„ბრექსითი“ - საჩუქარი საშობაოდ ევროპას


გადმოწერეთ PDF ფაილი

2021 წლის 1 იანვარი - ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს 47-წლიანი თანაცხოვრების დასასრული და სრულიად ახალი ერის დასაწყისი ევროპელებისა და ბრიტანელების ცხოვრებაში. პირველად, ევროკავშირის 70-წლიანი არსებობის მანძილზე, ევროპული პროექტი შემცირდა გაფართოების ნაცვლად, წევრმა სახელმწიფომ -გაერთიანებული სამეფოს სახით - ევროპის კავშირი დატოვა. „ბრექსითს“ საფუძვლად 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დაედო, რომლის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას მხარი მოსახლეობის უმრავლესობამ -  52%-მა დაუჭირა. ბრიტანელებმა ასეთი არჩევანი, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანულ ფულზე, საზღვრებზე, კანონებზე, სავაჭრო სფეროსა თუ ტერიტორიულ წყლებზე კონტროლის დაბრუნების მიზნით დააფიქსირეს. 
 

ბრიტანელი ხალხის  ნების აღსრულებას ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ოთხ წელიწად-ნახევარზე მეტი დასჭირდა. აღნიშნულს თან სდევდა მრავალჯერ ჩაშლილი მოლაპარაკებები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, „ბრექსითის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები, ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილება, მეტი ქაოსი და იმედგაცრუება მომლაპარაკებელ მხარეებს შორის, ვიდრე კომპრომისი და მოლოდინი საერთო შეთანხმების მიღწევაზე. თუმცა, „ბრექსითი“ მაინც შედგა!  
 

2020 წლის 31 იანვარს გაერთიანებულმა სამეფომ „ბრექსითის შეთანხმებით" ოფიციალურად დატოვა ევროკავშირი, დაიწყო გასვლის თანმდევი გარდამავალი პერიოდი, რომელიც საბოლოოდ დასრულდა 2020 წლის 31 დეკემბერს. „ბრექსითის“ ბოლო ეტაპზე ბრიტანელებსა და ევროპელებს შორის მეტად პოლემიკური სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ამ ე.წ. გარდამავლი პერიოდის ამოწურვამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე - 2020 წლის 24 დეკემბერს მოხერხდა. იგი მხარეებმა უპრეცედენტო ხელშეკრულებად შეაფასეს, ისტორიული უწოდეს და ასე მიიღო ევროპამ წინასშობაო საჩუქრად „ბრექსითი“.

შედეგად, 2021 წლის 1 იანვრიდან გაერთიანებულ სამეფოზე აღარ ვრცელდება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია, ბრიტანელებმა დატოვეს ერთიანი ევროპული ბაზარი, საბაჟო კავშირი და ბრიტანეთის მოქალაქეებს აღარ  აქვთ ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა (გამონაკლისს წარმოადგენს მოკლევადიანი ვიზიტები), მათ შორის, ცხოვრების, მუშაობისა თუ ეკონომიკური საქმიანობის წარმართვის მიზნით, ასევე, საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამა „ერასმუს+“-ში მონაწილეობის უფლება (გამონაკლისია ჩრდილოეთ ირლანდია) და ა.შ. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მხარეებს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმების მიხედვით, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ვაჭრობას საბაჟო გადასახადებისა და კვოტების გარეშე განაგრძობენ, მაგრამ სასაზღვრო პუნქტებზე განხორციელდება საქონლის  კონტროლი. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს თევზჭერის კუთხით ევროკავშირის თავისუფალი წვდომის ეტაპობრივ შემცირებას ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებზე 2026 წლამდე, საპოლიციო და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა ურთიერთგაცვლას და სხვ. 

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი დავტოვეთ, დიდი ბრიტანეთი რჩება ევროპის კავშირთან კულტურულად, ისტორიულად, ემოციურად, სტრატეგიულად, გეოლოგიურად მჭიდროდ დაკავშირებული.“ -  განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ბრექსითის“ დასასრულს. [თუმც, მგონი არ ჰგავდა განაცხადს განშორების ჟამს.] მართლაც, ბრიტანული საგა ევროპის კავშირში არასოდეს ყოფილა მარტივი და იგი ყოველთვის ამბივალენტურობით გამოირჩეოდა. ასე, მაგალითად, აღნიშნულ თემატიკაზე როგორც ჩვენს წინა სტატიაში გიამბეთ, „ევროპული ოჯახისა“ თუ „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი ჯერ კიდევ 1946 წლიდან, თუმცა, საბოლოოდ, ბრიტანელებმა არ ისურვეს „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების“ შექმნაში მონაწილეობა 1957 წელს და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შემოიფარგლნენ. მოგვიანებით, ბრიტანელებმა გაერთიანებაში გაწევრიანება მოისურვეს და წევრობაზე კანდიდატურაც წარადგინეს 1961 წელს. წევრობის სურვილი ნამდვილად ძლიერი იყო. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი, შარლ დე გოლი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა დიდი ბრიტანეთის ევროპულ გაერთიანებაში მიღებას და იმ მოტივით, რომ გაერთიანებული სამეფო თავისი იდენტური ბუნებითა და სტრუქტურით  მკვეთრად განსხვავდებოდა ევროპული პროექტის კონცეპტისგან და მისი საგარეო-ეკონომიკური ინტერესები უფრო მეტად სხვა კონტინენტის ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული, ვიდრე ევროპისა, მან დიდი ბრიტანეთის ევროპულ გაერთიანებაში წევრობის კანდიდატურას 2-ჯერ დაადო ვეტო (1963 და 1967 წლებში). 12-წლიანი ლოდინისა და 2-ჯერ უარყოფილი კანდიდატურის შემდეგ  დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირს, საბოლოოდ, 1973 წელს  შეუერთდა (ჟორჟ პომპიდუს  პრეზიდენტობის დროს საფრანგეთში), მაგრამ გაწევრიანებიდან უკვე ორი წლისთავზე -  1975 წელს ბრიტანელებმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს გაერთიანებაში დარჩენის მართებულობაში გასარკვევად. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, ქვეყანა ევროპულ კავშირში დარჩა, თუმცა სრული ინტეგრაცია არ მოისურვა: 1992 წელს გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა ევროზონის შექმნას, მაგრამ თავად მასში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა; იგი ასევე არ შეუერთდა შენგენის სივრცესაც. 2016 წლის რეფერენდუმის შედეგების თანახმად კი, ბრიტანელი ხალხის უმრავლესობამ არჩევანი ევროკავშირიდან გასვლის სასარგებლოდ დააფიქსირა, მაგრამ რეფერენდუმის განმეორებით ჩატარების შესაძლებლობა, რომ იყოს დღეს, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები გვაუწყებენ, რომ შედეგები სხვაგვარი - „ბრექსითის“ საწინააღმდეგო იქნებოდა. ამავე რეფერენდუმის დროს ბრიტანელი ახალგაზრდობის თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ საკუთარი არჩევანი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ გააკეთა, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ  ევროპულ გაცვლით პროგრამაში „ერასმუს+“ მონაწილეობის თაობაზე უარი განაცხადა, მიუხედავად პროგრამაში დარჩენის შესაძლებლობისა და ალტერნატივად მხოლოდ ბრიტანელ სტუდენტთათვის ხელმისაწვდომი გლობალური მობილობის პროგრამა „ტიურინგის“ შექმნა დაანონსა. თუმც, როგორც არ უნდა იყოს, „ბრექსითი“ უკვე შემდგარი ფაქტია, ხოლო  განშორების ნაზი სევდა კი ტკბილი - როგორც ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დასასრულს შექსპირის ციტირებით აღნიშნა.

„ბრექსითის“ შედეგების გავლენა თავად გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე, დღეის შეფასებით, არანაკლებ კომპლექსური ჩანს, ვიდრე ზემოაღწერილი ბრიტანულ-ევროპული თანაცხოვრება.

ბორის ჯონსონმა, როგორც პოლიტიკოსმა, მართალია, „ბრექსითის“ საბოლოოდ დასრულებით ერთგვარი იმიჯი განიმტკიცა ამომრჩევლის თვალში და გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გასვლით მოიპოვა ე.წ. პოლიტიკური სუვერენულობა, მაგრამ ახლა დღის წესრიგში თავად ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება დგას. 

„ევროპავ, შოტლანდია მალე დაბრუნდება. ნუ, ჩააქრობ სინათლეს.“ - სწორედ ასე გამოეხმაურა შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი „ბრექსითის“ დასრულებას. ეს იმიტომ, რომ შოტლანდიელთა უმრავლესობამ მხარი 2016 წლის რეფერენდუმის დროს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ შოტლანდიაში ევროკავშირი უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე თავად გაერთიანებული სამეფო. მაგალითად, თუკი აღნიშნულ რეფერენდუმში გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მოსახლეობის 62%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, 2014 წელს შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვების თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის დროს შოტლანდიელი მოსახლეობის მხოლოდ 55%-ი აღმოჩნდა თანახმა გაერთიანებულ სამეფოსთან თანაცხოვრების გაგრძელებაზე. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, დამოუკიდებლობის სურვილი გაცილებით ძლიერია. ამჟამინდელი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, არც მეტი არც ნაკლები, შოტლანდიელთა დაახლოებით 58%-ს სურს დამოუკიდებლობის მიღება. აღნიშნული მიზნისთვის ისწრაფვის შოტლანდიის პირველი მინისტრი სტარჯენიც: „ბრექსითი ეწინააღმდეგება შოტლანდიელი ხალხის ნებას და იმას, რასაც „ბრექსითი“ ართმევს შოტლანდიელებს, ვერანაირი სხვა სახის შეთანხმება ვერ ჩაანაცვლებს. დროა, ჩვენს მომავალს შევხედოთ როგორც დამოუკიდებელი ევროპელი ერი.“ თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ შოტლანდიელთა ნების რეალიზება და დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციურად ბოლო რეფერენდუმიდან 10 წლის შემდეგ ანუ 2024 წელს არის შესაძლებელი. მანამდე კი შოტლანდიაში ანტი-„ბრექსითული“ განწყობების გაძლიერებას თან ერთვის ასევე შოტლანდიელთა უკმაყოფილება ბორის ჯონსონის მიერ კოვიდ-19 პანდემიის მართვის თაობაზე და ესეც შოტლანდიის პირველი მინისტრის, სტარჯენისეული  ეპიდსიტუაციის სანიმუშოდ მართვის საპირწონედ. 

2016 წლის რეფერენდუმის შედეგების თანახმად, შოტლანდიელთა მსგავსად, „ბრექსითისთვის“ მხარი არ დაუჭერია მოსახლეობის უმრავლესობას (56%-ს) აგრეთვე ჩრდილოეთ ირლანდიაში. გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირთან დეზინტეგრაცია ახლა მეტად რეალისტურს ხდის ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან რეინტეგრაციას. „ბრექსითმა“ მხარეებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის მხოლოდ განმტკიცების პერსპექტივები შექმნა და შეიძლება ითქვას, რომ ხელახალ ირლანდიურ ერთიანობასაც კი ჩაუყარა საფუძველი. „ბრექსითის შეთანხმების“ მიხედვით, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის შენარჩუნებულ იქნა თავისუფალი მიმოსვლის უფლება იმ ე.წ. „წითელი პარასკევის ხელშეკრულების“ ფარგლებში, რომელიც მათ შორის ჯერ კიდევ 1998 წელს გაფორმდა და რომელმაც დაასრულა 30-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტი და ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საფუძველი დაუდო ღია სასაზღვრო თანამშრომლობას. „ბრექსითის“ შედეგად მეტად მყარდება საგანმანათლებლო და ახალგაზრდული კავშირებიც. კერძოდ, გაერთიანებულმა სამეფომ უარი, ევროკავშირის წევრობის გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასევე ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამა „ერასმუს+“-ში მონაწილეობის თაობაზეც განაცხადა. მაგრამ ევროკავშირის წევრი ირლანდიის ფინანსური მხარდაჭერით ჩრდილოეთ ირლანდიის მაცხოვრებლები კვლავ შეძლებენ „ერასმუს+“-ით სარგებლობას. აღნიშნული პროგრამის 33-წლიანი წარმატების გათვალისწინებით, მან გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ირლანდიურ ერთიანობას და საერთო ევროპულ-ირლანდიური იდენტობის გამყარებას უნდა შეუწყოს ხელი. ამასთან, „ბრექსითის“ შემდგომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ღია საზღვრების, ისევე როგორც ევროპული სავაჭრო დირექტივების ნაწილობრივ შენარჩუნებამ, გარკვეულწილად, ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკური ცხოვრება, მათ შორის, ტურიზმის სექტორიც, მეტად უნდა წაახალისოს.

„ბრექსითის“ შედეგების გავლენა განსხვავებულად გამოიყურება გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს შორის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემდეგ, ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა დაკარგა, ეკონომიკური დანაკარგები გაცილებით მეტია თავად ბრიტანელთათვის. მაგალითად, ამ დრომდე, თუ ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს წლიური საექსპორტო მოცულობა 45%-ს  წარმოადგენდა, თავად ევროკავშირის საექსპორტო წილი გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად მხოლოდ 9%-მდე მერყეობდა. მხარეებს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, მართალია, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვაჭრობას საბაჟო გადასახადებისა და კვოტების გარეშე განაგრძობენ, მაგრამ სასაზღვრო პუნქტებზე საქონლის  კონტროლის მექანიზმის ამოქმედება თავისთავად ქმნის დამატებით ბარიერებს. დღეის მონაცემებით, „ბრექსითის“ უარყოფითი გავლენა ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევად იგრძნობა ბრიტანეთის საფინანსო სექტორზე, რომელიც დომინანტია ევროპის კონტინენტზე. 2016 წლის რეფერენდუმიდან დღემდე გაერთიანებული სამეფოს მხოლოდ საფინანსო სექტორიდან  7 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი იქნა გადატანილი ევროპის სხვა ქვეყნებში. „ბრექსითის“ შედეგად ბრიტანული ეკონომიკის შესუსტებას ასევე თან ერთვის კოვიდ-19 პანდემიის თანმდევი ეკონომიკური კრიზისი და აშშ-ის საპრეზინდეტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება, რაც აშშ-გაერთიანებულ სამეფოს შორის არც ისეთი პრიორიტეტული სახის ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვის პერსპექტივას ქმნის, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ბორის ჯონსონის მეგობარ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში.

ჯონსონთან ერთად, ტრამპის სახით ერთგვარ თანამოაზრეს კარგავს ასევე ევროპის კონტინენტის ნაციონალისტურ-პოპულისტური მოძრაობებიც და „ბრექსითის“ ფონზე მეტად მყარდება ევროპული ერთიანობა. მაგალითად: გაერთიანებული სამეფოს ევროკაშირიდან გასვლის თაობაზე 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმიდან დღემდე ევროკავშირის წევრ არც ერთ სახელმწიფოს არ გამოუთქვამს ევროპული გაერთიანების დატოვების სურვილი; „ბრექსითის“ მიუხედავად, ევროკავშირის მოსახლეობის განწყობები ევროპული იდეის პროგრესულობის თაობაზე არ შეცვლილა, მათ შორის, პოპულისტური განწყობებით გამორჩეულ პოლონეთსა თუ უნგრეთშიც; ევროპა საოცრად ერთიანი აღმოჩნდა „ბრექსითის“ ოთხ წელიწად-ნახევრიან ქაოტურ პროცესში; უპრეცედენტოდ სოლიდარული კი კოვიდ-19 პანდემიის ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმის შემუშავების დროს, რომლის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში ყოფნის შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ ევროპის კავშირში ფინანსური შეთანხმებების მიღწევის პროცესში, წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობისგან განსხავებით, ბრიტანელთა ისტორიულად ცნობილ კრიტიკულ დამოკიდებულებას.

რაც შეეხება „ბრექსითის“ გავლენას გეოპოლიტიკურ ჭრილში, ევროპის კავშირმა გაერთიანებული სამეფოს სახით ძლიერი სამხედრო და დიპლომატიური რესურსის მქონე წევრი ქვეყანა დაკარგა, ასევე, შესუსტდა გაერო-ს უშიშროების საბჭოში მისი პოზიციები, ვინაიდან მუდმივმოქმედ წევრებს შორის ამიერიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ საფრანგეთის რესპუბლიკა რჩება. მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი, ალბათ, უფრო ფორმალურ შესუსტებას ნიშნავს, თუ მივიღებთ მხედველობაში გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის პოზიციების თანხვედრას გაერო-ს უშიშროების საბჭოში განხილულ საკითხთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაზე. საერთო ჯამში, გლობალურ დონეზე, ამჟამინდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, პოსტ-„ბრექსითულ“ პერიოდში გაერთიანებული სამეფო ძირითადად უფრო სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების განვითარებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

მართლაც, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენა ერთგვარი წინაპირობაა შიდა პოლიტიკური სტაბილურობის, რა მიმართულებითაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს არანაკლები ძალისხმევის გაწევა მართებს. საგულისხმოა, რომ 2024 წელი, როდესაც კონსტიტუციურად შოტლანდიელებს დამოუკიდებლობის მოპოვების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ, ასევე გახლავთ გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნების წელი. აღნიშნული პერიოდი გადამწყვეტი უნდა იყოს როგორც თავად გაერთიანებული სამეფოს, ისე ევროპის კონტინენტის მომავლისთვის. შოტლანდიელთა ძლიერი იდენტობისა და მზარდი ანტი-„ბრექსითული“ განწყობების გათვალისწინებით, მათი დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში, იცვლება ევროკავშირის შესაძლო გაფართოების კონფიგურაცია ამ ათწლეულში. შოტლანდიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მიერ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, მას - გაერთიანების წევრობის ამჟამინდელ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით - მეტ უპირატესობას ანიჭებს. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწრაფი ტემპით განაგრძოს, ერთი მხრივ, ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და შესაბამისი რეფორმების განხორციელება, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებამდე, უზრუნველყოს ევროპულ მხარესთან ინდივიდუალური ურთიერთობების წარმართვა გაწევრიანების მიმართულებით. დღევანდელი არასტაბილური და განუჭვრეტადი მსოფლიო ევროკავშირს, 2004 წლისგან განსხვავებით, დიდი გაფართოების საშუალებას ამჟამინდელ ათწლეულში არ აძლევს. შესაბამისად, საქართველომ უნდა განაგრძოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომი განვითარების პროცესში ჩართულობა, მაგრამ ამავდროულად გამოიყენოს ის მკვეთრი უპირატესობა, რაც დემოკრატიული პროგრესის კუთხით აქვს ევროკავშირში წევრობის მსურველ თუ თვით წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, როგორც  „აღმოსავლეთ პარნტიორობიდან“, ისე „დასავლეთ ბალკანეთის“ რეგიონიდან და იგი წევრობის ინდივიდუალური გზის შესაძლებლობად აქციოს. აღნიშნული კი გაცილებით მეტად რეალისტური შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს განხილვა ჯგუფური გაერთიანების პერსპექტივით, მაგალითად, უკრაინა-მოლდოვასთან ერთად, თუ გავითვალისწინებთ „ბრექსითის“ ზემოაღწერილ შესაძლო გავლენას გაერთიანებული სამეფოს ერთიანობაზე, ასევე, ერთი მხრივ, ხორვატიის ევროკავშირში ინდივიდუალური გაწევრიანების წარმატებულ მაგალითს და მეორე მხრივ, „დასავლეთ ბალკანეთის“ რეგიონის ქვეყნების მიმდინარე ჯგუფური გაწევრიანების ტემპს.

დაბოლოს, რას ნიშნავს ახლა „ბრექსითის“ დასასრული? - გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უპირატესად გლობალური ბრიტანეთის იდეისკენ მუდმივი სწრაფვა, ვიდრე ევროპული იდეისკენ,  ევროპამ, პირველ რიგში, ბრიტანელთა იდენტობის დამახასიათებელ მოცემულობად უნდა აღიქვას და „ბრექსითი“ კონტინენტის განვითარების მხოლოდ ახალ შესაძლებლობად აქციოს; - ახალ შესაძლებლობას ქმნის „ბრექსითი“ აგრეთვე საქართველოსთვის, როგორც უკვე არსებული ქართულ-ბრიტანული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების მეტად განმტკიცების, ასევე ევროპის კავშირთან გაერთიანებული სამეფოს დეზინტეგრაციით გაჩენილი თავისუფალი ნიშის ათვისების თვალსაზრისით. მათ შორის, საგულისხმოა, მაგალითად, ევროპული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის პერსპექტივა, ასევე, განათლების მიმართულება. ევროპული პროგრამა „ერასმუს+“-დან გაერთიანებული სამეფოს გასვლით საქართველოს, როგორც აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორ ქვეყანას, შესაძლებლობა ეძლევა მეტად განავითაროს თავისი საუნივერსიტეტო იმიჯი ევროპელი ახალგაზრდების მასპინძლობის მიზნით და  დაიბრუნოს რეგიონის საგანმანათლებლო კერის ისტორიული ფუნქციები. მით უმეტეს, რომ თანამედროვე სამყაროში არ არსებობს უფრო მარტივი და ეფექტიანი გზა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ პოზიციონირებისა, ვიდრე ახალგაზრდებს შორის კავშირების განვითარებაა. 



ლიკა ჭიპაშვილი, „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი
2021 წლის 5 იანვარი, ქ. თბილისი

 

ფოტო: https://bit.ly/3b9wFiO 


 

გააზიარე: