„მესამედან პირველში“: დრო და აუცილებლობა
გასული 2020 წელი არ არის მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი წელი დროის ათვლაში. მისმა დრამატულობამ კიდევ ერთხელ (ამჯერად - უფრო მეტი სიმწვავით) დაგვანახა იმ გამოწვევათა მთელი სიმძაფრე, რომლებიც რამდენიმე მასშტაბური კრიზისის თანხვედრით შეიძლებოდა წამოჭრილიყო. პრაქტიკულად, მოხდა ისე, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ხაზის გამრუდების, ეკონომიკური დისბალანსისა და არაადეკვატური მართვის სისტემების პარალელურად, გლობალურმა პანდემიამ ძველი იარებიც უფრო გააშიშვლა და უკვე ნაცნობ სურათს ახალი, დღემდე უცნობი შტრიხები შეემატა.
ამ პროცესის ბუნებრივი შედეგია პანდემიით გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების კვლევა, მათი უწყვეტი დიაგნოსტიკა და გამოსავლის ეფექტიანად გადაწყვეტის გზების ძიება. უდავოა, რომ წამოჭრილ პრობლემატიკაზე მუშაობისას აკადემიური ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით რთული და საპასუხისმგებლოა შესატყვისი ცოდნის იმგვარად ადაპტირება, რომ მან მეტად კონკრეტული საჭირბოროტო საკითხების რეალურად გადაჭრას შეუწყოს ხელი.
ასეთი მრავალკომპონენტიანი ამოცანის ამოხსნა საქართველოს წინაშეც დგას. ჩვენ თანაბარი სიზუსტით უნდა გავაანალიზოთ როგორც გლობალური და რეგიონალური ტენდენციების დინამიკა, ისე შიდასახელმწიფოებრივი გამოწვევების ანატომია; მივაგნოთ პირველი ორის ურთიერთმიმართების გავლენას მესამეზე; ასევე, მინიმალური ცდომილებით განვსაზღვროთ ეროვნული ცნობიერებისა და ინსტიტუციონალური განვითარების მსოფლიო მოვლენებთან შესატყვისი ფორმები. ამ ამოცანას ისიც ართულებს, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილი, ე.წ. საბჭოური მემკვიდრეობის საბოლოოდ დაძლევის პარალელურად, გადაუდებელი ამოცანაა არათუ ხვალინდელზე (დრო უკან მოხედვის გარეშეც სწრაფად გარბის), არამედ ზეგინდელზე ორიენტირებული, თანამედროვე ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის იდეის მატერიალიზაცია.
ზემოთ პრაქტიკისგან მოწყვეტილი თეორიული ვარჯიშის უსარგებლობა ვახსენეთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ნებისმიერი საქმის წარმატების სათავე მისი კონცეპტუალურად სწორი საწყისების გააზრება, სისტემის განმსაზღვრელი პრინციპების დასაბუთება და იმ ოპტიმალური წერტილის მიგნებაა, რომელიც ისტორიული მეხსიერების, მიმდინარე პროცესისა და სახვალიო მოზაიკის ურთიერთკვეთის შედეგად ჩნდება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი იმის მიღწევა, რის არარსებობაზეც ხშირად ვსაუბრობთ, - ესაა ქვეყნის განვითარების სისტემური ხედვის ჩამოყალიბება, მის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაცია და, უკვე ამ დროსა და თაობაში, ჩვენი ერის „მესამე სამყაროდან პირველში ნახტომით“ თანამედროვე ქართული ისტორიული სასწაულის მოხდენა.
ვინაიდან ამ სტატიის მიზანი მხოლოდ მოწოდება და შეხსენება არ არის, თქვენთან ერთად ვეცდებით, რამდენიმე არსებითი გარემოება თუ ფაქტორი მოვნიშნოთ, რომელთა გათვალისწინების გარეშე გრძელვადიანი და თანმიმდევრული სახელმწიფოებრივი განვითარება მუდამ რუტინულ თავსატეხთა მძევლად რჩება, ხოლო ეროვნული ენერგია, ნიჭი და რესურსი ყოველდღიური, დაუსრულებელი მორევის - „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“ - დაძლევას ხმარდება. მთლიანობაში კი, შესაძლოა, შედეგად მივიღოთ ერთ წრეზე მოძრაობით „მიღწეული“ ვითომდა წარმატებებითა და თვალთმაქცური გამარჯვებებით „აღსავსე“ ილუზია. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის, - ჩვენი საერთო წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია ბუნებრივი ერთობაა.
გარემო, რომელიც ჩვენ ირგვლივ ყალიბდება
რამდენადაც მოკრძალებულია საქართველოს როლი თანამედროვე გლობალურ პროცესებში, იმდენად დიდია ამ პროცესების გავლენა ჩვენი ქვეყნის დღევანდელობასა და მის განვითარებაზე. ვფიქრობთ, ასეთი ურთიერთკავშირის ახსნა რთული არ იქნება, თუკი გავიხსენებთ საერთაშორისო ურთიერთობის გადაწყობას თითქოსდა უკვე კარგად ნაცნობი საფუძვლებიდან ახალ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, მეტად რთულ, სარისკო, ზოგან - მღვრიე და ახალ, დაუტესტავ საწყისებზე.
ამ პროცესის შესახებ წინა წლის განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ, ხოლო რამდენიმე პუბლიკაციაში შევეცადეთ, დაგვეკონკრეტებინა და განგვეხილა მისი ნიშნები და სპეციფიკურობა. ასევე, ეს პროცესი არაერთხელ დავაკავშირეთ საქართველოს დღის წესრიგთან; ავხსენით, თუ რომელ საკვანძო მიმართულებებზე გადის ესა თუ ის კავშირი და როგორი უნდა იყოს საქართველოს მხრიდან მიზანმიმართული რეაგირება ან, გნებავთ, პრევენცია გლობალური ტრენდების მავნე გავლენის შეძლებისდაგვარად შემცირებაზე; როგორ უნდა მოხდეს დადებით ტენდენციებთან შეწყობა და სარგებლის მაქსიმალურად გამოყენება.
ამ თვალსაზრისით განსახილველი საკითხების ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა, ამჯერად, საგანგებოდ, მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდებით - არა ზოგადი ექსტრაპოლაციის, არამედ ჩვენს ქვეყანასთან მათი ბუნებრივი ბმის გამოსაკვეთად. ვფიქრობთ, აქ ჩვენთვის უპირობოდ გასათვალისწინებელია საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ სისტემაში დიდი სახელმწიფოების როლი და წონა - ისევე, როგორც მათი ურთიერთმიმართება გლობალურ და ამა თუ იმ რეგიონალურ კონტექსტში. „პირველი რიგის ქვეყნების თანავარსკვლავედისადმი“ ასეთ საგანგებო ყურადღებას მარტივი დასაბუთება აქვს: საერთაშორისო ურთიერთობებზე სხვადასხვა სწავლების, სკოლის, მოძღვრებისა თუ პრაქტიკული დოქტრინის მიუხედავად, ამ ურთიერთობების ბუნება და შინაარსი დაფუძნებული იყო ერთ მარტივ და ულმობელ ფაქტორზე და ეს განჭვრეტად მომავალშიც ასე დარჩება. ეს ფაქტორია მსოფლიო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სცენაზე „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ - გლობალური და ზერეგიონალური სახელმწიფოების ძალა და პროცესებსა და შედეგებზე მათი ზემოქმედება. მართალია, მეოცე საუკუნისა და ამ საუკუნის სხვადასხვა ეტაპს თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები მომხიბლავი დოქტრინიორული სახელწოდებებით „აფერადებდნენ“ ხოლმე, მაგრამ მაშინაც კი მათ უკან ჰობსის სამყაროს აჩრდილით ნასაზრდოები რეალიზმის კანონები იდგა. თემაზე საუბარს არც იმით გავაუბრალოებთ, თითქოსდა ძალა აღმართს ყოველთვის ხნავს. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არაა, მაგრამ უმეტესად ასეა. ამისათვის კი მზად უნდა ვიყოთ, - როგორც ქართული რეალიზმის შესატყვისი იდეოლოგიისთვის, ისე ამ იდეოლოგიასთან ეროვნული რესურსის სწორი და ადეკვატური მისადაგებისთვის.
ქართველობას დღეს მსოფლიოში არაერთი მეგობარი და პარტნიორი ჰყავს. გვყავს მტრებიც და მოშურნენიც: ზოგან - ღია და ზოგანაც - ფარული. მაგრამ, როგორიც უნდა იყოს მეგობართა და მტერთა ბალანსი თუ განტოლება, ახალი მსოფლიო წესრიგის გზავნილი უშეცდომოდ ასე იკითხება: ჩვენი განვითარებისა და ინტერესების ადვოკატირების საქმეში, უწინარეს ყოვლისა და უმეტესწილად, საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ. ხოლო, როგორიც უნდა იყოს საერთაშორისო სისტემისა და სამართლის მხარდაჭერა, მისი ეფექტიანობა და შედეგიანობა მაინც უმთავრეს საძირკველს - ქართულ რეალიზმს, კვალიფიციურ პრაგმატიზმსა და, ღირებულებების კუთხით, რაციონალიზმს უნდა დაეყრდნოს.
ამ შესავლის შემდეგ, რამდენიმე ქვესაკითხს მოკლედ მიმოვიხილავთ.
ახალი „ცივი ომი?“
ევრაზიაში ახალი გეოპოლიტიკური კონტურის გამოკვეთას დიდად განაპირობებს ე.წ. ცივი ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის. აქ დეფინიცია „ეგრეთ წოდებულს“ შემთხვევით არ ვიყენებთ, - ამ სიტყვათა წყობის გამოყენებას ერთი გავრცელებული შეცდომა უკავშირდება: აშშ-სა და სსრკ-ს შორის „ცივ ომთან“ გაიგივება.
არადა, თუკი ამ ორ დაპირისპირებას შორის რამდენიმე ფუნდამენტურ სხვაობას გავითვალისწინებთ, ეს, რეალურად, შეცდომაა. დავიწყოთ იმით, რომ აშშ-სა და სსრკ-ს შორის „ცივი ომის“ წამყვანი ხაზი ორ იდეოლოგიურ ბანაკს შორის მეტოქეობაში გამოვლინდა - მაშინ, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება არა იმდენად იდეოლოგიაზე გადის, რამდენადაც - გავლენის სფეროების განაწილებაზე. ჩინეთი მიიჩნევს, რომ რამდენიმესაუკუნოვანი „დამცირების“ ეპოქა დასრულდა და დადგა დრო, მსოფლიომ თვალი გაუსწოროს არა მარტო მათ სურვილს, არამედ დიდ სახელმწიფოდ დამსახურებულ აღიარებას. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთის არაერთი ინიციატივა - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფაგრლებს გარეთ - ამ ამოცანის მიღწევას ემსახურება. ეს ინიციატივები მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი.
ყურადსაღებია ოფიციალური პეკინის ტრადიციული რიტორიკა სხვა სახელმწიფოთა მიმართ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით - ისევე, როგორც ყურადსაღებია მისი აქტიურობა საერთაშორისო ინსტიტუტებსა და სხვადასხვა პროექტში. ჩინეთის ეს აქტიურობა განსაკუთრებით თვალშისაცემი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გახდა და მას აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შეკვეცა მოჰყვა. საგულისხმოა ის საგანგებო ყურადღებაც, რაც პანდემიამ ჩინური მართვის მოდელის მიმართ გამოიწვია და რამაც ლიბერალურ და სახელმწიფო კაპიტალიზმის ფორმებს შორის ეფექტიანობაზე კამათი გაამწვავა.
სისტემებს შორის შედარების დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, საქართველოსთვის ამ დაპირისპირებას ერთი მეტად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: ჩვენ ვიმყოფებით ევრაზიული სივრცის ერთ-ერთ საკვანძო გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ - შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონში. ევრაზიულ სივრცეზე სახელმწიფოთა დიდი კონკურენციის ახალი სერიის პირობებში, ამ მაკრორეგიონისადმი ურთიერთგანსხვავებული ინტერესების ზრდა გარდაუვალია. ეს კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მედეგობის აქტუალურობას - ისევე, როგორც უკავშირდება კონსტიტუციით განმტკიცებული ჩვენი სტრატეგიული სამოკავშირეო ხაზის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მან ახალი ფორმები და შინაარსი შეიძინოს. ამასთანავე, ამ ხაზის გატარება (რაც ძალზე რთულია!) რამენაირად უნდა წარმოებდეს მსხვილ რეგიონალურ მონაწილეებთან მუდმივი კომუნიკაციისა და დაძაბულობის მართვის რეჟიმში.
ერთი სიტყვით, ქართულმა რეალიზმმა, რაც შეიძლება, უმოკლეს ვადაში უნდა აითვისოს რეგიონში ჩვენი ეროვნული ინტერესების სხვა ინტერესებთან თანაარსებობის ორი უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც ქმედით შეკავებასა და ეფექტიან დიალოგში მდგომარეობს. გვესმის, რომ წამოჭრილ თემას განვრცობა სჭირდება, და იგი იქნება კიდეც ჩვენი შემდეგი მსჯელობის საგანი. ამჯერად მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლებით.
„მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“
ყველამ დავიზეპირეთ ეს ფრაზა, რომელიც უკვე წლებია, გვესმის და რომლის რეალური დატვირთვა, ცნობილი ქართული სიმღერიდან ამონარიდის არ იყოს, ის არის, რომ აწმყო, ტრადიციულად, არ გვწყალობს, მაგრამ მომავალი მაინც ჩვენი (და არა სხვისი) იქნება.
ცხადია, ევროატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრირების პროცესი უძრავად არ დგას: იგი წინ მიიწევს, ახალ ელემენტებსა და შინაარსს იძენს. ამავე დროს, ერთ ადგილზე გაჩერებული არც ჩვენი ქვეყნისა და მისი მოკავშირეებისათვის ყურადსაღები და საგანგაშო პროცესებია, - ისინი, როგორც ჩანს, იმაზე სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე ნატო-თან საინტეგრაციო განცხადებების ინტენსივობა ან, თუნდაც, სათანამშრომლო პაკეტზე რამდენიმე ელემენტის დამატებაა. ამ გაგებით, ჩვენი საგარეო უწყების იმედისმომცემი შეფასებების მიუხედავად, ვფიქრობთ, არც ნატო-ს ბოლო სამიტის შემაჯამებელმა დოკუმენტმა შექმნა ის საჭირო ეფექტი, რაც ამ დროსთან და მის საჭიროებებთან პირდაპირპროპორციული იქნებოდა. ჩნდება განცდა, რომ ალიანსში ჩვენი გაწევრების დინამიკა ე.წ. „იმაზე ოდნავ გვიან, იმაზე ოდნავ მცირედით“ მიდგომას დაექვემდებარა, რაც მავნეა როგორც საქართველოს, ისე რეგიონში და მის მიღმა, ზოგადდასავლური უსაფრთხოებისათვის.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ პროცესში სასურველი რიტმისა და გაქანების არქონა მხოლოდ ბრიუსელის პოლიტიკურ ნებას ვერ და არ უნდა მიეწეროს. აქ ისევ უნდა გავიხსენოთ „ამოტრიალებული“ სამყარო, რომელიც კლასიკური „ცივი ომის“ შემდგომმა პერიოდმა დაგვიტოვა, პანდემიამ კი უფრო არაპროგნოზირებადი გახადა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა. ზოგადი გარემოს არაპროგნოზირებადობას საკუთრივ ალიანსის ფარგლებში ერთიანი პოლიტიკური ხაზის შესამჩნევი ფრაგმენტაცია დაემატა. ნათქვამის საილუსტრაციოდ, მაგალითისათვის დავასახელებთ ნატო-ს დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-სოციალურ განსხავევებსა და არაერთგვაროვნებას; თურქულ თავისებურებას - „აკეთოს ის, რაც, პირველ რიგში, თურქეთს წაადგება“; ევროპულ „სტრატეგიულ ავტონომიას“ - ტრამპის ცნობილი პოლიტიკის საპასუხოდ. მაგრამ ყოველივე ეს მაინც პრაქტიკული ამოცანების გადაჭრას მოწყვეტილი მსჯელობაა იმ ქვეყნის პირობებში, რომლის ტერიტორია ოკუპირებულია და მისი მცოცავი განვრცობა არ წყდება, ხოლო სამეზობლო გარემოცვა ამავე ქვეყნისათვის უსაფრთხოების რეალური (და არა დეკლარაციული) მექანიზმების დანერგვას მოითხოვს. ბოლოს და ბოლოს, საუბარია იმ ქვეყნის ინტერესების სრულად გათვალისწინებაზე, რომელსაც საერთო სიკეთისათვის თავისი წილის გაღებაში უკან არც ერთი წუთით დაუხევია.
ამ კონკრეტული საკითხის პრაქტიკულ ასპექტებს სათანადო ყურადღება წარსულშიც დაეთმო და ახლაც ეთმობა. აქ მხოლოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ პოლიტიკურად გაბედული გადაწყვეტილებებისა და ქმედითი ნაბიჯების დრო დადგა. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი ქვეყნისა და მისი მოკავშირეების მხრიდან განსახილველად რამდენიმე ვარიანტია - კოლექტიურით დაწყებული და რეგიონალური ან ორმხრივი სისტემებით დამთავრებული. ისინი წინა პუბლიკაციებში აღვწერეთ. თითოეული გადაწყვეტილების დროულად გასაანალიზებლად და ცხოვრებაში უყოყმანოდ დასანერგად სათანადო მზაობა და რეალიზმია საჭირო. ეს საჭიროა საქართველოს მეტი ეროვნული და შავი ზღვის მეტი რეგიონალური სტაბილურობისათვის და არა იმისთვის, რომ ჩვენს სამეზობლოში საფრთხის წყაროდ წარმოვჩნდეთ.
რუსეთთან მეზობლობის „ბედნიერება“
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და ყირიმის ანექსიის შედეგად რუსეთის ექსკლუზივს, მისი გაგებით, „ახლო საზღვარგარეთზე“ თითქოსდა არაფერი ემუქრებოდა. მაგრამ ეს სტატუსი მაინც მყიფე იყო, რასაც დროდადრო ადასტურებდა ქართული და უკრაინული ქეისები. მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა და, მის შედეგად, წინა წლის 10 ნოემბრის შეთანხმებამ კი ახლო სამეზობლოზე რუსული ინტერესი, ერთგვარად, გეოპოლიტიკური კოჰაბიტაციის რეჟიმში გადაიყვანა. წარმოიქმნა საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ზონები, სადაც მოსკოვს სხვა ქვეყნების ინტერესებთან თანაარსებობა, ან ასეთ ინტერესებთან გარკვეულ „სათანამშრომლო“ ფორმატებზე შეთანხმება უწევს. ეს - რაც შეეხება ჩვენთვის ერთ მეტად არსებით ტენდენციას.
ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის“ არ იყოს, რუსეთის ამჟამინდელი შესაძლებლობების მიმართ სიფხიზლის მოდუნება დაუშვებელია. ბოლო წლების განმავლობაში რუსული ძალის ფაქტორის თაობაზე არაერთხელ „გამოცხადებული ქრონიკის“ მიუხედავად, მისი გეოპოლიტიკური დაქვეითება ნელ პროცესად იქცა, მეტიც - ამ პროცესში „მომაკვდავი“ დროდადრო შთამბეჭდავად „ცოცხლდება“, რითაც გავლენას ახდენს არა მარტო უშუალო სამეზობლოზე, არამედ უფრო შორეული გეოგრაფიული ზონების პოლიტიკურ მოვლენებზეც. ასე მაგალითად, მოსკოვის ბოლო წლების გეოპოლიტიკურ მონაგარშია ხისტი თუ რბილი ძალის პროექცირება ახლო აღმოსავლეთზე, ბალკანეთზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე. არსებითად გამრავალფეროვნდა რუსული ინტერვენციების გამოვლინება - დაწყებული ექსპედიციური შეირაღებული ძალის უნარების ზრდითა და გაგრძელებული რუსეთის მიერ „საჯარო-კერძო პარტნიორობის“ ფორმის მქონე გარე ჩარევებით (მაგალითად, რიგ შემთხვევებში „ვაგნერის“ ცნობილი ჯგუფების გამოყენება).
მსოფლიოს გადმოსახედიდან ერთ-ერთ პოპულარულ საკვლევ საკითხად დღესაც რჩება ბარაკ ობამასდროინდელი დილემა - წარმოადგენს თუ არა რუსეთი გლობალურ თუ რეგიონალურ ზესახელმწიფოს? ეს შეკითხვა საერთაშორისო ურთიერთობებსა და მათ რეგიონალურ კვეთაზე მრავალი საინტერესო ნაშრომისა და საჯარო დისკუსიის საფუძველი გახდა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი, დამაჯერებელი პასუხი დღესაც არ არსებობს.
მაგრამ ჩვენთვის, როგორც რუსეთთან უშუალო სამეზობლოში მყოფი ქვეყნისათვის, გაცილებით აქტუალურია სხვა ფორმულირების შეკითხვა: საჯარო განცხადებების მიღმა არის თუ არა მცირე ალბათობა თუნდაც იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დასავლეთსა და რუსეთს შორის ერთგვარი კომპრომისის (გარიგება ცუდი სიტყვაა) ობიექტად რჩებოდეს? იმედია, რომ არა. გვჯერა, რომ არა. მაგრამ საკითხის ირგვლივ დამაჯერებელ მტკიცებას სწორედ ქმედითი და დროული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება (რაც ამ სტატიაში უკვე ვახსენეთ); წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ იარსებებს მაღალი რისკი იმისა, რომ ქვეყანამ ორ მსხვილ პოლიტიკურ-ნორმატივისტულ ბანაკს შორის ე.წ. რუხ ზონად არსებობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში განაგრძოს. ეს, თავის მხრივ, შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე მისი სტრატეგიული გაურკვევლობისა (შიდაპოლიტიკური აშლილობა, საზოგადოებაში დაქსაქსვა და სხვ.) და მსოფლიოს თვალში უარყოფითი სადემონსტრაციო ეფექტის (ვთქვათ, სატრანზიტო პოტენციალის შეზღუდვა, საინვესტიციო მიმზიდველობის დაქვეითება) მიზეზი გახდეს.
როგორც თბილისის, ისე მისი მოკავშირეების მხრიდან მიმდინარე რეგიონალური პროცესების მიმართ ასეთი დამაჯერებელი ქმედება და მიზანმიმართულობა ჩვენს პარტნიორობას საბოლოოდ დააწინაურებს. იგი დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ერთიანი რესურსი მეტად ეფექტიანად გამოვიყენოთ შეკავების, მდგრადობისა და კომუნიკაცია-დიალოგისთვის. ამ კომპონენტების ერთიანობა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით სტანდარტების ზრდას არ გულისხმობს. უდავოა, რომ საერთო სურათში, კონკრეტულად - სამხედრო, ზოგადად კი - უსაფრთხოების ამოცანა უაღრესად პრიორიტეტულია. თუმცა, ქართულ-დასავლური კონცენტრირებული ძალისხმევის საბოლოო შედეგი მაინც სხვა, გაცილებით უფრო დიდ და კომპლექსურ შედეგში გვესახება, - ევრაზიის სამხრეთით საქართველო დასავლეთ გერმანიის ან სამხრეთ კორეის ანალოგად იქცეს. ამ მაღალი სინჯის ამოცანის მიღწევა, გარდა საგარეო ფაქტორებისა, მთელი რიგი საშინაო ფაქტორების გადაჭრას, ინსტიტუციურ განვითარებასა და სრულყოფას მოითხოვს. სწორედ ასე უნდა მოემზადოს ქვეყანა არახელსაყრელ გარემოსთან ხანგრძლივი (იმედია, არცთუ ხანგრძლივი) თანაარსებობის პირობებში სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.
ის, რასაც ჩვენ ნაცვლად სხვა ვერ გააკეთებს
ქართული საქმის საბოლოო წარმატებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა დიდია. უდავოა, რომ ამ მხარდაჭერასთან ერთად არის ისეთი საკითხებიც, რომლებიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მისახედი და მოსაგვარებელია.
ასეთ საკითხთა ჩამონათვალშიც განსაზღვრული წესი და წესრიგი უნდა დავიცვათ, რათა შევძლოთ იმ უმთავრესის გამოყოფა, რომელზეც დანარჩენთა დაშენება ხდება. რთულია ერთ ნაწერში ყველა პრიორიტეტის აღნიშვნა; ამაზე პრეტენზია არც გვაქვს, მეტიც, - ეს გაცილებით უფრო ვრცელი განსჯის საგანია და ასეთი დისკუსიები ქართველ საზოგადოებაში იშვიათი არ არის.
ამ დიდ მსჯელობას სტატიით შევუერთდებით და მკითხველის ყურადღებას ჯერ კიდევ აქტუალურ, რამდენიმე კრიტიკულ საკითხს მივაქცევთ.
საზოგადოების თანამონაწილეობის როლის შესახებ
საზოგადოებაში სწორი პრიორიტეტების გამოკვეთა და მათ ირგვლივ კონსოლიდაცია უმთავრეს გამოწვევად რჩება. ვერ დავეთანხმებით მათ აზრს, ვინც ამტკიცებს, რომ ქართველი საზოგადოება მეტისმეტად პოლარიზებულია. ვფიქრობთ, ეს არ არის სწორი განცხადება, ვინაიდან რადიკალურ პოლარიზაციასაც, სულ მცირე, რამდენიმე ღირებულებითი სისტემა სჭირდება, რაც ამა თუ იმ სისტემის გარშემო გარკვეული სეგმენტის თავმოყრას განაპირობებდა, - მით უფრო, რომ ამა თუ იმ ეტაპზე ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან მწყობრი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მკაფიო კონტურების გარეშე, ქვეყანაში გამართული პარტიებისა და შესატყვისი პარტიული პროგრამების, პარტიული იდეოლოგიებისა და სახელმწიფოს შენების მიმართ სისტემური მიდგომის გარეშე ღრმაშინაარსიანი სიტყვის - „პოლარიზაციის“ გამოყენება საფუძველს მოკლებულია.
მდენად, ის, რასაც ცალკეული მარგინალური თუ „მეინსტრიმული“ პოლიტიკური ჯგუფები და მათ აყოლილი მედიასაშუალებები (ნამდვილ მედიამდეც ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი), ამა თუ იმ გამოწვევის გასაკეთილშობილებლად „პოლიტიკურ შეხედულებათა შეუთავსებლობად“, „სისტემური ხედვების კონფლიქტად“ თუ სხვა მაღალფარდოვანი ლექსიკით შემოსავენ ხოლმე, სხვა არაფერია, თუ არა ხვალინდელზე ორიენტირებული გზის შეთავაზების უნარის არქონა და გაუბედაობა, ახსნან ამ უუნარობის მიზეზი. ეს მიზეზები, ალბათ, მრავალსახოვანია, მაგრამ მათი ძირითადი არსი პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილის უმეცრება, საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარებისათვის საკმარისი სურვილისა და ნების არქონა, ახალი და არგუმენტირებული გადაწყვეტის გზების შეთავაზების ობიექტური შეუძლებლობაა. მეტიც, ამჟამინდელი სურათის შემხედვარე, იქმნება წარმოდგენა, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ღრმა წარსულში ჩარჩა, ხოლო დღეს მოქმედ არერთ ფიგურანტს (მათ, ვისაც პრეტენზია აქვთ, საზოგადოების სახელით იღაღადონ) თვითგანახლებისა და გადახალისების ძალა და სურვილი, პრაქტიკულად, აღარ შერჩათ. პოლიტიკური ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებთან მისადაგების გარეშე კი ქვეყნის თვისებრივი განვითარება, პრაქტიკულად, განწირული მცდელობაა.
ასეთ ვითარებაში ჯანსაღი, დაბალანსებული და პასუხისმგებლობით გაჯერებული საზოგადოებრივი მუხტის უმთავრესი დანიშნულება პოლიტიკური სტანდარტების შეცვლისათვის სათანადო კონსტრუქციული ფონის შემზადებაა. ამ პროცესის თანმდევი შედეგია იმ აუცილებელი დოზის „შიდა წნევის“ აკუმულირება, რაც ქართული პოლიტველის რეგენერაციასა და ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკური ხელწერის დამკვიდრებას განაპირობებს.
და კიდევ ერთი მოსაზრება: მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის კონტრიბუცია უნდა განისაზღვროს არა საპარლამენტო მანდატების სტატისტიკური მაჩვენებლით, არამედ საქვეყნო ინიციატივების რაოდენობითა და მასშტაბით და მათი რეალიზაციის ხარისხით. სტატისტიკა მიდის და მოდის და ისტორიულ მეხსიერებაში მისი ვადიანობა მოკლეა, ხოლო ღრმაშინაარსიან და გრძელვადიანი შედეგის მქონე ინიციატივებს, რეალურად, საქვეყნო მნიშვნელობა აქვს.
ჯანსაღი ინსტიტუტები ქვეყნის სახეა
საერთაშორისო გამოწვევების მიმოხილვისას ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის როლსა და დანიშნულებაზე გავამახვილეთ ყურადღება. ამ ნაწილში კვლავ ხაზგასმით ვიტყვით, რომ, როგორი წარმატებული და მრავალფეროვანიც უნდა იყოს საქართველოს საგარეო თანამშრომლობა, ქვეყნის მედეგობა, სიძლიერე და განვითარება მაინც მისი შიდა რესურსებით იკვებება, მათ შორის, უწინარესად, სწორი სახელმწიფო ინსტიტუციური მოწყობითა და საჯარო სამსახურის სიმთელითა და სიჯანსაღით.
მიზნის მისაღწევად აუცილებელია, ერთხელ და საბოლოოდ დამკვიდრდეს პროფესიონალური საჯარო-სამოხელეო სტანდარტები, რაც გამორიცხავს ადამიანური რესურსის შერჩევა-დაწინაურებას პოლიტიკური ან პარტიული ერთგულების ნიშნით. დღეს ამ მხრივ ვითარება შედარებით უკეთესია, მაგრამ პრესტიჟულ, ავტორიტეტულ და რეალურ მერიტოკრატიაზე დამყარებულ სამოხელეო კულტურამდე ჯერ კიდევ სამწუხაროდ შორია. ქვეყანაში უნდა დასრულდეს „ატრიბუტიკაშემკობილთა“ დომინირება, ხოლო გზა ქვეყნის მართვისაკენ - და, მაშასადამე, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებებისაკენ - უნდა გაეხსნას ნიჭიერ, სპეტაკ, დიდი ინტელექტუალური და სააზროვნო პოტენციალის მქონე ადამიანებს. საჯარო სამსახურიდან „ტვინების გადინება“ უნდა ჩანაცვლდეს საჯარო სამსახურში „ტვინების შედინებით“.
აქვე შევნიშნავთ, რომ ავთენტური ავტორიტეტულობის მიზნით კარგი იქნება, თუ მაღალი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავების საკანონმდებლო პირობად ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობა განისაზღვრება. ასევე აუცილებელია, ვიფიქროთ კვალიფიციური კადრების დაკომპლექტების გზით ქართული ეროვნული სპეციალური სამსახურების პრესტიჟულობის უფრო მეტად ამაღლებაზე. აგრეთვე, ხელახლა გასააზრებელია ჩვენი საგარეო სამსახურისა და დიპლომატიის ახალი როლი და დანიშნულება, რაც საკადრო და სტრუქტურულ ნაწილში სრულფასოვან და გაბედულ ღონისძიებებს მოითხოვს. ეს და სხვა ნაბიჯები ან შეძლებისდაგვარად უმოკლეს პერიოდში დაიგეგმება და განხორციელდება, ან - ვერასდროს.
მთელი ამ პროცესის ერთ-ერთ აუცილებელ მდგენელად მიგვაჩნია ის, რომ არაერთ სახელმწიფო ინსტიტუტს ხელახლა აქვს „საპოვნელი“ თავისი თავი; ზოგს საკუთარი უშუალო ფუნქციების შეხსენება სჭირდება, ზოგიერთისათვის კი, თანამედროვე რეალობებიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალი ფუნქციების განსაზღვრა და არსებულის მოდიფიცირება. ვფიქრობთ, ამ პრობლემატიკის მეტად დეტალიზება ახლა ამ სტატიაში შეუძლებელია, ხოლო ნებისმიერი ასეთი დეტალური „ჩაშლის“ პრაქტიკაში განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყნისა და ეროვნული საქმის სამსახურში საქმის საკეთებლად რამდენიმე შეუვალ პრინციპზე მყარად ჩამოვყალიბდებით.
ქართული „რბილი ძალა“ - მითი თუ რეალობა?
ეს დამოკიდებულია ჩვენს ამბიციაზე - ისევე, როგორც ეთნოკულტურულ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობაზე დაშენებულ საღ და რაციონალურ თანამედროვეობაზე. პირველში არ გვიჭირს: იგი ისტორიულად მდიდარია და ქართველებს დამსახურებულ სიამაყის განცდას გვძენს. მეორე კი პრობლემურია: სახელმწიფოებრიობის ხაზის ხანგრძლივი წყვეტის, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, შიდა კონფლიქტების, გარე აგრესიისა თუ დროის ისტორიული თვალსაზრისით მცირე მონაკვეთში მსოფლიოში მომხდარი დიდი ცვლილებების გამო, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს კონტურების საბოლოო მოხაზვა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
ამ პროცესის წარმატებით დასრულების ერთ-ერთ (მაგრამ არა ერთადერთ!) მთავარ პირობად ჩვენი ქვეყნის ფუნქციონალური დატვირთვისა და რეგიონალურ თუ საერთაშორისო არენაზე მისი სარგებლიანობის პოვნა გვესახება. ამ საქმეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაედო საფუძველი, მაგრამ შემდეგ მინელდა. არადა, იგი განსაახლებელია და ამის საჭიროება ორი ძირითადი არგუმენტით აიხსნება: პირველი - ფუნქციის მქონე სახელმწიფო მისი შიდაეროვნული რესურსის მობილიზებისა და პერიოდული განახლების წყაროა; მეორე - საერთაშორისო-რეგიონალური სარგებლიანობა ხელს უწყობს საფრთხეებისა და რისკების შესამცირებლად საჭირო გარე ყურადღებისა და დახმარების მომართვას.
ზემოთქმულის გარდა, გარე და შიდა ასპარეზზე წარმატება არის არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოების, არამედ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მოკავშირეებისა და პარტნიორების ღირსების საკითხი. ამ გზაზე წარმატებული სვლა გახდება ყველაზე მყარი და დამაჯერებელი პასუხი სკეპტიკურ კითხვაზე - თუ რამდენად სწორი იყო გამოწვევების, წინააღმდეგობების, ისევე როგორც რეფორმებისა და ცვლილებების გზით სვლასთან დაკავშირებით ჩვენი მაგისტრალური არჩევანი. მეტიც, - ქართული საქმის წარმატება იმ ქართული წარმოშობის „რბილი ძალის“ ეფექტის ტოლფასი იქნება, რომელმაც შეიძლება, ურთიერთობათა ახალი წესრიგის ჩამოყალიბებისას ერთი მეტად კონკრეტული და საინტერესო ისტორიული მაგალითი შექმნას.
ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე