ, რომ წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსკოვი ეცდება მაქსიმალურად პრაგმატულად იმოქმედოს და ლუკაშენკოს ძალაუფლებას არ გადააყოლოს რუსული სტრატეგიული ინტერესი.
კრემლი ეცდება ბელარუსის შენარჩუნებას ეკონომიკური და „რბილი ძალით“ ჩარევის კომბინირებით. სხვა საკითხია, ასეთი იუველირული კომბინაცია მოსკოვს როგორ გამოუვა.
- მოსკოვის საგარეო პოლიტიკა ჰიპერაქტიური რჩება რუსული გაგებით „გავლენის სფეროების“ მიმართ. ფაქტია ისიც, რომ ეს მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალური პროცესების შედეგია.
რამდენად უწყობს ხელს მოსკოვს მეტად იყოს თავისუფალი მოქმედებაში ის, რომ დღეს დასავლეთი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მწვავე გამოწვევებითაა დაკავებულიცა და შებოჭილიც?
- რეალობა პრაქტიკულად ისეთია, როგორც აღწერეთ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს მასთან შეგუებას, საჭიროა ახლებური და ზოგად არასტანდარტული გზების ძიება. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია რეგიონში აგრესიისა და ექსპანსიონიზმის შესაკავებლად გადასადგმელ შესაძლო ნაბიჯებზე. ყოველი ასეთი ნაბიჯი და კარგი ქმედება, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა სრულფასოვნად უნდა შევაფასოთ.
აუცილებელია თვალს ვადევნებდეთ და ვსწავლობდეთ რუსული გეოპოლიტიკური ხაზის განვითარებას. თანამედროვე ცოდნით აღჭურვა ასევე კარგ სამსახურს გაგვიწევს შავი და კასპიის ზღვების მაკრო-რეგიონში დასავლური და ქართული რეალიზმის უკეთ შეწყობასა და სინქრონიზაციაში.
როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ, მუდმივად უნდა გვახსოვდეს მოსკოვის მიმდინარე საგარეო-პოლიტიკური საწყისები. ეს მით უფრო აქტუალურია, რომ „პრიმაკოვის დოქტრინიდან“ მოყოლებული, ამ მხრივ მეტად საყურადღებო ტრანსფორმაცია შეინიშნება.
ასე მაგალითად, ამა წლის სექტემბერში ერთ-ერთ კვიპროსულ გაზეთთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ გლობალური წესრიგი „ერთპოლუსიანიდან პოლიცენტრულზე უნდა გადაეწყოს“.
ლავროვის მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ისტორიულად ცნობილი „გავლენათა სფეროების“ მოდელის აღსადგენად. მეტიც, მისი თქმით, საკუთრივ „პოლიცენტრული წესრიგი“ ამა თუ იმ „მსოფლიო ცენტრის“ „ეროვნულ სუვერენიტეტს“ უნდა დაეყრდნოს, ხოლო „მსოფლიო ცენტრებს“ შორის „კონსტრუქციული და პროდუქტიული კოორდინაცია“ უნდა არსებობდეს.
გასაგებ ენაზე რომ გადავთარგმნოთ ლავროვის კონსტრუქცია და იგი ჩვენს რეგიონს მივუსადაგოთ, რუსული მიდგომა ასე ყალიბდება - მრავალპოლუსიან სამყაროში, სადაც რამდენიმე წამყვანი ქვეყანა ექსკლუზიურად ქმნის საერთაშორისო ურთიერთობათა წესებს, შავი ზღვის რეგიონი რუსული პოლუსის „სამეთვალყურეო“ რეგიონად მოიაზრება.
მეტიც, რუსული გაგებით „ეროვნული სუვერენიტეტი“ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ „რუსული პოლუსის“ ქოლგის ქვეშ მოქცეულ „გავლენის ზონებზეც“ ვრცელდება.
ერთი სიტყვით, რუსული გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული აზროვნების განვითარებაზე მუდმივი დაკვირვება და ცოდნის აკუმულირება ქართული მხრიდან რეგიონალური სტაბილურობისა და მედეგობის საქმეში ერთ-ერთ შენატანად მესახება.
სავსებით ბუნებრივია, რომ ეს ცოდნა მოხმარდება როგორც ქართულ სახელმწიფოს ეროვნული ამოცანების სარეალიზაციოდ აუცილებელ გადაწყვეტილებებში, იმავდროულად, ეს ცოდნა და ანალიტიკა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ფორმატს დაექვემდებარება.
შედეგად, გადამუშავებულ ინფორმაციასა და მოპოვებულ ცოდნაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეტი ხარისხის ქართულ უსაფრთხოებას, ისევე როგორც ხელშემწყობ პირობად იქცევა უფრო მდგრადი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საქმეში თანაბრად უნდა ჩავრთოთ ქართული კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაციები.
სწორედ მეტი ინკლუზიური თანამონაწილეობის, ამოცანათა სწორი დელეგირება და შესრულებაში ავტონომია, ისევე როგორც ქვეყნის წინაშე საკუთარ თავზე მეტი წილი პასუხისმგებლობის აღების პირობით გახდება შესაძლებელი რეალურად კონკურენტუნარიანი, თანამედროვე და თვითმყოფადი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სრულყოფა.
- რადგან რუსეთის თემას საფუძვლიანად შეეხეთ, მოგვიწევს შევეხოთ პრობლემას, რომელზეც ყურადღება აშშ-ს ელჩმა საქართველოში გაამახვილა. მან კი განაცხადა - კელი დეგნანი - „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაყოვნების გარეშე მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია“.
ელჩის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარია - „ვაცნობიერებთ, რომ წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს“.
კარგია, რომ ხელისუფლება კიბერსივრცესთან დაკავშირებულ პრობლემებს აცნობიერებს, მაგრამ თუ ასეა, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ მოუხდენია ეროვნული კიბერსუსართხოების სტარატეგიისა და სამოქმედო გეგმის რატიფიცირება?
- ზოგადად, კიბერსივრცის უსაფრთხოება პრაქტიკულად ყველა ქვეყნის საზრუნავია, მისი სრულად და ეფექტიანად გადაჭრა კი ამ ეტაპისათვის მეტად პრობლემურია. კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევა ორმაგი მასშტაბისაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც გეოპოლიტიკური „შეცილების“ გეოგრაფიულ არეალში არიან. ასეთი ქვეყნების კატეგორიაში გასაგებია რომ საქართველოც შედის.
ამდენად, შემთხვევითი როდია ჩვენს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სისტემურ მიდგომაზე ბოლოხანს გახშირებული საუბარი. შორს რომ არ წავიდეთ, ამას წინ თბილისში გამართულ ფორუმზე აშშ-ს ელჩის მიერ გაჟღერებული მოწოდება ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აუცილებლობაზე დროის თანხვედრია.
ელჩის მოწოდებაზე დამაიმედებელია ქართული მხარის ოფიციალური პასუხიც. ფაქტია, რომ ჩვენს ეროვნულ ინსტიტუტებზე გახშირებული კიბერთავდასხმების ფონზე, ქმედითი თავდაცვითი მექანიზმის დანერგვა ქართული სახელმწიფოს სიცოხლისუნარიანობის ერთერთი საზომია.
ამ მიზნის მისაღწევად, ადგილობრივ რესურსთან ერთად მეტად კრიტიკულია საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა. ცხადია, რომ ამ საქმეში ქართული ანალიტიკური წრეები კვლავ მზაობას ვაცხადებთ პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
26 სექტემბერი, 2020 წ.