საპარლამენტო არჩევნების მიმოხილვა (ნაწილი 2)

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

საარჩევნო სისტემის ცვლილება პოზიტიურად აისახა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგზე, საარჩევნო გარემოსა და ზოგად-პოლიტიკურ დინამიკაზე. სუბიექტების წინასაარჩევნო მოქმედებების მატრიცა თემატური პროგრამების მიმართულებით გადმოეწყო მეტ-ნაკლებად და კამპანიამაც შინაარსობრივი დატვირთვა შეიძინა. წინა არჩევებთან შედარებით, უფრო მეტი პარტიის გამოსვლებში კეთდება აქცენტი დარგობრივ პოლიტიკებზე, რაც მეტწილად პროპორციული სისტემის პირველადი დადებითი გავლენაა. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მორიგი საპარლამენტო არჩევნები უკანასკნელია, რომელიც შერეული პრინციპით ტარდება. მიუხედავად მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი მანდატების 30 ერთეულამდე შემცირებისა, ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. პროპორციული სისტემა მრავალფეროვანი ამომრჩევლის განსხვავებული ინტერესის ასახვას გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოში, რასაც დასავლური დემოკრატიის საპარლამენტო სისტემის  მქონე არაერთ ქვეყანაში, კოალიციური შეთანხმების საფუძველზე, მთავრობის დაკომპლექტება მოჰყვება. მორიგი საპარლამენტო არჩევნები უკანასკნელი შესაძლებლობაა საერთო კანდიდატებზე შესათანხმებლად და ოპოზიციურმა პარტიებმაც გამოიყენეს ეს შანსი და, საარჩევნო ოლქებში ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების დაყენების მიზნით, აქტიური მოლაპარაკების პროცესი წარმართეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ზოგადად, საერთო კანდიდატზე შეთანხმების მცდელობა, ქართული არჩევნების ისტორიაში, არახალია და არც ხელისუფლების მმართველობის სადავეებიდან ჩამოცილების დიადი მიზნით დაპირისპირებულ ძალთა გაერთიანებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნოვაცია. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის მოდუს ოპერანდი, რომელიც კეთილისა და ბოროტის შებრძოლების მითოსური საწყისებით საზრდოობს, ჯერ კიდევ უცვლელია. შედეგად, ვიღებთ ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას არა პრინციპების ირგვლივ, არამედ კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ, რაც ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ურღვევ ჯაჭვში ამყოფებს სახელმწიფოს. დაფიქსირდა ოპოზიციური შეთანხმების დარღვევის ფაქტებიც, რამაც პოლიტიკურ  ველზე სიტუაცია დაძაბა. თუმცა, აღნიშვნის ღირსია პარტიების მიერ მიღწეული კონსენსუსი ეკონომიკისა და განათლების, ასევე მართლმსაჯულების საკითხებზე, რაც, პარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ, თემატური რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. საინტერესოა, არჩევნების დასრულების შემდეგ, რამდენად შეასრულებენ  პოლიტიკური სუბიექტები ნაკისრ ვალდებულებებს, თუ ამისი შესაძლებლობა ახალი კონფიგურაციის პარლამენტში მიეცემათ. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური კომპრომისები, რომლის ნაკლებობაც ასე მწვავედ იგრძნობა პარტიებს შორის ურთიერთობაში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს დამკვიდრებისთვის.

არჩევნებამდე 3 კვირა დარჩა და წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში შედის, პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩეველთა დასარწმუნებლად უკანასკნელი ძალისხმევის მობილიზება მართებთ.  წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტს, რომლებზე რეაგირებაც დროულად შეძლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მიუხედავად საარჩევნო აგიტაციისთვის სოციალური ქსელების და ალტერნატიული ციფრული პლატფორმების აქტიური გამოყენებისა, ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სატელევიზიო მაუწყებლები. ჟურნალისტურ სივრცეში პოლარიზაციის ხარისხი კი, სამწუხაროდ, კვლავ მაღალია და ნაკლებად იქმნება ანალიზზე დაფუძნებული მასალა. მედია ორგანიზაციები, ძირითადად, პოლიტიკური პარტიებისა, თუ პოლიტიკოსების დისკრედიტაციით არიან დაკავებულები. მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ე.წ. ფეიკ ნიუსები და ზოგადად, დეზინფორმაცია, რაც ამომრჩეველს ხელს უშლის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური დებატების აქტიურად წარმართვა, ვინაიდან სუბიექტებს პრაიმ თაიმში ექმნებათ შანსი, არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობით, წარმოაჩინონ საკუთარი პროგრამის უპირატესობა. გარდა ამისა, პოლიტიკური დებატები იძლევა დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ცივილური საარჩევნო გარემოს შექმნას. ის, რომ პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიმართ პიროვნული მიმღებლობის პრობლემა აქვთ, ეს მხოლოდ ქართული რეალობის მახასიათებელი არ გახლავთ. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ავანსცენაზე გამოსულ სუბიექტებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი საჯარო სტატუსი, პირველ რიგში, ამომრჩეველთა მიმართ ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. დებატებში მონაწილეობის მიღებით ელექტორატს ექმნება პოლიტიკური შეხედულებები და უყალიბდება პარტიული პრეფერენციები, რაც შეგნებული არჩევნის გაკეთებისთვის კრიტიკულად აუცილებელია.   

საარჩევნო ეთიკა

საარჩევნო სისტემის ცვლილება, ჯერჯერობით, სრულად არ აისახა პოლიტიკური სუბიექტების ქცევაზე და აგრესიული საარჩევნო რიტორიკა, პიროვნული შეურაცხყოფები და პერსონალური შეტევები ჯერაც ქართული პოლიტიკის აქტუალური პრობლემებია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დოკუმენტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით მიღებული ,,პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, რომელიც სუბიექტებისთვის ეთიკურ სტანდარტებს განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ 40 პოლიტიკური ორგანიზაცია შეუერთდა ამ დოკუმენტს, რაც მისი ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. ქცევის კოდექსი დეკლარაციული ხასიათისაა და მისი შესრულება პარტიების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, კოდექსის არაერთი დებულება ირღვევა პრაქტიკაში, მიუხედავად ამისა, ზოგადი პოლიტიკური გარემო გაუმჯობესებულია. კენჭისყრის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცდუნებაც. თუმცა, გამკაცრებული კანონმდებლობის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის განსაკუთრებული ყურადღების  პირობებში, არსებობს პოზიტიური მოლოდინი, რომ დარღვევები მასშტაბური არ იქნება.

მაჟორიტარი, როგორც მეურნე?

შერეული წესით გასამართი უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევო კამპანიაზე დაკვირვება მიმტკიცებს რწმენას, რომ საქართველოში ისე სრულდება პარლამენტარ-მაჟორიტართა ეპოქა, რომ პოლიტიკოსების დიდ ნაწილს არ აქვს გააზრებული სისტემის არსი. პირდაპირი წესით არჩევის გზით საპარლამენტო მანდატის მიღება არ გულისხმობს დაპირების გაცემას ყველა საკითხზე, განურჩევლად იმისა ეს განეკუთვნება შენს კომპეტენციას, თუ არა. მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ საარჩევნო დაპირებების გაჟღერება გზის მოწესრიგების, სასმელი წყლის სისტემის გაყვანის, ტრანსპორტის დანიშვნისა თუ სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარების მიმართულებით მიანიშნებს რამდენიმე სამწუხარო გარემოებაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ძირეული პრობლემებია გადასაწყვეტი; საარჩევნო თემებზე ამომრჩეველთა ცნობიერების ხარისხი ამაღლებას საჭიროებს და დასახვეწია პოლიტიკური კლასი, როგორც განათლების, ასევე, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. პოლიტიკოსების მიერ საკანონმდებლო საქმიანობის, ისევე, როგორც პარლამენტის როლისა და ფუნქციის გაუაზრებლობა აისახება არა მხოლოდ წინა საარჩევნო კამპანიის, არამედ, არჩეული პარლამენტის ხარისხზეც. არსებობს მოლოდინი, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ქართულ სინამდვილეში, სწორი საარჩევნო ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ბიძგი გახდება. თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გარეშე, გარდაუვლად მივიღებთ გაუკუღმართებული საარჩევნო პროცესის ახალებურ ფორმებს.

სოციოლოგიური კვლევები

პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა სოციოლოგიური კვლევები. შეიძლება პარადოქსულადაც კი ჟღერს, მაგრამ მოქალაქეთა განწყობების გაგების ნაცვლად, კვლევები საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით გამოიყენება. ნიშანდობლივია, რომ ყველა გავლენიანი მედია ორგანიზაცია დამოუკიდებელად უკვეთავს კვლევებს ქართულ თუ არაქართულ კომპანიას და არჩევნებამდე  გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს შუალედურ მონაცემებს. თავისთავად, კვლევების მრავალფეროვნება ამომრჩეველს მრავალმხრივი ანალიზის გაკეთებაში ეხმარება, თუმცა, პრობლემაა, როდესაც კვლევითი ორგანიზაციები ერთმანეთისგან ასიმეტრიულად განსხვავებულ რეზულტატებს იძლევიან. ასევე, გარკვეული დასკვნების გამოტანაში გვეხმარება ის გარემოება, რომ კვლევების შედეგი იხრება იმ პოლიტიკური ჯგუფისკენ, რომლის გავლენის ქვეშაც მოქმედებს დამკვეთი მედია. შედეგებს შორის ცდომილების ასეთი მასშტაბი რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას: კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციები იყენებენ განსხვავებულ მეთოდოლოგიას; შეგნებულად ან შეუგნებლად არჩევენ ისეთ აუდიტორიას, რომელიც სასურველ პასუხებს იძლევა; ან, უბრალოდ აქვეყნებენ დამკვეთისთვის მისაღებ შედეგებს. რთულია იმის შეფასება, თუ რა გავლენა აქვს სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, ზოგადად, ელექტორატის არჩევნის ფორმირებაზე, თუმცა, გამორიცხული არ არის, ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის ის ერთგვარი კომპასის ფუნქციას ასრულებდეს. ფაქტია, რომ  პარტიების მოქმედებას მნიშვნელოვან იმპულსებს სძენს კვლევები, რამეთუ არჩევნების შედეგსა და კვლევის რეზულტატს შორის მნიშვნელოვანი ცდომილება არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის მძლავრ საფუძველს იძლევა.

საგარეო გამოწვევები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულად რთული საგარეო გამოწვევების ფონზე ტარდება. უპირველესი პრობლემა, რომელიც, ზოგადად, რეგიონალურ მშვიდობას უქმნის საფრთხეს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტია. დაპირისპირების გეოპოლიტიკური ანატომია და საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნების მიმართულებით. საგულისხმო ფაქტორია საქართველოს მოქალაქე ქართველი-სომხებისა და ქართველი-აზერბაიჯანელების დამოკიდებულება კონფლიქტისადმი და ის პოლიტიკური სენტიმენტები, რომლებიც არსებობს დაპირისპირებაში მონაწილე მხარეების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იმანენტური საფრთხეები, ამ ეტაპზე, არ იკვეთება, აუცილებელია, რომ ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური ინტეგრაციის საკითხის მიმართ სახელმწიფოს მუშაობა კიდევ უფრო პროაქტიული გახდეს. ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვება პარტიების განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ყველა არჩევნებზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პარტიული დივიდენდების მიღების მიზნით არც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექმა არ სცადოს კონფლიქტის თემით მანიპულირება, რამეთუ ნებისმიერი ასეთი მცდელობა შეიძლება ქვეყნისთვის მძიმე შედეგით დასრულდეს.

რეგიონში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, კიდევ უფრო იზრდება რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეები. ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოს წინააღმდეგ მომდინარე დეზინფორმაციის ნიაღვარს რუსეთი აუცილებლად მიმართავს საარჩევნო პროცესისკენაც. ის, რომ რუსეთის ფედერაცია მაქსიმალურად ეცდება არჩევნებში ჩარევას ეს განჭვრეტადი გამოწვევაა, თუმცა, ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში, რთულია კონკრეტული მექანიზმების პროგნოზირება. ბელარუსსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები რუსეთისთვის ხელსაყრელი ფაქტორია გავლენის სფეროების გასაფართოვებლად. რეგიონული საფრთხეებით მანიპულირების ,,დიდოსტატი“ რუსეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმების დივერსიფიცირებას. ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა პარტიებმა, არ ეცადონ საკუთარი პოლიტიკური მისწრაფებების მონეტიზაცია რუსეთის ამოცანების შეგნებული თუ შეუგნებელი მხარდაჭერით.

 

 

გააზიარე: