ცალკეულ საკითხებზე - ასე მარტივსა და ასე რთულზე

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

სივრცობრივ ფაქტორზე - ზოგადად

ასეთი საკითხი საერთაშორისო და პოლიტიკურ სწავლებაში არაერთია. ისინი, რთულად გასაგები, თითქოსდა, არ უნდა იყოს, მაგრამ, ამავე დროს, თეორიული კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობისთვის მეტად ნოყიერ საფუძველს ქმნის. მაგალითისათვის დავასახელებთ ერთი სახელმწიფოს მიერ სხვებზე გავლენისა და ინტერესების გავრცელებისკენ სწრაფვას. ამ მეტად მარტივ „ინსტინქტზე“ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემა უკვე რამდენიმე საუკუნეა, დგას. ხოლო, დღეს მსოფლიოში შექმნილი რეალობით თუ ვიმსჯელებთ, გლობალური წესრიგის (თუ უწესრიგობების) ამ მზიდს არც ახლო მომავალში ელოდება პრიორიტეტის სტატუსის ჩამოცილება, რევიზია ან გარკვეულწილად გადახედვა. ულმობელი კონსტანტაა, რომ მუდმივი კონკურენციის იმანენტური განწყობა (რომელიც თომას ჰობსმა ადამიანებში გამოარჩია და თავის სწავლებაში ახსნა) საერთაშორისო ურთიერთობების უმთავრეს სუბიექტებს - სახელმწიფოებს შორის ურთიერთმიმართების ძირითად განმსაზღვრელად რჩება. გასულ საუკუნეებში წამოწყებულმა გეოპოლიტიკური გადაწყობის დაუსრულებელმა პროცესებმა, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან გავლენის, „სასიცოცხლო სივრცეების“, სხვათა გავლენის სფეროებში „შეჭრისა“ და დამკვიდრების სურვილმა გამოაცოცხლა გეოგრაფიასთან დაკავშირებული სწავლებები და ისინი კონკრეტული ინტერესების ჩამოყალიბებისა და გატარების პრაქტიკულ ინსტრუმენტებად აქცია. ვრცელ სამეცნიერო წიაღსვლებს თავი რომ დავანებოთ, გეოპოლიტიკა ეროვნული ინტერესების ინტერაქციის კონკრეტულ ფორმებსა და მექანიზმებზე დაკვირვებამდე დავიდა; კონცენტრირდა დასკვნებზე, რეკომენდაციებსა და პროგნოზებზე, - თუ როგორი იქნება კონკრეტულ ძალთა გლობალურ ან რეგიონალურ კონტექსტში განლაგება და როგორ მოხდება გარე და შიდა ფაქტორების გავლენის შედეგად მათი შემდგმში გადალაგება.
 

ეს დიდი და ღრმა მნიშვნელობის მოვლენაა, რომლის პრაქტიკულმა ეფექტმა ვერც ჩვენს ქვეყანას აუარა გვერდი და არც მომავალში აუვლის. ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან შეგუებულნი ვართ იმ მოცემულობას, რომ საქართველოს მდებარეობა - ყოფნა ძლიერი, მასშტაბური და წინააღმდეგობრივი გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთაზე - ამ ქვეყნისათვის თანაბრად იყო და რჩება როგორც უნიკალური შესაძლებლობების, ისე საბედისწერო გამოწვევების განმაპირობებლად. მეტიც, ქართული სახელმწიფოსათვის ეს ისტორიულად თანმდევი დილემა მომავალშიც დარჩება, ვინაიდან კომუნიზმის კრახის გამო დაანონსებული ფუკუიამასებური „ისტორიის დასასრული“ საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს და ყველა სხვა ანალოგიური შინაარსის გეოპოლიტიკური წინასწარმეტყველების რეალიზება გაურკვეველი მომავლით გადაიდო. შედეგად, ემანუელ კანტის არ იყოს, „მარადიული მშვიდობისათვის“ ბრძოლა „მარცხით დასრულდა“, ხოლო გავლენათა სფეროებისათვის ხელახალი დაპირისპირება დიდი გეოპოლიტიკური კონკურენციის განახლებულ თეორიულ-პრაქტიკულ ფორმატში ექცევა.


