პანდემიის ფონზე დისტანციური სწავლების შესაძლებლობებსა და თანმდევ გამოწვევებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დაწყების შესაძლებლობის შესახებ. ამასთანავე, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ამა წლის 7 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სწავლის დისტანციურად წარმართის თაობაზე. როგორ ფიქრობთ, არსებული ვითარების ანალიზიდან გამომდინარე, სკოლებსა და უნივერსიტეტებს კვლავ მოუწევთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე სრულად გადასვლა?
- არაორდინალურ ვითარებაში გვიწევს სასწავლო პროცესის დაწყება, რაც ჩვენგან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. სამწუხაროდ, მსოფლიო კვლავ ებრძვის პანდემიას. შეიძლება ითქვას, რომ გლობალური კრიზისის ფონზე დისტანციური განათლების ფორმა რჩება სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების საშუალებად. ამავდროულად, აღსანიშნია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიამ განათლების სისტემას დიდი ზიანი მიაყენა.
გლობალური პანდემია შეეხო 190-ზე მეტ ქვეყანას. საგანმანათლებლო დაწესებულებების დაკეტვამ მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტების 94%-ზე გავლენა იქონია. უღარიბესი ქვეყნების 40%-მა ვერ შეძლო კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად განათლების სისტემაში შექმნილი გამოწვევების დაძლევა. ხსენებული მონაცემები მიანიშნებენ, რომ უნდა ვიფიქროთ სწავლის პროცესის ჰიბრიდულ/შერეულ ფორმაზეც, რათა შევინარჩუნოთ ბალანსი ტრადიციულ და დისტანციურ სწავლებებს შორის. თუმცა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ალბათ გამოიწვევს კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას. ასევე, მნიშვნელოვანია, სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ახალ სასწავლო წელს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლი დაიცვან.
- თქვენ კოვიდ19 -ის შედეგად შემუშავებული სპეციალური რეგულაციები ახსენეთ. რა ტიპის ზომებს მოიცავენ აღნიშნული რეგულაციები და რამდენად არიან საგანმანათლებლო დაწესებულებები მზად ახალი სასწავლო წლის დასაწყებად?
- კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იყოს უზრუნველყოფილი პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით. იმ შემთხვევაში, თუ სკოლებს აქვთ გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის დროს გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშავონ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში ერთ მაგიდაზე დასაშვებ წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. ასევე, აუცილებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მერხების ხშირი დეზინფექცია. რაც შეეხება აუდიტორიაში სტუდენტების განთავსებას, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ ისეთი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სტუდენტი ერთ სივრცეში არ განთავსდება. სალექციო საათების დარეგულირებაც თვითონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ.იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამოწმებს. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნის გაცემის შემდეგ კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო პროცესის დაწყებას შეძლებს. ამ დროისთვის 614 სკოლა აკმაყოფილებს შემუშავებულ მოთხოვნებს, 81 სკოლამ კი ნებართვა ჯერჯერობით ვერ მიიღო. ამასთანავე, ამ ეტაპზე შემოწმებულია 10-ზე მეტი უნივერსიტეტი და თითოეულ მათგანზე ნებართვები გასცეს. აღნიშნული პროცესი არ დასრულებულა და საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმება გრძელდება. ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ ახალი, თუმცა უჩვეულო, სასწავლო წლის დასაწყებად საჭიროა შესაბამისი საშუალებებით ყველა სკოლისა და უნივერსიტეტის აღჭურვა.
გადაწყვეტილება სწავლის პროცესის არადისტანციურ ფორმატში დაწყებასთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად შეგვიძლია კორონავირუსის პრევენცია. თუ მისი პრევენცია მოითხოვს დისტანციული სწავლების ფორმის გამოყენებას, პროცესის უწყვეტობისთვის კვლავ აუცილებელი გახდება განათლების სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების გაგრძელება. მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მწვანედან ყვითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც ნიშნავს შედარებით მომატებული სიფრთხილის ზონაში გადანაცვლებას.
- თქვენ, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავთ განათლების სივრცის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის გაგრძელებას. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის გამოწვევები ახლავს დისტანციური სწავლების პროცესს და მისი დანერგვის კვალდაკვალ კონკრეტულად რომელ პრობლემურ საკითხებს გამოკვეთდით?
- ერთი მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგანმანათლებლო სივრცის სწრაფმა გარდაქმნამ აჩვენა დისტანციური სწავლების პრაქტიკული მნიშვნელობა. თუმცა, მეორე მხრივ, დისტანციური სწავლების დანერგვას თან ახლავს გამოწვევები, მათ შორის სპეციფიური ციფრული უნარ-ჩვევების სიმწირე და პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კომპიუტერთან და ონლაინ რესურსებთან წვდომას.
კერძოდ, პანდემიის პერიოდში დისტანციური განათლების დანერგვის კვალდაკვალ მეტად აქტუალური გახდა შემდეგი საკითხები - ყველა მოწყვლადი ჯგუფის ფუნდამენტური უფლებების დაცვით სასწავლო პროცესის ისე წარმართვა, რომ ყველას ქონდეს განათლების მიღების შესაძლებლობა, წვდომა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან, საგანმანათლებლო რესურსებთან, მათ შორის ელექტრონულ წიგნებთან, ონლაინ ლექციებთან. იმ ფონზე, როდესაც არსებობს არაერთი საგანი, რომელიც მეტ კრეატიულ გარემოს და უშუალო ინტერაქციას მოითხოვს, აქტუალურია დისტანციურ და ტრადიციულ სწავლებებს შორის ბალანსის დაცვის შესაძლებლობების გაზრდის საჭიროება.
ხსენებული აქტუალური საკითხები განაპირობებენ პანდემიის პერიოდში დისტანციური განათლების დანერგვის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსს. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლა ხელს შეუწყობს საქართველოს დისტანციური განათლების უკეთ განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას და განათლების სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის ახლებურ განსაზღვრას.
- თქვენ ყურადღება გაამახვილეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლაზე. დისტანციური განათლების დანერგვის ეფექტიანობის თვალსაზრისით, რომელ სახელმწიფოებს გამოყოფდით?
- შეიძლება ითქვას, რომ 1.3 მილიონიანი მოქალაქისგან შემდგარმა ესტონეთის სახელმწიფო სისტემამ მაღალტექნოლოგიური ციფრული მიდგომებით მსოფლიო ლიდერების, სწავლულებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო.ესტონეთის ციფრული განათლების სისტემის წარმატება განაპირობა როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგების განვითარებამ, ისე საგანმანათლებლო სივრცის მონაწილეთა რეგულარულად გადამზადებამ.
ამავდროულად, ესტონეთმა განათლების სისტემაში ფართოდ დანერგა ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა - ციფრულ მონაცემთა ბაზები, ციფრული სახელმძღვანელოები, ელექტრონული სწავლების მასალები, ციფრული კლასის დღიურები, ციფრული სწავლების აპლიკაციები. მეტიც, ესტონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს სხვა ქვეყნებს და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ შექმნილი ციფრული განათლების ხელშემწყობი პლატფორმების შესახებ.დისტანციურ განათლებას საფრანგეთი გარკვეულწილად მომზადებული შეხვდა. 2016 წელს საფრანგეთმა ციფრული გეგმა განათლებისათვის შეიმუშავა. ასევე, ციფრული რესურსების ბანკის შექმნისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოდულების გარდაქმნა დაიწყო. გარდა ამისა, საფრანგეთს აქვს დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრი.
პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისთანავე საფრანგეთში განხორციელდა პროექტი „ჩემი კლასი სახლში“. ის გულისხობდა გაკვეთილების ჩატარებას და დავალებების შესრულებას ვიდეო-კონფერენციების დახმარებით. ამასთანავე, ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და უმაღლესი განათლების სამინისტროს ვებ-საიტები მდიდარ ციფრულ მასალას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია დამატებითი რესურსების საკუთარ საიტებზე ატვირთვა. გლობალური კრიზისის პერიოდში არაერთი ციფრული ტრენინგი ჩატარდა, რათა აკადემიური პერსონალი ადაპტირებული ყოფილიყო ახალ რეალობასთან. სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდებოდა სტუდენტების, მასწავლებლებისა და მშობლების ინიციატივები დისტანციური სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დისტანციური განათლების პლატფორმების უზრუნველსაყოფად, ძირითადად, გამოიყენება ორი სცენარი. პირველი სცენარი უკავშირდება უნივერსიტეტების ღია ქსელებს. ეს გულისხმობს ონლაინ კურსებისა და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული მასალების ხელმისაწვდომობას თავად უნივერსიტეტების პლატფორმების მეშვეობით.
ხსენებული სცენარი უფრო მიწოდებაზე ორიენტირებული მიდგომაა. ამასთანავე, განვითარდა მეორე სცენარიც, რომელიც მოთხოვნაზეა ორიენტირებული და გულისხმობს ცენტრალიზებული პლატფორმების ხელშეწყობას.
იტალიის საგანმანათლებლო სისტემაში 2000 წლიდან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო. 2012 წლიდან აქტიურად იყენებდნენ ციფრული რეგისტრაციის პროცედურას, ხოლო 2015 წელს სკოლების გაციფრულების ეროვნული გეგმა შემუშავდა. გლობალური კრიზისის დროს იტალიის განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის შექმნა ვებ-გვერდი, რომელიც პანდემიის პერიოდში ეხმარებოდა სკოლებს დისტანციური სწავლების პროცესის უზრუნველყოფაში. კერძოდ, აღნიშნულ გვერდზე მომხმარებლებისთვის განთავსდა ბმულები, რათა მათ წვდომა ქონოდათ ონლაინ პლატფორმებზე. ამასთანავე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი რესურსები იყო გათვალისწინებული.ურთულესი ეპიდვითარების დროს მასობრივი ღია ონლაინ კურსები (Moocs) დაეხმარა იტალიას შეენარჩუნებინა სწავლის პროცესის უწყვეტობა. იტალიის საუნივერსიტეტო სისტემა უმოკლეს პერიოდში გადავიდა სწავლების ახალ ფორმატებზე.
ონლაინ სივრცეში გადაიტანეს როგორც კურსები, ისე გამოცდები. ასევე, შეიქმნა მოკლე, გამარტივებული ონლაინ კურსები, რომლებსაც მომხმარებლები ადვილად იყენებდნენ. ამასთანავე, უნივერსიტეტებმა ერთმანეთს შესთავაზეს თავიანთი ონლაინ საგანმანათლებლო რესურსები.ნიდერლანდების სამეფომ 2,5 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა იმ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ წვდომა საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, მუნიციპალიტეტებმა ვერ შეძლეს მათი შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა. ასევე, გათვალისწინებულ იქნა იმ მშობლების ინტერესები, რომლებიც დასაქმებულნი არიან კრიტიკულად მნიშვნელოვან სამსახურებში როგორებიცაა- ჯანდაცვა და პოლიცია. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მათი შვილებისთვის სკოლა შესაძლოა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ანალოგიური პრინციპით იხელმძღვანელეს იმ სტუდენტებთან მიმართებით, რომლებიც სახლის პირობებში დისტანციური განათლების პროცესში ვერ ჩაერთნენ.იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო დაეხმარა განათლების ადგილობრივ საბჭოებს უზრუნველეყოთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დისტანციური სწავლებისთვის.
ასევე, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ შექმნა სასწავლო პროცესის მხარდამჭერი საჯარო პლატფორმა, რომელზეც განთავსდა ინფორმაცია დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების თაობაზე, რჩევები საგნების მიხედვით, უფასო საგანმანათლებლო რესურსები და ვიდეოები. ამასთანავე, ვებ-გვერდის მეშვეობით გააზიარეს ინფორმაცია სხვადასხვა სკოლისა და განათლების საბჭოების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
- როგორ შეაფასებდით, პანდემიის პერიოდში საქართველოში დისტანციური განათლების დანერგვის გამოცდილებას?
- პანდემიის გამო საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად გადავიდა დისტანციური სწავლების ფორმატებზე. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგა სინქრონული და ასინქრონული კომუნიკაციის საშუალებები. დისტანციური სწავლების პროცესში გამოიყენეს სხვადასხვა პლატფორმა - Microsoft Teams, Zoom, Moodle და Google Classroom. საგნების მიხედვით შეიქმნა ვიდეო გაკვეთილები, გაიზარდა წვდომა ელექტრონულ საგანმანათლებლო მასალებზე. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცემლობებმა გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომა შესთავაზეს.
2020 წლის 30 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, ჰქონდა თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევდა, ენახა საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. გარდა ამისა, დისტანციური სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) COVID-19-ის პანდემიის შედეგად განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნა. მასში 98 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოცდილებაა გაანალიზებული. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ტელესკოლის“ პროექტს. ასევე, დოკუმენტში განხილულია საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „თიმსის“ პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები.
სწავლის პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის მიზნით, საკანონმდებლო დონეზეც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. კერძოდ, 2020 წლის 12 ივნისს „ზოგადი განათლების“ და „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონებში ცვლილებები შევიდა. ხსენებულ კანონებს დაემატა ჩანაწერები დისტანციური სწავლების შესახებ.
მიუხედავად დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით განხორციელებული ინიციატივებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცეს თან ახლავს გამოწვევები, მათ შორის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან და ონლაინ რესურსებთან წვდომის გარკვეულწილად არქონა. ინტერნეტზე წვდომის ფუნდამენტური უფლებისთვის ხორციელდება პროექტი „ჩართე“.
მისი მიზანია დონორების მეშვეობით სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები უზრუნველყოს კომპიუტერითა და ონლაინ რესურსებით. გარდა ამისა, გამოიკვეთა როგორც მასწავლებლების/ლექტორების, ისე მოსწავლეების/სტუდენტების ციფრული უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობა. ამასთანავე, პანდემიის შედეგად წარმოქმნილმა ეკონომიკურმა გამოწვევებმა სტუდენტებს შეუქმნა პრობლემები სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.
- დისტანციური განათლების თანმდევი გამოწვევების ფონზე, რა ტიპის რეკომენდაციებს შემოგვთავაზებდით?
- ვფიქრობ, ყველასთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და სწავლების ეფექტიანობისთვის პანდემიური დისტანციური განათლება ცვლილებებს საჭიროებს. კერძოდ, მნიშვნელოვანია შემდეგი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების პაკეტის განხორციელება:2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია განახლებას საჭიროებს. დღევანდელი ეპიდვითარებისა და მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, მოქმედი განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია არ პასუხობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური განათლების დანერგვისთვის აუცილებელ კონცეპტუალურ მიდგომებს.
მით უფრო იმ ფონზე, რომ 2020 წლის 12 ივნისს „ზოგადი განათლების“ და „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონებში შევიდა ცვლილებები დისტანციური სწავლების თაობაზე. განახლებულ და შემდგომ სტრატეგიებში მკაფიოდ უნდა აისახოს, თუ როგორია სახელმწიფოს კონცეპტუალური ხედვა განათლების ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. სასურველია, დოკუმენტში განისაზღვროს დისტანციური სწავლების პრინციპები, მეთოდოლოგია, დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვის ეტაპები, ასევე, დისტანციური განათლების თანმდევი გამოწვევები, მათი დაძლევის საშუალებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და განათლების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჰიბრიდული/შერეული სწავლების პროცესის შესაძლებლობების გამოკვეთაც. ეს ხელს შეუწყობს გარკვეულწილად პრაქტიკაში ბალანსის დაცვას ტრადიციულ და დისტანციური სწავლების ფორმებს შორის. სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში უნდა მომზადდეს სპეციალური პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. დისტანციური სწავლების ხელშემწყობი სამშვიდობო პაკეტის მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების მაქსიმალური ინტეგრირება დისტანციური სწავლების შესაბამის პროგრამებში, ასევე, მათთვის უფასო ინტერნეტ პაკეტების შეთავაზება და საგანმანათლებლო რეუსრსებზე წვდომის უზრუნველყოფა. აუცილებელია, საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანი იმპლემენტაცია. ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სოციალური პაკეტების შემუშავება, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს კომპიუტერი და ონლაინ რესურსები. ეს პროცესი ხელს შეუწყობს დისტანციური განათლების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად სათანადო გარემოს შექმნას.
სასურველია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული მმართველობის განვითრების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. კერძოდ, შეიძლება საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივ დონეზე შეიქმნას ფორმატი დისტანციური განათლების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული პირის ციფრული უნარ-ჩვევების რეგულარულად განვითარება, რათა მათ შეძლონ განათლების სივრცის ციფრულ ტრანსფორმაციასთან ეფექტიანი ადაპტირება. ამ მიმართულებით შესაძლოა შეიქმნას დისტანციური სწავლების განვითარების მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომელშიც ჩაერთვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობით შექმნილი პლატფორმის მიზანი იქნება განათლების სივრცეში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღწევების განხილვა და დონორების მეშვეობით შესაბამისი ტრენინგ-მოდულების ჩატარება განათლების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ცნობადობის ასამაღლებლად. ამასთანავე, ამ პლატფორმის მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი დისტანციური სწავლების პრაქტიკას.მნიშვნელოვანია ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმების შექმნა, რაც გაადვილებს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას. შესაძლოა ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას ცენტრალიზებული ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც საგნებისა და თემატიკის მიხედვით განთავსდება ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები, ვიდეო ლექციები.
ავტორებმა, გამომცემლობებმა შეიძლება ელექტრონულ წვდომაზე გარკვეული საფასური დააწესონ ან საზოგადოებას საგანმანათლებლო მასალები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასოდ შესთავაზონ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმის შექმნის დროს ყველა ჯგუფის ინტერესის გათვალისწინება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების. აუცილებელია, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელოვნური ინტელექტის როლი გამოიკვეთოს, რაც ხელს შეუწყობს მთელი რიგი ინფორმაციის მიმართ ავტომატიზირებული მიდგომის დანერგვას. „ჩეთბოტები“- ციფრული თანამშრომლები, შემუშავებული ინსტრუქციების საფუძველზე, განუმარტავენ დაინტერესებულ პირებს დისტანციური სწავლების შესაბამისი აპლიკაციების გამოყენების წესს, უპასუხებენ ხშირად დასმულ კითხვებს და განახორციელებენ ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს. საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდი განვითრების ფონზე და დისტანციური სწავლების საჭიროებებიდან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობა მოითხოვს კიბერ ჰიგიენისა და კიბერ უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ამ მიზნით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა შემუშავდეს შესაბამისი სასწავლო საგნები და კურსები.
სასურველია, შეიქმნას ონლაინ კურსების ბანკი, რომელიც სფეროების მიხედვით (სამართალი, დიპლომატია, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.) გააერთიანებს ონლაინ სასწავლო კურსებს. ასევე, ამ პლატფორმის გამოყენებით შესაძლებელია ერთობლივი ონლაინ პროგრამის შემუშავება საქართველოს სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტისა და სხვა ქვეყნის ცნობილი უნივერსიტეტის მონაწილეობით. პროექტის განხორციელება შეიძლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით. Microsoft-თან კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა. Microsoft-ი საქართველოს წამყვანი პარტნიორია ქვეყნის განათლების სივრცის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. შესაბამისად, მასთან თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლებელია მომავალში შეიქმნას ქართულ რეალობაზე ორიენტირებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და აპლიკაციები, რომლებიც უფრო გაადვილებენ დისტანციური სწავლების პროცესს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აუცილებელია შეიქმნას დისტანციური სწავლების ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. მისი მიზანი იქნება იმ სტანდარტებისა და პარამეტრების განსაზღვრა, რომლებიც დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით ხელს შეუწყობენ სკოლებისა და უნივერსიტეტების შესაბამისი აპარატურითა და სხვა საშუალებებით აღჭურვას.
მნიშვნელოვანია შემუშავდეს პანდემიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარების პაკეტი. კოვიდ 19-ის გამო წარმოქმნილმა ეკონომიკურმა გამოწვევებმა პრობლემები შეუქმნა სტუდენტებს, რის გამოც ისინი სწავლის საფასურს ვერ იხდიან. აღნიშნული გეგმის მიზანი იქნება, დონორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებს დახმარება აღმოუჩინოს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
https://bit.ly/318WlX4