„ევროპა გამოდის ინიციატივით და აშშ-ს სთავაზობს ახალ დადებით დღის წესრიგს - ჯანდაცვა, კლიმატი, დიჯიტალიზაცია, წესებზე დაფუძნებული მულტილატერალური სისტემის რეფორმირება. ჩვენ ერთობლივი „ლიდერშიფით“ უნდა ვუპასუხოთ დღევანდელ გლობალურ გამოწვევებს“ - მიიჩნევს ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ვონ დერ ლაიენი.
2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელი ხალხის უმრავლესობამ მხარი დემოკრატების კანდიდატ ჯო ბაიდენს დაუჭირა. არჩევნების ასეთი შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ აყენებს საერთაშორისო ლიბერალურ წესრიგს და იგი მეტწილად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ნორმალიზაციის ხელშემწყობ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ.
არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის გამარჯვებას ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს - ევროპელები, პირველ რიგში, საერთო დასავლური ღირებულებების გამარჯვებად აფასებენ, რაც ფუნდამენტური გახლავთ ევროპულ-ამერიკულ ურთიერთობებში. აღნიშნულს თან ერთვის ის იდეურ-პოლიტიკური თანხვედრა, რაც ისტორიულად ევროპელებს და ამერიკელებს ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობების წარმართვის პროცესში დემოკრატი პრეზიდენტების მმართველობის დროს უფრო ჰქონდათ, ვიდრე რესპუბლიკელი პრეზიდენტების.
ჯო ბაიდენის გამარჯვება, გარკვეულწილად, ევროპის ერთიანობის გამყარებასაც ნიშნავს, ვინაიდან დონალდ ტრამპის სახით, დღეს, ევროპულმა პოპულისტურმა მოძრაობებმა ერთგვარი მოკავშირე დაკარგეს და ტრამპის მარცხი იდეურად, თავისთავად, ნიშნავს ყველა იმ ნაციონალისტურ-პოპულისტური განწყობის დასუსტებას, რომელიც ევროპის კონტინენტზე ბოლო წლებია სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს, განსაკუთრებით უნგრეთსა და პოლონეთში. აღსანიშნავია, რომ დასავლური ღირებულებებისა და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების უზენაესობის ხაზგასასმელად, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი, საპრეზიდენტო მანდატის პირველ წელს, დემოკრატიის გლობალური სამიტის მოწვევასაც კი გეგმავს, სადაც მის ბუნებრივ მოკავშირედ იდეურად, უწინარესად, მრავალფეროვნებაში გაერთიანებული ევროპის კავშირი წარმოჩინდება, მათ შორის, სხვა ისეთი პოლიტიკური რეჟიმების მქონე სახელმწიფოების საპირწონედ, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
დემოკრატი ჯო ბაიდენის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისადმი მხარდაჭერამ კი, ასევე, ხელი უნდა შეუწყოს „ბრექსითის“ პროცესის ევროკავშირისთვის სასარგებლოდ დასრულებას, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მაგალითად, ნაკლებად მოსალოდნელია, ახლო მომავალში, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცესში დაარღვევს ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო შეთანხმებას (იგულისხმება 1998 წლით დათარიღებული „წითელი პარასკევის შეთანხმება“, რომელმაც დაასრულა 30-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტი და ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საფუძველი დაუდო ღია სასაზღვრო თანამშრომლობას). ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკაფიოდ განაცხადა აღნიშნული შეთანხმების პატივისცემის აუცილებლობაზე დიდი ბრიტანეთის მხრიდან „ბრექსითის“ პროცესში და ხაზი გაუსვა, მშვიდობის უზრუნველყოფის მოტივით, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ღია საზღვრის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკა, როგორც ევროკავშირის იდეის მხარდამჭერისა, ევროპის კონტინენტზე, პირველ რიგში, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მიმართ იქნება პრიორიტეტული და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ფოკუსირებული, რითაც გაერთიანებული სამეფო ნაკლებად სასარგებლო პოზიციაში რჩება. შესაბამისად, პოსტ-ბრექსითულ პერიოდში, მსოფლიოში ბრიტანული ინტერესების ფართოდ გატარებისა და მოკავშირეების შეძენის კონტექსტში, ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესში შესაბამისი შეთანხმებებისა და ვალდებულებების პატივისცემაზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
მსოფლიო დონეზე დასავლური ღირებულებების განმტკიცების მიღმა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება მულტილატერალური ურთიერთობების ნორმალიზებასაც ნიშნავს. ტრამპის ე.წ. იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში ქვეყანამ დატოვა რიგი საერთაშორისო ინსტიტუციები თუ შეთანხმებები, რამაც მეტად ბრუტალური გახადა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. ბაიდენის საპრეზიდენტო მანდატის პერიოდში კი ამერიკის შეერთებული შტატები მულტილატერალური თანამშრომლობის კვლავ ერთ-ერთ მთავარ აქტორად უნდა განვიხილოთ. „როდესაც მე ვესაუბრები უცხოელ ლიდერებს, მე მათ ვეუბნები: ამერიკა ბრუნდება, ჩვენ თამაშში ვბრუნდებით“ - აცხადებს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი.
ფოტო: https://twitter.com/JoeBiden
საერთაშორისო დონეზე ამერიკულ-ევროპული ურთიერთობები მეტად კონსტრუქციული ხდება, მაგალითად, ისეთი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც გახლავთ ახალი კორონავირუსის პანდემია. ჯო ბაიდენი პანდემიასთან გამკლავების ეფექტურ გზად საერთაშორისო კოორდინირებულ ქმედებას ხედავს და აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნებას გეგმავს. Covid-19-ის პანდემიის საბოლოოდ დამარცხების მიზნით, ერთიანი ევროპულ-ამერიკული ქმედება დღევანდელი მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აქვე აღსანიშნავია დემოკრატი ბაიდენის პოზიცია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელსაც იგი „კაცობრიობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ“ მიიჩნევს. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას აპირებს აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, განიხილება, უახლოეს პერიოდში, აშშ-ს დაბრუნება „კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების“ ხელმომწერთა რიგებში. ტრანსატლანტიკური ერთიანობა კი გლობალური დათბობის წინააღმდეგ, რომელიც სულ უფრო გარდაუვალს ხდის ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტის ეკოლოგიზაციას, არსებით მნიშვნელობას იძენს დღეს ისე, როგორც არასდროს.
ბაიდენის საპრეზიდენტო მანდატის პერიოდში ევროპულ-ამერიკული ურთიერთობები უფრო მჭიდრო უნდა იყოს, ასევე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში. მიუხედავად ევროკავშირში ბოლო წლებში აქტუალიზებული საკითხისა ევროპის საერთო თავდაცვის თაობაზე - ევროპული გაერთიანება ნაკლებად იყოს დამოკიდებული აშშ-ს სამხედრო სიძლიერეზე და თავად აიღოს პასუხისმგებლობა კონტინენტის უსაფრთხოებაზე, აღნიშნული, ჯერჯერობით, ისევ მხოლოდ დისკუსიის საგნად რჩება. ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მეორე მხრივ კი, ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ხედვასთან დაკავშირებით გაერთიანებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, ევროკავშირის თავდაცვითი და უსაფრთხოების ინტეგრაციის იდეა ევროპის კავშირში ფართო კონსესუსს ვერ აღწევს. აქედან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ევროპაში დღემდე რჩება ევროპელი ხალხების უსაფრთხოების ძირითად საყრდენად, აშშ კი - მთავარ მოკავშირედ. უფრო მეტიც, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეუცვლელად განიხილავს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი სახელმწიფო - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. „ჩვენი ტრანსატლანტიკური მეგობრობა შეუცვლელია, თუ ჩვენი დროის დიდ გამოწვევებთან გამკლავებაში წარმატება გვსურს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში.
დიახ, არ იცვლება ევროკავშირი-აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეობა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, მაგრამ 21-ე საუკუნის გამოწვევების პარალელურად იცვლება, მაგალითად, თავად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის არეალი და შესაბამისად, აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ორგანიზაციის მოდერნიზებაში. დღეს, ევროპულ-ამერიკული ერთიანობა ნატო-ში მეტად მყარდება ისეთი გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ტერორიზმი და ჰიბრიდული საფრთხეები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებით, ნატო-ში მეტად იზრდება იმ საფრთხეების შეფასების მნიშვნელობა, რაც რუსეთის ფედერაციას უკავშირდება და რასაც დაეფუძნა, სხვათაშორის, თავად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის თავდაპირველი იდეა. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი ნატო-ს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ეფექტიან სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად განიხილავს და აღნიშნავს: „რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ალიანსის ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები. [...] ჩვენ რუსეთის ფედერაციას უნდა გადავახდევინოთ შესაბამისი საფასური საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის და მხარში დავუდგეთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მამაცურად იბრძვის პუტინის კრეპტოკრატიული ავტორიტარული სისტემის წინააღმდეგ“.
ზემოაღნიშნულის მიღმა, ასევე, არსებითია შევნიშნოთ, რომ გლობალურ დონეზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დღეს, რუსეთი უკვე მეორეხარისხოვან საკითხად განიხილება, ვინაიდან ამჟამად, მისთვის ნომერ 1-ელ პრობლემას მსოფლიოში ჩინური ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩინეთთან კონკურენტული სახის ურთიერთობების წარმართვა წარმოადგენს. აშშ-ს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკულ-ჩინური მეტოქეობა უცვლელი უნდა დარჩეს ბაიდენის საპრეზიდენტო მანდატის პერიოდშიც. აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული კონკურენციის ბუნებიდან გამომდინარე, ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-სთვის ევროპა, რიგ საკითხებზე ღირებულებითი თანხვედრით, მართალია ერთგვარ მოკავშირედ წარმოჩინდება, თუმცა თავად ევროკავშირს კომპლექსური პოზიცია აქვს ჩინეთთან მიმართებით. „ჩვენ, ევროპელები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას განვიხილავთ, ერთსა და იმავე დროს, როგორც პარტნიორს, როგორც კონკურენტს და როგორც სისტემურ მეტოქეს“ - აღნიშნულია საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ღია წერილში ჯო ბაიდენისადმი, რომელიც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალს ეხება. ევროკავშირის ასეთი დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ, უმთავრესად, ევროპული ინტერესებიდან არის ნაკარნახევი - მეტად განავითაროს ერთიანი ევროპული ბაზარი და ციფრული ტექნოლოგიები ევროკაშირმა, რითაც იგი ერთგვარი კონკურენტი ხდება, როგორც აშშ-ს, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის. მაგალითად, ევროპული ციფრული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად განვითარებას ევროპის კავშირისთვის პოლიტიკური დატვირთვა აქვს და უწინარესად, იგი შიდა ევროპული უსაფრთხოების გარანტად განიხილება.
დაბოლოს, ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, პირველ რიგში, აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას უნდა ველოდოთ, თუმც, ნაკლებ სავარაუდოა რადიკალური ცვლილებები მათ ურთიერთობებში, ვინაიდან, ამჟამად, აშშ-ს მკვეთრად პოლარიზებული მოსახლეობის გაერთიანება და ტრამპის მხარდამჭერი 74 მილიონამდე მოქალაქის გულის მოგება მეტად იქნება აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი. მართალია, დემოკრატების კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ტრამპი, მაგრამ არა ტრამპიზმი. არც მეტი, არც ნაკლები, დონალდ ტრამპის პოლიტიკას მხარი, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის არჩევნებში 10 მილიონით მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა.
შიდა მკვეთრი საზოგადოებრივი პოლარიზების მიღმა, აგრეთვე, საყურადღებოა საკანონმდებლო დონეზე ბაიდენის პოლიტიკისადმი მხარდაჭერის საკითხი. 2021 წლის 5 იანვარს ჯორჯიის შტატში დაგეგმილ მეორე ტურში გახდება ცნობილი, მოიპოვებს თუ არა ჯო ბაიდენი უმრავლესობას კონგრესის ზედა პალატაში. სენატში უმრავლესობის არქონის შემთხვევაში, ბუნდოვანია, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს დემოკრატი ჯო ბაიდენი დაანონსებული პოლიტიკის გატარებას საშინაო თუ საგარეო დონეზე.
საერთო ჯამში, აშშ-სა და ევროპის მეტად მჭიდრო ურთიერთობების განვითარების მოცემული პერსპექტივა, განსაკუთრებით საერთო დასავლური ღირებულებების გაძლიერებისა თუ მულტილატერალიზმის განვითარების პროცესში, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხოლოდ ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ.
და ახლა, როდესაც ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ტალღები ისევ ლურჯია, ევროპულ-ამერიკული ერთიანობა, მაგალითად, კლიმატის ცვლილებისა თუ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-სა და ევროკავშირის - ჩართულობით, განავითაროს ისეთი საჯარო პოლიტიკა ეკოლოგიისა და ციფრული ტრანსფორმაციის - განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, რაც ქვეყნის მხოლოდ მოდერნიზებას განაპირობებს და დამდეგი ათწლეულების გამოწვევებთან უკეთ გამკლავების საშუალებას შექმნის.
მთავარი ფოტო: https://bit.ly/2UTXT3M