დიდი ხანია ხანგრძლივი რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფა კავკასიაში მიუწვდომელ ამოცანად რჩება. სხვადასხვა კონფლიქტები და ომები, კავკასიის უახლოესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დღეს მიმდინარე ყარაბაღის მეორე ომიც სწორედ ამას ადასტურებს.
ნებისმიერი ომი თავისი შინაარსით, ვიღაცისათვის მიუღებელი არსებული მშვიდობის სამხედრო გზით შეცვლის მცდელობაა, რის შედეგადაც მისთვის უფრო მისაღები ახალი მშვიდობა, ახალი რეალობა უნდა შეიქმნას, რომელიც აქამდე დიპლომატიური, თუ პოლიტიკური გზებით განუხორციელებელი იყო. ყარაბაღის მეორე ომიც აუცილებლად მოიტანს შესაბამის ცვლილებებს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე. დაზუსტებით რაიმის პროგნოზირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა, არის სავარაუდო ტენდეციები, რომელთა განხილვა უკვე დღეს შეიძლება.
დასაწყისისათვის, ხაზგასასმელია, რომ ხანგრძლივი კავკასიური მშვიდობა და ზოგადად ძალთა ბალანსი რეგიონში, ისტორიულად, ყოველთვის რამდენიმე უმთავრესი გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესებზე იყო დამოკიდებული. ბოლო ათწლეულებია, ეს მოთამაშეები ძირითადად: რუსეთი, თურქეთი, აშშ, ირანი და ევროკავშირი იყო. დღეს მიმდინარე მოვლენებიც სწორედ ამ მოთამაშეთა რეგიონალური ინტერესების ძალთა ბალანსის ჭრილში უნდა განვიხილოთ.
აღსანიშნავია, კონტექსტი რომელიც ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე აზერბაიჯანის მხრიდან შეტევის დაწყებას წინ უძღოდა. ეს იყო, რამდენიმე მთავარი ფაქტორის ერთობლიობა: აშშ-ის მოსალოდნელი არჩევნები, რაც ბუნებრივია ვაშინგტონის ყურადღებას რეგიონის მიმართ ასუსტებდა, ამას თან ერთვოდა რუსეთის ფედერაციაში არსებული ეკონომიკური პრობლემები, ვლადიმერ პუტინის შესაძლო წასვლის გარშემო არსებული ვითარება და რუსეთის პოლიტიკური ისთაბლიშმენტში არსებული უკმაყოფილება პაშინიანის ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.
ასევე, სახეზეა თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის უპირობო მხარდაჭერაც. თურქული მხარისათვის ყარაბაღში სიტუაციის გამწვავება, ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკული რესურსების გამო ევროკავშირთან და, პირველ რიგში, საფრანგეთთან გამწვავებული ურთიერთობებიდან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანის საშუალებასაც წარმოადგენდა. შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ომის დღეებში განაახლა თურქეთმა სამეცნიერო და გეოლოგიური მუშაობა აღნიშნულ რეგიონში.
ამასთან ერთად, როგორც სჩანს, აზერბაიჯანული მხარისათვის ცნობილი იყო რუსეთის ხელისუფლებაში პაშინიანის მთავრობის მიმართ არსებული განწყობები. ომის დაწყების დინამიკამ და რუსეთის მხრიდან განახლებულ კონფლიქტში ჩაურევლობის პოლიტიკა სწორედ ამ უკმაყოფილებისა და პაშინიანის ეწ. დასჯის ნიშნებს ატარებდა. ამას, რა თქმა უნდა, უფრო შორს მიმავალი გათვლებიც გააჩნია. დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები პროცესების ამდაგვარ „მიშვებას“ შემთხვევით არასდროს აკეთებენ. ეს შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ ორი ფაქტორით - უკიდურესი სისუსტით და პროცესებზე გავლენის მოხდენის შეუძლებლობით, ან პროცესებიდან საკუთარი სტრატეგიული ინტერესების განხორციელების შესაძლებლობის დანახვით.
ჯამში, სახეზე გვაქვს რეგიონის ორი მთავარი მოთამაშის მხრიდან პოზიციების გამყარების მაგალითი. ერთის მხრივ. თურქეთი აზერბაიჯანის წარმატების გზით მკვეთრად იმყარებს პოზიციას რეგიონში და აჩენს ახალ შესაძლებლობებს აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით, ვინაიდან აზერბაიჯანული ენერგო მატარებლების როლი თურქეთის გართულებული ეკონომიკური დინამიკისათვის სულ უფრო მზარდი ხდება. ბოლო ორი წელია აზერბაიჯანი ფაქტობრივად, თურქეთში გაზის მთავარი ექსპორტიორია. ხოლო რუსული გაზის წილი მკვეთრად შემცირდა გასულ წელს თურქეთის ბაზარზე. მეორეს მხრივ, თუ აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს და ეს წარმატებები უკვე სახეზეა, ეს ამყარებს როგორც ილჰამ ალიევის პოზიციებს ქვეყნის შიგნით, ასევე განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს უკვე უშუალოდ მოსკოვსა და ბაქოს შორის. აღნიშნულ ვითარებაში, რუსეთი შეცდება შექმნას ენერგეტიკულ სფეროში ბაქოსთან თანამშრომლობის ახალი საფუძვლები, მათ შორის მოსკოვის ნავთობის ფასებზე გავლენის პოლიტიკის წარმოების პროცესის და კასპიის ზღვის ენერგომატარებლების კონტექსტში ბაქოსთან თანამონაწილეობის კუთხით. ვერ ვიტყვით, რომ ყარაბაღის აზერბაიჯანის ფარგლებში დაბრუნება რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის დარტყმა არის დღევანდელ ვითარებაში რუსეთის ფედერაციისათვის, მისი ძირითადი სამხედრო-სტრატეგიული ბერკეტები სომხეთში და, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა კონცენტრირებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიზმა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია აღნიშნული ომის შეფასება, გახლავთ დემოკრატიის საკითხი. სამივე მთავარი მოქმედი აქტიორი რომელიც დღეს მიმდინარე ომში არის ჩართული გახლავთ რეჟიმები, რომლების ფუნდამენტურ პრობლემებს განიცდიან დემოკრატიზაციის კუთხით. სამივე დედაქალაქი, მოსკოვი, ბაქო და ანკარა, მეტწილად ავტორიტარულია. ამ კუთხით, ნიკოლა პაშინიანის მცდელობები, სომხეთის დემოკრატიზაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით, სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ომის დასრულების მერე სწორედ ნიკოლო პაშინიანის ხელისუფლების ბედი იქნება სომხეთში. ტოტალური მარცხის პირობებში, დღეს ერევანში არსებულ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება პოზიციების შენარჩუნება, მითუმეტეს თუ რევანშისტულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს მოსკოვი აქტიურად დაუჭერს მხარს. მოლოდინი იმისა, რომ წაგებული ომის გამო ანტირუსული განწყობები გადამწყვეტ უპირატესობას მოიპოვებს სომხეთის შიდა პოლიტიკაში, ჯერ-ჯერობით ნაკლებ სავარაუდოა. შესაბამისად, მოსალოდნელია ერევნის მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრის უნარი, მოახდინოს მასების მხარდაჭერის მობილიზება, სომხეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გარდამტეხი ცვლილებების მისაღწევად. თუმცა, ეს ამოცანა, დღევანდელ პირობებში ძალიან რთულია.
თუ კი მოვლენები ერევანში მოსკოვისათვის სასარგებლო მიმართულებით განვითარდება მომავალში, ეს რეგიონალურ კონტექსტში შექმნის სიტუაციას, სადაც დემოკრატიის რეგიონალურ ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდება. აღნიშნული სცენარით მოვლენების განვითარება კი, პირდაპირ ნიშნავს ზოგადად დემოკრატიული სამყაროსი და პირველ რიგში დასავლეთის, აშშ და ევროკავშირის გავლენის შემცირებას რეგიონში. მოსკოვისა და ანკარის მხრიდან ტანდემურ რეჟიმში კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობა, ზემოთ აღნიშნული ამოცანის მიღწევასაც შეიძლება ემსახურებოდეს.
ისიც უნდა აღინიშნოს. რომ ის, თუ როგორ მიმდინარეობს კონფლიქტი, კიდევ ერთხელ აჩვენებს ანკარის პოლიტიკას, რომ მთავარი რეგიონალური პრობლემების გადასაწყვეტად მას ყოველთვის აქვს მოსკოვთან მოლაპარაკებების უნარი და ამის მცდელობებს უკვე დღეს ვხედავთ. ამ სტატუსის პოზიციონირება, როგორც ჩანს ანკარის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი დემონსტრაციული ნაწილია. როგორც ყარაბაღის, ისე სირიის კონტექსტში.
ასევე აღნიშნულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ დამთავრდება არჩევნები აშშ-ში, რა ცვლილებები იქნება ზოგადად ამერიკის საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე და რა ხარისხით იქნება ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის შემადგენელი საკითხი.
ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად რუსეთის მხრიდან სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უკეთესი პირობებისა რეგიონში, როგორც ჩანს ყარაბაღის ომის დასრულების შემდგომ თურქეთის აქტიური პოლიტიკის შედეგად, ანკარის როლი და გავლენა რეგიონზე უფრო განმტკიცდება. მაგრამ, აღნიშნული შედეგების შენარჩუნება და უფრო წარმატებული განვითარება აუცილებლად იქნება დამოკიდებული, თურქეთის უნარზე გადაწყვიტოს მის წინაშე დღეს არსებული საშინაო და საგარეო პრობლემები, პირველ რიგში კი დასავლეთთან ურთიერთობების საკითხები.
ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის გზის შეუქცევადობას ორმაგი ფასი ექნება, როგორც რეგიონალური დემოკრატიული პრინციპების პერსპექტივებისთვის, ასევე საქართველოს სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისათვის. დღეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის მნიშვნელობა ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს განხილული. ფართო რეგიონალური დემოკრატიის ხარისხის მკვეთრმა დაცემამ, პანდემიისა და სხვა მიზეზებით გაჩენილი პრობლემების ფონზე, ევროპული და დასავლური აქტიორების მხრიდან სკეპტიციზმი რეგიონის მიმართ შეიძლება გაზარდოს, რაც საქართველოს ეროვნული მიზნების რეალიზაციას სერიოზული დამატებით პრობლემები შეიძლება გაუჩინოს.
დღეს ყარაბაღის მეორე ომში ჩართული უმთავრესი აქტორებიდან არცერთს არ აქვს კარგი პარტნიორული ურთიერთობა დასავლეთთან და ეს სურათი ყარაბაღის ომის შემდგომ, შეიძლება უფრო განმტკიცდეს გრძელვადიან პერსპექტივაშიც, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო რთულს გახდის. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი ნატოს წევრია, და მისი მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის თვალსაზრისით მტკიცე და განუხრელია.
რაც შეეხება ირანს, მისი პოლიტიკა რეგიონის მიმართ კვლავინდებურად რეაქტიული იქნება, ვიდრე პროაქტიული. ხოლო ჩინეთის აქტივობა, მეტწილად კვლავინდებურად ეკონომიკურ და ფინანსურ მიმართულებას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღეს ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს როლი ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, როგორც ერევნისათვის, ასევე ბაქოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი დარჩება, რაც თბილისს შესაბამისი პოლიტიკური მანევრირებისათვის შესაძლებლობებს მომავალშიც დაუტოვებს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ დიდი გეოპოლიტიკური ძვრები არ ხდება დიდი მოთამაშეების და მათი ინტერესების რეალიზაციის მცდელობის გარეშე. ასეთ გარემოში, მცირე სახელმწიფოთათვის, ისეთი როგორიც საქართველოა, რომელთაც ნაკლები ბერკეტები გააჩნიათ მათი ეროვნული უსაფრთხოების გარემოზე ზემოქმედებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ძალაუფლების ელემენტების განვითარება და განმტკიცება.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ძალაუფლების ელემენტები, პირობითად, იყოფა ნატურალურ და სოციალურ დეტერმინანტებად. ნატურალური მოიცავს: გეოგრაფიას, პოპულაციას და ბუნებრივ რესურსებს. სოციალური აერთიანებს: ეკონომიკას, პოლიტიკას, სამხედრო სფეროებს და სხვას. დაყოფა პირობითია და ზოგჯერ მკვეთრი ზღვარის გავლება, მათ შორის, შეუძლებელიც არის, თუმცა სწორედ ამ ელემენტების განვითარება და განმტკიცება უნდა იყოს ქართული პოლიტიკის უმთავრესი დღის წესრიგი ახლო და საშუალო ვადიან პერსპექტივაში. დღეს ერთი თვალის შევლებითაც ნათელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების თვალსაზრისით, საქართველო რეგიონალური და საშინაო გამოწვევების ადეკვატური ვერ არის, განსაკუთრებით კი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.
როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენები, აუცილებლად მოითხოვს საქართველოში საგარეო და საშინაო პოლიტიკის ახლებურ გადააზრებას, მეტი პრაგმატიზმისა და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას, რის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაც, ქვეყნის ევოლუციური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობა უნდა იყოს.