ცხადია, როგორც არაერთი სხვა მოვლენა, რომელიც ოდესღაც არსებულს და შემდეგ მივიწყებულს უკავშირდება, არ ახალია გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და სივრცის ფაქტორიც და იგი რამდენიმე, უკვე შედარებით ძველ თეორიულ ფესვებს უკავშირდება. მათ შორის, პოლიტიკურ გეოგრაფიაში ერთგვარად საბაზისოთა შორისაა ჰალფორდ მაქინდერის მოძღვრება, რომელშიც საუბარია საქართველოსთვის ასე აქტუალურ - ევრაზიის როგორც მსოფლიოზე ბატონობის „გულმკერდის“ როლზე.


ევრაზიულ სივრცეზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნიკოლას სპაიქმენის აზრის სკოლა, რომელიც, გავლენებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, ევრაზიული „გულმკერდის“ გასწვრივ ე.წ. სანაპირო ზოლისა და ქვეყნების მნიშვნელობას გამოარჩევდა. საზღვაო აუზებზე (შავი ზღვა თუ სხვა) როგორც პოლიტიკურ-გეოგრაფიულ სივრცეებზე მსჯელობისას დღესდღეობით მოდერნიზება განიცადა მაქინდერთან ოდესღაც შედარებით ნაკლებად „აქტუალურმა“ - სპაიკმენის მოძღვრებამაც. დაბოლოს: გეოპოლიტიკური სივრცის შესახებ სწავლებებზე საუბარი არასრული იქნება, თუ აქვე არ გავიხსენებთ ალფრედ მაჰენის თეორიას ზოგადსივრცობრივი კონტროლის მიზნით საზღვაო არტერიების კონტროლის შესახებ. ეს მხოლოდ მცირე შენიშვნაა იმის საილუსტრაციოდ, რომ გეოგრაფიასა და ადგილმდებარეობას ყოველთვის ჰქონდა და ექნება მისთვის დამახასიათებელი დანიშნულება როგორც გეოპოლიტიკური ანალიზის, ისე პრაქტიკული პოლიტიკის კუთხით. ამიტომაცაა, რომ ქართულ საგარეო და საშინაო ვექტორზე საუბრისას, სხვა ეგზოგენურ და ინტროგენურ ასპექტებთან ერთად, აუცილებლად გვმართებს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და სივრცობრივი ფაქტორის „გადიდება“ და უფრო კომპლექსური და შინაარსობრივი დაკვირვება. სწორი დასკვნების გასაკეთებლად ეს აუცილებელია.


ახლო სამეზობლოს გავლენები


ახლო სამეზობლოდან მომდინარე შედეგები, სამწუხაროდ, ჩვენთვის კარგად ნაცნობია. შორეული ისტორიის მაგალითების მოხმობის გარეშეც, უკვე უახლესი გამოცდილებაც საკმარისად დიდ - საქართველოსათვის კი, მეტწილად, უარყოფით - მასალას გვთავაზობს დასკვნების გასაკეთებლად. 


ზოგადად თუ ვიტყვით, დიდი სახელმწიფოს მხრიდან უშუალო გარემოში საკუთარი „სასიცოცხლო ინტერესების“ მონიშვნის პრაქტიკა კარგა ხანია, არსებობს. კვლავაც არ მოვიხმობთ ეკლექტურ ისტორიულ პარალელებს და მის პირველ, შედარებით მწყობრ თეორიულ-პრაქტიკულ მცდელობად ე.წ. „მონროს დოქტრინას“ დავასახელებთ. მისი არსი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის რამდენიმე ძირითადი პრინციპის დეკლარირებას უკავშირდებოდა. კერძოდ, ძველ (ევროპა) და ახალ (ამერიკა) სამყაროთა სისტემური გამიჯვნის გზით, აშშ აცხადებდა ევროპის საქმეებში ჩაურევლობას, მაგრამ, ამავე დროს, ანტიკოლონიალური კონტექსტის მოშველიებით, დაუშვებლად მიიჩნევდა იმავეს ევროპის ქვეყნების მხრიდან - დასავლეთ ნახევარსფეროში პროცესებში მონაწილეობას. პრაქტიკაში „მონროს დოქტრინა“ არცთუ წარმატებული გამოდგა, თუმცა იგი ნამდვილად იყო გლობალურ გავლენათა სფეროების გამიჯვნის პირველი სისტემური მცდელობა, რაც, შიდა საქმეებში ჩაურევლობასთან ერთად, სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფლიქტების აცილებას უნდა მომსახურებოდა. 


ჩვენს დროში ეს დოქტრინა, სხვადასხვა ფორმით, ფაქტობრივად, რამდენჯერმე გამეორდა. დღეს იგი შედარებით მკაფიოდაა გამოხატული ჩინეთის მიერ, სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის არეალში. ეს ის გეოგრაფიაა, სადაც, პეკინის თარგზე გაცოცხლებული „მონროს დოქტრინით“, მიმდებარე ტერიტორიის ჩინური გავლენის ზონად დამკვიდრების მცდელობა ხდება. დღემდე ასეთი მცდელობა, მეტწილად, ეკონომიკური ხასიათისაა და თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვას ემსახურება. თუმცა, რეგიონში აშშ-ის და მისი რეგიონალური პარტნიორების ინტერესების შემცირების კვალდაკვალ, მოსალოდნელია მოვლენათა არა მხოლოდ ეკონომიკური წნეხის სცენარით განვითარება. ამ წუთისათვის ეს მხოლოდ თეორიული ალბათობაა და მისი პრაქტიკაში განხორციელება მხოლოდ რამდენიმე საბედისწერო ფაქტორის შემთხვევაშია შესაძლებელი.


მიგვაჩნია, რომ ის გზა, რომლითაც მსოფლიო ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებში „მონროს“ სინდრომს უფრო გაახშირებს. მით უფრო, რომ ეგოცენტრული ტენდენციებისა და ნაციონალისტური რეგიონალური ლიდერი ქვეყნების პირობებში, უშუალო სამეზობლოზე გავლენათა გავრცელების პრაქტიკა „ნორმად“ იქცევა. 


ბუნებრივია, ასეთი პრაქტიკა ვერასდროს მოიპოვებს სამართლებრივ მხარდაჭერას, მაგრამ შექმნილი კონიუნქტურა მას სამართლის საპირწონე რეალიზმის ძალის ეფექტს შესძენს. ეს კი ანგარიშგასაწევ განტოლებად იქცევა საერთაშორისო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკურ ინტერესთა სიჭრელითა და ურთიერთგამორიცხვით გამოირჩევიან. ერთ-ერთ ასეთ რეგიონს, სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასია წარმოადგენს, სადაც, ჩვენი მოკავშირეების მხრიდან არსებული კონფიგურაციის „გადასატეხად“, დასავლეთისა და თბილისის მოქმედება თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას მოითხოვს. 


ასეთი „გადატეხვისათვის“ ერთ-ერთ სამართლებრივად და მორალურად აპრობირებულ ფორმად მიგვაჩნია ახალი, რეგიონალური ნიშნით (შავი ზღვა) მრავალმხრივი თუ ორმხირივი სამხედრო-პოლიტიკური კავშირების ფორმირება. გლობალური რუკის „დაქსაქსვის“ პირობებში, დასავლეთისა და მის შორეულ თუ არცთუ შორეულ გეოგრაფიებში რჩეული პარტნიორების ყველაზე ეფექტიანი და მოქნილი თანამშრომლობა მიკროალიანსების (ე.წ. „მცირე ნატო“) კონტურებს იძენს. შექმნილი მსოფლიო და რეგიონალური კონიუნქტურის  გათვალისწინებით, შავი ზღვისა და საქართველოს შემთხვევაში, შეიძლება, ამ მიდგომამაც „იმუშაოს“. ამაზე წინა პუბლიკაციებში ვიმსჯელეთ. სხვათა შორის, ალიანსების გამოყენებით საკუთარი ინტერესების გეოგრაფიული თვალსაზრისით განვრცობის და, შესაბამისად, არასასურველი ინტერესების შეზღუდვის საშუალებად მას არაერთი საერთაშორისო სისტემის რევიზიონისტი ქვეყანა იყენებს. მათ შორის, ალბათ, ყველაზე მეტად გამოსარჩევი რუსული გამოცდილებაა.


ამ კონკრეტულ თემაზე საუბრისას, ცხადია, არ განვიხილავთ გავლენების ზრდის პრაქტიკის კიდევ უფრო მეტად დამახინჯებას, - როდესაც იგი სცდება დაწერილ და დაუწერელ ნორმებს და იძენს ღია სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის ფორმას. საერთაშორისო სამართლის ამგვარმა უხეშმა ხელყოფამ თავი იჩინა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მის მეზობლებთან დამოკიდებულებაში. მან თავდაყირა ამოატრიალა არა მარტო რეგიონალური წესრიგი, არამედ სახიფათო პრეცედენტი შექმნა ზოგადად, გლობალურ ურთიერთობათა მდგრადობისათვის, - სისტემისათვის, რომელიც რუსული ინტერვენციების გარეშეც (ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული) გამოირჩეოდა ოპტიმალური ბალანსის პოვნის არცთუ წარმატებული მცდელობით. მოსკოვის სივრცობრივ პოლიტიკაში ახლო სამეზობლო „ახლო საზღვარგარეთის“ ბუნდოვანი კონოტაციით ჩანაცვლდა. მისი თეორიული დასაბუთება კი, ე.წ. პრიმაკოვის დოქტრინის ფორმულირებით, სხვა არაფერს ნიშნავდა, თუ არა რუსეთის სამეზობლოს „პრივილეგირებულ გავლენათა სფეროდ“ გამოცხადებას და დასავლეთის მიერ მის ასეთად ცნობას. ამ დოქტრინის ხორცშესხმის იარაღად იქცა ვითომ „ეთნიკური“, მაგრამ რეალურად - გეოპოლიტიკური კონფლიქტები (მათ შორის, საქართველოში), ხოლო შემდეგ - სამხედრო აგრესია და ოკუპაცია (ყირიმის შემთხვევაში კი - ანექსია). სამხედრო გაგებით „წვდომისა და მანევრის შეზღუდვის“ (Anti Access/Area Denial) მეთოდი გეოგრაფიული ექსპანსიის ჭრილში სივრცობრივ მეთოდად იქცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში (განსაკუთრებით - ყირიმის ანექსიის შემდეგ) რუსული მეთოდიკა შედარებით დაიხვეწა, რაც, უფრო ხშირად, რეგიონის ქვეყნებზე „რბილი ძალით“ ზემოქმედებაში ვლინდება.


„სტრატეგიული სიღრმე“ გეოპოლიტიკურ გეგმებში


ამ მეტად სპეციფიკური სიტყვათა წყობის პრაქტიკულ ეფექტს საქართველო თავის მაგალითზე გრძნობს. მაგრამ, ვიდრე მას უფრო კონკრეტულად განვიხილავთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ეროვნული გავლენა თუ ძალა ვლინდება მის გეოგრაფიულ წვდომაში, ეკონომიკურ პოტენციალსა და სამხედრო რესურსში. ბოლო ორი კატეგორია ამ სტატიის უშუალო მიზნისათვის არ არის აქტუალური და, ამდენად, მხოლოდ გეოგრაფიულ წვდომაზე შევჩერდებით.


გლობალური თუ რეგიონალური ლიდერი ქვეყნის გავლენა, მეტწილად, მის ეროვნულ საზღვრებშია მოქცეული, ხოლო მისი საგარეო გავლენა ისევ და ისევ ეროვნულ ტერიტორიაზე კონცენტრირებული რესურსის გარე გრავიტაციის შედეგია. სხვათა შორის, ასეთი სინერგია კიდევ ერთხელ გვახსენებს თანამედროვე მოწყობის ერთ-ერთ პრინციპს, რომლის მიხედვით, დღეისათვის, საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთისგან განუყოფელია; რომ ერთი მხოლოდ ბუნებრივი გაგრძელებაა მეორისა.


სწორედ გეოგრაფიულ წვდომას - სივრცეში მეტი გავლენის მოპოვებასა და განმტკიცებას უკავშირდება „სტრატეგიული სიღრმის“ კონცეფცია, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა ქვეყნებში კომფორტული არეალის შენარჩუნებას ეხება. ამის მიღწევა ორიდან ერთ-ერთი გზით შეიძლება: კონკრეტულ ტერიტორიაზე პირდაპირი სამხედრო წარმომადგენლობით ან ასეთი წარმომადგენლობის გარეშე, - მოცემულ ტერიტორიაზე რაიმე ფორმის კონტროლირებადი ვითარების შენარჩუნებით. ორივე შემთხვევაში, მთავარი არის შედეგი - გეოგრაფიულ არეალში არასასურველი ქვეყნის ინტერესების აღკვეთა ან მაქსიმალურად შეზღუდვა. სწორედ ამ მიდგომის პრაქტიკული გამოვლინებაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ისევე, როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეფერხება ან, სულაც, აღკვეთა. ამგვარი სამხედრო-პოლიტიკური სტატუს-კვოს გზით, მოსკოვი, ე.წ. „ბუფერული ზონების“ მეშვეობით, სამხრეთ საზღვრებთან უსაფრთხოების ინტერესებს განამტკიცებს. შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის 10 ნოემბრის შეთანხმების შედეგად ასეთ „ბუფერიზაციაში“, პრაქტიკულად, მთელი სამხრეთ კავკასია მოექცა. აქვე დავძენთ, რომ ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან, შექმნილი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს როგორც საჩვენოდ, ისე - პირიქით: იგი შეიძლება დამძიმდეს თბილისისა და მისი სტრატეგიული მოკავშირისა და პარტნიორების მხრიდან ინერტულობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში; ასევე მოსალოდნელია, სრულიად ახალი შესაძლებლობების წინაპირობად იქცეს თამამი, არასტანდარტული, დროსა და გარემოებებზე მორგებული ქმედებებით.


ზემოთ ნახსენები მაგალითი „სტრატეგიული სიღრმის“ ერთ-ერთი კონკრეტული ფორმაა და იგი ღია სამხედრო აგრესიასა და დაუფარავ ოკუპაციას უკავშირდება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მაგალითი, - საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის უსისტემობა სხვა მაგალითებსაც გვთავაზობს. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთის მეტად ჭრელი გეოპოლიტიკური მოზაიკა, სხვა პროცესებთან ერთად, თეირანის მხრიდან ე.წ. „ირანული გავლენის თაღის“ კონსტრუირებით გამოირჩევა, რომლის არეალი მეტწილად ღიად და მეტობით ფარავს ერაყს, სირიას, ლიბანს, იემენს, ხოლო ფარულად და შედარებით ნაკლები ხარისხით - კიდევ სამიოდე აღმოსავლურ ქვეყანას. მართალია, რამდენიმე წლის წინ ეს „თაღი“ მეტი სიმტკიცით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ზემოქმედება დღესაც საგრძნობია. მეტიც, - ირანული ძალის პროეცირების ამ მეტად კონკრეტულ - პოლიტიკური გეოგრაფიის ასპექტს ახალი სივრცობრივი ნიშნების ათვისების სურვილიც გამოარჩევს. ამის უახლესი მაგალითია სამხრეთ კავკასიისკენ თეირანის დიპლომატიური ძალისხმევის განახლება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ ოთხი, უკვე დასახელებული ქვეყნის შემთხვევაში ირანული „სტრატეგიული სიღრმე“ გაცილებით პრაქტიკულ - სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს ატარებს რეგიონში ანტიირანული ძალების შებოჭვისა და შიდაირანული დღის წესრიგზე მათი ყურადღების შესასუსტებლად.


მაშინ, როდესაც „სტრატეგიული სიღრმის“ საკითხის რეალიზება, ზოგჯერ, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით ხდება (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები); ზოგან კი არ აქვს შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთება (საერთოსომხური უსაფრთხოების, მათი გაგებით, ერევნის მხრიდან მთიანი ყარაბაღის „სიღრმედ“ მიჩნევა); სხვაგან კი -არასათანადო დემარკაცია და დელიმიტაციის გარემოებები, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს (სამხრეთ ჩინეთის ზღვაში „ხელოვნურ კუნძულებად“ ქცეული რიფები და მოსაზღვრე ქვეყნებს შორის უთანხმოებები), ამავდროულად არის პრეცედენტები, როდესაც შეიძლება, ამა თუ იმ ქვეყნის მხრიდან „სტრატეგიული სიღრმის“ შენარჩუნება მისი ეროვნული უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესებით იყოს განპირობებული. ასეთებს შორის, ჩვენი აზრით, გამოსარჩევია ისრაელის მაგალითი (გოლანის მაღლობები).


ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს უკვე მოცემულობაა ის, რომ, სახელმწიფო საზღვრებით მონიშნულ გეოგრაფიულ საზღვრებთან ერთად, მყარად მოიკიდა ფეხი გეოპოლიტიკური საზღვრის (რეალურ გავლენათა მონიშვნის) ცნებამ. თანამედროვე ძალთა გადანაწილებისა და ახალი გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში, გეოპოლიტიკური საზღვარი გეოგრაფიულზე უფრო ვრცელი, დინამიკური და გადამწყვეტიც კი არის ხოლმე. შეუძლებელია, ასეთი „აცდენა“ არ რჩებოდეს პოლიტიკური თბილისის მუდმივი ყურადღების, შესწავლისა და შეფასების მუდმივ ობიექტად. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის მაკრორეგიონის კონტექსტს, ეს საქართველოსთვის, პრაქტიკულად, 24/7-ის რეჟიმის გამოწვევაა.


ქართული „რეგიონალური“ განზომილება


ბოლო წლების რეგიონალური სპეციფიკა მეტად კომპლექსურია. უჩვეულოა ისიც, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ინტენსიფიკაციის ფონზე მომძლავრდა ამ ორი მოვლენის საპირისპირო ტენდენციები. შავი ზღვის სამართლებრივი რეჟიმის შეზღუდულობა ალიანსის მხრიდან უკეთ წვდომისათვის, ნატო-ს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მისი აღმოსავლეთით პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ფარის ასიმეტრია აღმოსავლეთის ფლანგის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - ეს და სხვა ფაქტორები დღემდე ქმნიდა დიდ გეოპოლიტიკურ თავსატეხს. ხოლო, სამხრეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში შექმნილმა ყველასათვის ნაცნობმა კონფიგურაციამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქართულ-ამერიკულ-დასავლურ თანამშრომლობაში „ბუნებრივი ჩამორჩენების“ აღმოფხვრის საკითხი. თუკი არა მხოლოდ ეს ქვეყანა ინარჩუნებს თავის საგარეო კურსს, არამედ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორებიც არ აპირებენ, დათმონ შავი ზღვისა და კასპიის მაკრორეგიონი - როგორც ევრაზიის ერთიანი პოლიტიკური გეოგრაფიის სტრატეგიული სივრცე - მაშინ არც თბილისს და არც ვაშინგტონს (ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებს) დიდი არჩევანი, პრაქტიკულად, აღარც რჩებათ.    


ევრაზიის სამხრეთი მისთვის ტრადიციულად ჩვეული „ისტორიული აღრეულობით“ გამოირჩეოდა. ეს, სამწუხაროდ, ახლაც ასეა. მის გადაკვეთაზე დღესაც არაერთი ძლიერი გეოპოლიტიკური დინება გადის; უფრო ხშირად - ერთმანეთის საპირისპირო. შედეგად კი, როგორიც უნდა იყოს გავლენის მოპოვებაზე წადილები და მათი დასაბუთება („გავლენათა ზონა“, „პრივილეგირებული ინტერესები“, „სტრატეგიული სიღრმე“ თუ სხვა), ჩვენი რეგიონის ერთგვარ სასაქონლო ნიშნად იქცა მისი არასტაბილურობა, შიდა კონფლიქტები და გარე დაპირისპირებები. ეს დაღს დაასვამს ქართული სახელმწიფოს განვითარების საშინაო და საგარეო დინამიკას; ერთგვარ მძევლად გვაქცევს არასახარბიელო „რეგიონალური სასაქონლო ნიშნის“ გავლენისგან თავის დასახსნელად. ასევე, იგი ბოჭავს ჩვენს მოკავშირეებს უფრო ქმედითი და გაბედული ნაბიჯების გადმოსადგმელად. რეალიზმი შეფასებებში და პრაგმატიზმი მოქმედებებში განსხვავებული, პროაქტიული (და არა პოსტრეაქტიული), მტკიცე პოლიტიკური ხაზის გატარებას მოითხოვს. ამ ეტაპზე, ქართულ და დასავლურ ინტერესებს შორის ინტერესთა თანხვედრა ისეთია, როგორიც, ალბათ, არასდროს ყოფილა. ამ ისტორიულ თანხვედრას გამოყენება სჭირდება. მისი აღსრულების დაყოვნება შესაძლოა, ყველას ძვირად დაგვიჯდეს და ეს შედეგი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მკაცრ სასჯელში გამოიხატოს: მისი აღსრულება, ამა თუ იმ მიზეზის გამო, საბოლოოდ ხანდაზმული გახდეს. 


ამ სტატიაში განხილულ საკითხებზე არაერთხელ გვისაუბრია, ამდენად, დეტალიზებისგან თავს შევიკავებთ და მკითხველს დროს დავუზოგავთ. ერთი „მცირე“ ასპექტი კი, რისი აღნიშვნაც გვინდა, ეხება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას: (ა) დოკუმენტის რეალური დანიშნულებისა და მასზე, სარგებლიდან გამომდინარე, მუშაობის დაჩქარება; (ბ) პროცესის მეტი ღიაობა (დასაშვებ ფარგლებში) და მასში ჩართულობა, რაც ხარისხიანი დოკუმენტის შექმნას შეუწყობს ხელს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია პროცესებს მორგებულ „ცოცხალ“ დოკუმენტად უნდა იქცეს და არა თაროზე შემონახულ საატრიბუტო ექსპონატად. ამ ქვეყანას ატრიბუტიკის დასაწყობებისთვის დრო და ფუფუნება, პრაქტიკულად, არ აქვს.  


ეს პერიოდი როგორც ჩვენგან, ისე ჩვენი მოკავშირეებისგან დიდ ძალისხმევას, გარემოებათა ობიექტურ შეფასებასა და ძლიერ ლიდერებს მოითხოვს. ცხადია, ზედმეტია ჰეგელისებური „ისტორიული ლიდერის“ მოლოდინი, განსაკუთრებით - პოლიტიკური ტალანტებით ღარიბ თანამედროვეობაში. მაგრამ, უნარი და ცოდნა - სწორად ამოიცნო უკვე დამდგარი ან მოახლოებული ისტორიული მომენტი - აი, ეს კი არსებითია პროცესის მესაჭეობისთვის.        
 

გააზიარე: