როგორც კარლ ფონ კლაუზევიცის ცნობილი გამონათქვამით ვიცით - ომი ეს პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით. სინამდვილეში ამ ციტატის უკან საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალების გამოყენების საკმაოდ რთული მექანიზმია, რომელიც ხშირად, საერთაშორისო ვითარების გათვალიწინებით, ჩახლართულ კომბინაციებს და გარემოებებს ქმნის, რაც ართულებს სამხედრო ინსტრუმენტის წარმატებულ გამოყენებას. ამიტომ აუცილებელია, ავანტიურული პოლიტიკური მიზნების არსებობის შემთხვევაშიც კი, გონიერმა და რაციონალურმა სამხედრო აზროვნებამ შესაბამისი გავლენა მოახდინოს საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ბოლო დროინდელი ესკალაციის ფონზე მსოფლიოს ნაწილი და განსაკუთრებით ქართული საზოგადოება, მისთვის ჩვეული ემოციურობით ელოდებოდა მოვლენების შემდგომ განვითარებას - ყველას აინტერესებდა დაიწყებოდა თუ არა ახალი დიდი ომი აშშ-ს და ირანს შორის, რომელიც შესაძლო მესამე მსოფლიო ომში უნდა გადაზრდილიყო. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი საპასუხო განცხადებებმა ეს მოლოდინი მალევე გააქრო და ქართულმა საზოგადოებამაც შვებით ამოისუნთქა, მორიგი აპოკალიპტური ისტერია ქართულ სოციალურ ქსელში გადაიდო და იგი „არანაკლებ მნიშვნელოვანმა“ მეორედ მოსვლის საკითხმა ჩაანაცვლა.
ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია მიჩვეულია ისტერიულ-ემოციურ რეაგირებას ამა თუ იმ მოვლენაზე და ქართული სოციალური ქსელიც თითქოს მხოლოდ ამდაგვარი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შოკებით ცოცხლობს და იკვებება, თუმცა ომის ფენომენის მცოდნე ადამიანებისათვის კრიზისთან დაკავშირებით მოვლენების ამდაგვარი განვითარება სრულებითაც არ ყოფილა მოულოდნელობა. აშშ-ს მსგავს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში სამხედრო ძალების საგარეო პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენება გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება და ეს გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების მთელ თანამიმდევრულობას გულისხმობს. საკუთარი ქვეყნის თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ სულ სხვა ვითარებაა, როდესაც ჩამოყალიბებულმა დემოკრატიებმა ეს სამხედრო ძალა საერთაშორისო არენაზე უნდა გამოიყენონ. გარდა წმინდა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ასპექტებისა, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიორი ქვეყნისათვის სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენების სამხედრო-პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანშეწონილობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკმარისად არის დაგროვილი „მწარე“ გამოცდილება.
ზოგადად, სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ისეთი მასშტაბის როგორიც აშშ და ირანს შორის ომი შეიძლება იყოს, საკმაოდ ბევრ ნიუანსს მოიცავს და ნებისმიერი მათგანის არასწორ კალკულაციას შეიძლება უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასი დაედოს. სამხედრო თვალსაზრისითაც, მყისიერ პასუხს, როგორი ადექვატურიც არ უნდა იყოს ის, მომზადება უნდა.
ყველაფერთან ერთად სრულმასშტაბიანი ომის წარმოება, რაც არ უნდა გაწვრთნილი და ბრძოლისუნარიანი ჯარი გყავდეს, აუცილებლად საჭიროებს თავის მუდმივ კომპონენტებს, რასაც, ზოგადად, პოტენციური საბრძოლო ველის მომზადება გულისხმობს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ყოველთვის ამ პროცესების გათვლა და გაანალიზება უსწრებს წინ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ირანთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყება არა ერთ კითხვას გაუჩენდა ადამიანებს და პირველ რიგში სამხედროებს, რომლებიც ამდაგვარი კალკულაციებით არიან დაკავებული და შესაბამის გადაწყვეტილებებს ამზადებენ უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელებისათვის. რეგიონში სხვა მოთამაშეების ინტერესებისა და პოზიციების განხილვაც რომ გვერდით გადავდოთ, ნათელია რომ პოტენციური კონფლიქტი საკმაოდ ბუნდოვან პერსპექტივებს აჩენდა მხარეებისათვის სტრატეგიული მიზანშეწონილობის საჭიროებებიდან გამომდინარე.
გათვითცნობიერებულ მკითხველს მოეხსენება, რომ ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტები არა ერთი კომპონენტისგან შედგება. ზოგიერთი მათგანი გაზომვადი და ხელშესახებია ციფრებში, მაგალითად - ეკონომიკური და სოციალური კომპონენტები, ზოგიერთი კი არ ექვემდებარება პირდაპირ გაზომვას, ისეთი როგორიც მორალური ძალა, ან ძლიერი ეროვნული ნებაა. სამხედრო ძალები, როდესაც ისინი თანამედროვე, კარგად აღჭურვილი და მომზადებულია, ეროვნული ძალაუფლების ქმედითი კომპონენტია. როდესაც ორივე, სულიერი და მატერიალური კომპონენტი ერთად ჰარმონიულად არის შერწყმული, სამხედრო ძალა, როგორც ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტი, ეფექტურად გამოიყენება.
სწორედ ამიტომ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ამერიკული საზოგადოებისთვის ძალიან რთული დასაჯერებელი იქნებოდა ირანთან ფართომასშტაბიანი ომის აუცილებლობა. ასევე, ომის წარმატებული წარმოებისათვის ადეკვატური საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება გართულდებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ სკანდალური შინაარსის მასალები გახდა საჯარო, სადაც საუბარია, რომ აშშ-ს ოფიციალურ პირებს შეგნებულად შეცდომაში შეჰყავდათ ამერიკული საზოგადოება ავღანეთის ომის შესახებ ოპტიმისტური განცხადებებით და სინამდვილეში მალავდნენ ფაქტებს, რომ აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ 18 წლიან ომში გამარჯვება შეუძლებელია. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, ამერიკამ მილიარდობით დოლარი გადაყარა ავღანეთის დემოკრატიისა და აღმშენებლობისათვის და ჯერ შორსმიმავალი შედეგები ბუნდოვანია. ასეთი ვითარება სამხედრო კომპონენტის, როგორც ეროვნული ძალაუფლების ინსტრუმენტის არასრულყოფილ გამოყენებაზე მიუთითებს, იგი უკვე მოკლებულია იმ მორალურ კომპონენტთან ჰარმონიას, რაც ჩვენ ზემოთ აღვწერეთ და, შესაბამისად, ნაკლებად ეფექტურია.
ყოველივე, ავღანეთისა თუ ერაყის შემთხვევაში, სწორედ სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს და ომის დაწყების გადაწყვეტილების მართებულობას აყენებს ეჭვს ქვეშ, რაც თავისთავად პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპის, ომიდან გამოსვლის და ახალი მშვიდობის დამყარების არასწორ წარმოდგენებზე მიგვანიშნებს.
მსგავს თემებზე დებატები აშშ-ს ისტორიისთვის ახალი არ არის. საკმარისია, გავიხსენოთ ვიეტნამი და ამ ომის შედეგად წარმოქმნილი საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის გავლენა ამერიკულ შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.
თავის დროზე სწორედ ვიეტნამის ომი გახდა სტრატეგიული დებატების დაწყების საბაბი და გაკვეთილების მიმცემი მომავლის სამხედრო ლიდერებისათვის, როგორც აშშ-ში ისე მის ფარგლებს გარეთ. ვიეტნამის ომი გახდა ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტაქტიკური და ოპერატიული წარმატებები ბრძოლის ველზე არ ითარგმნოს სტრატეგიულ გამარჯვებაში და საბოლოო ნიშნით ბრძოლის ველზე გაღებული ადამიანების სიცოცხლე ფუჭი აღმოჩნდეს დასახული პოლიტიკური ამოცანების და სასურველი ახალი მშვიდობის მისაღწევად.
ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო დროინდელი ესკალაციაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი გლობალური ომის შესახებ სპეკულაციების საგნად იქცა. თუმცა, უახლოესი წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საომარი კამპანიების დაწყება მკაფიო სტრატეგიული დასასრულის და ახალი მშვიდობის დამყარების კონკრეტული გეგმის გარეშე დაუსრულებელ ავანტურებად იქცევა.
ომში გამარჯვება არ განისაზღვრება მაინცდამაინც მტრის სრული განადგურებით, მისი დედაქალაქის აღებით, ტერიტორიების დაპყრობით, ან თუნდაც მხოლოდ შეიარაღებული ძალების განადგურებით. ყოველ კონკრეტულ ომს და კონფლიქტს მისი უნიკალური შემზღუდავი გარემოებები და მიზნები გააჩნია, სადაც გამარჯვება დასმული სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების სტრატეგიულ დონეზე წარმატებული რეალიზაციით ფასდება. საბოლოო ნიშნით კი იმ ახლად შექმნილი მშვიდობის მახასიათებლებით, რაც ომის დასასრულს ახლავს თან როდესაც უკანასკნელი ჯარისკაცი უბრუნდება მშობლიურ ყაზარმას.
სწორედ ეს უნდა ახსოვდეს ყველას ვინც ამა თუ იმ ომის წარმატებით დასრულების ალბათობის შეფასებას შეეცდება. ამ ჭრილში, საქართველოში ხშირად არის ხოლმე დებატები ომის დაწყების ავკარგიანობის თემაზე. ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტის და უმაღლესი მთავარსარდლის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს არასდროს შეეძლებათ იმდაგვარი თუნდაც მატერიალური მზაობის მიღწევა, რომ ქვეყნის პოლიტიკის წარმატებული გაგრძელება იყვნენ რაღაც შემთხვევებში, არა თუ აბსოლუტურად გაუმართლებელი, არამედ მეტიც, ომის ფენომენისა და მისი როგორც „პოლიტიკის გაგრძელების“ სრულიად ზედაპირული ხედვაა. გამარჯვების ალბათობა არ განისაზღვრება ჯარის და იარაღის რაოდენობის შედარებითი რიცხვებით მხოლოდ. დღეს იგივე საქართველოს თავდაცვის ძალები წარმატებით ასრულებენ საერთაშორისო მისიაში ნაკისრ ვალდებულებას, რაც სწორედ რომ სამხედრო-პოლიტიკური ამოცანაა და ამ კუთხით ემსახურებიან საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს. ამიტომ, თუ კი ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს ოდესმე მოუწევს მის წინაშე დასმული სამხედრო ამოცანების შესრულება, არ არის აუცილებელი, ეს იყოს ვინმეს ტერიტორიაზე შეჭრა, დაპყრობა ან რაიმე ეკონომიკური ექსპანსია, როგორც ეს ქალბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა. სამხედრო მოქმედებების ავკარგიანობა სწორედ ჩვენ მიერ სტატიაში ზემოთ მოყვანილი ფაქტორებით განისაზღვრება - სტრატეგიული მიზნის მიღწევით და იმ მშვიდობის შედეგებით, რაც ომს ან სამხედრო მოქმედებებს ახლავს თან.
ზოგადად, თუ როდის და როგორ უნდა იყოს გამოყენებული სამხედრო ძალა, ეს არა მარტო მცირე სახელმწიფოებისთვის არის აქტუალური და პრობლემატური თემა, არამედ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აშშ-ს მსგავს ქვეყნებშიც ძალიან ხშირად მწვავე დისკუსიების და პოლემიკის საგანია, როგორც სახელმწიფო, ისე აკადემიურ წრეებში.
სწორედ ამდაგვარი დისკუსიის ფარგლებში, წარსულის სტრატეგიული შეცდომების თავიდან ასაცილებლად 1984 წელს აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის თავდაცვის მინისტრი კასპერ ვეინბერგერი მის ცნობილ გამოსვლაში, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ომის დაწყების გადაწყვეტილების გარშემო არსებულ გამოწვევებს შეეხო და ჩამოაყალიბა პრინციპები, რომელთაც შემდგომ ვეინბერგერის დოქტრინა ეწოდა. იგი იძლევა ჩამონათვალს, თუ რა ფაქტორების გაანალიზების შედეგად უნდა იქნას დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ომის დაწყება არ დაწყების და, ზოგადად, სამხედრო კომპონენტის, როგორც ეროვნული ძალაუფლების ელემენტის გამოყენების შესახებ.
ფოტო: www.wikinews.org
ვეინბერგერის ეწ. დოქტრინის მიხედვით, თავი უნდა შევიკავოთ სამხედრო ძალის სრულმასშტაბიანი გამოყენებისგან თუ:
- სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები არ არის საფრთხის ქვეშ, ანდა ასეთი საფრთხე ბუნდოვანია;
- არ არის შესაძლებელი ისეთი ძალის და იმდაგვარი ჩაბმა, რაც წარმატებას იმთავითვე უეჭველს ხდის;
- ნათლად არ არის განსაზღვრული სამხედრო ძალის გამოყენების პოლიტიკური და სამხედრო მიზანი;
- არ ხდება დასახული მიზნისა და მისთვის თავდაპირველად გათვლილი ძალების ადეკვატურობის ხელახალი შეფასება;
- ძალის გამოყენებისათვის არ არსებობს საერთო ეროვნული თანხმობა;
- ყველა სხვა საშუალება ამოწურული არ არის.
სტრატეგიული დაგეგმარების რაციონალური ლოგიკა, უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობების პირებისთვის სწორედ ამდაგვარ ჭრილში საკითხის დასმას მოითხოვს ომის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ. ირანთან ომის შემთხვევაშიც, ზემოთ მოყვანილ საკითხებზე თუ დაფიქრებით, ადვილი მისახვედრია, რომ პასუხები სერიოზულ გააზრებას საჭიროებენ და ძალიან ბუნდოვან პერსპექტივებს იძლევიან. ამიტომ, ფაქტობრივად ძალიან დაბალი იყო იმის შანსი, რომ ამერიკულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტას ემოციური და მოუმზადებელი სამხედრო პასუხი გაეცა ირანის ქმედებებზე და ახალი ფართომასშტაბიანი ომის წინაპირობები შეექმნა. დონალდ ტრამპის სამხედროების ფონზე პრესის წინაშე განცხადებამ სწორედ ამდაგვარი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე. თითქოსდა, მის უკან სამხედრო-სტრატეგიული მარწუხები იყო რომელიც ავანტურას არ მისცემდა გასაქანს.
ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ კომპეტენტური სამხედრო-პოლიტიკური ელიტის და ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში, მეტწილად გადაწყვეტილების მიღების სწორედ ზემოთმოყვანილი ლოგიკა მუშაობს. ასეთ დროს კი იმდაგვარი ავანტურები, რამაც შეიძლება სამყარო ახალ დიდ მსოფლიო ომამდე მიიყვანოს, მინიმუმამდე არის დაყვანილი და ქართულ სოციალურ ქსელსაც მშვიდად შეუძლია ეძინოს.
წყაროები:
https://www.pbs.org/wgbh/pages/frontline/shows/military/force/weinberger.html
https://www.pbs.org/wgbh/pages/frontline/shows/military/force/index.html#weinbergerdoctrine
ფოტო: www.cnn.com