სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - წარმატების ახალი პარადიგმა

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

პანდემიითა თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებით, რთული ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარებით დამძიმებული საზოგადოებრივი ფონის პირობებში ბედნიერების ნაპერწკლად მოგვევლინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო v. რუსეთის ფედერაცია. უკანასკნელ პერიოდში მცირეა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც მკვეთრად პოლარიზებული მოსახლეობისთვის ეროვნული ერთობის საფუძველი ხდება. ამ მხრივ, გამონაკლისია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომელიც გამარჯვებაა სრულიად საქართველოსთვის და მისი ყოველი მოქალაქისთვის, განურჩევლად პოლიტიკური მსოფლმხედველობისა. აღნიშვნის ღირსია ყველა იმ პირის წვლილი, რომლებმაც სასამართლოში განაცხადის წარდგენის დღიდან უკანასკნელ დღემდე არ დაიშურეს ძალისხმევა საქმის წარმატებით დასრულებისთვის.  12 წლიანი სახელმწიფოთაშორისი დავის სამართლებრივი პერიპეტიები კომპლექსურია და მათი სრულყოფილი შეფასება მეტადრე იურიდიული კვლევის საგანია. შესაბამისად, ამ სტატიის მიზანია არა დოქტრინალური ანალიზი, არამედ, იმ მნიშვნელოვან დასკვნებზე მსჯელობა, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში მრავალგზის შევხვდებით. ამგვარი განხილვა დაგვეხმარება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარების, რუსეთის პასუხისმგებლობის გამოკვეთისა და დეოკუპაციის პროცესის წარმართვის თვალსაზრისით არსებული მიღწევის იდენტიფიცირებასა  და სამომავლო პერსპექტივების განჭვრეტაში.


2008 წლის 11 აგვისტოს საქართველომ შეიტანა განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის დაუყოვნებელი აღკვეთისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. იმავე წლის 12 აგვისტოს სასამართლომ მიიღო ე.წ. შუალედური ზომები და დავის ორივე მხარეს დაავალა კონვენციის ნორმების შესრულება, განსაკუთრებით სიცოცხლის უფლების დაცვისა და წამების აკრძალვის ვალდებულებების განუხრელი პატივისცემა. 2021 წლის 21 იანვარს გამოქვეყნდა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლებრივი ფუნდამენტი გაუმყარა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საერთაშორისო აღიარებას. გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება გამოკვეთს რუსეთის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 2008 წლის ომის აქტიურ ფაზასა და შემდგომ პერიოდში ჩადენილი ქმედებებისთვის. რაც მთავარია, მართლმსაჯულებას აქვს შეუქცევადი ხასიათი და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილ ახალ განაცხადს, რომლითაც ქვეყანა განგრძობადი ოკუპაციის საკითხზე 2018 წლიდან დავობს, პრეიუდიციული ფორმით დაეხმარება. 


დიდი პალატის პრეცედენტული გადაწყვეტილებით:
 

  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ ჩადენილი დარღვევებისთვის;
  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების, ასევე საკუთრების უფლების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის; რაც, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების (სამოქალაქო პირების) სიცოცხლის ხელყოფას, საცხოვრებელი სახლების დაწვასა და გაძარცვას ცხინვალის რეგიონსა და ბუფერულ ზონაში მდებარე, ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ სოფლებში;
  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა 10-დან 27 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში გამომწყვდევისათვის;
  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს 160 მოქალაქის დაკავებისას მათი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის;
  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა 8-დან 17-აგვისტოს პერიოდში სამხედრო ტყვეების დაკავებისთვის;
  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის;
  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების დაბრუნების ხელშეშლაზე;
  • რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა ომის აქტიურ ფაზაში (8-12 აგვისტო) ჩადენილი მკვლელობების გამოუძიებლობაზე.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი სამართლებრივი დატვირთვით მონუმენტურია, რამდენიმე თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტური კონტროლი გააჩნდა რუსეთის ფედერაციას და ამ ტერიტორიებზე ჩადენილი ქმედებები სწორედ მას შეერაცხება. გადაწყვეტილება პირველი სასამართლო დოკუმენტია, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციას. მიუხედავად საქართველოს სახელმწიფოსა და მისი პარტნიორების მიერ წარმოებული არაღიარების წარმატებული პოლიტიკისა, დღემდე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებული იყო მხოლოდ რეზოლუციებსა თუ ე.წ. მეორადი სამართლის წყაროებში. სტრასბურგის დოკუმენტით კი სასამართლო  გადაწყვეტილებით განმტკიცდა ოკუპაციის საკითხი და რუსეთის ფედერაციის ოკუპანტ ძალად მოხსენიებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის იურისტთა ნაწილში არსებული უხერხულობა სრულიად მოიხსნა. იძულებით გადაადგილებული პირების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების კონტექსტში, დღემდე, საქართველოს მთავარი მხარდამჭერი დოკუმენტები გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიღებული რეზოლუციები იყო; სასამართლოს გადაწყვეტილება კი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებად მიიჩნევს, პირდაპირ გამოკვეთს ამ მიმართულებით რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას. სტრასბურგის მართლმსაჯულებაში ცალსახად გამოკვეთილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იურიდიული სტატუსი და ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა არ შეასრულა. აღნიშნული შეთანხმების დაცვის საკითხს საქართველო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში უკვე 12 წელია აყენებს, ხოლო რუსეთი გამუდმებით ცდილობს ამ დოკუმენტის სამართლებრივი სტატუსის ეჭქვეშ დაყენებას. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველს აცლის, ამ მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის ყველა არგუმენტს.


საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილების ყოველი პუნქტი მიღებულია დიდი პალატის წევრი 17 მოსამართლის ან ხმათა ერთობლიობით, ან აბსოლუტური უმრავლესობით, რაც გულისხმობს 16 მოსამართლის მხარდაჭერას (წინააღმდეგ წასული 1 მოსამართლე რუსეთის ფედერაციის კვოტით არის არჩეული). ხმათა ასეთი თანაფარდობა ხაზს უსვამს დიდი პალატის ერთსულოვნებას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაიწერა მოსამართლეთა განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლებიც თან ერთვის ძირითად გადაწყვეტილებას. იურისტების მხრიდან სტრასბურგის მართლმსაჯულების კრიტიკის საფუძველი გახდა სასამართლოს მხრიდან ომის აქტიური ფაზის (8-12 აგვისტო) არშეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს ეს ქმედება განპირობებულია ჰუმანიტარული სამართლის ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით კონსერვატიული მიდგომით და არ უკავშირდება დავის სუბიექტებს. როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლო მწყობრად არიდებს თავს, როგორც ინდივიდუალურ განცხადებებში, ასევე სახელმწიფოთაშორის დავებში ომის აქტიური ფაზის შეფასებას. ეს გარემოება არ აკნინებს გადაწყვეტილების სამართლებრივ ღირებულებას და იმ დებულებათა მნიშვნელობას, რომლებიც ლოკომოტივის ფუნქციას შეითავსებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმოების რთულ გზაზე.


21 იანვრის გადაწყვეტილება სწორედ იმ დიდ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის პროცესი ჰქვია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები მნიშვნელოვანი წყარო იქნება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვისაც, საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო დანაშაულების ჩამდენ პირთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად. აღსანიშნავია, ასევე, 2008 წელს საქართველოს მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადი, რომელიც 2011 წელს დროებით შეჩერდა; თუმცა, არსებობს მისი განახლების პერსპექტივა. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი ქართული მოსახლების ეთნიკური წმენდის ფაქტი ძლიერი სამართლებრივი იარაღი იქნება შეჩერებული პროცესის განსაახლებლად და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევისთვის რუსეთის საერთაშორისო პასუხისმგებლობის დასადგენად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ქვეყნის პროაქტიულობაშია. მიზნის მიღწევის ერთადერთი გასაღები ყველა სამართლებრივი თუ დიპლომატიური პლატფორმის ერთობლივი გამოყენებაა, რითაც საქართველო შეძლებს საკუთარი პოზიციების მეტად გაძლიერებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ მძლავრ პოლიტიკურ ბერკეტს იძლევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის აქსელერაციის კუთხით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტი, მათ შორის, პოლიტიკური ძალები, კონსოლიდირებული იყოს ამ ზეპარტიული მიზნის ირგვლივ. ფუნდამენტური საკითხია შეთანხმება პრინციპზე, რომ მთავარია სახელმწიფომ დასახული მიზნის მიღწევა შეძლოს და მეორეხარისხოვანია, თუ რომელ პირს ან პირთა ჯგუფს მიეწერება ეს წარმატება. მრავალი თვალსაზრისით, ქვეყანას ისტორიული მომენტუმი დაუდგა და აუცილებელია სახელმწიფომ ეს შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოს.  
 

გააზიარე: