ქართული "ახლო საზღვარგარეთი": ჩრდილო და სამხრეთის პერიმეტრებს გასწვრივ

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

წინასიტყვაობა განმარტებისათვის

 

ჩვენთვის საყურადღებო მოსაზრებების ირგვლივ დაწვრილებით მსჯელობამდე საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე, ჩვენი აზრით, ამოსავალი დებულების გახმოვანება. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს აბსოლუტური დამოუკიდებლობა ფარდობითია, ხოლო სახელმწიფო დამოუკიდებლობის ხარისხზე ზემოქმედების ფაქტორები - მრავალმხრივი და მრავალგანზომილებითი. ამ განცხადების ჭრილში, ვფიქრობთ, რომ საქართველო ამ მრავალგანზომილებიანი ზემოქმედების მაგალითს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მოკრძალებული რესურსი, არასახარბიელო დემოგრაფიული დინამიკა, რთული გეოგრაფიული მდებარეობა, ურთიერთდაპირისპირებული გეოპოლიტიკური ვექტორების გზაგასაყარზე მოქცევა, რასაც ახლად ფორმირებული რეგიონალური წესრიგი (თუ, „უწესრიგობა“) და უშუალო სამეზობლოში მიმდინარე რთული შიდაპოლიტიკური პროცესები ემატება, „ქართული ქეისის“ ერთგვარ უნიკალურობას ქმნის. შესაბამისად, კანონზომიერია ის გადაუჭარბებლად დიდი ინტერესი, რასაც ქართული სახელმწიფოს დღევანდელობა და მისი სახვალიო განვითარება უნდა იწვევდეს როგორც ადგილობრივ, ისე - უცხოელ მკვლევარებში.  ეს  ნაშრომიც ასეთი საწყისი კვლევის მცდელობაა, რაიმე გადამწყვეტი პოლიტიკური რეცეპტისა თუ რჩევების შეთავაზების გარეშე.

 
აშკარაა ისიც, რომ ქართულ რეგიონალურ გეოპოლიტიკურ სარტყელზე საუბრისას შეუძლებელია ამ მცირე ფორმატში ყველა საკითხის  სრულფასოვანი გაშუქება და ჩვენც მხოლოდ ერთ კონკრეტულ, მაგრამ მეტად არსებით თემაზე გადავწყვიტეთ მკითხველის ყურადღების შეჩერება. ეს არის საქართველოს  ჩრდილოეთით და სამხრეთით უშუალო მოსაზღვრე ქვეყნების - რუსეთისა და თურქეთის - თანამედროვე გეოპოლიტიკური სწავლებისა თუ პოლიტიკური ხაზის მოკლე მიმოხილვა და შესაძლო სამომავლო ტრენდების მონიშვნა. ჩვენი ქვეყნის „ახლო საზღვარგარეთზე“ ამ საუბრის რუსეთითა და თურქეთით დაწყება აბსოლუტურად გამართლებული არჩევანია, თუკი მხედველობაში მივიღებთ შემდეგ აქსიომატურ თეზას: ა) რუსეთისა და თურქეთის ისტორიულად ტრადიციული და არაერთგვაროვანი ბმა ქართულ სახელმწიფოებრივ განვითარებასთან; ბ) ამ ქვეყნებში მიმდინარე საშინაო პოლიტიკური პროცესების თავისებურებები, რაც ზემოქმედებას ახდენს შიდაქართულ პოლიტიკურ პროცესზე; გ) ზოგადად მათი მათი გავლენა დიდ რეგიონზე.


გზების გასაყარსა თუ მათ თავმოყრაზე


რუსეთისა და თურქეთის მხრიდან რეგიონალურ გავლენაზე საუბრისას აუცილებელია კარგად გვესმოდეს უშუალოდ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და კავშირების მეტად  სპეციფიკური გადახლართვა. საქმე ისაა, რომ დღესდღეობით ამ ურთიერთობას რეალურად ვერც სტრატეგიულად პარტნიორულს ვუწოდებთ და, ცხადია, მტრობის კატეგორიასაც  ვერ მივაკუთნებთ. ზუსტი სახელის მიკუთვნების სირთულის ერთ-ერთი მიზეზი ამ ორი ქვეყნის ისტორიული წარსულია, რაც რუსებსა და თურქებს შორის სადღეისოდ არაერთ თემაზე თანამშრომლობის მიუხედავად, მაინც ძველი დროიდან გადმოყოლილი უნდობლობის კოდით ხასიათდება. ორმხრივი ურთიერთობის თავისებურება კიდევ უფრო რთულად განსასაზღვრია, როცა მხედველობაში ვიღებთ მეტად ჭრელ რეგიონალურ კონტექსტს და არეულ გლობალურ წესრიგს (თუ უწესრიგობას). ამ ბოლო ასპექტის ხსენებისას, აუცილებლად აღსანიშნია, რომ ამჟამინდელი გლობალური წეს-წყობილება იდეოლოგიურ ღირებულებებზე დამყარებული სისტემების ფრაგმენტაციით გამოირჩევა. ეს კი არსებითად გამორიცხავს მსოფლმხედველობრივ და იდეურ მოკავშირეობას, ხოლო გადაწყვეტილებები და მოქმედებები მეტწილად მიმდინარე მომენტის კონიუნქტურით და მოტივაციის ტრანზაქციურობით არის განპირობებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გლობალური თუ რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბებისას განმსაზღვრელია მოსალოდნელი შედეგის საკუთარ ინტერესებზე მორგება, ამწუთიერი ამონაგების მიღება და გრძელვადიანი შედეგებისა თუ სხვათა ინტერესების გაუთვალისწინებლობა ან დაუფასებლობა. პრაქტიკულად, ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა და ხორცი შეისხა  მე-19 საუკუნის ბრიტანელი მოღვაწის, ლორდ პალმერსტონის ნათქვამმა, რომ „გაერთიანებულ სამეფოს არც მუდმივი მოკავშირეები ჰყავს და არც - მუდმივი მტრები. მხოლოდ ჩვენი ინტერესებია მარადიული და მუდმივი, ხოლო ამ ინტერესების თანმიმდევრული მიყოლა ჩვენივე მოვალეობაა“.


დაახლოებით ამ სულისკვეთების ჭრილშია მოსააზრებელი რუსულ-თურქული „პუტინ-ერდოღანისეული კოოპერაცია“, რაც არსებითად სიტუაციური თანამშრომლობის ნიმუშია, ანუ მაშინ და იმ შემთხვევაში, როდესაც ინტერესთა თანხვედრა მხოლოდ ორმხრივი „პოზიტიური ჯამის“ კომბინაციური შედეგითაა მოტივირებული; ხოლო, ასეთი „პოზიტიურობა“ მყისიერად იქცევა  „ნულოვანი ჯამის“ (ერთის ხარჯზე მეორეს დაწინაურების) ფორმატად, როგორც კი ზემოაღნიშნული სიტუაციური თანამშრომლობა საკუთარ თავს ამოწურავს და ვიწრო თემატური ამოცანა მიღწეულია (ან - მიუღწეველი ხდება). გავიმეორებთ, რომ ეს პარადიგმა მხოლოდ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას არ ახასიათებს და ისტორიის მიმდინარე ეტაპზე ლამის უნივერსალურ ტრენდს წარმოადგენს, როდესაც „ეროვნული“ თუ „სახალხო“ სუვერენიტეტის იდეური ლოზუნგის მოშველიებით როგორც გლობალური, ისე რეგიონალური მოთამაშეების ქმედებები ექსკლუზიურად კონიუნქტურულ სუბიექტივიზმს და ეგოიზმს განასახიერებენ. სწორედ ამ კატეგორიაშია რუსეთისა და თურქეთის ორმხრივი modus operandi.


პრობლემური გადაკვეთები


რუსულ-თურქული თანამშრომლობა სატელევიზიო ეკრანიდან დამაჯერებელ და მხნე ტონალობას გადმოსცემს. მაგრამ, ეს დიდწილად მოჩვენებითია, ხოლო რეალურ ვითარებაში სიღრმისეული ჩახედვა ამ დამაჯერებლობას და სიმხნევეს პრაქტიკულად აბათილებს. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რუსული რევიზიონზმის და გეოპოლიტიკური დივერსიის პარალელურად, ბოლო ათწლეულში თურქული საგარეო პოლიტიკის მზარდი ექსპანსიონისტური მანერა, რაც ამ ურთიერთობებში ნაპრალებს ამრავლებს და გზადაგზა სტრატეგიულად სახელდებულ პარტნიორობას რუსულ-თურქული თარგის „ცივი ომის“ სიოს სძენს. ამჟამად, ამ ორ რეგიონალურ დომინანტ ძალას შორის უთანხმოების საფუძველი არაერთია, მაგრამ ნებისმიერი მათგანი - ცალკე აღებული - საკმარისზე მეტია მოსკოვსა და ანკარას შორის მძაფრი დაპირისპირების პროვოცირებისათვის.

  
ასეთი საფრთხის წარმოქმნის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ჩრდილოეთ სირიაში ერთობლივი (რეალურად კი, თვალთმაქცურად „ერთობლივი“) სამხედრო ოპერაცია, რამაც ფაქტობრივად გამოამზეურა  რუსულ და თურქულ ფსონებს შორის ბუნებრივი წინააღმდეგობა, როგორც ასადის ხელისუფლებასთან, ისე - სირიის კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა მეომარ ფრაქციებთან მიმართებაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ანკარას და მოსკოვს არსებითად განსხვავებული მოტივები და წარმოდგენები აქვთ, ზოგადად, სირიის კრიზისის გადაწყვეტასა და ამ ქვეყნის ადგილზე ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ რუკაზე. ასევე ურთიერთგამომრიცხავია სირიის კონფლიქტში მონაწილე გარე ძალების მიმართ რუსეთისა და თურქეთის დამოკიდებულება, რაც ორმხრივი უთანმოების დაძლევას გაცილებით შორ პერსპექტივად აქცევს. არანაკლებ პრობლემურია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ნავთობისა და გაზის ახალი მარაგების საძიებო ოპერაციები. მოცემულ აკვატორიაში ახალი ენერგეტიკული საბადოების ირგვლივ დავამ კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების თავშივე დაპირისპრება გამოწვია, ხოლო შედარებით უფრო გვიან ეტაპზე ლიბიის სანაპიროსთან გადაინაცვლა. იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის მარაგით ლიბია წამყვანია აფრიკის კონტინენტზე და მსოფლიოში ნავთობის მარაგებით - მე-9, ხოლო ბუნებრივი გაზის მარაგით - 21-ე ადგილი უკავია, არსებული ენერგეტიკული უთანხმოება ახალმა თავსატეხმა გაამძაფრა, როდესაც რუსები და თურქები პრაქტიკულად პირდაპირ ჩაერთვნენ ლიბიის სამოქალაქო ომში დაპირისპირებული სამხედრო ბანაკების მხარდასაჭერად. ხოლო მაშინ, როდესაც ამ მხარდაჭერამ სიტყვიერიდან პრაქტიკულში გადაინაცვლა - რუსული იარაღი და ინსტრუქტაჟი ლიბიის ეროვნული ფრონტის დასახმარებლად, ხოლო თურქეთის საჯარისო კონტინგენტის ლიბიაში გადასროლა ტრიპოლის ეროვნული კონგრესის (ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობა) მხარეზე საომრად, - ლიბიური კონუნდრუმი დროში დაუსრულებელ გამოწვევად მოსჩანს.


არც თუ შორეულ პერსპექტივაში რუსულ-თურქული თანხმობისა თუ უთანხმეობის შემდგომ მგრძნობიარე კვანძად ცენტრალური აზიის რეგიონი იკვეთება. ამ უჩვეულოდ თავისებურ რეგიონში საკითხი დელიკატურია არა მარტო ცალკეული რეგიონალური ქვეყნების გადმოსახედიდან, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო პროექტების მხრივ. ხოლო, ჩვენ მიერ ნახსენებ ორ ქვეყანას რაც შეეხება, რუსეთი რეგიონს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენისა და ეროვნული უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ „სტრატეგიულ სიღრმედ“ მიიჩნევს, მაშინ როცა თურქეთი ცენტრალურ აზიას აღიქვამს საერთო კულტურული სივრცისა და პან-თურქული დიდი პროექტის ორგანულ ნაწილად. მართალია, დღესდღეობით რუსულ-თურქული დაპირისპირების ცენტრალურაზიური ველი მეტწილად „მიძინებულია“. ამის მიზეზი ძირითადად არის ანკარის  მხრიდან რეგიონში რუსეთთან დაპირისპირებაზე შეგნებულად თავის არიდება და თურქული გავლენის არსებითად მცოცავი ეკონომიკური ექსპანსიის ფორმით განხორციელება. საკითხავია ისიც, თუ რაოდენ უსაზღვრო იქნება რუსეთის მოთმინება ამ ექსპანსიის მიმართ და როდის გამოჩნდება ამ ლატენტურ პაექრობაში გაცილებით უფრო ღია უთანხმოების შინარსი. მიმდინარე პრობლემური ჩამონათვალის დასასრულს შავი ზღვის აუზი და მიმდებარე რეგიონი - დანარჩენ თემებზე არანაკლებ მძაფრი, ისტორიული (და რბილად რომ  ვთქვათ, არცთუ სასიამოვნო) წარსულით დახუნძლული; ჩვენი სამშობლოსათვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური არეალი. საგულისხმოა, რომ ბოლო ხანს შავმა ზღვამ და მის მიმდებარედ ფართე გეოგრაფიამ ორმაგი დატვირთვა შეიძინა იმტომაც, რომ მასზე თვალსაჩინოდ გადის ორ „ნორმატიულად“ განსხვავებულ - რევიზიონისტულ-აგრესიულ და თავისუფალ - სამყაროთა შორის გამყოფი ხაზი. ამ გეოპოლიტიკური გამყოფი ხაზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნები, ცხადია, საქართველოს ჩათვლით, საკუთარ ტყავზე სრულად განიცდან ყველა იმ გამოწვევას, რაც „ცივი ომის“ დასასრულმა ე.წ. ბუფერული ქვეყნების ბედის გაურკვევლობის მიმართ წარმოშვა. ნიშანდობლივია ასევე, რომ არათუ ამ ორ დიდ სამყაროს შორის, არამედ ბუფერის ორივე მხარეს მიმდინარე შიდაპოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ და რყევებმა (საერთაშორისო ურთიერთობათა დღემდე აპრობირებული სისტემების (დროებითი?) ჩამოშლა, დამკვიდრებული პოლიტიკური და სოციალური ნორმების ეროზია და ა.შ.)  გააათმაგა ჩვენს წინაშე აღმოცენებული გამოწვევები და მეტად გაართულა მოვლენათა განვითარების ამოცნობა. პროაქტიული გათვლების გასაკეთებლად, ადრე არაპროგნოზირებად რუსეთს ეხლა უკვე ნაკლებადპროგნიზირებადი თურქეთიც დაემატა. ახალი შინაარსით აღმოცენებული ეს თურქული კომპონენტი შიდა და გარე პოლიტიკური ხაზის სპეციფიკით აიხსნება, რაც გამოვლენას ჰპოვებს არაერთ კერძო საკითხში, იქნება ეს თურქეთის მხრიდან მზარდი „აგრესიულობა“ ნატო-ს  ფორმატის ფარგლებში, თუ თურქულ სრუტეებზე უპირობო კონტროლის სურვილი. ჩემოთვლილი საკითხების თუნდაც ზოგადი მიმოხილვა აშკარას ხდის საქართველოს ირგვლივ შექმნილ რთულ რეალობას. ფაქტია, რომ მკაფიო საგარეო მოქმედებები, ისევე როგორც ინერტულობა, სულ სხვა ფასს და დატვირთვას იძენს მოსალოდნელი შედეგის მხრივ, ხოლო რისკის ანალიზი, როგორც ადრე არასდროს, ისე მოითხოვს ტექნიკურად პედანტურ და უემოციო გათვლას. ამ დათქმის ფეხდაფეხ, დროა, საძიებო საკითხის ცალკეულ ასპექტებს შევეხოთ, რაც ხელს შეგვიწყობს ერთიანი სურათი უკეთ დავინახოთ.


რუსული გეოპოლიტიკური ვექტორები


თანამედროვე რუსული გეოპოლიტიკური მოძღვრება რუსეთის, როგორც „აუცილებელი ქვეყნის“ (indispensable nation), როლის ხაზგასმას ემსახურება. წამყვანი რუსი ექსპერტები და „თინქ თენქები“ (რომელთა უმეტესობა, მართალია, კრემლთან დაახლოებული სტრუქტურებით ფინანსდება) ამტკიცებენ, რომ ასეთი როლის პრაქტიკული რეალიზების სიბრტყეში რუსეთი აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს მსოფლიო ოკეანის ისეთ არეალებში, როგორებიცაა: კასპიის ზღვა, შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სექტორი და სპარსეთის ყურე.


ამ ექსკლუზიურ სიაში რუსული დოქტრინა განსაკუთრებულად შავ ზღვას გამოარჩევს და მას ცენტრალურ ადგილს აკუთვნებს ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვების ერთიან „სამკუთხედში“. მათი შეფასებით, სწორედ მოცემული სამკუთხედიანი კონფიგურაცია იძლევა ახლო აღმოსავლეთზე, სამხრეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ვრცელ არეალზე რუსეთის გავლენის პროეცირების საშუალებას. აღნიშნული მიდგომის ოდნავი, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ საყურადღებო, მოდიფიცირებაა შავი და კასპიის ზღვების ერთიან მაკრო რეგიონად წარმოდგენა, რაც რუსულ გავლენას, თითქოსდა, გზას უხსნის ცენტრალურ აზიაზე, ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთზე (რუსული ექსპანსიის ერთგვარად ტრადიციული მიმართულებები).


აქ დასახელებულ დოქტრინალურ ხედვას თავისი იდეოლოგიური და პრაქტიკული მხარე აქვს. იდეოლოგიურთან დაკავშირებით, ბოლო ორი ათწლეული რუსეთი (ყოველ შემთხვევაში, ოფოციალური და მასთან დაახლოებული სამეცნიერო ელიტა) მკვეთრად მიდრეკილია ამტკიცოს, რომ საერთო-ევროპულ ან დასავლურ ცივილიზაციასთან მისი სრულფასოვანი სინერგია წარუმატებელი ექსპერიმენტია. მეტიც, რუსეთში მოწინავე ვალდაის კლუბის პოზიციაა, რომ, მართალია, ქვეყანამ საბოლოოდ არ უნდა უარყოს ევროპული კულტურის ფესვები, მაგრამ არც აზიურ წარმომავლობაზე უნდა თქვას უარი. ცივილიზაციურ კუთვნილებაში ასეთი გაურკვევლობის შედეგად, რუსულ ოფიციოზს და დაახლოებულ სამეცნიერო წრეებს დასჭირდათ დასავლური ცივილიზაციისათვის ალტერნატივის მოძებნა და ესეთად რუსული სახელმწიფოს იდეოლოგთა მიერ ე.წ. „დიდი ევრაზიის“ კონცეფცია დასახელდა. მან პრაქტიკულად ჩაანაცვლა „დიდი ევროპის“ - ჩრდილოეთით - ირლანდია/ნორვეგიიდან და სამხრეთით - თურქეთამდე, ხოლო დასავლეთით პორტუგალიიდან და აღმოსავლეთით - რუსეთამდე, ერთიანი სივრცის იდეა, და ამ ჩანაცვლების რეალიზაციის ათვლის წერტილად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი უნდა განვიხილოთ.


სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ უარყოფამდე რუსეთი ერთი ნახტომით არ მისულა და ამ უარყოფას წინ ე.წ. „ლისაბონიდან -ვლადივოსტოკამდე დიდი ევროპის“ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ხედვასთან მორგების მცდელობა უსწრებდა წინ. ასე მაგალითად, 1990-იანებში ხელი მოეწერა არაერთ სამართლებრივ აქტს (რუსეთისა და ევროკავშირის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე 1994 წლის შეთანხმება, 1996 წელს რუსეთის გაწევრიანება ევროსაბჭოში, რუსეთსა და ნატო-ს შორის ორმხრივი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების 1997 წლის დამფუძნებელი აქტი, და სხვა), რითაც რუსეთი, თითქოსდა, გზას იკაფავდა ევროპული ცივილიზაციური იდენტობისაკენ და „დიდი ევროპის“ ორგანულ ქსოვილში დამკვიდრებისაკენ.  მაგრამ, ჯერ რუსეთის 2008 წლის აგრესიამ საქართველოს მიმართ, ხოლო შემდგომში ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში ომმა, არსებითად, წერტილი დაუსვა „დიდ ევროპაში“ რუსეთის შესაძლო ინტეგრირებას.


არსებობს მოსაზრება, რომ, თითქოსდა, „დიდი ევროპისაგან“ რუსეთის გაუცხოვება არამხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ ასევე დასავლეთის დამსახურებაა; რომ, ვითომდა, დასავლეთმა ბოლომდე ვერ ან არ მოისურვა აღექვა უსაფრთხოების ცნების კრემლისეული გაგება და გაეთვალისწინებინა საფრთხეების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება. მეტიც, - ზოგიერთი მკვლევარი უფრო შორს გაიჭრა ამ დისპუტში როდესაც ამტკიცებს, რომ დასავლეთმა ხელის მოსმით უარყო რუსეთის შეთავაზება საერთო ევროპული უსაფრთხოების ისეთ მოდელზე, რომლის ყველა მონაწილე მხარე თანაბარუფლებიანი ბენეფიციარი უნდა გამხდარიყო. მათი ნათქვამით, დასავლეთის მოთხოვნა იყო რუსეთის მიერ ამ მოდელის ფარგლებში დასავლური ინსტიტუტების უპირატესობის აღიარება და მათთან რუსული ინტერესების დაქვემდებარება. ფაქტია, რომ ასეთი აზრი დროდადრო თავს იჩენს სხვადასხვა წყაროში, მაგრამ აქ მთავარი მაინც დოკუმენტური მასალა და წყაროთა სანდოობაა. ასე მაგალითად, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დეკლასიფიცირებულ 1993 წლის სექტემბრის შიდა მემორანდუმზე დაყრდნობით, დასავლეთი რეალურად განიხილავდა ნატო-ში რუსეთის გაწევრიანებას 2005 წლისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის ირვლივ მსჯელობა შემდგომშიც დოკუმენტური მასალის, და არა მოგონებების ან სხვა პერსონალური გადმოცემების მოშველიებით უნდა გაგრძელდეს.

       
ჯამში ფაქტია, რომ „დიდი ევროპის“ სანაცვლოდ, რუსულმა იდეოლოგიამ დოქტრინალური სიმძიმე ეხლა უკვე აღმოსავლეთისკენ - „დიდ ევრაზიულ სამყაროზე“ გადაიტანა, რომლის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 2008 წელს დსთ-ის ბიშკეკის შეხვედრა, საიდანაც 2014 წელს უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირი დაიბადა. ხოლო დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის ნაცვლად ფსონი ჩინეთთან რუსეთის ალიანსზე, - როგორც „ერთპოლუსიანი სამყაროს“ ეფექტიან საპირწონეზე - გააკეთა. რუსეთის ხელისუფლების და პოლიტოლოგების შეფასებით, სწორედ რომ რუსულ-ჩინური ტანდემი მოიაზრება „დიდი ევრაზიის“ ფუნდამენტად. მის ფარგლებში ეს ორი სახელმწიფო უკვე თავისი შეხედულებებით განსაზღვრავენ და განუსაზღვრავენ სხვებს ქცევის წესებს და, ზოგადად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალ სისტემას ჩამოაყალიბებენ. ასეთი სისტემის სიახლე რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპიდან ამოვა, კერძოდ, უნივერსალიზმის უარყოფა, „ეროვნული სუვერენიტეტის“ პატივისცემა და სხვის საქმეებში ჩაურევლობა (რაც, ფაქტობრივად,  გავლენათა სფეროების გასწვრივ გამყოფი ხაზების აღიარებას ითვალისწინებს), ეკონომიკური ღიაობა (ესეც იმ პირობით, რომ „დიდი ევრაზიის“ პროექტის ფარგლებში ეკონომიკური ინტერესები უმეტესად პროექტის ძირითად მონაწილეებს შორის გადანაწილდება), „ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა“ და „ევრაზიულ ცივილიზაციათა შორის დიალოგი“. თუმცა, რუსეთი ბოლომდე კომფორტულად არც ჩინეთთან ალიანსში გრძნობს თავს. მოსკოვის სურვილია, რომ ევრაზიულ პროექტში, ამჯერად, ჩინეთის საპირწონედ ჩართოს ინდოეთი და ირანი (ე.წ. „რბილი ორპულისოანობა“). თუმცა, ასეთი შიდა კონსტრუქცია და მასთან დაკავშირებული ჭრელი მოზაიკა უკვე ცალკე განსახილველი თემაა.

                   
მოცემულობაა ისიც, რომ რუსეთის „რებალანსირების აქტი“ დასავლეთისგან აღმოსავლეთისკენ პრაგმატული მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. უწინარესად, ევრაზიული პროექტის მოშველიებით მოსკოვი ცდილობს, შავი და კასპიის ზღვების პროექტისათვის საყრდენ მაკრორეგიონში, დასავლეთის ინტერესების მაქსიმალურ შემცირებას (ამ რეგიონიდან დასავლეთის სრული გაძევებისათვის რუსეთს არც საკუთარი და არც მოკავშირეთა რესურსი საკმარისად არა აქვს), ან ამ ინტერესების ისეთ გადალაგებას, როდესაც დასავლეთი თავად იქნება დაინტერესებული ითანამშრომლოს რუსეთთან ცალკე თემატურ ან ვიწრორეგიონალურ საკითხებზე. სხვაგვარად თუ ვიტყვით, რუსული რებალანსირება გლობალური ტრანზაქციური ტრენდის გამოძახილია, რომლის არსია, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ფლუიდური და პრაგმატული პარტნიორობა ინტერესთა ტაქტიკური (და არა სტრატეგიული), შედარებით მოკლევადიანი (და არა უვადო, ან - ხანგრძლივი ვადით), ისევე როგორც სიტუაციური (პირდაპირი და ღია კონფრონტაციის თავიდან აცილებით) და ეკონომიკური სარგებლის დამთხვევის პირობით. ეს ყოველივე „დიდი ევრაზიის“ იდეოლოგიურ ასპექტზე.


ვინაიდან, უკვე ვახსენეთ რუსული გაგებით „დიდი ევრაზიის“ დოქტრინის პრაქტიკული მხარე, მიზანშეწონილია, ორიოდე სიტყვა ამაზეც ითქვას. საქმე ისაა, რომ ისტორიულად რუსეთი ყოველთვის სამხრეთისაკენ მიისწრაფვოდა. ჯერ კიდევ რუსი სახელმწიფო მოღვაწის პოტიომკინის თქმით, „რუსეთის ბედი მისი სამხრეთითაა“, ხოლო ეს სიტყვები მეტად კონკრეტულ ქმედებაში გადაითარგმნა ბალკანეთში, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში რუსული გავლენის დომინაციით. ჩვენს დროში, ამ პოლიტიკურმა ხაზმა ქართული მიწების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაში ჰპოვა გაგრძელება, რამაც გაყინა (მინიმუმ, განჭვრეტად პერსპექტივაში) რუსეთის „დიდი ევროპისაკენ“ დაახლოების პროცესი. ამავდროულად, რუსეთის საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიამ მსოფლიოს დაანახა, რომ იქ, სადაც ეს გაუვა, რუსეთი არც ხისტი ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს. დოქტრინის პრაქტიკულ მხარეზე საუბრიდსას აუცილებლად აღსანიშნავია მოსკოვის მიერ დანერგილი ე.წ. „უარყოფისა და იძულების“ ტაქტიკა შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონში. დღემდე ტაქტიკა ნაწილობრივ ამართლებს, ხოლო მისი ძირითადი დანიშნულებაა დასავლური (უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს) ინტერესების ნეიტრალიზებაა იქ, სადაც ეს შესაძლებელია („უარყოფის“ კომპონენტი) და ამ ინტერესების ევრაზიიდან სადმე სხვა მიმართულებით გადამისამართებისადმი ხელშეწყობა (მაგალითად, სამხრეთ ჩინეთის ზღვის აუზისაკენ). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ „უარყოფა“ განსახორციელებლად შეუძლებელია, დასავლეთის იძულება რუსეთთან თანამშრომლობაზე ამ უკანასკნელის ინტერესების გათვალისწინებითა და უპირატესობით („იძულების“ კომპონენტი). რუსული „უარყოფისა და იძულების“ ტაქტიკა არ წარმოადგენს სტატიკურ მოცემულობას და იგი დღესაც ტრანსფორმირებას განიცდის. სავსებით მოსალოდნელია, რომ რაღაც ეტაპზე ეს მიდგომა თავიდან ბოლომდე ტრანზაქციური გახდეს, როდესაც ესა თუ ის ნაბიჯი ჭარბი ეკონომიკური მოლოდინით იქნება ნაკარნახევი, ხოლო წმინდა გეოპოლიტიკურად „წითელ ხაზებს“ მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა მიეცემა. მაგრამ ეს თუ სხვა განვითარება მეტნაკლები ალბათობის თეორიიდანაა და ამ მომენტში ცალსახა დასკვნა მეტად რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ უნდა განაგრძოს მოვლენებზე რაციონალურად დაკვირვება და ანალიტიკურად თვალი მიადევნოს ფორმირების პროცესში მყოფ რამდენიმე საინტერესო გეოპოლიტიკურ მოვლენას.

 
საგულისხმოა, თუ რამდენად ურისკოა „დიდი ევრაზიის“ იდეა რუსეთისათვის და რა შესაძლო საფრთხეებს უქმნის მას პროექტის სრულად ამოქმედება? პირველ რიგში, აქ არის იმის რისკი, რომ რუსეთი შეიძლება თანდათანობით ჩინეთის დე ფაქტო თანაბარწონად სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორიდან დე ფაქტო უმცროს პარტნიორად შეიძლება გადაიქცეს. ვიმეორებთ, რომ ეს რისკი მხოლოდ შესაძლებელთა კატეგორიიდანაა. თუმცა, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და მის თავიდან არიდებაში რუსეთს ვერც ე.წ. ინდურ-ირანული (მეტად უცნაური) დუეტი ვერ წამოეშველება. უფრო მეტიც, ამ დელიკატურ ფაქტორზე მსჯელობისას ერთია მოსკოვის სურვილი და შესაძლებლობები, ხოლო მეორეა საკუთრივ პეკინის ევრაზიული პოლიტიკა. ჯერჯერობით, მოცემულობა იტანს რუსულ-ჩინურ თანამშრომლობას, მაგრამ კვლავ საკითხავია ამ თანამშრომლობის სტრატეგიული ბუნება. ისევე როგორც, საკითხავია თუ რამდენად მისაღებად მიიჩნევს ჩინეთი რუსეთის, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების „ბროკერის“ შეუზღუდავ მანდატს? როგორ თანაიარსებებენ ევრაზიაში რუსული და ჩინური სტრატეგიული ინტერესები, როდესაც ურალის მიღმა რუსულ ტერიტორიაზე დემოგრაფიული თანაფარდობა მოსკოვისთვის განგაშის ზარის ტოლფასია? რუსეთის გეოპოლიტიკური აზრის ევოლუციაზე საუბრისას, საინტერესოა, თუ რამდენად შესაძლებელია რუსეთის ხელახალი შებრუნება „დიდი ევროპისკენ“? საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის, როგორც მეზობელი ქვეყნისათვის, მაგრამ აქაც დამაჯერებილი პასუხის ჩამოყალიბება რთული საქმეა. ალბათ, მკვლევართა მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ გაბედავს ამ კითხვაზე დადებით პასუხს. ასევე, დიდი ალბათობით, შესაძლო დადებითი პასუხის დასაბუთებად დასახელდება, რომ რუსული საზოგადოებრივი ქცევის ნორმები ევროპულთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე აზიურთან; რომ ევროპა ერთადერთი რეალური იმედია რუსეთის მოდერნიზაციისათვის, მაშინ როდესაც აზია რუსეთს ნედლეულის მომწოდებლად  და აზიური ექსპორტის დანიშნულებად განიხილავს მხოლოდ; რომ რუსეთი არ/ვერ შეძლებს მსხვილ აზიურ ქვეყნებთან (ჩინეთი, ინდოეთი) წარმატებულ და გრძელვადიან კონკურენციას, ხოლო მეტნაკლებად თანაბარ კონკურენციას იგი ევროპას გაუწევს; ისევე როგორც ერთ-ერთ, ხოლო მოსასმენად უჩვეულო არგუმენტად, დასახელდება რუსეთისა და ევროპის სტრატეგიული კავშირი აშშ-სა და ჩინეთის გავლენის შესაკვეცად. 

             
ერთი სიტყვით, რუსეთის შიდა და გარე ორბიტაზე პროცესი საკვლევად მდიდარ მასალას გვთავაზობს. მისდამი არც სწორხაზოვანი მიდგომა გვარგებს და იმგვარი გართულება, რომლის შედეგადაც ჩვენ თვითონვე ვკომპლექსდებით. არც ის მიდგომა იქნება გამართლებული, რუსული მოვლენა გლობალური პროცესისგან იზოლირებულად განვიხილოთ და არა - ახალი (უ)წესრიგ(ობ)ის ფორმირების კონტექსტში. მიდგომაში ნებისმიერ ასეთი უკიდურესობას ყალბ შეფასებამდე მივყვავართ, ხოლო ასეთ შეფასებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები საბედისწორო შეიძლება აღმოჩნდეს.

 
თანამედროვე გარდასახვა თურქულად


ჩვენთვის თურქეთი საინტერესოა არა მარტო მასთან მეზობლობის გამო, არამედ ცვლილებების იმ სიღრმითა და ტემპით, რასაც ეს ქვეყანა ჩვენს თვალწინ განიცდის ბოლო ათწლეულებში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რეალურად, ჩვენი სამხრეთელი მეზობელი ისეთ სახელმწიფოდ ყალიბდება, რაც რადიკალურად განასხვავებს მას ჩვენი თაობისთვის აქამდე ნაცნობი თურქეთის იმიჯისგან. ამ გარდასახვის არსი ფუნდამენტურია, ვინადაინ იგი უკავშირდება ამჟამინდელი თურქული პოლიტიკური ელიტის ძალისხმევას თურქეთი „რეგიონალურ სუპერსახელმწიფოდ“ აქციოს.


ეს პროცესი მრავალწახნაგიანია, რამდენადაც ის ერთდროულად როგორც საშინაო, ისე რეგიონული რესტრუქტურიზაციის კონტექსტშია ასახული. თურქეთის ხელმძღვანელობის წინაშე არსებული პრობლემატიკის მხოლოდ არასრული სტატისტიკური ჩამონათვალი საკმარისი ხარისხით წარმოაჩენს თურქული გეოპოლიტიკური დრამის ყველა შუქ-ჩრდილს. მიმდინარე დილემებს შორისაა როგორც თურქული გავლენის პოზიციონირება სირიაში, ისე ამ გავლენის რუსეთის მოლოდინებთან შეწყობის მცდელობა, მსგავსი კომბინაციის სურვილი შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონში, ურთიერთგამომრიცხავი ინტერესების მქონე მოთამაშეებთან ბალანსის პოვნა ხმელთაშუა ზღვაში, და შედეგად - თურქეთის ახალი ადგილის ძიება ახლო აღმოსავლეთის და გლობალურ რუკაზე. ამით თურქული პრობლემური დღის წესრიგი არ იწურება. მას, აგრეთვე, ემატება თურქეთსა და ნატო-ს შორის გაურკვევლობა, რის შედეგადაც ანკარა მაქსიმალური სარგებელის მიღებას ცდილობს ალიანსში არსებული წინააღმდეგობების გამო, - და ევროკავშირთან გამოწვევებით აღსავსე ურთიერთობა.  ყოველივე ამის მიუხედავად, „თურქული გეოპოლიტიკური რენესანსი“ ცდილობს დრო იხელთოს და სარგებელით ივაჭროს, რაშიც მას დიდწილად ეხმარება რეგიონალურ ძალთა გადანაწილების მე-20 საუკუნის მიწურულს მიღწეული სისტემის ფრაგმენტაცია. მოკლედ რომ ითქვას, ერთ-ერთი ამერიკელი დიპლომატის ენით, „თურქეთი იქცევა ისე, როგორც უკეთესია თურქეთისათვის“. ალბათ, ამ უაღრესად კომპაქტურ გამონათქვამში უნდა ვეძებოთ თურქული პარადოქსის ახსნა, ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენც თურქეთთან ქართული პოლიტიკის შემუშავებისას.


ცხადია, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებს უყურადღებოდ არ ტოვებს რეგიონში მისი ერთდროულად მთავარი მეტოქე და პარტნიორი - რუსეთი. თუმცაღა, რა უყურადღებობაზეა საუბარი იმ ვითარებაში, როდესაც რუსული „დიდი ევრაზიის“ სიცოხლისუნარიანობისათვის აუცილებელი სამხრეთის მიმართულება დიდწილად რუსეთისა და თურქეთის სიტუაციურ მეგობრობა-პაექრობის გრადუსზეა დამოკიდებული. ამ ორი ქვეყნის საერთო კვეთის მტკივნეულ წერტილებზე ამ სტატიაში უკვე გვქონდა საუბარი. მაგრამ  დამატებით შეხსენების ღირსია რუსული პოლიტიკის ჰიბრიდულობა თურქულ თემატიკასთან, როდესაც მოსკოვის ზრახვაა სრულად  მოიმკოს თურქეთსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს შორის უთანხმოებით, და ეს უთანხმოება შეუქცევად განხეთქილებაში გადაზარდოს. სწორედ ამ განზრახვას ემსახურება არაერთი რუსული აქცია, დაწყებული სირიაში ანკარასთან თემატური თანამშრომლობით, - უწინარესად ვაშინგტონის ინტერესების საზიანოდ და დამთავრებული თურქეთისათვის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის  მიწოდებით ნატო-ს ამკრძალავი ზომების საწინააღმდეგოდ.


როგორიც არ უნდა იყოს თურქული საგარეო პოლიტიკის დახასიათება, მან გულგრილი არცერთი დაინტერესებული მხარე არ დატოვა. თვალშისაცემია ის გარემოება, რომ რიგ ქვეყნებში ინტერესების დაფიქსირებით, ჩვენმა სტრატეგიულმა მეზობელმა საკუთარი “დაფარვის ზონა“, ფაქტობრივად, ოსმალეთის იმპერიის არეალს მიუახლოვა. ამ პროცესებში, თურქეთი, მსგავსად რუსეთისა, ზოგან უშუალოდაა წარმოდგენილი საკუთარი სამხედრო კონტინგენტით, ზოგან მისი არაპირდაპირი წარმომადგენლობა - „რწმუნებული“ (proxy) ძალების სახით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ორივე ელემენტს ერთმანეთს უთავსებს. გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პარალელურად  იზრდება თურქეთის სამხედრო ბიუჯეტი, ხოლო არმიისა და, განსაკუთრებით, საზღვაო ფლოტის მოდერნიზება დღემდე არნახულ მასშტაბს იძენს.

 
ბოლოდროინდელ შორსმიმავალ მოვლენებს შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა თურქეთის ინტერესი ლიბიის მიმართ, სადაც ანკარამ წლის დასაწყისში სამხედრო  კონტინგენტი მიავლინა. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ამა თუ იმ ფორმით თურქული გავლენა არც მანამდე იყო გასაკვირი, ხოლო ჩრდილოეთ კვიპროსზე თურქეთის სამხედრო კონტინგენტი დიდი ხნის შემდგარი ფაქტია. მაგრამ მანამდე არსებული პრეცედენტებისგან განსხვავებით, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ სექტორში - ლიბიაში ჯარის ნაწილების გაგზავნა თვისობრივად ახალი ფურცელია თურქეთის „რეგიონალურ ზესახელმწიფოდ“ ჩამოყალიბებისას. საქმე ისაა, რომ ლიბიური ნავთობის მდიდარი მარაგი დიდად წაადგება თურქეთის დამაჯერებლობას რეგიონში, გაცილებით ნაკლებად დამოკიდებულს გახდის ქვეყნის სამრეწველო და სამხედრო კომპლექსს ნავთობით ისეთი მომმარაგებლებისგან (რუსეთი, ირანი, სირია, არაბული ქვეყნები...), ვისაც ამით თურქეთისთვის თავისი ინტერესების კარნახი შეუძლია. უდავოა, რომ თავად ლიბია ჯერ კიდევ შორსაა სტაბილურობისგან, მაგრამ თურქეთის მხრიდან ლიბიური ფსონი უკვე წინსწრებით შეტანილი განაცხადია (იგივეა რუსეთის მხრიდან, რომელიც გენერალ ჰაფტარის ხელით ცდილობს ლიბიაში ადგილის დაიმკვიდრებას).


ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის გააქტიურება, პოტენციური კონფლიქტების წინაპირობაა არა მარტო რუსეთთან, არამედ ისრაელთან, ეგვიპტესა და საბერძნეთთან. მეტიც, - აქ ეკონომიკური ინტერესი კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი) აქვს. მით უფრო თვალსაცემია რეგიონში თურქეთის პრინციპული გააქტიურება და ასეთ აქტიურობასთან დაკავშირებული შორი შედეგები და რისკები. ხოლო აშშ-სა და ირანს შორის კრიზისში შუამავლობის შეთავაზება დამატებითი მყარი სიგელია თურქული რეგიონალური ეგოსთვის.

 
ასეთია ამ კომპლექსური საერთო სურათის საყურადღებო კონტურები, რომელთა მონიშვნა ყოველთვის სასარგებლოა ცალკეული ასპექტების უკეთ გასააზრებლად. მიუხედავად ამ ცალკეული ასპექტების ერთი შეხედვით დაქსაქსულობისა, ჩვენი აზრით, მაინც შესაძლებელია მათი იმგვარად თავმოყრა, რაც ქართული სადღეისო და სახვალიო ოპტიკის ფოკუსირებას წაადგება: ჩვენი აზრით, ერთის მხრივ, ესაა თურქეთისა და რუსეთის ურთიერთმიმართება (თანამშრომლობაც და მეტოქეობაც), ხოლო, მეორეს მხრივ, თურქეთისა და ნატო-ს (ძირითადში კი, - აშშ-ს) ბოლო პერიოდის გართულებული თანამშრომლობა. ამ ორივე მიმართულებაზე უკვე გამოვთქვით რამდენიმე შეფასება, მაგრამ აქვე გვსურს დამატებით კიდევ ერთი, თუნდაც ძალზე თეორიული, მოსაზრება შემოგთავაზოთ. დღევანდელ მსოფლიოში ხომ არცთუ იშვიათად თეორიული მოდელები სწრაფად შეიმოსებიან ხოლმე პრაქტიკული შინაარსით. კერძოდ, კვლავ თურქეთისა და რუსეთის „სტრატეგიულ ტანდემს“ თუ მივუბრუნდებით, შეჯამების სახით დავძენთ, რომ ამ ტანდემის რეალურ სიმტკიცეს რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. დავიწყოთ იმის ხსენებით, რომ ქვეყნების ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი რთული ისტორია ამძიმებს და ამ სიმძიმეს გადმოყოლილი უნდობლობა. ამის გარდა, ძალზე სათუოა რიგ საკითხებსა თუ გეოგრაფიებში თურქულ-რუსული ინტერესების თანაარსებობა იმანენტური წინააღმდეგობების გამო. ამის სამაგალითოდ შავი ზღვის რეგიონიც კმარა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არაერთი კონფლიქტის მოწმე გამხდარა. თანმდევ ორმხრივ უთანხმოებას, ასევე, ხელს უწყობს თურქულ სრუტეებზე ანკარას კონტროლის ზრდა რუსეთის მხრიდან შავი ზღვის „დახურულ ზღვად“ გადაქცევის მცდელობის ხარჯზე (აზოვის ინციდენტი). მართალია, თურქულ სრუტეებზე მონტრეს კონვენციით (ხოლო შემდგომში, შიდა კანონმდებლობით) განმტკიცებული თურქული კონტროლი თანაბრად გამოწვევაა ნატოსთვისაც, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში საგრძნობლად ეზღუდება შავ ზღვაში დაუბრკოლებლად შეღწევისა და მანევრირების საშუალება. რუსულ-თურქულ დაახლოებაზე (მაგალითისათვის, „თურქული ნაკადისა“ თუ სხვა პროექტების ფარგლებში) საუბრისას, ასევე, აღსანიშნავია ამ ორი ქვეყნის ლიდერის ურთიერთკეთილგანწყობა. უდავოა, დიდ პოლიტიკაში პირადი ურთიერთობის როლი, მაგრამ დამაფიქრებელია, თუ როგორ აისახება სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაზე ლიდერთა ცვლა, ან სულაც თავს იჩენს თუნდაც ერთ-ერთი ლიდერის ქარიზმის თავისებურება? ეს დამატებითი გარემოებაა, ვიფიქროთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსულ-თურქული პარტნიორობა გაუგებრობებისგან დაზღვეული არ არის. თურქეთსა და ნატო-სთან დაკავშირებულ მსჯელობაში აუცილებლად აღსანიშნავია თეთრი სახლის ბოლოდროინდელი რამდენიმე ადმინისტრაციის მცდელობა (დღემდე საკმაოდ უშედეგო) შეზღუდოს აშშ-ს შეიარაღებული ძალების ფიზიკური წარმომადგენლობა მსოფლიოს მასშტაბით. რეალობაა ისიც, რომ არის გეოგრაფიული არეალები, სადაც აშშ-სა და დასავლეთის ინტერესებს კიდევ კარგა ხანს დასჭირდება ადგილზე ბაზებით სამხედრო მხარდაჭერა. ახლო აღმოსავლეთი, ისევე როგორც მასთან მომიჯნავე შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონია, სწორედ ასეთი გეოგრაფიული ზონაა. გარდაუვალი აუცილებლობის გათვალისწინებით, საინტერესოა, რა იქნება თურქეთის მხრიდან აშშ-სგან მოთხოვნილი პოლიტიკური საფასური - რა თქმა უნდა, ტრანზაქციური დიპლომატიის საუკეთესო ტრადიციებში - რეგიონში ვაშინგტონის გავლენის ხელშესაწყობად, და იქნება თუ არა ამერიკული ადმინისტრაცია მზად გადაიხადოს ეს საფასური. ასე, მაგალითად, აშშ-თურქეთის ურთიერთობათა ერთგვარ ბარომეტრად იქცა ამერიკელების მიერ ინჯირლიკის საავიციო ბაზის ოპერირების თავისუფლება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტურ ზონებში ფრენების განსახორციელებლად. თუმცა, ისტორიული გადასახედიდან, ინჯირლიკი და ახლო აღმოსავლეთი არ არის ამ ორ ქვეყანას შორის შესაძლო უთანხოების პირველი კვანძი. პირველი სერიოზული კრიზისი ჯერ კიდევ 1964 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა დაგმო (ე.წ. „ჯონსონის წერილთ“) თურქეთის მაშინდელი ხელისუფლების მიერ კვიპროსელი თურქების მხარდაჭერა და დაემუქრა ანკარას ამ უკანასკნელის კუნძულზე პირდაპირი ინტერვენციის შემთხვევაში (მუქარის მიუხედავად თურქეთმა ინტერვენცია მოგვიანებით, 1974 წელს მაინც განახორციელა). ამდენად, ისევ და ისევ თეორიული მოდელირების ფონზე, რამდენად შესაძლებელია, ურთიერთობებში შემდგომი მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი სერიოზულად დაფიქრდეს ახლო აღმოსავლეთის მახლობლად თურქეთის ალტერნატივაზე?  პასუხობს თუ არა რუმინეთში დღეს არსებული სამხედრო ბაზა სრულად რეგიონში ალიანსის  მოთხოვნებს და ხომ არ დადგება დღის წესრიგში შავიზღვისპირეთში კიდევ ერთი, - ძირითადი თუ სადათარიგო - ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობა? გავიმეორებთ, რომ რამდენადაც ექსპერიმენტული არ უნდა იყოს საკითხის ჟღერადობა, ვფიქრობთ, რომ საქართველოს როგორც „ახლო საზღვარგარეთის“ პოლიტიკის, ისე ზოგადად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმარებისას, ყველა შესაძლო სცენარი ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.


დასკვნები შემდგომი მსჯელობისათვის


მიმდინარე პროცესების ბუნება გვაფიქრებინებს, რომ ევრაზიული სივრცე დიდ სახელმწიფოთა შორის გავლენათა გადანაწილებისათვის დაპირისპირების მთავარ ასპარეზად მოიაზრება. ეს ის მოცემულობაა - ჰობსის მიერ აღწერილი სამყაროს პირობების რეალიებში - რომელშიც ქართულ სახელმწიფოს კიდევ მრავალი წელი მოუწევს ფუნქციონირება და განვითარება. ეს არა მარტო ჩვენ განწყობას, არამედ ყველა ეროვნული რესურსის - ინფრასტრუქტურულის, მორალურის და ინტელექტუალურის - მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. არაერთი მკვლევარი არსებულ გლობალურ ტრენდს „რეალპოლიტიკას“ უწოდებს. ჩვენი აზრით, ეს ბოლომდე შესატყვისი დახასიათება არ არის, ხოლო უფრო რეალისტური და პოპულარული ენით თუ ვისაუბრებთ - მსოფლიო უკვე შევიდა უკიდურესად პრაგმატულ მიდგომაზე დაფუძნებულ ურთიერთობათა ახალ სისტემაში, რომელშიც გეოპოლიტიკური ეგოცენტრიზმი ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. შესაბამისად, მაღალი ალბათობაა, რომ ძლიერი რეგიონალური და ზერეგიონალური ქვეყნები არ იუარებენ გარიგებათა პრაქტიკას გავლენათა სფეროების გადასანაწილებლად, რაც უწინარეს ყოვლისა, საერთაშირისო სამართლს და მცირერიცხოვანი ერების ინტერესებს აზიანებს. გაცილებით მეტ მიმდევარს გაიჩენს ე.წ. „ეროვნული სუვერენიტეტის“ ან „სუვერენული დემოკრატიის“ იდეაც, რომელიც კიდევ ერთი დამხმარე ინსტრუმენტი იქნება „რჩეულთა გლობალური კლუბის“ წევრების მხრიდან საკუთარი ექსკლუზიური ინტერესების გასატარებლად, ეკონომიკურად „კორპორატიული“, დიპლომატიურად „ტრანზაქციური“ და პოლიტიკურად „რეალური“ პრინციპების დასანერგად. ამავდროულად, იმატებს მსოფლიო თამაშის ახლებური წესების შესაფუთი თეორიული მასალა. ახალი დაყოფების, გაყოფების, დაჯგუფებების და გაერთიანებების კლასიფიკაციები კიდევ უფრო გამრავლდება და მათ მრავალფეროვნებაში შევხვდებით ისეთებს, როგორებიცაა, მაგალითად, ისეთი „მუტანტური სიმბიოზები“, როგორცაა დემოკრატია და ავტორიტარიზმი, კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი, ქაოსი და წესრიგი, მორალურად გახრწნილი ღირებულებები და ქრისტიანულად მდგრადი ფასეულობები, ეკონომიკური სისტემის დაყოფა ატლანტიკური და წყნარი ოკეანის ქვესისტემებად და ა.შ.


ევრაზიული რეგიონალური კონტურების ირგვლივ ზუსტი პროგნოზების შეუძლებლობაზე უკვე არაერთხელ ვთქვით. თუმცაღა, მიგვაჩნია, რომ მინიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ერთის მხრივ, აშშ-ისა და ევროპის ტანდემი უცვლელი დარჩება, ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთისა და ჩინეთის ირგვლივ „დიდი ევრაზიის“ პროექტის სხვა შესაძლო თანამონაწილეები მოიყრიან თავს.


ამ რთულ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის დამკვიდრება და განვითარება კიდევ უფრო რთულია. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, ეს არის გამოწვევა განსაკუთრებით ყველა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, რომლებიც გლობალური პოლუსების გამყოფი ხაზების გასწვრივ წარმოქმნილ „ბუფერებში“ მოექცნენ. ამ სპეციფიკის გათვალისიწნებით, „ბუფერულ ზონებში“ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოება და ეკონიმიკური თვითმყოფადობა საფუძვლიანად გამოსაკვლევი თემაა და მას ბოლო პერიოდში საგანგებოდ მეტი ყურადღება ექცევა. ასეთი კვლევის პროცესში საჭიროა, გვახსოვდეს, რომ ევრაზიული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური შენობა რამდენიმე მნიშვნელოვან კონსტრუქციულ ელემენტს დაეფუძნება. სახელდობრ, მაღალი ხარისხის გლობალური ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების გამო ჰიბრიდული დაპირისპირება თვისობრივად ახალ ფორმებს შეიძენს, ხოლო ეს უმთავრესად ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ სფეროებში გამოვლინდება. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ჩვეულ პრაქტიკად იქცევა ეკონომიკური სანქციები და კონტრსანქციები. კონკურენტი სტრატეგიული ბლოკები თუ სიტუაციური ალიანსები, ძირითადში, ინტერესთა გადაკვეთით იხელმძღვანელებენ, ხოლო ზემოხსენებული მაღალი ურთიერთდაკავშირებულობის გამო, რომელიმე ერთი ჯგუფის მიერ მეორეს სრული დამორჩილება ან დაქვემდებარება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. აგრეთვე, - რაც ძალზე არსებითად მიგვაჩნია - ნებისმიერი გლობალური „დიდი დაყოფა“ თუ „გადაჯგუფება“ აღარ იქნება უკვე ნაცნობი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი „ცივი ომის“ ასლი: მნიშვნელოვანწილად წარსულს ჩაბარდება მოკავშირეობისათვის იდეოლოგიური მოტივატორები თუ წანამძღვრები, ხოლო კონკრეტული ინტერესების მიღწევას, ასევე, მეტად პრაგმატული, დეიდეოლოგიზირებული და რაციონალური გათვლები დაედება საფუძვლად.

გააზიარე: