აშშ და საგარეო პოლიტიკური მოლოდინები

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

გლობალური პანდემიის, ეკონომიკური რეცესიის, დემოკრატიის საყოველთაო ინდექსის შემცირების პირობებში, სადაც ყველა კვლავინდებურად დიდი სახელმწიფოების ჯახთან ერთად რუსეთის აგრესიული ქმედებების დაუსჯელობაზე საუბრობს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვაშინგტონში შეცვლილი პოლიტიკური ძალების აქტივობა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.

თეთრ სახლში აშშ-ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ახალი ადმინისტრაციის მისვლის დღიდან, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოშიც განსაკუთრებული მოლოდინებია ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების მიმართ.  კონკრეტული საგარეო პოლიტიკური კურსის და უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვების დოკუმენტებში ჩამოყალიბებას და მისი გატარების დაწყებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ უკვე დღეს არის იმის საშუალება, რომ ფართოდ ვისაუბროთ იმ საგარეო პოლიტიკური ხედვების ირგვლივ, რომლითაც  ამერიკის ახალი პრეზიდენტი და მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს გამორჩეული.

საშინაო და საგარეო აუდიტორიისათვის მკაფიო საგარეო პოლიტიკური გზავნილების გაჟღერებას დაუთმო დრო სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიმდინარე წლის 4 მარტს თავის მიმართვაში.

აღნიშნულ გამოსვლაში ენტონი ბლინკენი შეეცადა საგარეო პოლიტიკური  ხედვები რამდენიმე ძირითადი პრინციპის სახით ჩამოეყალიბებინა.

პირველი და უმნიშვნელოვანესი პრინციპი რომელზედაც სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა, მდგომარეობს იმაში, რომ აშშ-ის ლიდერშიფი და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია გლობალური პრობლემების გადაჭრაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ იქ სადაც აშშ-ს არ ერევა, უკან იხევს, შექმნილი სიცარიელე აუცილებლად ივსება სხვა მოთამაშეების მიერ, რომელიც ხშირად აშშ-ს ინტერესებისა და ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედებენ (მაგ. სირია, ერაყი). ან სულაც იქმნება სიტუაციები სადაც ქაოსი და განუკითხაობაა, რომელიც ასევე აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

მეორე უმნიშვნელოვანესი, პრინციპი რომელზედაც ბლინკენმა ისაუბრა და რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სერიოზულ პრობლემად ჩამოყალიბდა აშშ-სთვის, ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატები და ურთიერთობებია. მიმართვაში განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ დღეს არსებულ ვერცერთ გლობალურ გამოწვევის გადაჭრას ვერ შეძლებს ერთი ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო და რომ ამისათვის აუცილებელია თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე. სწორედ ეს არის სახელმწიფო მდივნის აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა - საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებსა და პროცესებში აშშ-ის ინტერესების გატარება. აქვე ხაზი გაესვა, რომ დიპლომატია საგარეო პოლიტიკის უმთავრესი და უპირველეს ინსტრუმენტად დარჩება, თუმცა, სადაც საჭირო იქნება დიპლომატია აშშ-ს სამხედრო ძალების სიძლიერეს დაეყრდნობა.

სახელმწიფო მდივნის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური პანდემიისა დასამარცხებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. პირველ რიგში, გლობალური ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში აშშ არ დაიშურებს ძალისხმევას, ვინაიდან შეუძლებელია შიგნით იყოს ამერიკა დაცული ვირუსისგან, თუ იგი გარეთ კვლავინდებურად ძველებურად ცირკულირებს. ამიტომ, აშშ განსაკუთრებით აქტიური იქნება გლობალურ არენაზე ვაქცინაციის წარმატებით განსახორციელებლად. ასევე, სახელმწიფო მდივნის თქმით, აღნიშნული პანდემია უნდა იყოს გაკვეთილი, რათა მომავალში მსოფლიო ჯანდაცვა, ისევე როგორც ამერიკული, უკეთესად მომზადებული იყოს თანამედროვე გამოწვევების წინააღმდეგ.

ასევე, აღნიშნული გამოსვლის მნიშვნელოვანი წილი აშშ-ის ეკონიმიკური პოლიტიკის ძალისხმევას დაეთმო. ხაზი გესვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია პირველ რიგში ამერიკელი მუშახელის ინტერესების სასიკეთოდ იმოქმედებს. დაიცავს ამერიკული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს უფრო აქტიურად და არ დაუშვებს სხვა ქვეყნების ვალუტით მანიპულაციებს არასამართლიანი უპირატესობის მისაღწევად.  სავაჭრო პოლიტიკამ უნდა გააგრძელოს საშუალო ფენის გაზრდა და გაძლიერება, ამასთან შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და რომლებიც ყველა ამერიკელის კეთილდღეობაზე  უნდა აისახოს.

ხაზი გაესვა, რომ სამყაროში ავტორიტარიზმის და ნაციონალიზმის მზარდი ტენდეციებია, მთავრობები უფრო ნაკლებად გამჭირვალეები გახდნენ,  კორუფციის მაჩვენელბლები იზრდება, ხოლო  სხვადსხვა ტიპის ძალადობა არჩევნების განუყოფელი ნაწილი გახდა და პანდემიას ეს ტენდეციები კიდევ უფრო დაამძიმა და ააჩქარა. დეზინფორმაცია და „სტრუქტურული რასიზმი“ მილიონობით ადამიანის ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. უკიდურესად გაზრდილია პოლარიზაციის ხარისხი არა მარტო სხვაგან, არამედ უშუალოდ ამერიკაში მან უპრეცედენტო მასშტაბებს მიღწია.

ამ ყველაფრის ფონზე, ბლინკენის თქმით, გლობალური დემოკრატიის გაძლიერება აშშ-ს საგარეო პოლიტიკური იმპერატივი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ აშშ-ს მოწინააღმდეგეების - რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებშია აღნიშნული რეალობის გაგრძელება. აშშ-ს დემოკრატიის მედეგობა ქვეყნის შიგნით ასევე ფუნდამენტი უნდა იყოს გლობალური დემოკრატიის დასაცავადაც. ვინაიდან ძლიერი დემოკრატიები უფრო სტაბილურები, უფრო გახსნილები, ადამიანის უფლებებისა დაცვისკენ უფრო მიმართულნი არიან და მათი ეკონომიკა და ბაზარის უფრო ღიაა. როდესაც დემოკრატიები სუსტია, მათ მთავრობებს უჭირთ ყოველივე ზემოთ აღნიშნული და ექსტრემისტული და რადიკალური განწყობებისა და მოძრაობების მიმართ უფრო მოწყვლადი ხდებიან. ყოველივეს გამო, კი აშშ-ს უფრო ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან. ასე, რომ, ბლინკენის აზრით, კითხვის ნიშანიც არ უნდა დაისვას, რომ აშშ დღეიდან გლობალურ დემოკრატიის დაცვის ავანგარდში იქნება. აღნიშნულ გზაზე, კი წარსულის შეცდომებს აშშ აღარ გაიმეორებს. (იგულისხმება, ერაყი, ავღანეთი და დემოკრატიის ძალისმიერი გზით დამყარება).

ამასთან ერთად,  განახლდება და განმტკიცდება კავშირები აშშ-ის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ სფეროში. ახლიდან შეიქმნება და განვითარდება პარტნიორობისა და თანამშრომლობის პლატფორმები. იქნება ეს გლობალური კლიმატის გამოწვევებისა და მსოფლიოსათვის თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.

ასევე ენტონი ბლინკენის თქმით, ყოველივე ზემოთ თქმულის წარმატებით განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის ლიდერობის შენარჩუნება ტექნოლოგიების სფეროში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების მიმართულებით. აღნიშნული კრიტიკული მნიშვნელობის იქნება აშშ-ის წარმატებისათვის 21-ე საუკუნეში. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე პიროვნების პირად ცხოვრებას და მან უნდა გახადოს დემოკრატიები უფრო მედეგი და ჯანსაღი.

გამოსვლაში განსაკუთრებით ხაზი გაესვა, აშშ-ის და ჩინეთის ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ ბლინკენის აზრით, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სხვა სახელმწიფოები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან აშშ-ს ინტერესებს, საფრთხე რომელიც ჩინეთის მხრიდან მოდის აბსოლუტურად სხვა დონისაა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩინეთის ფაქტორს და მასთან ურთიერთობებს აშშ-სთვის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ ტესტს უწოდებს. ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელის დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით შეუძლია კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს და ღია, სტაბილურ საერთაშორისო სისტემას, სისტემას რომელიც აშშ-ს ღირებულებებისა და ხალხის ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესია.

ბლინკენის სიტყვებით, აშშ-ის ურთიერთობა ჩინეთთან, სადაც ამის არის ამის საშუალება, იქნება თანამშრომლობის ხასიათის მატარებელი, შეჯიბრობითი სადაც საჭიროა და ანტაგონისტური როცა ეს გარდაუვალი იქნება.  საერთო ძლიერების პოზიციიდან ურთიერთობა აუცილებელი იქნება ჩინეთთან თანასწორად საუბრისათვის. აღნიშნული საჭიროებს ახლო და მჭიდრო ურთიერთობებს აშშ-ს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, ვინაიდან გაერთიანებული, ერთობლივი ძალა და წონა იქნება ის ფაქტორი, რომლის უგულებელყოფა ჩინეთს გაუჭირდება. აღნიშნული ასევე საჭიროებს შესაბამის რეაქციას აშშ-საგან, როდესაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშ დგება, იქნება ეს ჰონკონგი თუ იუგურების საკითხი. ვინაიდან, თუ აშშ იქნება პასიური ამ მხრივ, ჩინეთს კიდევ უფრო გაეხსნება ხელ ფეხი.

ასევე, სახელმწიფო მდივანმა, ხაზი გაუსვა, რომ აშშ როდესაც ამის საჭიროება იქნება, არ დაიხევს უკან ძალის ლეგიტიმურ გამოყენებაზეც, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საფრთხე აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებს შეეხება. ბლინკენი, იქვე აღნიშნავს, რომ აშშ-ს ძლიერება მხოლოდ  ეროვნული ძალაუფლების ერთი ინსტრუმენტის - სამხედრო ძალების ძლიერებას არ გულისხმობს. ნამდვილად ძლიერი სახელმწიფო, ძლიერია ყველა მიმართულებით ერთდროულად.

დასასრულისკენ სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თითოეული ამერიკელის ინტერესების გამტარებელი იქნება და ეს ინტერესები ინკლუზიური იქნება აშშ-ს საზოგადოების თითოეული ჯგუფისათვის.

ჩვენის მხრივ აუცილებელია ხაზი გავუსვათ, რომ სახელმწიფო მდივნის გამოსვლა, პირველი მცდელობაა სადაც თანმიმდევრულად ჩამოყალიბდა პრინციპები აშშ-ის ადგილის შესახებ გლობალურ სამყაროში უახლოესი პერიოდისთვის. ამასთან ერთად, ცოტა ხსნის წინ ეროვნული უსაფრთხოების შუალედური სტრატეგიული სახელმძღვანელო გამოვიდა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უფრო დეტალურად მიმოიხილავს და იმეორებს იმ პოსტულატებს, რომლის ნაწილზეც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თავის გამოსვლაშიც ისაუბრა.

ჩვენის მბრივ უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც სახელმწიფო მდივნის გამოსვლა, ასევე ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები დოკუმენტი, მკაფიოდ ასახავს იმ ძირითადად გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც თეთრი სახლის ბოლო ორი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-სა და მისი მოკავშირეებს შორის ურთიერთობებსა თუ, ზოგადად გლობალურ არენაზე წარმოიქმნა. ადეკვატურად არის ასევე შეფასებული დღევანდელი მოცემულობა საერთაშორისო და გეოსტრატეგიულ ლანდშაფტზე. ასახულია ის ძირითადი სტრატეგიული ცვლილებები და გამოწვევები რომლებიც უკანასკნელი ათწლეულის პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შედეგად წარმოიქმნა. ზოგადად, მთელი გამოსვლა განმსჭვალულია პარადიგმით, რომ აშშ-ს თავის მოკავშირეებთან ერთად უნდა დაუბრუნდეს იმდაგვარ საერთაშორისო ურთიერობებს, რომელიც კვლავინდებურად გაჟღენთილი იქნება ლიბერალიზმისა და  კონსტრუქტივიზმის საუკეთესო იდეალებით, მაგრამ გაითვალისწინებს ასევე თანამედროვე ტენდეციებსაც და იქნება მოქნილი სიტუაციის მიხედვით.

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ხედვებისა და პრინციპების სისწორისა, მთავარი კითხვის ნიშნები მაინც იმასთან მიმართებაში ჩნდება, თუ რეალობაში რამდენად ეყოფა აშშ-ს ძალა და საკმარისი ძალისხმევა, რომ შეაკავოს ის ტენდეციები, რომლებზეც სახელმწიფო მდივანმა გლობალური გარემოს შეფასებისას ისაუბრა. 

მნიშვნელოვანია, ადეკვატურად იქნეს ასევე შეფასებული აშშ-ის ხისტი ძალის გლობალური პროექციის შესაძლებლობებიც, ვინაიდან ძველი კავშირებისა და ფორმატების დომინანტურ პოზიციებზე დაბრუნება ვერ იქნება მარტივი პროცესი. ის ძალები რომლებიც ამ პროცეს აუცილებლად დაუპირისპირდებიან, იმაზე გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამასთან ერთად, თანამედროვე ტენდეციების გათვალიწინებით, მაშინ როდესაც დიდი ხანია აღარ არსებობს იდეოლოგიური დაპირისპირების ორი ბანაკი, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო და არც მას შემდგომ დამდგარი ერთ პოლუსიანი სამყარო, ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიის ხელახალი კონსოლიდაცია გლობალურ არენაზე დღეს ორმაგად რთული ამოცანაა.

ასევე, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესები განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს აშშ-სგან განვითარებადი დემოკრატიების მიმართ პოლიტიკაშიც, ვინაიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი აშშ-სთვის გლობალური დემოკრატიის გაძლიერების გზაზე აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის „დემოკრატიების“ ბედიც იქნება. რამდენადაც ძლიერი იქნება დემოკრატიის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენს რეგიონში, იმდენად განმტკიცდება დემოკრატიაც კონტინენტური ევროპის შიგნით და ზოგადად დასავლეთშიც. ამისათვის, კი ჩვენის აზრით დგება დრო, როდესაც აშშ-მა ერთგვარ ახალ მარშალის გეგმაზე უნდა იფიქროს, რომელიც პირველ რიგში მიმართული იქნება აღმოსავლეთ ევროპის, საქართველოსა და მისი პარტნიორების პოლიტიკური სისტემის, მათი ბიუროკრატიებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შემდგომის დემოკრატიზაციისკენ, ეკონომიკის გაძლიერებისაკენ და სამხედრო შესაძლებლობების ახალ საფეხურზე განვითარებისაკენ. ვინაიდან, როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, აშშ-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების დემოკრატიის ხარისხის გაძლიერება და განმტკიცება პირდაპირ ემსახურება აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესებს, იმ გლობალური დემოკრატიული ძალების „სიმძიმის“ შესაქმნელად, რითაც აშშ უნდა დაუპირისპირდეს ძალებს, რომლებიც ამ პრინციპებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებენ. სწორედ ამ გეოსტრატეგიულ პროცესში უნდა იპოვოს თავისი ღირსეული ადგილიც საქართველომ, რომლის სასიცოცხლო ინტერესია დემოკრატიული ძალების წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ზოგადად მსოფლიოში. ამის ფონზე კი, დღეს ჩვენი ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, რომელიც გლობალურ გეოსტრატეგიულ რეალობასთან მიმართებაში აქაური პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის უმწიფრობას აჩვენებს და ამასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  ქართული დემოკრატიის მომავალსაც.

გააზიარე: